სწავლანი > ანტიერეტიკონი
ქრისტესგან განდგომის თანამედროვე სახეობა
სულ უფრო და უფრო ვუახლოვდებით ჩვენი უფლის, ღმრთისა და მაცხოვრის, იესუ ქრისტეს შობის დიად, წმიდა და ნათელ დღესასწაულს. ბუკვალურად რამოდენიმე დღე რჩება ქრისტეს შობამდე. ეკლესია მოუწოდებს თავის შვილებს უფრო და უფრო განიწმინდონ ესოდენ მნიშვნელოვანი მოვლენის დადგომამდე, მეტად და მეტად ჩაუღრმავდნენ ლოცვას და გააძლიერონ მარხვა. უკვე 2 იანვრიდან (ძვ. სტილით 20 დეკემბრიდან) ჩვენ შევდივართ შობის წინადღესასწაულობის პერიოდში, რომელსაც გამკაცრებული მარხვით აღნიშნავსეკლესია და, რომელიც აღვსილია ვნების შვიდეულის ინტონაციით, რომლის ლეიტმოტივი კვლავ და კვლავ დიდი შაბათის სიტყვებია: "დაე დუმდეს ყოველი ენაი კაცობრივი".
მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენს გარემომცველ სამყაროში ვხედავთ სრულიად საპირისპიროს. კერძოდ - მზარდ აჟიოტაჟს, თანაც სრულიად საწინააღმდეგო და არასულიერი ხასიათით (სხვათა შორის, აჟიოტაჟი არც შეიძლება იყოს სულიერი).
ეს მოვლენა დასაბამს იღებს ლამის შობის მარხვის დადგომიდან. როდესაც ქუჩებში და მოედნებზე დგამენ ნაძვის ხეებს, როდესაც შენობებსა და ნაგებობებს რთავენ ზიზილპიპილებით, როდესაც სავაჭრო ურთიერთობები მომხმარებლობის პიკზეა და ადამიანები პროდუქტებს ისე ყიდულობენ, თითქოსდა ომი ან გლობალური კატასტროფა იწყებოდეს, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ პრიორიტეტს ალკოჰოლურ სასმელებსა და ნუგბარ-ნუგბარ საჭმელებს ანიჭებენ; როდესაც მთელი ქვეყანა მთელი დკემბრის განმავლობაში ლამის გაჩერებულია, წყდება ყოველგვარი ნაყოფიერი შრომა და სასარგებლო საქმიანობა; როდესაც მოქალაქეთა დიდი უმრავლესობა ცხოვრობს ერთადერთი აზრით: სად, ვისთან და როგორ გაატაროს წელიწადის ეს ერთადერთი ღამე... და ძალიან მრავალი ადამიანისთვის ეს ღამე მართლაც მთავარია მთელი წლის განმავლობაში!
რა თქმა უ ნდა, ლაპარაკია საერო ახალი წლის პროფანირებულ ზეიმობაზე.
ის, რასაც მოციქული პავლე რომაელთა მიმართ მიწერილ ეპისტოლეში "ხორციელ ბრძნობასა" და "ხორციელ ცხოვრებას" უწოდებს, მტრობაა ღმრთისა. მსგავსი არსებობა შეუძლებელია ღმრთითსასურველი იყოს, რადგან ის ეწინააღმდეგება თვით ღმრთის სჯულსა და კანონს, "იმიტომ, რომ ხორცის ზრახვა ღვთის მტრობაა, ვინაიდან არ ემორჩილება და ვერც დაემორჩილება ღვთის რჯულს. ამიტომ ხორციელად მცხოვრებნი ვერ აამებენ ღმერთს" (რომ. 8:7-8). ... ან კიდევ რაზეც წერდა წმ. იოანე ოქროპირი თავის "საახალწლო ჰომილიაში", როდესაც ბრძანებდა: "თქვენ სწორედ იმიტომაც გსურთ ახალი წლის პირველი დღე ზეიმსა და გართობაში გაატაროთ, რომ ფიქრობთ, შემდეგ მთელი წლის განმავლობაში ასე დაგებედებათ... მართლაც, ეს დღე, ეს ღამე ადამიანებს სურთ გართობით, სიმაძღრითა და ვნებათა დაკმაყოფილებით გაატარონ".
ყველაფერი, რა თქმა უნდა, დღეს არ დაწყებულა. სინამდვილეში, ამის უკან დგას არა მარტო მცირედმორწმუნეობა ან ადამიანური პიროვნების ცრუმორწმუნეობა (რამეთუ, მართლაც ცრუმორწმუნეობაა იფიქრო, თითქოსდა მთელი წელიც ისეთივე გექნება, როგორც ის ღამე, რომელსაც ახალი წლის შემოსვლისას გაატარებ. ნებისმიერი ცრუმორწმუნეობა კი ცოდვაა, უმძიმესი შეცდომაა, რომელსაც ქრისტიანულ ასკეტიკაში "ცრუმორწმუნეობა" ეწოდება და ის განეკუთვნება მცირედმორწმუნეობის ან თვით ღმრთისადმი ურწმუნოების კატეგორიას). - აქ სხვა რამეც არის, - და უფრო საშინელიც. ერთი საქმეა - ურწმუნოთა ურწმუნოება, ანუ იმათი, ვინც ღმერთთან არ მისულა და სულ სხვა მორწმუნეთა უჯერო ქცევა. ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში, წარმართული სამყაროს მხრიდან ეკლესიის დევნულების დროს, ყველაზე უმძიმეს და ცოდვილ საქმიანობად ქრისტეს უარყოფა ითვლებოდა და ის საკმაოდ მკაცრად ისჯებოდა. დღესაც ასეა. ქრისტეს უარყოფის ცოდვა ყველაზე უმძიმესია.
ვიღაც იტყვის: როგორ არის შესაძლებელი ახალი წლის ზეიმობის შედარება ქრისტეს უარყოფასთან?
ამისთვის საჭიროა გავერკვეთ საერთოდ რას წარმოადგენს ახალი წელი, რა მოვლენაა იგი და საიდან წარმოიშვა.
ჩვენს ქვეყანაში სამოქალაქო ახალი წლის ზეიმობა იმ სახით, როგორც ამას დღეს ვხედავთ, დამყარდა უახლოეს წარსულში, ბუკვალურად, რამოდენიმე ათწლეულის წინათ. ჯერ კიდევ რევოლუციამდელ პერიოდში მას არ ახლდა ასეთი აჟიოტაჟი და გაქანება, რადგან ის სხვა, უფრო მთავარი დღის, მთავარი დღესასწაულის წინამორბედი იყო. რადგან მაშინ მართლმადიდებლური სამყარო ჯერ კიდევ სულგანაბული ელოდა ღვთაებრივი ყრმის შობას! და აი, ეს ატრიბუტები - ნაძვის ხე, მორთულობები, სიმღერები, ცეკვები, საჩუქრები, სადღესასწაულო სუფრა და თვით თოვლის პაპა თავისი ფიფქიათი - სხვა არაფერი იყო, თუ არა საშობაო დღესასწაულის მინიშნება. სწორედ შობა გახლდათ ძირითადი, უმთავრესი და დიადი მოვლენა, რომელსაც დღესასწაულობდა მთელი ქვეყანა და რომელიც აერთიანებდა ყველას!
მაგრამ, როდესაც ქვეყანაში გამეფდა ათეისტური და ღმრთისმბრძოლი ხელისუფლება, როდესაც დაიწყო სარწმუნოებისა და ეკლესიის დევნა, უღმრთოებმა მიზნად დაისახეს ამოეშალათ ადამიანთა ცნობიერებიდან და გულებიდან ყოველგვარი ქრისტიანული რწმენა და სულისკვეთება. ამისთვის სხვადასხვა მეთოდს იყენებდნენ, დაწყებული სრულიად პრიმიტიულიდან ვიდრე იდეოლოგიურად გათვლილ ღონისძიებებამდე.
სწორედ ასეთი იეზუიტური ხრიკი გახდა ერთი დღესასწაულის შეცვლა მეორით. როდესაც მრავალი საშობაო სიმბოლო გადატანილ იქნა ახალ წელზე - დღეზე, როდესაც ჭეშმარიტი მორწმუნეები კონცენტრირებულნი არიან მარხვასა და ლოცვაზე, რათა ღირსეულად შეხვდნენ ამ საუფლო დღესასწაულს. ხოლო კულტურის ახალი ფორმებისა და მასობრივი საინფორმაციო საშუალებების განვითარებამ კიდევ უფრო გააძლიერა ეს უღვთოება და მასობრივი ხასიათი მიანიჭა წინასაშობაო ღრეობას: ავადსახსენებელი "ცისფერი ეკრანი", "ბედის ირონია" და გენმდივნებისა თუ გენპატრიარქების საახალწლო მიმართვები ხალხისადმი სწორედ იქიდან იღებენ სათავეს!
გარდა ამ ყველაფრისა, მთელი ძალით აქეზებდნენ (და აქეზებენ) მოსახლეობას ახალი კულტის ბაკხური შემადგენელის გასაძლიერებლად - არსებითად, ეს საახალწლო ღამე გადაიქცა ზოგადეროვნულ ღრეობად, მთვრალ ორგიად... ბუნებრივია, რომ მის შემდეგ შობა უკვე აღარავის აინტერესებს. რისი დამკვიდრებაც სჭირდებოდათ.
ეს ყველაფერი გრძელდება მრავალი ათწლეულია, და, ვაი რომ, თავისი უარყოფითი ნაყოფი გამოიღო. ერთ-ერთი ასეთი ნაყოფთაგანი გახლავთ ის, რომ უკვე სრულიად შეუძლებელი გახდა ახალი წლის ზეიმობაზე უარის თქმა. ხოლო თქმა იმისა, რომ დღეს ამგვარი ზეიმობა ქრისტეს უარყოფაა, - ნიშნავს გამოიწვიო უკმაყოფილებისა და აღშფოთების ქარიშხალი, მათ შორის მორწმუნეთა შორისაც, რომლებიც თავს ეკლესიის სივრცეში მოიაზრებენ და თვით მღვდელმსახურთა შორისაც კი....
იქნებ ღირდეს გავერკვეთ - მართლაც არის თუ არა ეს ქრისტეს უარყოფა? და თუ არის, რატომ?
ამ თემის გააზრებაში საკმაოდ ორგანულად გვეხმარება ლუკას სახარება: "ხოლო იესომ მიუგო მას: ერთმა კაცმა დიდი წვეულება გამართა და მრავალნი მიიპატიჟა. როცა პურობის დრომ მოაწია, თავისი მონა გაგზავნა წვეულთა დასაძახებლად: მობრძანდით, ყველაფერი უკვე მზად მაქვსო. მაგრამ ყველამ ერთხმად დაიწყო მობოდიშება. ერთმა თქვა: ყანა ვიყიდე; უეჭველად უნდა მივიდე და დავხედო, გთხოვ, მაპატიო. მეორემ თქვა: ხუთი უღელი ხარი ვიყიდე და მათ გამოსაცდელად მივდივარ: გთხოვ, მაპატიო. მესამემ თქვა: ცოლი შევირთე და ამიტომ ვერ გეახლები. დაბრუნდა მონა და ყველაფერი მოახსენა პატრონს. მაშინ განრისხდა სახლის პატრონი და უთხრა თავის მონას: დაიარე სასწრაფოდ ქალაქის მოედნები და ქუჩები და მომგვარე გლახაკნი, საპყარნი, კოჭლნი და ბრმანი. მონამ უთხრა: ბატონო, შევასრულე შენი ბრძანება, მაგრამ მაინც გვრჩება ადგილი. მაშინ უთხრა ბატონმა მონას: გადი გზებსა და შუკებში და ძალით მორეკე წვეულნი, რათა აივსოს ჩემი სახლი. რადგანაც გეუბნებით: ვერცერთი იმ წვეულთაგანი ვერ იგემებს ჩემს სადილს" (ლუკა 14:16-24). ძველ ქართულში (ასევე საეკლესიო სლავურში) მიწვეულთა უარყოფა საკმაოდ დამახასიათებლად ჟღერს: "განმიტევე, ჯმნულმცა ვარ შენგან"(სლავურად: "Молю тя, имей мя отречена"!).
ყველა მიწვეულმა უარყო საზეიმო წვეულება! რა იგულისხმება ამგვარი წვეულების სიმბოლიკაში? დიახ, ეს სწორედ ის დიადი დღესასწაულია, - მოცემულ შემთხვევაში ქრისტეს შობა, - რომლისკენაც უფალი მოგვიწოდებს (რადგან ეს სახარება წინასაშობაო პერიოდშიც იკითხება)! მაგრამ წვეულებაზე რომ მოხვიდე, სადღესასწაულო სუფრას რომ მიუჯდე, საქორწილო სამოსით შემოსვაც გვმართებს! რადგან ამ სახარების პარალელური ადგილიდან (მათე 22:2-14) ვუწყით: კაცი, რომელიც საქორწინოდ შეუმოსავი შევიდა წვეულებაზე გაგდებულ იქნა და დაისაჯა თავისი საქციელისთვის... რა იგულისხმება "სამოსში"? ეს არის ჩვენი მზადება დღესასწაულისთვის: მზადება მარხვით, ლოცვით, საეკლესიო საიდუმლოებებში მონაწილეობით, კეთილი საქმეებით და, საერთოდ, სულისა და ხორცის განწმენდით. თუკი ასე არ მოვემზადებით, ვერ შევძლებთ საქორწილო წვეულებაზე შესვლას!...
და აჰა, ჩვენც უარს ვამბობთ მოწვევაზე და ვპასუხობთ უფალს: "განმიტევე, ჯმნულმცა ვარ შენგან"... სხვა უფრო "მნიშნვნელოვანი" საქმეები გამოგვიჩნდა, ვასახელებთ სხვადასხვა მიზეზს: ვიღაცას საკუთარი მონაგარით დატკბობა სურს, ვიღაცას თავისი საქონელი აინტერესებს (ანუ წუთისოფლისეული საზრუნავი და სამსახური), ვიღაც ამბობს: "ცოლი შევირთე", და მხედველობაშია პირადი ცხოვრება, ოჯახური ურთიერთობები, ან მეტიც - საკუთარი ვნება და მიდრეკილებები უფრო ამოძრავებს. ვიღაც ახალ წელს იმიზეზებს! სამწუხაროდ, ადამიანთა უმრავლესობისთვის ეს სეკულარული მოქმედებები შობაზე მნიშვნელოვანი გახდა, და ამიტომაც ისინი დაუფიქრებლად უარს ამბობენ ქრისტეს მიპატიჟებაზე და მას პასუხობენ: "განმიტევე, ჯმნულმცა ვარ შენგან".
ძველ დროში, ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში, მაცხოვრისგან განდგომილები სხვადასხვაგვარად ვარდებოდნენ ამ ცოდვაში. ვიღაც თავისი უძლურებით უარყოფდა ქრისტეს სასტიკი ტანჯვა-წამების გამო; ვიღაც ფორმალურად უარყოფდა, მოტყუებით რომ აერიდებინა თავი წამებისთვის და თავს იმით იმართლებდა, თითქოსდა მთავარია სულში გწამდეს, ხოლო გარეგნული აღიარება ან უარყოფა ფორმალობაა, და აქედან გამომდინარე, უკმევდნენ კერპებს, შემდეგ კი კვლავ ეკლესიაში ბრუნდებოდნენ, ინანიებდნენ ცოდვას და თავს ისევ ქრისტიანს უწოდებდნენ. ვიღაც ადვილად და დაუფიქრებლად უარყოფდა ქრისტეს, ცვლიდა თავის რწმენას... აი, დღესაც მრავალი მორწმუნე კვლავ და კვლავ დაფიქრებულია: როგორ იყოს ახალ წელთან - იზეიმოს თუ არ იზეიმოს? თუ იზემებს, მაშინ - როგორ?
ვიღაც ირჩევს ამ დღესასწაულის მიღების გზას, მაგრამ გარეგნული, ფორმალური ქრისტიანული ქცევის შენარჩუნებით - მაგალითად, საახალწლო სუფრაზე სამარხვოს ჭამს და მოკრძალებულად მიირთმევს. ეს კარგია, არაფერს მაინც ჯობს! და ასეთი ქცევა შეიძლება ქრისტიანული სარწმუნოების აღსარებაც იყოს გარშემომყოფთა წინაშე - ის თუნდაც შეახსენებს ყველას, რომ ახლა ჯერაც შობის მარხვაა... ვიღაც საერთოდ უგულებელყოფს ამ დღესასწაულს - ისე ცხოვრობს, თითქოსდა საერთოდ არანაირი ახალი წელი არ მოდიოდეს! - წვება, დგება, როგორც ყოველდღიურად... ასეთი ქცევაც, უდავოდ, სრულიად შეეფერება ცხოვრების ქრისტიანულ წესს!
მაგრამ ამ ბოლო წლებში გაჩნდა ახალი და ძალიან კეთილი წამოწყება: როგორც ყოველთვის, ყველა დროს ძლიერდებოდა მტრის თავდასხმა რწმენაზე, როდესაც ჩაღდებოდა დევნულებები, ქრისტიანები მხნედ აღემართებოდნენ და თამამად აღიარებდნენ თავიანთ რწმენას, მოწოდებას, რომლისკენაც მოწოდებულნი იყვნენ. დღესაც დევნულებაა! დევნულებაა, რომლის შესახებაც ბრძანებს მოციქული პავლე, როდესაც შენიშნავს, რომ "ვისაც სურს ღვთისმოსაობით ცხოვრობდეს ქრისტე იესოში, ჩემსავით დევნილი იქნება" (2 ტიმ. 3:12). ამიტომ, დღესაც უნდა დავდგეთ და "ერთითა პირითა და ერთითა გულითა" ღიად ვაღიაროთ მართლმადიდებლური რწმენა იესუ ქრისტეს მიმართ!
მაგრამ, რას შეუძლია ლოცვაზე და ღვთისმსახურებაზე უმეტესად ჩვენი გაერთიანება?! ასე რომ ჭეშმარიტად კეთილ წამოწყებად გვიჩნს ამ ბოლო დროს ახალი წლის ღამეს საღმრთო მსახურების ჩატარება. როდესაც საშიშროება ახლოვდება, როდესაც ძლიერდება შეტევა სარწმუნოებაზე, ეკლესია ყოველთვის იწყებს განსაკუთრებულ ლოცვას. ეკლესია ყოველთვის ლოცულობს მორწმუნეთა ნებისმიერ საჭიროებაზე: როდესაც ადამიანები მადლობენ ღმერთს - ატარებენ სამადლობელ პარაკლისს, როდესაც ავადდებიან - იწყება კეთილი საქმე - ადამიანები მოუწოდებენ ღმერთს ავადმყოფთა შესაწევნად, ხოლო როდესაც მოგზაურობენ - მოგზაურთა შესაწევნად.
და აი, ამ პროფანული ახალი წლის ღამესაც, როდესაც ირგვლივ ყველა თითქოსდა გაგიჟდაო, ეკლესიამ განსაკუთრებულად უნდა ილოცოს. ამიტომაც, მოდი, კვლავ შევასრულოთ ეს მსახურება! ჩავატაროთ წმ. ბონიფანტეს (ხს. ძვ. სტ. 19 დეკ. // ახ. სტ. 1 იანვარს) პარაკლისი, ზუსტად შუაღამეს, როდესაც მთელი მსოფლიო უგუნურ ბაკხანალიაში იხევა, ჩვენ, ღმერთმა ინებოს ვთქვათ: "ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შეგვიწყალენ ჩვენ"! ამინ.
წყარო: https://www.facebook.com/Statoprawoslawie/posts/1316333118567052