აპოკალიფსისი > განმარტება
"მხეცის ნიშანი 666": რა არის ეს და როგორ ვებრძოლოთ მას?
(გამოცხ. 13:16-18)
"და აიძულებს ყველას, დიდსა თუ მცირეს, მდიდარსა თუ ღარიბს, მონასა თუ თავისუფალს, ნიშანი დაისვან მარჯვენა ხელსა თუ შუბლზე. ასე რომ, ვერავინ იყიდის ან გაყიდის რამეს, მათ გარდა, ვისაც აქვს დამღა - მხეცის სახელი, ან მისი სახელის რიცხვი. აქაა სიბრძნე; ვისაც აქვს გონება, გამოითვალოს მხეცის რიცხვი, რადგანაც ესაა რიცხვი კაცისა, და მისი რიცხვი - ექვსას სამოცდაექვსი" (გამოცხ. 13:16-18).
ერთ-ერთი ყველაზე უმნიშვნელოვანესი მოწმობა, რომელიც აღწერილია 13-ე თავის ბოლო მუხლებში, მდგომარეობს იმაში, რომ "მხეცის დამღა", "მხეცის სახელი" და "მისი სახელის რიცხვი" წარმოგვიდგებიან, თანაბარმნიშვნელოვან და ურთიერთჩანაცვლებად ტერმინებად, ხოლო ნებისმიერი მათგანის მიღებას "მარჯვენა ხელზე ... ან შუბლზე" ადამიანი მიჰყავს სრულიად ერთნაირ შედეგებამდე.
ეს კი ნიშნავს, რომ ყველა შესაძლო უკეთური სახელისა და "რიცხვის" არსი კონცენტრირებულია არა თვით ამ ცნებებში, - არამედ იმ ერთიან "დამდაღავ" მოქმედებაში, რომელიც ამ ცნებებს ერთ მნიშვნელობად აერთიანებს.
(ადრე უკვე აღინიშნებოდა, რომ მხეცის დაღი დაპირისპირებულია ღვთაებრივ ბეჭედს, რომლითაც აღიბეჭდებიან ცხონების გზაზე შემდგარი ადამიანები, და იქვე განიხილებოდა საკითხი, თუ როგორი "ყიდვა" და "გაყიდვა" არის შეუძლებელი მათთვის, ვინც არ მიიღებს "მხეცის ბეჭედს", ან "მხეცის სახელს", ან კიდევ "მისი სახელის რიცხვს", - და თუ რატომ არის ადამიანისთვის თავსმოხვეული უკეთური ნიშნების "მიღება" ურჩხულისა და მხეცის თაყვანისცემის ტოლფარდი.
რადგან აზრი არა აქვს იმის განმეორებას, რაც უკვე გამოქვეყნებულ იყო, - დაბეჯითებითი თხვონაა გახსნათ (ლურჯი ფერით) მითითებული ლინკები და გაეცნოთ მსჯელობებს, რომლებიც პირდაპირ არიან დაკავშირებულნი წინამდებარე პუბლიკაციის თემასთან).
მეორე მხრივ, ყველასთვის, ვინც კი დაინტერესებულია გამოცხადების წიგნით, კარგად არის ცნობილი, რომ მოც. იოანეს სიტყვები: "ვისაც აქვს გონება" და წინადადება "გამოითვალოს მხეცის რიცხვი" ხშირად განიმარტება, როგორც მოწოდება გადაწყვიტონ განსაზღვრული მათემატიკური ამოცანა, რომელიც დადის რომელიღაც ბუკვალური სახელის "გამოთვლამდე", ანუ ანბანის ასო-ნიშანთა შესატყვისი რიცხვითი მნიშვნელობის (ანუ იზოფსეფიის) მიხედვით, რომელიც ყველა ძველი ანბანისთვის არის დამახასიათებელი.
(აქ შეიძლება განვმარტოთ, რომ ცალკეული ციფრული სიმბოლოების გაჩენამდე ყველა ძველ ენაში რიცხვების ჩასაწერად გამოიყენებოდა ალფავიტის ასოები, თანაც იუდაური ტრადიციის თანახმად სიტყვებს ან გამონათქვამებს, რომელთაც ერთი და იგივე "ასოთა ჯამი" ჰქონდათ, ერთი შინაარსის მქონედ მიიჩნევდნენ.
მსგავსი "დაფარული" შესაბამისობების ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მაგალითს წარმოადგენს სიტყვათშეხამება "სპილენძის გველი", რადგან ივრითზე ამ ორი სიტყვის დაწერისას მისი შემადგენელი ასოების ციფრული ჯამი უდრის სამას ორმოცდათვრამეტს (358), - ზუსტად ასოთა ასეთივე ჯამი გააჩნია ივრითზე დაწერილ სიტყვას "მესია", შეად.: "და როგორც მოსემ აღმართა გველი უდაბნოში, ასევე უნდა აღიმართოს ძეც კაცისა, რათა ყოველი მისი მორწმუნე კი არ წარწყმდეს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე" (ინ. 3:14-15)).
მიუხედავად ამისა, ძალიან საეჭვოა, რომ მოც. იოანე, რომელმაც მთელი თავისი სიცოცხლე მიუძღვნა მოწმობას იესუ ქრისტეზე და ისეთ სწავლებას, რომელიც მორწმუნეებს მოუწოდებს, რათა სულიც კი დადონ მოყვასისთვის (ინ. 15:13), მოულოდნელად ცხონების მეძიებელ და მოწყურებულ ადამიანებს აძლევს ერთგვარ ინტელექტუალურ წინააღმდეგობას, რომლის ამოხსნის გარეშე, - თუ "მიწიერი" გონებით და "მიწიერი" ერუდიციით არ გადაწყვიტეს გამოცხადების წიგნის ადრესატებმა, - ვერ იცნობენ "მხეცს" და ვერ შეძლებენ თავის დაცვას მოციქულის მიერ აღწერილი უკეთური დაღისგან.
(სიტყვამ მოიტანა და, ადამიანური ინტელექტი, როგორც ფიზიკური ძალა, არის
ამავდროულად "ცხოვრებისეული" ძალაც, რომელსაც მიწიერი ბუნება გააჩნია და
არანაირად არის დამოკიდებული მორწმუნე ადამიანის სულიერ მდგომარეობაზე).
ამასთან "გონება ქრისტესი" და "ზეგარდმო გადმოსული სიბრძნე" (1 კორ. 2:16; იაკ. 3:15-17), მისაწვდომია ქრისტეში მცხოვრები ყველა ადამიანისთვის, სადაც არ გამოირიცხებიან ისინიც, ვინც ძალიან მარტივი კატეგორიებით აზროვნებენ, - მაგრამ აბსოლუტურად მიუწვდომელნი არიან ძველი ბუნების ყველაზე ბრწყინვალე გონების მქონეთათვისაც კი.
მეტიც, ქრისტიანული აზროვნება ვარაუდობს იმასაც, რომ ადამიანმა უარი უნდა თქვას მასში არსებულ "მიწიერ" გონებაზე და მისით შექმნილ წუთისოფლისეულ სიბრძნეზე (შეად.: "... თუ ვინმეს ამ ქვეყნად ბრძენი ჰგონია თავი, შლეგი გახდეს, რომ სიბრძნეს ეზიაროს" (1 კორ. 3:18); "და კიდევ: "იცის უფალმა ბრძენთა ზრახვანი, რომ ფუჭნი არიან ისინი" (1 კორ. 3:20 და სხვა)).
ხოლო რადგან უეჭველია, რომ მოც. იოანე არანაირ პირობებში არ გადაუხვევს ამაღლებულ ახალაღთმისეულ ჭეშმარიტებებს, და მიმართავს არა ხორციელ გონებას და "ცხოვრებისეულ" გამჭრიახობას, არამედ გონებას და სიბრძნეს, რომელიც გააჩნია სულიერ ბუნებას და ადამიანს ენიჭება, როგორც რწმენაში ღვთისმოსავი ცხოვრების ნაყოფი, - ის ინტრიგა, რომელიც იკითხება მოციქულის მოწოდებაში "გამოითვალონ მხეცის რიცხვი", ამქვეყნიური (წუთისოფლისეული) ცნებების ჩარჩოებში პრინციპულად გადაუჭრელია.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არც ყველაზე მიმოწვლილვითი გამოკვლევანი, არც ყველაზე თამამი ვარაუდები, არც მსოფლიო არენაზე გამოსულ ყოველგვარ მბრძანებელთა, პოლიტიკოსთა და საზოგადოებრივ მოღვაწეთა სახელების, გვარების თუ ტიტულების "სიობრივი ჩამონათვალი" ამგვარი გამოთვლებით გატაცებულ მკვლევრებს შესაძლებლობას არ აძლევს "გამოითვალონ მხეცის რიცხვი" იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ამ გამოთვლის აზრი არ მდგომარეობს მათემატიკურ ოპერაციებში ასოებისა და ციფრების გამოყენებით.
თვით "გამოთვლის" ცნება მოცემულ შემთხვევაში ბევრად უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე "გამოანგარიშების" საზოგადოდ მისაწვდომი ცნება (ასე, მაგალითად, ბერძნ. სიტყვის ψηφίζω-ს მნიშვნელობათა შორის არსებობს ისეთი, როგორიცაა "გადაწყვეტა ან განსაზღვრება ხმის მიცემით", "დადგენილება", "მინიჭება", რაც გულისხმობს არა "გამოთვლათა სისწორეს", არამედ გადაწყვეტილების ან ნების გამოხატვის სიმართლეს).
გარდა ამისა, სრულიად ცხადია, რომ თუკი არანაირ მაცხოვნებელ ღვაწლს ადამიანი არ შედგომია, - "მხეცის სახელის რიცხვი" დამოუკიდებლად ან სხვისი დახმარებითაც რომ გამოითვალოს, ასეთი ადამიანი ვერ შეძლებს ისარგებლოს მიღებული ცოდნით და თავი დაიცვას დამღუპველი "რიცხობრივი" ზემოქმედებისგან, რადგან მხეცის ნებისმიერი გამოვლინებისგან ერთადერთ დაცვას წარმოადგენს არა მისი ბუკვალური სახელის ცოდნა, არა საკუთარი თავის დამალვა ვინმეს უცხო ნიშნებისგან და დაღებისგან, არამედ მოთმინება და რწმენა (გამოცხ. 13:10), ანუ შინაგანი თვისებები იმ ადამიანისა, რომელიც ქრისტიანულ სათნოებებში მკვიდრობს.
მაგრამ რომც დავუშვათ, რომ გამოცხ. 13:16-18-ში მაინც არსებობს ერთგვარი "გამოცანა გონებისთვის", - ის არ არის მოცემული გამოცხადების ადრესატის ერთგვარ ინტელექტუალურ თამაშში შესაყვანად: "აბა გამოიცანი" (სწორედ ამგვარი სიტყვებით წარმოიდგენს ამ ასპექტს არქიმანდრიტი იანუარი ივლიევი თავის "აპოკალიფსისის კომენტარებში").
ის ინტრიგა, რომლის გადაწყვეტასაც გვთავაზობს მოც. იოანე, "ხორციელ" ინტელექტუალურ ძალისხმევას სწორი პასუხის უბრალოებასა და სიცხადეს უპირისპირებს, - არადა თვით მოციქული პირველია მათგან, ვისაც "აქვს გონება", ვინც უკვე "გამოითვალა მხეცის რიცხვი" და ყველას გასაგონად აუწყა ამ გამოთვლის შედეგი, უწოდა რა მიღებულ რიცხვს "რიცხვი კაცისა". ხოლო რადგან ალტერნატიული ცნებები (ანუ ერთგვარი "არაადამიანური რიცხვებისა") ბუნებაში არ არსებობს, - მხეცის რიცხვი "კაცისაა" იმ მიზეზით, რომ მისით მინიშნებულია არა ერთი კონკრეტული ადამიანი, არამედ ყოველი "ცოდვის კაცი" და "ძე წარწყმედისა" (2 თესალონიკ. 2:3), რომლებიც კაცობრიობის ისტორიაში უთვალავი იყო.
შესაბამისად, მოციქულის მოწოდება "ჰქონდეს გონება", რომელიც შესაძლებლობას მისცემს ადამიანს "გამოითვალოს" მხეცის რიცხვი, მიმართულია არა მარტო ქრისტეს ეკლესიის იმ წევრებისადმი, რომლებიც დროთა განმავლობაში აღმოჩნდებიან "ბოლო ანტიქრისტეს" ისტორიულ და გეოგრაფიულ სიახლოვეს, - არამედ ყველა ქრისტიანისადმი გამონაკლისის გარეშე, რომლებიც წარმოადგენდნენ და წარმოადგენენ ეკლესიას მთელი ახალაღთქმისეული დროების პერიოდში (რადგან, გამოცხადების ტექსტის მიხედვით გონებას და სიბრძნეს საჭიროებს "ყოველი" და "აქ", და არა "ვიღაც" და "ოდესღაც").
(სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უკეთური ნიშანი უნდა ვიცნოთ არსით, და არა ბუკვალური სახელის მიხედვით, - ხოლო მათ, ვინც "გონების მოპოვებას" ცდილობს ყველა სავარაუდო სახელის "ჩამოთვლით", შევახსენებთ, რომ ასოთა უაზრო კომბინაციების სხვადასხვა ვარიანტები, რომელთა ჯამი გვაძლევს 666-ს, ასობით ათასი შეიძლება იყოს. თანაც კონკრეტული ადამიანების სახელები და ტიტულები შეიძლება ვწეროთ სხვადასხვა ენაზე და სხვადასხვა ტრანსკრიპციით, რისთვისაც შეგვიძლია გამოვიყენოთ სხვადასხვა ალფავიტის ასოები, - ასე რომ შესაძლო სახელთა და ტიტულთა რაოდენობა, რომელიც იზოფსეფიით გვაძლევს ექვსას სამოცდა ექვსს უთვალავია.
ეს კი ნიშნავს, რომ ამ უთვალავი რაოდენობისგან ერთადერთი სახელის ან ცნების განსაზღვრა მოგვიწევს არა იმდენად გამოთვლით, რამდენადაც "მიკუთვნებით", ანუ საკუთარი "შეხედულებით", რომელიც არ წარმოადგენს ობიექტურ მოწმობას და, რომელიც აშკარად არასაკმარისია იმისთვის, რათა გადავარწმუნოთ ისინი, ვინც სხვა შეხედულებას იზიარებს.
ამასთან ზუსტად ასეთივე სუბიექტური გადაწყვეტილების მიღება შეუძლია ყოველ ქრისტიანს იზოფსეფიური გამოთვლების გარეშეც, თუკი უბრალოდ შეაფასებს სიტყვას და საქმეებს ადამიანისა, რომელსაც შეესაბამება ერთ-ერთი ის სახელი ან ტიტული მრავალრიცხოვანი ვარიანტებიდან, რომლებიც სახელის ან ტიტულის შემადგენელი ასოების ჯამიდან გვაძლევენ 666-ის ტოლფარდ მნიშვნელობას.
მაგრამ, რაც ყველაზე მთავარია, - ქრისტიანები ვალდებულნი არიან მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილებანი იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ისინი ადამიანის სიტყვებსა და საქმეებში "ხედავენ" "ხეცის ნიშანს", მაგრამ არ შეუძლიათ მას მიუყენონ ბუკვალური სახელწოდებანი, რომლითაც იზოფსებიით იკრიბება "მხეცის რიცხვი" 666).
რაც შეეხება "ყიდვის" და "გაყიდვის" შესაძლებლობას, - სწორედ უსამართლო "ყიდვა" და "გაყიდვა" ადამიანს შესაძლებლობას აძლევს მოიხვეჭოს სხვადასხვა ხრწნადი ღირებულებანი და დარჩეს "ნორმალურ", ანუ უღმრთო და ურჯულო საზოგადოების ბუნებრივ ნაწილად. ასე რომ, "მხეცის ბეჭდის დადება", რომელიც ადამიანს აძლევს ასეთ შესაძლებლობას, ყველა დროებაში ხდებოდა და მოხდება მთელ მსოფლიოში არა მოტყუებითი სახით, არამედ "ურთიერთშეთანხმებით", - და სრულიად შეესაბამება "მხეცის რიცხვით დადაღული" ადამიანების პირად სურვილს ასეთი ნიშანი გამოიყენოს პირად ინტერესებში (შეად.: "... ვინც თაყვანს სცემს მხეცს ან მის ხატებას და შუბლსა თუ ხელს აღიბეჭდავს მისი ნიშნით" (გამოცხ. 14:9)).
მიუხედავად ამისა, "რიცხვის" ან "მხეცის სახელის" შეზღუდვა ოდენ სიმბოლური მნიშვნელობებით, სადაც უარიყოფა მსგავსი დადაღვის უფრო ვიწრო, პრაქტიკულად ბუკვალური განხორციელება, რომელსაც რომელიღაც გლობალური ღმრთისმბრძოლი პიროვნება ახორციელებს, და თანაც, კონკრეტულ ისტორიულ მოვლენებში, საფუძველშივე არასწორი იქნებოდა.
გამოცხადების წიგნის წინასწარმეტყველურ მნიშვნელობათა სისავსე კი არ გამორიცხავს, არამედ მეტიც, ვარაუდობს კიდეც მთელი ახალაღთქმისეული პერიოდის განმავლობაში ამ უკეთური ხატების სხვადასხვა "ხილულ" გამოვლინებებს, - ამასთან ერთად კი ერთგვარ "უკანასკნელ განხორციელებასაც", რომლის გათვალისწინებით ყველა ზემოთჩამოთვლილი მნიშვნელობა (ანუ ადამიანებზე "მხეცის დაღის" ან "მხეცის სახელის" ან "მხეცის სახელის რიცხვის" დადება) ერთად შეიკრიბება, მიაღწევენ თავიანთ კულმინაციას და აღსრულდებიან "სიტყვა-სიტყვით".
მასალა მომზადებულია საიტ "აპოკალიფსისის" რედაქციის მიერ მართლმადიდებლური .წყაროების. მიხედვით. 2025 წ.