სწავლანი > ანტიერეტიკონი
ფილოსოფოს ფედონის კრებითი უარყოფა,
რომელიც იცავდა არიოზს და მის მგმობარებასპირველი მსოფლიო კრების საქმეებიდან (წყარო იხ. ქვემოთ. ბოლოში).
1. ფილოსოფოსის კითხვა, რომელიც მან შესთავაზა წმიდა კრებას.
"წერილში ნათქვამია: თქვა ღმერთმან: ვქმნეთ კაცი ხატებისაებრ ჩვენისა და მსგავსებისაებრ (დაბ. 1:26). თუკი ამ სიტყვებიდან უნდა დავასკვნათ, რომ გონება (ღვთაებრივი) არსებობდა, როგორც ცალკე პირი: მაშინ (ასეთივე დასკვნის მიხედვით) ვინმემ შეიძლება თქვას, რომ ღმერთს აქვს ადამიანური გარეგნობა. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ღვთაება მარტივია და უსახური. რას ნიშნავს ეს სიტყვები? - მითხარით: ნუთუ ღმერთს ადამიანური გარეგნობა გააჩნია?
წმ. მამათა პასუხი ევსტათი ანტიოქიელის მეშვეობით:
არა, ფილოსოფოსო! ეს გამოთქმა აიხსნება ღმერთის შემდგომი სიტყვებით: ეპატრონოს ზღვაში თევზს, ... მთელს დედამიწას და ყველა ქვემძრომს, რაც კი მიწაზე დახოხავს; ანუ ადამიანის ღმრთის ხატებად შექმნა - მის მიერ მთელი დედამიწის ფლობას ნიშნავს. რადგან, როგორც ღმერთი მეუფებს მთელ დედამიწაზე და ყოველივეზე, რაც კი მასზეა, ასევე ადამიანიც დაადგინა მან მეორე მეუფედ მიწისა და ყოველისა, რაც მასზეა. აი როგორ განვმარტავ მე იმას, რომ ადამიანი შეიქმნა ღმრთის ხატად და მსგავსად.
წმ. მამათა სხვა პასუხი იმავე ევსტატი ანტიოქიელის მეშვეობით:
და თქვა ღმერთმა: ვქმნეთ კაცი ხატებისაებრ ჩვენისა და მსგავსებისაებრ. - მაგრამ გამოვიკვლიოთ, ფილოსოფოსო, ვის უთხრა. რადგან იქ, სადაც ნათქვამია: თქვა ღმერთმან, - შემდეგ მიმატებულია: შექმნა ღმერთმა კაცი, თავის ხატად შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი (მ. 27). შედეგად, სიტყვების აზრი: ვქმნეთ - უთითებს პირზე, რომელიც სხვასთან ერთად მონაწილეობს შესაქმეში, და მას ერთნაირ სახელწოდებას ანიჭებს. ამიტომაც, როგორც მამა, რომელმაც თქვა: ვქმნეთ კაცი, არის ღმერთი, ასევე - ღმერთია ისის, ვისაც მან ეს უთხრა: ვქმნეთ; და ერთი და იგივე ღვთაებრივი არსი აქვთ ორივე პირს - მთქმელსაც: ვქმნეთ კაცი ხატებისაებრ ჩვენისა და მსგავსებისაებრ, და იმასაც, ვინც ადამიანი შექმნა. ამრიგად, აზრი სიტყვებისა: ვქმნეთ - გამოხატავს ყოვლადწმიდა და განუყოფელ ღმრთეებას მამისა და ძისა: რადგან ღმრთის ხატება მარტივია და მისთვის უცხოა ყოველგვარი შედგენილობა: მისი ბუნება ცეცხლის მსგავსია.
წმ. მამათა საერთო პასუხი:
წმ. სამების არსი მიუდგომელი ნათელია და მიუწვდომელი ბუნებაა. აი აზრი სიტყვებისა: ვქმნეთ.
2. ფილოსოფოსის შეპასუხება არიოზის დასაცავად:
"დავუშვათ, ღვთაება მარტივია, უსახურია (ὰσχηματιςον) და არაშედგენილია. მაშ, როგორ გავიგოთ სიტყვები: ჩვენს ხატად და მსგავსად? და როგორ იყო შესაძლებელი თქმულიყო: ვქმნეთ კაცი, თუკი მთქმელი იმაზე ადრე არ არსებობდა, ვისაც უთხრა? მოგვეცით ამისი საკმარისი განმარტება, თუ შეგიძლიათ".
ეპისკოპოსების პასუხი ოსია კორდუბელის მეშვეობით:
თუკი, როგორც შენ ამბობ, მამა არსებობდა ძეზე უწინარეს, ხოლო ძე მოგვიანებით გაჩნდა, შექმნილია ღმრთის მიერ გარკვეული დროის შემდეგ, და მის მიერ ძედ გამოცხადდა, - მაშ, თუკი ის შეიქმნა, სხვა ქმნილ არსებათა მსგავსად, ოღონდ ყოველივეზე უწინარეს: მაშინ, თქვენი უკეთური აზრის მიხედვით, შეუქმნელ ღმერთს შექმნილი ძისთვის უნდა ეთქვა: შემიქმენი მე კაცი ჩემს ხატად და მსგავსად. მაგრამ მან თქვა: ვქმნეთ კაცი ჩვენს ხატად და მსგავსად. ამრიგად, თუკი მამა, როგორც ადრე ვაჩვენეთ, ყოველთვის ღმერთია, მაშინ მამასთან ყოველთვის არის ძეც, არა გვიანდელი დროის მიხედვით, არა ნაკლები ძალაუფლებით, არა შეზღუდული ადგილით, არამედ მუდმივად და განუწყვეტლად; ის არსებობს მამასთან მიუწვდომლად და გამოუთქმელად; ის იშვება მამისგან, ის არის ჭეშმარიტი ღმერთი ჭეშმარიტი ღმრთისგან და ყოველთვის არსებული მამისგან, რომელსაც აქვს ხელმწიფება მამასთან ერთად, თანამარადიულია მამისა, მეფობს მამასთან ერთად, ერთარსია მამისა, თანასწორია მისი და თანამონაწილეა მამისა შესაქმეში. თუკი, წერილის მიხედვით, ყველაფერი შეიქმნა ძის მიერ, და უმისოდ არაფერი შექმნილა, რაც კი შეიქმნა (ინ. 1:3). თუკი მან მამასთან ერთად, და არა მისგან განცალკევებით, შექმნა ყველაფერი, თუკი ერთია ღვთაება და ერთია ნება მამისა, ძისა და წმიდისა სულისა, - რადგან მარადის განუყოფელნი არიან მამა ძისგან, ძე კი მამისგან: მაშინ, ფილოსოფოსო, უნდა ვიფიქროთ, რომ მამა და ძე ღვთაებრივი არსით ერთნი არიან, როგორც თვითონვე გვასწავლის სახარებაში: მე და მამა ერთი ვართ (ინ. 10:30), - იგივე ძე, რომელსაც მამამ უთხრა: ვქმნეთ კაცი ხატად და მსგავსად ჩვენდა.
3. ფილოსოფოსის შეპასუხება:
"წინა კითხვებში ჩვენ უკვე ვთქვით, რომ ღმერთს არა აქვს კაცობრივი გარეგნობა; მაშ, რა აზრი უნდა ჰქონდეს ამ გამოთქმას: ხატად და მსგავსად ჩვენდა? - გვიპასუხეთ. ეს ადგილი ჩვენთვის გარკვეულ სირთულეს წარმოადგენს.
კრების პასუხი იმავე ოსია კორდუბელის მეშვეობით:
სიტყვა: ხატებად - გამოყენებულია არა სხეულებრივი შედგენილობისადმი, არამედ სულისადმი მიმართებაში. ისმინე და შეიგნე. ღმერთმა, რომელიც თავისი არსით კეთილია, ადამიანის გონიერ არსებაში ჩადო ის, რაც მის ხატებად და მის მსგავსებად იწოდება, როგორიცაა: სიკეთე, უბრალოება, სიწმიდე, უბიწოება, გულწრფელობა, პატიოსნება, ნეტარება და ა. შ., რათა ის, რაც ღმერთში არსებითადაა, ღვთის მადლით, მის მიერ შექმნილ ადამიანს თავის გონიერ ნაწილში ჰქონოდა. როგორც დახელოვნებული ფერმწერები ტილოებზე არა ერთი და იმავე საღებავით, არამედ სხვადასხვა ფერებით ხატავენ, ასევე ღმერთმა მის მიერ შექმნილ ადამიანს მისი სულის გონიერ ტაძარში, ანუ გონებაში, უბოძა ნიჭი სხვადასხვა სათნოებებით მიეღწია იმისთვის, რათა ღმრთის ხატებისა და მსგავსებისთვის მიეღწია. რმრთის ხატი ადამიანში ნათლად მოიხილვება მითითებულ კეთილ თვისებებში, რომლებიც მასში ღმერთმა ჩადო, როდესაც თქვა: ვქმნეთ კაცი ჩვენს ხატად და მსგავსად.
4. ფილოსოფოსის შეპასუხება:
"კითხვა ძირითადად ეხება იმას, თუ ვის მეშვეობით შექმნა ღმერთმა ადამიანი და ყოველი ხილული თუ უხილავი. მე არასწორად მეჩვენება თქვენი ნათქვამი, თითქოსდა მამა და ძე მარადის ერთი იყვნენ საკუთარ თავში და, რომ თითქოსდა ძე ყოველთვის იყო ღმერთი მამასთან ერთად. მე ვფიქრობ, რომ ის შექმნილია ღმრთის მიერ, როგორც შუამავალი ქმნილებისთვის, რადგან ღმერთს სჭირდებოდა შუამავალი ადამიანისა და სამყაროს შესაქმნელად. ამგვარად ღმერთმა - შემოქმედმა, შეუდგა რა შესაქმეს, თავისთვის წარმოქმნა ინსტრუმენტი, რათა მისი მეშვეობით შეექმნა ყოველივე. როგორც მხატვარი წინდაწინ იმზადებს ხელსაწყოებს თავისი მომავალი ნამუშევრების შესაქმნელად, იგივე შეიძლება ვიფიქროთ ღმერთზეც, რომ მან თავისთვის გამოიყენა ძე, როგორც ხელსაწყო, რათა მის მიერ სამყარო შეექმნა. ხოლო მოციქულის სიტყვები: მის მიერ შეიქმნა (ინ. 1:3) - მხოლოდ მის მიერ შექმნილ საგნებზე უ თითებს, როგორც ინსტრუმენტზე. მსგავსადვე, როდესაც ღმერთმა თქვა: ვქმნეთ კაცი ხატებისაებრ ჩვენისა და მსგავსებისაებრ (დაბ. 1:26), თვითონ თქვა ის, რომ ადამიანი შექმნილია მის ხატად და მსგავსად ინსტრუმენტის, ანუ ძის მიერ".
წმ. მამების პასუხი ლეონტის, კესარია კაპადოკიის ეპისკოპოსისა და ევფსიხის, ტიანელი ეპისკოპოსის მეშვეობით.
შენ თუ ამბობ, რომ ძე შექმნილია მამის მიერ, როგორც რამ იარაღი, ქმნილებათა წარმოსაქმნელად, მაშინ თვითონვე ართმევ ძალას საკუთარ სიტყვებს. რადგან სახარება ამბობს, როგორც თვითონვე ახსენე ამასწინათ: ყოველივე მის მიერ შეიქმნა (ინ. 1:3), და შემდეგ კიდევ ამატებს: და უმისოდ არაფერი შექმნილა, რაც კი შეიქმნა (ინ. 1:3). შედეგად, თუკი ყოველი ქმნილება მის მიერ შეიქმნა, და მის გარეშე არაფერი არსებობს ქმნილებათაგან, ხოლო ძე თვითონაც ქმნილებაა, როგორც შენ ამტკიცებ: გამოდის, რომ საკუთარი თავიც მასვე შეუქმნია, და არა მამას.
5. ფილოსოფოსის შეპასუხება.
"მე ვამბობ, რომ ღმერთმა მის, როგორც რამ იარაღის მიერ, ყოველივე შექმნა, როდესაც ამისთვის თვითონაც შექმნა ყოველ ქმნილებათა უწინარეს".
წმ. მამათა პასუხი იმავე ეპისკოპოსთა ლეონტისა და ევფსიხის მეშვეობით:
გვითხარი, პატივდებულო კაცო, ვინ და სად უწოდებს ღმრთის ძეს და სულიწმიდას საღმრთო ქმედებათა აღმასრულებელ ინსტრუმენტებად? რომელ ღვთითშთაგონებულ მამასთან ამოიკითხე ასეთი მოწმობა, რომ ძე არის იარაღი, როდესაც ის თვითონვე იწოდება ყოველ საუკუნეთა, ყოველ ზეციურ ძალთა და დედამიწაზე არსებულ ქმნილებათა შემოქმედად? ხოლო ძე რომ მამის თანამარადიულია, შემოქმედია და დამფუძნებელია ყოველივესი, ამის შესახებ გვაქვს მოწმობა წმ. წერილიდან. ისმინე, ფილოსოფოსო. დაბადების წიგნში წინასწარმეტყველი მოსე გვასწავლის ვირწმუნოთ, რომ ძე არის შემოქმედი მამა ღმერთთან ერთად. ამას ის გვასწავლის სწორედ იმ ადგილას, რომელიც ადრეც მიგითითეთ: ვქმნეთ კაცი ხატებისაებრ ჩვენისა და მსგავსებისაებრ (დაბ. 1:26). ასეთი სიტყვით მიმართვა ბუნებრივია მხოლოდ შესაქმეში მონაწილე პირისადმი და არა ინსტრუმენტისადმი; რადგან შემდგომი სიტყვები: შექმნა ღმერთმა კაცი, თავის ხატად შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი (დაბ. 1:27), - უთითებს მოქმედ პირზე. სიტყვები: ვქმნეთ კაცი გამორიცხავს აზრს ინსტრუმენტზე. აი სხვა ჭეშმარიტი მოწმობა, კიდევ უფრო ნათელი, ბარუქის წიგნიდან, რომელიც მხოლოდ ძის ერთ პიროვნებას ეხება, და აჩვენებს, რომ ის არის ყოველ ქმნილებათა შემოქმედი: მან, ვინც ქვეყნიერება განამზადა საუკუნოდ და აავსო იგი ოთხფეხა ცხოველებით, ვინც ნათელს გვიგზავნის და მოდის ნათელი; ვარსკვლავები განბრწყინდნენ თავიანთ სახმილავებში და გაიხარეს; მოუხმო მათ და უპასუხეს: აქ ვართო! და სიხარულით გაუნათეს თავიანთ შემოქმედს. ეს არის ღმერთი ჩვენი და სხვა არ შეირაცხება მის წინაშე. მან მოიპოვა ყველა გზა ცოდნისა და მისცა იგი იაკობს, თავის მორჩილს, და ისრაელს, რომელიც შეიყვარა. შემდგომად ამისა გამოჩნდა იგი დედამიწაზე და მიმოიქცეოდა ადამიანთა შორის (ბარ. 3:32-38). და თვით ესაია ეუბნება ისრაელს: განა არ იცი? ნუთუ არ გსმენია? მარადიული ღმერთია უფალი, ქვეყნის კიდეების შემქმნელი (ეს. 40:28). მაშ, ვინ არის ეს მარადიული ღმერთი, ფილოსოფოსო, რომელმაც ქვეყნის კიდეები შექმნა და, რომელიც შემდეგ გამოჩნდა დედამიწაზე და მიმოიქცეოდა ადამიანთა შორის? რომელი იყო ეს შენი აზრით, ძე თუ მამა?
ფილოსოფოსის პასუხი:
"მე სრულიად დარწმუნებული ვარ წმ. წერილიდან, რომ ძე დედამიწაზე გამოჩნდა და მიმოიქცეოდა ადამიანთა შორის. მაგრამ ჩემი შეპასუხება, რომლის წინააღმდეგ სათქმელი არაფერი გაქვთ, თავის ძალაში რჩება, კერძოდ ის, რომ იგი ყოველ ქმნილებაზე უადრეს შექმნა ღმერთმა, იმ მიზნით, რათა მის მიერ შემდეგ ყველაფერი შეექმნა, და მე ამას შემდგომში დავამტკიცებ".
წმ. მამათა პასუხი იმავე ნეტარ ეპისკოპოსთა ლეონტისა და ევფსიხის მეშვეობით:
არა, ფილოსოფოსო; შენ ვერაფრით დაამტკიცებ შენს სიტყვებს. ძე ღმერთი იშვება მამისგან, და იგი ქმნილება როდია: ეს შენ მრავალი მოწმობით უკვე დაგიმტკიცეთ. და სიბრძნითა და ღვთისმოსაობით აღსავსე კაცთაგან, ვინ არ გაიკვირვებს მის ასეთ მძლავრ მოქმედებას, რომელიც მან, როგორც ღმერთმა, ქმნილ არსებებში გამოავლინა, და რომლის შესახებაც წერილი ამბობს: შექმნა ღმერთმა კაცი... დაინახა ღმერთმა ყოველივე, რაც გააჩინა, და აჰა, ძალიან კარგი იყო (დაბ. 1:27, 31)? ხოლო იოანე მახარობელი კიდევ უფრო ნათლად აჩვენებს, რომ ის ყოველთვის არსებობს მამასთან ერთად, თანამარადიულია და თანადაუსაბამოა მისი: დასაბამიდან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა. ის იყო დასაბამიდან ღმერთთან. ყველაფერი მის მიერ შეიქმნა, და უმისოდ არაფერი შექმნილა, რაც კი შეიქმნა (ინ. 1:1-3).
აი, ფილოსოფოსო, უნათლესი მტკიცებულება იმისა, რომ ძე ღმერთი არის მიზეზი ყოველი ქმნილებისა. მაშ, თუკი ის, - როგორც სინამდვილეშია, - ყოველი ქმნილების, ხილულისა და უხილავის, გონებრივად საცნაურის დამფუძნებელია, მაშინ ნათელია, რომ ის - ღმერთია თავისი არსებით, და არა იარაღი, როგორც შენ ამბობ; ის ქმნილება როდია, და მამაზე უნაკლებესი. რადგან მას, ვის შესახებაც მახარობელთან ოთხჯერ ითქვა "იყო", - არაფერი უძღოდა წინ არსებულთაგან.
ხოლო იმაში სრულიად დასარწმუნებლად, რომ სხვას არავის ექვემდებარება, არამედ თავისუფალია, როგორც მამა, - აი კიდევ უნათლესი მოწმობა. ისმინე, რას ამბობს წმ. წინასწარმეტყველი ესაია, როდესაც ის იუდეველებს მიმართავს: რადგან შეგვეძინა შვილი, მოგვეცა ძე და უფლობა იყო მის ბეჭებზე, ეწოდა სახელად საკვირველი მრჩეველი, ღმერთი ძლიერი, მშვიდობის მთავარი, მარადისობის მამა (ეს. 9:5-6). შენიშნე, ფილოსოფოსო, რომ ის მეუფედ იწოდება, და არა მსახურად, როგორც თქვენ ამბობთ.
ერთ-ერთ თავის საკვირველ მოქმედებაში ღმრთის მხოლოდშობილი ძე ყველაზე უცხადესად აჩვენებს, რომ არის უფალი და შემოქმედი ადამიანისა, კერძოდ, დაბადებიდან ბრმადშობილის განკურნებისას, რომელიც მან, ღმრთის ძემ, აღასრულა. მოციქულ პავლეს თქმით, ის არის ბრწყინვალება მამისა, თანამარადიული მისი და უცვალებელად მისი იპოსტასის ხატი (ებრ. 1:3).
აი, ფილოსოფოსო, რამდენი მოწმობაა იმისა, რომლებშიც ძე ღმრთისა წარმოგვიდგება დაუსაბამოდ, ანუ არაშექმნილად, როგორც მამა და, როგორც შემოქმედი ყოველივე ხილული და გონებით საცნაური ქმნილებებისა, რაც არაერთხელ გვითქვამს. მაშ, გვიჩვენე, სად არის მოწმობა იმისა, რომ ის - იარაღია, თუკი, რა თქმა უნდა, ასეთი მოწმობა გაგაჩნია.
6. ფილოსოფოსის შეპასუხება იგავთა წიგნიდან: უფალმა შემქმნა მე თავისი გზის დასაწყისში, თავის ქმნილებებამდე დასაბამით (იგავნი 8:22).
მაშ, თუკი თქვენ ასე მტკიცედ დგახართ საკუთარ აზრზე, მაშინ მითხარით, როგორ უნდა გულისხმავყოთ შემდეგი გამოთქმა: უფალმა შემქმნა მე თავისი გზის დასაწყისში, თავის ქმნილებებამდე დასაბამით (იგავნი 8:22).
ეპისკოპოსთა პასუხი ევსები პამფილოსის, პალესტინის კესარიის ეპისკოპოსის მეშვეობით:
რაც შეეხება გამოთქმას: უფალმა შემქმნა მე, უნდა შევნიშნოთ, რომ ჩვენი მამები ბევრს ამბობდნენ და თანაც სულ სხვაგვარად, ვიდრე შენ გულისხმაყოფ ამას. შენ, რა თქმა უნდა, იცი ის სწავლებაც, რომელშიც ისინი განმარტავდნენ ჩვენი უფლის იესუ ქრისტეს განკაცების საღმრთო აღმშენებლობას. ახლა, უფალ იესუ ქრისტეს შეწევნით, ადრე ნათქვამს საკუთარ მოსაზრებებსაც დავუმატებთ.
თუკი გნებავს, ფილოსოფოსო, ავიღოთ ეს ადგილი მთლიანობაში, ოდნავ ზემოდან. დასაწყისში ნათქვამია: განვუყო ჩემს მოყვარეებს ნაყოფი და საუნჯენი მათნი აღვავსო კეთილით; შემდეგ კი მიმატებულია: უფალმა შემქმნა (ებრ.: შემიძინა - "აპოკ." რედ.) მე დასაბამად მისი გზებისა. მის საქმეთა უწინარეს დასაბამისა დამამტკიცა მე. დასაბამსა უწინარეს ქვეყნიერების შექმნისა, და უწინარეს უფსკრულთა ყოფისა, ვიდრე გამოსლვადმდე წყაროს წყალთა, ვიდრე მთათა დაფუძნებამდე, უწინარეს ყოველთა ბორცუთა მშვა მე (იგავნი 8:22-25).
შემდეგ მწერალი აძლიერებს თავის გამოთქმას: უფალმა შემქმნა, და აგრძელებს: უფალმან შექმნა სოფელი და უბენი (იგავნი 8:26). ახლა კი ჩავწვდეთ, ვინ არის ეს - უფალი, რომელმაც შექმნა იგი (სიბრძნე), რომელმაც შექმნა სოფელი და უბენი. ბარუქის წიგნში, როგორც ზემოთ მივუთითეთ, იმის შესახებ, ვინც შექმნა სოფელი და დაუსახლებელი ადგილები, იერემია წინასწარმეტყველის პირით ნათქვამია: ვერც აგარის შვილებმა, რომელნიც მიწიერ ცოდნას ეძიებდნენ, ვერც მერანისა და თემანის ვაჭრებმა, ვერც მთხრობელებმა და ვერც ცოდნის მძებნელებმა ვერ გაიგნეს სიბრძნის გზა და ვერ გაიხსენეს მისი ბილიკები (ბარ. 3, 23). და ცოტა ქვემოთ: მაგრამ ყოვლის მცოდნემ იცის იგი, თავისი გონებით მოიპოვა მან, ვინც ქვეყნიერება განამზადა საუკუნოდ... (მ. 32).
როდესაც ლაპარაკობს იმის შესახებ, ვინაც გონებრივად მოიპოვა, წინასწარმეტყველი მის საქმეებზეც მიუთითებს: ყოვლის მცოდნემ იცის იგი, თავისი გულისხმისყოფით მოიპოვა, ვინც ქვეყნიერება განამზადა საუკუნოდ და აავსო იგი ოთხფეხა ცხოველებით, ვინც ნათელს გვიგზავნის და მოდის ნათელი; მოუწოდა მას და ისიც დაემორჩილა მას თრთოლვით; ვარსკვლავები განბრწყინდნენ თავიანთ სახმილავებში და გაიხარეს; მოუხმო მათ და უპასუხეს: აქ ვართო! და სიხარულით გაუნათეს თავიანთ შემოქმედს. ეს არის ღმერთი ჩვენი და სხვა არ შეირაცხება მის წინაშე. მან იპოვა ყველა გზა ცოდნისა და მისცა იგი იაკობს, თავის მორჩილს, და ისრაელს, რომელიც შეიყვარა. შემდგომად ამისა გამოჩნდა იგი დედამიწაზე და მიმოიქცეოდა ადამიანთა შორის (ბარ. 3:32-38).
ამრიგად, სოლომონისა და ბარუქის, ანუ იერემიას სიტყვებიდან ჩანს, თუ როგორ არის ერთსა და იმავე პირზე ნათქვამი შემქმნა მე, ანუ სიბრძნემ, და რომ მანვე შექმნა ქვეყნიერება.
ახლა გულისხმავყოთ, პატივდებულო კაცო, ვინ არის ეს - უფალი, რომელმაც შექმნა ქვეყნიერება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის სხვა არავინაა, თუ არა ის, ვინც შექმნა მიწა საუკუნოდ (რადგან მიწის შექმნაში შედის ქვეყნიერების შექმნაც), აავსო იგი ოთხფეხა ცხოველებით, მოუწოდა ნათელს, რომელიც მას ემორჩილება თრთოლვით და ა. შ. მის შესახებ არის ნათქვამი, რომ შემდგომად ამისა გამოჩნდა იგი დედამიწაზე და მიმოიქცეოდა ადამიანთა შორის.
შედეგად, უნდა ვიფიქროთ, რომ ის არის უფალი, რომელმაც შექმნა სიბრძნე, გონებას რომ ეკუთვნის, თავისი გზების დასაბამში, რომლითაც დააჯილდოვა ადამიანი, როდესაც თავის ხატისაებრ შექმნა; გააჩინა ქვეყნიერება, და შექმნა მიწა საუკუნოდ. მაგრამ, მოდი, კვლავ განსახილველ ადგილს დავუბრუნდეთ. ნათქვამია: თუკი გაუწყებთ იმას, რაც ყოველდღიურია, - და არა ხვალინდელი, - არც იმის აღრიცხვა დამავიწყდება, რაც დასაბამითგან იყო (იგავნი. 8:21).
ამრიგად ნათელია, რომ ის, ვინც შექმნა სიბრძნე, გონებას რომ ეკუთვნის, ვინც მოაწყო დედამიწა, ვინც შექმნა ქვეყნიერება - ეს არის ძე ღმრთისა, რომელიც ეუბნება იობს: როდესაც იქმნენ ვარსკვლავნი, მაქებდა მე დიდი ხმით ყოველი ჩემი ანგელოზი (იობი. 38:7). და მოსეც ნათლის შემოქმედზე ამბობს: თქვა ღმერთმა: იყოს ნათელი! (დაბ. 1:3), შემდეგ კი ამატებს: გააჩინა ღმერთმა ორი მთავარი მნათობი, ... და ვარსკვლავები (დაბ. 1:16).
ვფიქრობ, ფილოსოფოსო, საკმარისად არის წარმოჩენილი მტკიცებულებანი იმ ჭეშმარიტებისა, რომ ის, ვინც, სოლომონის თქმით, შექმნა სიბრძნე, გონებას რომ ეკუთვნის, და ყველა ქმნილება, არის ძე ღმრთისა. ის არის შემოქმედი და არა იარაღი შემოქმედებისა. ხოლო უფრო ნათლად რომ წარმოგიჩინოთ ეს საგანი, თვით საქმის არსს მივმართოთ, და მას იმ მხრიდან შევხედოთ, რომელი მხრიდანაც მითითებულია წმიდა წერილში.
მოსემ, თავისი გარდაცვალების წინ, მოუწოდა იესუ ნავეს ძეს, როგორც ას არის აღწერილი მოსეს ატაცების (Ανὰληψις Μωσὲως) წიგნში, და უთხრა მას: ღმერთმა სამყაროს შექმნამდე განჭვრიტა, რომ მე ვიქნებოდი მისი აღთქმის შუამავალი. ხოლო მოსეს საიდუმლო სიტყვათა (βίβλος λόγων μυστικῶν Μωσὲως) წიგნში მოსე თვითონ წინასწარმეტყველებდა დავითსა და სოლომონზე; ამ უკანასკნელზე ამგვარი სახით: გადმოღვრის მასზე ღმერთი სიბრძნესა და სიმართლეს და სრულ ცოდნას. ის ააშენებს ღმრთის სახლს, და ა. შ. ხოლო შენთვის უფრო გასაგები რომ იყოს ეს სიტყვები, საკითხი ასეთი სახით შემოვაბრუნოთ: კაცი არსებობს ქვეყნიერებისთვის, თუ ქვეყნიერება კაცისთვის?
ფილოსოფოსმა მიუგო: "რა თქმა უნდა, ქვეყნიერება კაცისთვის".
ეპისკოპოსებმა იმავე ეპისკოპოს ევსები პამფილოსის მიერ უპასუხეს:
მაშ, თუ ქვეყნიერება არსებობს კაცისთვის, მაშინ ის ღმრთის განზრახვაში ადამიანისა და სიბრძნის შემდეგია, რომელიც გონებას ეკუთვნის. შედეგად ადამიანი უნდა იყოს ქვეყნიერებაზე უადრეს, ამიტომაც მისი ცალკეული ნაწილების უადრესიც, როგორებიცაა: ცა, მიწა, დღე, ღამე, ღრუბლები, ქარები, უფსკრულები, წყაროები, მთები და გორაკები. მაგრამ ქმნილების თანმიმდევრობის მიხედვით მას მოუწია შექმნილიყო მოგვიანებით, ხოლო ის, რაც ღმრთის განზრახვაში ადამიანის შემდგომი იყო, ქმნილებათა რიგში არის უადრესი. ზუსტად ასევეა სიბრძნეც, რომელიც ღმრთის ძემ თავისი აზრით გამოიგონა და მიანიჭა მის ხატად შექმნილ ადამიანს, ღმრთის განზრახვაში ქვეყნიერებისა და მისი ცალკეული ნაწილების გაჩენამდეც არსებობდა.
ამრიგად, სოლომონმაც, მისთვის ღმრთითბოძებული სიბრძნით განათლებულმა, რადგან იცოდა, რომ ადამიანი და სიბრძნე ღმრთის განზრახვაში ქვენიერებისა და მისი ნაწილების შექმნამდე არსებობდნენ, განსაზღვრულად თქვა, რომ ის არსებობს სამყაროს შექმნამდე, რომ უფალმა დამამტკიცა მე დასაბამად გზათა მისთა. მის დასაბამიერ საქმეთა უწინარეს დამამტკიცა მე (იგავნი 8:22). ამიტომაც ამობობსის თითქოსდა კაცობრივი სიბრძნით, რომელიც ქვეყნიერების შექმნამდე იყო უფლის განზრახვაში: უფალმა ... მის დასაბამიერ საქმეთა უწინარეს დამამტკიცა მე (იგავნი 8:22), ანუ ამას ამბობს სიბრძნე, რომელიც ებოძა ადამიანის გონებას, რომელიც ღმრთის ხატად შეიქმნა. აი რას ნიშნავს: უფალმა შემქმნა მე. ეს სოლომონმა თქვა იმის შესახებ, რაც ღმრთის განზრახვაში იყო ქვეყნიერების შექმნამდე; ხოლო გამოთქმა - მშობს მე - გამოიყენა იმის აღსანიშნად, რაც შემდეგ შეიქმნა შობის სახით, უკვე ჩამოყალიბებული ბუნებისგან, ანუ იგულისხმე ბუნება მოძველებული და განახლებული.
ამრიგად სიტყვები: უფალმა დამამტკიცა მე დასაბამად გზათა მისთა. გულისხმობს გონებასა და სიბრძნეს, რომელიც ადამიანებს მიეცა; ხოლო გამოთქმა მშობს მე - განეკუთვნება მის იმ მდგომარეობას, როდესაც მან ყოფიერება მხოლო ღმრთის გონებაში მიიღო, ვიდრე ადამიანს შექმნიდა ღმრთის ხატად, და რომლის გონებაში ღმერთმა ჩადო შექმნილი სიბრძნე და მით აღბეჭდა თავისი წმიდა სიყვარული.
ამას ახსენებდა მაცხოვარიც, როდესაც კაცთა მოდგმის გადასარჩენად აღვლენილ ლოცვაში მამას ეუბნებოდა: რადგანაც შემიყვარე ქვეყნის შექმნამდე (იოანე 17:24). დასასრულ სიტყვები: დასაბამიერ საქმეთა უწინარეს დამამტკიცა მე (იგავნი 8:22) - სილომონმა ჯეროვნად მიაკუთვნა სიბრძნესაც და ადამიანსაც, იაზრა, რომ საუკუნენი წუთისოფელში დღე-ღამისეული თანმიმდევრობით მონაცვლეობენ და, რომ დღემდე და ღამემდე არსებობა - იგივეა, რაც არსებობა საუკუნეთა უწინარეს.
ამრიგად, ის ლაპარაკობს კიდეც სიბრძნის სახელით: უფალმა დამამტკიცა მე დასაბამად გზათა მისთა. მის დასაბამიერ საქმეთა უწინარეს დამამტკიცა მე (იგავნი 8:22). შემდეგ სიბრძნის სახელით, რომელიც სამყაროსა და ადამიანის შექმნამდე არსებობდა, სოლომონი ჩამოთვლის სამყაროში აღსრულებულ ღმრთის საქმეებს:
მე გავჩნდი, ვიდრე მთები დამყარდებოდნენ, ბორცვებზე უწინარეს; როცა ჯერ არც ქვეყანა იყო შექმნილი, არც მინდორ-ველები და არც სამყაროს პირველი მტვერი; როდესაც იგი ზეცას განამზადებდა, იქ ვიყავი, როდესაც უფსკრულის პირზე წრეს ავლებდა, როდესაც მაღლა ცებს ამაგრებდა, უფსკრულის წყაროებს აძლიერებდა, როდესაც ზღვას წესს უდგენდა, რომ წყალი ნაპირებიდან არ გადმოსულიყო, როდესაც ქვეყანას საფუძველს უყრიდა (იგავნი 8:25-29). აი, რას ამბობს სიბრძნე.
ეს კი უეჭველად აჩვენებს, რომ ღმრთის განზრახვაში ის არსებობდა სამყაროზე უწინარეს, რის გამოც მიიღო ქვეყნიერებამ არსებობა; შედეგად ის (სიბრძნე) არსებობდა ქვეყნიერების ნაწილებზე უადრეს. ასე რომ ის, ვინც უფრო ადრე არსებობდა, კავირდებოდა რა ბუნების საქმეთ, ჩამოთვლის მათი სიბრძნის მეშვეობით, რომელიც თავისი გონებით მოიპოვა და რომლითაც ადამიანი დააჯილდოვა.
ვინ შექმნა და უბოძა ადამიანს ეს სიბრძნე, რომელიც ჩამოთვლის ღმრთის საქმეებს? რა თქმა უნდა, არა სხვა ვინმე, თუ არა ის, ვინც შექმნა დედამიწა მარადისობაში, შემდეგ აავსო ის ორფეხა და ოთხფეხა საქონლით, ვინც აგზავნის ნათელს და მოდის, ვინც მოუწოდა მათ და ემორჩილებიან მას ძრწოლით, ვინც დედამიწაზე გამოჩნდა და კაცთა შორის იქცეოდა: აი ვინ არიან სიბრძნის მემკვიდრენი.
ამრიგად, გამოთქმა უფალმა შემქმნა მე - განეკუთვნება არა ღმრთის ძეს, არამედ გონიერ სიბრძნეს, რომელიც უფალმა შექმნა და მისცა ადამიანს, რომლისთვისაც შეიქმნა სამყაროც. ამრიგად, ყველაფერი სრულიად ნათლად აჩვენებს, რომ ეს ითქვა სიბრძნის შესახებ, რომელიც გონიერებას ახასიათებს და აქ (მხოლოდ) განასახიერებს.
7. ფილოსოფოსის სხვა შეპასუხება.
"მაგრამ სოლომონის სიბრძნის წიგნი მოწმობს, რომ სწორედ ღმრთის ძე, ანუ ღმრთის სიბრძნე ამბობს: უფალმა შემქმნა მე და სხვა".
ეპისკოპოსთა პასუხი ფილოსოფოსს ეპისკოპოს ევსები პამფილოსის მეშვეობით:
მითხარი, ფილოსოფოსო: - სიბრძნე, რომელიც, შენი თქმით, სოლომონშია, ღმრთის სიბრძნეა?
ფილოსოფოსი: დიახ,ზუსტად ასეა.
ეპისკოპოსი: კიდევ მითხარი: - აქვს თუ არა წინათმცოდნეობა ღმრთის სიბრძნეს?
ფილოსოფოსი: უეჭველად აქვს.
ეპისკოპოსი: სიბრძნე, რომელიც სოლომონშია, შენი აზრით, ღმრთის ძეა?
ფილოსოფოსი: უეჭველად.
ეპისკოპოსი: როგორ განსჯის მსაჯული, - წინათმცნობელობით თუ არა?
ფილოსოფოსი: რა თქმა უნდა; სხვანაირად როგორ უნდა განსაჯო?
ეპისკოპოსი: მაშასადამე, მსაჯული წინათმცნობელობით განსჯის და მისთვის ცნობილი საქმეებითაც?
ფილოსოფოსი: რა თქმა უნდა; ეს მე უკვე ვთქვი.
ეპისკოპოსი: მაშ, როგორ ამბობს სოლომონის სიბრძნე: სამი რამ მაოცებს და ოთხი რამ არის, რომ ვერ გამიგია (იგავ. 30:18)? ე. ი. სოლომონის სიბრძნე სამ რამეზე ამბობს, რომ მათი გულისხმისყოფა არ ძალუძს და აოცებს, ხოლო მეოთხეზე, კერძოდ, კაცის გზებზე მის სიჭაბუკეში (იგავ. 30:19), პირდაპირ ამბობს, რომ ვერ გაუგია. თუკი სოლომონის სიბრძნე ღმრთის სიბრძნეა, მაშ როგორ განიკითხავს ქვეყნიერებას, როდესაც არ იცის კაცის გზები მის სიჭაბუკეში? - მართლაც, როგორც დავუჯეროთ იმას, რომ ადამიანის ღმრთის ხატად შემქმნელმა, ანუ ღმრთის ძემ (როგორც მოწმობს წინასწარმეტყველი მოსე, და როგორც ბრძანებს მის შესახებ იოანე მახარობელი: ყველაფერი მის მიერ იქმნა), არ იცის კაცის გზები მის სიჭაბუკეში?
წინასწარმეტყველი ამბობს მასზე: რომელმან დაჰბადნა მხოლოდ გულნი მათნი, რომელმან გულისჴმა-ყუნის ყოველნი საქმენი მათნი (ფსლამ. 32:15); რომელი განიკითხავ გულსა და თირკმელთა (ფსალმ. 7:10); შემდეგ: შენ სცან დაჯდომა ჩემი და აღდგომა ჩემი, შენ გულისჴმა-ჰყვენ ზრახვანი ჩემნი შორით; ალაგნი ჩემნი და ნაწილნი ჩემნი შენ გამოიკულიენ (ფსალმ. 138:2-3); და სხვა ადგილას: რომელი სწავლის თესლებსა, არა ნუ ამხილოსა, რომელმან ასწავის კაცთა მეცნიერებაჲ? უფალმან უწყნის ზრახვანი კაცთანი, რამეთუ არიან ამაო (ფსალმ. 93:10-11).
მაშ, ნუთუ ყოველივე ამის მცოდნემ არ იცის კაცის გზები მის სიჭაბუკეში? კიდევ მრავლად მოიპოვება წერილში ადგილები, რომლებიც ამხელენ მათ უგუნურებას, რომელთაც ასე ცუდად ესმით ეს გამონათქვამი. მართლად, როგორ შეიძლება კაცის გზები მის სიჭაბუკეში არ იცოდეს იმან, ვინც თვითონ ასწავლის ადამიანს გონიერებას? მაშ, უწყოდე, ფილოსოფოსო, რომ სოლომონმა მიიღო მხოლოდ ის განმსჯელი სიბრძნე, რომელიც აირჩია ღმრთის ძემ თავისი აზრით და განამზადა კაცისთვის, რომელიც თავის ხატებად შექმნა, კერძოდ სიბრძნე გონებისა. ნათქვამის დასტურად გამოდგება უფლის სიტყვები სახარებიდან: "... აჰა, აქ სოლომონზე უმეტესია" (მთ. 12:42), რომელიც გადაჭრით უარყოფს მის აღქმას სოლომონის სიბრძნედ. რადგან თუკი ის (ქრისტე), მიღებული გამოთქმით, ასევე სიბრძნედ იწოდება (რადგან ღმრთის ძე არის ღმრთის სიბრძნე), ამასთანავე ის (ქრისტე) არის წინათმცოდნე ღმერთი, რომელიც სჯის თავისი წინათმცნობელობის ძალით და იმ საქმეთა საფუძველზე, როგორც ებრაელთა მიმართ ეპისტოლეში მის შესახებ ამბობს რჩეული ჭურჭელი - პავლე: ღვთის სიტყვა არის ცოცხალი, მოქმედი და ყოველგვარ ორლესულ მახვილზე უფრო ბასრი, და აღწევს სამშვინველისა და სულის, სახსართა და ტვინთა გაყოფის ადგილამდე, და განიკითხავს გულის აზრებსა და ყოველგვარ ზრახვებს. არცერთი ქმნილება არ არის დაფარული მისი ხედვისგან, არამედ ყოველივე გაშიშვლებული და ღიაა მის თვალთა წინაშე, ვისაც ვაბარებთ ანგარიშს (ებრ. 4:12-15). და რომაელთა მიმართ ეპისტოლეშიც: მათნივე არიან მამანი და ხორციელად მათგანაა ქრისტე, ღმერთი, ყველაზე ამაღლებული და უკუნისამდე კურთხეული (რომ. 9:15). ეს კი აჩვენებს, რომ ღმრთისა და მამის სიბრძნე არის ჭეშმარიტად ღმერთი ღმრთისაგან, მარადიული მარადიულისგან, ჭეშმარიტი ჭეშმარიტისგან; რადგან ის არსებითად ყოველთვის არის ძე მარადიული ღმრთისა და მამისა.
8. ფილოსოფოსის შეპასუხება.
მაშ, რას ნიშნავს შენ მიერ დამოწმებული სიტყვები: არც მეზღაპრეებმა და ცოდნის მძებნელებმა არ ცნეს სიბრძნის გზა და არც მოიხსენეს მისი ბილიკები? (ბარ. 3:23) და ა. შ.
ეპისკოპოსთა პასუხი იმავე ევსები პამფილოსის მეშვეობით:
მოცემულ ადგილას ლაპარაკია არა გონების სიბრძნეზე, როგორც შენ გესმოდა, არამედ იმ მიუწვდომელ სიბრძნეზე, რომელმაც შექმნა იგი და მთელი ქმნილებაც, არაქმნილ და დაუსაბამო სიბრძნეზე, ანუ ქრისტეზე; რადგან ქრისტე არის ღმრთის ძალა და ღმრთის სიბრძნე (1 კორ. 1:24), თავისი გამოუთქმელი ღვთაებრიობით, ღმერთი-სიტყვა ღმრთისაგან ჭეშმარიტისა, რადგან დავითი ამბობს: სიტყჳთა უფლისაჲთა ცანი დაემტკიცნეს და სულითა პირისა მისისათა - ყოველი ძალი მათი (ფსალმ. 32:6). შენ აქ გესმის ღმრთის სიტყვის შესახებ, გესმის მისი პირის სულზეც; მაშ მოისმინე ჭეშმარიტი რწმენის გადმოცემაც, როგორი ღვთივმოშიშებით გაიგება და იქადაგება ის ღვთისმოსავ კაცთა მიერ; ვფიქრობ, შენ უარს არ იტყვი იმაზე, რაც ამგვარ წმიდა ეპისკოპოსთა კრებამ მიიღო.
მაშ ღვთისმოშიშებით ისმინე და ნუ ეცდები ადამიანური განსჯით გამოიკვლიო ის, რაც გამოუთქმელია. რაც სრულყოფილია ის არც იკლებს და არც იმატებს. ერთია არაშობილი ღმერთი და მამა, და ერთია მისგან შობილი ძე, სიტყვა-ღმერთი. როგორც არ არსებობს სხვა არაშობილი ღმერთი, გარდა მამა ღმერთისა, ასევე არ არსებობს სხვა ვინმე შობილი (მამა ღმერთისგან) ძემდე ან მის შემდეგ. როგორც მამა არის მამა არა მხოლოდ სახელით; ასევე ძე არა მხოლოდ სახელითაა, ძე არამედ თვით საქმით: ჭეშმარიტია მამა, ჭეშმარიტია ძე; ღმერთია მამა, ღმერთია მისგან შობილი ძეც; სრულყოფილია მამა, სრულყოფილია მისი ძეც; უხორცო და უსხეულოა მამა, უხორცო და უსხეულოა ძეც; რადგან ის არის უხორცოს ანასახი და ამიტომაც სრულიად უხორცოს ხატი. გწამს თუ არა ფილოსოფოსო იმისა, რომ მხოლოდშობილი ძე ღმრთისა იშვა მამის არსისგან, როგორც ამას გიმტკიცებდით ჩვენი განსჯის დასაწყისში საკმაოდ მრავალი და ნათელი მოწმობებით, თუ არა?
ფილოსოფოსის კითხვა:
მითხარი, რანაირად?
წმიდა მამათა პასუხი ევსები პამფილოსის მეშვეობით:
ნუ იკითხავ, ფილოსოფოსო, როგორ და რანაირად; რადგან, სხვაგვარად, როგორც უკვე ვთქვით ჩვენი განსჯის დასაწყისში, უფსკრულის პირას დადგები და გადავარდნის საშიშროებაში მოექცევი, რადგან მიუწვდომელის გამოკვლევას ცდილობ. რომ შეიძლებოდეს კითხვა, თუ როგორ არის ის უშობელი, მაშინ შესაძლებელი იქნებოდა იმისი კითხვაც, თუ როგორ არის შობილი. ამრიგად, ნუ იკითხავ იმას, რაც მიუწვდომელია, რადგან ვერ გადაჭრი. ეძიე ის, რისი პოვნაც შეიძლება და იპოვი. ხოლო თუ დაიწყებ კითხვას ვისგან - რას გაიგებ? მიწისგან? - მაგრამ ის მაშინ არც არსებობდა; ზღვისგან? - ზღვაც არ იყო მაშინ შექმნილი; ცისგან? - არც ის შეექმნა ჯერ ღმერთს; მზისგან, მთვარისგან თუ ვარსკვლავებისგან? - ისინიც არ იყვნენ შექმნილნი; ანგელოზებისგან და მთავარანგელოზებისგან? - არც ისინი იყვნენ, რადგან ძეა მათი შემოქმედი. განა საუკუნეთაგან? - ის არის საუკუნეთა უწინარეს.
ამრიგად, ნუ იკითხავ იმას, რაც ყოველთვის იყო, იმის შესახებ, რაც ყოველთვის არსებობდა. გამოუთქმელია და არაშობილია მამა, გამოუთქმელია და გამოუთქმელად იშვა მისგან ძე. დადუმდი და ამის შესახებ ნუ იკითხავ: რანაირად? დაუთმე ამისი ცოდნა მშობელს და შობილს. რადგან არავინ იცის ძე, გარდა მამისა; და არც მამა იცის ვინმემ, გარდა ძისა და იმისა, ვისთვისაც ძე ინებებს მის გამოცხადებას (მთ. 11:27). ხოლო თუკი მაინც არ დაიშლი შენსას და იკითხავ: როგორ? ტუკი გაჯიუტდები და გამოუკვლეველის გამოკვლევას შეუდგები: ჩვენ დავცინებთ შენს კადნიერებას, და შენდამი სიბრალულითაც კი აღვივსებით, რომ არ გსურს ღმრთის წვდომა რწმენით, არ გსურს გწამდეს მარადიული მამა და მისი მხოლოდშობილი და მარადიული ძე, რომელიც ყოველთვის იყო მამასთან, და არ გაჩენილა მოგვიანებით, როგორც ამას შენ უკეთურად ამტკიცებ. არამედ რწმენით გულისხმაჰყავ და აღიარა სრულყოფილი ძე სრულყოფილი მამისგან, როგორც ყოველთვის გესმის, მარადიული ნათელი მარადიული ნატლისგან, ჭეშმარიტი ღმერთი ჭეშმარიტი ღმრთისა და მამისგან, არაქმნილი არაქმნილისგან, შეუდგენელი შეუდგენელისგან, ყოველთვის არსებული მამასთან: რადგან იოანე მახარობელი ამბობს: დასაბამიდან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა (ინ. 1:1). ამ სიტყვას იყო, ფილოსოფოსო, წინ არაფერი უსწრებს; ეს იყო აღემატება იმას, რაც არ იყო, როგორც ღმერთია უზენაესი ყოველივე იმაზე, რაც ღმერთი არ არის.
გწამდეს წერილისა, ხოლო იმის შესახებ, რაც არ დაწერილა, ნუ იკვლევ და ნუ ეძიებ. გწამდეს, რომ ძემ შექმნა ყოველივე, რამაც კი ყოფიერება მიიღო მამის ნებით, არა თვალთახილვით (რადგან ღმერთი შეუდგენელია, როგორც უკვე ვთქვით), არამედ ნებით, როგორც ეს თვითონ იცის. მიიღე ეს რწმენით, ჩვენ ვქადაგებთ, წმ. წერილის სწავლების თანხმიერად, რომ, მამის ნებით და საკუთარი ნებით, მან შექმნა ყოველივე ცაში და მიწაზე, ხილული და გონებით წარმოსახვითი, არა რაიმე იარაღით ან ინსტრუმენტით, არა სხვა რაიმე საშუალებით, არამედ, როგორც ახლა ვთქვით, მამის ნებელობით, რომელიც ელაპარაკებოდა მას და სულიწმიდას: ვქმნეთ კაცი ხატებისაებრ ჩვენისა და მსგავსებისაებრ (დაბ. 1:26). არ უთქვამს: შეჰქმენ ან შეჰქმენით, არამედ - ვქმნეთ, რითაც წმიდა სამების ერთარსებაზე, თანასწორობასა და გამოუთქმელობაზე მიუთითებს. ნუ ეწინააღმდეგები, ფილოსოფოსო, და ნუ აარიდებ მზერას; არამედ გონებრივი თვალებით შეხედე მთელ სამოციქულო სწავლებას და რწმენით შეიწყნარე.
მას, ისმინე და გულისხმაჰყავ. ღმრთის სიტყვა, რომელიც იყო უწინარეს ყოველთა საუკუნეთა, ძე-ღმერთი, რომელსაც მამამ უთხრა: ვქმნეთ კაცი და ა. შ., უკანასკნელ დღეებში, მამისა და საკუთარი ნებით, გახდა ადამიანი, ის განკაცდა ქალწულისგან, დაცემული ადამის გამო, უხორცომ დაიუძლურა თავი ხორცში, როგორც მოციქული პავლე ამბობს, ხორციელთა გამო. ღმერთმა-სიტყვამ მიიღო ხორცის სამოსი, რათა არ დაეწვა ამ წუთისოფლის ქმნილებანი; რადგან ღმერთი არავის არასოდეს უხილავს (ინ. 1:18); მიიღო ხორცი, რათა საკუთარ თავთან უცვალებელი შეერთებით სიკვდილისგან გაეთავისუფლებინა იგი; უხილავი ხილული გახდა, რათა უხილავის გაძლება შეძლებოდათ; განკაცდა დროში, მაგრამ სინამდვილეში ერთიც იყო და მეორეც: ღმერთიც და ადამიანიც, კაცი და ღმერთი ერთი და იგივეში, ერთი და იგივე ქრისტე ორივეში, იყო და არის ღმერთი, მაგრამ შეიქნა კაცად ცხონების საღმრთო აღმშენებლობის მიხედვით. მისთვის წინასწარმეტყველებდნენ წინასწარმეტყველნი, მისთვის იღვწოდნენ მოციქულები, მისთვის ეწამებოდნენ მოწამენი. წინასწარმეტყველნი იმისთვის, ვინც მათ მიერ იყო ნაუწყები; მოციქულები იმისთვის, ვინც თვითონ იყო ცხონების დასამკვიდრებლად წარმოგზავნილი; მოწამეები იღვწოდნენ პირველმოწამისთვის. მოვიდა ღმერთი მიწაზე, ძე ხორცში, რომელმაც, როგორც ისურვა, დაჰფარა ღვთაებრივი სიდიადე, და არ იქმოდა ზეციერს; რადგან მის განკაცებმადე ქვეყნიერება მას არ იყო მოკლებული. ის იყო და არის ღმერთი, მაგრამ გახდა კაცი, რათა გამოესყიდა ადამიანი და იშვა ქალწულისგან კაცთა მოდგმისადმი თავისი სიყვარულის გამო. მამამ შვა მისი ღირსეული ძე და თავისი თანასწორი ისე, როგორც ეს, ფილოსოფოსო, იცის მხოლოდ მისმა მშობელმა მამამ და მისმა მშობელმა ძემ.
9. ფილოსოფოსის შეპასუხება.
"ნუ ცდილობ სიტყვების დახვავებით ჭეშმარიტების გაძლიერებას, და ნუ აძლიერებ მას მჭევრმეტყველებით, როგორც რამ ღრუბლით, რათა დააბნელო წერილის სრულიად ცხადი ადგილები; არამედ პირდაპირ მიდი იმასთან, რაც ნათლად წერია წერილში ისე, რომ განზე არ გადაიხარო. გამოთქმებს: უფალმან აღმაგო მე დასაბამად გზათა თვისთა და საქმეთა შინა თვისთა; უწინარეს საუკუნეთა დამაფუძნა მე დასაბამ პირველ, ვიდრეღა ქვეყანისა, და პირველ ვიდრეღა უფსკრულთა ქმნისა... (იგავნი 8:22) (1) გააჩნიათ ერთი და იგივე აზრი. ისინი მეტყველებენ ერთ უფალ ღმერთზე, რომელმაც შექმნა პირველქმნილება - დასაბამად გზათა თვისთა და საქმეთა შინა თვისთა, და უწოდა მას თავისი ძე; შემდეგ, ამ ძის მიერ, როგორც რამ იარაღის მეშვეობით, შექმნა ქვეყნები და დაუსახლებელი ადგილები. ამრიგად, თუმც მოქმედებს შექმნილი სიბრძნე, ანუ ძე, მაგრამ არა თავისთავად, არამედ მისი მეშვეობით, როგორც რამ იარაღის მიერ, ღმერთი ქმნის არარსებულს"
______________
1. იხ. ბიბლია. ძველი აღთქმა. იგავნი სოლომონისნი. VIII:22B. კ. კეკელიძის სახელობის საქ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. თბილისი 2017. გვ. 2101.
______________
ეპისკოპოსთა პასუხი იმავე ეპისკოპოს ევსებიოს პამფილოსის მეშვეობით:
ესოდენ დიდი ხნით სამეუფო გზაზე, ანუ მოციქულთა რწმენაზე, მდგომი, როგორ აძლევ თავს ნებას გადაიხარო მისგან? აი - ეს-ესაა გესმა ჩვენი წმიდა კრებისგან დიდი იერემიას წინასწარმეტყველება, რომელიც, თითქოსდა თითით მიანიშნებსო, ამბობს: ეს არის ღმერთი ჩვენი და სხვა არ შეირაცხება მის წინაშე (ბარ. 3:36) და ა. შ., შემდეგ კი ამატებს: გამოჩნდა იგი დედამიწაზე და მიმოიქცეოდა ადამიანთა შორის (ბარ. 3:38). შენ გახსოვს, ფილოსოფოსო, წმ. ეპისკოპოსთა კითხვაზე: "ვინ გამოჩნდა დედამიწაზე და ცხოვრობდა ადამიანებს შორის, მამა თუ ძე"? შენ უპასუხე, რომ ძე, როგორც ამას წმიდა წერილიც ადასტურებს. განა ასე არ თქვი? მაშ, რატომ იგდებ თავს არიოზის უკეთურების უფსკრულში, ან, უმჯობესი იქნება ვთქვათ, ისვრები მისით? - შენ, უბედურო, მოციქულთა დოგმატებს არიოზის სიტყვებს ამჯობინებ, რომელიც ღმრთის ძეს ქმნილებას და ინსტრუმენტს უწოდებს! ისმინე ჩვენი, ფილოსოფოსო, თუკი შენ მხოლოდ ფილოსოფოსი ხარ, და დაიჯერე, რომ ღმრთის ძე არ არის შექმნილი სიბრძნე, რომელიც გონიერებას ეკუთვნის და ის ადამიანმა იმავე ღმრთის ძისგან მიიღო, რომელმაც შექმნა ქვეყნიერება და დაუსახლებელი ადგილები. შეეცადე დაიმშვიდო სული, რათა არ მრისხანებდეს, არამედ ილტვოდეს ჭეშმარიტებისკენ, და თვით ჭეშმარიტება წაგიძღვება შენ: შეიმეცნებ, რომ მხოლოდშობილი ძე ღმრთისა არის არა ქმნილება, არამედ თვით შემოქმედი ღმერთი და ყოველი ქმნილი საგნის გამჩენი, როგორც გაიგე ეს მცირე განსჯისგან, და იმედია შეიგნებ ამას, თუკი ცხონებას ისურვებ.
10. ფილოსოფოსის შეპასუხება სულიწმიდის შესახებ
"დაე სწორი და უეჭველი იყოს თქვენს მიერ ნათქვამი ძეზე, რომ ის არის შემოქმედი ან, რომ ის არის შემოქმედი მამა ღმერთთან ერთად, ხოლო თვითონ არ არის ქმნილება, არამედ ღმრთისგანაა შობილი არსებითად, როგორც ამას აჩვენებს მოწმობანი: ამაში ჩვენ უკვე შეთანხმებულნი ვართ. მაგრამ რას მეტყვით წმიდა სულის შეასხებ? კადნიერება ხომ არ არის მტკიცება, რომ სულიწმიდაც შემოქმედია ნებისმიერი ქმნილებისა? სადაა მოწმობანი, რომლებიც აჩვენებენ, რომ მან შექმნა რომელიმე ქმნილება ხილულთაგან ან უხილავთაგან? - რომელი ღვთითშთაგონებული მწერალი ლაპარაკობს მასზე ისევე პირდაპირ, როგორც ძეზე? - მიპასუხეთ ამაზე, ვისაც შეგიძლიათ".
მამათა პასუხი პროტოგენეს, სარდელი ეპისკოპოსის მეშვეობით:
ძნელი არ არის ფილოსოფოსო მიგითითოთ მოწმობები სულიწმიდის შემოქმედებით ქმედებებზე, რომლებიც ჩვენს მამებს სულიწმიდის, მისი, როგორც შემოქმედის შესახებ განუმარტავთ. კვლავ დავიმოწმებთ იმას, რაც ითქვა ქმნილებათა შესახებ თხრობისას: და თქვა ღმერთმა: ვქმნეთ კაცი ხატებისაებრ ჩვენისა და მსგავსებისაებრ (დაბ. 1:26), და შემდეგ: შექმნა ღმერთმა კაცი, თავის ხატად შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი (იქვე). შედეგად, როგორც მამა, რომელმაც უთხრა ძეს: შევქმნათ, არის ღმერთი, ასევე - ღმერთია ძეც, რომელმაც შექმნა ადამიანი. ხოლო თუ ჩვენ ვამტკიცებთ, რომ მთქმელი და შემქმნელი ადამისა და ევასი არის ღმერთი, მაშინ ისმინე რა არის შემდეგ ნათქვამი სულიწმიდის შესახებ.
ადამის შემქმნელი არის თუ არა ღმერთი?
ფილოსოფოსი: რა თქმა უნდა, ღმერთია.
ეპისკოპოსი: იობის წიგნში ელიუს ბუზელი იობს ეუბნება: ღვთის სულმა შემქმნა მე (იობი 33:4). თუკი ადამის შემქმნელი ღმერთია, რას იტყვი იმის შესახებ, ვინც ელიუსი შექმნა? - თუ შენთვის ელიუსი სხვა ბუნების მქონეა, ვიდრე ადამი? - მაგრამ ადამიანისთვის ბუნებრივია იმ დასკვნამდე მისვლა, რომ ერთი და იგივე ნაწარმოებს ერთი და იგივე მხატვარი უნდა ჰყავდეს. ამრიგად, რას იტყვი, ფილოსოფოსო, ვინ შექმნა ელიუსი? ნუთუ არ დაიწყებ მის ღმერთად და ადამიანის შემოქმედად აღიარებას? რადგან, როგორც ადამის შემოქმედზეა ნათქვამი: შექმნა ღმერთმა კაცი, ზუსტად ასევე შეიძლება ითქვას ელიუსის შემოქმედზეც, ანუ ის, რომ სულიწმიდა არის ღმერთი. თუკი ერთი და იგივეა შემოქმედება, მაშინ ერთი და იგივეა შემოქმედის სახელწოდებაც.
თუკი წმიდა სამება ერთი ღმერთია, რომელიც წარმოდგენილია სამ სხვადასხვა და სრულყოფილ იპოსტასებში, მაშინ თანასწორი იქნება გამოთქმებიც: შექმნა ღმერთმა კაცი, და: ღმრთის სულმა შექმნა ელიუსი. ხოლო წიგნში: "მოსეს ამაღლება" (ἀναληψις Μωσὲως) მიქაელ მთავარანგელოზი, როდესაც ეშმაკს ელაპარაკება, ამბობს: "ყველანი შექმნილნი ვართ სულიწმიდისგან”, და შემდეგ ამატებს: "ღმრთის პირიდან გამოვიდა მისი სული, და გააჩინა ქვეყანა". რადგან განუყოფელია და გამოუთქმელია ყოვლადწმიდა სამება: მამა, ძე და სულიწმიდა, რომელმაც ერთად შექმნა ყოველი ქმნილება საცნაური და გრძნობითად შესაცნობი. ასე, მაგალითად, 32-ე ფსალმუნში ნათქვამია: სიტყჳთა უფლისაჲთა ცანი დაემტკიცნეს და სულითა პირისა მისისათა - ყოველი ძალი მათი (ფსალმ. 32:6).
დასასრულ, ისმინე, რას ამბობს ღმერთი ესაია წინასწარმეტყველის პირით: მე, უფალმან ღმერთმან, მე შევისმინო, ღმერთმან ისრაილისამან, და არ დაუტევენ იგინი (ეს. 41:10, 17); შემდეგ, როდესაც თავის ხალხს ღვთისმოშიშებაზე ელაპარაკება, ამატებს: რათა დაინახონ და გაიგონ, მიხვდნენ და დარწმუნდნენ, რომ უფლის ხელმა მოიმოქმედა და ისრაელის წმიდამ შექმნა ეს (ეს. 41:20); აქ ის ხელს ღმრთის სულს უწოდებს, ხოლო ისრაელის წმიდას - ღმრთის ძეს. სხვა ადგილას იაჰვე იაკობს ეუბნება: ჩემმა ხელმა დააფუძნა მიწა და ჩემმა მარჯვენამ გადაჭიმა ცა. მოვუხმობ მათ და ერთად დადგებიან (ეს. 48:13); და წინასწარმეტყველი ეზეკიელიც ამბობს: იყო ჩემზე იქ უფლის ხელი და მითხრა: ადექი, გადი ველზე და იქ დაგელაპარაკები (ეზეკ. 3:22); ხოლო წერილი, ფილოსოფოსო, ხელს ან კუნთს - ღმრთის სულს უწოდებს, ხოლო მარჯვენას - მის ძეს.
წმიდა მამებმა ლეონტის, კესარია-კაპადოკიის ეპისკოპოსის მეშვეობით კიდევ თქვეს:
სულიწმიდის შემოქმედებით აქტებზე უკვე საკმარისად ითქვა, რათა შენ, ფილოსოფოსო, დარწმუნდე, რომ ის არის ყოველი ქმნილების შემოქმედი, მამასთან და ძესთან ერთად, და აქვს იგივე ღვთაება და არსი მამასთან და ძესთან ერთად. მაგრამ მოისმინე კიდევ უფრო ცხადი მოწმობები იმავე საგანზე წმიდა წერილიდან. წინასწარმეტყველი დავითი 27-ე ფსალმუნში ამბობს: უგალობდით უფალსა გალობითა ახლითა, - რატომ? - რამეთუ საკჳრველ-ქმნა უფალმან; აცხოვნა იგი მარჯუენემან მისმან და მკლავმან წმიდამან მისმან (2), - ამ უკანასკნელი სიტყვებით ის სულიწმიდაზე მიუთითებს.
_____________________
2. დამოწმებული სიტყვები არის 95-ე და 97-ე ფსალმუნთა პირველი მუხლებიდან - "აპოკ." რედ.
_____________________
მახარობელი იოანე თავის კათოლიკე ეპისტოლეებში ასევე ღვთისმეტყველებს სულიწმიდის შესახებ, ისევე, როგორც სხვა წმიდა მწერლები: ამას მოწმობს სული, რადგანაც სულია ჭეშმარიტება (1 ინ. 5:6). და ოდნავ ქვემოთ: ვისაც სწამს ძე ღვთისა, თავის თავშივე აქვს მოწმობა (1 ინ. 5:10) (ანუ სულიწმიდა); ვისაც არა სწამს ღმერთი, ცრუდ სახავს მას (იქვე).
დიდი მთავარმოციქული და ღვთაებრივი პეტრე ანანიას ეუბნება: რატომ აღავსო სატანამ შენი გული, რომ გეცრუა სული წმიდის მიმართ და დაგემალა ყანის ფასი? (საქმე 5:3, 5). ასევე ძველ აღთქმაში ნათქვამია: განა მე არ ვავსებ ცასა და მიწას? (იერ. 23:24); ხოლო სოლომონი, როდესაც განმარტავს, თუ ვინ აღავსებს, ამბობს: ქვეყნიერება აავსო უფლის სულმა (სოლ. იგავნი 1:7).
მაშ, დარწმუნდი სულიწმიდის სიძლიერეში, დაუერე ამ მოწმობებსაც, რომლებიც აჩვენებენ, რომ სულიწმიდა ისეთივე ღვთაებრივი არსი აქვს და ძალა, როგორც მამას და ძეს, და ყოველთვის არსებობს მამასთან და ძესთან ერთად. - გესმის, ფილოსოფოსო?
11. ფილოსოფოსის შეპასუხება.
ამრიგად, თქვენ ამბობთ, რომ თქვენ მიერ მოტანილი მოწმობები წმ. წერილიდან აჩვენებენ თითქოსდა სულიწმიდა ღმერთად უნდა ვაღიაროთ; ჩემთვის ეს აზრი ჯერ კიდევ დამტკიცებული ვერ იქნება, თუ მისთვის მოპოვებული არ იქნება მტკიცებულებები სხვა წერილებიდან. მის სასარგებლოდ მოგაქვთ მხოლოდ ერთი მტკიცებულება, რომელიც აღებულია ელიუს ბუზელის სიტყვებიდან. ხოლო მეორე, თქვენ მიერ დამოწმებული წიგნი, რომელსაც მოსეს ამაღლება (ἀνὰ ληψις Μωσὲ ωσ) ეწოდება, მე აქამომდე არასოდეს მსმენია. ამიტომაც ვითხოვ, რათა წარმომიდგინოთ თქვენი აზრების უფრო დამაკმაყოფილებელი მტკიცებულებანი სულიწმიდის შესახებ; რადგან ნათქვამი არასაკმარისია ჩვენი საკითხის საბოლოოდ გადასაწყვეტად.
წმ. მამათა პასუხი ფილოსოფოსს იმავე ლეონტის მეშვეობით.
საქმის ვრცლად გადმოცემისა და წმ. წერილის ნათელი მოწმობების შემდეგ, რომელიც საკმარისი უნდა ყოფილიყო წარმოდგენილ ჭეშმარიტებაში შენს დასარწმუნებლად, გვიკვირს, ფილოსოფოსო, კიდევ როგორ ეჭვობ, კაცი, რომელიც ესოდენ გონიერი ჩანხარ. და, რაც განსაკუთრებით სასურველია ჩვენთვის, ჭეშმარიტება მხედველობაში რომ გქონდეს, ვთხოვთ და შევაგონებთ შენს კეთილგონიერებას, არ გაკადნიერდე და ცნობისმოყვარეობითა და კაცობრივი განსჯით არ გამოიკვლიო ის, რაც გონებრივ წვდომას აღემატება; თავს ნუ მისცემ უფლებას დიდხანს დაუჭირო მხარი არიოზის უგუნურ და უკეთურ შეხედულებას, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ფილოსოფოსი ხარ, როგორც თვითონაც ამბობ; ასევე რწმენით მიიღე ის, რაში ადრეც გარწმუნებდით, და ის, რაც უკვე ითქვა შენ მიმართ, და ისიც, რაც მომავალში ითქმება.
გწამდეს ერთი მამა ღმერთისა, რომელიც გამოუთქმელად შობს ძეს, და ძისა მისგან შობილისა, და სულიწმიდისა, იმავე მამისგან გამომავლისა და თანამკვიდრისა ძისა, როგორც წმ. მოციქული პავლე ბრძანებს: ვისაც ქრისტეს სული არა აქვს, იგი არც არის მისი (რომ. 8:9); და სხვა ადგილას: უფალი სულია (2 კორ. 3:17); და კიდევ: ნიჭი სხვადასხვაა, მაგრამ ერთია სული. და მსახურებაც სხვადასხვაა, მაგრამ ერთია უფალი. სხვადასხვაა მოქმედებაც მაგრამ ერთია ღმერთი, ყოვლის მოქმედი ყველაში (1 კორ. 12:4-6), და შემდეგ: ხოლო ყოველივე ამის მოქმედია ერთი და იგივე სული, რომელიც იმას უწილადებს თვითეულს, რაც თვითონ ნებავს (1 კორ. 12:11).
აი, ფილოსოფოსო, ყველაზე ნათელი მოწმობა სულიწმიდის ღვთაებრიობაზე, რომელიც მის თვითუფლებრიობას აჩვენებს. იხილე, როგორ არის აქ ნათქვამი: სხვადასხვაა მოქმედებაც მაგრამ ერთია ღმერთი, ყოვლის მოქმედი ყველაში (1 კორ. 12:4-6), და შემდეგ: ხოლო ყოველივე ამის მოქმედია ერთი და იგივე სული, რომელიც იმას უწილადებს თვითეულს, რაც თვითონ ნებავს (1 კორ. 12:11). ხოლო უფალი, როგორც შენთვისაც ცნობილია, კიდევ უფრო ნათლად მეტყველებს ამაზე სახარებაში: ღმერთი სულია (ინ. 4:24). ხოლო თუკი ღმერთი სულია, მაშინ ღმერთი ყოფილა სულიწმიდა; თანაც არა ისე, რომ ის ერთია, ეს კი სხვა, არამედ ერთი და იგივე ღვთაებაა ერთი და მეორე იპოსტასისა, თუკი მხედველობაში მივიღებთ მის იპოსტასს. თუმცა, როდესაც გვესმის პირზე (იპოსტასზე), ჩვენ ღმერთი კაცის მსგავსად არ უნდა წარმოვიდგინოთ: ის შეუდგენელია და გამოუსახველია, როგორც ეს ჩვენი განსჯის დასაწყისშივე აღიარე ჩვენთან ერთად. ზოგჯერ ითქმის, რომ ცასა და მიწასაც პირი აქვთ: ასე, მაგალითად, უფალი სახარებაში მწიგნობრებსა და ფარისევლებს ეუბნება: ორგულნო, პირი სამე ქუეყანისაჲ და ცისაჲ იცით გამოცდად (ლკ. 12:26). ეს იმიტომ, რომ ყოველივე ცალკე არსებულს, როდესაც ის ცალკე განიხილება, გარკვეული ფორმა ან სახე ენიჭება, მისი ბუნების შესაბამისად. მაგრამ, მაშინ როდესაც ცა და მიწა შექმნილნი არიან, როგორც ბუნების სხვა ნაწილნი, საღმრთო და გამოუთქმელი არსი არაქმნილია, მარტივია და შეუდგენელია, გამოუსახველია, მარადიულია და უკვდავია.
აქამომდე ჩვენ წმ. წერილის მრავალრიცხოვანი მოწმობებით გიმტკიცებდით, რომ სულიწმიდა მამასთან და ძესთან ერთად ყოველი ქმნილების შემოქმედია, ხილულისაც და გონებით წარმოსადგენისაც; რადგან ის არასოდეს განეყოფა მამას და ძეს, როგორც ძე მამას და მამა ძეს.
ახლა კი, თუკი გნებავს, ისმინე ნათელი მოწმობა მსგავსებიდან, თუმცა ეს უფრო სუსტი მტკიცებულებაა. შენი სიტყვა, ისევე როგორც ყოველი კაცისა, გარეთ გამოდის, მაგრამ გონებისგან განუცალკევებლად იშვება, მსგავსად იმისა, როგორც გამოდის შენგან სუნთქვა; მაგრამ საკუთარ სიტყვებს ან სუნთქვას შენგან გაუცხოებულად არ მიიჩნევ. თუკი უსამართლოდ არ მიგაჩნია ადამიანებზე ასე ფიქრი, რამდენად კადნიერება იქნებოდა გემტკიცებინა, რომ გამოუთქმელ და მიუწვდომელ ღმრთის არსში სიტყვა, არა გარეგანი, არამედ მარადის ცოცხალი და ქმედითი, რომელიც ცოცხალია, ქმედითი და ყოველგვარ ორლესულ მახვილზე უფრო ბასრია, და როგორც ყოველივეს შემოქმედისთვის ყველაფერი გაშიშვლებული და გაცხადებულია მის თვალთა წინაშე (ებრ. 4:12, 15); ხოლო მისი სული, ყველაფერს იკვლევს, თვით ღვთის სიღრმესაც (1 კორ. 2:10), ანუ - ღმრთის სიტყვა ან მისი სული ღმრთისგან გაუცხოებულია? ნუთუ ვინმე გაბედავს დადგეს იმათ მხარეს, ვინც ასე მეტყველებს? - განა ასე არ არის, ფილოსოფოსო?!
12. ფილოსოფოსის კითხვა ყველა ეპისკოპოსს
რადგან თქვენ ადრე ამბობდით, რომ მამა არის ღმერთი, ძეც ღმერთია და სულიწმიდაც - ღმერთია, ახლა კი კვლავ ირწმუნებით, რომ ღმერთი ერთია მამის, ძის და სულიწმიდის სამ სრულყოფილ იპოსტასში, გთხოვთ: ჩემთვის გასაგებად გადმოეცით ეს შეხედულება.
წმიდა მამათა პასუხი ფილოსოფოსს იმავე ლეონტის მეშვეობით.
ღვთაებრივი არსება, რომელიც ყოველივეს აღემატება და ყოველივეს მოიცავს, გამოუთქმელი, მიუწვდომელი და გამოუკვლეველია. მაგრამ ისმინე ჩვენგან აი რა: ჩვენ გელაპარაკებით არა ერთ და კიდევ სხვა ღმერთზე, როგორც მკრეხელობს უკეთური არიოზი, რომელიც ქადაგებს ერთ არაქმნილ ღმერთს, მეორეს კი ქმნილს, და სულიწმიდას ასევე ქმნილებად მიიჩნევს; არა, ჩვენ ვამტკიცებთ, რომ უნდა გვწამდეს ერთი არსებისა და უფლებისა, რომ მამა, ძე და სულიწმიდა ერთია, რომ წმიდა სამების იპოსტასები განუყოფელია და განუცალკევებელია ერთმანეთისგან; მაგრამ ამასთან უნდა ვიცოდეთ, რომ წმიდა, ერთარსი და თანაბრად თაყვანსაცემი სამების ღვთაებრივი არსი მხოლოდ რწმენით მოიაზრება და შეიმეცნება. ცოტათი კიდევ მოგვისმინე სრულად დარწმუნდები, თუკი მოუსმენ სულიწმიდის შემწეობით ჩვენგან გამომდინარე მაცხოვნებელ სწავლებას, რათა შევიმეცნოთ ერთი ღვთაება წმიდა, ყოველთვის ცოცხალი და არსებითი სამებისა, - შევიმეცნოთ, რომ სამება ჭეშმარიტად არის სამება და მასში არაფერია წინარე არსებული, არამედ ყოველთვის და ერთნაირად არსებობს განუყოფელი და ერთარსი სამება.
13. ფილოსოფოსის პასუხი.
ნუ იფიქრებთ, რომ მე მსურს ჭეშმარიტების დოგმატების დამხობა. განსჯის დასაწყისში მე არ უარმიყვია თქვენი სიტყვები; პირიქით, მხოლოდ მსურს ჩავწვდე თქვენი აზროვნების სიღრმეს, რათა ჩემთვის უფრო ნათელი და გასაგები გახდეს ის პოზიცია, რომელსაც ამტკიცებთ.
წმ. მამათა სიმბოლური პასუხი ფილოსოფოსს, რომელიც აღებულია ნათლისა და ბრწყინვალების მსგავსებიდან, იმავე ეპისკოპოს ლეონტის მეშვეობით.
მოისმინე კიდევ, ფილოსოფოსო. ჩვენ შენს ყურადღებას უკვე საკმარისი არგუმენტები შევთავაზეთ წმ. წერილიდან იმისა, რომ ღმერთი მარტივი და შეუდგენელია, როგორც ეს თვითონაც განაცხადე შენი მსჯელობის დასაწყისში; რომ ის - უკვდავი ცეცხლია, მარადიულია და არაქმნილია თავისი ბუნებით; ის არის უსასრულო ნათელი და მიუწვდომელი, რომელიც წარმოსადგენია არა ერთ პირში (იპოსტასში), როგორც იუდეველები ფიქრობენ, არამედ სამ პირში (იპოსტასში0, რომლებიც არ განეყოფიან ერთურთს. ასე სწამს ყველა ქრისტიანს და ასე აღიარებენ განუზომელ მამას, ძეს და სულიწმიდას, როგორც ეს უკვე ავხსენით. ახლა კი ისწავლე, ფილოსოფოსო. და თუმც ჩვენ კადნიერად ვიქცევით, ღმრთის სიდიადე შემწყნარებელია; რადგან ამ ღვაწლს შენი და სხვა ადამიანების საცხოვნებლად მივმართავთ.
მაშ შეიცან გრძნობითიდან საცნაური, საცნაურიდან ის, რაც ყოველგვარ შემეცნებაზე და გონებაზე მაღლაა, სიტყვით აღწერადისგან ის, რაც ყოველგვარ სიტყვას აღემატება. თუმცა არც ერთი ხილული და საცნაური ზეციერთაგან და მიწიერთაგან, ასევე მისიქვეშა ქმნილებათაგან ვერ შეედრება ღმრთის არაქმნილ, მიუწვდომელ და უკვდავ არსებას; მიუხედავად ამისა ჩვენ შემოგთავაზებთ თუმც არათანასწორ, მაგრამ საკადრის მსგავსებას, რაოდენ სწორად განიმარტება ჭეშმარიტების ხატება ღვთისმოსავ განსჯათა მოყვარეთათვის. გრძნობით ცეცხლს თავის არსში სამი გამოვლინება აქვს: ცეცხლი, ბრწყინვალება და ნათება; და ამ მოვლენათაგან არც ერთი ერთმანეთზე უწინარეს არ არსებობს; ისინი განუყოფელნი არიან ერთმანეთისგან: ცეცხლისგან ბრწყინვალება, ბრწყინვალებისგან სინათლე.
გაჰყავი, ფილოსოფოსო, თუ შეგიძლია, ეს სამი მოვლენა და დაგვიმტკიცე, რომ რომელიმე ერთი მათგანი მეორეზე უადრესია, რომ ცეცხლი ბრწყინვალებაზე უადრესია, ან ნათება ცეცხლისა და ბრწყინვალების შემდგომ ჩნდება; დაამტკიცე, თუ შეგიძლია, რომ ერთმანეთისგან განყოფისას ცეცხლი, ბრწყინვალება და ნათება ერთად არ არსებობენ. მაშ, წარმოიდგინე გონებაში ეს გრძნობითი და ქმნილი საგნები, თუმცა ისინი, როგორც უკვე ვთქვით, შეუდარებელია ღმრთის მარადიულ და მიუწვდომელ არსთან; ფრთები შეასხი შენი გონების მზერას, აიტაცე ის ღმრთის ჭვრეტამდე, და ზეგარდმო შეგხვდება, როგორც ვლოცულობთ და გვწამს, მამის, ძის და სულიწმიდის განმანათლებელი მადლი, რომელიც გაგიცხადებს, რომ ერთია ღვთაება - მარადიული ცეცხლი, ბრწყინვალება და ნათელი მარტივი, არაშედგენილი, განუყოფელი, განუცალკევებელი, აზრით შემოუსაზღვრელი და გამოუთქმელი სამება, ჭეშმარიტად ერთარსი მამა, ძე და სულიწმიდა.
ფილოსოფოსმა ირწმუნა წმ. სამება.
როდესაც ეს მოისმინა, ფილოსოფოსი გაოგნდა და გაოცდა; განსჯამ შეაცბუნა იგი და დიდმა შიშმა შეიპყრო. შემდეგ, გონს რომ მოეგო, ხმამაღლა შესძახა: "დიდება შენდა, ღმერთო, რომელიც ყოველგვარ გონებას აღმატებულ, უსაზღვრო და არაქმნილი ღვთაებრიობის საიდუმლოს უცხადებ შენს წმინდანებს. გევედრები, ქრისტე, ყოვლადმოწყალე მამის ყოვლადმოწყალეო ძევ, მომიტევე მე ყოველივე, რაოდენიც შევცოდე შენს წინაშე ოდეს გამიტაცა არიოზის უკეთურმა აზრებმა; დაე ნუ მომეწევა შენი სამართლიანი სასჯელი იმ უკეთური სიტყვებისთვის, რომელსაც მე უბედური ვამბობდი შენს წინააღმდეგ. ვაი არიოზს და მის უკეტურ ხროვას, რომლებიც ღმრთის ძეს აძაგებენ და ამბობენ, თითქოსდა იყო დრო, როდესაც ის არ იყო, თითქოსდა ის ქმნილი არსებაა, და ამტკიცებენ, რომ ძე და სულიწმიდა სხვა არსებისანი არიან, და არა მამის ერთარსნი.
ამიერიდან სამუდამოდ ვწყევლი არიოზს და მის უკეთურ შეხედულებებს, ასევე ყველას, ვინც მისნაირად ფიქრობს და მეტყველებს მამის, ძის და სულიწმიდის წინააღმდეგ. რადგან ვისაც არ ჰყავს ძე, მას არ ჰყავს მამა, და ვინც მკრეხელობს ძის ან სულიწმიდის მიმართ, ის მამის მიმართაც მკრეხელობს. ყველაფერი, რასაც გადმოსცემთ და განსაზღვრავთ წმიდა სულთან დაკავშირებით, ვაღიარებ, რომ ჭეშმარიტებაა და სიმართლე. მწამს იმ საიდუმლოსი, რომლის შესახებაც ბრძანებს მოც. პავლე: საიდუმლო, დაფარული უკუნისიდან და თაობათა დასაბამიდან, ხოლო აწ გაცხადებული მის წმიდათათვის (კოლ. 1:26), წმიდა მოციქულთათვის, წინასწარმეტყველთათვის და თქვენთვის - სულიწმიდის მიერ, ანუ ის, რაც მარადის ცოცხლობს, მამა ღმერთის თანაარსი ძე მისი და სულიწმიდა.
წმ. მამებმა, ეპ. ლეონტის მიერ, ფილოსოფოსისთვის დაამატეს განმარტება, რომელიც აღებულია წყაროს, მდინარისა და წყლის მსგავსებიდან.
ახლა, პატივდებულო ფილოსოფოსო, განვიხილოთ კიდევ ერთი რამ, რაც ამ ჭეშმარიტების დამტკიცებას განეკუთვნება. ყურადღება მივაპყროთ წყაროს, რომლიდანაც წყლის მდინარება იშვება; რადგან ყოველი მდინარება, როგორც შენთვის ცნობილია, დასაბამს თავწყაროდან იღებს, რომლისგანაც შემდეგ დინება იშვება. მაგრმა არავინ უწოდებს დინებას წყაროს, არც წყაროს დინებას: წყაროდ წყარო იწოდება, ხოლო დინებად - დინება, ხოლო ორივე ერთად - წყლად. როდესაც ვინმე მოინდომებს ნაკადიდან წყლის ამოხაპვას, სახელწოდებასაც შესაბამისად შეურჩევს; ასე, მაგალითად, არ ამბობს: "წადი, და მომიტანე წყარო ან ნაკადი, არამედ - წყალი". და თუმც ეს ველაფერი ერთი და იმავე ბუნებისაა, სამი სახელით: წყაროდ, დინებად და წყლად იწოდება. იგივეს ამტკიცებს წმ. წერილიც; რადგან ჩვენ მის საწინააღმდეგოს როდი გეუბნებით, აწ მადლის ჭეშმარიტო შვილო, თუმცა ჭეშმარიტების სიტყვას შედარებებით, მსგავსებებითა და ხატებებით განგიმარტავთ.
წმ. წერილი ძის შესახებ ამბობს: აჰა, მოვაფენ მასზე მშვიდობას, მდინარესავით (ეს. 66:12), რომელიც სიცოცხლის ჭეშმარიტი წყაროდან - მამის ღვთაებიდან მომდინარეობს, როგორც თვით უფალი ბრძანებს ამას სახარებაში: ღმრთისაგან გამოვედი და მოვედი (ინ. 8:42); მე და მამა ერთი ვართ (ინ. 14:11). მისგანვე ვიღებთ ჩვენ ყველანი, მორწმუნენი, სულიწმიდასაც, რომელიც მამის და ძის ერტარსია, მამისგან გამომავალს და ძისთვის თვისობრივს, როგორც ზემოთ ვაჩვენეთ. ხოლო ის (სულიწმიდა) მისგან (ძისგან) გადმოიღვრება ჩვენზე, რასაც ყველაზე ნათელი სახით თვით უფალი გვასწავლის თავის სახარებაში: ვისაც სწყურია, მოვიდეს ჩემთან და შესვას. ვისაც სწამს ჩემი, როგორც ამბობს წერილი, მისი მუცლიდან წარმოდინდებიან ცოცხალი წყლის მდინარენი (ინ. 7:37, 38). ამ სიტყვების განმარტებისას, ღმრთითშთაგონებული მახარობელი ამატებს: ესა თქვა სულზე, მის მორწმუნეებს რომ უნდა მიეღოთ (ინ. 7:39).
იხილე ასევე, რას ამბობს დავითი სიცოცხლის ამ წყაროზე - წმიდა სამებაზე: შენთან არის წყარო სიცოცხლისა. შენი შუქით ვხედავთ სინათლეს (ფსალმ. 35:10); აქ ის სიცოცხლის წყაროს მამა ღმერთს უწოდებს, მაგრამ მიმართავს ძეს, რადგან მამა ძეშია და ძე მამაშია; ხოლო ნათლად უწოდებს თვით ძეს, და მოწმობს, რომ ამ ნათელში ბინადრობს სხვა ნათელი - სულიწმიდა: ნათლითა შენითა ვიხილეთ ჩუენ ნათელი (ფსალმ. 35:10). რადგან სიცოცხლისა და ნათლის წყარო უეჭველად არის მამა; ნათელია ძეც - ნათელი მამისგან; ნათელია სულიწმიდაც იმავე ნათლისგან; ამიტომაც ვამბობთ ასე ხშირად, რომ ერთია მამის, ძის და სულიწმიდის ღვთაებრიობა, როგორც თვით ბრძანებს წინასწარმეტყველთა პირით: არავინაა ჩემს გარდა, მე ვარ უფალი და მეტი არავინაა (ეს. 45:6); მე ვარ უფალი - პირველი და უკანასკნელი (ეს. 41:4); და კიდევ: მე, უფალი, არ ვიცვლები (მალ. 3:6) და სხვა. ახლა, როგორც ჩანს, აუცილებელია გავიმეოროთ ადრინდელი მტკიცებულებები, თუმცა არა ყველა, მათი სიმრავლის გამო, თუმცა უკიდურეს შემთხვევაში ყველაზე თვალსაჩინონი მაინც, რათა უმეტესწილად დამტკიცდეს ყოველივე ნათქვამი. შემოგთავაზებთ იმას, რაც ითქვა წინასწარმეტყველ იერემიას პირით: ქვეყნიერება განამზადა საუკუნოდ და აავსო იგი ოთხფეხა ცხოველებით, ვინც ნათელს გვიგზავნის და მოდის ნათელი; მოუწოდა მას და ისიც დაემორჩილა მას თრთოლვით; ვარსკვლავები განბრწყინდნენ თავიანთ სახმილავებში და გაიხარეს; მოუხმო მათ და უპასუხეს: აქ ვართო! და სიხარულით გაუნათეს თავიანთ შემოქმედს. ეს არის ღმერთი ჩვენი და სხვა არ შეირაცხება მის წინაშე (ბარ. 3:32-36).
აუცილებელია, ღვთივმოყვარეო ფილოსოფოსო, ყურადღება მივაპყროთ ამ ადგილს და განვმარტოთ მისი შინაარსი. აშკარაა, როგორც თვითონაც აღიარე, რომ ეს ითქვა ძეზე; რადგან შემდეგ ნათქვამია: შემდგომად ამისა გამოჩნდა იგი დედამიწაზე და მიმოიქცეოდა ადამიანთა შორის (ბარ. 3:38). თუკი, არიოზის უკეთური აზრის თანახმად, ძეს სხვა არსი აქვს ისე, რომ ღმერთია, ოღონდ მამაზე უკნინესი, ამ დროს წერილი მაზე ამბობს: ეს არის ღმერთი ჩვენი და სხვა არ შეირაცხება მის წინაშე-ო, მაშინ არიოზის უკეთურებიდან გამოდის, რომ მამაც არ ყოფილა ღმერთი; სწორედ იმიტომ, რომ ძეზეა ნათქვამი: სხვა არ შეირაცხება მის წინაშე.
ასე ემხობიან უკეთური არიანელები მათი მკრეხელობის გამომგონებელთან ერთად, და იმხილებიან, როგორც ჭეშმარიტების მტრები, იმაში, რომ ისინი სრულიად უღმერთოები არიან; რადგან ძის უარყოფის გარდა, ღვთაებრიობას ართმევენ თვით მამასაც: ვინც უარყოფს ძეს, აღარც მამა ჰყავს (1 ინ. 2:23), როგორც ამბობს იოანე ღვთისმეტყველი თავის კათოლიკე ეპისტოლეში. ხოლო ერთი და საყოველთაო წრმენა აღიარებს და პატივს მიაგებს მამის ღმრთეებას, ძისას და სულიწმიდისას, და ამ რწმენის გარდა სხვა რწმენა აღარ იქნება. თუმცა, ეს საიდუმლო წმიდა, თაყვანსაცემი და ერთარსი სამებისა აღემატება ყოველგვარ გონებას და სიტყვას, სრულიად მიუწვდომელია და მხოლოდ რწმენით შეითვისება.
ფილოსოფოსი
ჭეშმარიტად ღვთაებრივია და ნათელმოსილია ის, რაც ჩემთვის გადმოეცით სულიწმიდის შთაგონებით. მაგრამ გთხოვთ (რადგან მე მიყვარს თქვენი სწავლების წმიდა საგნები): მომისმინეთ კეთილგანწყობით, და მასწავლეთ, რაც კი
დევ მინდა გთხოვოთ, რათა სრულყოფილი მისაგებელი მოგაგოთ ღმრთისგან ჩემი ცხონებისთვის.
წმ. მამათა პასუხი ფილოსოფოსს იმავე ეპისკოპოს ლეონტის მეშვეობით.
ილაპარაკეთ რაც გნებავთ; ჩვენ გვსურს, რათა სრულიად შეიტყო ყოველივე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სულიწმიდის მოვანებით, უკვე იოლად გესმის ჩვენი განმარტებანი.
ფილოსოფოსი.
მადლობა თქვენს წმიდა მეთაურს! მითხარით, ნეტარო მამებო, როგორ უნდა გავიგოთ ის, რომ ღმერთი სიტყვა - ძე ღმრთისა გამოჩნდა დედამიწაზე და მიმოიქცეოდა ადამიანთა შორის (ბარ. 3:38), თუკი ის უხილავია ყოველი ხილული და საცნაური ქმნილებისთვის, და რისთვის იყო ეს საჭირო? - გთხოვთ განმიმარტოთ.
წმ. მამათა პასუხი ფილოსოფოსს ეპისკოპოს ლეონტის მეშვეობით.
მისი განკაცების მიზეზი მდგომარეობს სამოთხეში პირველწინაპართა - ადამისა და ევას დაცემაში, რომელიც მთელ მათ შთამომავლობაზე განივრცო. როდესაც მცნების დარღვევით მათ განეშორათ ღმრთის მადლი, შემოქმედმა ინება დაებრუნებინა ის კაცთა მოდგმისთვის. უნდა შევნიშნოთ, რომ მსგავსად იმისა, როგორც თქვა ღმერთმა: ვქმნეთ კაცი ხატებისაებრ ჩვენისა და მსგავსებისაებრ, და შექმნა ღმერთმა ადამიანი, - ასევე შემდგომში თქვა: ვაცხოვნოთ წარწყმედილი კაცი, რომელიც ჩვენს ხატად და მსგავსად შეიქმნა. როგორც მამა ღმერთმა თქვა: ვქმნათ, და ძემ, ღმერთმა ღმრთისგან, შექმნა, ასევე შემდეგ, მამის ნებით, მან ინება საკუთარი თავის მეშვეობით ეხსნა კაცთა მოდგმა.
ფილოსოფოსის კითხვა იმავე საგანზე.
როგორ გამოჩნდა დედამიწაზე და მიმოიქცეოდა ადამიანთა შორის (ბარ. 3:38), - როდესაც ის - უცვალებელი ღმერთია?
წმ. მამათა პასუხი მაკარის, იერუსალიმელი ეპისკოპოსის მეშვეობით.
წმ. მოციქულ პავლეს თქმით, დიდია ღეთისმოსაობის საიდუმლო: ღმერთი გამოჩნდა ხორცით (1 ტიმ. 3:16), ანუ ძე ღმრთისა. როდესაც განკაცდა, ის ეჩვენა ანგელოზთაც; რადგან მხოლოდშობილი უხილავია ანგელოზთათვისაც, და მთავარანგელოზთათვისაც, ასევე ყოველ ზეციერ ძალთათვის, რადგან ღმერთი არავის არასოდეს უხილავს (ინ. 1:18). მაგრამ როდესაც გესმის ციდან მისი გარდამოსვლის შესახებ, არ იფიქრო თითქოსდა ღმერთი გადაადგილდა, არამედ იგულისხმე, რომ აღსრულდა ღვთისმოსაობის ეს უდიდესი საიდუმლო, რომელითაც ჩვენ განვახლდით. ხოლო განახლება მდგომარეობს ჩვენი ადრინდელი მდგომარეობის დაბრუნებაში; სწორედ ამისთვის განკაცდა სიტყვა ღმერთი, რომელმაც თავისი მსგავსება მოგვანიჭა; მაგრამ შეუძლებელია ღმერთი იყოს ჩვენი მსგავსი, თუ არ განკაცდება; ამიტომაც მან, უსხეულომ, სხეულებრივი ბუნება მიიღო. განკაცდა იგი ქალწულისგან; რადგან ამგვარად გვემსგავსა ჩვენ შობითაც, რათა მოენიჭებინა ჩვენთვის, მსგავსადშობილთათვის, თავისი დიდება და ეცხოვნებინა ქალი თავისი შობით, რადგან ნათქვამია: დედაკაცი იგი სცთა და შჯულსა გარდაჰხდა, არამედ ცხონდების შვილთა სხმისაგან (1 ტიმ. 2:15). მან მიიღო ხორცი, რომელსაც ბუნებით ჰქონდა სიცოცხლისეული რამ; რადგან არცერთი ხორცი არ არის მოკლებული სიცოცხლეს, რასაც წმიდა წერილი საკუთრივ უწოდებს მშვინვას.
ფილოსოფოსი.
ვინ არ გაოცდება ღმრთის ამ დიადი საქმეებით, რომელსაც თქვენ მოგვითხრობთ? მაგრამ რანაირად მიიღო მან ხორცი ქალწულისგან, როგორც თქვენ ამბობთ?
წმ. მამების პასუხი იმავე მაკარი იერუსალიმელის მეშვეობით.
ჩვენ უკვე გამცნეთ პატივდებულო კაცო, რომ ღმრთის საიდუმლოებებთან დაკავშირებით შეუძლებელია ითქვას: როგორ? - რადგან ისინი გამოუთქმელი და მიუწვდომელია. მაგრამ რადგან გარკვეული რამ წმ. წერილით გამოგვეცხადა, ვიტყვით იმდენს, რამდენიც არის შესაძლებელი სიტყვით ყოველივე ამის გადმოცემა. ვინაიდან ღმრთის ძის განკაცების საიდუმლოს სრულყოფილი გულისხმისყოფა შეუძლებელია: ვერავინ კაცთაგან, ვერც ანგელოზთაგან, ვერც თვით გაბრიელი, ამ საიდუმლოს მსახური, ვერც თვით წმიდა და უბიწო ქალწული მარიამი ვერ გამოთქვამს სიტყვით ღმრთის განკაცების სახეს; არამედ მხოლოდ იმას, რაც გადმოგვცეს ღმრთის ძის განგებულებით მათ, ვინც იმთავითვე თვითმხილველნი იყვნენ და სიტყვის მსახურნი (ლკ. 1:3), კერძოდ: ის განკაცდა დავითისა და აბრაამის თესლისგან; ვისგანაც (ანუ ქალწულისგან) იშვა იესუ, რომელსაც ჰქვია ქრისტე (მთ. 1:16); მათნივე არიან მამანი და ხორციელად მათგანაა ქრისტე (რომ. 9:15); რომ მან არასადაჲთ ანგელოზთაჲთ იწყო, არამედ ნათესავისაგან აბრაჰამისა იწყო (ებრ. 2:16); ჩვენსავით გამოცდილი ყველაფერში, გარდა ცოდვისა (ებრ. 4:15); - ეს ჩვენ ვიცით; ხოლო მეთოდი, თუ როგორ აღესრულა ეს, ყოველი გონიერი ქმნილების ცნობიერებას აღემატება. ამის შესახებ ბრძანებს წინასწარმეტყველი იერემია: კაცია და ვინ შეიცნობს მას? (იერ. 17:9).
როდესაც ფილოსოფოსი გაკვირვებული უსმენდა, წმ. მამებმა ყველა იქ შეკრებილთა გასაგონად იმავე მაკარი იერუსალიმელის მეშვეობით დასძინეს:
ჩვენ უკვე ვრცლად გიჩვენეთ, რომ ღმერთი, მხოლოდშობილი ძე ღმრთისა, განკაცდა კაცთა მოდგმისადმი თანაგრძნობის გამო და გამოუთქმელი შობით იშვა ქალწულ მარიამისგან. რადგან როდესაც მან ისურვა, როგორც უკვე ვთქვით, აღედგინა დაცემით წარწყმედილი პირველმშობელთა ბუნება, ის ჩვენს ხორცში იშვა, რათა აღვედგინეთ საკუთარ ბუნებაში, დაკნინდა რა, როგორც დახელოვნებული მკურნალი, ჩვენს უძლურებამდე.
მაგრამ კვლავ გავიმეორებთ, რომ გამოთქმები: "გარდამოხდა, ჩამოვიდა, წარმოგზავნილ იქნა" - უნდა გავიგოთ მისი განკაცების აზრით, როგორც ამას ადრეც ვამბობდით; რადგან თავისი ღვთაებრიობით ის ყველაფერს აღავსებს მამასთან ერთად. მაშ, ისმინე, ჩვენ ვიშვებით ქალისგან, და ისიც კაცთმოყვარებით ქალისგან იშვა; მაგრამ ჩვენი შობა ხდება გრძნობისმიერი თანატკბობისგან და მამაკაცის თესლისგან, ხოლო ის (ქრისტე) მხოლოდ სულიწმიდისგან და ქალწულ მარიამისგან. ჩვენ ვიზრდებით რძით, და მისით იზრდებოდა ისიც, ვინც თავისი ღმრთეებით ყოველ ხორციელს ჰკვებავს.
ჩვენ ვიზრდებით, და არც მან იუკადრისა იგივე ხორცი, როგორც წერია: იესუ წარემატებოდა სიბრძნით, ასაკითა და მადლით ღმრთისა და კაცთა წინაშე (ლკ. 2:52), და იცოცხლა ოცდამეათე წლამდე, რათა ყოველი ასაკი ეკურთხებინა; შემდეგ მივიდა მოსანათლად იმ დროს, როდესაც იოანე, ძე ზაქარიასი, ხალხს სინანულის ნათლისღებას უქადაგებდა, თუმცა ეს ნათლობა არ იძლეოდა ცოდვების მიტევებას და ნიჭს მიშვილებისა; რადგან ამისი მიცემა იოანეს არ ძალუძდა, არც ანგელოზებს არ შეეძლოთ იგი, არამედ მხოლოდ განკაცებულ ღმრთის სიტყვას.
მან როგორც კაცმა ხორციელად მიიღო ჩვენი ნათლობა, თუმცა როგორც ღმერთი უცოდველი იყო; თვითონ ნათლისღებას არ საჭიროებდა, მაგრამ მოინათლა, რათა აემაღლებინა ჩვენი ნათლობა, რათა გვრწმენოდა, რომ როგორც მასზე გადმოვიდა სულიწმიდა, ასევე გადმოდის ჩვენზეც, მისი სახელით მონათლულებზეც. შემდეგ იცხოვრა ადამიანებს შორის და, ქადაგებდა რა თავის ღვთაებრივ მცნებებს მრავალი სასწაული აღასრულა; მსახურების მეოთხე წელს ხორციელად ივნო ჩვენი ცოდვებისთვის.
ჩვენ დამნაშავენი ვიყავით ჯვრით დასჯაში; მაგრამ ყველანი რომ ჯვარცმულ ვყოფილიყავით მაინც ვერ გავითავისუფლებდით თავს სიკვდილისგან; რადგან ადამიდან მოსემდე სიკვდილი სუფევდა მათზეც, რომელთაც ადამივით არ შეუცოდავთ (რომ. 5:14). ბევრი იყო წმიდა, ბევრი იყო წინასწარმეტყველი, ბევრნი იყვნენ მართალნი, და არც ერთ მათგანს არ შეეძლო საკუთარი თავის გამოსყიდვა სიკვდილის მეუფებისგან. მაგრამ აი, მოვიდა ყოველთა მაცხოვარი, და ჩვენგან მიღებული თავისი უცოდველი ხორცით, ჩვენთვის განკუთვნილი სასჯელი ჩვენს გამო და ჩვენს მაგიერ იტვირთა. ჩვენ სიკვდილის შემდეგ ჩავდიოდით ჯოჯოხეთს; ის ამასაც დაემორჩილა და იქ ნებაყოფლობით ჩავიდა: მაგრამ ვერ შეაკავა იგი ჯოჯოხეთმა, როგორც ჩვენ გვაკავებდა; რამეთუ სიკვდილს არანაირი ძალაუფლება არ ჰქონდა სიცოცხლის მეუფეზე.
ჩავიდა ერთი, და მრავალი ამოიყვანა; რადგან ის იყო სწორედ ის სულიერი მარცვალი ხორბლისა, რომელიც ჩვენს გამო მიწაში ჩავარდა და ხორცით მოკვდა, რომელმაც თავისი ღვთაებრიობის ძალით აღადგინა თავისი ხორციელი ტაძარი, როგორც წერილ არს, და მთელ კაცთა მოდგმას ნაყოფიერი ცხონება მოგვანიჭა. სამდღიანი დაფლვის შემდეგ, მკვდრეთით აღმდგარი გამოეცხადა თავის მოწაფეებს, აჩვენა ჯვარზე მიყენებული ჭრილობები და უთხრა მათ: შეხედეთ ჩემს ხელებსა და ჩემს ფეხებს: ეს მე ვარ თვითონ; შემეხეთ და დარწმუნდებით (ლკ. 24:39), საკვირველმოქმედი და ხორციელად მიმღები ტანჯვისა თქვენი მოდგმისთვის.
შემდეგ, დარჩა რა მათთან ორმოცი დღის განმავლობაში, და მისცა მათ მაცხოვნებელი მცნებები, მათ თვალწინ ამაღლდა ზეცად. წმიდა წიგნები ამბობენ, რომ ის მჯდომარეა მარჯვენით მამისა. ჩვენ ველოდებით, რომ საუკუნეთა აღსსრულს, ის, მარადიული ღმერთი, მოვა, რათა განიკითხოს ცოცხალნი და მკვდარნი, შემდეგ კი გამეფდება მამასთან ერთად უკუნითი უკუნისამდე. აი ჩვენი რწმენა, სამოციქულო და დაუზიანებელი, რომელსაც ეკლესია პატივს მიაგებს, როგორც უფლისგან ზეგარდმო ბოძებულ სწავლებას, გადმოცემულს მოციქულთა და მამათა მიერ, შენარჩუნებული აქვს დღემდე და ყოველთვის დაიცავს, მაცხოვრის სიტყვების აღსასრულებლად, რომელმაც თავის მოწაფეებს უთხრა: დაიმოწაფეთ ყველა ხალხი და ნათელი ეცით მათ მამის და ძის და სული წმიდის სახელით (მთ. 28:19).
IX. სარწმუნოების კრებითი გადმოცემა (2).
გვწამს ერთი ღმერთი მამა, ყოვლისმპყრობელი, შემოქმედი ხილულთა ყოველთა და არახილულთა; და ერთი უფალი იესუ ქრისტე, ძე ღმრთისა, მხოლოდშობილი, შობილი მამისგან, ანუ მამის არსისგან, ღმერთი ღმრთისაგან, ნათელი ნათლისაგან, ღმერთი ჭეშმარიტი ღმრთისაგან ჭეშმარიტისა, შობილი, და არა ქმნილი, რომელიც თანაარსი არს მამისა, რომლის მიერაც ყოველი იქმნა, როგორც ცაში, ასევე მიწაზე; ჩვენთვის კაცთათვის და ჩვენივ ცხოვნებისათვის გარდამოხდა ზეცით, ხორცნი შეისხნა და განკაცდა, ივნო და აღდგა მესამე დღეს, ამაღლდა ზეცად, და კვლავ მომავალ არს განსჯად ცხოველთა და მკვდართა; და სული წმიდისა.
ხოლო ვინც ამბობს, რომ იყო დრო, როდესაც არ იყო (ძე), რომ ის არ არსებობდა შობამდე, და წარმოიშვა არა არსისგან, ან ამტკიცებს, რომ ღმრთის ძეს ყოფიერება აქვს სხვა არსისგან ან არსებისგან; ან კიდევ, რომ ის შექმნილია, ან ცვალებადია, ან გარდაქმნადია (τρεπτος), ასეთებს ანათემას გადასცემს კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია.
წყარო: Геласий: vol. actor. Council. Nic. I. II. Cap. XIV-XXIII.
გამოცემა: Деяния Вселенских соборов, изданные в русском переводе при казанской духовной академии: В 7 томах. - Изд. 3-е. – Казань. Центральная типография. Т. 1. 1910.
პუბლიკაცია თარგმნა და გამოსაქვეყნებლად მოამზადა საიტ "აპოკალიფსისის" რედაქციამ. 2026 წ.
