ანტიერეტიკონი - კათოლიკეთა, მართლმადიდებელთა და პროტესტანტთა ძირითადი განსხვავებანი - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > ანტიერეტიკონი
კათოლიკეთა, მართლმადიდებელთა და პროტესტანტთა ძირითადი განსხვავებანი

მოკლედ და გასაგებად იმ განსხვავებათა შესახებ,
რომელიც არსებობს მართლმადიდებლობას, კათოლიციზმს, პროტესტანტიზმსა და ძველაღმოსავლურ (კოპტურ) ქრისტიანობას შორის
სხვადასხვა აღმსარებლობები
ნაწილი I

 
1. სწავლება ეკლესიის შესახებ

კათოლიციზმი: ეკლესია ერთია, რომელსაც მეთაურობს რომის პაპი. რომის ეკლესია - ჭეშმარიტი ეკლესიაა, რომლის გარეშეც ცხონება არ არსებობს.

მართლმადიდებლობა: ეს არის ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიები პატრიარქების მეთაურობით, ყველა პატრიარქი ურთიერთთანასწორია. მართლმადიდებელი ეკლესია - ჭეშმარიტი ეკლესიაა, რომლის გარეთ ცხონება არ არსებობს.

პროტესტანტები: მათ მეთაურობს პასტორი, აღიარებენ საყოველთაო მღვდლობის იდეას. ყოველ ეკლესიას თავისი პასტორი ჰყავს. ეკლესია - ეს მხოლოდ თემია, ცხონება ეკლესიის გარეშეც არის შესაძლებელი.

ძველაღმოსავლური (Oriental Orthodox Churches): ამ ეკლესიას მეთაურობს პატრიარქი ან კათალიკოსი, შედგება მრავალი ადგილობრივი ეკლესიისგან, რომლებიც ურთიერთთანასწორნი არიან. ძველაღმოსავლური ეკლესია - ჭეშმარიტი ეკლესიაა, რომლის გარეშეც ცხონება არ არსებობს.


2. მსოფლიო კრებები

კათოლიციზმი: აღიარებს 21 მსოფლიო კრებას, ბოლო ჩატარდა 1965 წელს.

მართლმადიდებლობა: აღიარებს 7 მსოფლიო საეკლესიო კრებას. ბოლო მსოფლიო კრება ჩატარდა 787 წელს.

პროტესტანტები: აღიარებენ პირველ 4 საეკლესიო კრებას. ბოლო მსოფლიო კრება იყო 451 წ.

ძველაღმოსავლური (Oriental Orthodox Churches): აღიარებს პირველ 2-3 მსოფლიო კრებებს (ადგილობრივი ეკლესიისგან გამომდინარე). ბოლო მსოფლიო კრება იყო 381 წ. / 431 წ.

 
3. დამოკიდებულება ეკლესიისადმი

კათოლიციზმი: მკაცრი იერარქია იმ დონემდე, რომ პაპის სიტყვა უცთომელია და უეჭველი, როდესაც ის კათედრიდან ქადაგებს.

მართლმადიდებლობა: იერარქია მკაცრია, მაგრამ ნებისმიერ მღვდელს (თეორიულად) შეუძლია არ დაეთანხმოს პატრიარქს და შეუძლია მისი სიტყვების წინააღმდეგაც გამოვიდეს.

პროტესტანტები: სუსტი იერარქია. საყოველთაო მღვდლობა. ყოველ ადამიანს შეუძლია გამოვიდეს კათედრაზე. პასტორს არ გააჩნია უპირატესობას ღმერთთან ურთიერთობაში.

ძველაღმოსავლური (Oriental Orthodox Churches): როგორც მართლმადიდებლობაში.

 
4. სამების დოგმატის გაგება

კათოლიციზმი: სამება არის - მამა, ძე და სულიწმიდა. ძე იშვება მამისგან. სული წმიდა კი გამოდის მამისგანაც და ძისგანაც.

მართლმადიდებლობა: სამება არის - მამა, ძე და სულიწმიდა. ძე იშვება მამისგან, ხოლო სულიწმიდა გამოდის მხოლოდ მამისგან.

პროტესტანტები: ასწავლიან კათოლიკეთა იდენტურად, ზოგიერთი მიმდინარეობა არ აღიარებს სამებას. სამების მოქმედება ინტერპრეტირდება სხვაგვარად. მართლმადიდებლობასა და კათოლიციზმში სამება - ეს არის ღმრთის მუდმივი კონსტანტა. პროტესტანტიზმში სამება - ეს ღმრთის ისტორიული დინამიკაა. ძველ აღთქმაში ის ადამიანებს ევლინებოდა როგორც მამა, შემდეგ განკაცდა როგორც იესუ ქრისტე, დღეს კი მოქმედებს, როგორც სულიწმიდა.

ძველაღმოსავლური (Oriental Orthodox Churches): მართლმადიდებლობის იდენტურია.

 
5. ქრისტეს ბუნების გაგება

კათოლიციზმი: იესუ ქრისტე - ღმერთკაცია. მას აქვს ორი ბუნება - კაცობრივი და ღვთაებრივი, მაგრამ მისი არსება ერთია.

მართლმადიდებლობა: იგივეს ასწავლის, რასაც კათოლიციზმი.

პროტესტანტები: აქ განსხვავებული აზრებია. სადღაც ის მართლმადიდებლობის და კათოლიციზმის მსგავსია, სადღაც იესუ ქრისტე მხოლოდ ადამიანია.

ძველაღმოსავლური (Oriental Orthodox Churches): მათ კიდევ მონოფიზიტებს ან მიაფიზიტებს (რაც უფრო სწორია) უწოდებენ. ძველაღმოსავლური ეკლესიები აღიარებენ, რომ ქრისტეს ღვთაებრივმა ბუნებამ საკუთარ თავში "გათქვიფა" ადამიანური ბუნება, ამგვარად, იესუს - მხოლოდ ერთი ბუნება აქვს.

 
6. სარწმუნოების წყაროები

კათოლიციზმი: ბიბლია (წმიდა წერილი) და წმიდა მამათა ტექსტები (წმიდა გადმოცემა), მსოფლიო და ადგილობრივ კრებათა კანონები.

მართლმადიდებლობა: ბიბლია და წმიდა მამათა ტექსტები, მსოფლიო და ადგილობრივ კრებათა კანონები. კათოლიციზმსა და მართლმადიდებლობაში წმიდა გადმოცემა წმიდა წერილზე აღმატებულია, რადგან ბიბლია შედგენილია სწორედ გადმოცემის საფუძველზე და მისი განმარტებაც სწორედ გადმოცემაზეა დამოკიდებული.

პროტესტანტები: აღიარებენ მხოლოდ ბიბლიას (პრინციპი Sola Scriptura). გადმოემა უარყოფილია, ამიტომაც არსებობს პროტესტანტიზმში ესოდენ მრავალი განშტოება, რომლებიც სულ სხვადასხვაგვარად განმარტავენ ბიბლიას.

ძველაღმოსავლური (Oriental Orthodox Churches): ასწავლიან ისევე, როგორც მართლმადიდებლები და კათოლიკეები.





ნაწილი II


1. საიდუმლონი

კათოლიციზმი: არსებობს 7 საიდუმლო (ნათლობა, მირონცხება, ზეთისცხება, ევქარისტია, ჯვრისწერა, სინანული, მღვდლობა), რომლებიც ლიონის მეორე კრებაზე დოგმატებად გაფორმდა. მაგრამ პოლონეთის კათოლიკურ ეკლესიაში ნათლობისა და მირონცხების საიდუმლოებები ერთ საიდუმლოდ არის გაერთიანებული, სამაგიეროდ შემოტანილია ახალი საიდუმლო - სახარების მოსმენა და კითხვა.

მართლმადიდებლობა: საიდუმლოებები დოგმატებად არ არის გამყარებული, მაგრამ 17-ე საუკუნისთვის გამყარდა წარმოდგენა შვიდ სავალდებულო საიდუმლოზე, როგორც კათოლიკეებთან.

პროტესტანტები: თავიდან პროტესტანტების მრავალი მიმართულება სავალდებულოდ მიიჩნევდა მხოლოდ ორ საიდუმლოს: ნათლობას და ევქარისტიას. მაგრამ გაჩნდა სხვა კონფესიებიც, რომლებიც ამტკიცებდნენ დამატებით საიდუმლოებებს. მაგალითად, ჭეშმარიტი ქრისტეს ეკლესია ფერთხბანვას ცალკე საიდუმლოდ აღიარებს, მეშვიდე დღის ადვენტისტებმა საერთოდ უარი თქვეს ყოველგვარ საიდუმლოზე.

ძველაღმოსავლური (Oriental Orthodox Churches): აღმოსავლეთის ასირიულ ეკლესიაში ზეთისცხებისა და ჯვრისწერის ნაცვლად საიდუმლოებებად მიიჩნევიან წმიდა სფუარი და ჯვრის გამოსახვა (პირჯვრისწერა და კურთხევა). სომხურ ეკლესიაში 6 საიდუმლოა, არა აქვთ ზეთისცხება.


2. ნათლობა

კათოლიციზმი: ნათლობა აღესრულება წყლის სამგზისი პკურებით ან დასხმით. ყრმების ნათლობა შეიძლება მხოლოდ სრული დარწმუნებულობის შემთხვევაში, რომ ისინი აღიზრდებიან კათოლიკურ სარწმუნოებაში.

მართლმადიდებლობა: ნებისმიერი ასაკის ადამიანის ნათლობა აღესრულება წყალში სამგზის შთაფლვით. ნათლობას თან ახლავს მირონცხების საიდუმლო (სულიწმიდის კურთხევა და ნიჭი).

პროტესტანტები: ნათლობა აღესრულება სხვადასხვანაირად, უფრო ხშირად წყლის დასხმით. ბავშვების ნათლობა ბაპტიზმში, ანაბაპტიზმში, ადვენტიზმში და ორმოცდაათიანელთა ზოგიერთ მიმართულებაში აკრძალულია.

ძველაღმოსავლური (Oriental Orthodox Churches): ისევეა, როგორც მართლმადიდებლობაში.

 
3. ევქარისტია

კათოლიციზმი: ადამიანს ევქარისტია ეძლევა შვიდი წლის ასაკიდან, ოღონდ თუ მონათლულია. ჩვეულებისამებრ ერისკაცები ეზიარებიან პურით, ხოლო მღვდლები - პურითა და ღვინით. ამას განსხვავებული ეფექტი აქვს. პური და ღვინო შეიცვალება იესუს რეალური ხორცითა და სისხლით.

მართლმადიდებლობა: ადამიანს ზიარება ეძლევა ნებისმიერ ასაკში. ევქარისტიამდე აუცილებელია აღსარება. მართლმადიდებლური კატეხიზმოების მიხედვით "ზიარება არის საიდუმლო, რომელშიც მორწმუნე, პურისა და ღვინის სახით, მიიღებს იესუ ქრისტეს ჭეშმარიტ ხორცს და ჭეშმარიტ სისხლს მისატევებლად ცოდვათა და ცხოვრებად საუკუნოდ".

პროტესტანტები: ყველგა მიმართულებაში სხვადასხვანაირადაა, სადღაც კათოლიკეებივით იცავენ წესს (ლუთერანები, თუმცა, იქ არ არის პურის და ღვინის ქრისტეს ხორცა და სისხლად გარდაარსების დოგმატი), სადღაც მხოლოდ სიმბოლურად (ადვენტისტები).

ძველაღმოსავლური (Oriental Orthodox Churches): ისევეა, როგორც მართლმადიდებლობაში. სომხურ ეკლესიაში მღვდლები პურს შთაფლავენ ღვინოში, და შემდეგ ყველას ურიგებენ.
 
 
4. მღვდლობა

კათოლიციზმი: არსებობს მღვდლობის სამი საფეხური: დიაკვანი, პრესვიტერი, ეპისკოპოსი. მღვდლობის სამივე ხარისხს მხოლოდ ეპისკოპოსი დაასხამს ხელს. იყოფა თეთრ (ეპარქიალურ) და შავ (მონაზვნურ) სამღვდელოებად. ყველა იცავს ცელიბატს (უქორწინებლობას). ეპისკოპოსებში გამოიყოფიან კარდინალები, რომლებიც შეადგენენ პაპის სათათბიროს. რომის პაპი ყველაზე მაღალი და ყველაზე მთავარი იერარქია.

მართლმადიდებლობა: აქაც სამი საფეხურია: დიაკვანი, პრესვიტერი (მღვდელი ან მღვდელმონაზონი), ეპისკოპოსი. თეთრ სამღვდელოებას უფლება აქვს ჰყავდეს მეუღლეები, შავ (ბერ-მონაზვნურ) სამღვდელოებას დაქორწინების ან ცოლთან ცხოვრების უფლება არა აქვს. ყველაზე მთავარი ეპისკოპოსია - პატრიარქი.

პროტესტანტები: აქ არსებობს საზოგადო მღვდლობის პრინციპი. მღვდლობა საიდუმლო არ არის. არსებობენ უხუცესები (პრესვიტერები) და მქადაგებლები (პასტორები).

ძველაღმოსავლური (Oriental Orthodox Churches): სომხურ ეკლესიაში მღვდლობის ხუთი საფეხურია: დპირი (უქვემოესი საფეხური, ასისტენტები), დიაკვანი (მსახურობს საიდუმლოებებში), პრესვიტერი (ასრულებს ყველა საიდუმლოს ხელდასხმის გარდა), ეპისკოპოსი და კათალიკოსი (ყველაზე მთავარი).

წყარო: zen.yandex.ru
Назад к содержимому