ანგელოზები - სულებთან კონტაქტის საშიშროება - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > ანგელოზები
სულებთან კონტაქტის საშიშროება
ანგელოზთა იერარქია
1. ანგელოზთა შესახებ

წმ. იოანე დამასკელი. მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა. თავი მეჩვიდმეტე.

იგი არის ანგელოზთა შემქმნელი და დამბადებელი. მან შემოიყვანა ისინი არარსებობიდან არსებობაში და საკუთარი ხატისებრ უსხეულო ბუნებად შექმნა ისინი, როგორც რამ სული ან უნივთო ცეცხლი. ღვთაებრივი დავითი ამგვარად ამბობს: „ვინც შექმნა თავისი ანგელოზები სულებად და თავისი მსახურები - ცეცხლის ალად“ (ფს. 103,4), გამოგვისახავს რა ამით მათ სიმსუბუქეს, ცეცხლოვანებას, სიმხურვალეს, უმახვილესობასა და მგზნებარებას საღვთო მისწრაფებაში და მსახურებაში, აგრეთვე, მათ ზემსწრაფველობას და ყოველგვარი ნივთიერი აზრისგან განშორებულობას.
ანგელოზთა იერარქია
ამიტომ, ანგელოზი არის არსება გონისმიერი, მარადმოძრავი, თვითუფლებრივი, უსხეულო, ღვთისადმი მომსახურე, მადლით უკვდავების მიმღები ბუნებაში, რომლის არსების სახე და საზღვარი მხოლოდ შემოქმედმა უწყის. იგი ითქმის უსხეულოდ და უნივთოდ ოდენ ჩვენთან შედარებით, რადგან უდარებელია მხოლოდ ღმერთი და მხოლოდ ღვთაებაა ჭეშმარიტად უნივთო და უსხეულო, რის გამოც მასთან შედარებით ყოველივე განხშოებულია და ნივთიერი.

ამრიგად, ანგელოზი არის მოაზროვნე ბუნება, თვითუფლებრივი, განზრახულების მიხედვით ცვალებადი ანუ ნებითცვალებადი, რადგან ყოველივე ქმნილი ცვალებადიცაა, უცვლელი კი მხოლოდ შეუქმნელია. ამასთან, ყოველივე, რაც მოაზროვნეა, თვითუფლებრივია. ამიტომ, იგი, როგორც მოაზროვნე და გონისმიერი, თვითუფლებრივია, ხოლო როგორც ქმნილი, -ცვალებადი, აქვს რა უფლებამოსილება დარჩეს და წარემატოს სიკეთეში, ანდა უარესისკენ შეიცვალოს. იგი, როგორც უსხეულო, სინანულის ვერმიმღებია, მაშინ როცა ადამიანმა სხეულის უძლურების გამო ჰპოვა სინანული.

ანგელოზი უკვდავია, მაგრამ არა ბუნებით, არამედ - მადლით, რადგან ყოველივე ის, რაც დაწყებულია, ბუნებით დასრულებადიცაა. მხოლოდ ღმერთია მარადის მყოფი, უფრო კი -მარადისობაზე უზემოესი, რადგან თვით არის ჟამთა შემოქმედი.

ანგელოზები არიან მეორადი გონისმიერი სინათლეები, რომლებსაც პირველადი და დაუსაბამო სინათლისგან აქვთ განმანათლებლობა. არ საჭიროებენ ისინი ენას და ყურს, არამედ წარმოთქმითი სიტყვის გარეშე უნაწილებენ ურთიერთს საკუთარ აზრებსა და განზრახვებს.

ყველა ანგელოზი სიტყვის მიერ შეიქმნა და სულიწმინდისეული განწმენდის გზით სრულიქმნა, წილმქონეა რა თითოეული მათგანი თავისი ღირსების და წესის შესაბამისი განმანათლებლობისა და მადლისა.

ანგელოზები გარეშეწერილნი არიან, რადგან როდესაც ცაში არიან, არ არიან მიწაზე, ხოლო ღვთის მიერ მიწაზე მოვლენილნი არ იმყოფებიან ცაში; თუმცა არ იზღუდებიან ისინი კედლებითა და კარიბჭეებით ანთუ კლიტეებითა და ბეჭდებით, რადგან შემოუზღუდავნი არიან. შემოუზღუდავს ვამბობ ანგელოზებს, რადგან როგორებიც არიან, იმგვარები როდი წარმოუჩნდებიან მას, ვინც ღირსია და ვისთვისაც ინება ღმერთმა მათი ცხადჩენა, არამედ - გარდასახულად, ისე როგორც ძალუძთ მხილველებს მათი ხილვა. მართლაც, ბუნებითად და საკუთრივად შეუზღუდავი მხოლოდ ისაა, რაც შეუქმნელია, რადგან ყოველი შენაქმნი თავისი შემქმნელი ღვთისგან არის შემოზღუდული.

ანგელოზებს განწმენდილობა აქვთ არსების გარედან, სულიწმინდისგან; ისინი წინასწარმეტყველებენ საღვთო მადლის მიერ; არ საჭიროებენ ქორწინებას, რადგან არ არიან მოკვდავნი.

ანგელოზები, როგორც გონებანი, შესაბამისად, გონისეულ ადგილებში არიან, არათუ სხეულებრივად გარეშეწერილნი (რადგან ისინი ბუნებითად სხეულებრივი აღნაგობისანი არ არიან, არცთუ სამმხრივ არიან განფენილნი) არამედ - იმგვარად, რომ სადაც ებრძანებათ, იქ იმკვიდრებენ და იქ მოქმედებენ გონისეულად, არ ძალუძთ რა, რომ ერთდროულად იყვნენ აქაც და იქაც, და მოქმედებდნენ.

არ ვიცით, არსებით თანასწორნი არიან ისინი, თუ ურთიერთისგან განსხვავდებიან. მხოლოდ მათმა შემქმნელმა ღმერთმა, ყოვლისმცოდნემ, უწყის ეს.

ანგელოზები ურთიერთისგან სხვაობენ განმანათლებლობითა და მდგომარეობით. მათ ან განმანათლებლობის შესაბამისი მდგომარეობა აქვთ ან მდგომარეობის შესაბამისად არიან ისინი განმანათლებლობის წილმქონეები, და ურთიერთს გაანათლებენ წესისა თუ ბუნების ზეაღმატებულობის მიხედვით, ხოლო ცხადია, რომ ზეაღმატებულები ქვემდგომთათვის განმანათლებლობისა და ცოდნის წილმბოძებლები არიან.

ისინი ძლიერნი არიან და, ამასთან, მზადმყოფნი საღვთო ნების აღსასრულებლად; ბუნებისეული სისწრაფით მყისვე აღმოჩნდებიან ყველგან, სადაც კი საღვთო ნიშანი უბრძანებს მათ; იცავენ დედამიწის მხარეებს, უწინამძღვრებენ ხალხებს და ადგილებს, როგორც განაწესა ისინი დამბადებელმა; განაგებენ ჩვენეულ საქმეებს და შეგვეწევიან ჩვენ; ხოლო რადგან საღვთო ნებისა და ბრძანების შესაბამისად უთუოდ ჩვენზე უზემოესნი არიან, ღვთის გარშემო მყოფობენ მარადის. ძნელაღძვრადნი არიან ბოროტებისადმი და არა აღუძვრელნი, აწ კი აღუძვრელნიც, თუმცა არა ბუნებით, არამედ - მადლით და მხოლო კეთილთან ახლომკვიდრობით; ხედავენ ღმერთს დატევნისებრ და ეს აქვთ მათ საზრდოდ. ჩვენზე უზემოესნი არიან როგორც უსხეულონი და ყოველგვარი სხეულებრივი ვნებულებისგან თავისუფალნი, მაგრამ არა - უვნებონი, რადგან მხოლოდ ღვთაებაა უვნებო. გარდაისახებიან იმად, რადაც უბრძანებს მათ მეუფე ღმერთი. ასე უჩნდებიან ისინი ადამიანებს და საღვთო საიდუმლოებებს უცხადებენ მათ. მკვიდრობენ ცაში და ერთი საქმე აქვთ - უგალობონ ღმერთს და ემსახურონ მის საღვთო ნებას.

როგორც ამბობს უწმინდესი, უსამღვდელოესი და უღვთისმეტყველესი დიონისე არეოპაგელი, მთელმა ღვთისმეტყველებამ, ანუ საღვთო წერილმა, ციური არსებები ცხრად დაასახელა, რასაც ეს საღვთო მღვდელმესრულე სამ სამობით მწყობრად განყოფს. მისი თქმით, პირველი არის ის, რომელიც მარადის ღვთის გარშემოა და, გადმოცემისებრ, უახლოესად და უშუალოდ შეერთებულია მასთან. ესაა ექვსფრთიანი სერაფიმების, მრავალთვალა ქერუბიმებისა და უწმინდეს საყდართა მწყობრი; მეორეა უფლებათა, ძალთა და ხელმწიფებათა მწყობრი, ხოლო მესამე და დამაბოლოებელი - მთავრობათა, მთავარანგელოზთა და ანგელოზთა მწყობრი.

ზოგი ამბობს, რომ ყველა ქმნილების უწინარეს შეიქმნენ ანგელოზები. მაგალითად, გრიგოლ ღვთისმეტყველი გვეუბნება: „პირველად მოიაზრა მან ანგელოზური და ციური ძალები, და მოაზრებული საქმე იყო“. სხვები თვლიან, რომ ისინი შეიქმნენ პირველი ცის დაბადების შემდეგ. ამასთან, ყველა აღიარებს, რომ ანგელოზები ადამიანის შექმნის უწინარესნი არიან. მე ღვთისმეტყველს ვეთანხმები, რადგან პირველად გონისმიერი არსების შექმნა იყო შესაფერისი და შემდეგ - გრძნობადისა, ხოლო შემდეგ ორივე მათგანისგან თვით ადამიანისა.

ვინც ანგელოზებს რაიმე არსების შემქმნელებად ამბობს, იგი პირია მისი მამისა, ეშმაკისა, რადგან ანგელოზები, როგორც ქმნილებები, შემქმნელები არ არიან. ყოვლის შემოქმედი, ყოვლის წინაგანმგებელი და შემამტკიცებელი არის ღმერთი, ის, მხოლო, შეუქმნელი, რომელიც მამაში, ძეში და სულიწმინდაში იგალობება და იდიდება.

წყარო: orthodoxy.ge


2. სატანას და ეშმაკთა შესახებ

წმ. იოანე დამასკელი. მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა. თავი მეთვრამეტე.

ამ ანგელოზურ ძალთაგან დედამიწისეული წესის თავმდგმური, ვისაც ღვთისგან დედამიწის დაცვა ჰქონდა მინდობილი, არათუ ბუნებით უკეთური შეიქმნა, არამედ იყო რა კეთილი, შექმნილი სიკეთისთვის და შემოქმედისგან უკეთურების არანაირი ნაკვალევის არმქონე თავის თავში, ვერ გახდა დამტევი იმ ნათელმოსილებისა და პატივისა, რაც მიენიჭა შემოქმედისგან, არამედ თვითუფლებრივი არჩევანით მიიქცა იგი ბუნებისეულისგან არაბუნებისეულისკენ, თავი აიმაღლა მისი შემქმნელი ღვთის წინააღმდეგ, განიზრახა რა მისდამი დაპირისპირება, და იგი, პირველი განდგომილი სიკეთისგან, ბოროტებაში ჩავარდა, რადგან ბოროტება სხვა არაფერია, თუ არა სიკეთის ნაკლებობა, ისევე როგორც სიბნელე ნაკლებობაა სინათლისა. სიკეთე გონისეული სინათლეა. მსგავსადვე, ბოროტება გონისეული სიბნელეა. ღვთისგან სწორედ სინათლე შეიქმნა და შეიქმნა, როგორც კეთილი, რადგან „ნახა ღმერთმა ყოველივე, რაც ქმნა, და აჰა - კარგი ძალიან“ (შეს. 1,31), მაგრამ თვითუფლებრივი ნებით სიბნელე გახდა იგი, რომელთან ერთად გამოცალკევდა აგრეთვე (რადგან თან გაჰყვა მას) და მასთან თანადაეცა მისდამი დაქვემდებარებულ ანგელოზთა უსასრულო სიმრავლე.
ანგელოზთა იერარქია
ამრიგად, იყვნენ რა იმავე ანგელოზთა ბუნებისა, ბოროტნი გახდნენ ისინი, რადგან არჩევანი კეთილისგან ბოროტისაკენ მიდრიკეს ნებსით. ამიტომ, არავის წინააღმდეგ არა აქვთ მათ უფლებამოსილება ან ძალა, თუ ღვთისგან არ მიეცემათ ნება განგებულებითად, როგორც, მაგალითად, იობთან დაკავშირებით და, როგორც, აგრეთვე, სახარებაში წერია ღორების შესახებ. როდესაც ღვთის ნებართვა აქვთ მათ, ძლიერნიც არიან და გარდაიქმნებიან და გარდაისახებიან კიდეც ზმანებითად იმ სახედ, რა სახედაც ნებავთ.

მომავალი არ იციან არც ღვთის ანგელოზებმა, არც ეშმაკებმა, თუმცა წინასწარმეტყველებენ კი, ერთი მხრივ, ანგელოზები, როდესაც ღმერთი გამოუცხადებს მათ და წინასწარმეტყველებას უბრძანებს (ამიტომ, რასაც ამბობენ, ხდება) ხოლო მეორე მხრივ - ეშმაკებიც, რადგან ზოგჯერ იმას ხედავენ ისინი, რაც შორს ხდება, ზოგჯერ კი - ვარაუდობენ; ამიტომაც ბევრს ტყუიან, რისი რწმუნებაც არ გვმართებს, თუმცა კი მრავალგზის ჭეშმარიტებენ კიდეც ზემოთქმული ხერხის გამოყენებით. მათ იციან, აგრეთვე, წერილიც.

ამრიგად, ყველა ბოროტება და უწმინდური ვნება მათ მიერ არის მოგონილი. ამასთან, ნება აქვთ მიცემული, შეუტიონ ადამიანს, მაგრამ ვინმეს იძულება არ შეუძლიათ, რადგან ჩვენზეა დამოკიდებული, დავუთმობთ მათ შეტევას თუ არ დავუთმობთ. ამიტომ, სატანას, მის ეშმაკებს და მის მიმდევრებს გამზადებული აქვთ უშრეტი ცეცხლი და მარადიული სატანჯველი.

გვმართებს ვიცოდეთ, რომ რაც არის ადამიანებისთვის სიკვდილი, იგივეა ანგელოზებისთვის დაცემა, რადგან დაცემის შემდეგ არ არის მათთვის სინანული, ისევე როგორც არც ადამიანებისთვის - სიკვდილის შემდეგ.

წყარო: orthodoxy.ge
Назад к содержимому