ანტიერეტიკონი - 21 საუკუნის ფსიქოტერორიზმი - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > ანტიერეტიკონი
21 საუკუნის ფსიქოტერორიზმი

ანუ

როგორ გარდააქცევენ სექტები (და არა მარტო) ჩვეულებრივ ადამიანებს ზომბი-ადეპტებად
სექტანტები
წარსულს ჩაბარდა ის დროება, როდესაც საბჭოთა სახელმწიფო გაფაციცებით ადევნებდა თვალს თავისი მოქალაქეების ფსიქიურ და "სულიერ" სიჯანსაღეს და იცავდა მათ სხვადასხვა ტოტალიტარული სექტებისა და დესტრუქციული კულტებისგან. საზოგადოდ, როგორც წესი, იქ, სადაც არსებობს დიქტატურა (არა აქვს მნიშვნელობა სად იქნება ეს) აუცილებლად არსებობს მხოლოდ ერთი, ოფიციალური იდეოლოგია, რომელიც სხვა შეხედულებებს და რელიგიებს გასაქანს არ აძლევს. ერთი მხრივ ეს ცუდია, რადგან ზღუდავს თავისუფლებას, მაგრამ მეორე მხრივ - მოქალაქეები ათასგვარი სექტებისგანაც იცავს. თუმცა, მორწმუნე ადამიანებისთვის ეს არანაირი შეღავათი არ გახლავთ. ასე იყო საბჭოთა კავშირის დროსაც - მოქალაქეებს თავს ახვევდნენ ათეისტურ იდეოლოგიას, რელიგია დაკნინებულ და სახელმწიფოსადმი დაქვემდებარებულ დაწესებულებათა კატეგორიას ემორჩილებოდა, ითრგუნებოდა ყოველგვარი რელიგიური აქტიურობა და სხვა.
 
მაგრამ, ე. წ. "პერესტროიკის" დროიდან (1987-1991 წლები) დადგა თავისუფლება, რითაც ისარგებლეს მოსახლეობის ფსიქიური დამუშავების გენიოსებმა, როგორც ადგილობრივი ჩამოსხმის, ასევე საერთაშორისო მასშტაბის მწვალებლებმა. როგორც სვავები, ქვეყნიერების ყველა მხრიდან დააცხრნენ თავს სხვადასხვა რელიგიურ მოძრაობათა ადეპტები სულიერად დამშეულ და მოწყურებულ მოსახლეობას: მეტროში, სამსახურებში, პარკებში, საცხოვრებელ სახლებსა და ბინებშიც კი აკითხავდნენ და აკითხავენ მათ სხვადასხვა დესტრუქციული სექტების წარმომადგენლები და ცდილობენ მათ გადაბირებას.
 
სექტების ორგანიზატორებმა პოსტსაბჭოურ სივრცეში ნაყოფიერი ნიადაგი ჰპოვეს, რადგან მოსახლეობას, რომლის ცნობიერება 70 წელზე მეტი ხნის განმავლობაში სახელმწიფო კონტროლქვეშ იყო, - უბრალოდ სულიერი იმუნიტეტი გამომუშავებული არ ჰქონდა. ასევე იმითაც, რომ ყოფილი საბჭოთა მოქალაქეები, რომელთაც უკვე კარგად ესმოდათ, რომ კომუნიზმის მშენებლობა უკვე საჭირო არ არის, ცხოვრების ახალი აზრისა და იდეების ძიებაში იყვნენ, მათ აინტერესებდათ ყოფიერების საიდუმლო, განათლება... პოსტსაბჭოური ქვეყნების კანონმდებლობამაც თავისი მოქალაქეები სრულიად დაუცველად დატოვა... რითაც ისარგებლეს 21-ე საუკუნის "ფსიქოტერორისტებმა".
 
რატომ ვადარებთ მათ ტერორისტებს? თავად განსაჯეთ. ადამიანები, როგორც სექტანტ-ადეპტთა დამუშავების ობიექტები არაფრის მქონეებად რჩებიან. მათ ართმევენ ქონებას, ჯანმრთელობას (როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქიურსაც), ნათესავებსა და მეგობრებს, საკუთარი არსებობის აზრსაც. სექტის ყოფილი ადეპტი ნორმალურ ცხოვრებას რომ დაუბრუნდეს, საჭიროა მთელი რიგი სპეციალისტების მრავალწლიანი შრომა. წინამდებარე სტატიაში მოკლედ აღვწერთ იმ ძირითად ეტაპებს და მეთოდებს, რომელთაც მიმართავენ სექტები და დესტრუქციული კულტები ადამიანების, როგორც სრულფასოვანი პიროვნებების გასანადგურებლად.

უპირველესი ეტაპი და მეთოდი, რომელსაც დესტრუქციული და ტოტალიტარული სექტები მიმართავენ, არის მიტყუების მეთოდი. ეს შეიძლება იყოს საკუთარი ლიტერატურის პირდაპირი გავრცელება მეტროსა და სხვა ხალხმრავალ ადგილებში. ასევე კარდაკარ სიარული. სადაც გინდ იყოს ადეპტები შეეცდებიან თქვენს ჩაბმას საუბარში. ისინი დაიწყებენ თქვენს ქებას, თითქოსდა ძალიან საყვარელი და თავაზიანი ადამიანები არიან. მათი ამოცანაა რაც შეიძლება მეტი გაარკვიონ თქვენზე, განსაკუთრებით თქვენს პრობლემებზე და უკმაყოფილებებზე. თუ უარს იტყვით წახვიდეთ "კარგი ადამიანების" შეკრებებზე, მაშინ ისინი მიღებული ინფორმაციის დახმარებით რაიმეს მოიფიქრებენ.
 
ფიქრობენ არა თვითონ. რადგან რიგითები, - ანუ დაბალი კატეგორიის ადეპტები, რომლებიც შეკრულნი არიან მრავალრიცხოვანი აკრძალვებით, - დიდი ინტელექტით არ გამოირჩევიან, როგორც წესი, კარგი ფსიქოლოგები არიან და მდიდარ ფანტაზიას ფლობენ. ასე რომ მარტოდენ გასაუბრების ფაქტი უკვე ცნობილი იქნება კულტის ორგანიზატორებისთვის, რომლებიც გადაწყვეტენ აგიყვანონ თუ არა.
 
პირდაპირობის გარდა, სექტები იყენებენ ირიბ მეთოდებსაც: ინგლისური ენის უფასოდ შესწავლა, გასაუბრება სამსახურთან დაკავშირებით, ჯანმრთელობასთან და კვებასთან დაკავშირებული ტრენინგები, პიროვნული ზრდის "ქოუჩები" და სხვა. გარდა ამისა, სექტანტები აღმერთებენ სხვადასხვა უფასო ტესტებს: ჯანმრთელობის ტესტები, ტესტი "აურაზე", ბიოსფეროზე... როგორც წესი ამ უფასო ტესტებზე თქვენ მიიღებთ მკვეთრად უარყოფით შედეგს. ამის შემდეგ გაგაბრუებენ მრავალგვარი უცხო და გაუგებარი ტერმინებით, რომელთაგან გაიგებთ მხოლოდ იმას, რომ ყველაფერი ძალიან ცუდადაა. და თუ მათ ამ ანკესზე წამოეგებით, შემოგთავაზებენ გადაწყვეტილებას - მიხვიდეთ "კარგი ადამიანების" თავშეყრაზე. ეს არის მანიპულაციის ძველი მეთოდი: დააშინე ადამიანი და შესთავაზე გადაწყვეტილება.
 
დასკვნა მხოლოდ ერთია: არ ილაპარაკოთ სექტანტებთან, არ იაროთ საეჭვო ტრენინგებზე და სემინარებზე, გაიგეთ, რომ ინგლისურ ენას უფასოდ არავინ შეგასწავლით, სხვა ქვენა მიზნები თუ არ გააჩნიათ. როგორმე შეიგნეთ ეს თვითონ და თქვენს ახლობლებსაც შეაგნებინეთ. თქვენს გონებას მხოლოდ თქვენ უნდა აკონტროლებდეთ!
 
მაგრამ რა ემართება ადამიანს, რომელსაც მაინც მოაფიქრდა წასულიყო "კარგი ადამიანების" შეკრებაზე?
 
ვინმემ შეიძლება იფიქროს: "რა მოხდა ასეთი? ნორმალური ადამიანი უცებ წამოვა იქიდან და მორჩა". არ ღირს სექტებისა და დესტრუქციული კულტების დაუფასებლობა. მრავალი სექტანტიც ოდესღაც ნორმალური ადამიანი იყო. დაბნეულ სულთა და მარტოხელა ადამიანთა გარდა სოციალიზაციის პრობლემებით იქ მრავალი ცხოვრებაში შემდგარი ადამიანიც მიდის: კომერსანტები, ბიზნესმენები, ჰოლივუდის მსახიობები და სხვა. გარდა ამისა, იქ იყენებენ ფსიქოტექნიკის სრულ კრებულს და შთაგონების მეთოდებს, რომლებიც ლამის კაცობრიობის დასაბამიდანვეა ცნობილი.
 
ამგვარ შეკრებებზე გარემო მაქსიმალურად არის მიმართული თქვენი პიროვნებისა და კრიტიკული აზროვნების დათრგუნვისკენ. განსაკუთრებული მედიდატიური მუსიკა, ხმის სპეციალური ინტონაცია, გალობები, რიტუალები, მოძრაობათა მონოტონური რიტმი. და, რაც ყველაზე მთავარია, - კოლექტიური შთაგონება. რადგან ადამიანი სოციალური არსებაა, მასში ქვეცნობიერად არის ჩადებული შეგუების მექანიზმები იმ სოციალურ ჯგუფთან და გარემოცვასთან, სადაც ის მოცემულ მომენტში იმყოფება.
 
გონებაზე კონტროლის დამყარების ერთ-ერთი უპირველესი მეთოდი გახლავთ ე. წ. "შეტევა სიყვარულით", როდესაც სექტის წევრები მაქსიმალური თავაზიანობით და კეთილგანწყობით ეპყრობიან ახალბედას. ისინი მას ბევრს შეაქებენ, ეტყვიან კომპლიმენტებს, გამოხატავენ მისდამი თანაგრძნობას, უწოდებენ "ძმას" ან "დას". სხვათა შორის, ადეპტებში მსგავსი დამოკიდებულებები ერთმანეთისადმი ტყუილუბრალოდ როდი ხდება, - ამით ისინი თითქოსდა ცვლიან თქვენს ცნობიერებაში ნამდვილ ოჯახს და ერთობის, საზოგადოობისა და დაცულობის ილუზიას ქმნიან.
 
ასეთ დროს ადამიანში ხდება შაბლონის ნგრევა. როდესაც ის ერთმანეთს ადარებს ახალ ნაცნობებს შორის ურთიერთობას რეალურ სამყაროსთან: პირქუში ადამიანებით ქუჩაში, ახლობლებთან, რომლებთანაც სულ ახლახან შეიძლება კონფლიქტი ჰქონდა. შედარება ამ უკანასკნელთა სასარგებლოდ როდი მიდის. ახალბედას უჩნდება საპასუხო სიმპათია და ნდობა სექტის წევრების მიმართ, და პირიქით, უჩნდება ეჭვი და ანტიპათიური განწყობა გარეგან, ცივ და უცხო სამყაროს მიმართ.
 
შემდეგ ხრიკს შეიძლება ვუწოდოთ უარის თქმა პასუხისმგებლობაზე. მრავალ ადამიანს არ უყვარს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება, რითაც სექტათა ორგანიზატორებიც სარგებლობენ. ახალბედა, რომელიც უკვე ენდობა სექტას და მასზე ფსიქოლოგიურად დამოკიდებულია იოლად ერწყმის მის იერარქიულ ორგანიზაციას. ეს სიტემა უკვე მრავალ სექტას აქვს აპრობირებული. მასზე აღმასვლა შესაძლებელია მხოლოდ სისტემის მაღალ საფეხურებზე მდგომებისადმი და თვით სექტის ორგანიზატორებისადმი მორჩილებით (გურუ, მოძღვარი და სხვა). მოცემული "მორჩილების" მსვლელობისას შემოდის აკრძალვათა სისტემა, დიეტა, და სხვა მრავალგვარი ვალდებულება - რომელთაგან ახალი ადამიანების გადმობირებაა.
 
ასევე სხვადასხვა მეთოდებით, კონტექსტიდან ამოგლეჯილი რელიგიური ტექსტებით ან მათი კომპილაციით ადეპტებამდე მიაქვთ აზრი მატერიალური კეთილდღეობისა და საგნების შეძულებისადმი, რომ მეტი განათლებისა და სულის გადარჩენისთვის საჭიროა მათი შეძულება. დიეტები, მრავალრიცხოვანი ვალდებულებები, აკრძალვათა სისტემები, სულელური რიტუალები, უსასრულო ლოცვები, ლიდერისადმი მკაცრი მორჩილება - ეს ყველაფერი თრგუნავს ადამიანების ნებას და ათავისუფლებს მას პასუხისმგებლობისგან, აუცილებლობისგან დამოუკიდებლად მიიღოს საკუთარი გადაწყვეტილებები.
 
კიდევ არსებობს რჩეულობისა და განსაკუთრებულობის შთაგონების ხრიკი, ლიდერის გაღმერთების იდეა (თითქოსდა ის ღმერთს ელაპარაკებოდა ან თვითონ ღმერთი გამოეცხადა), სამყაროს აღსასრულით დაშინება, რომლის შემდეგაც გადარჩებიან მხოლოდ სექტის წევრები, მტრობისა და უნდობლობის შთანერგვა გარემომცველი სამყაროსადმი და ა. შ. ეს ყველაფერი კეთდება მხოლოდ ერთი მიზნით - ადამიანმა ნებაყოფლობით გადასცეს სექტას თავისი ფულადი სახსრები, ქონება, ბინები, სახლები და მთელი საკუთრება დათმოს "საძმოს" (ანუ ორგანიზატორების) კეთილდღეობისა და "აყვავებისთვის".
 
იმის შემდეგ, რაც "განათლებულს" გააღატაკებენ, მას ახალი ადეპტების გადმოსაბირებლად გამოიყენებენ, ან სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის, ან კიდევ უბრალოდ ქუჩაში გააგდებენ. ასე რომ, ძმანო და დანო, ნუ ეძებთ განათლებას იქ, სადაც ის არ არის და ნუ ეძებთ ყოფიერების აზრს იქ, სადაც ეს არ უწყიან.
 
 
ზოგიერთი ტერმინის განმარტება:
 
1. დესტრუქციული სექტა (კულტი): ორგანიზაციის სახეობა, რომლის საკულტო პრაქტიკა ავტორიტეტულ სოციალურ ინსტიტუტთა მიერ აღიარებულია დამანგრევლად პიროვნებასთან მიმართებაში, რომელიც ანგრევს მის სულიერ და ფიზიკურ ჯანმრთელობას, ღირებულებათა სისტემას და ცხოვრების წესს; არღვევს გარანტირებულ უფლებებს და ადამიანის თავისუფლებას, საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობრიობის ნორმებს.
 
2. ტოტალიტარული სექტა (ლათ. Totalis - მთლიანი, სრული). ორგანიზაცია, რომელიც ამყარებს სრულ, ყოვლისმომცველ კონტროლს თავის წევრთა ცხოვრების წესსა და აზროვნებაზე.
 
 
საიტი "აპოკალიფსისი".

მომზადებულია მართლმადიდებლური წყაროების მიხედვით. 2023 წ.
Назад к содержимому