სწავლანი > ანტიერეტიკონი
ფრთხილად ფალსიფიკაცია: მამაო ჩვენოს "ბუკვალური" თარგმანი არამეულიდან
ინტერნეტ სივრცეებში მოგზაურობისას გადავაწყდი ერთ ასეთ საინტერესო შენიშვნას: "მამაო ჩვენოს ბუკვალური თარგმანი არამეული ენიდან". სათაურმა დამაინტერესა და, გავხსენი რა ლინკი, დავიწყე მოცემული ლოცვის ძიება. ჩემდა გასაკვირად ვიპოვე არა ის, რასაც ვეძებდი, არამედ, ის, რაც, ჩემი აზრით, სცილდება ჭეშმარიტების ჩარჩოებს და წარმოადგენს ფალსიფიკაციას.
მამა ჩვენოს არამეულიდან თარგმანი ჟღერდა ასე (1):
"ო, სიცოცხლის სუნთქვავ!
შენი სახელი ყველგან ბრწყინავს!
გამოათავისუფლე სივრცე,
რათა დავნერგოთ შენი მყოფობა!
წარმოადგინე შენს წარმოსახვაში
შენი "შეძლება" ახლა!
შემოსე შენი სურვილი ყოველგვარ ნათელსა და ფორმაში!
ჩვენ მიერ აღმოაცენე პური და
გონების განათება ყოველ წამს!
გახსენ წარუმატებლობათა საკვრელები, რომლებითაც შეკრულნი ვართ,
როგორც ჩვენ ვათავისუფლებთ ბაგირის თოკებს,
რომლებითაც ვაკავებთ სხვების ქცევას!
შეგვეწიე, რათა არ დავივიწყოთ ჩვენი წყარო.
არამედ გვიხსენ მოუმწიფებლობისგან არ ვიყოთ აწმყოში!
შენგან არს ყოველი
ხილვა, ძალა და გალობა
კრებიდან კრებამდე!
ამინ. დაე ჩვენი შემდგომი ქმედებები აღმოცენდნენ აქედან".
________________
1. საიტ "აპოკალიფსისის" რედაქციისგან: ჩვენი ქართული თარგმანი შესრულებულია რუსულიდან, რომელიც მოგვყავს მთლიანად: "О, Дышащая Жизнь, Имя Твоё сияет повсюду! Высвободи пространство, Чтобы посадить Твоё присутствие! Представь в Твоём воображении Твоё «Я могу» сейчас! Облеки Твоё желание во всякий свет и форму! Прорасти через нас хлеб и Прозрение на каждое мгновение! Развяжи узлы неудач, связывающие нас, Как и мы освобождаем канатные верёвки, которыми мы удерживаем проступки других! Помоги нам не забывать наш Источник. Но освободи нас от незрелости не пребывать в Настоящем! От Тебя возникает всякое Видение, Сила и Песнь. От собрания до собрания! Аминь. Пусть наши следующие действия произрастают отсюда".
________________
საკუთარ თვალებს არ ვუჯერებდი, ჩემი სული ეწინააღმდეგებოდა იმის მიღებას, რასაც ვკითხულობდი, და არ მოვერიდები თქმას - ეს იყო სისულელე, რომელსაც ავტორი არამეულიდან რუსულ ენაზე პირდაპირ თარგმანს უწოდებდა. ვუყურებდი სხვადასხვა ლინკებს ინტერნეტში და გაკვირვებული ვიყავი მათი სიმრავლით, სადაც გადმოცემული იყო ერთი და იგივე აბდაუბდა. უმეცარი ადამიანები აკოპირებენ ტექსტს, უზიარებენ მას სხვებს და ამ უაზრობას საიდუმლო ჭეშმარიტებას უწოდებენ. როდესაც ამ "თარგმანს" ვკითხულობდი, უნებლიედ გნოსტიკოსები (2) გამახსენდა, რომლებიც პროპაგანდას უწევდნენ ქრისტეს "საიდუმლო" სწავლებებს, ეწეოდნენ ადამიანების "განათლებას" და "ყოველივეს წვდომაში" ეხმარებოდნენ; გამახსენდა ასევე პანთეიზმიც (3).
________________
2. გნოსტიციზმი I-II სს-ს ერეტიკული მიმართულება, რომელიც მრავალი სხვადასხვა სექტისგან შედგებოდა - "აპოკ". რედ.
3. ჩვ. წ.-ის IV ს-ის მწვალებლობა, რომელიც დღემდე არსებობს.
________________
ერთ-ერთი ავტორი, რომელმაც ეს სისულელე ინტერნეტში განათავსა, ამტკიცებდა, რომ სწორედ არამეული ენა იყო ახალი აღთქმის ჩაწერილი ტექსტის უმთავრესი და პირველადი ვარიანტი. პეშიტო (ან პეშიტა) (ბიბლიის სირიული თარგმანი, არამეული დიალექტი), ეფუძნებოდა არამეული თარგუმის (4) თარგმანს, მაშასადამე ახალი აღთქმის ბერძნულ ვარიანტს, ის უფრო გვიანდელია, ვიდრე პეშიტო, და წარმოადგენდა მხოლოდ თარგმანს არამეული ენიდან, ანუ იმ ენიდან, რომელიც იესუ ქრისტესა და მოციქულთა მშობლიურ ენას წარმოადგენდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბერძნული ვარიანტი არაპირველადია.
________________
4. ძველი აღთქმის იუდაურ-არამეულ ენაზე შესრულებული თარგმანების საზოგადო სახელწოდება. თანახში "თარგუმი" ეწოდება - სპარსულდან არამეულად თარგმანს. ხოლო მიშნაში "თარგუმი" ეს არის ნებისმიერ სხვა ენაზე გადათარგმნილი ტექსტი.
________________
არწმუნებს რა მკითხველს, ავტორი ინტერნეტში აზიარებს "ორიგინალის ენიდან" რუსულად თარგმნილ ყალბ ტექსტს.
სანამ უშუალოდ შევუდგებოდეთ "კატლეტებიდან ბუზების" მოგერიებას, ნება მიბოძეთ მცირედი რამ გავიხსენო ქრისტიანობის ისტორიიდან:
არსებობს წმიდა წერილის სხვადასხვა ენაზე შესრულებული უძველესი თარგმანები: სეპტუაგინტა - ძველი აღთქმის ბერძნული თარგმანი, თარგუმები - ძველი აღთქმის წიგნების არამეულ ენაზე თარგმნილი ტექსტების საზოგადო სახელწოდება, ვულგატა - ბიბლიის ლათინური თარგმანი, და პეშიტო - ბიბლიის ერთ-ერთი თარგმანი სირიულ ენაზე (არამეული ენის ედესური დიალექტი). ავტორის ჰიპოთეზა, რომლის თანახმადაც, პეშიტო ეფუძნება არამეული თარგუმის თარგმანს, ვერ უძლებს კრიტიკას და მას არც თეოლოგები, მეცნიერები და ისტორიკოსები უჭერენ მხარს. მიუხედავად ამისა, სირიული ძველი აღთქმის ტექსტში შეიმჩნევა თარგუმის გავლენის ნიშნები (განსაკუთრებით მოსეს ხუთწიგნეულში და პარალიპომენონში). მაგრამ პეშიტოს ძველაღთქმისეული წიგნების თარგმანთა სტილი და დონე, საკმაოდ ძლიერ განსხვავდება წერილის სხვადასხვა ნაწილებში. მისი ზოგიერთი მონაკვეთი შესაძლოა სირიულად მოლაპარაკე ებრაელებმა თარგმნეს ქრისტიანული ეკლესიის აღმოცენებამდე, ხოლო სხვები შესაძლოა გადაამუშავეს პირველმონათლულმა ებრაელებმა.
როდესაც არამეულ ენაზე ვლაპარაკობთ, აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ ელინისტურ ეპოქაში ვიდრე არაბულ დაპყრობებამდე, ის წარმატებით უწევდა კონკურენციას ბერძნულს, ხოლო სხვა დანარჩენ სემიტურ ენებს ადგილობრივი დიალექტების როლს განუკუთვნებდა. მაგრამ II საუკუნიდან არამეული ენა, რომელზეც, ეგვიპტესთან ერთად, მთელი ახლო აღმოსავლეთი საუბრობდა, შეიცვალა და სხვადასხვა კულტურების ზეგავლენითა და არაბთა დაპყრობის შედეგად (VII ს. ჩვ. წ.) ძლიერი მოდიფიცირება განიცადა.
აუცილებელია აღინიშნოს, რომ ისტორიულად, ძველი აღთქმის წიგნები სირიულ ენაზე გადაითარგმნა ჩვენი წელთაღრიცხვის II ს-ის უკანასკნელ მეოთხედში. ახალაღთქმისეული წიგნები კი გადაითარგმნენ ჩვ. წ.-ის V ს-ში. როგორც ჩანს, ისინი დააჯგუფა და გადაამუშავა ედესის ეპისკოპოსმა რაბულამ. ანუ ჩვ. წ.-ის V საუკუნისთვის, პეშიტო, როგორც ასეთი, უკვე ჩამოყალიბებულია (ხოლო თვით სახელწოდება "პეშიტო", სტანდარტულ (საზოგადოდ მიღებულ) სირიულ ბიბლიასთან მიმართებაში მხოლოდ ჩვ. წ.-ის IX ს-დან გამოიყენება). მაგრამ ჯერაც არიან ისტორიულობის უარმყოფელი ადამიანები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ქრისტესა და მოციქულთა მთელი სწავლებები, მხოლოდ არამეულ ენაზე გადმოიცემოდა, და სწორედ ის, რაკიღა ორიგინალი ტექსტის ენა გახლდათ, წინ უსწრებდა წერილის ბერძნულ დიალექტს, კოინეს. გასაოცარია ისიც, რომ ძირითადად ამ პოზიციაზე დგანან ნესტორიანული შეხედულების მქონენი (5).
________________
5. ნესტორიანელობა. IV ს-ის მწვალებლობა. ნესტორიანელობის მიხედვით მდინარე იორდანეში ნათლობამდე, ქრისტე იყო მხოლოდ ადამიანი, რომელიც სრულყოფილად ასრულებდა ებრაულ კანონებს, ხოლო ნათლობის შემდეგ მასში შესახლდა სიტყვა-ღმერთი (ლოგოსი). მხოლოდ ამის შემდეგ ქრისტე იძენს ღვთაებრივ ბუნებას და შეუძლია სასწაულმოქმედება და ასრულებს განსხვავებულ მორჩილებას უფლისადმი (ტანჯვა ჯვარზე, სიკვდილი და აღდგომა, სიკვდილზე გამარჯვება) (წყარო. იხ. https://ka.wikipedia.org/wiki/ ნესტორიანელობა - "აპოკ." რედ.).
________________
როდესაც ბიბლეისტიკას ვსწავლობთ, გვახსენდება, რომ არსებობს სინოპტიკური პრობლემა (მსგავსებანი და განსხვავებანი სახარებებში). დღეისთვის არ არსებობს მყარი მტკიცებულება იმისა, თუ რატომ არის ასე, არსებობს მხოლოდ სხვადასხვა ჰიპოთეზები, რომელთაგანაც თითოეულს თავისი პლიუსები და მინუსები გააჩნია. დღეისთვის, ერთ-ერთი ყველაზე რეალური ჰიპოთეზა გახლავთ ის, რომ მათე და ლუკა, როდესაც სახარებებს წერდნენ, იყენებდნენ რომელიღაც "Q ტექსტს" (გერმანულიდან "Quelle" (წყარო)); იყო თუ არა იესუ ქრიტეს გამოთქმათა ეს წყარო არამეულ ენაზე უცნობია, თუმცა იესუს ცალკეული გამონათქვამები სახარებებში თარგმნილია არამეულიდან, მაგრამ როგორც გინდ იყოს, მიიჩნევა, რომ სახარების ტექსტი მისი დღევანდელი სახით შედგენილ იქნა სწორედ ბერძნულ ენაზე, როგორც ახალი აღთქმის სხვა ტექსტები.
გარდა ამისა, ახალი აღთქმის წიგნთა ბერძნული ენა ეკლესიის მამათა მიერ უკამათოდ არის აღიარებული ორიგინალის ენად. არსებობს მთელი რიგი სხვა მტკიცებულებებიც, რომ მაინც სწორედ კოინეა (ბერძნული ენის დიალექტი) ახალი აღთქმის ტექსტის ორიგინალი. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ დღემდე აღმოჩენილი არ არის ახალი აღთქმის არამეული ხელნაწერის არც ერთი ნაწყვეტი, რომელთა ტექსტი ახალი აღთქმის ბერძნულენოვან დედანზე, ანუ კოინეზე უძველესი იქნებოდა.
მცირედით გავიხსენეთ რა ისტორია, გვესმის, რომ აღმოჩენილი არ არის "ტექსტის ორიგინალი არამეულ ენაზე" (ჩემი რწმენით - ის არც არსებობს, რადგან ღმერთმა წერილის ჩამოყალიბება დაუშვა იმ სახით, რომლითაც ჩვენ ვიცნობთ, და იმ ენით, რომელიც ძველ ხელნაწერებშია ნაპოვნი). ახლა კი იმის შესახებ, რაც შეეხება უშუალოდ ლოცვას "მამაო ჩვენო", და ამ კონკრეტული "თარგმანის" ავტორს. ამისთვის, მოდი, კვლავ მივაპყროთ ჩვენი ყურადღება მამაო ჩვენოს "არამეულიდან შესრულებულ ბუკვალურ თარგმანს".
"ო, სიცოცხლის სუნთქვავ!
შენი სახელი ყველგან ბრწყინავს!
გამოათავისუფლე სივრცე,
რათა დავნერგოთ შენი მყოფობა!
წარმოადგინე შენს წარმოსახვაში
შენი "შეძლება" ახლა!
შემოსე შენი სურვილი ყოველგვარ ნათელსა და ფორმაში!
ჩვენ მიერ აღმოაცენე პური და
გონების განათება ყოველ წამს!
გახსენ წარუმატებლობათა საკვრელები, რომლებითაც შეკრულნი ვართ,
როგორც ჩვენ ვათავისუფლებთ ბაგირის თოკებს,
რომლებითაც ვაკავებთ სხვების ქცევას!
შეგვეწიე, რათა არ დავივიწყოთ ჩვენი წყარო.
არამედ გვიხსენ მოუმწიფებლობისგან არ ვიყოთ აწმყოში!
შენგან არს ყოველი
ხილვა, ძალა და გალობა
კრებიდან კრებამდე!
ამინ. დაე ჩვენი შემდგომი ქმედებები აღმოცენდნენ აქედან".
თავიდანვე აუცილებელია აღინიშნოს, რომ ლოცვა "მამაო ჩვენო", ჩაწერილ იყო ძველბერძნულ ენაზე, ხოლო მოცემული თარგმანი მხოლოდ "აზრის დამახინჯებული რეკონსტრუქციაა", თანაც მკითხველის შეგნებული მოტყუების მიზნით. ჩვენთვის ცნობილია, რომ არის ფრაგმენტები, ქრისტეს გამონათქვამთა ნაწილები, რომლებიც თარგმნილია არამეულიდან, ერთ-ერთი ასეთი ფრაგმენტია - ქრისტეს ლოცვა გოლგოთის ჯვარზე, მაგრამ ჩვენთვის ცნობილ ყველა ფრაგმენტთა შორის "მამაო ჩვენოს" არამეულ ენაზე არსებობის ხსენებაც კი არ გვაქვს.
გარდა ამისა, ძველ არამეულზე, ისევე როგორც ძველებრაულზე, და ძველბერძნულ ენაზე, ღმრთისადმი მიმართვა ყოველთვის წარმოებდა მამრობითი სქესის პირად ნაცვალსახელთან კავშირში, და არავითარ შემთხვევაში მდედრობით ან საშუალო სქესში. შეგიძლიათ თუ არა წარმოიდგინოთ, რომ პატრიარქალური კულტურა, სადაც წამყვანი და მთავარი როლი ოჯახში, სახელმწიფოში და პოლიტიკაში ეკუთვნოდა მამაკაცს, უცებ დაშვებული იქნა მიმართვა ღმრთისადმი, როგორც მდედრობითი სქესის ერთგვარი შეუცნობელი ძალისადმი, რომელსაც პიროვნება არ გააჩნია? რა თქმა უნდა, არა! მონოთეისტური რელიგიის არც ერთი ებრაელი წარმომადგენელი, აღზრდილი პატრიარქალურ კულტურაში, რომელმაც იცის რჯულის წიგნები, არასოდეს მისცემს თავს უფლებას შემოქმედ ღმერთს ელაპარაკოს ისე, როგორც ამას გვთავაზობს "მამაო ჩვენოს" მოცემული "თარგმანის" ავტორი.
ჩვენ ვამბობთ და გვესმის, რომ წერილი წერილითვე განიმარტება. იესუ, თავის სწავლებებში არაერთხელ მიმართავდა თავისი მოწაფეების ყურადღებას მამისადმი, რომლისგანაც ის მოვიდა და რომელთანაც კვლავ უნდა ასულიყო. ის ამბობდა მამის სიყვარულზე საქმეებში, იგავებში, ხალხის ისტორიაში, წერილში. ის ხაზს უსვამდა მის ერთობას მამასთან, მაგრამ ამავდროულად მამის პიროვნებას გამოჰყოფდა, როგორც უმთავრესს, როგორც მიზეზს ყოველივესი, როგორც მიზეზს სამებისა (ძის შობისა და სულიწმიდის გამომავლობისა). ქრისტეს არასოდეს უსწავლებია, რომ მამას, შეიძლება მივმართოთ როგორც ერთგვარ შეუცნობელ ძალას. სიტყვა "მამა" (მშობელი), არამეულ და ებრაულ ენებზე ჟღერს, როგორც "აბა" (აბბა), ბერძნულად კი, როგორც "პატერ".
მამა ღმრთისადმი ისეთი მიმართვა, როგორიცაა "მამაო ჩვენო", ივრითზე ასე ჟღერს - "აბინუ", არამეულად - "აბბუნ". მაგრამ გასაოცარია ის, რომ არც ერთხელ ამ ე. წ. "თარგმანის" ავტორი "მამაო ჩვენოში" არ იყენებს სიტყვას "მამა", არადა ამ ლოცვაში სწორედ ის არის მთავარი და ცენტრალური ფიგურა. პირიქით, მე ვფიქრობ, რომ სიტყვა "მამა" აქ შეგნებულად არის გამოტოვებული, რათა აჩვენონ ცრუ "სიდიადე" ყოველგვარ აზრს მოკლებული ლოცვისა და მასში გადმოცემული სულისა, რომელიც საიდუმლო ჭეშმარიტებად ცხადდება!
ქრისტეს სწავლებიდან გამომდინარე, ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ ანადგურებს მოცემული "თარგმანი" მამა ღმერთის არსს, როგორც პიროვნებას, და აცხადებს მას ერთგვარ ძალად, რითაც ერთი მხრივ, ძირს უთხრის სამების იპოსტასთა შიდა ურთიერთობას, და მეორე მხრივ თვით სამების ურთიერთობას ადამიანებთან.
ტექსტი, რომელიც მასებს განსახილველად შესთავაზეს, ანუ ლოცვა "მამაო ჩვენოს" ეს ე. წ. "თარგმანი", სხვა არაფერია თუ არა მწვალებლობა, გნოსტიციზმისა და პანთეიზმის შეზავება, ერესი, რომელსაც ეკლესია საუკუნეების განმავლობაში ებრძოდა. დღეისთვის ეს შერწყმა შეგვიძლია ვნახოთ ისეთ მოძრაობებში, როგორიცაა "ნიუ ეიჯი" (New Age – "ახალი ერა"), რომელიც მთელი ძალებით ცდილობს რელიგიათა სინკრეტიზაციას, ჭეშმარიტი ქრისტიანობის განადგურებას, პიროვნული შემოქმედი ღმერთის ქრისტიანული რწმენის უარყოფას და მის ნაცვლად უსახური, უპიროვნო ღმერთის იდეის დანერგვას.
ახლა, რაც შეეხება თვით მოცემული "თარგმანის" ავტორს, რომელმაც ის მსოფლიოს მიაწოდა. მოცემული "თარგმანის" ავტორია რელიგიათმცოდნეობისა და სომატური (სხეულზე ორიენტირებული) ფსიქოლოგიის დოქტორი საადი ნილ დუგლას კლოტცი (მურშიდ საადი შაქურ ჩიშტი). მისი ძირითადი ინტერესები ძევს ძველ მედიტატიურ ტექნოლოგიათა გაერთიანებაში თანამედროვე ფსიქოლოგიასთან და მეცნიერებასთან სხეულის შესახებ. ის არის ახლოაღმოსავლური მისტიციზმის სპეციალისტი, რამოდენიმე წიგნის ავტორი, რომლებიც ე. წ. ჭეშმარიტი გზავნილის გამოკვლევას ეძღვნება და, რომელიც მსოფლიო რელიგიათა პირველწყაროშია მოცემული. ესენია: "კოსმოსის ლოცვა: მედიტაცია იესუს სიტყვებზე, რომლებიც არამეულად წარმოითქვა" (სხვათა შორის, სრულიად გასაგებია, რომ ეს წარმოდგენილი "თარგმანი" იმავე წიგნის ნაწყვეტია), "უდაბნოს სიბრძნე", "დაფარული სახარება", "ცხოვრების სუფიური წიგნი".
მურშიდ საადი (ნილ დუგლას კლოტცი) - რუჰანიათის სუფიური ორდენის ერთ-ერთი უფროსი მასწავლებელია (Sufi Ruhaniat International), ის ე. წ. "სუფიურ გზას" მისდევს უკვე 30 წელზე მეტია. რუსეთში მას იცნობენ, როგორც საყოველთა მშვიდობის ცეკვათა ქსელის დამაარსებელს. იყენებს რა სუფიურ ტექნიკას - ზიქრს (საკუთარი ჭეშმარიტი ბუნების გახსენების პრაქტიკა, სადაც გამოიყენება მედიტაცია და სიმღერა) და ცეკვები მანტრების გამოყენებით სხვადასხვა რელიგიური და ეროვნული ტრადიციებიდან. ამ ნაზავით ის ადამიანებს სთავაზობს, რათა მათ "რეალური კონტაქტი დაამყარონ საკუთარ თავთან, როგორც მის სიღრმეებთან, ასევე მის სიმაღლეებთან..."
ღმერთი - სამართლიანი მსაჯულია, ის განსჯის ყველას, ვინც კი უარყოფს ქრისტეს, როგორც მაცხოვარს და პიროვნულ უფალს. ღმერთი განსჯის ყველას, ვინც აცდუნებს ადამიანს და გადახრის მას ჭეშმარიტი გზიდან, ვინც სიცრუეს სიმართლედ ასაღებს და ამით ადამიანებს უადვილებს წარწყმედას. მაგრამ ჩვენგან, როგორც ქრისტიანებისგან, რომლებიც უფალს მივდევთ, საკუთარი ცხონების პასუხისმგებლობა არავის მოუხსნია, მიუხედავად იმისა, ვინ შეგვხვდება უფლისკენ მიმავალ ჩვენს გზაზე. სატანას არ შეუწყვეტია მბრდღვინავი ლომივით წანწალი, რათა ვინმე შესანსლოს!
როდესაც ვსწავლობდი ყველასთვის გასაცნობად გამოფენილი მამაო ჩვენოს "ბუკვალურ თარგმანს", ისიც შევნიშნე, რომ ის ძირითადად ვრცელდება არა ქრისტიანულ, არამედ სხვადასხვა ერეტიკულ რესურსებზე, რომლებიც ძირითადად ეკუთვნიან ან მისდევენ "ნიუ ეიჯს", ან კიდევ იზიარებენ მის შეხედულებასა და მსოფლმხედველობას; ესენია საიტები, რომლებიც ეძღვნება მისტიკას, ეზოთერიკას, მედიტაციას, პარაფსიქოლოგიას, ვითომ საიდუმლო სწავლებებს და საიდუმლო ჭეშმარიტებას. ვიღაც ავრცელებს ამ ტექსტებს, აკოპირებს მათ თავიანთ საიტებსა და ბლოგებზე, ვიღაც საკუთარ სოციალურ ქსელებში მსჯელობს მათზე.
გასაოცარია, რომ ქრისტიანები, რომლებიც კითხულობენ ამ აბდაუბდას, ისე, რომ არც კი ცდილობენ ჩაწვდნენ წაკითხულის არსს, თვითონაც აგრძელებენ ამ ნაბოდვარის გავრცელებას ინტერნეტში და მას ჭეშმარიტებად აცხადებენ; ხოლო სხვები, რომლებიც მხარს უბამენ მათ, კიდევ უფრო შორს ავრცელებენ ამ სიცრუეს.
გავრცელებული სენი ჩამჯდარია არა მარტო ინტერნეტში, არამედ მრავალი ადამიანის გონებაშიც. ზოგიერთი ქრისტიანი, როდესაც ტექსტს კითხულობს, საქებარ კომენტარებსაც კი არ იშურებს: "რა მაგარია", "ამინ". "ჭეშმარიტად ასეა", მადლობა, ბუკვალური თარგმანისთვის, აწი მეცოდინება" და მისთანანი. მაგრამ, რა არის საცოდინარი? რა არის აქ "მაგარი" (ბოდიშს ვიხდით ჟარგონისთვის)? რის გამო გაჰყვირიან "ამინს"? კითხულობენ, ჰყვირიან და წერილი კი არ უწყიან, არც ღმრთის ძალა! სირცხვილია ასე ერთბაშად და დაუფიქრებლად იმგვარი რამის შეჭმა, რაც სულს ბილწავს, უგულისხმოება იმისა, თუ რას გთავაზობენ საჭმელად! (კიდევ ერთხელ ვიხდით ბოდიშს პირდაპირობისთვის).
ახლა, როდესაც მცირედი რამ შევიტყვეთ წერილის თარგმანებისა და მამაო ჩვენოს მოცემული "თარგმანის" ავტორის შესახებ, ვფიქრობ ძნელი არ იქნება გავიგოთ, რომ ინტერნეტ ქსელში გავრცელებული მამაო ჩვენოს ე. წ. "ბუკვალურ თარგმანს" არაფერი აქვს საერთო ქრისტეს ლოცვასთან, არამედ მხოლოდ ჩვეულებრივი ერესია, რომელიც შეგნებულად არის მიმართული ქრისტიანული სწავლა-მოძღვრებისა და მთლიანად ქრისტიანობის გასანადგურებლად!
იმის გამო, რომ ძველი არამეული ენა მკვდრად მიიჩნევა (არამეულ ენაზე (ახალ არამეულ დიალექტზე) მხოლოდ სირიაში ლაპარაკობენ), "მამაო ჩვენოს" სანიმუშო თარგმანი ასე გამოიყურება:
"აბუნ დბიშმაია! ნიტკადახ შიმმუხ; თეთე მალჩუტუხ; ნებე სობიანუხ ეიჩანა დბიშმაია აბ პარა; ხა ლა ლახმა დსუნკანან იუმანა; ვუშიუხ ლან ჰობეინ, ეიჩანა დაპ აჰნან შუკლან ჰაიავინ; ვულა თაალან ლნისიუნა, ელლა პასან მინ ბიშია. მუდტულ დილუჰ ჰაი მალჩუტა, უჰეილა, უტიშბუხტა ლ'ალამ ალმინ. ამინ" (მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი; მოვედინ სუფევაჲ შენი; იყავნ ნებაჲ შენი ვითარცა ცათა შინა, ეგრეთცა ქუეყანასა ზედა. პური ჩუენი არსობისაჲ მომეც ჩუენ დღეს და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა; და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიჴსნენ ჩუენ ბოროტისაგან, რამეთუ შენი არს სუფევაჲ და ძალი და დიდებაჲ საუკუნეთა მიმართ. ამენ).
ბოლოს, შეჯამების სახით, გვსურს მოვუწოდოთ თითოეულ ქრისტიანს გაიაზრონ ყველაფერი, რასაც კი კითხულობენ. ძვირფასო მეგობრებო, ინტერნეტში ბევრი რამ ვრცელდება, როგორც კარგი, ასევე ცუდი, დააკვირდით, რას კითხულობთ და რას ავრცელებთ. ნუ გაავრცელებთ მამაო ჩვენოს ე. წ. "ბუკვალურ თარგმანს", ანუ რაიმე სხვას, რაც მართლმადიდებლობისთვის მოცემული არ არის, ნუ გამოაცხადებთ უცნაურ და უცნობ თარგმანებს დაკარგულ და ახლადაღმოჩენილ ჭეშმარიტებად, მასში არ არის არც სიღრმე და არც ძალი სულიწმიდისა! რადგან არიან უძლურნი და ლიტონნი, რომლებიც ვერ გულისხმაყოფენ, რომ ყველაფერი, რასაც კი მიყოლებით კითხულობენ და ყლაპავენ, სასარგებლო როდია; ისინი ვერ ასხვავებენ ერთმანეთისგან ხორბალსა და ღვარძლს; ის, ვინც ამგვარი სიყალბეებისგან ცდუნდება და დაიჯერებს, შემდეგ შეიძლება განდგეს ქრისტიანობისგან, რადგან ნებას მისცემს ეჭვებს ჩაინერგოს მის გულში. ამისთვის კი ღმერთი მოგვკითხავს.
ყველაფერი, რაც კი გვჭირდება, ქრისტემ წერილში დაგვიტოვა, რომელიც პატრიარქთა, წინასწარმეტყველთა და მოციქულთა მიერ გადმოგვეცა! ნუ შეიყვანთ საცდურში უძლურ ცხვრებს, ნუ იფიქრებთ, რომ არსებობს რაღაც დაფარული აზრი იქ, სადაც ის არ არის. განიხილეთ ქადაგებები, წყაროები, ტექსტები, ადამიანთა გამონათქვამები და შეადარეთ ისინი წმიდა წერილს, ზუსტად ასეა თუ არა ის, რაც თქვენამდე მოაქვთ? გაიხსენეთ თუნდაც ფრაგმენტი ახალი აღთქმიდან: "ესენი (ადგილობრივნი - "აპოკ". რედ.) თესალონიკელებზე უფრო კეთილშობილნი იყვნენ: მთელი გულმოდგინებით მიიღეს სიტყვა და ყოველდღე არჩევდნენ წერილს, ასეა თუ არა ესო" (საქმე 17:11); "გაუფთხილდი შენს თავსა და მოძღვრებას, დამკიდრდი მათში, რადგანაც ამით თავსაც იხსნი და შენს მსმენელთაც" (1 ტიმ. 4:16).
ჭეშმარიტების დასაცავად, მოდი, მტკიცედ მივყვეთ წმიდა წერილსა და წმიდა გადმოცემას, ისე, რომ არც მარჯვნივ გადავიხაროთ და არც მარცხნივ, არამედ სამეუფო გზით ვიაროთ!
მასალა ითარგმნა და მომზადდა საიტ "აპოკალიფსისის" რედ. მიერ. 2024 წ.
წყარო: http://hislove.ru/?p=3808