სწავლანი > ანტიერეტიკონი
"ნურც თქვენს მამას უწოდებთ ვინმეს ამ ქვეყნად"
რა ვუპასუხოთ პროტესტანტებს?
"ნურც თქვენს მამას უწოდებთ
ვინმეს ამ ქვეყნად, ვინაიდან ერთია მამა თქვენი ზეციერი"
მთ. 23:9
მაცხოვრის მიერ მოცემული ეს აკრძალვა მამად წოდებასთან დაკავშირებით უკვე დიდი ხანია საცდურის ლოდად იქცა არა მარტო პროტესტანტული რელიგიური მიმართულებებისთვის, არამედ, გარკვეულწილად, მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვისაც. რადგან პირველებს, ეს მცნება ესმით ბუკვალურად, ვარდებიან აშკარა უკიდურესობაში, რომელიც ეწინააღმდეგება წერილს. ხოლო მეორენი, თუმც უწოდებენ მამას თავიანთ მშობლებსა და მოძღვრებს, მაინც ვერ ხსნიან, რატომ აკეთებენ ამას და რატომ არ იკრძალება იგი.
ამრიგად, რაც შეეხება მაცხოვრის ამ სიტყვების ბუკვალურ გაგებას, - ეს არის აშკარა ცდომილება. ასეთ შემთხვევაში ხორციელი მშობლებიც ექცევიან ამ აკრძალვაში. მაგრამ ღმრთის მეხუთე მცნება "პატივი ეც დედასა შენსა და მამასა შენსა" სრულიად აქარწყლებს ამ გაუგებრობას. ვინც გვიბრძანა პატივი მივაგოთ მამას და დედას ამასთანავე არ აგვიკრძალავდა მშობლისთვის გვეწოდებინა "მამა".
აქ ჩნდება ლოგიკური კითხვა: რატომ არ იკრძალება დედას ვუწოდოთ "დედა"? მაგრამ უფალი ამბობს: "ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ არის კაცი, რომელმაც მიატოვოს სახლ-კარი, გინდა და-ძმები, გინდა დედ-მამა, გინდა ცოლ-შვილი, გინდა ადგილ-მამული ჩემი და სახარების გულისთვის და ახლავე, ამჟამად, ასმაგად არ მიიღოს..." (მკ. 10:29). "ღმერთი აშლილობის ღმერთი კი არ არის, არამედ მშვიდობისა" (1 კორ. 14:33) - მისი მცნებები არ შეიძლება ურთიერთსაწინააღმდეგო იყოს. მოციქული პავლე, რომელსაც ბრწყინვალედ ესმოდა ეს საკითხი, სრულიად ტრადიციულად მიმართავს კოლასელ და ეფესელ მშობლებს: "მამებო, ნუ აღაშფოთებთ თქვენს შვილებს, რათა სულით არ დაეცნენ" (კოლ. 3:21; ეფეს. 6:4). ამგვარად, ცხადია, რომ მოცემული აკრძალვა მიმართული არ არის ხორციელი ნათესაობის წინააღმდეგ.
მაგრამ, თუკი ხორციელ ნათესაობასთან დაკავშირებით საკითხი მეტ-ნაკლებად გარკვეულია, სულიერი მამობა მრავალში მთელ რიგ შეკითხვებს იწვევს. საკუთრივ, ე. წ. "სახარებისეულ ქრისტიანთა" და სხვა პროტესტანტთა კითხვები სწორედ სულიერ მოძღვრობასთან დაკავშირებით ისმის. ამით აიხსნება, მაგალითად, პროტესტანტული პრაქტიკა თავიანთ სულიერ ლიდერებს უწოდონ - "ძმა", "პასტორი" ან "ღირსი".
თუმცა, წმიდა წერილს თუ მივმართავთ, დავინახავთ, რომ პროტესტანტები მაცხოვრის სიტყვების გაგებაში ძლიერ ცდებიან. მაგალითად, მოციქული პავლე, რომელმაც საკუთარ თვს "წარმართთა მოძღვარი" უწოდა (1 ტიმ. 2:7; 2 ტიმ. 1:11) (ეს ეს იმ საკითხთან მიმართებაში, სადაც ლაპარაკია მოძღვრად წოდების აკრძალვაზეც), ამბობს: "შეიძლება მრავალი მზრდელი გყავდეთ ქრისტეში, მაგრამ არა მრავალი მამა; რადგანაც ქრისტე იესოში სახარებით მე გშობეთ თქვენ" (1 კორ. 4:15). ე. ი. პავლე სულაც არ მიიჩნევს დასაძრახად იწოდებოდეს კორინთელ ქრისტიანთა სულიერ მამად. მოციქული გალატელებსაც საკუთარ შვილებად ხმობს: "შვილნო ჩემნო, რომელთათვისაც კვლავაც მშობიარობის სალმობით მელმის, ვიდრე თქვენში გამოისახებოდეს ქრისტე" (გალატ. 4:19). "ჩემი შვილის ონისიმესათვის გთხოვ, რომელიც შემეძინა ტყვეობაში" (ფილ. 10), - მიმართავს პავლე ფილიმონს. ასევე მოციქულთა სვეტი იოანე ღვთისმეტყველი თავის ეპისტოლეებში მუდმივად მიმართავს მორწმუნეებს სიტყვებით: "შვილნო ჩემნო" (1 ინ. 2:1; 2:18, 28: 3:7, 18; 4:4; 5:21), "ამას გწერთ, შვილნო, ... ამას გწერთ, მამანო" (1 ინ. 2:12, 13).
მეტიც, თვით უფალი იგავში მდიდარსა და ლაზარეზე მდიდრის პირით მიმართავს აბრაამს: "მამაო აბრაამ" (ლკ. 16:24), რაზეც აბრაამი, თავის მხრივ, მას "შვილს" უწოდებს. ანუ, თვით უფალმა, თუნდაც იგავის მეშვეობით, მთელი ებრაელი ერის სულიერ მოძღვარს "მამა აბრაამი" უწოდა.
ამრიგად, ცხადია, რომ აკრძალვა მამად ვინმეს წოდებაზე სხვაგვარად უნდა გავიგოთ. მაშ, როგორ? ამ კითხვის პასუხად უნდა გავითვალისწინოთ სახარებისეული და ისტორიული კონტექსტი. ჩვენ ვხედავთ, რომ მათეს სახარების 23-ე თავი ეძღვნება იუდეველებს და ფარისეველთ, უფრო ზუსტად, მათ მკაცრ მხილებას. დაიწყო რა თავისი სიტყვა მძიმე უღლიდან, რომელსაც მწიგნობრები და ფარისევლები აკისრებდნენ ადამიანებს, ასევე თავიანთი მაჩვენებლური სათნოებებიდან, რომ "კაცთა დასანახავად აგანიერებენ თავიანთ სალოცავ თასმებს და აგრძელებენ თავიანთი სამოსის კალთებს" (მთ. 23:5) და "უყვართ წვეულებებზე სუფრის თავში წამოჭიმვა და წინა რიგები სინაგოგებში" (მთ. 23:6), მაცხოვარი გადადის ფარისეველთა მოთხოვნაზე მათთვის ეწოდებინათ "მოძღვარი", "მამა" და "წინამძღოლი". სწორედ ამ ფარისევლური შინაარსისგან იცავს უფალი თავის მოწაფეებს. ანუ, უფალი ამბობს ნუ დაემსგავსებით ფარისევლებს, რომელთაც უყვართ მოწაფეების შემოკრება, საკუთარი სახელით სკოლების დაფუძნება, ღმრთის სწავლების დამახინჯება და მათი შეცვლა საკუთარი "გადმოცემებით". თქვენ მხოლოდ ერთი სწავლება გაქვთ - ჩემი, მხოლოდ ერთი ეკლესია გაქვთ - ჩემი, მხოლოდ ერთი მოძღვარი გყავთ - ქრისტე, და მხოლოდ ერთი მამა, რომელიც არის ცაში:
"აკრძალვა ვინმესთვის ეწოდებინათ მოძღვრები და მამები მიმართული იყო იმდროინდელი რაბინების ჩვეულების წინააღმდეგ, რომლებიც თავს სკოლათა დამფუძნებლებად მიიჩნევდნენ და მამებად იწოდებოდნენ. ასეთი სკოლები იყო შამაის, ჰილელის და გამალიელის სკოლები" (Иванов А.В., инспектор Владимирской духовной семинарии. Руководство к изучению Священного Писания Нового Завета).
ამრიგად, მაცხოვრის ამ სიტყვების მართებული გააზრებისთვის აუცილებელია გვესმოდეს იმ დროის ისტორიული კონტექსტი. მაცხოვარი მამობის წინააღმდეგ კი არ გამოდის, როგორც ასეთის, არამედ იუდაური რაბინიზმის წინააღმდეგ, რომელიც ღვთაებრივ სწავლებას ცვლის საკუთარით, მამა ღმერთს კი - საკუთარი თავით. მოციქულთა მაგალითზე კი ვხედავთ, რომ, როდესაც ლაპარაკია ქრისტეს სწავლებაზე და ჭეშმარიტ ღმრთისთაყვანისცემაზე (როგორც იყო აბრაამის შემთხვევაში ძველაღთქმისეულ პერიოდში), მაშინ მოციქულები თვითონაც იწოდებოდნენ მოძღვრებად და მამებად, და სხვებიც ასე უწოდებდნენ მათ. ახალაღთქმისეულმა სამღვდელოებამ, ასევე პატრიარქმა აბრაამმა, სხვა უდიდეს მოღვაწეებთან ერთად, ღმრთისადმი თავიანთი ერთგულებით დაიმსახურეს მამობის უფლება, მაშინ როდესაც ფარისევლებმა და მწიგნობრებმა ის დაკარგეს.
მამებად სამართლიანად იწოდებიან მხოლოდ ისინი, ვისაც მივყავართ ღმერთთან.
ამაშია "სულიერი მამობის" მნიშვნელობის მთავარი განსხვავება. მამებად სამართლიანად შეიძლება იწოდონ მხოლოდ ისინი, ვისაც ადამიანები მიჰყავს ღმერთთან. ხოლო ისინი, ვინც ადამიანებს შემოიკრებენ საკუთარი სახელით, არ არიან არც მამები და არც მოძღვრები. მათი წოდება "მამად" ან "მოძღვრად" აკრძალულია (იხ. მთ. 23:9-10). სწორედ ესა აქვს მხედველობაში იოანე ოქროპირს, როდესაც ამბობს: "ეს არ ნიშნავს, თითოქსდა ისინი არასდროს არავის უწოდებდნენ მამას, არამედ უნდა ცოდნოდათ, საკუთრივ, ვისთვის ეწოდებინათ მამა".
ამიტომაც პროტესტანტებისთვის მოკლე პასუხის მიცემა არ გამოვა. რადგან მათი პრობლემა, როგორც ვხედავთ, კომპლექსურია. ისინი არა მარტო ვერ გულისხმაყოფენ წერილს (თუმცა თავს იწონებენ მისი ცოდნით), არამედ უარყოფენ გადმოცემას. ეს კი ნიშნავს, რომ მათთვის არანაირი ავტორიტეტი არ არსებობს. მაგალითად, მათ არ შეუძლიათ აიღონ იოანე ოქროპირი და შეისწავლონ მისი განმარტებები მოცემულ თემაზე, რადგან ის მათთვის - ისეთივე რიგითი "ძმაა", როგორც ვინმე ვასია ან კოლია მჯდომი მეზობელ სკამზე. ამას ისინი უნდა უმადლოდნენ თავიათ მამა-დამფუძნებელ - მარტინ ლუთერს, რომელმაც, უარყო რა ეკლესიის ავტორიტეტი, ყოველ ადამიანს მისცა უფლება თავისებურად განემარტა წმიდა წერილი. ეს კი ნიშნავს: რამდენი თავიცაა - აზრიც იმდენია. და სანამ ისინი არ გადალახავენ ამ პრობლემას, მათთან საერთო ენის მოძებნა იქნება შეუძლებელი.
წყარო: pravoslavie.ru
პუბლიკაცია მომზადებულია საიტ "აპოკალიფსისის" რედ. მიერ. 2023 წ.