Перейти к контенту

განმარტება - როგორ მოხდა, რომ 144000-ს, რომლებიც იდგნენ სიონზე "თავი არ შეუბილწავთ დიაცებთან" და საით "მისდევენ კრავს"? (გამოცხ. 14:4-5) - აპოკალიფსისი

Skip menu
Skip menu
აპოკალიფსისი > განმარტება
როგორ მოხდა, რომ 144000-ს, რომლებიც იდგნენ სიონზე,
"თავი არ შეუბილწავთ დიაცებთან" და საით "მისდევენ კრავს"?

(გამოცხ. 13:4-5)
კრავი სიონის მთაზე და 144000 ქრისტიანი
"ესენი არიან, რომელთაც თავი არ შეუბილწავთ დიაცებთან, რადგანაც არიან ქალწულნი; ესენი არიან, რომელნიც მისდევენ კრავს, სადაც არ უნდა მიდიოდეს იგი; ესენი არიან კაცთა შორის გამოსყიდულნი, როგორც პირველნაყოფი ღვთისა და კრავისათვის. მათი ბაგენი არ იცნობენ სიცრუეს, რადგანაც უბიწონი არიან უფლის საყდრის წინაშე" (გამოცხ. 14:4-5).
 
 
საკითხის გადაწყვეტას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა აღვიქვათ მტკიცება "ზეციურ პირმშოთა" ქალწულების შესახებ, სხვადასხვა დროს თითქმის ყველა კომენტატორი და ღვთისმეტყველი ცდილობდა, რომლებიც თავიანთ შრომებში ახსენებდნენ "აღბეჭდილთ... ისრაელის ძეთა ყოველი ტომიდან" (გამოცხ. 7:4), და რომელთა შესახებაც მოწმობს "გამოცხადება".
 
ასე, მაგალითად, პროფ. ლოპუხინი გვთავაზობს ამ ახალაღთქმისეული მოწმობის გააზრების ბუკვალურ ვარიანტს (თუმცა არ შემოფარგლავს მას მხოლოდ ბუკვალური მნიშვნელობით):
 
"ბოლო დროს ეს რჩეულები და სრულყოფილნი, ქრისტიანობის ერთგულნი რომ დარჩნენ, ანტიქრისტეს დროს, საშინელ დევნულებათა ჟამს, გარემოებათა სირთულეების პირობებში, სრულიად იტყვიან უარს ქორწინებაზე, რომელიც მათ არასასურველი საკვრელებით შეჰკრავდა ანტიქრისტიანულ სამყაროსთან. მათი ქალწულება - ეს არის ქალწულება ამ სიტყვის საკმაოდ ფართო გაგებით, როგორც უმაღლესი ქრისტიანული სათნოება ან, როგორც ყველა ქრისტიანული სათნოების ერთობლიობა სრული უბიწოების დაცვით. ისინი არიან რჩეულები, რადგან, მოიძულეს რა მეუღლეობა, ოჯახური ცხოვრების ყველა სიკეთე, თავი სრულიად ღმრთისმსახურებას მიუძღვნეს და ამ აზრით ყველგან კრავს მიჰყვებიან".
 
მაგრამ პროფ. ლოპუხინი 14-ე თავის მოწმობებში ხედავს "ბოლო ანტიქრისტეს" დროინდელ პერსონაჟებსა და მოვლენებს, რაც გამოცხადების წიგნის "სატაძრო" მნიშვნელობების კონტექსტში ცდომილია.
 
ხოლო ანდრია კესარიელი ვარაუდობს, რომ ას ორმოცდაოთხ ათასში, რომლებიც "სიონზე გალობენ", აღწერილნი არიან ყველა ხალხიდან გამოსული მართლები, რომლებიც ცაში ახალაღთქმისეულ პერიოდში ადიან:
 
"... ან ახალაღთქმისეული ქალწულები, როგორც შინაგანი, ასევე გარეგანი კაცის მიხედვით, რადგან ძველ აღთქმაში ქალწულები მცირედნი იყვნენ".
 
მეტიც, ანდრია კესარიელი გვთავაზობს 14-ე თავში აღწერილი და "მიწისგან გამოსყიდული" 144000 განვასხვაოთ იმ 144000-სგან, რომლებიც აღბეჭდილნი იყვნენ... "ისრაელის ძეთა ყოველი ტომიდან" (გამოცხ. 7:4), და რომელთა ტომობრივი კუთვნილებაც იდუმალთმხილველს ზეციური წიგნიდან ბეჭდების ახსნის დროს ესმა.
 
ანდრია კესარიელი: "ამიტომაც უნდა განვასხვაოთ ეს ათასები ადრე ნაჩვენებთაგან და შეერთებულთაგან ისრაელის ტომთა სახელწოდებების მიხედვით, რომელთა ქალწულებაზე არაფერი თქმულა".
 
რაც შეეხება უბიწო ზეციერ პირმშოთა "სულიერ ქალწულებას", რომელთაც ორივე ზემოთხსენებული ღვთისმეტყველი ახსენებს, - ეს შენიშვნები უდავოდ სწორია, ზუსტად შეესაბამება იმ ხატებებს, რომელთაც თავის ეპისტოლეებში მოც. პავლეც მიმართავს: "რადგან საღვთო შურით მშურს თქვენთვის, ვინაიდან დაგწინდეთ ერთ კაცზე, რათა უბიწო ქალწულად წარგადგინოთ ქრისტეს წინაშე" (2 კორ. 11:2).
 
და მაინც, მიუხედავად ამისა, მტკიცება იმის შესახებ, რომ სიონზე მდგომი 144 000 "არ შებილწულან დიაცებთან, რადგან ქალწულები" არიან უნდა გავიგოთ მხოლოდ და მხოლოდ განყენებული აზრით, ანუ ეს მტკიცებულება უნდა შემოვფარგლოთ "სულიერი ქალწულების" მნიშვნელობით, არანაირი შესაძლებლობა არ გვაქვს, რადგან მასგავი განმარტება განხილვის გარეშე დატოვებს ყველაზე პირდაპირ და ბუკვალურ მოწმობას, რომლის თანახმადაც ზეციერი პირმშოები "არ შებილწულან დიაცებთან".
 
ამიტომაც, იმის გათვალისწინებითაც კი, რომ, - როგორც ანდრია კესარიელი შენიშნავს, ხორციელი ქალწულები ძველაღთმისეულ პერიოდში საკმაოდ მცირედი იყვნენ, - გამოცხ. 14:4-5-ის სიმბოლოებში შეგვიძლია მხოლოდ ძველაღთქმისეული მართლები დავინახოთ, რომლებიც მაცხოვარმა ზეციურ სიონში მაშინათვე აიყვანა, რაც კი "შემუსრა ჯოჯოხეთის ბჭენი" და სიცოცხლემ სიკვდილზე გაიმარჯვა (შეად.: "რამეთუ შემუსრნა ბჭენი რვალისანი და მოქლონნი რკინისანი შეფქვნა" (ფსალმ. 106:16).
 
მაგრამ მიზეზი და ამაღლებული აზრი მათ ბუკვალურ უბიწოებაზე უნდა ვეძებოთ არა იმ მიწიერ და ხორციელ ცხოვრებაში, რომელიც მათ დათმეს "ღვთის სიტყვისა და მოწმობისთვის, რომელიც ჰქონდათ" (გამოცხ. 6:9), - არამედ მათ ქრისტიანულ შობაში "უხრწნელი თესლისგან", რომელიც მათ განიცადეს უკვე იმის შემდეგ, რაც დაასრულეს თავიანთი მიწიერი ცხოვრება (შეად.: "... ვინც არ დაიბადება ხელახლა, ვერ იხილავს ღმრთის სასუფეველს" (ინ. 3:3-7); "როგორც ხრწნადი კი არა, არამედ უხრწნელი თესლის - ღვთის ცოცხალი და წარუვალი სიტყვის მიერ ხელახლა შობილთ..." (1 პეტ. 1:23; ეფეს. 4:8-12; 1 პეტ. 3:18-20 და სხვა).
 
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რადგან ჭეშმარიტების სიტყვა, - რომლისგანაც იყვნენ შობილნი მარადიული ცხოვრებისთვის ძველაღთქმისეული პერიოდის წმიდა მოწამეები და, რომელთა მეშვეობითაც ისინი აღტაცებულ იქნენ ზეციურ სიონში, - მათ აუწყა თვით მკვდრეთით აღმდგარმა ქრისტემ, ბუკვალური ქალწულება მათ ეკუთვნით ზეგარდმო შობისა და იმ ახალი ბუნების ძალით, რომელიც მათ მაცხოვრის აღდგომით მიენიჭათ (ანუ იმ მომენტიდან, როდესაც ისინი, თავიდანვე იმყოფებოდნენ "ტახტის ქვეშ", "გამოსყიდულ იქნენ მიწისგან", მოიპოვეს სპეტაკი სამოსები და ზეციური მღვდელმთავრის მიერ შეყვანილ იქნენ ხელთუქმნელ ზეციურ კარავში (გამოცხ. 6:9-11).
(იმის გათვალისწინებით, რომ უხრწნელი თესლისგან შობის შემდეგ ძველაღთქმისეული მართლები უკვე აღარ დაბრუნებიან ხორციელ ცხოვრებას, - ისინი ყველაზე პირდაპირი და ბუკვალური აზრით "არ შებილწულან დიაცებთან", არამედ მისდევდნენ კრავს ზეციური სიონისკენ, მიიღეს სატაძრო მღვდლობის მსახურება და დადგნენ საღმრთო ტახტთან, როგორც მოზეიმეთა კრება და ახალი აღთქმის პირმშოთა ეკლესია.
 
მეტიც, ძველი ქვეყნიერების ბოლო დღეს ისინი მოჰყვებიან კრავს ციდან მიწაზე, როგორც ზეციური მხედრობა, აღვსილნი ქრისტეს ღვთაებრივი ძალით და მისივე სამეფო დიდებით შემოსილნი (გამოცხ. 19:11-16 - შეად.: "ესენი არიან, რომელნიც მისდევენ კრავს, სადაც არ უნდა მიდიოდეს იგი" (გამოცხ. 14:4).
 
ყოველივე ამასთან ერთდ, მათი ქალწულების სისავსე მოიცავს "სულიერ ქალწულებასაც", რომლის შესახებ მოც. პავლესთან ერთად სწორად განსჯიან პროფ. ლოპუხინიც და ანდრია კესარიელიც).
გარდა ამისა, თუკი "კაცთაგან გამოსყიდულ პირმშოებში" დავინახავთ მხოლოდ თორმეტი ბიბლიური ტომის ძველაღთქმისეულ მართლებს, მათი უბიწოების შესახებ მოწმობაში იხსნება ერთ-ერთი "მესიანური" ხატების ამაღლებული ახალაღთქმისეული აზრი, რომელიც ძველაღთქმისეულ დროს წინასწარმეტყველ მიქას წიგნში იყო მოაზრებული: "უკანასკნელ დღეებში იქნება, რომ მთების თავში დამყარდება უფლის სახლის მთა; გორაკებზე მაღლა აღიმართება და მისკენ დაიწყებენ დენას ხალხები. მოვლენ უამრავი ხალხები და იტყვიან: წამო, ავიდეთ უფლის მთაზე და იაკობის ღვთის ტაძარში, რომ გვასწავლოს თავისი გზები და ვიაროთ მისი ბილიკებით, ... იმ დღეს, ამბობს უფალი, შევკრებ კოჭლებს და თავს მოვუყრი განდევნილთ, რომელნიც მე გავაუბედურე. ნატამალად დავტოვებ კოჭლებს და ძლიერ ხალხად გავხდი მოკვეთილებს; უფალი იქნება მათი მეფე სიონის მთაზე უკუნისამდე" (მიქ. 4:1-7).
(აქ შეიძლება განიმარტოს, რომ "კოჭლობის" ბიბლიური სიმბოლო პირდაპირ არის დაკავშირებული სახელთან "ისრაელი", რადგან პატრიარქმა იაკობმა ეს სახელი მიიღო არა სარწმუნოებრივი ღვაწლის გამო, არამედ იმიტომ, რომ ებრძოდა (ეჭიდავებოდა) ღმერთს, რის შედეგადაც სიცოცხლის ბოლომდე დაკოჭლდა (დაბ. 32:24-31). ამასთან კოჭლობის გამო, მოსეს მცნებების თანახმად, პირუტყვი ბიწიერად მიიჩნეოდა, ანუ ის გამოუსადეგარი იყო მსხვერპლშეწირვისთვის, - ხოლო ლევიტელებს, თუკი ისინი კოჭლობდნენ, ტაძარში მსახურება არ შეეძლოთ.
 
რადგან სახელი "ისრაელი", რომელიც სხვათა შორის, აღნიშნავდა გარკვეულ "სულიერ კოჭლობას", ანუ მიდრეკილებას ღმრთისმბრძოლობისკენ, - ყველა ძველაღთქმისეული მართალი ელოდა მესიის მოსვლას, რომელსაც უნდა აეცილებინა ისრაელისთვის "სულიერი კოჭლობის უკეთურება", შეად.: "... მოვა სიონით მხსნელი და მოაქცევს უღმერთოებისგან იაკობს" (რომ. 11:26; სოფ. 3:19; ებრ. 12:13 და ა. შ.).
მაგრამ ყველაზე ცხადი ახალაღთქმისეული მოწმობა 144000-ზე, რომელიც ზეციურ სიონზე იდგა კრავის ირგვლივ, აღწერილია მტკიცებულებაში, რომ ისინი, როგორც "პირმშონი კაცთაგან" ბუკვალური აზრით არიან "კაცობრიობის ზეციური პირველნაყოფნი", - ხოლო ცნება "პირველნაყოფი" ეს არის მოსეს რჯულის რიტუალურ მცნებათა განუყოფელი ნაწილი (ბერძნულში სიტყვით ἀπαρχή, სხვათა შორის, აღინიშნება ახალი მოსავლის ნაყოფიც, რომელიც ყველაზე საუკეთესოდ მიიჩნეოდა და ტაძარში შეიწირებოდა უფლისადმი (გამ. 34:22; რიცხვ. 18:22, შეად.: იაკ. 1:18).
 
მეტიც, შვიდეულთა ძველაღთქმისეულ დღესასწაულს, რომელიც აღინიშნებოდა ღმრთისადმი პირველმომკილი ძნის მიტანის შემდეგ (ეს ძნა წარმოადგენდა თვით უფლის წინასახეს (ლევ. 23:9-14), გააჩნდა მეორე სახელწოდებაც, კერძოდ: "პირველმოწეული ხორბლისა" (გამ. 34:22-23), ანუ იუწყებოდა ხორბლის ყოველწლიური მკის დაწყებას და ახალაღთქმისეული დროების მსოფლიო მკას მოასწავებდა (იხ. წყარო 1-ლი, წყარო -მე2 და წყარო მე-3).
 
შესაბამისად, თუკი სიონზე მგალობლებში ბუკვალურად დავინახავთ "პირველნაყოფს კაცთაგან", ანუ პირველ და სრულყოფილ ნაყოფს ახალაღთქმისეული მსოფლიო მკისა, რომელიც მიტანილ იქნა მღვდელმთავრის მიერ ზეციურ საყდართან მისი აღდგომის შემდეგ, - გამოცხადების წიგნი 14-ე თავში გვეხსნება მოწმობები, რომლებიც ეძღვნებიან მკას არა მარტო იქ, სადაც ნახსენებია "ნამგლები", "ნაყოფთა მომწიფება" და ა. შ., არამედ ბუკვალურად პირველივე მუხლებიდან, სადაც რეალობაში ხორციელდება ძველაღთქმისეული "სატაძრო" დადგენილებები, რომლებიც დრომდე თავის ბუკვალურ მნიშვნელობათა ქვეშ იყო დაფარული.
 
თანაც ქრისტიანთათვის გასაგებია, რომ საყოველთაო ახალაღთქმისეული მკა აითვლება ორმოცდამეათე დღიდან (ანუ ძველაღთქმისეული "პირველნაყოფთა დღესასწაულის" წინასწარმეტყველური მნიშვნელობიდან - შეად. ინ. 4:35), - ხოლო "კაცობრიობის კეთილ ნაყოფთა" მკა გაგრძელდება მთელ ახალაღთქმისეულ პერიოდში ვიდრე მაცხოვრის მეორედ მოსვლამდე.
 
ნიშანდობლივია ის ვითარებაც, რომ გამოცხადების სიტყვა "კაცთაგან გამოსყიდულთ" ადარებს ძველაღთქმისეულ პირმშოებს, რომლებიც ასეთებად მიიჩნეოდნენ შობის პირველობის მიხედვით და უფლის წმიდა ხვედრს წარმოადგენდნენ (გამ. 13:2; 15-16).
(აქ შეიძლება აღვნიშნოთ, რომ თვითგამოცხადებულ "იეჰოვას მოწმეთა" ცრუმოწმობების საწინააღმდეგოდ, რომლებიც თავს ასაღებენ იმის მოწმეებად, რაც მათ თვალითაც არ უნახავთ და არც ნახვა შეეძლოთ, ის გარემოება, რომ 144 000 გამოცხადებაში წარმოადგენს ღმრთისა და კრავის წმიდა ხვედრს, პირდაპირ ქრისტე-მაცხოვრის ღვთაებრიობაზე მოწმობს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ღვთაებრივი ხვედრის მიძღვნა კრავისადმი იქნება აშკარა კერპთაყვანისმცემლობა, შეად. "ჩემია იგი..." (გამ. 13:2; რიცხვ. 18:15-17 და ა. შ.).
რაც შეეხება მტკიცებულებას: "მათი ბაგენი არ იცნობენ სიცრუეს", - ეს კიდევ ერთხელ მოწმობს იმაზედ, რომ სიონზე მგალობელნი არიან მოწამენი, რომლებმაც აღიარეს ღმერთი და ღვთაებრივი ჭეშმარიტებები არა მარტო ბაგეებით, არამედ თავიანთი საკუთარი სისხლის ხმითაც (შეად.: "ჯერ კიდევ სისხლამდე არ მდგარხართ ცოდვის წინააღმდეგ საომრად" (ებრ. 12:4), რის შემდეგ თვით ეშმაკმაც დაკარგა მათი ცილისწამების შესაძლებლობა იმაში, რომ მათი მოწმობა თითქოსდა იყო პირმოთნეობითი, და რომ ისინი მოუწოდებდნენ იმისკენ, რასაც თვითონვე არ მიჰყვებოდნენ (იხ. შესაბამისი პუბლიკაცია).
 
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მოწამეთა მოწმობა სამყაროს გაეხსნა არა მარტო ადამიანური სიტყვით, რომელიც ყოველთვის ცბიერია; და ასევე არა ისეთი კეთილი საქმეებით, რომლებიც ადამიანისთვის დაკავშირებულია ზოგიერთ მსხვერპლთან, მაგრამ მათგან სიცოცხლის დათმობას არ ითხოვს (შეად.: მთ. 16:25; მკ. 8:35; ინ. 15:13, "... არ შეიყვარეს მათი სული, თვით სიკვდილამდე" (გამოცხ. 12:11). ღმრთის სიტყვისთვის წამებულნი აღიარებდნენ უფალს და თავიანთ რწმენას ყველაზე წმიდა და ყველაზე უდავო მეთოდით, სახარების საკურთხეველზე მათ საკუთარი სული მიიტანეს (შეად.: ებრ. 11:17-19), - ამიტომაც, ნებისმიერ შემთხვევასი მათ აღასრულეს იმაზე მეტი, ვიდრე ამბობდნენ.
(ყველაზე ზოგადი აზრით მზაკვრობა ადამიანის ბაგეებში ადამიანური უწმინდურების ერთ-ერთი გამოვლინებაა (სოფ. 3:9; მთ. 15:18; ეფეს. 4:29). შესაბამისად, ბაგენი, რომლებშიც არ არის ცბიერება, მოწმობენ გულისა და აზრების სიწმიდეზე და ადამიანური სინდისის მსჯავრდაუდებელ მდგომარეობაზე (ინ. 1:47; იაკ. 3:2-8 და სხვა).
ასეა თუ ისე, მოწმობა მიწიდან გამოსყიდულ პირმშოთა სრულყოფილ სიწმიდეზე და უბიწოებაზე მათ წარმოადგენს, როგორც სულ ახლახან ქრისტეში შობილ ახალაღთქმისეულ ეკლესიად, რომელსაც არა აქვს არც ბიწი, არც რაიმე ლაქა, არც ისრაელის კოჭლობა (ეფეს. 5:27).
 
ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ პირმშოთა ეკლესიის უბიწოება "გაიზომა" არა "ხორციელი მცნებების" რჯულით, არამედ ზეციური საყდრის უპრეცედენტო სიწმიდით (შეად.: "... მათი ბაგენი არ იცნობენ სიცრუეს, რადგანაც უბიწონი არიან ღმრთის საყდრის წინაშე" (გამოცხ. 14:5)), - უეჭველია, რომ "სიონზე მგალობელთა" სულიერ სიწმიდეს აქვს ყველაზე სრულყოფილი ხარისხი და ყველაზე ამაღლებული აზრი.
 
გარდა ამისა, შეიძლება შევნიშნოთ, რომ წინასწარმეტყველური პანორამები, რომლებიც აღწერილია 13-ე და 14-ე თავებში, სხვათა შორის ეყრდნობა ყველაზე მნიშვნელოვან დაპირისპირებულობებს, რომელთა შორისაა:

ერთი მხრივ "ზღვა" და "მიწა" (გამოცხ. 13) - და მეორე მხრივ - ზეციური სიონი (გამოცხ. 14:1-5);
 
"მხეცები" ზღვიდან და მიწიდან (გამოცხ. 13) - და ზეციური სასუფეველი და ზეციური კრავი (გამოცხ. 14:1-5);
 
"მიწის მკვიდრნი", რომლებიც თაყვანს სცემენ მხეცსა და მის ხატს (გამოცხ. 13), - და "მგალობელნი სიონზე" (გამოცხ. 14:1-5);
 
მხეცის სახელის დაღი (გამოცხ. 13:17-18) - და ბეჭედი ღმერთის სახელით (გამოცხ. 14:1);
 
ურჩხულისა და მხეცის თაყვანისცემა (გამოცხ. 13) - და კრავისადმი ერთგულება (გამოცხ. 14:4);
 
მხეცის "ურჩხულისებრი" ბაგეები (როგორც ზღვიდან, ასევე მიწიდან ამომავალი ურჩხულებისა), - და ბაგენი, რომლებიც "უბიწონი არიან უფლის საყდრის წინაშე" (გამოცხ. 14:5).0
 
ხოლო რადგან "მხეცის დაღით" დაღდასმულნი "უკეთურ ალტერნატივას" წარმოადგენენ იმ ადამიანებისა, რომლებიც ზეციერი მამის ბეჭდით არიან დაბეჭდილნი, - სრულიად ცხადია, რომ ეს "მხეცური" დამღა არ წარმოადგენს რაიმე გარეგან ატრიბუტს, რომელიც ადამიანებს მათი საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ ეძლევათ, არამედ წარმოადგენს მათ საკუთარ შინაგან უწმინდურებას და სხვადასხვა ვნებისა და ბიწიერებისადმი მიდრეკილებას (ამ საკითხს მიეძღვნა ცალკე პუბლიკაცია).
 
მთლიანობაში შეიძლება ვამტკიცოთ, რომ 14-ე თავის ზეციური სიონის ხილვებში იდუმალთმხილველს გამოეცხადა პირმშოთა ზეციური ეკლესია, რომელიც "გამოსყიდულია მიწისგან" მაცხოვრის სისხლით, რომელმაც სძლია "მხეცის დამღას" უკვე თავისი შობის მეთოდითაც (უხრწნელი თესლისგან), მოიპოვა სრულყოფილი მდგომარეობა, აღვიდა ზეცად და განუხრელად იმყოფება იქ ღმრთის წინაშე: "... ქრისტემ შეიყვარა ეკლესია და თავი გასწირა მისთვის, რათა წმიდაეყო იგი და განეწმიდა წყალში განბანით სიტყვის მეშვეობით; რათა განემზადებინა იგი თავისთვის დიდებულ ეკლესიად, არ ჰქონოდა მწიკვლი ან მანკი, ან რაიმე მისი მსგავსი, არამედ, პირიქით, რათა წმიდა და უბიწო ყოფილიყო" (ეფეს. 5:25-27).


მასალა მომზადებულია საიტ "აპოკალიფსისის" რედაქციის მიერ მართლმადიდებლური .წყაროების. მიხედვით. 2025 წ.

თემატურად მსგავსი პუბლიკაციები: იხ. სარჩევში.
Назад к содержимому