ანტიერეტიკონი - "ეპეროტიმა" მარცინკოვსკისთვის - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > ანტიერეტიკონი
"ეპეროტიმა" მარცინკოვსკისთვის
 
ანუ

 ყრმათა ნათლობის აუცილებლობის შესახებ
იყო ასეთი ნიჭიერი ერისკაცი-მქადაგებელი ვლადიმირ მარცინკოვსკი. ის მართლმადიდებლობიდან ბაპტიზმში გადავიდა. მიზეზი შემდეგი იყო: ის ბუკვალურად შეიპყრო საკითხმა ყრმათა ნათლობის შესახებ. მან, როგორც ლოდზე, წაიფორხილა მოციქულის სიტყვებზე: "ნათლისღება არა ჭუჭყის ჩამორეცხვაა ხორციდან, არამედ წრფელი სინიდისის აღთქმა (ასეა სინოდ. თარგმანში - "აპოკ." რედ.) ღვთის მიმართ, იესუ ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის წყალობით" (1 პეტრე 3:21). მან ეს გამონათქვამი შეადარა ყრმათა ნათლობის მართლმადიდებლურ ჩვეულებას და ამ ჩვეულებაში წმიდა წერილთან პრინციპული შეუსაბამობა დაინახა.
 
საკითხი იმის შესახებ, რატომ ნათლავენ ყრმებს ღმრთისადმი აღთქმის გარეშე, მარციკოვსკიმ ძალიან მწვავედ დააყენა. ამ საკითხის გადასაწყვეტად მან მიმართა სხვადასხვა სასულიერო პირებს, თვით პატრიარქ ტიხონსაც კი, მაგრამ დამაჯერებლად მას ვერავინ უპასუხა. ქვეყანაში რევოლუცია ბობოქრობდა, მარცინკოვსკის სული კი ამ გადაუჭრელი საკითხის გამო მშფოთვარებდა.
 
1919 წ. მან ამ თემაზე მოამზადა სპეციალური მოხსენება. "მოხსენების ძირითადი იდეა, - წერს ის თავის ავტობიოგრაფიაში, - იყო ის, რომ ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ ზრდასრულთა ნათლობის საეკლესიო პრაქტიკას, როდესაც ადამიანები თავიანთი რწმენის მიხედვით ინათლებიან. შეგნებული რწმენა, მიმართვა, აღორძინება წინ უნდა უძღოდეს ამ წმიდა აქტს, "წრფელი სინდისის აღთქმას ღმრთისა მიმართ". ასე წერია ღმრთის სიტყვაში. ასე იქცეოდნენ მოციქულები. ჯერ კიდევ IV ს-ში ეკლესიის ისეთი მამები, როგორებიც იყვნენ წმმ. ბასილი დიდი, გრიგოლ ღვთისმეტყველი და იოანე ოქროპირი - თუმც ქრისტიანთა შვილები იყვნენ, და მეტიც, სასულიერი პირები ბრძანდებოდნენ - მოინათლნენ 20 წლის ასაკის შემდეგ" (В.Ф. Марцинковский. Записки верующего. Новосибирск, 1994. С. 103).
 
ეს მოხსენება მან განსახილველად პატრიარქ ტიხონს წარუდგინა, მაგრამ მან ვერაფერი უპასუხა. და მაშინ მარცინკოვსკიმ გადაწყვიტა ცოცხლად გადაეჭრა ეს პრობლემა, - მან მიაშურა ბაპტისტებს და მათთან ხელმეორედ მოინათლა. "ღმრთის სიტყვის საფუძველზე, - წერს ის, - მე ვაღიარებ მხოლოდ შეგნებულ ნათლობას რწმენის მიხედვით. ამ შეხედულების საფუძველზე მე თვითონაც მივიღე ნათლობა 1920 წლის 1 სექტემბერს. - და ამით, არსებითად, გამოვედი თანამედროვე მართლმადიდებლობის წიაღიდან, მოცემული ეკლესიის ორთოდოქსული წევრების შემადგენლობიდან" (Указ. соч. С. 198).
 
ამის შემდეგ ის ცდილობდა კიდევ წამოეჭრა ეს თემა მართლმადიდებელ ეპისკოპოსთა შორის, რომლებთან ერთადაც საბჭოურ საპატიმროებში იჯდა, მაგრამ მათგანაც ვერაფერი დამაჯერებელი ვერ მოისმინა და თავის კითხვაზე ვერც მათგან მიიღო რაიმე პასუხი.
 
აი ასე ხდება ხოლმე: ვიღაც დასვამს მტანჯველ კითხვას, პასუხი კი დიდი დაგვიანებით მოდის, როდესაც შემკითხველი უკვე კარგა ხნის გარდაცვლილია...
 
ამრიგად, რა შეიძლება ვუპასუხოთ მარცინკოვსკის? საერთოდ, პასუხმა უკვე გაიჟღერა, - მ. ანდრია კურაევი წერდა "ღმრთისადმი აღთქმის შესახებ" თავის წიგნში "Протестантам о Православии" ("პროტესტანტებს მართლმადიდებლობის შესახებ"). მაგრამ, ძალიან მოკლედ. ამიტომ უმჯობესი იქნება ეს საკითხი უფრო დეტალურად განვიხილოთ.
 
ჯერ-ერთი, წმიდა წერილის თანახმად, მშობლებს თავისუფლად შეუძლიათ ღმერთს აღთქმა მისცენ თავიანთი შვილებისთვის. ანამ, წინასწარმეტყველ სამუელის დედამ, თავისი შვილის ნაცვლად მისცა ღმერთს აღთქმა, რომ ის ღმრთის მსახური იქნებოდა სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე: "აღუთქვამდა და ეუბნებოდა: ცაბაოთ უფალო, თუ მიხედავ შენი მხევლის ტანჯვას, თუ გამიხსენებ და არ დაივიწყებ შენს მხევალს, და მისცემ შენს მხევალს ვაჟიშვილს, უფალს დავუთმობ მას. ვიდრე ცოცხალი იქნება, დანა არ შეეხება მის თავს" (1 მეფ. 1:11).
 
ანნას მაგალითი, რომელმაც აღთქმა მისცა ღმერთს თავისი შვილის ნაცვლად, კარგად იყო ცნობილი ძველ ეკლესიაში. წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი (რომელსაც ეფუძნებოდა მარცინკოვსკი მხოლოდ ზრდასრულთა ნათლობის პრაქტიკის დადასტურებისას) სწორედ ანნას მაგალითზე არწმუნებდა ქრისტიან მშობლებს მოენათლათ თავიანთი შვილები: "შენ ყრმა გყავს? - ამბობს წმ. გრიგოლი. - ნუ მისცემ დროს გააძლიეროს დაზიანება; დაე ყრმობიდანვე განიწმინდოს იგი და ყრმობის ფრჩხილებიდანვე მიეძღვნას სულს. შენ გეშინია ბეჭდის, ბუნების უძლურების გამო, როგორც სულმოკლე და მცირედმორწმუნე დედას? მაგრამ ანნამ შვილის დაბადებამდე აღუთქვა ღმერთს სამუელი, და მისი დაბადებიდან მალევე მიუძღვნა და აღზარდა სამღვდლო მსახურად ისე, რომ არ შეშინებია ადამიანური უძლურებისა, არამედ სწამდა ღმრთისა" (Слово 40. На Святое Крещение).
 
მიუხედავად იმისა, რომ თვით გრიგოლ ღვთისმეტყველი მონათლული იყო ზრდასრულ ასაკში, ის მაინც იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ქრისტიანები, რომლებიც გადადებენ თავიანთ ყრმათა ნათლობას, ამით სხვა არაფერს აჩვენებენ, თუ არა სულმოკლეობას და მცირედმორწმუნეობას - წმიდა წერილის საპირისპიროდ, რომელიც გვაძლევს ბრწყინვალე ნიმუშს ანნასი, წინასწარმეტყველ სამუელის დედისა.
 
მეორეც, თვით ფრაზის "წრფელი სინიდისის აღთქმა ღვთის მიმართ" ძალიან სადავოა სიტყვა "აღთქმასთან" მიმართებაში (1). ამ სიტყვით გადათარგმნილია ბერძნული ტერმინი επερώτημα (ეპეროტიმა). მოცემული არსებითი სახელი ახალი აღთქმის ბერძნულ ტექსტში გვხვდება მხოლოდ ერთხელ, ამიტომ არ შეიძლება ვნახოთ, თუ რა მნიშვნელობით გამოიყენება ის სხვა ადგილებში, მაგრამ მისი ზმნური ფორმა - επερωτάω (ეპეროტაოს) - სხვადასხვა თავის მოდიფიკაციებში ახალ აღთქმაში გვხვდება 59-ჯერ, და 59-ჯერვე ის ნიშნავს მხოლოდ "თხოვნას", "კითხვას", "შეკითხვას", და არსად "აღთქმას" ან "დაპირებას".
 
_________________________
 
1. ასეა რუსულ-სინოდალურ თარგმანში: "Так и нас ныне подобное сему образу крещение, не плотской нечистоты омытие, но обещание Богу доброй совести, спасает воскресением Иисуса Христа" (1Пет.3:21).
 
სლავურშია: "Его́же воображе́нiе ны́нѣ и на́съ спаса́ет креще́нiе, не плотскія отложе́нiе скве́рны, но со́вести бла́ги вопроше́нiе у Бо́га, воскресе́нiемъ Ису́с Христо́вым".
 
ძველ ქართულშია: "რომლისა სახედ აწ თქუენცა გაცხოვნებს ნათლის-ღებაჲ, არა ჴორცთაგან განშორებაჲ მწინკულისაჲ, არამედ გონებისა კეთილისა ტრფიალებაჲ ღმრთისა მიმართ აღდგომითა იესუ ქრისტესითა".
 
ახალ ქართულშია: "... არა ჭუჭყის ჩამორეცხვა ხორციდან, არამედ წრფელი სინიდისის სწრაფვა ღვთის მიმართ იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის წყალობით".

_________________________

აი ყველა 59-ივე ადგილი: (1) მთ. 12:10 – ჰკითხეს; (2) მთ. 16:1 – სთხოვეს; (3) მთ. 17:10 – ჰკითხეს; (4) მთ. 22:23 – ჰკითხეს; (5) მთ. 22:35 – ჰკითხა; (6) მთ. 22:41 – ჰკითხა; (7) მთ. 22:46 – კითხვა; (8) მთ. 27:11 – ჰკითხა; (9) მკ. 5:9 – ჰკითხა; (10) მკ. 7:5 – спрашивают; (11) მკ. 7:17 – ჰკითხეს; (12) მკ. 8:5 – ჰკითხა; (13) მკ. 8:23 – ჰკითხა; (14) მკ. 8:27 – ჰკითხა; (15) მკ. 9:11 – ჰკითხეს; (16) მკ. 9:16 – ჰკითხა; (17) მკ. 9:21 – ჰკითხა; (18) მკ. 9:28 – ჰკითხეს; (19) მკ. 9:32 – კითხვა; (20) მკ. 9:33 – ჰკითხა; (21) მკ. 10:2 – ჰკითხეს; (22) მკ. 10:10 – ჰკითხეს; (23) მკ. 10:17 – ჰკითხა; (24) მკ. 11:29 – ვკითხავ; (25) მკ. 12:18 – ჰკითხეს; (26) მკ. 12:28 – ჰკითხა; (27) მკ. 12:34 – კითხვა; (28) მკ. 13:3 – ჰკითხეს; (29) მკ. 14:60 – ჰკითხა; (30) მკ. 14:61 – ჰკითხა; (31) მკ. 15:2 – ჰკითხა; (32) მკ. 15:4 – ჰკითხა; (33) მკ. 15:44 – ჰკითხა; (34) ლკ. 2:46 – კითხვის მიმცემი; (35) ლკ. 3:10 – ჰკითხა; (36) ლკ. 3:14 – ჰკითხეს; (37) ლკ. 6:9 – ვკითხავ; (38) ლკ. 8:9 – ჰკითხეს; (39) ლკ. 8:30 – ჰკითხა; (40) ლკ. 9:18 – ჰკითხა (41) ლკ. 17:20 – ჰკითხეს; (42) ლკ. 18:18 – ჰკითხა; (43) ლკ. 18:40 – ჰკითხა; (44) ლკ. 20:21 – ჰკითხეს; (45) ლკ. 20:27 – ჰკითხეს; (46) ლკ. 20:40 – კითხვა; (47) ლკ. 21:7 – ჰკითხეს; (48) ლკ. 22:64 – ჰკითხეს; (49) ლკ. 23:3 – ჰკითხვა; (50) ლკ. 23:6 – ჰკითხა; (51) ლკ. 23:9 – შესთავაზა; (52) ინ. 18:7 – ჰკითხა; (53) ინ. 18:21 – მეკითხები; (54) ინ. 18:21 – ჰკითხე; (55) საქმე. 1:6 – ჰკითხეს; (56) საქმე. 5:27 – ჰკითხა; (57) საქმე. 23:34 – ჰკითხა; (58) რომ. 10:20 – შემკითხველებს; (59) 1 კორ. 14:35 – კითხულობენ.
 
რაც შეეხება 51-ეს - შესთავაზა, - აქ გვაქვს შემდეგი ფრაზა: "სთავაზობდა (επηρώτα / ეპიროტა) მას მრავალ შეკითხვას" (ლუკა 23:9) (სინოდ. თარგმ.: И предлагал Ему многие вопросы... ). უფრო ბუკვალურ სლავურ თარგმანში ეს წინადადება ჟღერს ასე: "Вопрошаше же его словесы многими" (ძვ. ქართ.: "და ჰკითხვიდა მას სიტყჳთა მრავლითა...").
 
ამრიგად, ჩვენ ვხედავთ, რომ ახალ აღთქმაში მოცემული ზმნა 59-ჯერ არის გამოყენებული შეკითხვის მნიშვნელობით, და უცებ, როდესაც ჩნდება ნაზმნარი არსებითი სახელი, მან რატომღაც უნდა მიიღოს დაპირების, აღთქმის მნიშვნელობა... განა ეს უცნაური არ არის?
 
მოდი, ვნახოთ სლავური თარგმანი, რომელიც ღირებულია არა მარტო იმით, რომ მაქსიმალურად ბუკვალურია, არამედ იმითაც, რომ ის შესრულებულია თვით ბერძენთა (წმმ. კირილეს და მეთოდეს) მიერ, რომლებსაც არ სჭირდებოდათ ბერძნული სიტყვების მნიშვნელობათა ლექსიკონებში ძებნა ან მათი გამოანგარიშება სხვადასხვა თარგმანების შედარებით.
 
აი ეს ადგილიც: "Спасает крещение, не плотския отложение скверны, но совести благи вопрошение у Бога, воскресением Иисус Христовым" (1 Пет. 3:21). აქ επερώτημα (ეპეროტიმა) გადათარგმნილია, როგორც "თხოვნა". ასე ესმოდათ ის თვით ბერძნებს.
 
აი მართლმადიდებლობის უპირატესობა პროტესტანტიზმის წინაშე: ჩვენში მართლმადიდებლობა შემოიტანეს ბერძნებმა, ადამიანებმა, რომელთათვისაც ახალი აღთქმის ენა მშობლიური ენაა, ამიტომაც, რაც შეეხება თარგმანებს, ჩვენში მასთან დაკავშირებით ნაკლები პრობლემაა, ვიდრე პროტესტანტებთან.
 
როდესაც ამერიკელი ბაპტისტი თეოლოგები მსჯელობენ იმაზე, თუ როგორ გაიგონ წმიდა წერილის ესა თუ ის ადგილი, ხშირად მიმოიხილავენ მთელ რიგ ინგლისურ თარგმანებს, პარალელურად იხედებიან ლუთერის გერმანულ თარგმანში (ქვემოთ მე მოვიტან მსგავს ეგზეგეტიკურ ციტატას), - ჩემში, როგორც მართლმადიდებელში, ეს ადამიანები სიბრალულს იწვევენ. ასე დიდი წრეები რომ არ დაარტყან და არ იბოდიალონ, რატომ არ აიღებენ ტექსტებს პირდაპირ ბერძნულიდან და მისი მეშვეობით არ გაარკვევენ ამა თუ იმ ტერმინის მნიშვნელობას?
 
მოდი კიდევ ერთი ბერძენი ავტორი ვნახოთ, კერძოდ, XI ს-ის მოღვაწე თეოფილაქტე ბულგარელი (ბულგარელად ის იწოდა იმიტომ, რომ დანიშნული იყო ბულგარული ოხრიდის არქიეპისკოპოსად, თუმცა, ეროვნებით თეოფილაქტე ბერძენი იყო). პეტრე მოციქულის 1-ლი ეპისტოლეს განმარტებაში ის წერს: "კავშირი ასეთია ჩვენც ასევე გვაცხოვნებს ამის მსგავსი ნათლობა, არა ხორციელი ჭუჭყის ჩამორეცხვა, არამედ ღმრთის წინაშე წმიდა სინდისის გამოთხოვა" (რუსულ თარგმანში: "Связь такая: так и нас спасает ныне подобное сему образу крещение, не плотской нечистоты омытие, но вопрошение или выпрашивание доброй совести пред Богом").
 
მაგრამ, საიდან გაჩნდა სინოდალურ თარგმანში ეს "აღთქმა", თუკი ბერძნებს - კირილეს, მეთოდეს და თეოფილაქტეს ეს სიტყვა ესმოდათ, როგორც "თხოვნა" ან "გამოთხოვნა"? ძნელი სათქმელია, რითი ხელმძღვანელობდა მოცემულ შემთხვევაში მთარგმნელი, მაგრამ, ალბათ აქ პროტესტანტული გავლენა შეიმჩნევა.
 
მიტრ. ანტონი (ხრაპოვიცკი) თავის სტატიაში "გამოსყიდვის დოგმატი" ბიბლიის სინოდალურ თარგმანზე ასე მსჯელობს: "... ბიბლიის რუსული ტექსტი, პროტესტანტიზმის გავლენას ატარებს (რაც შეგიძლიათ ნახოთ ახალი აღთქმის ტექსტის თითქმის ყველა კურსივში, ანუ მთარგმნელთა ნააზრევში...) (http://kds.eparhia.ru/bibliot/nasledie/hrapovickiy/dogmiskyp/).
 
ახალი აღთქმის ერთ-ერთ პროტესტანტულ ბერძნულ-რუსულ ლექსიკონში სიტყვა επερώτημα (ეპეროტიმა) ეძლევა ოთხი მნიშვნელობა: 1) თხოვნა, 2) აღთქმა, 3) პასუხი, და 4) მოწოდება. პირველ ადგილზე დგას "თხოვნა". მაგრამ იქვე მოცემულია 1 პეტრეს 3:21-ის ფრაზის თარგმანის სამი ვარიანტიც: "აღთქმა, წმიდა სინდისით მიცემული ღმრთისთვის, ან წმიდა სინდისით მიცემული დაპირება, ან კიდევ თხოვნა ღმრთისადმი წმიდა სინდისის შესახებ".
 
ეს ლექსიკონი წარმოადგენს ბერკლი მ. ნიუმანის ბერძნულ-ინგლისური ახალაღთქმისეული ლექსიკონის თარგმანს. რუსულ ენაზე თარგმნა და რედაქტირება განახორციელეს ვ. ნ. კუზნეცოვამ ე. ბ. სმაგინასა და ი. ს. კოზირევას მონაწილეობით (გამოცემულია რუსეთის ბიბლიური საზოგადოების მიერ, 1997 წ.).
 
არ ვიცი, ვინ არის დამნაშავე - ავტორი თუ რუსი რედაქტორები, - მაგრამ, როდესაც ჩამოთვლილია სიტყვის მნიშვნელობები, პირველ ადგილზე დაყენებულია "თხოვნა", ხოლო როდესაც ფრაზის თარგმანებია მოცემული, ვარიანტი "თხოვნა ღმრთისადმი წმიდა სინდისის შესახებ" უკანასკნელ, მესამე ვარიანტად განიხილება. მაგრამ, თუკი სიტყვა "თხოვნა" პირველია მნიშვნელობით, მაშინ ლოგიკური იქნებოდა ფრაზის თარგმანი, რომელიც ამ მნიშვნელობას ეფუძნება, პირველ ადგილზე ყოფილიყო დაყენებული და არა მესამეზე. მაგრამ მას სულ ბოლო ადგილზე აყენებენ, და ამაში ვლინდება სწორედ ერთგვარი ტენდენციურობა.
 
პროფ. ა. დ. ვეისმანის რევოლუციამდელ ძველბერძნულ-რუსულ ლექსიკონში სიტყვას επερώτημα (ეპეროტიმა) ეძლევა ასეთი თარგმანი: კითხვა. და აქვე მითითებულია მეორე მნიშვნელობაც წყაროზე მითითებით: "ახ. აღთქმა. εις θεόν - ღმრთისადმი დაპირება, 1 Petr. 3, 21". ანუ, ახალ აღთქმაში, კერძოდ 1 პეტრე 3:21-ში, ეს სიტყვა ნიშნავს "დაპირებას. მაგრამ აქ ვეისმანი უბრალოდ იმოწმებს ახალი აღთქმის სინოდალურ თარგმანს, თუმცა ამის წინ უთითებს, რომ საერთოდ ძველბერძნულ ენაში ამ სიტყვას მხოლოდ ერთადერთი - "შეკითხვის" - მნიშვნელობა გააჩნია, ყოველგვარი სხვა ვარიანტების გარეშე. ვეისმანი აქ სინოდალური მთარგმნელის გავლენის ქვეშაა, რომელიც, თავის მხრივ, პროტესტანტი მთარგმნელების გავლენის ქვეშ იმყოფება.
 
მაგრამ, კარგია, რომ პროტესტანტულ დასავლეთში არსებობენ მიუკერძოებელი მთარგმნელებიც და ღვთისმეტყველებიც, მაგალითად, ჯეკ კოტრელი, რომელიც მოცემული სიტყვის პრობლემატიკაზე წერს: "გვთავაზობენ საკმაოდ განსხვავებულ თარგმანებს (უფრო, ინტერპრეტაციებს). ზოგიერთი მიიჩნევს, რომ მოცემული სიტყვა ნიშნავს "წმინდა სინდისის დაპირებას", ან აღთქმას დაიცვას კეთილი ურთიერთობები ღმრთის წინაშე. ახალი აღთქმის გერმანულ ენაზე თარგმნის დროს ლუთერი იყენებდა მსგავს სიტყვას "ბუნდ" (ნიშნავს აღთქმას ან დაპირებას). გვთავაზობენ ასეთი თარგმანის ვარიანტსაც: "წმიდა სინდისის შეთავაზება". ანუ ნათლისღებაში ღმერთი გვთავაზობს მოგვანიჭოს წმიდა სინდისი. ასეთია ლენსკის აზრი. სხვა ვარიანტების თანახმად, "ეპეროტემა" ნიშნავს პასუხს ან გამოხმაურებას, ანუ ნათლობა - ეს არის მომენტი, როდესაც წმინდა სინდისი რეაგირებს ღმერთზე. და, ბოლოს, არის კიდევ ერთი აზრი, რომლის მიხედვითაც მოცემული სიტყვა ნიშნავს ღმრთისადმი მიმართვას წმინდა სინდისისთვის (ან წმინდა სინდისით), როგორც არის ეს ბიბლიის მთელ რიგ ინგლისურ თარგმანებში. ამგვარი თარგმანების ვარიაციებს წარმოადგენს "ლოცვა" (მოფატის თარგმანი) და "თხოვნა" (როტერჰემის თარგმანი). რადგან ამდენი რაოდენობის ვარიანტებია შემოთავაზებული, ძნელია ამ სიტყვის ერთი რომელიმე თარგმანის დაჩემება, მე კი მტკიცედ ვარ დარწმუნებული, რომ ყველაზე სწორ ვარიანტს წარმოადგენს უკანასკნელი თვალსაზრისი.
 
NASB-ის (New American Standart Bible: ახალი ამერიკული სტანდარტული ბიბლია - ავტ.) თარგმანი ზუსტია: ნათლობა გვიხსნის, რადგან ის არის "ღმრთისადმი მიმართვა წმიდა სინდისით". ამგვარი არჩევანის პირველი მიზეზი მდგომარეობს იმაში, რომ ამ დროს გამოდიან ამ სიტყვის ზმნური ფორმიდან: "თხოვნა, მოთხოვნა, მოკითხვა, გაგება", რომელიც ახალ აღთქმაში და სხვა წიგნებშიც გვხვდება. არ არსებობს საფუძველი არსებითი სახელის ფორმაში მოცემული სიტყვის ამ მნიშვნელობიდან გადავუხვიოთ, რადგან ის შეესაბამება 1 პეტრე 3:21-ის კონტექსტს.
 
მეორე მიზეზი, რომელიც განმარტავს, თუ რატომ ვანიჭებ უპირატესობას ამ სიტყვას, მდგომარეობს იმაში, რომ ის კარგად ჯდება კონტექსტში, განსაკუთრებით ნათლისღების ცხონებასთან კავშირის კონტექსტში. ... ცხონება მოიცემა მადლით, ანუ ღმრთის მოქმედებით, და არა ჩვენი ძალისხმევით. მნიშვნელობამ, რომელსაც ვხედავთ სიტყვაში "ეპეროტემა", ნათლისღება ჩვენს მიერ აღსრულებულ შრომად არ უნდა აქციოს, არამედ მხარი უნდა დაუჭიროს მის ხასიათს, როგორც თვით ღმერთის მაცხოვნებელ მოქმედებას. ჩემი აზრით, ეს ყველაფერი გამორიცხავს ამ სიტყვის გადათარგმნას "აღთქმად" ან "დაპირებად". ... ამგვარი ვალდებულება - აშკარად ადამიანური მოქმედებაა, მით უფრო ეგოისტური და გაანგარიშებული. ანუ, როგორც მოქმედება ის მთლიანად დაციკლულია საკუთარ თავზე და თავისი ბუნებით საკუთარი "მე"-ს მიღმა, ანუ ღმრთის მოქმედებაზე არ ვრცელდება. ეს კი ნიშნავს, რომ ადამიანური აქტი ანუ შრომა ნათლობის მთავარი ელემენტი ხდება. და რადგან ამ ნაწყვეტში ნათლისღება დაკავშირებულია ცხონებასთან, ამგვარი მდგომარეობა იწვევს იმას, რომ ნათლისღების მაცხოვნებელი არსი დამოკიდებული ყოფილა ჩვენს საქმიანობაზე, და არა იმაზე, თუ რას იქმს ღმერთი ჩვენდა მიმართ. ეს კი ეწინააღმდეგება მადლის მოქმედებას; ამასთან ჩვენ უარვყოფთ აზრს ნათლისღების მაცხოვნებელ ძალზე, რადგან ამ შემთხვევაში მაცხოვნებელი გამოდის ვალდებულება, ანუ ამ მოქმედების მონაწილის აღთქმა-დაპირება და არა ღმერთის წყალობა ჩვენდა მომართ" (Дж. Котрелл. Крещение. Что говорит о нём Библия. М.: Протестант, 1993. С. 134-135).
 
კოტრელის ნათქვამს დავუმატებთ კიდევ ორ შენიშნვას ბიბლიურ კონტექსტთან დაკავშირებით, რომელშიც იმყოფება მოცემული სიტყვა.

(1) მოციქული პეტრე, რომელმაც თავის 1-ელ ეპისტოლეში გამოიყენა ეს სადავო სიტყვა, რომელსაც ზოგიერთი თარგმნის, როგორც "აღთქმას" ან "დაპირებას", თავის მე-2 ეპისტოლეში წერს: "თავისუფლებას აღუთქვამთ მათ, თვითონ მონები ხრწნილებისა" (2 პეტრე 2:19). აქ ჩვენ ვხედავთ სრულიად უდავო შემთხვევას, სადაც პეტრე იყენებს ზმნას "აღვუთქვამთ" (სწორედ აღთქმის, და არა სხვა რამის აზრით). და რომელ ბერძნულ სიტყვას იყენებს ის მოცემულ შემთხვევაში? სიტყვას - επαγγελλόμενοι (ეპანგელლომენი), რომელსაც არაფერი აქვს საერთო ტერმინთან "ეპეროტიმა".
 
თუკი ერთი და იგივე პეტრე, როდესაც მხედველობაში აქვს "აღთქმა", "დაპირება", წერს სიტყვას "ეპეროტიმა", ხოლო როდესაც მხედველობაში აქვს სიტყვა "აღუთქვამენ", იყენებს სრულიად განსხვავებულ სიტყვას - "ეპანგელლომენი"; მაშინ ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ პეტრეს ნაწერში "ეპეროტიმას" არანაირი კავშირი არა აქვს "აღთქმასთან", "დაპირებასთან", და ეს მაინც "თხოვნაა და არა დაპირება. მიტუმეტეს, როგორც ზემოთ ვნახეთ, სწორედ ასე ესმით ეს საკითხი თვით ბერძნებსაც, რომლებიც საკუთარ ენაში პროტესტანტებზე და სინოდალურ მთარგმნელებზე ბევრად უკეთ ერკვევიან.
 
(2) რადგან ლაპარაკია წმიდა სინდისზე, უნდა დავსვათ კითხვა: პრინციპში, შეგვიძლია თუ არა ღმერთს აღვუთქვათ წრფელი სინიდისი? და რას ნიშნავს "წრფელი სინდისი"? "წრფელი", მაშასადამე - "წმინდა". მაგრამ რანაირად განიწმინდება სინდისი? "განა სისხლი ქრისტესი, რომელმაც მარადიული სულით უბიწო მსხვერპლად შესწირა თავი ღმერთს, ათასწილ უფრო მეტად არ განწმედს თქვენს სინიდისს მკვდარ საქმეთაგან...?" (ებრ. 9:14). ხოლო თუკი სწორედ ქრისტეს სისხლი განწმენდს სინდისს, მაშინ, ღმრთისადმი დაპირება გვქონდეს წმინდა სინდისი, სხვას არაფერს ვამბობთ, თუ არა ამას: "სუფალო, გპირდები, რომ შენ განწმენდ ჩემს სინდისს". ეს მსგავსია იმისა, ღატაკმა უსახლკარომ ვინმე მდიდარს უთხრას: "გპირდები, რომ შენ მიმიყვან შენთან, დამბან შენს საუნაში და ჩამაცმევ ნათელ ტანისამოსს". საინტერესო იქნებოდა მდიდრის რეაქცია... ვთხოვოთ ქრისტეს, რომ მან თავისი სისხლით განწმინდოს ჩვენი სინდისი, - ეს გასაგებია; მაგრამ, როგორ გავიგოთ ის, ვინც ღმერთს აღუთქვამს იმას, რისი მიღწევა საკუთარი ძალისხმევით არ შეუძლია, და რაც უნდა სთხოვოს მხოლოდ უფალს?
 
შეიძლება გაჩნდეს კითხვა: კეთილი, ნათლობა - ეს არის წრფელი სინდისის თხოვნა, მაგრამ შეუძლიათ თუ არა პატარა ყრმებს მიმართონ ღმერთს ასეთი თხოვნით? ფორმალულრად, გარეგნულად - რა თქმა უნდა, არა, მაგრამ შინაგანდ, არსებითად, - დიახ. წინასწარმეტყველი იერემია ამბობს: "... ღონემიხდილნი ყრიან ყმაწვილები და ძუძუთა ბავშვები ქალაქის ქუჩებში. დედებს შებღავიან: სად არის პური და ღვინო?..." (გოდება იერემიასი 2:11-12).
 
აქ, ჯერ-ერთი, ვხედავთ, რომ ყრმათა გაუცნობიერებელ სურვილს წინასწარმეტყველი სიტყვებით მოსავს, რომელიც ძუძუთა ბავშვებს ფორმალურად არ შეეძლოთ წარმოეთქვათ: "სად არის პური და ღვინო?" ანუ, წინასწარმეტყველი უთითებს ყრმათა გამოუთქმელი თხოვნის არსზე. ასეა წრფელი სინდისის შემთხვევაშიც, - თუკი მას ბავშვები ფორმალურად ვერ ამბობენ, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ მათ სულში არ ცხოვრობს სულიერი სიწრფელის მოსურვება.
 
მეორეც, იერემიას სიტყვებში ვხედავთ წინასწარმეტყველებას, რომელიც ახალ აღთქმას ეხება. პური და ღვინო - ეს აშკარად ის პური და ღვინოა, რომელთა ჭამა და დალევა ქრისტემ მის მოსაგონებლად დააწესა (ლუკა 22:19). ამგვარად, იერემიას სიტყვები იძენენ იმ მითითების მნიშვნელობას, რომ ქრისტეს ეკლესიაში უფლის ტრაპეზზე დაშვებულ იქნებიან ყრმებიც. ხოლო დაშვებულ რომ იქნენ, მათ ჯერ უნდა მიიღონ ნათლისღება, რაც აღესრულება კიდევაც მართლმადიდებლობაში.
 
ხოლო იმ ყრმათა მდგომარეობა, რომლებიც არ დაიშვებიან ზიარებაზე, წინასწარმეტყველურად ასეა აღწერილი:
 
შიმშილისგან ღონემიხდილნი ყრიან ყმაწვილები და ძუძუთა ბავშვები.
 
(სულიერად კვდებიან სულიერი შიმშილის გამო).
 
"ქალაქის ქუჩებში".

(შეიძლება დავუშვათ ასეთი განმარტება: მტრების მიერ გაპარტახებული იერუსალიმის ქუჩები სიმბოლურად გამოხატავენ სხვადასხვა ქრისტიანულ კონფესიებს, რომლებიც გაჩნდნენ შიდაქრისტიანული ომების შედეგად; კონფესიები ქრისტიანობაში ხომ სწორედ მტრობისა და მათგან გამოცალკევების სურვილით ჩნდებიან, რომლებშიც მტრები დაინახეს; ეს კი სხვა არაფერია, თუ არა ნგრევა, მსგავსი იმისა, რასაც იერემია დასტიროდა).

"დედებს შებღავიან: "სად არის პური და ღვინო?..."

(ანუ, რატომ არ გვიშვებთ ზიარებასთან? - ეს შეიძლება თქვან არა მარტო პროტესტანტების შვილებმა, არამედ რომაელი-პაპისტების შვილებმაც, რადგან ლათინებთან ბავშვებს, თუმც კი ნათლავენ, - კონფირმაციამდე (მირონცხებამდე) არ აზიარებენ, კონფირმაციას კი არ უტარებენ ყრმებს, ასევე რუს ბეზპოპოვცებს, რომელთაც არ ჰყავთ სამღვდელოება, და მაშასადამე, არა აქვთ ზიარებაც).
 
საერთოდ კი, ეს სიტყვები, რომელსაც იერემია ყრმათა პირით გამოთქვამს, საბოლოო ჯამში, სხვა არაფერია, თუ არა სწორედ ღმრთისადმი აღვლენილი წრფელი სინდისის თხოვნა. რადგან თუკი ქრისტეს სისხლი განწმენდს სინდისს, მაშინ სურვილი ამ სისხლის ზიარებისა არის კიდევაც სურვილი სინდისის განწმენდისა (ან კიდევ, თუკი სინდისი წრფელია, - სურვილი მისი წმიდად დაცვისა, რაც ქრისტესადმი ზიარების გარეშე შეუძლებელია).
 
თუმცა, მე იმისი თქმა არ მინდა, რომ ეს განმარტება - ერთადერთი შესაძლო და საუკეთესოა. მაგრამ, ვფიქრობ, როგორც ერთ-ერთი ვარიანტი, სრულიად დასაშვებია.

წყარო: https://vladimir-chub.livejournal.com/44544.html
Назад к содержимому