სწავლანი > ანტიერეტიკონი
ფლორენციის კრების კანონიკური უსუსურობა
ავტორი: პეტრე პაშკოვი.
მეშვიდე მსოფლიო კრებამ, უარყოფდა რა ხატმებრძოლურ კრებას, "მოგვცა მსოფლიო კრების კრიტერიუმთა დეტალური აღწერა, როგორც ეს მაშინ ესმოდათ: ეკლესიათა მეთაურების შეხმატკბილება (συμφωνία), რომის ეპისკოპოსის თანამშრომლობა (συνεργία) და სხვა პატრიარქთა თანხმობა (συμφρονοῦντες). მსოფლიო კრებას უნდა გააჩნდეს თავისი საკუთარი რიცხვი მსოფლიო კრებათა თანმიმდევრობაში, და მისი სწავლება უნდა შეესაბამებოდეს ადრე არსებულ მსოფლიო კრებათა სწავლებას" (1).
_______________
1. მსოფლიო კრების ამ ნიშნებს იმოწმებს რომაულ-კათოლიკური და მართლმადიდებელ ეკლესიათა შორის არსებული შერეული საღვთისმეტყველო კომისიის დოკუმენტი სახელწოდებით: "კრებითობა და პირველობა პირველ ათასწლეულში", რომელსაც კიეტში (Chieti - იტალია) 2016 წელს ხელი მოაწერეს რომაულ-კათოლიკური და ყველა მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლებმა, ბულგარეთის გარდა, რომლის წარმომადგენლები სხდომებს არ ესწრებოდნენ; თვით ტექსტი მეშვიდე მსოფლიო კრების საქმეებიდან იხ.: https://azbyka.ru/otechnik/pravila/dejanija-vselenskikh-soborov-tom7/1_14
დოკუმენტის რუსული თარგმანი იხ.: https://vk.com/@photian-synodalitas
_______________
არსებითად, ეს კრიტერიუმები გულისხმობს საეკლესიო სისავსის საყოველთაო თანხმობას: განსაკუთრებულად გამოყოფილ მეთაურ პატრიარქს (მეშვიდე მსოფლიო კრების მომენტისთვის - რომის ეპისკოპოსს) და ყველა მის თანამოძმეს საპატრიარქო მსახურების მიხედვით, რომლებიც, თავის მხრივ, თავიანთ ადგილობრივ ეკლესიებს წარმოადგენენ (2).
______________
2. შეად. მიტრ. სტეფან იავორსკის კლასიკურ დოგმატურ ნაშრომში "Камень веры" ("რწმენის ლოდი"): "რადგან მსოფლიო კრებებზე თავს იყრიან მთელი მსოფლიოს მოძღვრები, ყოველი მათგანი პიროვნულად გამოდის, როგორც საკუთარი სიტყვიერი სამწყსოს, მთელი სამეფოს წარგზავნილად. ეკლესია თუ უცთომელია, ხოლო კრებები მთელი ეკლესიის სახეა, მეტიც, წარმოადგენენ კიდევაც ყველაზე ნამდვილ ეკელესიას, მაშინ ცხადია, რომ კრებებიც უცთომელნი არიან". https://azbyka.ru/otechnik/Stefan_Javorskij/kamen-very-pravoslavno-kafolicheskoj-vostochnoj-tserkvi/8_1
_______________
მსოფლიო კრების კრიტერიუმთა ამგვარი გაგება უმთავრესი იყო ყველა დროის მართლმადიდებლურ აღმოსავლეთში (თუ მხედველობაში არ მივიღებთ სლავიანოფილური ღვთისმეტყველების თეორიას "ღმრთის ერის" მიერ კრების აუცილებელი "რეცეფციის" შესახებ, რომელსაც აშკარად პროტესტანტული და მისტიკური ანარქიზმის ელფერი დაჰკრავს). ანალოგიური შეხედულება ამ პერიოდში დაცული იყო ლათინურ დასავლეთშიც, თუმცა, მოგვიანებით ის რომაულმა უნიტარიზმმა გამოდევნა.
პასუხობდა თუ არა ფლორენციის კრება ამ კრიტერიუმებს? ერთი შეხედვით, დიახ. როგორც რომაელ-კათოლიკე აპოლოგეტი, მღვდ. ალექსანდრე ვოლკონსკი წერს: "ორივე საკითხი - სულიწმიდის გამომავლობისა და სარწმუნოების სიმბოლოში სიტყვა Filioque-ს ჩართვის შესახებ - დეტალურად იყო შესწავლილი XVII მსოფლიო კრებაზე 1438-39 წლებში.* ამ კრებაზე აღმოსავლეთის ეკლესიაც მონაწილეობდა; მისი დადგენილებები - ორივე ეკლესიის ეპისკოპოსთა ერთობლივი მუშაობის ნაყოფია. კრებამ აღიარა, რომ სულიწმიდის გამომავლობა ძისგანაც აღმოსავლეთის მამათა სწავლების შესაბამისია და, რომ სარწმუნოების სიმბოლოში სიტყვა Filioque-ს ჩართვა სიმბოლოს აზრში ცვლილებას არ იწვევს, არამედ პირიქით, უფრო მეტად ემსახურება ამ აზრის გამოხატვას... კანონიერად მოწვეული, კანონიერად ჩატარებული, კანონიერად დამტკიცებული ფლორენციის კრება იყო და არის ჭეშმარიტად მსოფლიო კრება... მასზე წარმოდგენილი იყო მთელი აღმოსავლური ეკლესია..." (Волконский, А. М., свящ. Католичество и священное предание Востока (https://www.apologia.ru/articles/21#s4)).
_______________
* რომაული-კათოლიციზმი ითვლის 21 მსოფლიო კრებას. 17-ე მსოფლიო (რომაულ-კათოლიკური) კრება ჩატარდა 1431–1449 წლები და მას ბაზელის-ფერარო-ფლორენციისა და რომის კრება ეწოდება. იხ. https://azbyka.ru/shemy/vselenskie-sobory-v-rimo-katolicizme.shtml - "აპოკ." რედ.
_______________
წარმოდგენა, თითქოსდა ბერძნულმა ეპისკოპატმა (წმ. მარკოზ ეფესელის გარდა) ერთხმად მიიღო და დაამტკიცა კრების დადგენილებები, მართლმადიდებელ ქრისტიანთა შორისაც გავრცელდა, ოღონდ მოგვიანებით, ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიათა მიერ ერთხმად მიღებული ეს დადგენილებები, როგორც ამ შეხედულების მომხრეები ირწმუნებიან, საეკლესიო ერის ცნობიერების - ბერმონაზონთა და ერისკაცთა მიერ - უარყოფილ იქნა.
ეს შეხედულება გასაოცრად არის შეხმატკბილებული რომაელ-კათოლიკე აპოლოგეტებთან, რომლებიც მართლმადიდებლური აღმოსავლეთის უნიისგან განდგომაში გაუნათლებელი ბრბოსა და ფანატიკოსი ბერ-მონაზვნების ამბოხს ხედავენ. განსხვავება აქ მხოლოდ ამ "ამბოხის" ზნეობრივ შეფასებაშია. მაგრამ, არაფერი რომ არ ვთქვათ იმაზე, რომ ეს წარმოდგენები ეჭვ ქვეშ აყენებენ მართლმადიდებლობაში დოგმატურად განმტკიცებულ წარმოდგენას ეკლესიის სწავლა-მოძღვრებითი უცთომელობის შესახებ (3) და წარმოადგენენ ზილოტ-"არმომხსენებელთა" სქიზმატური მოძრაობის მორალურ გამართლებას, ისინი უბრალოდ არამართებულნი არიან.
_______________
3. ქრისტეს სწავლებით უნდა ვემორჩილებოდეთ ეკლესიას: "და თუ არც მათსას შეისმენს, უთხარი ეკლესიას; ხოლო თუ არც ეკლესიისას შეისმენს, მაშინ იქნება იგი შენთვის როგორც მებაჟე ან წარმართი" (მათე 18:17). თანაც ეკლესიას გააჩნია ისეთი ძალაუფლება, რომ მსოფლიო კრებების მეშვეობით შეუძლია განიხილოს წერილები, გაასამართლოს პატრიარქები, პაპები, ეპისკოპოსები; შეუძლია, მიუხედავად მათი დანაშაულის მნიშვნელობისა, დაუქვემდებაროს ისინი კანონებით განწესებულ სასჯელებს და ეპითიმიებს. რადგან ეკლესია, მოციქულის სიტყვისამებრ, არის ჭეშმარიტების სვეტი და საფუძველი: "იცოდე, როგორ უნდა მოიქცე ღვთის სახლში, რომელიც არის ეკლესია ცოცხალი ღვთისა, ჭეშმარიტების სვეტი და საფუძველი" (1 ტიმ. 3:15)". - აღმოსავლეთის კათოლიკე (საყოველთაო) და სამოციქულო ეკლესიის მართლმადიდებლური აღმსარებლობა (Православное Исповедание Кафолической и Апостольской Церкви Восточной (https://azbyka.ru/otechnik/Petr_Mogila/pravoslavnoe-ispovedanie-kafolicheskoj-i-apostolskoj-tserkvi-vostochnoj/1_10)).
_______________
ფერარო-ფლორენციის კრების განსაზღვრებები არასოდეს ყოფილა მიღებული და დამტკიცებული აღმოსავლეთის სამი საყდრის - ალექსანდრიის, ანტიოქიისა და იერუსალიმის მიერ.
აღმოსავლელმა იერარქებმა, რომელთაც შესაძლებლობა არ ჰქონდათ პირადად დასწრებოდნენ კრებას მუსლიმ ხელისუფალთა მიერ დაწესებული აკრძალვების გამო, თავიანთი წარმომადგენლები წარავლინეს, რომელთაც კრებაზე საკუთარ იერარქთა შეხედულებები უნდა გაეჟღერებინათ.
ადგილნაცვალად დანიშნულ პირთა რაოდენობა ნათლად იყო განსაზღვრული, მაგრამ კონკრეტული წარმომადგენლობები პატრიარქებთან იმპერატორის მიმოწერისდა კვალად რამოდენიმეჯერ შეიცვალა. შედეგად, ადგილნაცვალ პირთა სია ასე ჩამოყალიბდა: ალექსანდრიისთვის - ანტონი ჰერაკლიელი და სულიერი მოძღვარი არქიმანდრიტი გრიგოლი (მამმა), ანტიოქიისთვის - წმ. მარკოზ ეფესელი და ისიდორე კიეველი, იერუსალიმისთვის - დიონისე სარდელი (რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ დოსითეოზ მონემვასიელმა ჩაანაცვლა) (Joseph Gill. The Council of Florence. University Press, 1959. P. 76 — об изначальном наборе местоблюстителей; Сильвестр Сиропул. Воспоминания о Ферраро-Флорентийском соборе IV, 43. Издательство Олега Абышко, 2016. С. 114, 120 — об окончательной их конфигурации).
რწმუნებულობის სიგელები, რომლებიც თავიდანვე მიეცათ ადგილნაცვლებს და მათ უფლებამოსილებებსაც განსაზღვრავდნენ - ავალდებულებდა ხელი მოეწერათ მხოლოდ იმ დოკუმენტებზე, სადაც მოცემული არ იქნებოდა არავითარი ლათინური სიახლე და განსაკუთრებით Filioque:
"აღმოსავლელმა პატრიარქებმა ადგილნაცვლებს განუწესეს, თუ როგორ უნდა ყოფილიყვნენ განწყობილნი გაერთიანების მიმართ. მათ დაწერეს, რომ ყველაფერი თუ წავა სჯულიერად, კანონიკურად, წმიდა მსოფლიო კრებათა და ეკლესიის წმიდა მოძღვართა გადმოცემის თანხმიერად, ასევე, არაფერი შეემატება სარწმუნოებას (ანუ "მრწამსს"), არ შეიცვლება და არანაირი სხვა სიახლე შემოტანილი არ იქნება, ასეთ შემთხვევაში ისინი მოიწონებენ და მხარს დაუჭერენ იმას, რაც მოხდება" (Сильвестр Сиропул. Воспоминания о Ферраро-Флорентийском соборе ΙΙΙ, 5. Издательство Олега Абышко, 2016. С. 64).
ბუნებრივია, რომ ადგილნაცვალთა ამგვარი შეზღუდვები იმხანად კონსტანტინოპოლში მყოფ ლათინ წარმომადგენელს არ მოეწონა. მისი დაჟინებული მოთხოვნით იმპერატორმა აღმოსავლელ პატრიარქებს თავიანთი რწმუნებულობის სიგელთა გადაწერა და ადგილნაცვალთათვის მოქმედების თავისუფლების მინიჭება დაავალა. მაგრამ პატრიარქებმა ახალი სიგელები გასცეს მხოლოდ იმ დაპირების შემდეგ, რომ კრებაზე არავითარ შემთხვევაში არ იქნებოდა დამტკიცებული რაიმე სწავლება ლათინურ სიახლეთაგან:
"პატრიარქებს იმპერატორმა სიტყვა-სიტყვით მიწერა: "... ჩვენ არ გავაკეთებთ სხვა რამეს, გარდა იმისა, რაც თქვენ დაწერეთ... დაე ნუ შეგაშფოთებთ ნურავითარი აზრი, არამედ შეადგინეთ სიგელები იმის თანახმად, რაც მოგწერეთ, რადგან თქვენ გაგაჩნიათ დაპირება იმისა, რომ თქვენი სურვილის საწინააღმდეგოს არაფერს გავაკეთებთ" (Там же. С. 65).
ამგვარად, ნებისმიერი კრებითი აქტი, რომელიც შეიცავდა რომის ეკლესიის ახალგამოგონილ დოგმატთა შეწყნარებას, წინდაწინვე ბათილი და ძალადაკარგული იყო. ადგილნაცვალ პირებს შესწორებული სიგელებითაც რომ ჰქონოდათ კრების დადგენილებათა თავისუფლად ხელმოწერის უფლება, ისინი ასე თუ ისე, მაინც თავიანთ პატრიარქთა მსჯავრს დაექვემდებარებოდნენ; გარდა ამისა, თვით ეს ჩასწორებული სიგელებიც მხოლოდ იმ პირობით გაიცა, რომ კრებაზე არ იქნებოდა დაშვებული არანაირი თანხმობა ლათინურ სიახლეებთან.
ამის შესახებ წერს წმ. მარკოზ ეფესელის უმცროსი ძმა იოანე ევგენიკოსი თავის თხზულებაში "ფლორენციის კრების საწინააღმდეგო ანტიერეტიკონი": "რატომ იწოდება (ფლორენციის კრება) მსოფლიოდ? ამ კრებაზე ხომ არმოსავლელ პატრიარქთა ადგილნაცვლებმა თვითნებურად მიისაკუთრეს ერთგვარი "ოფიციოზები" და უფლებამოსილებები, რომლებიც მათთვის პირველ და ნამდვილ სიგელებს არ მიუცია, რომლებიც განსაზღვრავდნენ, თუ რისი უფლება ჰქონდათ მათ და რისი არა, და რომელი სიგელებიც ჩვენთან დღემდე ინახება. ბრწყინვალედ ჰქონდათ რა შეგნებული თავიანთი უფლებები, წარმომადგენლებმა შეგნებულად დაარღვიეს პატრიარქთა განწესებანი - ეს არის ბნელი და გაკიცხვის ღირსი საქმე. პატრიარქები და მათი ნამდვილი სიგელები წარმომადგენლებს მათი (ანუ პატრიარქების - "აპოკ." რედ.) ადგილის დაკავებისა და მათი საყრდრების სახელით ლაპარაკის უფლებას აძლევდნენ, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი წარმომადგენლები არ დაემორჩილებოდნენ ლათინურ სიბილწეს და მათ უსჯულო და სასაცილო ჩვეულებებს, ასევე არ დაეთანხმებოდნენ არანაირ დამატებას სარწმუნოების სიმბოლოში და ამგვარ დამატებას არც დაუშვებდნენ.
სრულიად ცხადია, რომ არც ერთი აღმოსავლელი პატრიარქის ნება არ შესრულდა, არც ის შესრულდა, რაც მათ თავიანთ წარმომადგენლებს განუწესეს. ხოლო მათ გარეშე როგორ შეუძლია კრებას საკუთარ თავს მსოფლიო უწოდოს? თანაც მას არც ფიზიკურად ესწრებოდნენ დანარჩენი ეპისკოპოსები (არც ჩვენები და არც ლათინები), და არც მათი შეხედულებები ყოფილა გაჟღერებული... ერთი სიტყვით, ეს იყო მოჩვენებითი მსოფლიო კრება, აჩრდილი, გარეგნული სახე, სინამდვილეში კი მანდ არანაირი მსოფლიო კრება არ ყოფილა" (E. Rossidou-Koutsou. John Eugenikos' Antirrhetic of the decree of the Council of Ferrara-Florence, Nicosia, Cyprus: Research Centre of Kykkos Monastery, 2006. P. 11).
უნიისადმი მართლმადიდებელთა წინააღმდეგობის ცენტრალური ფიგურა, კონსტანტინოპოლის მომავალი პატრიარქი, XV ს-ის უდიდესი მართლმადიდებელი ღვთისმეტყველი წმ. გენადი სქოლარიუსი ამის შესახებ წერდა: "(ფლორენციის) კრებას ესწრებოდნენ პატრიარქის ადგილნაცვლები, მაგრამ ისინი (თავიანთ პატრიარქთაგან) შეზღუდულნი იყვნენ სიგელებით და ფიცით: გაერთიანება დაეშვათ მხოლოდ ძველი დადგენილებების დაცვის შემთხვევაში, ხოლო თუ ლათინები ჯიუტად დაიწყებდნენ (სიმბოლოსადმი) თავიანთი დამატების დაცვას - უკან დაბრუნებულიყვნენ ისე, რომ არაფერი დაეთმოთ მათთვის. და ადგილნაცვლებმა თუმც კი ყველაფერი მათი წარმომგზავნი პატრიარქების საწინააღმდეგოდ და საკუთარ ნებისამებრ მოაწყვეს, თვით პატრიარქები თავიანთ ადრინდელ პოზიციაზე დარჩნენ და თავიანთ "პატივდებულ წარმომადგენლებს" მამათა დოგმატებისთვის საკადრისად მიაგეს და დღემდე მიაგებენ".
სქოლარიუსი აღნიშნავს, რომ აღმოსავლელ პატრიარქთა წარმომადგენლების მიერ თავიანთ წარმომგზავნთა ნების დარღვევა კრებას უფლებას ართმევს იწოდოს მსოფლიოდ: "ყველა ლათინელისა და ამ სამი თუ ოთხი დამნაშავის მიუხედავად, რომლებიც ფლორენციის დადგენილებებისადმი ერთგულებას დღემდე იცავენ, მაინც დაუშვებელია მას მსოფლიო კრება ეწოდოს, რადგან ისინი ყოველივეში თავიანთ წარმომგზავნ პატრიარქთა ნების საწინააღმდეგოდ მოქმედებდნენ" (Геннадий Схоларий, свт. Краткая апология противников унии, 7. // M. Jugie, L. Petit, and X.A. Siderides, Oeuvres complètes de Georges (Gennadios) Scholarios, vol. 3, Paris: Maison de la bonne presse, 1930. P. 89, 90).
კრების მსოფლიო სტატუსისთვის თითოეული ადგილნაცვლის უმაღლეს მნიშვნელობას აღიარებდა ნიკეის მიტროპოლიტი (შემდგომში კარდინალი) ბესარიონიც, რომელიც იმ მომენტში უკვე გადახრილი იყო უნიისკენ. როდესაც მიტროპოლიტები ანტონი ჰერაკლიელი (რომელიც, როგორც ვიცით, ალექსანდრიის პატრიარქის წარმომადგენელი იყო) და მარკოზ ეფესელი (ანტიოქიის პატრიარქის წარმომადგენელი) ეცადნენ გასულიყვნენ ფერარიდან, რადგან კრების შემდგომ გაგრძელებას უაზროდ მიიჩნევდნენ, ბესარიონმა გამოთქვა აზრი, რომ მათი არყოფნა კრებას მსოფლიო ავტორიტეტის ხასიათს წაართმევდა:
"ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ აქედან წასულან ჰერაკლიისა და ეფესოს მიტროპოლიტები. ისინი თუ წავიდნენ, მაშინ კრება დასრულებულად ჩათვალეთ, რადგან ორივე მათგანი - ადგილნაცვლები არიან, და მათი არყოფნის შემთხვევასი აქ დარჩენილები ვერაფერს გააწყობენ" (Сильвестр Сиропул. Воспоминания о Ферраро-Флорентийском соборе VI, 16. Издательство Олега Абышко, 2016. С. 154).
აღვნიშნავთ, რომ ორივე პატრიარქს ჰყავდა ორ-ორი წარმომადგენელი, მაგრამ, როგორც ჩანს, პატრიარქის თანასწორ ხელმოწერად მხოლოდ მის მიერ დანიშნული ორივე ადგილნაცვლის ხელმოწერა მიიჩნეოდა.
ამ ფაქტების შუქზე უფრო გასაგები ხდება იმ მედგარი წინააღმდეგობის მნიშვნელობა, რომელსაც უნიას წმ. მარკოზ ეფესელი უწევდა. წმიდა მამა არა მარტო თვითონ იყო დარწმუნებული რომის ეკლესიის სწავლების სიცრუეში; მისი შეურიგებელი პოზიცია ატარებდა არა მარტო პირად, არამედ საეკლესიო ხასიათს. მას შეგნებული ჰქონდა, რომ მოვალე იყო განეცხადებინა სამი საპატრიარქო საყდრის ნება, და ესმოდა, რომ ნებისმიერი მისი მოქმედება იმ საყდრის ავტორიტეტს შეარყევდა, რომელმა მას ადგინაცვლობის უფლება მიანიჭა. სხვა ადგილნაცვლებისგან განსხვავებით, რომლებმაც თავიანთ პატრიარქთა მითითებებისგან განდგომა შესაძლებლად მიიჩნიეს, წმ. მარკოზი აღმოსავლელ წინამძღვართა თავდაპირველი განზრახვებიდან არ იხრებოდა. სწორედ ამიტომაც მისი თანხმობის გარეშე უნია არსებითად კარგავდა ყოველგვარ მნიშვნელობას: დანარჩენ ადგილნაცვალთა ხელმოწერებს არ ჰქონდა არანაირი ძალა, რადგან ის ამ უფლებამოსილების მიმნიჭებელთა ნების საწინააღმდეგო გახლდათ.
მხოლოდ წმ. მარკოზ ეფესელი იყო ერთადერთი ადგილნაცვალი, რომელმაც თავისი პატრიარქის მითითება დაიცვა და დოკუმენტთა ხელმოწერაზე უარი განაცხადა. საქმე უნიის მომხრეთა თვალშიც რომ ასე ჩანდა ზემოთდამოწმებულ მიტროპოლიტ ბესარიონის აზრიდანაც შესანიშნავად ვლინდება. ყოველივე ამის შუქზე გასაგები ხდება პაპ ევგენის სასოწარკვეთილი შეძახილი - როდესაც მას აცნობეს, რომ წმ. მარკოზმა ხელი არ მოაწერა ოროსს უნიის შესახებ, ევგენის უთქვამს: "მაშასადამე, ჩვენ ვერაფერს მივაღწიეთ!" (Сильвестр Сиропул. Воспоминания о Ферраро-Флорентийском соборе X, 15. Издательство Олега Абышко, 2016. С. 285). - და მართლაც, წმ. მარკოზის თანხმობის გარეშე უნიას არ შეიძლებოდა ჰქონოდა მსოფლიო კრების ფორმალური სტატუსი, ხოლო დანარჩენ ადგილნაცვალთა ხელმოწერები, რომლებიც თავიანთ პატრიარქთა ნების საწინააღმდეგოდ მოქმედებდნენ, ძალადაკარგულად ითვლებოდა.
მაშასადამე, აქტი უნიის შესახებ ფორმალურადაც და შინაარსობრივადაც არშემდგარი იყო. მიუხედავად ამისა კრების აქტებს ასე თუ ისე მაინც მოეწერა ხელი. აღმოსავლელმა პატრიარქებმა მხოლოდ მათ მიერ უფლებამოსილ ადგილნაცვალთაგან გაიგეს იმ პირობათა შესახებ, რომელზე დაფუძნებითაც მოხდა "ეკლესიათა გაერთიანება".
ადვილი წარმოსადგენია პატრიარქთა აღშფოთება და ძრწოლა იმის წინაშე, რაც იყო აღსრულებული მათი სახელით.
პატრიარქებმა დაუყოვნებლივ განაცხადეს, რომ არ აღიარებდნენ იმ ხელმოწერებს, რომლებიც მათი სახელით დაისვა უნიონალურ დეკრეტზე. იმპერატორს ისინი წერდნენ:
"შენ თუ დროებით დაუთმე ლათინებს, რადგან იმედოვნებდი მათი დახმარებით განამტკიცებდი შენს იმპერიას, ახლა კი უარს ამბობ უკეთურ სწავლებაზე და კვლავ მიჰყვები შენი სამეფო წინაპრების მართლმადიდებლურ რწმენას, მაშინ ვილოცებთ შენი იმპერიის და განსაკუთრებით შენი სულის გადარჩენაზე, - მოგიტევოს ღმერთმა შენი ყველა ცოდვა. ხოლო თუ გაჯიუტდები და დაიცავ ჩვენი ეკლესიისთვის უცხო დოგმატებს, მაშინ არა თუ შევწყვეტთ შენი ხელმწიფების მოხსენიებას ლოცვებში, არამედ მას მკაცრ ეპითიმიასაც დავუმატებთ, რათა უცხო და წარმწყმედელი სწავლების წყლული ქრისტეს ეკლესიაზეც არ გავრცელდეს. ჩვენ დაქირავებულებივით როდი ვმწყემსავთ ეკლესიას, არამედ მზად ვართ ქრისტესა და სახარებისთვის გავიღოთ სული, ხორცი, სისხლი და ყველაფერი, რაც კი დედამიწაზე გაგვაჩნია" (ამ ეპისტოლეს იმოწმებს უნიატი ისტორიკოსი ლეო ალაციუსი: Leo Allatius. De ecclesiae occidentalis atque orientalis perpetua consensione libri tres, 1648. P. 943-944).
უნდა აღვნიშნოთ, რომ არსებობს მოწმობები პატრიარქ ფილოთეოს ალექსანდრიელის თავდაპირველი დადებითი რეაქციის შესახებ ლათინთა და ბერძენთა გაერთიანების გამო, რომელიც რომის პაპისადმი მიწერილ მის ეპისტოლეშია დაფისქირებული (თარიღდება 1440 წლით); თუმცა, ეს მოწონება მხოლოდ სიტყვიერ მოწონებად დარჩა და არასოდეს განხორციელებულა საეკლესიო ცხოვრებაში, ასევე არასოდეს ყოფილა ასახული ოფიციალურ საეკლესიო აქტებში. მას ფილოთეოსის თანამედროვე ისტორიკოსები საერთოდ არც ახსენებენ.
სავარაუდოდ, ესეც კი მომხდარი გაერთიანების არსში პატრიარქის გაურკვევლობას უნდა მივაწეროთ; წინააღმდეგ შემთხვევაში აუხსნელი იქნება პატრიარქ ფილოთეოსის მხრიდან ლათინური Filioque-ს პრინციპული უარყოფა, როგორც კრებამდე, ასევე კრების შემდეგ. ამ ეპისტოლეთა ნამდვილობას თუ ვაღიარებთ, მაშინ უნდა გავაკეთოთ დასკვნა, რომ, სავარაუდოდ, მიიღო რა პაპის ლეგატებისგან ცნობა ეკლესიათა გაერთიანების შესახებ, ფილოთეოსი შეცდომაში შეიყვანეს, მაგრამ სხვა პატრიარქებმა და თვით წმ. მარკოზმა მას ვითარების ნამდვილი რეალობა განუმარტეს.
ყოველ შემთხვევაში, 1443 წელს, უნიის უარმყოფელ კესარია-კაპადოკიის მიტროპოლიტ არსენის თხოვნით, სამივე აღმოსავლელი პატრიარქი იერუსალიმში შეიკრიბა, სადაც საზეიმოდ გამოთქვეს თავიანთი დამოკიდებულება უნიისადმი (კერძოდ, სრულიად უარყვეს იგი), ხოლო უნიატთა მიერ ხელდასხმულ ეპისკოპოსებს მსახურება აუკრძალეს საქმის უფრო დეტალურ განხილვამდე (Joseph Gill. The Council of Florence. University Press, 1959. P. 353-354):
"წმიდა პატრიარქთა: ფილოთეოს ალექსანდრიელის, იოაკიმე იერუსალიმელისა და დოროთე ანტიოქიელის განსაზღვრება ფლორენციის ანუ... მერვე და საძაგელი კრების წინააღმდეგ... (კრების მონაწილეებმა) ჩვენს წმიდა და უბიწო სარწმუნოებას მიაწერეს დამატება, რომელიც ამტკიცებს, რომ საღმრთო სული ძისგანაც გამოდის. მათ შემოგვთავაზეს მსხვერპლი შეგვეწირა მაცაზე (აუფუებელ პურზე - "აპოკ". რედ.) და მოგვეხსენებინა რომის პაპი. გარდა ამისა, კანონთაგან აკრძალული კიდევ მრავალი რამ დააწესეს მათ და შემოგვთავაზეს...
ამიტომაც, ერთარსი, ცხოველმყოფელი და განუყოფელი წმიდა სამების სახელით, კრებითად განვსაზღვრავთ: მიტროპოლიტები და ეპისკოპოსები ყველგან და ყოველ ოლქში, რომლებიც ხელდასხმულნი იყვნენ არა მათი სათნოებისა და ღვთისმოსაობის (ანუ, მართალი სარწმუნოების - ავტორის შენიშვნა) გამო, ასევე იღუმენები, მღვდლები და დიაკვნები, და საერთოდ, ყოველი საეკლესიო დასი, უწმინდურები და უღირსები, მწვალებლობით აღგზნებულები, მართლმადიდებლობის მდევარნი და უღირსად მცხოვრებნი, მწვალებლობითა და ამპარტავნებით შეპყრობილნი, რომლებიც თავიანთ ეპარქიებსა და მიტროპოლიებში ოდენ გარეგნულად მოჩანან სულთა მწყემსებად, უფრორე კი ქრისტესა და ჩვენი ჭეშმარიტი ღმერთის მართლმადიდებელი სამწყსოს წარწყმედას ესწრაფვიან, არ გააჩნიათ ღმრთის შიში, სიმართლე და ღვთისმოსაობა, არამედ უგულებელყოფენ ღმერთს და უსირცხვობენ მის წინაშე თავიანთი ქცევებით, ამგვართა მიმართ განვსაზღვრავთ, რომ დღეიდან დაყენებულნი (ανίερους) იყონ მღვდელმსახურებისა და საეკლესიო მდგომარეობისგან, სანამ საზოგადო და მსოფლიო წესით იქნება გამოკვლევული მათი ღვთისმოსაობა. ამგვარად, ვინც დაემორჩილება (ამ განკარგულებას) შეუჩერდეს ღვთისმსახურება და იყოს უმოქმედო. ხოლო ავაზაკურად წინააღმდგომი და უსჯულოდ მოქმედნი, დე განიკვეთონ წმიდა, უზენაესი და ერთარსი სამებისგან, როგორც დაუმორჩილებელნი და წინააღმდეგობის გამწევნი, ასევე მათი შემწყნარებელნიც, თანამოაზრენიც და მფარველნიც" (Занемонец А.В, диак. В чем значение Иерусалимского собора 1443 г.? Византийский временник, №68 (2009). С. 169).
"ზოგიერთი პრო-უნიატურად განწყობილი ისტორიკოსი ამ კრების მოწვევის ფაქტს უარყოფდა, მაგრამ, კონსტანტინოპოლის 1450 წლის აშკარად გამოგონილი კრებისგან განსხვავებით, იერუსალიმის ეს კრება უეჭველად ნამდვილია. მის სასარგებლოდ მეტყველებს არა მარტო კრების აქტების არსებობა XV-XVI სს-ის ორ ხელნაწერში (4), არამედ ისიც, რომ ამ კრებას ახსენებს იოანე ევგენიკოსი მის "სამადლობელში ეკლესიის აღდგენისთვის":"ახლა ჩვენ უსაფრთხოდ ვართ... ყოვლადწმიდა და ცხოველმყოფელი სულის მადლით, აღმოსავლელი პატრიარქების წყალობითა და კურთხევით, მათი საერთო კრებითა და კანონიკური დადგენილებით" (იოანე ევგენიკოსის ტექსტი დამოწმებულია გამოცემიდან: Σπυριδώνας Λάμπρος. Παλαιολόγεια και Πελοποννησιακά, Ἀθήνα, 1912 χ. Σ. 187).
_____________
4. არსებითად ეს ხელნაწერები ამავე კრების თანამედროვეა; ეს ფაქტი, სხვათა შორის, ყოველგვარ საფუძველს უსპობს ვარაუდს, თითქოსდა, კრება შემდგარიყოს, მაგრამ მისი ნამდვილი განსაზღვრებები არ გაგვაჩნდეს)" (Там же. С. 165
_____________
ამ კრებას ასევე ახსენბს გეორგი ამურციუსის ეპისტოლე დემეტრე ნავპლიელისადმი (ამ ეპისტოლეს სინამდვილეში ეჭვი შეაქვთ, ამიტომ სხვა დოკუმენტებთან შედარებით ის მეორეხარისხოვანი მნიშვნელობისაა):
"შენ თუ იტყვი, რომ ფლორენციის კრება მსოფლიო იყო, მე გიპასუხებ, - ეს ასე არ არის! როგორ შეიძლება ის იწოდოს მსოფლიო კრებად, თუკი ბიზანტიელი პატრიარქი უდროოდ და კრების დადგენილებათა ხელმოწერამდე გარდაიცვალა? ... როგორი მსოფლიო კრებაა ის, თუკი პატრიარქებმა არ მიიღეს იგი და უარყვეს თავიანთ წარგზავნილთა ხელმოწერები, რადგან მათ თავდებთა (δεσποτῶν) ნების საწინააღმდეგოდ იმოქმედეს და თან ზეწოლის ქვეშ იყვნენ? როგორი მსოფლიოა იგი, თუკი პატრიარქის ეგზარქოსმა - ეფესოს მიტროპოლიტმა - ხელი არ მოაწერა მის განსაზღვრებას, და ამასთან ის წარმოადგენდა ანტიოქიასაც და იერუსალიმსაც, თანაც დიონისე სარდელი ადრევე გარდაიცვალა ფერარაში, ხოლო კიევის მიტროპოლიტი არ მისდევდა მისთვის მიცემულ განწესებებს? როგორ უნდა იწოდოს მსოფლიოდ ვერცხლად გამყიდველი სიმონიტური კრება, რომელიც ფულისა და საერო საქმეთა მოსაწესრიგებლად მოიწვიეს და, რომლის დადგენილებები მიღებული იყო არა წმინდანთა მსჯელობის, არამედ ზეწოლის საფუძველზე? ხომ ცნობილია, რომ სიცრუით გარემოცულმა მეფემ, მუქარებით აიძულა (მღვდელმთვრები) მიეღოთ უკვე ცნობილი გადაწყვეტილება.
ამიტომაც პატრიარქებმა თავიანთ კურთხეულ კრებაზე უარყვეს საკუთარ წარმომადგენელთა ხელმოწერები, რათა - ღმრთის ნებით - ფლორენციის კრების დადგენილებებს ბოლო მოღებოდა" (Martin Jugie. La lettre de Georges Amiroutzes au duc de Nauplie Demetrius sur le Concile de Florence. Byzantion Vol. 14, No. 1 (1939), pp. 85-86) (5)
_____________
5. ამ ეპისტოლის სინამდვილეს ზოგიერთი ისტორიკოსი ეჭვ ქვეშ აყენებს, მაგრამ ისეთი გამოჩენილი ბიზანტისტი (რომელიც, უნდა ითქვას, სულაც არ არის განწყობილი მართლმადიდებელი ეკლესიისადმი), როგორიც არის მ. ჟიუჟი, მას ნამდვილ (არაყალბ) ეპისტოლედ მიიჩნევს.
***
მარტენ ჟიუჟი (ფრანგ. Martin Jugie. 1878-1954) - ფრანგი კათოლიკე მღვდელი, მეცნიერი, საეკლესიო ისტორიკოსი, ბიზანტისტი - "აპოკ". რედ.
_____________
იმის შესახებ, რომ აღმოსავლელმა პატრიარქებმა უარყვეს უნია, რა თქმა უნდა, წერს სილვესტრ სიროპულოსიც; ის აღშფოთებულია ლიტურგიაზე პაპისა და აღმოსავლელი პატრიარქების ერთობლივი მოხსენიებით, რადგან პაპისა და პატრიარქების რწმენა სულიწმიდის გამომავლობის საკითხში ერთმანეთისგან განსხვავდება; კიდევ იმიტომ, რომ აღმოსავლელმა პატრიარქებმა უნია არ მიიღეს:
"მე ვთქვი, რომ დიპტიქებში მოხსენიება - ყოველგვარ სხვა მოხსენიებაზე დიდია... პატრიარქი ჯერ ამბობს: "პირველად მოიხსენე, უფალო, მღვდელმთავრობა ჩვენი, რომელიც მომადლე წმიდათა შენთა ეკლესიათა ... მართლმკვუეთელობით სიტყვისა შენისა ჭეშმარიტებისასა". დიაკვანი, მიიღებს რა სიტყვას, იმწამსვე გამოაცხადებს, თუ ვინ არის ეს "მართლმკვეთელი". ის ასახელებს ჩვენს პატრიარქს და აღმოსავლელ პატრიარქებს, როგორც "მართლმკვეთელებს". "მართლმკვეთელობა" კი, როგორც წმ. იოანე ოქროპირი ბრძანებს, ნიშნავს სიცრუის მოკვეთას ჭეშმარიტებისგან. ხოლო რომის პაპი სიცრუეს კი არ მოჰკვეთს, არამედ ამკვიდრებს. თუკი პაპის სახელს აღმოსავლელ პატრიარქებთან ერთად აამაღლებენ, მაშინ უცილობლივ მიღებულ უნდა იქნას შემდეგი დასკვნა, სადაც ორიდან ერთი უნდა შევიწყნაროთ: ან პაპია "მართლმკვეთელი", ხოლო - აღმოსავლელი პატრიარქები არა, რადგან ისინი განსხვავდებიან პაპისგან სულიწმიდის გამომავლობის საკითხში, ეს კი სარწმუნოების სიმბოლოს ერთ-ერთი პუნქტია, და ისინი არ ეთანხმებიან პაპს იმ სწავლებაში, რასაც ის სულიწმიდის შესახებ გადმოსცემს. ან კიდევ "მართლმკვეთელები" არიან აღმოსავლელი იერარქები, პაპი კი - არა" (Сильвестр Сиропул. Воспоминания о Ферраро-Флорентийском соборе ХΙΙ, 13. Издательство Олега Абышко, 2016. С. 329-330).
იმის გათვალისწინებით, რომ 1450 წელს არ ყოფილა არანაირი დიდი კრება, 1451 წელს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს უნიის არმიმღები მღვდელმთავრები (ე. წ. "წმიდა სინაქსისი") პაპისადმი მიწერილი ეპისტოლეთი გამოვიდნენ, რომელშიც ფლორენციის კრება დაგმეს და კონსტანტინოპოლში ნამდვილი მსოფლიო კრების მოწვევა მოითხოვეს (см. Sergey Dezhnyuk. Council of Florence: The Unrealized Union. P. 65 (https://www.academia.edu/12517867/COUNCIL_OF_FLORENCE_THE_UNREALIZED_UNION)).
ამგვარად, ზემოთმოტანილი მოწმობები ამომწურავად უარყოფენ იმის ვარაუდსაც კი, თითქოსდა ფლორენციის კრება რაღაც აზრით მაინც შეიძლება იწოდოს მსოფლიოდ, მისი დადგენილებები კი - შეთანხმებული იყოს აღმოსავლეთის ეკლესიის სისავსესთან.
იმ დროს არსებულ ოთხ საპატრიარქო საყდართაგან სამმა უარყო კრების უნიონალური დეკრეტი და ყველა მისი ცრუ დოგმატი. მეტიც, ჯერ კიდევ თვით კრებაზე ანტიოქიის ეკლესიის კანონიერმა წარმომადგენელმა - წმ. მარკოზ ეფესელმა - უარი თქვა ხელი მოეწერა უნიის აქტებზე, რითაც მას ყოველგვარი კანონიკური ძალმოსილება წაართვა.
ყველა მცდელობა მტკიცებისა, თითქოსდა არსებობდა აღმოსავლეთის ეპისკოპატის სრული თანხმობა ფილიოკვეს დოგმატის, სალხინებლისა და რომის ეპისკოპოსის პირველობის საკითხში, ან კიდევ იმისა, რომ ფლორენციის კრება ფორმალური ნიშნებით შეესაბამება მსოფლიო კრებას უარიყოფა იმ აშკარა ფაქტით, რომ უნია უარყო და დაგმო აღმოსავლეთის სამმა პატრიარქმა. ფლორენციის კრების დაგმობა დასრულდა 1484 წლის მსოფლიო ავტორიტეტის მქონე დიდი კრებით (Перевод Томоса собора 1484 წ.-ის ტომოსის რუსული თარგმანი იხ.: https://vk.com/@photian-tomos-1484).
წყარო: https://vk.com/@photian-union