ანტიერეტიკონი - ქრისტიანობის ძირითადი მიმართულებები - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > ანტიერეტიკონი
ქრისტიანობის ძირითადი მიმართულებები
საუკუნეობრივი დავები და უთანხმოებანი მათ შორის
(მოკლე და ზოგადი მიმოხილვა)
ქალკედონის IV მსოფლიო კრება
როდესაც ქრისტიანობის მიმართულებებს ვსწავლობ, პირობითად მათ, დაახლოებით, ექვს ძირითად სახეობად ვყოფთ. თავიდან ქრისტიანობას არყევდა დავები სამების შესახებ. მაგრამ, როგორც კი ისინი მიწყნარდა, V ს-მ ეკლესიაში ახალი, ქრისტოლოგიური უთანხმოებები გააჩინა: ანუ ამჯერად ლოგიკურად დადგა დრო გარკვეულიყო, თუ როგორ და რა სახით იმყოფებოდა ძე ღმერთი ადამიან იესუში.
 
1. დოკეტები
 
დოკეტიზმი, როგორც ქრისტოლოგიური დოქტრინა, აღიარებდა, რომ იესუ არის ქრისტე და უარყოფდა იესუს განკაცებას. დოკეტები იესუში ყოველივე კაცობრივს უარყოფდნენ: მის შობას, სიკვდილს, ჯვარზე ვნებას, ხორცს. ყველაფერს, რაც კი ხილული იყო კაცთათვის, ისინი ილუზორულად მიიჩნევდნენ.
 
კლიმენტი ალექსანდრიელის თქმით, მათი მეთაური იყო იულიუს კასიანე, რომელიც ამტკიცებდა, რომ იესუს ხორცი მოჩვენებითი (ზმანებითი) იყო. დოკეტები პატივს მიაგებდნენ პეტრეს სახარებას. მათი სწავლების თანახმად ქრისტეს განკაცება, ვნება, სიკვდილი და მკვდრეთით აღდგომა ნამდვილი არ იყო, რადგან მისი ხორცი ოდენ მოჩვენებითი იყო. აქედან გამომდინარე, ამ სწავლების მომხრეები წმიდა ევქარისტული ძღვენის იესუ ქრისტეს ხორცად და სისხლად აღიარებაზე უარს ამბობდნენ.
 
სატორნილეს (1) (1. სატურნინე - ირინეოს ლიონელის მიხედვით. М. Э. Поснов. Гностицизм II-го века и победа христианства над ним. 2. Саторнил) თანახმად, "მაცხოვარი არ დაბადებულა, უსხეულოა და უხილავი. ის არ ყოფილა განკაცებული, არამედ ასეთად მხოლოდ მოსჩანდა. რადგან მას ხორცი არ ჰქონდა, მისი ტანჯვაც მხოლოდ მოჩვენებითი იყო. კერდონი ასწავლიდა, რომ ქრისტე არა თუ ქალწულისგან, არამედ, საერთოდ, არავის მიერ არ შობილა. და აბსოლუტურად არ ვნებულა.
 
მარკიონის სწავლებით, იესუ კი არ იშვა, არამედ ტიბერიუსის მმართველობის 15-ე წელს ადამიანის სახით ზეციდან ჩამოვიდა. მისი სხეული ზმანებითი იყო, ამიტომაც მარკიონის მიხედვითაც იესუს არ უტანჯია, ის არ მომკვდარა და არც აღმდგარა მკვდრეთით. დოკეტების აზრით, ქრისტე ღმერთია, ღმერთი კი შეუძლებელია შეიცვალოს, და, შედეგად, შეუძლებელი იყო იესუს განკაცებაც.
 
იოანეს აპოკრიფულ საქმეებში წერია, - მისი აღიარება შეიძლება მხოლოდ ღმერთად და მას თაყვანს უნდა ვცემდეთ მხოლოდ როგორც ღმერთს.
 
 
2. მონოფიზიტები

მონოფიზიტობა - ეს არის ქრისტოლოგიური დოქტრინა, რომელიც იზიარებს აზრს, რომ იესუში არსებობდა მხოლოდ ერთი, საღმრთო ბუნება და კაცობრივ ბუნებას უარყოფს. ამ სწავლების ფუძემდებელი, კონსტანტინოპოლელი არქიმანდრიტი ევტიქი (დაახლ. 378-454) ამტკიცებდა, რომ მარიამისგან მიღებული ადამიანური ბუნება მასში იყო ისე, როგორც თაფლის წვეთი ოკეანეში და სრულიად გაითქვიფა მასში.
 
მონოფიზიტები თავიანთი სწავლებით ახლოს იყვნენ დოკეტებთან, ამიტომ მათ ხშირად ასეც უწოდებდნენ. შემორჩენილია სსე-ს (სომხეთის სამოციქულო ეკლესია) კათოლიკოს აბრაამ I-ის ანათემატიზმა, სადაც დოკეტისტთა სახელებს შორის მოხსნიებულია ევტიქიც .ქალკედონური ეკლესიები სომხურ, ეგვიპტურ და სხვა აღმოსავლურ ეკლესიებს მონოფიზიტებს განაკუთვნებენ.
 
ევტიქი, როგორც მწვალებელი დაგმო კონსტანტინოპოლის 448 წლის კრებამ. დღეისთვის არც ერთი ისტორიული ეკლესია არ აღიარებს მონოფიზიტობას. ერთი პერიოდი მონოფიზიტურმა იდეებმა აღმოსავლეთის ეკლესიებშიც შეაღწია, მაგრამ ვერ გამყარდა. მონოფიზიტობა ქალკიდონურ მწვალებლობად მიაჩნიათ ძველაღმოსავლურ და პროტესტანტულ ეკლესიათა უმრავლესობას. მოგვიანებით ის ხანდახან ვლინდებოდა, როგორც რეციდივი, მაგრამ მომხრეებს ვერ პულობდა.
 
 
3. მიაფიზიტები

მიაფიზიტური ეკლესიები ასწავლიან, რომ ქრისტეს ჰქონდა ერთიანი ბუნება. ანუ, ღმერთი და ადამიანი, სასწაულებრივად გადაეწნო იესუში ერთიან ბუნებად.
 
თუკი დოკეტები და მონოფიზიტები ქრისტეში აღიარებდნენ ერთ ღვთაებრივ ბუნებას, ქალკიდონური ეკლესიები კი ორ ბუნებას - ღვთაებრივსა და ადამიანურს. მიაფიზიტები მიიჩნევენ, რომ იესუ, "ხორცშესხმული სიტყვა, არის სრულიად ღვთაებრივი და სრულიად ადამიანური, ერთ "ბუნებაში" (ფიზისი )“. ისინი უარს ამბობენ გამოიყენონ ქალკედონის კრებაზე (451) დადგენილი ფორმულირება, რომ იესუ არის ერთი "პირი" (ბერძნულად "იპოსტასი" - ὑπόστασις, hypostasis), რომელშიც თანაბრად აღიარებულია ორი ბუნება - ღვთაებრივი და ადამიანური, რომელიც შეერთებულია "შეურწყმელად, უცვლელად, განუყოფლად და განუყრელად".
 
თუკი დოკეტები და მონოფიზიტები ქრისტეში აღიარებდნენ ერთ ღვთაებრივ ბუნებას, ქალკედონური ეკლესიები ორ ბუნებას - ღვთაებრივს და კაცობრივს, მიაფიზიტები აღიარებენ ერთიან (გაერთიანებულ) ბუნებას. ამან საფუძველი მისცა კათოლიკეებსა და მართლმადიდებლებს მიაფიზიტები მონოფიზიტობაში დაედანაშაულებინათ.
 
მიაფიზიტების აზრით, ისინი მოცემულ საკითხში მიჰყვებიან წმ. კირილე ალექსანდრიელის სწავლებას, მაგრამ კათოლიკეები და მართლმადიდებლები აცხადებენ, რომ წმ. კირილე მიჰყვებოდა ქრისტეში ორი ბუნების აღიარების ორთოდოქსალურ სწავლებას.
 
დღეისთვის მიაფიზიტური ეკლესიებია: სომხეთის სამოციქულო ეკლესია, სირიის მართლმადიდებელი ეკლესია, მალანკარის სირიისა ინდოეთში, კოპტური მართლმადიდებელი ეკლესია ეგვიპტეში, ეთიოპიის მართლმადიდებელი ეკლესია, ერითრეის მართლმადიდებელი ეკლესია და მათვე შეიძლება განვაკუთვნოთ ალბანეთის ეკლესია კავკასიაში.
 
 
4. ნესტორიანული დიოფიზიტობა

ნესტორიანელობა თვითმყოფადი ქრისტიანული კონფესიაა. ამ სწავლების დამფუძნებლად მიიჩნევა კონსტანტინოპოლელი პატრიარქი ნესტორი, თუმცა ის საკუთარ თავს ამ სწავლების დამფუძნებლად არ მიიჩნევდა. ის აღიარებდა, რომ ქრისტე მხოლოდ კაცია, რომელშიც სულიწმიდის საშუალებით ჩასახლდა სიტყვა – ღმერთი (ლოგოსი). ის აღიარებდა ქრისტეში ორ ბუნებას და ასწავიდა, რომ იესუ იყო სრულყოფილი ღმერთი და სრულყოფილი კაცი.
 
ნესტორიანელობის მთავარი საღვთისმეტყველო პრინციპი იმაში მდგომარეობს, რომ ის ქრისტეს ღმერთკაცური ბუნების სრულ სიმეტრიას აღიარებს: ერთიან ღმერთკაცურ პირში შეურწყმელად შეერთებულია ორი ჰიპოსტასი (ორი ბუნება) ღვთაებრივი და ადამიანური. ქრისტეს ნება ნესტორიანობაში ახასიათებს პირს, და არა ბუნებას (მართლმადიდებლობა და კათოლიციზმი) და არც ჰიპოსტასს (მიაფიზიტობა). ამიტომ ნესტორიანელები აღიარებენ ერთ ღმერთკაცურ ნებას, რთულს, რომელიც შედგება ორი ერთმანეთთან შეთანხმებული ნებისგან (ღვთაებრივი და ადამიანური). და ისევე როგორც მართლმადიდებლობაშია, განასხვავებენ ქრისტეს ორი სახის მოქმედებებს: ადამიანურს (შობა, ტანჯვა, სიკვდილი) და ღვთაებრივს (სასწაულები).
 
ვინაიდან ნესტორიანელობის მიხედვით, მარიამისგან შობა უკავშირდება ქრისტეს მხოლოდ ადამიანურ ჰიპოსტასს, და არა ღვთაებრივ ჰიპოსტასს, ტერმინი "ღვთისმშობელი" ითვლება არაკორექტულად. ნესტორიანელობის მიხედვით მდინარე იორდანეში ნათლობამდე, ქრისტე იყო მხოლოდ ადამიანი, რომელიც სრულყოფილად ასრულებდა ებრაულ კანონებს, ხოლო ნათლობის შემდეგ მასში შესახლდა სიტყვა-ღმერთი (ლოგოსი). მხოლოდ ამის შემდეგ ქრისტე იძენს ღვთაებრივ ბუნებას და შეუძლია სასწაულმოქმედება და ასრულებს განსხვავებულ მორჩილებას უფლისადმი (ტანჯვა ჯვარზე, სიკვდილი და აღდგომა, სიკვდილზე გამარჯვება).
 
ამრიგად, ნესტორის სწავლებით გამოდიოდა, რომ ქრისტე, როგორც ადამიანი არ ავლენდა ყოვლისმცოდნეობას და ყოვლადძლიერებას, რადგან ის მხოლოდ ღმრთისთვისაა დამახასიათებელი. ასევე შეუძლებელია ითქვას (ნესტორის აზრით), რომ ღმერთი იშვა ბაგაში, რომ მას სწყუროდა, ივნო და მოკვდა. ნესტორიანელთა აზრით, ასევე არ შეიძლება თქმა იმისა, რომ მარიამი ღვთისმშობელია, რადგან მან შვა მხოლოდ კაცი, ადამიანი, და არა ღმერთკაცი.
 
აქედან კი გამოდის, რომ ქრისტე არა იმდენად პიროვნებაა, რამდენადაც ობიექტი, რომელშიც ერთმანეთს შეხვდა ორი სხვადასხვა სუბიექტი, ორი არათანაზიარი ბუნება: ღმერთი და ადამიანი, და მათ შორის მხოლოდ გარეგანი, შეფარდებითი ერთობაა.
 
ნესტორის სწავლების დაგმობის შემდეგ, მისი მომხრეები გაიქცენენ მესოპოტამიაში. საიდანაც მათ ქადაგებებით საკუთარი სწავლება გაავრცელეს სპარსეთსა და შუა აზიაში, ასევე შორეულ აღმოსავლეთში, ჩინეთში, ცეილონსა და სხვა ადგილებში. დღეისთვის ნესტორიანელობას მიჰყვება მხოლოდ აღმოსავლეთის ასირიული ეკლესია და აღმოსავლეთის ძველი ასირიული ეკლესია.
 
ნესტორიანელობა თავისი სწავლებით დიდხანს არყევდა ბიზანტიის ეკლესიას. სწორედ ნესტორიანელობის საპასუხოდ გაჩნდა მონოფიზიტობა. კონსტანტინოპოლის მეორე კრებაზე ნესტორის ორსუბიექტური დიოფიზიტობა უარყოფილ იქნა და მწვალებლობად გამოცხადდა.
 
 
5. ქალკედონური დიოფიზიტობა

ქალკედონური დიოფიზიტობა (ბერძ. δυο-ორი, φύσις-ბუნება) - ქრისტოლოგიური რწმენაა, რომლის თანახმადაც იესუ ქრისტეში თანაბრად აღიარებულია ორი ბუნება - ღვთაებრივი და ადამიანური, რომელიც შეერთებულია "შეურწყმელად, უცვლელად, განუყოფლად და განუყრელად". როგორც დოგმატი ის გაფორმდა ქალკედონის მსოფლიო საეკლესიო კრებაზე 451 წელს (აქედან დიოფიზიტობის მეორე სახელწოდება: ქალკედონელობა), სადაც ნიკეის პირველი საეკლესიო კრების (325) და კონსტანტინოპოლის პირველი საეკლესიო კრების (381) სიმბოლომ ახალი ქრისტოლოგიური განსაზღვრა მიიღო: ქრისტეში მოცემულია ერთმანეთისაგან განსხვავებული და თანაბარი ორი ბუნება – ღვთაებრივი და ადამიანური.
 
დიოფიზიტობის სწავლება თავის დასაბამს ანტიოქიის საღვთისმეტყველო სკოლიდან იღებს. დიოფიზიტობას მიჰყვება ბიზანტიური მართლმადიდებლობა, კათოლიციზმი და პროტესტანტობა. თუმცა, ზოგიერთი პროტესტანტი და უნიატი სომხეთში, ეგვიპტესა და ეთიოპიაში მიაფიზიტიზმს მიჰყვებიან.
 
აღმოსავლური მიაფიზიტურ-არაქალკედონური "მართლმადიდებელი" ეკლესიები დიოფიზიტებს ბრალს დებენ, რომ მიიღეს ნესტორის სწავლება იესუს ორი ბუნების შესახებ, მაშინ როდესაც ისინი მიაფიზიტებს ბრალს დებენ მონოფიზიტობაში. ქალკიდონური და ნესტორიანული დიოფიზიტობა მიაფიზიტებმა მწვალებლობად გამოაცხადეს. მას ანათემას უცხადებენ აღმოსავლეთის "მართლმადიდებელი" ეკლესიები: სომხური, სირიული, კოპტური, ეთიოპიური და ერითრეული.
 
ქალკიდონის კრებამ, რომელიც შედგა 451 წელს, ბოლო ვერ მოურო ქრისტოლოგიურ დავებს ქრისტიანობაში, მაგრამ მართლმადიდებლობა და კათოლიციზმი დღემდე მიჰყვებიან მის დადგენილებებს. ქალკიდონის კრება, რომელიც მონოფიზიტობასთან ბრძოლისა და ქრისტიანთა ერთობისთვის იქნა მიღწეული, სასურველი შედეგი ვერ გამოიღო. იმ დროისთვის იმპერიაში უკვე არსებობდა ოთხი დიდი ქრისტიანული მიმართულება: დიოფიზიტობა, მიაფიზიტობა, ნესტორიანელობა და არიანელობა.
 
 
6. არიანელობა

პირველი ხუთი მიმართულება, რომლებიც დავახასიათეთ, თუ ქრისტოლოგიას ეხებოდა, მეექვსე გამოირჩევა მით, რომ უარყოფს სწავლებას სამების შესახებ.
 
ეს მიმდინარეობა, ქრისტიანულ ეკლესიაში IV-VI საუკუნეებში წარმოიშვა. მას 318 წელს საფუძველი ჩაუყარა ალექსანდრიელმა ხუცესმა არიოზმა. წინააღმდეგ მსოფლიო ქრისტიანული ეკლესიის დოგმისა, რომლის მიხედვითაც ძე ღმერთი (იესო ქრისტე) მამა ღმერთის ერთარსი და თანასწორია, არიანელობის თანახმად, ქრისტე დასაბამიდან არ არსებობდა მამა ღმერთთან ერთად, იგი შემდეგშია შექმნილი ადამიანის მსგავსად. ქრისტეში ერთსა და იმავე დროს ღმერთიც არის და ადამიანიც, მაგრამ ჭარბობს ადამიანურობა.
 
მაშ, თუკი ქრისტე ქმნილებაა, ყოფილა დრო, როდესაც ის არ იყო და გააჩნია დასაბამიერობა. არიოზის და ათანასეს მიმდევართა შორის ხშირად ხდებოდა შეტაკებები ეგვიპტეში. თანდათანობით არიანელობა იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილშიც გავრცელდა.
 
კონსტანტინე დიდის მიერ მოწვეულმა ნიკეის საეკლესიო კრებამ 325 წელს არიანელობა მწვალებლობად გამოაცხადა და საეკლესიო დოგმად აღიარა ძე ღმერთის მამა ღმერთთან ერთარსებობა. არიოზი განდევნეს, მისი წიგნები კი დაწვეს. მაგრამ, თავისი სიცოცხლის ბოლოს გართულებულმა ვითარებამ კონსტანტინე აიძულა, შერიგებოდა არიანელობას. დაიწყეს არიანელების მოწინააღმდეგეების დევნა, განსაკუთრებით ათანასე ალექსანდრიელისა, რომელსაც მხარი დაუჭირა დასავლეთის ეკლესიამ. აღმოსავლეთის ეკლესიაში საიმპერატორო ხელისუფალთა მხარდაჭერით წარმოიშვა შემთანხმებლური, ნახევრად არიანული მიმდინარეობა, რომელიც ამტკიცებდა ძე ღმერთის არა „ერთარსებობას“, არამედ „მსგავსარსებობას“. 381 წლის კონსტანტინოპოლის საეკლესიო კრებამ საბოლოოდ დაგმო არიანელობა.
 
არიანელობა ბატონობდა კონსტანტინეს მემკვიდრეების დროსაც ვიდრე ვალენტ II-ს მეფოამდე, გამონაკლისი იყო ივლიანე განდგომილი, რომელმაც მზის კულტი სახელმწიფო რელიგიის რანგში აიყვანა. შემდეგ არიანელობა სახელმწიფო რელიგია გახდა გერმანულ სახელმწიფოებში, ფრანკების გარდა.
 
ადრინდელ შუასაუკუნეებში არიანელობა გაქრა. თუმცა ევროპის ზოგიერთი მოაზროვნე და თეოლოგი კვლავ უბრუნდებოდა არიანელობას. მის იდეებს პროპაგანდას უწევდა უილიამ უინსტოინი. არიანელობის მხურვალე მომხრე იყო ისააკ ნიუტონიც. მხარს უჭერდა რა არიოზს, ნიუტონმა გამოაცხადა, რომ მღვდლები ეკლესიაში დასაქმებულნი არიან კერპთაყვანისმცემლობით. ნიუტონი წერდა:
 
"ის, რაც ესოდენ დიდი ხნის განმავლობაში იწოდებოდა არიანელობად, სხვა არაფერია, თუ არა ძველი, დაუზიანებელი ქრისტიანობა, ხოლო ათანასე ამ ცვლილებათა მძლავი, მაზკვარი და ბოროტი იარაღი გახდა.
 
17-18-ე საუკუნეებში ბევრს ჰქონდა არიანული მსოფლმხედველობა.
 
არიანელობის მსგავსი ანტიტრინიტარული სწავლება გააჩნიათ იეჰოვას მოწმეებს და ორმოცდაათიანელებს.
 
ამრიგად, ჩვენ მოკლედ და ზოგადად განვიხილეთ ქრისტიანული ქრისტოლოგიისა და ტრიადოლოგიის ექვსი ძირითადი მიმართულება:
 
1. დოკეტები - ამტკიცებენ, რომ ქრისტეში არსებობდა მხოლოდ ერთი, ღვთაებრივი ბუნება.
 
2. მონოფიზიტები - ამტკიცებენ, რომ ქრისტეს ადამიანური ბუნება, როგორც თაფლის წვეთი ბევრ წყალში, საღმრთო ბუნებაში გაითქვიფა.
 
3. მიაფიზიტები - ამტკიცებენ, რომ ქრისტეს ღვთაებრივი და ადამიანური ბუნება შეერთდა და მიიღო ერთიანი ბუნება.
 
4. დიოფიზიტური ნესტორიანელობა ამტკიცებს, რომ ქრისტეს ორი ბუნება - ღვთაებრივი და ადამიანური, ცალ-ცალკე არსებობე, როგორც ორი სუბიექტი.
 
5. ქალკედონელი დიოფიზიტები (მართლმადიდებლები) ამტკიცებენ, რომ ქრისტეს ერთ იპოსტასში შეურწყმელად და შეურევნელად შეერთებულია ორი ბუნება - ღმრთეებრივი და კაცებრივი. აქედან გამომდინარე ქრისტეში აღიარებულია ორი ნება.
 
6. არიანელობა - უარყოფს სწავლებას სამების შესახებ.

სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით მომზადებულია საიტ "აპოკალიფსისის" მიერ.
Назад к содержимому