სწავლანი > ანგელოზები
ანგელოზთა ვაკანტური ადგილები
ანუ
ერთი უცნაური სწავლების შესახებ
"ადამიანები მოწოდებულნი არიან შეავსონ დაცემულ ანგელოზთა რიცხვი", - ეს აზრი, პირველად მრავალი წლის წინ მოვისმინე. მაშინ ის საკმაოდ საინტერესოდ და უჩვეულოდ მომეჩვენა. ადამიანს მიეგო უდიდესი პატივი დადგეს ანგელოზთა გვერდით, მიეახლოს ღმრთის საყდარს. უმცროსი ძმა უფროსს უტოლდება. ადამიანი ანგელოზური პატივის ღირსი ხდება!
პირველად ამის შესახებ ილაპარაკა ნეტ. ავგუსტინემ: თავის ყველაზე ცნობილ აპოლოგეტურ თხზულებაში "საღმრთო ქალაქის შესახებ" ის იუწყება ღმრთის მოწყალებაზე, რომელიც შემოკრებს კაცთა მოდგმას "ანგელოზთა დაცემული ნაწილის აღსადგენად და შესავსებად" (Августин, блаженный. Творения: В 4 т. Т. 4: О Граде Божием. Книги XIV–XXII. СПб.: Алетейя; Киев: УЦИММ-Пресс, 1998. С. 509). წიგნში ქრისტიანული რწმენის შეხახებ, რომელიც მან მიწერა ვინმე ლავრენტის, იპონიელი ეპისკოპოსი ასევე წერს, რომ "კაცობრიობას, რომელიც იღუპებოდა, როგორც მემკვიდრეობით, ასევე საკუთარ ცოდვებსა და უბედურებებში, ადრინდელ მდგომარეობაში თავის აღდგენისდა საზომისაებრ უნდა შეევსო ანგელოზთა დასის დანაკლისი, რომელიც ეშმაკისეული დაქცევის შედეგად გაჩნდა" (Августин, блаженный. Энхиридион, или О вере, надежде и любви. М.: Сибирская благозвонница, 2017. С. 65).
იგივე თემას განხილავდა წმ. გრიგოლ დიალოგოსი. ავგუსტინესგან განსხვავებით ის მიიჩნევდა, რომ ანგელოზთა და წმინდანთა რიცხვი ღმრთის ქალაქში თანასწორი იქნებოდა: "... უზენაესი მოქალაქეობა შედგება ანგელოზთა და კაცთაგან, და, ჩვენი აზრით, მასში შევა კაცთა მოდგმის იმდენივე რაოდენობა, რამდენიც იქ რჩეული ანგელოზი დარჩა". წმინდანი ამ აზრს აფუძნებდა მეორე სჯულთა წიგნის ბერძნულ თარგმანს, სადაც წერია: როცა უზენაესი სამკვიდროებს ურიგებდა ხალხებს, როცა ცალ-ცალკე ასახლებდა ადამის მოდგმას, დაუდგინა საზღვრები ერებს ისრაელიანთა რიცხვისამებრ (2 რჯლ. 32:8). ამიტომაც, ზეციურ ქალაქში "შევა ადამიანთა ის რაოდენობა, ანგელოზთა რა რაოდენობაც დარჩა მასში" (იქვე. გვ. 150.)
შემდეგ ეს თემა განავითარა ანსელმ კენტერბერიელმა. ტრაქტატში "რატომ გახდა ღმერთი ადამიანი" ის მსჯელობს დაცემულ ანგელოზთა "ადამიანური ბუნების მქონე არსებებით" ჩანაცვლების მიზეზზე; ის მსჯელობს, იყვნენ თუ არა ანგელოზები შექმნილნი სრულყოფილი რიცხვით, თუ ეს რიცხვი არასრული იყო; დაფიქრებულია იმაზე, უნდა უხაროდეთ თუ არა ადამიანებს ანგელოზთა დაცემა, რადგან ამ მოვლენამ მათთვის ადგილი გაათავისუფლა; გრიგოლ დიალოგოსის კვალობაზე ისიც განიხილავს აზრს, რომ "რჩეულ ადამიანთა რიცხვი კეთილ ანგელოზთა რიცხვს გაუტოლდება". და, ბოლოს, აკეთებს მნიშვნელოვან შენიშვნას: "... არც ერთი ანგელოზიც რომ არ დაღუპულიყო, ადამიანებს მაინც ექნებოდათ თავიანთი ადგილი ზეციურ ქალაქში" (Ансельм Кентерберийский. Почему Бог стал человеком. I, 18 // http://www.agnuz.info/app/webroot/library/36/373/index.htm). მართალია, ამ შენიშვნას ის არ ანვითარებს, როგორც ჩანს იმიტომ, რომ ეჭვქვეშ არ დააყენოს ნეტ. ავგუსტინეს ავტორიტეტული აზრი.
ასეთივე იდეას ვხვდებით აღმოსავლეთის ეკლესიის წარმომადგენელთანაც, კერძოდ, - ღირ. ანასტასი სინელთან: "... წმიდა მამები ამბობენ, რომ როდესაც მართალ კაცთა რიცხვი მიაღწევს დაცემულ ანგელოზთა რაოდენობას და ზეციური სამყარო მათით აივსება, მაშინ დასრულდება ეს წუთისოფელი" (Анастасий Синаит, преподобный. Вопросы и ответы. М.: Сибирская благозвонница, 2009, С. 84). აშკარაა, რომ წმიდა დიდმოწამე ეკატერინეს მონასტრის იღუმენი აქ დასავლელ მამებს - ნეტ. ავგუსტინესა და გრიგოლ დიდს იმოწმებს.
დასავლელ ქრისტიან ავტორთა თხზულებების მეშვეობით ეს აზრი რუსულ წიგნიერებაშიც აღწევს ასე, მაგალითად, სიმეონ პოლოცკი "რწმენის გვირგვინში" წერს: "ცხონდება იმდენი ადამიანი, რამდენი ანგელოზიც დაეცა". თუმცა, რუსულ წიგნიერებაში აზრი დაცემულ ანგელოზთა რიცხვის მართალთა მიერ შევსების შესახებ პირველად გვხვდება სიტყვაში "ზეციურ ძალთა შესახებ" ("Слово о небесных силах"), რომელიც მიწერება წმ. კირილე II-ს, როსტოველ ეპისკოპოსს († 1262).
დროით ჩვენთან უფრო ახლოს მდგომ ავტორთაგან, ამ აზრს ვხვდებით ბარსონუფი ოპტინელთან: "... შექმნილ სულთაგან ყველამ როდი დაიცვა ღმრთის ერთგულება; მესამედი განუდგა თავის შემოქმედს, და კეთილ ანგელოზთაგან ბოროტებად მიიქცნენ, ნათელი ანგელოზებიდან - ბნელ ანგელოზებად იქმნენ. ეს დანაკარგი რომ შეევსო, ღმერთმა შექმნა ადამიანი. ახლა ღმრთისმსახური ადამიანები, თავიანთი აღსასრულის შემდეგ შედიან ანგელოზთა დასებში და, დამსახურებების მიხედვით, ან ანგელოზები ხდებიან, ან კიდევ მთავარანგელოზები, და ა. შ. ეს ხილული სამყარო იარსებებს მანამ, სანამ ივსება მათი რიცხვი, და როდესაც შეივსება - აღსასრულიც მოაწევს (Варсонофий Оптинский, преподобный. Духовное наследие. Свято-Троицкая Сергиева Лавра, 2005. С. 118). იოანე კრონშტადტელიც ასე წერს: "ჩვენ მიწვეულნი ვართ ქერუბიმთა, სერაფიმთა, საყდართა, უფლებათა, ანგელოზთა და მთავარანგელოზთა საზოგადოებაში - ნაცვლად დაცემულ და გაამპარტავნებულ სულთა" (Иоанн Кронштадтский, святой праведный. Моя жизнь во Христе: В 2-х т. Т. 2. СПб., 1893. С. 299).
წყაროების დამოწმება კიდევ შეიძლებოდა, მაგრამ მთავარია გავიგოთ, თუ რატომ აღმოცენდა ასეთი იდეა.
ანალოგები წმიდა და საეკლესიო ისტორიიდან
ნაკლული რიცხვის აღვსების იდეას ჩვენ ვხვდებით წმიდა და საეკლესიო ისტორიაში. თორმეტი მოციქულის რიცხვი რომ შევსებულიყო, დაცემული იუდა ისკარიოტელის ნაცვლად, არჩეულ იქნა მატათა. მოციქული პეტრე, გამყიდველის შეცვლის აუცილებლობის დასაბუთებისას ეყრდნობა ფსალმუნს: განსაგებელი მისი სხუამან მიიღენ (ფსალმ. 108:8). უფალ იესუ ქრისტეს აღთქმა სულიწმიდის გარდამოსვლაზე ეხება თორმეტ მოციქულს, მომავალ საუკუნეში სწორედ თორმეტი მოციქული უნდა დასხდეს თორმეტ საყდარზე (იხ.: მათე 19:28); შედეგად, გაჩნდა აუცილებლობა შევსებულიყო წმიდა თორმეტეული.
ორმოცი სებასტიელი მოწამის ცხოვრება ამ რიცხვის შევსებაზე იუწყება. ერთ-ერთი ჯარისკაცის ადგილი, რომელმაც ვერ გაუძლო წამებას და ამოვიდა ყინულოვანი ტბიდან, იქვე ჩანაცვლებულ იქნა მორწმუნე რომაელი მცველის მიერ.
ორივე შემთხვევაში ხდება განსაკუთრებული რიცხვის შევსება: წმიდა წერილში რიცხვები 12 და 40 სიმბოლური რიცხვებია. აღვსება ხდებოდა მსგავსის მსგავსით ჩანაცვლებით - ადამიანი ჩაანაცვლებდა ადამიანს. თუმცა, ავგუსტინეს და ანსელმს ეს სულაც არ აშფოთებთ, ისინი მიიჩნევდნენ, რომ გონიერ არსებას, ანუ ადამიანს, თავისუფლად შეუძლია ჩაანაცვლოს ასევე გონიერი ანგელოზი.
რიცხვის სრულყოფილება
ნეტ. ავგუსტინე თავის შრომებში დიდ ყურადღებას უთმობდა რიცხვის მნიშვნელობას (იპონიელი ეპისკოპოსის მემკვიდრეობის მკვლევარები აღნიშნავენ, რომ რიცხვებზე მსჯელობისას ავგუსტინე უახლოვდება ნეოპითაგორელებს). აერთიანებს რა ფორმას და რიცხვს, ის წერს, რომ სამყაროში ყველაფერი დაირღვეოდა, რომ არა რიცხვები: "შეხედე ცას და მიწას, ზღვას და ყველაფერს, რაც მათზეა ან მათ ზემოთაა... მათ გააჩნიათ ფორმები, რადგან ფლობენ რიცხვებს; წაართვი მათ ეს და ისინი არაფრად იქცევიან" (Августин, блаженный. О свободной воле. XVI, 42 // https://azbyka.ru/otechnik/Avrelij_Avgustin/o_svobode_voli/#0_2). მთელი სამყარო შექმნილია ზომით, რიცხვით და წონით (შეად.: სოლ. სიბრძნე 11:21), ხოლო შექმნილ ანგელოზთა რიცხვი სრულყოფილია. ამიტომაც დარღვეული ჰარმონიის აღსადგენად ანგელოზთა დასში შეყვანილ უნდა იქნას ადამიანიც.
რამდენი ადამიანი შევა მარადიულ სასუფეველში, იცის მხოლოდ ღმერთმა, და ის არ ზღუდავს ამ რიცხვს
რიცხვის ცნება ავგუსტინესთან აყალიბებს და განაპირობებს საღმრთო ქალაქის ბინადართა სისრულეს. მაგრამ ეს არ ეთანხმება ეკლესიის სწავლებას. მამაჩემის სახლში ბევრი სავანეა (იოანე 14:2), არ არსებობს არანაირი ლიმიტი მათთვის, ვინც ზეციური სამშობლოსკენ მიისწრაფვის. როგორი იქნება ცხონებულთა რაოდენობა, რამდენი ადამიანი შევა მარადიულ სასუფეველში, იცის მხოლოდ ღმერთმა. და ის არ ზღუდავს ამ რიცხვს. ყოველი ადამიანი, ვინც კი სიცოცხლე მიიღო, საღმრთო ჩანაფიქრით ზეციური სასუფევლის მემკვიდრე უნდა გახდეს.
აღმოსავლელ მამათაგან საბოლოო ადამიანთა საბოლოო რაოდენობაზე მსჯელობდა წმ. გრიგოლ ნოსელი (რომელიც ამ რაოდენობას დაცემულ ანგელოზთა რიცხვს არ უკავშირებდა): ღმერთმა "... თავისი წინასწარმცნობელი ძალით წინასწარ გულისხმაჰყო რა სავსება კაცთა, რომლებიც ცხოვრებაში ცხოველური შობით შემოდიან, რამდენადაც ჩვენი ბუნების სიმდაბლისაკენ მიდრეკამ ამგვარი სახე შობისა საერთოდ კაცობრიობისათვის უცილობელი გახადა, რასაც ჯერ კიდევ შობამდე წინასწარ ჭვრეტდა ის, ვინც მომავალს როგორც აწმყოს, ისე ხედავს, ამიტომ ღმერთმა, რომელიც ყოველივეს წესრიგითა და ჰარმონიით განაგებს, შესწორებული ჟამი წინასწარ მოიაზრა, ისე, რომ დროის ხანგრძლივობა განსაზღვრული სულების შემოსვლისათვის საკმარისი ყოფილიყო და მოძრაობა დროის დინებისა მაშინ დამდგარიყო, როცა მასში კაცი აღარ დაიბადებოდა; ხოლო რაჟამს დასრულდება შობა ადამიანთა, მასთან ერთად დასრულდება დროც, ამგვარად მოხდება განახლება ყოველივეს პირველსაფუძვლისა და მთელის შეცვლასთან ერთად შეიცვლება კაცობრივიც - ხრწნადისა და მიწიერისაგან უვნებოდ და მარადიულად" (Григорий Нисский, святитель. Об устроении человека // Григорий Нисский, святитель. Творения: В 8-и ч. Ч. 1. М., 1861. С. 167) (ქართ.: წმიდა გრიგოლ ნოსელი - შესაქმისათვის კაცისა. თ. XXII). სავსების ცნება წმიდა მამისთვის სრულყოფილების ტოლფასია.
ადამიანის შექმნის მოტივი
აზრი იმის შესახებ, რომ ადამიანი შექმნილია დაცემულ ანგელოზთა რაოდენობის შესავსებად არსებითად აკნინებს ადამიანის შექმნის მოტივის ღირებულებას. გამოდის, რომ ღმერთს ადამიანის შექმნა გარეგანი აუცილებლობის ზემოქმედებით გადაუწყვეტია. მაგრამ შემოქმედი არ ექვემდებარება არა მარტო გარეგან აუცილებგლობებს სამყაროსა და ადამიანის შექმნაში, არამედ მას ამისი შინაგანი აუცილებლობაც არა აქვს. "შესაქმე - ეს არის თავისუფალი აქტი, - წერს ვლადიმირ ლოსკი. - ღვთიური არსებისთვის ის არ არის განპირობებული არანაირი "შინაგანი აუცილებლობით"... ღმერთი იმიტომაა შემოქმედი, რომ ისურვა ამად ყოფნა" (Лосский В.Н. Догматическое богословие // Богословские труды. Сб. 8. М.: Издание Московской Патриархии, 1972. С. 145). წმ. გრიგოლ ნოსელი ამბობს, რომ ღმერთმა "სიყვარულის სიჭარბის" გამო არარსებობიდან ყოფიერებად მოიყვანა ადამიანი (Григорий Нисский, святитель. Большое огласительное слово // Григорий Нисский, святитель. Творения: В 8-и ч. Ч. 4. М., 1862. С. 15). ადამიანის შექმნის მიზეზი ლუციფერის ამბოხი და მის მომხრე ანგელოზთა დაცემა კი არა, ღმრთის უსაზღვრო სიკეთე და სიყვარულია.
ანგელოზთასწორი ადამიანი
"ყველანი ღმრთისგან გამოვიდნენ და ღმრთისკენ მიდიან... რათა, განიძარცვონ ხორცი და წინააღმდგომი ხრწნილება... ჩადგნენ ნათელმოსილ ანგელოზთა დასში... ასეთია ცხოვრების მიზანი", - ამბობს წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი (Григорий Богослов, святитель. Песнопения таинственные // Григорий Богослов, святитель. Творения: В 4-х ч. Ч. 4. М., 1844. С. 304).
წმიდა წერილი და წმიდა მამათა მემკვიდრეობა არცთუ იშვიათად ადარებს ადამიანს ანგელოზებს. ასე, მაგალითად, ანგელოზებად იწოდებიან წინასწარმეტყველები მოსე, ანგია და იოანე ნათლისმცემელი. საეკლესიო ტრადიცია ანგელოზებად ხმობს ბერებს, ხოლო მათ ცხოვრებას - ანგელოზთასწორ ცხოვრებად მიიჩნევს. მაგრამ ეს სახელწოდებები და შედარებები უნდა გავიგოთ სიმბოლურად, მეტაფორულად.
ჩვენ ვგავართ ანგელოზებს, რადგან გონიერი ქმნილებები ვართ და თავისუფალი ნება გაგვაჩნია. ჩვენ გვაქვს ერთი მიზანი - შემოქმედის დიდება და მასთან ცხოვრება; ერთგული ანგელოზები ყოველთვის რჩებოდნენ და დარჩებიან ღმერთთან, ხოლო დედამიწაზე მცხოვრები ქრისტიანები, ჯერაც მიმავალნი არიან ზეცად.
მაგრამ მრავალ მსგავსებასთან ერთად განსხვავებებიც საკმაოდ გაგვაჩნია და ეს განსხვავებები მსგავსებებზე უფრო მეტია. ჩვენ სხვადასხვა სამყაროს წარმომადგენლები ვართ და ბუნებითადაც განვსხვავდებით ერთმანეთისგან, აქედან სხვადასხვა მოვალეობები გაგვაჩნია. ანგელოზთა მოვალეობაა - პერსონალურად დაეხმარონ ქრისტიანთ (იხ.: ებრ. 1: 14), დაეხმარონ ქრისტიან ხალხებს ცხონებისკენ მიმავალ გზაზე.
მაგრამ, როგორია ადამიანის მოვალეობა ანგელოზებთან მიმართებაში? შეიძლება თუ არა ლაპარაკი ადამიანების მიერ ანგელოზთა ჩანაცვლებაზე თუნდაც მათ აღდგომის შემდგომ შეცვალებულ მდგომარეობაში? საყოველთაო აღდგომის შემდეგ ჩვენ ანგელოზთასწორნი შევიქნებით (იხ.: ლუკა 20:36), რადგან, მათ მსგავსად, მოვიპოვებთ უკვდავებას. მაგრამ ჩვენს შორის არსებული საკვანძო განსხვავებანი მაინც დარჩება. ამიტომ წმ. გრიგოლ ნაზიანზელის გამოთქმა, რომ ადამიანი ჩადგება ნათელმოსილ ანგელოზტა დასში ლამაზ პოეტურ მეტაფორად უნდა აღვიქვათ.
ღმრთის მსგავსების აღდგენა
თავის საღვთისმეტყველო აზრში ანგელოზთა ადამიანებით ჩანაცვლების შესახებ ავგუსტინე მარტო არ ყოფილა. მაგრამ მამათა უმრავლესობა ასწავლის არა ანგელოზთა რაოდენობის აღდგენას, არამედ ღმრთის მსგავსების აღდგენას ადამიანში, ღმრთი იმ დაბინდული ხატის აღდგენას ადამიანში, რომელიც ცოდვით დაცემით დაირღვა.
ადამიანი მოწოდებულია უმეტესისკენ, ვიდრე ეს ანგელოზთა გვერდით დგომაა: ადამიანი ღმრთის მსგავსებისკენ არის მოწოდებული
ადამიანის მოწოდება უმეტესია, ვიდრე ეს ანგელოზთა გვერდით დგომაა; ის მოწოდებულია განღმრთობისკენ, სწორედ ამიტომაც განკაცდა ღმერთი და ადამიანის ბუნება შეიმოსა.
მომავალ საუკუნეში მართალი ადამიანებიც, და ანგელოზებიც ერთი საღმრთო ქალაქის ბინადრები იქნებიან. მაგრამ, როგორი იქნება ადამიანებისა და ანგელოზების ურთიერთობა, როგორი იქნება მათ შორის დამოკიდებულება, ჩვენ არ ვიცით. ესქატოლოგია სავსეა საიდუმლოებებით, ახლა ბუნდოვნად ვხედავთ, როგორც სარკეში, მაშინ კი პირისპირ ვიხილავთ (1 კორინთ. 13:12). მართალთათვის ყოველგვარი იდუმალება ღმრთის სასუფეველში გამოაშკარავდება, როდესაც ყველაფერი ნათელი გახდება.
წყარო: pravoslavie.ru