სწავლანი > ანტიერეტიკონი
არის თუ არა ბიბლიაში წინასწარმეტყველება მუჰამედზე?
მუსლიმები ამტკიცებენ, რომ ბიბლიაში არის წინასწარმეტყველება მუჰამედზე. არის თუ არა ეს სიმართლე?
კითხვა: გამარჯობა! მუსლიმები ამტკიცებენ, რომ ბიბლია წინასწარმეტყველებს მუსლიმთა წინასწარმეტყველ მუჰამედზე: "შენ რომ ხარ, ისეთ წინასწარმეტყველს დავუდგენ მოძმეთა წრიდან, ბაგეზე დავუდებ ჩემს სიტყვებს და ის გამოგიცხადებს ყველაფერს, რასაც მე ვუბრძანებ" (მეორე რჯლ. 18:18). არის თუ არა ეს სიმართლე? და სინამდვილეში რომელ წინასწარმეტყველს გულისხმობს მოსე?
მღვდელმსახურის პასუხი: წინასწარმეტყველ მოსეს ამ ტექსტში ნაწინასწარმეტყველევია სამყაროში ჩვენი უფლის იესუ ქრისტეს მოსვლის შესახებ. თვით ქრისტე ამ წინასწარმეტყველებას საკუთარ თავს განაკუთვნებს: "ვინაიდან მოსე რომ გწამდეთ, მეც მიწამებდით, რადგანაც მან ჩემთვის დაწერა" (იოანე 5:46). იესუს მოწაფეები - მოციქულები, ამ წინასწარმეტყველებას ასევე თავიანთ მოძღვარს განაკუთვნებდნენ. მაგალითად, მოციქულმა პეტრემ, რომელმაც სულთმოფენობაზე, იერუსალიმის ტაძარში პარალიზებული ადამიანი განკურნა, იუდეველებს განუმარტა: "რადგანაც მოსემ თქვა: „უფალი ღმერთი ჩემნაირ წინასწარმეტყველს ადგიღგენთ თქვენი ძმებიდან; ყურად იღეთ ყველაფერი, რასაც ის გეტყვით. და იქნება ასე: ყოველი სული, რომელიც არ მოუსმენს იმ წინასწარმეტყველს, ამოიძირკვება ხალხიდან“. ყველა წინასწარმეტყველი, სამუელიდან მოყოლებული, ასევე გვაუწყებდა ამ დღეებს. თქვენა ხართ ძენი წინასწარმეტყველთა და აღთქმისა, ღმერთმა რომ აღუთქვა თქვენს მამებს, როდესაც უთხრა აბრაამს: „შენი თესლით იკურთხება დედამიწის ყოველი ტომი“. თავისი მსახური რომ აღადგინა, ღმერთმა პირველად თქვენ მოგივლინათ იგი, რათა ეკურთხებინეთ და ბოროტებისაგან განერიდებინა თვითეული თქვენგანი" (საქმე 3:22-26).
მუსლიმები, იცავენ რა თავიანთ პოზიციას მეორე სჯულთა წიგნიდან, ცდილობენ მოსესა და მუჰამედს შორისაც იპოვონ წმიდად გარეგნული მსგავსება. ისინი ამბობენ: "ერთიც და მეორეც დაოჯახებული იყო, ხოლო იესუს ცოლი არ ჰყავდა. ერთიც და მეორეც, სამხედრო მოქმედებების შედეგად, პოლიტიკური ლიდერები და მათ მიერ დაფუძნებული სახელმწფიოების მეთაურები გახდნენ, ხოლო იესუ არც პოლიტიკოსი იყო და არც რომელიმე მიწიერი მთავრობის ხელმძღვანელი. მაშასადამე, სწორედ მუჰამედი, და არა იესუ იყო ნაწინასწარმეტყველევი მოსეს მიერ". მაგრამ ეს ანალოგიები სრულიად არაკორექტულია ერთი უბრალო მიზეზის გამო: მეორე სჯულთა წიგნის 18:8 მუხლში ლაპარაკია წინასწარმეტყველურ მსახურებაზე, მაშასადამე მას შედარების სრულიად სხვა კრიტერიუმები უნდა მივუყენოთ. აი ისინიც:
1. მოსეს ჰქონდა წინასწარმეტყველების ნიჭი, და იესუც ფლობდა ამ ნიჭს, რადგან მან იერუსალიმის დაცემა, სახარების მსოფლიო ქადაგება და მრავალი სხვა რამ იწინასწარმეტყველა. მუჰამედს კი არც ერთი აღსრულებული წინასწარმეტყველება არ წარმოუთქვამს. პირიქით, ის ცრუდ წინასწარმეტყველებდა. ავიღოთ მხოლოდ ერთი მაგალითი: "ერთხელ, თავისი სიცოცხლის დასასრულს, წინასწარმეტყველმა ჩვენთან ერთად ილოცა, ადგა და თქვა: "გესმით თუ არა ეს რა ღამეა? ჭეშმარიტად, ამ ღამიდან ასი წლის შემდეგ დედამიწაზე ძეხორციელი არ დარჩება" (Бухари, 116). ამ სტროფების წამკითხველ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია წარმოდგენილი ცრუწინასწარმეტყველების მხილება, რადგან არა თუ ასი, არამედ ათას ხუთასი წლის შემდეგაც კი დედამიწა სავსეა სიცოცხლით და გამრავლებული კაცობრიობით.
2. მოსე აღასრულებდა გასაოცარ სასწაულებს, რითაც საკუთარი საწინასწარმეტყველო მსახურების დასტურს იძლეოდა. იესუც აღასრულებდა საკვირველ სასწაულთ, მათგან 35 სახარებაში შევიდა. მუჰამედს კი არც ერთი სასწაული არ აღუსრულებია მთვარის გაყოფის გარდა, თანაც, ეს "სასწაული", მხოლოდ "შინაურებმა" იხილეს... მაშინ როდესაც მოსეს მიერ აღსრულებულ სასწაულებს ერთდროულად ხედავდა ნახევარმილიონი ებრაელი, იესუს სასწაულებზე მოწმობდნენ მისი მტრებისც კი (მათ შესახებ, მაგალითად, ლაპარაკია თალმუდში).
აი, ერთი მაგალითი იბნ ხიშამის "სირატიდან", როდესაც ქურეიშებმა მას სთხოვეს რაიმე სასწაულით მაინც დაედასტურებინა საკუთარი წინასწარმეტყველური პრეტენზიები: "მათ უთხრეს: ევედრე შენს უფალს, რათა გამოგიგზავნოს ანგელოზი, რომელიც დაადასტურებს შენს სიტყვებს და დაგიცავს... მაშინ დავრწმუნდებით შენს უმაღლეს პატივში შენი უფლის წინაშე". მუჰამედმა კი მათ მიუგო: "მე ამას არ გავაკეთებ... უფალს ამისთვის არ გამოვუგზავნივარ. ალაჰმა მე დესპანად და მაუწყებლად გამომგზავნა".
მაშინ, ქურეიშებმა უთხრეს: "ო, მუჰამედ! განა არ იცოდა შენმა უფალმა, რომ დავჯდებოდით შენთან ერთად და გკითხავდით იმას, რასაც ახლა გეკითხებით, და მოვითხოვდით იმას, რასაც ახლა მოვითხოვთ? მოსულიყო მაინც შენთან და ეთქვა, რა გეპასუხა ჩვენი კითხვებისთვის, როგორ მოქცეულიყავი ჩვენთან, თუკი არ მივიღებდით იმას, რაც მოგვიტანე?".
და ყურანში ამაზე მკაფიოდ არის ნათქვამი: "ვინც შენი არ ირწმუნა ამბობს: "რატომ არ მიეცა მას სასწაული უფლისგან? მაგრამ, ჭეშმარიტად, შენ მხოლოდ დამრიგებელი ხარ"" (Коран 13: 7). აქედან დასკვნა: თუკი მუჰამედი არ იქმოდა სასწაულებს, მაშასადამე არც ის წინასწარმეტყველი ყოფილა, ვისზეც წინასწარმეტყველებდა მოსე.
3. მოსე, ისევე როგორც იესუ, ღმერთსა და ადამიანს შორის დადებული აღთქმის შუამავალი იყო: მოსეს მეშვეობით უფალმა დადო ძველი აღთქმა, ხოლო იესუს მიერ - ახალი. მუჰამედი კი ამგვარი შუამავალი არ ყოფილა. თვით "აღთქმის" ცნებაც კი უცხოა ისლამისთვის.
4. დასასრულ, მოსეს უნიკალურობა წინასწარმეტყველთა შორის, მდგომარეობს იმაში, რომ ის ღმერთს პირისპირ ელაპარაკებოდა: "აღარ გამოჩენილა ისრაელში, წინასწარმეტყველი, მსგავსი მოსესი, რომელსაც პირისპირ იცნობდა უფალი" (მეორე რჯლ. 34:10). იესუმაც, რომელზეც ის წინასწარმეტყველებდა, იცოდა თავისი მამა ისე, როგორც არავინ კაცთაგან, და ელაპარაკებოდა მას პირისპირ: "ყველაფერი მამისაგან მომეცა მე და არავინ იცის ძე, გარდა მამისა; და არც მამა იცის ვინმემ, გარდა ძისა და იმისა, ვისთვისაც ძე ინებებს მის გამოცხადებას" (მათე 11:27). მუჰამედს კი არასოდეს უხილავს ალაჰი, და არც პირისპირ უსაუბრია მასთან. ყურანიც პირდაპირ ღმრთისგან კი არ მიიღო, არამედ შუამავლისგან, - მთავარანგელოზ ჯებრაილისგან.
4. იესუ ქრისტეს შემდეგ, ღმერთი უკვე აღარავის უგზავნის ახალ სჯულმდებელ წინასწარმეტყველთ, როგორც ამის შესახებ არის ნათქვამი ღვთის სიტყვაში: "რადგან ყველა წინასწარმეტყველი, და თვით რჯული იოანემდე წინასწარმეტყველებდნენ" (მათე 11:13), ამიტომაც ვერავითარი ახალი სჯულმდებელი წინასწარმეტყველი იესუს შემდეგ ვეღარ მოვა. სამაგიეროდ მაცხოვარმა მრავალი ცრუწინასწარმეტყველის გამოჩენა გვიწინასწარმეტყველა: "მრავალი ცრუწინასწარმეტყველი აღდგება და აცდუნებს მრავალს" (მათე 24:11).
5. გარდა ამისა, მუსლიმ ღვთისმეტყველთა მცდელობები ბიბლიურ ტექსტებში გამოჩხრიკონ "წინასწარმეტყველებები" მუჰამედის შესახებ - არაკორექტულია, რადგან მუსლიმები ბიბლიას იუდეველთა და ქრისტიანთა მიერ "დამახინჯებულ და გაფუჭებულ" წიგნად მიიჩნევენ. მაშ, თუკი ასეა, როგორ არის შესაძლებელი დაიჯერონ, რომ მეორეს სჯულთას ტექსტი (18:18) სწორად გადმოსცემს "წინასწარმეტყველებას" ისლამის დამფუძნებლის შესახებ?
წყარო: pravoslavie.kg