ანტიერეტიკონი - მართლმადიდებელი ქრისტიანის დამოკიდებულება მწვალებლებთან - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > ანტიერეტიკონი
მართლმადიდებელი ქრისტიანის დამოკიდებულება მწვალებლებთან

მართლმადიდებლური ეკლესიის კანონების შუქზე
მწვალებლები
წმიდა მოციქულთა კანონები:

კანონი 7: თუ ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი  ბრწყინვალე აღდგომას ბუნიობის წინ იდღესასწაულებს იუდეველებთან ერთად, სასულიერო წოდებიდან განიკვეთოს.

კანონი 45: ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი, რომელიც მწვალებლებთან ერთად მხოლოდ და მხოლოდ ილოცებს, განყენებულ იქნეს; ხოლო თუ მათ ნებას მისცემს იმოქმედონ როგორც ეკლესიის მსახურებმა, განკვეთილ იქნეს.

კანონი 46: ეპისკოპოსი ან მღვდელი, რომელიც მწვალებელთა ნათლისღებას შეიწყნარებს ან მათგან მსხვერპლს მიიღებს, განკვეთილ იქნეს. რა თანხმობა შეიძლება ჰქონდეს ქრისტეს ბელიართან, ან რა წილი მორწმუნეს ურწმუნოსთან? (შდრ. II კორ. 6,15).

კანონი 47: თუ ეპისკოპოსი ან მღვდელი ხელახლა მონათლავს ჭეშმარიტად ნათეღებულს, ან უკეთურთაგან შებილწულს არ მონათლავს, განკვეთილ იქნეს, როგორც ჯვრისა და უფლის სიკვდილის შეურაცხმყოფელი, და მღვდლის ცრუმღვდლისაგან არ გამრჩეველი.

კანონი 60: მღვდელმსახური, რომელიც მრევლისა და კლირის საზიანოდ უწმიდურ წიგნებს ეკლესიაში საჯაროდ წაიკითხავს, როგორც წმიდათა წიგნებს, განკვეთილ იქნეს.

კანონი 65: თუ რომელიმე კლირიკოსი ან ერისკაცი, იუდეველების ან მწვალებლების სინაგოგაში სალოცავად შევა, სამღვდელო წოდებიდან განიკვეთოს და უზიარებლობით დაისაჯოს.

კანონი 70: ეპისკოპოსი, მღვდელი, დიაკონი ან საერთოდ ვინმე კლირის წევრთაგანი, რომელიც იუდეველებთან ერთად იმარხულებს, ან მათთან ერთად იდღესასწაულებს, ანდა მათგან მათი დღესასწაულის აღმნიშვნელ რაიმე ძღვენს მიიღებს (როგორიცაა უცომო, ან სხვა რაიმე მისი მსგავსი), განკვეთილ იქნეს; ხოლო თუ ერისკაცი ჩაიდენს ასეთივე ქმედებას, უზიარებლობით დაისაჯოს.

კანონი 71: ქრისტიანი, რომელიც ზეთს მიიტანს წარმართულ ტაძარში ან იუდეველთა სინაგოგაში მათი დღესასწაულის დროს, ან იქ სანთელს აანთებს, ეკლესიიდან მოიკვეთოს.

VI მსოფლიო კრების კანონები:

კანონი 11: არც სამღვდელო პირმა და არც ერისკაცმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა იხმიოს იუდეველთა მიერ მიწოდებული უფუარი; არ უნდა იმეგობროს მათთან; ავადმყოფობისას არ უნდა მოუხმოს და მკურნალობა მათაგან არ მიიღოს; არც აბანოში იბანაოს მათთან ერთად. ამ განწესების დამრღვევი სასულიერო პირი განიკვეთოს, ერისკაცი კი წმინდა ზიარებიდან განკანონდეს.

კანონი 72: არ შეეფერება მართლმადიდებელ მამკაცს მწვალებელი დედაკაცის ცოლად შერთვა; არც - მართლმადიდებელ დედაკაცს მწვალებელ მამკაცთან შეუღლება. თუკი ასეთ ქმედებას ვინმე ჩაიდენს, ქორწინება უკანონოდ უნდა ჩაითვალოს და უსჯულო თანაცხოვრება დაირღვეს, რადგან არაჯეროვანია შეუერთებელთა შეერთება, არც ცხვართან მგლის შერწყმა და ქრისტეს სხეულთან არ არის ცოდვილი წილნაყარი. ვინც ჩვენს განჩინებას დაარღვევს, უზიარებლობით დაისაჯოს; ხოლო თუ ისეთი პირები, რომლებიც ურწმუნოებაში იყვნენ, მართლმადიდებელთა სამწყსოს არ მიეკუთვნებოდნენ და ერთმანეთზე კანონიერად იქორწინეს, მაგრამ შემდეგ ერთ-ერთმა მათგანმა კეთილი არჩევანი გააკეთა და ჭეშმარიტების ნათელს მიეახლა, მეორე კი ცდომილების საკრველში დარჩა, რადგან არ ისურვა საღვთო შარავანდედისაკენ მიხედვა და მაინც ურწმუნო მეუღლეს მორწმუნე მეუღლესთან ცხოვრება სურს, მაშინ გათვალისწინებულ იქნეს საღვთო მოციქულის სიტყვა: "...განწმიდნების ქმარი იგი ურწმუნოჲ ცოლისა მისგან მორწმუნისა და განწმინდების ცოლი იგი ურწმუნოჲ ქმრისა მისგან მორწმუნისა..." (I კორ. 7.14) და ნუ განეშორებიან ერთმანეთს.


VII მსოფლიო კრების კანონები:

კანონი 8: რადგან ებრაული სჯულის ზოგიერთმა თავგზააბნეულმა წარმომადგენელმა განიზრახა ჩვენი ქრისტე ღმერთის შეურაცხყოფა და თვალთმაქცურად გახდა ქრისტიანი, ფარულად კი ქრისტეს უარყოფდა, და ასეთები ჩუმად შაბათობენ და სხვა იუდეველურ საქმეების აღასრულებას განაგრძობენ, ამიტომაც განვაჩინებთ: ასეთი პირები არც საზიარებლად, არც სალოცავად, არც ეკლესიაში არ დაუშვათ; ისინი აშკარად უნდა ჩანდნენ, თავიანთი სჯულისაებრ, ებრაელებად, და მათი ბავშვები არ უნდა მონათლოთ; მათ ვერც უნდა იყიდონ მონა და ვერც მოიპოვონ. ხოლო თუ ვინმე იმათგან წრფელი რწმენით მოექცევა, ამ რწმენას გულით აღიარებს და საჯაროდ უარყოფს ებრაულ ჩვეულებებსა და საქმეებს, რათა ამის საშუალებით სხვებიც ამხილოს და გამოასწოროს, მაშინ შეიძლება მისი შეწყნარება და მისი ბავშვების მონათვლაც, და მისი განტკიცება ებრაული ბოროტგანზრახვის უარყოფაში. თუ ასეთები არ იქნებიან: არასგზით არ მოხდეს მათი შეწყნარება.
ლაოდიკიის წმიდა ადგილობრივი კრების კანონები:

კანონი 6: მწვალებლები, რომლებიც ჯერ კიდევ თავისი ერესის მიმდევრები არიან, არ უნდა შევიდნენ ღმრთის სახლში.

კანონი 9: მწვალებელთა საფლავებზე ან მათ მიერ მოწამეთა ადგილებად სახელდებულ ე.წ. საწამებლებში ლოცვის ან მკურნალობისთვის მისვლის უფლება არ აქვს მორწმუნეს. ასეთებს და მათ იქ შემყვანებსაც, თუ ისინი მორწმუნენი არიან, უზიარებლობით დასჯა ეკუთვნით რამდენიმე ხანს, და როცა შეინანებენ და აღიარებენ, რომ შეცდნენ, შემდეგ შეიწყნარონ.

კანონი 10: საეკლესიო პირმა საქმის განუხილველად არ უნდა დააქორწინოს თავისი მორწმუნე შვილები ერეტიკოსებზე.

კანონი 29: ქრისტიანებმა ებრაული წესით შაბათი არ უნდა შეინახონ, შაბათს არ უნდა უქმობდნენ. ამ დღეს მათ უნდა იშრომონ, ხოლო კვირას, როგორც ქრისტიანებს შეეფერებათ და რამდენადაც შეუძლიათ, პატივისცემით იუქმონ. თუ ვინმე აღმოჩნდება ურიებთან ერთად მეშაბათე, ქრისტესგან შეჩვენებულ იყოს.

კანონი 31: არ შეიძლება ერეტიკოსებთან ერთად მძახლობა, ვაჟის ან ქალის მიცემა მათთვის. უფრო დასაშვებია მოყვანა მათაგან, თუ ისინი აღთქმას დადებენ, რომ გაქრისტიანდებიან.

კანონი 32: მწვალებლებისაგან, რომლებიც უფრო უკურთხეველნი არიან, ვიდრე კურთხეულნი,** კურთხევის მიღება არ შეიძლება.

კანონი 33: მწვალებელთან და განდგომილთან ერთად ლოცვა არ შეიძლება.

კანონი 34: არც ერთმა ქრისტიანმა არ უნდა მიატოვოს ქრისტეს მოწამე და არ უნდა წავიდეს ცრუ მოწამესთან, რომლებიც ან მწვალებლები იყვნენ, ან მწვალებელთა შორის იყვნენ, რადგან ერეტიკოსები უცხონი არიან ღმრთისათვის. ამიტომ მათთან მისული შეჩვენებულ უნდა იყოს.

კანონი 35: ქრისტიანმა არ უნდა დატოვოს ეკლესია, არ უნდა წავიდეს და მოაწყოს კრება, და არ უნდა მიმართოს ანგელოზებს (ლოცვაში ქრისტეს ნაცვლად). ეს აკრძალულია. თუ ვინმე აღმოჩნდება ამ შეფარული კერპთმსახურების მოქმედი, შეჩვენებულ იყოს, რადგან მან დატოვა იესო ქრისტე, ჩვენი უფალი, ძე ღმრთისა, და კერპთმსახურებას დაუბრუნდა.

კანონი 37: არ შეიძლება ურიათა და მწვალებელთაგან გამოგზავნილი რაიმე სადღესასწაულო ძღვენის მიღება, არც მათთან ერთად დღესასწაულობა.

კანონი 38: არ შეიძლება ურიათაგან (იუდეველთაგან) უცომოს მიღება და ამთი უღმრთოების თანაზიარად გახდომა.

კანონი 39: არ შეიძლება წარმართებთან ერთად დღესასწაულობა და მათი ღმრთიმსბრძოლობის თანაზიარად გახდომა.

წყარო: კანონები ამოკრებილია "დიდი სჯულისკანონიდან".
Назад к содержимому