Перейти к контенту

საუბრები ბიბლიაზე - ძველი აღთქმის წმიდა წერილი I - აპოკალიფსისი

Пропустить меню
Пропустить меню
ძველი აღთქმის წმიდა წერილი
მოსე და მეფე დავით წინასწარმეტყველი
წინამდებარე ლექციათა კურსი განკუთვნილია სასწავლო სახელმძღვანელოდ ბიბლეისტიკის დარგში იმ სტუდენტთათვის, რომლებიც სწავლობენ "თეოლოგიის" სპეციალობის მიმართულებით, ასევე კვალიფიკაციის ამაღლების სისტემის მსმენელთათვის.

***

 
ავტორი: მღვდ. გენადი ეგოროვი.
 

განყოფილება I
 
 
მოსეს ხუთწიგნეული
 
ხუთწიგნეულად იწოდება წმიდა წერილის პირველი ხუთი წიგნი. მას  უმნიშვნელოვანესი ადგილი უპყრია წმიდა წერილის სხვა წიგნთა შორის, რადგან მასში მოცემულია ბიბლიური გამოცხადების ფუნდამენტური ჭეშმარიტებანი. ჯერ-ერთი, ამ წიგნებში გვეძლევა ყველაზე საზოგადო სწავლება იმის შესახებ, რომ ღმერთი არის სამყაროს შემოქმედი, სამყაროს შესაქმის შესახებ და ადამიანის ადგილის შესახებ ამ სამყაროში. და მეორეც, მოცემულია, როგორც პირველდაწყებითი ადგილი ადამიანისა ამ ქმნილ სამყაროში, ასევე ცოდვით დაცემის ისტორია და ამ ქვეყნიერების დაზიანების ისტორია.
 
ამის შემდეგ - ვეცნობით ღმრთის მოწყალების ისტორიას კაცთა მოდგმისადმი, კაცობრიობის გამოხსნის ისტორიას, ასევე, თუ შეიძლება ითქვას, - ღმრთის საქმიანობის ისტორიას, რომელიც დაკავშირებულია პირველდაწყებით პატივში კაცთა მოდგმის აღდგენასთან და აღთქმას იმის შესახებ, რომ ეს ჭეშმარიტად მოხდება. სწორედ ხუთწიგნეულის გვერდებზე ვხედავთ იმ მიზეზს, რომლის გამოც ხდება ბიბლიური წიგნების გეოგრაფიული თვალსაწიერის არსებითი შევიწროება, მთელი კაცობრიობიდან ერთი ხალხის ვიწრო ჩარჩოებამდე.
 
ტერმინი "ხუთწიგნეული" პირველად ჩნდება ორიგენესთან და ტერტულიანესთან, ანუ ქრისტიან ავტორებთან. თვით ძველი აღთქმის ტექსტში ეს წიგნები ან "რჯულად" იწოდება, ან კიდევ "მოსეს რჯულად", ან "ღმრთის რჯულმდებლობით წიგნებად". მათი ტრადიციული იუდაური სახელწოდებაა "რჯული" – "თორა".
 
ებრაულ ტრადიციაში ბიბლიის თითოეული წიგნი მისი პირველი სიტყვის მიხედვით იწოდება (თანამედროვე პოეზიაში არსებული ანალოგიის მიხედვით, სადაც ავტორის მიერ სახელწაუწერელი ლექსი მისი პირველი სიტყვის მიხედვით იწოდება). სეპტუაგინტის, ანუ წმიდა წერილის ბერძნული თარგმანის ტრადიციაში, თითოეული ამ წიგნთაგან მისი ძირითადი შინაარსის მიხედვით იყო დასათაურებული, ამიტომაც ამ წიგნებმა მიიღეს ასეთი სახელწოდებები: პირველი წიგნი - დაბადება (შესაქმე) (ბერძნულიდან "გენეზის" - წარმოშობა ანუ ჩამოყალიბება), მეორე წიგნი - გამოსვლა, მესამე - ლევიანნი, მეოთხე - რიცხვნი და მეხუთე წიგნი - მეორე რჯულთა.
 
როგორც ადრე ითქვა, ძველი აღთქმის წმიდა წერილის ამა თუ იმ წმიდა წიგნის მნიშვნელობა ჩვენთვის განისაზღვრება ახალ აღთქმაში მისი მოხსენიებითა და დამოწმებებით. ამ წიგნთაგან სამი ხუთ ყველაზე ციტირებად წიგნთა შორის შედის, ესენია: დაბადება, გამოსვლა და მეორე რჯულთა, ისეთ წიგნებთან ერთად, როგორიცაა ფსალმუნი და ესაიას წინასწარმეტყველება.
 
რა სახის მოვლენებს მოიცავს ხუთწიგნეული? ქვეყნიერების შექმნიდან დაწყებული, ის მოიცავს პირველქმნილი კაცობრიობის, პატრიარქთა ეპოქის, აბრაამის დროების, აბრაამის შთამომავლობის ეგვიპტეში გადასახლების ისტორიას, შემდეგ იქიდან ებრაელთა გამოსვლისა და იმ მიწის საზღვრებამდე მგზავრობის ისტორიას, რომელიც ღმერთმა აბრაამის შთამომავლებს მემკვიდრეობად აღუთქვა.
 
უნდა ითქვას, რომ XVII ს-მდე არავის უდავია მოსეს ავტორობაზე. მაგრამ XVII ს-დან დაწყებული ასეთი მცდელობები უკვე გვხვდება, თუმცა რაიმე დამაჯერებელი შედეგი ჯერაც არავის მიუღია. უფრო სერიოზული არგუმენტები იმის სასარგებლოდ, რომ მაინც, ეს წიგნები ძალიან გვიან იყო დაწერილი, ვიდრე ტყვეობის შემდგომი ეპოქის ჩათვლით, წამოყენებულ იქნა XIX ს-ში. მაგრამ XX ს-ის ისტორიულმა, პალეოგრაფიულმა და არქეოლოგიურმა აღმოჩენებმა, ბევრწილ გააუფასურეს XIX ს-ის მეცნიერების მიღწევები, დააბრუნეს რა მეცნიერები იმასთან, რომ ეკლესიამ თავისი დასაბამიდანვე იცოდა ამ წიგნის ავტორის ვინაობა, რომ მათი დამწერი მოსეა (См., напр., статью «Археология библейская» в Православной энциклопедии (Т. III. М., 2001)).
 
თუმცა, ეს არ გამორიცხავს რაიმე გვიანდელ რედაქციებს, რომლებიც შეიძლება ამ წიგნთა ტექსტებში შეგვხვდეს. მაგალითად, არაფერი უშლიდა ხელს უფრო გვიანდელ გადამწერს რომელიმე ადგილის აღწერის დროს, რაიმე დაემატებინა, ან ამ ადგილისთვის სახელი მიეცა, და ეს ჩანართი სრულაც არ უნდა ნიშნავდეს, რომ მთლიანობაში ეს ფრაგმენტი სწორედ იმ დროს არის დაწერილი, როდესაც ესა თუ ის ტოპონიმი მართლაც გამოიყენებოდა.


თავი 1. დასაბამი
 
წმიდა წერილის პირველი წიგნი - დაბადების წიგნი (იქივე "შესაქმე") - მოიცავს პერიოდს ქვეყნის შექმნიდან ვიდრე პატრიარქ იაკობის ეგვიპტეში გადასახლებამდე თავის ძეებთან ერთად და მთავრდება იაკობის გარდაცვალებითა და მისი დაკრძალვით, აგრეთვე იოსების გარდაცვალებით.
 
წიგნში შეიძლება გამოიყოს ოთხი დიდი განყოფილება:
 
პირველი - ეს არის ქვეყნიერების შექმნა, რომელიც აღწერილია პირველ ორ თავში.
 
მეორე – პირვანდელი ქვეყნიერების ისტორია ადამიანის დაცემიდან იწყება და ამ პირველი ქვეყნიერების წარღვნაში დაღუპვით მთავრდება (მესამე თავიდან მერვე თავის ჩათვლით).
 
მესამე - ეს არის პატრიარქალური ეკლესიის ისტორია, რომელიც დაიწყო წარღვნის შემდეგ და, ფაქტობრივად, მოიცავს მთელ დარჩენილ ნაწილს, ანუ დაბადების წიგნის მერვე თავის ბოლოდან ორმოცდამეათე თავის ჩათვლით. აქ ჯერ საუბარია წარღვნის შემდგომი ადამიანების ცხოვრებაზე, ნოედან აბრაამამდე, შემდეგ კი გადმოცემულია რჩეული ხალხის წარმოშობისა და ჩამოყალიბების ისტორია. ეს უკანასკნელი განყოფილება შეიცავს ოთხ ნაწილს, რომლებიც პატრიარქ აბრაამს, მის ძეს ისააკს, შვილიშვილ იაკობისა და შვილთაშვილ იოსებს ეძღვნება.
 
ამ თავში განვიხილავთ დაბადების წიგნში აღწერილ მოვლენებს ქვეყნიერების შექმნიდან და ცოდვით დაცემიდან ვიდრე წარღვნის წყლებით ქვეყნიერების განახლებამდე.
 
 
1.1. ბიბლიური თხრობა ქვეყნიერების შექმნის შესახებ
 
დაბადების წიგნის თხრობა იწყება ქვეყნიერების შექმნით: "თავდაპირველაღ ღმერთმა შექმნა ცა და მიწა". მე დეტალურად არ განვიხილავ შექმნის თითოეული დღის შედგენილობას, ამ საკითხე ეძღვნება ვრცელი და ხელმისაწვდომი ლიტერატურა. თქვენს ყურადღებას გავამახვილებ მხოლოდ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე.
 
პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს თვით სიტყვა "შექმნა" (ებრ. "ბარა"). "ბერეშით ბარა ელოჰიმ" - ასე იწყება ეს მონაკვეთი ებრაულად. სიტყვა "ბერეშით" დაბ. 1.1-ის გარდა წმიდა წერილში კიდევ 4-ჯერ გვხვდება (იერ. 26.1; 27.1; 28.1; 49.34) ერთი და იგივე კონტექსტში: "მეფობის დასაწყისში".
 
"შექმნის" მნიშვნელობით აქ ნახმარია ზმნა, რომელიც წმიდა წერილში არც ერთხელ არ მიეწერება რაიმე ადამიანურ მოქმედებას, ანუ ამით, ჩვენთვის ხელმისაწვდომი ენობრივი საშუალებების ფარგლებში, გვინერგავენ აზრს, რომ მართლაც რაღაც სრულიად ახალი მოხდა, კერძოდ ამაში ვხედავთ მითითებას არაფრისაგან შექმნაზე. ხოლო ბერძნულ ტექსტში "შექმნის" აღსანიშნავად ნახმარია ზმნა "ποιέω" ("პოიეო" - ბერძნ.:  Ἐν ἀρχῇ ἐποίησεν ὁ θεὸς τὸν οὐρανὸν καὶ τὴν γῆν (დაბ. 1:1)). – ზმნა, რომელიც ასევე ნახმარია პოეტური შემოქმედების აღსანიშნავად: ღმერთი აქ წარმოდგენილია როგორც შემოქმედი, როგორც შემთხზველი, როგორც პოეტი, ხელოვანი, რომელიც ქმნის ამ ქვეყნიერებას.
 
სიტყვები: "თავდაპირველად ღმერთმა შექმნა ცა და მიწა" – გვახსენებს იოანეს სახარების პირველ მუხლებს: "დასაბამიდან იყო სიტყვა" (ინ. 1:1, 3), შემდეგ კი ნათქვამია: "ყველაფერი მის მიერ შეიქმნა, და უმისოდ არაფერი შექმნილა, რაც კი შეიქმნა" (ინ. 1:3).
 
ჩვენ გვაქვს უფლება, და ძველი აღთქმა გვაძლევს ამის საშუალებას, ამ დასახელების ერთგვაროვნობა არ მივიჩნიოთ შემთხვევითობად, რადგან სხვა ძველაღთქმისეულ წიგნებში არსებობს უფრო პირდაპირი მითითებები წმიდა სამების მეორე პირის – ღვთის იპოსტასური სიბრძნის – უშუალო მონაწილეობაზე შესაქმეში. კერძოდ, სოლომონის იგავთა წიგნში, მერვე თავში, შეგვიძლია წავიკითხოთ შემდეგი: "უფალმა შემიძინა თავისი გზის დასაწყისში, თავის ქმნილებებამდე დასაბამით; უკუნითიდან დამადგინა, თავიდანვე, ქვეყნის დასაბამიდან. როცა არ იყო უფსკრულები" - ლაპარაკობს თვით სიბრძნე - როცა არც წყალუხვი წყაროები იყო.
 
მე გავჩნდი, ვიდრე მთები დამყარდებოდნენ, ბორცვებზე უწინარეს; როცა ჯერ არც ქვეყანა იყო შექმნილი, არც მინდორ-ველები და არც სამყაროს პირველი მტვერი; როდესაც იგი ზეცას განამზადებდა, იქ ვიყავი, როდესაც უფსკრულის პირზე წრეს ავლებდა, როდესაც მაღლა ცებს ამაგრებდა, უფსკრულის წყაროებს აძლიერებდა, როდესაც ზღვას წესს უდგენდა, რომ წყალი ნაპირებიდან არ გადმოსულიყო, როდესაც ქვეყანას საფუძველს უყრიდა,  მაშინ მე გვერდით ვყავდი, როგორც ოსტატი, დღენიადაგ სიხარული ვიყავი და ყოველ ჟამს მის წინაშე ვლაღობდი,  ვლაღობდი სამყაროში მის მიწაზე და ადამის მოდგმაში იყო ჩემი სიხარული" (იგავ. 8:22-31).
 
ამიტომაც არ არის შემთხვევითი, რომ იოანეს სახარების წინასიტყვაობაში ვხედავთ მითითებას: "ყველაფერი მის მიერ შეიქმნა", ანუ ყოველივე ღვთის სიტყვით არის შექმნილი. გარდა ამისა, გამოთქმა "თავდაპირველად" გვიჩვენებს, რომ, ღირსი მაქსიმე აღმსარებლის თქმით: "დროის ათვლა ქვეყნისა და მიწის შექმნიდან იწყება". ამრიგად, "ღმერთმა ქვეყანა შექმნა არც მარადისობაში და არც დროში, არამედ დროსთან ერთად" (Вильгерт Владимир, свящ. Архимандрит Таврион (Батозский). Жизнеописание, воспоминания духовных чад, проповеди. М.: Отчий дом, 2001, с. 17), რომელიც არის ყოფიერების ცვალებადობა.
 
"მიწა იყო უსახო და უდაბური, ბნელი იდო უფსკრულზე და სული ღვთისა იძვროდა წყლებს ზემოთ" (დაბ. 1:2). ეს სიტყვები სულიწმიდაზე მიუთითებს, და მოწმობს, რომ შესაქმეში წმიდა სამების ყველა პირი მონაწილეობდა. დაბადების წიგნის პირველი მუხლების გარდა, წმიდა წერილის კიდევ რამდენიმე ტექსტი საუბრობს ქვეყნიერების შექმნაზე. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მითითება გვხვდება მაკაბელთა მეორე წიგნში, სადაც ნათქვამია, რომ ღმერთმა ყოველივე არაფრისგან შექმნა. ამის შესახებ დედა ეუბნება თავის შვილებს, როდესაც, განამტკიცებს რა მათ მდევნელთა წინაშე, მოუწოდებს შეხედონ ყოველ ქმნილებას და შეიცნონ, რომ "არსებულისგან არ შეუქმნია ეს ყველაფერი ღმერთს"  (2 მაკ. 7:28). შემდეგ, 103-ე ფსალმუნში შეგვიძლია დავინახოთ ძალზედ პოეტური აღწერა: "შეიმოსე ნათელი, ვითარცა სამოსელი, გარდაართხენ ცანი, ვითარცა კარავნი. რომელმან დაჰრთნა წყლითა ზესკნელნი მისნი, რომელმან დასხნა ღრუბელნი აღსავალად თჳსა, რომელი იქცევის ფრთეთა ზედა ქართასა" (ფსალმ. 103:2-3) და ა. შ. "მან თქუა და იქმნნეს, თავადმან ამცნო და დაებადნეს ... სიტყვითა უფლისაითა ცანი დაემტკიცნეს და სულითა პირისა მისისათა - ყოველი ძალი მათი" (ფსალმ. 32:9, 6).
 
მიტროპოლიტი იეროთეოს ვლახოსი წერს: "ნიკოდიმოს მთაწმინდელის მიხედვით, პირველ დღეს, ანუ კვირას (აღდგომას), დაიწყო ქვეყნისა და ქმნილების შექმნა, ვინაიდან ამ დღეს შეიქმნა ნათელი. კვირას, იესუ ქრისტეს აღდგომით, დაიწყო ქმნილების აღდგენა, და კვირას, სულიწმიდის გარდამოსვლით, ის დასრულდა. მთელი ქმნილება შეიქმნა მამის მიერ ძისა და სულიწმიდის მონაწილეობით; განახლდა ძის მიერ მამის კეთილნებელობითა და სულიწმიდის შეწევნით; ხოლო დასრულდა სულიწმიდის მიერ, რომელიც მამისაგან გამოვალს და ძის მეშვეობით იგზავნება ქვეყნად" (Иерофей (Влахос), митр. Господские праздники. Симферополь: Таврия, 2002, с. 357-358).
 
დაბადების წიგნის პირველ მუხლებში ასევე მითითებულია ქვეყნიერების შექმნის გარკვეული თანმიმდევრობა, პრინციპულად ხაზგასმულია ქმნილების არაღვთიურობა და თეოგონიის (ღმერთთა წარმოშობის) არარსებობა, რომელსაც სხვადასხვა წარმართულ რელიგიებში ვხვდებით (იხ., მაგ.: Ранняя космогоническая поэзия // Фрагменты ранних греческих философов. Ч. 1. М., 1989. С. 33-80): აქ არ არის ღმერთთა ბრძოლა, ქვეყნის დაბადება, ერთი ღმერთის მიერ მეორის შთანთქმა და ა.შ. ყოველივე იქმნება ღვთის უბრალო სიტყვით: "თქვა ღმერთმა: იყოს... და იქმნა ასე". კერძოდ, ხაზგასმულია, მაგალითად, მნათობთა არაღვთიურობა და მათი ფუნქციური დანიშნულება, რომ ისინი განწესებულია განათებისათვის და ღამისა და დღის გამოსაყოფად.
 
აღსანიშნავია სიმეტრიული თხრობა შექმნის შესახებ, რომელიც თითქოს კეტავს თავის წრეს, მივყავართ ადამიანთან, რომელიც მიწისაგან შეიქმნა, მაგრამ, თავდაპირველად შექმნილისგან განსხვავებით, რომელსაც ხატი და სახე არ გააჩნდა, იგი შეიქმნა ღვთის ხატად (Грилихес Леонид, прот. Шестоднев в контексте Священного Писания // Альфа и Омега. 2005. № 2/43). ეს თხრობა დაბადების წიგნში მაშინათვე მიგვითითებს ადამიანის უნიკალურ ადგილზე ქვეყნად. ის თითქოს ღვთაებრივი ბეჭედია, რომლითაც არის აღბეჭდილი მთელი ქმნილება, რომელიც "ძალიან კარგია" (დაბ. 1:31).


1.2. ბიბლიური თხრობის შესაბამისობა სამეცნიერო ჰიპოთეზებთან ქვეყნიერების შექმნის შესახებ

აქტუალურ თემას წარმოადგენს "ექვსთა დღეთა" შედარება სამეცნიერო შეხედულებებთან ქვეყნიერების წარმოშობის შესახებ. ის მრავალჯერ გვხვდება როგორც საეკლესიო ავტორთა, ასევე ანტისაეკლესიო მიმართულების თხზულებათა ფურცლებზე, რადგან სწორედ სამეცნიერო მონაცემებით ცდილობდნენ წმიდა წერილის ჭეშმარიტების უარყოფას და ამის მეშვეობით ზოგადად ქრისტიანული რწმენის ჭეშმარიტების ეჭვქვეშ დაყენებას. შედეგად, დაიწერა მრავალი შრომა, რომელიც მიეძღვნა სამეცნიერო მონაცემთა შესაბამისობაში მოყვანას იმ აღწერილობასთან, რომელსაც დაბადების წიგნში ვხედავთ.
 
მაგრამ მე საერთოდ არ შევუდგები ამჟამად არსებულ ჰიპოთეზების განხილვას. ზუსტი მეცნიერებები გვასწავლიან: სანამ ამოცანის ამოხსნას შევუდგებით, ჯერ უნდა ვეცადოთ გავარკვიოთ მისი ამონახსნის არსებობის პრინციპული შესაძლებლობა. ის შესაძლოა არ არსებობდეს. ჩვენ ვიცით, რომ პირველქმნილი ქვეყანა და ის ქვეყანა, რომელშიც ჩვენ ახლა ვცხოვრობთ, გაჰყო ერთმა მოვლენამ - ცოდვით დაცემამ. რა მოხდა ცოდვით დაცემისას? დაეცა თავად ადამიანი, მან დაკარგა პირველყოფილი სიწმიდე, რომელიც ჰქონდა, დაკარგა თავისი პირველყოფილი შესაძლებლობები. და ადამიანის დანაშაულის გამო მიწა (მაგრამ არა სამოთხე) დაიწყევლა. რა გვაქვს საბოლოოდ? "ტყავის კვართით" შემოსილი ადამიანი თავისი დაცემული გონებით შეიცნობს დაწყევლილ ქვეყნიერებას, ის დაემორჩილა ამაოებასა და ხრწნილებას, და, ამ ქვეყნის შესწავლით, ცდილობს შეადაროს ის, რასაც ხედავს, იმას, რაც აღწერილია დაბადების წიგნში, სადაც შექმნის თითოეულ აქტს ახლავს სიტყვა: "და იხილა ღმერთმა, რომ კარგია".
 
ჩვენ არ ვიცით, როგორ შეიცვალა ქვეყანა. ამიტომ, მაშინაც კი, თუ მოვიფიქრებთ მისი არსებობის ყველაზე ზუსტ მოდელს ცოდვით დაცემის შემდეგ, მას მაინც ვერ განვავრცობთ მანამდელ დროზე. ამიტომ შესაქმის ექვს დღესთან დაკავშირებული "წინააღმდეგობები" - როგორიცაა ბიბლიური ქვეყნერების სურათის აშკარა გეოცენტრიზმი; ნათლისა და მცენარეეების შექმნა მნათობთა შექმნამდე; განსაკუთრებული რიგი ცოცხალ არსებათა ნაშთების აღმოჩენებში – ეწინააღმდეგება მხოლოდ ქვეყნის თანამედროვე მოწყობას და მეტს არაფერს. მაშინ კი ქვეყანა უბრალოდ სხვანაირი იყო. ჩვენ არ ვიცით, როგორი იყო ქმნილება ამ დაცემამდე, გარდა ამისა, არც ის ვიცით, თუ როგორი იყო ადამიანის გონება მის დაცემამდე, და ამიტომ, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად ნაჩქარევია მცდელობა იმისა, რასაც ახლა ვხედავთ, შევადაროთ იმას, რისი დანახვაც შეგვეძლო ადამის ადგილას რომ ვყოფილიყავით.
 
მაგრამ არსებობს კიდევ კითხვები, რომლებიც ეხება ცოდვით დაცემის შემდგომ ქვეყანას. როგორ ავხსნათ ბიბლიური ქრონოლოგიის შეუსაბამობა დედამიწისა და მის მკვიდრთა სავარაუდო ასაკთან? და რატომ არ არის ადამიანის ნაშთები უძველეს ცხოველთა ნაშთებს შორის? აქ უნდა ითქვას შემდეგი. ერთი, ნაშთების განლაგების რიგი მოწმობს იმაზე, თუ ვინ რა თანმიმდევრობით მოკვდა, და არა გაჩნდა. მეორეც, ქვეყანა შექმნილია ადამიანისთვის. რა გვიშლის ხელს ვივარაუდოთ, რომ ადამიანი სამოთხიდან დაწყევლილ მიწაზე გადმოასახლეს უკვე მას შემდეგ, რაც მასზე გარკვეული პროცესები მოხდა და იგი მეტ-ნაკლებად ვარგისი გახდა სასიცოცხლოდ (მაგალითად, გადაშენდნენ დინოზავრები). ხომ არსებობს ერთი გარკვეული მომენტი მიწის წყევლასა და ადამიანთა გაძევებას შორის. ხოლო სამოთხის გარეთ, ამ მომენტის განმავლობაში, შესაძლოა გასულიყო ნებისმიერი რაოდენობის წელი. ეს მხოლოდ ჰიპოთეზაა, მაგრამ იგი სამეცნიერო თვალსაზრისით არაწინააღმდეგობრივია. მაშინ აზრი არა აქვს შევადაროთ "ქვეყნიერების ასაკი" ბიბლიაში მითითებულ ადამიანთა სიცოცხლის ხანგრძლივობას. ამ კუთხით უინტერესო ხდება ევოლუციონისტთა და კრეაციონისტთა პოლემიკაც. ვინაიდან ორივენი თავიანთი შეხედულებების დასამტკიცებლად ოპერირებენ ფაქტებით, რომლებიც დაცემულ ქვეყნიერებას ეხება.
 
ჩვენ ვიცით, რომ ეს ქვეყანა, რომელშიც ვცხოვრობთ, განახლდება, რომ იგი მომავალი ცეცხლისთვის ინახება, და რომ მასზე ყველა საქმე დაიწვება, რომლის შემდეგაც იქნება ახალი ცა და ახალი მიწა, სადაც "დამკვიდრდება სიმართლე" (2 პეტ. 3:7-13). სხვათა შორის, რატომ არ შევადაროთ ქვეყნიერების აღსასრულის შესახებ ბიბლიური გამოცხადება მეცნიერების მონაცემებს? მაგრამ ასეთი გამოკვლევები პრაქტიკულად არ გვხვდება.
 
ამ კუთხით, რა თქმა უნდა, საკმაოდ ფრთხილად უნდა მივუდგეთ როგორც ცდებს შეთანხმებისა, და, პირიქით, შეუსაბამობათა გამოვლენისა სამეცნიერო მონაცემებსა და ბიბლიურ თხრობას შორის, ისე იმ დასკვნებს რწმენის ჭეშმარიტებისა ან მცდარობის შესახებ, რომლებიც ამ ცდების საფუძველზე კეთდება.

 
გაგრძელება იქნება.
 
პუბლიკაცია თარგმნილია და მომზადებულია საიტ "აპოკალიფსისის" რედ. მიერ. თბილისი. 2026 წ.
 
წყარო: Свящ. Геннадий Егоров. Священное писание Ветхого Завета [Текст] : курс лекций. Православный Свято-Тихоновский гуманитарный ун-т, Фак. доп. образования, Каф. теологии. - 3-е изд., испр. и доп. - Москва : Изд-во ПСТГУ, 2011.
Назад к содержимому