Перейти к контенту

განმარტება - "და ვიხილე: აჰა, კრავი იდგა სიონის მთაზე და მასთან ას ორმოცდაოთხი ათასი..." (გამოცხ. 14:1-3) - აპოკალიფსისი

Skip menu
Skip menu
აპოკალიფსისი > განმარტება
""და ვიხილე: აჰა, კრავი იდგა სიონის მთაზე და მასთან ას ორმოცდაოთხი ათასი,...
რომელნიც გამოსყიდულ იქნენ ქვეყნით"

(გამოცხ. 13:1-3)
კრავი სიონის მთაზე და 144000 ქრისტიანი
და ვიხილე: აჰა, კრავი იდგა სიონის მთაზე და მასთან ას ორმოცდაოთხი ათასი, რომლებსაც ჰქონდათ შუბლზე მისი სახელი და სახელი მისი მამისა. და მომესმა ხმა ზეცით, როგორც მრავალი წყლის ზათქი და როგორც ქუნილის ხმა; ხოლო ხმა, მე რომ მომესმა, მექნარეთა ხმასა ჰგავდა, რომელნიც უკრავენ ქნარზე. და გალობდნენ ახალ საგალობელს ტახტის წინაშე და ოთხი ცხოველისა და უხუცესთა წინაშე; და არავის შეეძლო ესწავლა ეს საგალობელი, ას ორმოცდაოთხი ათასის გარდა, რომელნიც გამოსყიდულ იქნენ ქვეყნით (გამოცხ. 14:1-3).
 
 
ახალი თავის დასაწყისშივე "ზღვისა" და "მიწის" პანორამებისა და ქვეყნად "ორი მხეცის" გამოსვლის ნაცვლად (თ. 13), გამოცხადების წიგნის იდუმალთმხილველს ეხსნება ცისა და ზეციური სიონის ხილვა (შეად.: ეს. 2:1-3; იოველ 3:17; მიქ. 4:2; ზაქ. 8:3 და ა. შ.), სადაც დგას თვით მაცხოვარი, რომელსაც ადრინდელივით ეწოდება "კრავი" (შეად. თავები: 5-7; 12-13). მაგრამ ახლა მოც. იოანე მაცხოვრის ირგვლივ ხედავს 144 000 "აღბეჭდილს" ისრაელის ძეთა ყოველი ტომიდან, რომელთა რიცხვი უკვე ნახსენები იყო ანგელოზის მიერ, რომელიც აღმოდიოდა "მზის აღმოსავლით" და განსაკუთრებული საღმრთო ბეჭედი ჰქონდა (თავი 7).
 
გარდა ამისა, შეიძლება შევნიშნოთ, რომ გამოცხადების წიგნის მეორე ნახევარში ცისქვეშეთის ქვეყნიერების ყოველი ხილვა და ქვეყნად მოქმედი უკეთური პერსონაჟები იქვე იცვლება ცისა და ზეციური კრების პანორამებით, რომლებიც "მიწიერ" უკეთურებას ამაღლებულ საღმრთო რეალობას უპირისპირებენ.
 
ხოლო რადგან გამოცხადების წიგნის ყოველი თავისებურება შემთხვევითი არ არის, არამედ მნიშვნელოვანია, არსებობს საფუძველი ვამტკიცოთ, რომ "მიწიერი" და ზეციური წინასწარმეტყველური პანორამების მონაცვლეობა აღწერს არა დროებით თანმიმდევრობას მოვლენებისას, არამედ პარალელურად არსებულ ორ სამყაროს, სადაც ყოველ მათგანს თავისი "ბინადრები" ჰყავს და თავის კანონებს არის დაქვემდებარებული.
 
მაშ, როგორც კი ეშმაკი გადმოგდებულ იქნა ციდან და მოაკლდა ძალასა და ხელმწიფებას, ცაში გაისმა სახარება, რომელმაც იუწყა კრავის გამარჯვება მსოფლიო უკეთურებასა და თვით სიკვდილზე (თ. 12). მაგრამ ამ გამარჯვების ზეიმი ჯერ-ჯერობით ცით შემოიფარგლება, "მიწა და ზღვა" კი აღვსებულია ჭირვებითა და უბედურებებით (შეად.: " მაშ, ხარობდეთ ზეცანო და ზეცის მკვიდრნო! მაგრამ ვაი მიწას და ზღვას, რადგანაც თქვენში ჩამოგდებულ იქნა ეშმაკი, აღსავსე სასტიკი რისხვით, ვინაიდან იცის, რომ ცოტაღა დარჩა ხანი" (გამოცხ. 12:12 და სხვა)), - ამიტომაც სწორედ "ზღვიდან" და "მიწიდან" ჩნდება ორი მხეცი, რომელთა უკეთურ საქმიანობაზე გვამცნობს გამოცხადების 13-ე თავი.
 
მაგრამ, თუ 13-ე თავში ლაპარაკია ქვეყნად მოქმედი "მხეცების" შესახებ და იმ უბედურებებზე, რომლებიც "მიწის მკვიდრთ" თავს ატყდებათ ციდან ურჩხულის გადმოგდების შედეგად, - 14-ე თავის დასაწყისში იდუმალთმხილველი ხედავს ამ მიწიდან გამოსყიდულთა რაოდენობას, ანუ 144000 ადამიანს, აღბეჭდილს საღმრთო ბეჭდით, რომლებიც წარმოადგენენ პირმშოთა ეკლესიის მოზეიმე კრებას, რომლებიც დამკვიდრებულნი არიან ცაში და ახალი აღთქმის ზეციურ ტაძარში იმყოფებიან.
 
ხოლო რადგან სიონზე უფლისა და მაცხოვრის ირგლივ მდგომარენი ოდნავ სხვაგვარი აზრით აღიქმებიან და წარმოადგენენ უდაბნოს ახალაღთქმისეული გადასვლის დროინდელი საღმრთო ერის მიუდგომელ საბრძოლო ბანაკს (სიმბოლური მნიშვნელობები ძველაღთქმისეული გამოსვლის დროინდელი "წინასწარმეტყველური უდაბნოსი" და ორმოცდაორი საველე-საბრძოლო ბანაკისა ადრე განვიხილეთ, შეად.: "... მიეცა მას ხელმწიფება, რათა მოქმედებდეს ორმოცდაორი თვის მანძილზე" (გამოცხ. 13:5)), შეიძლება ვამტკიცოთ, რომ 12-ე თავი მოწმობს "ქალის გაქცევაზე უდაბნოში", 13-ე თავი - წუთისოფლის მოვლენებსა და ბნელეთის სამეფოზე, სადაც მაცხოვრის მიმდევრებს თავს ატყდებათ ჭირვებანი და დევნულებანი, ხოლო 14-ე თავი ამ სამეფოს უპირისპირებს სიონზე დამტკიცებულ მაცხოვნებელ სავანეს მართალთა, სადაც საღმრთო დიდებით ბრწყინავს მედღესასწაულე ეკლესია და, სადაც ყველაფერი თავიდან ბოლომდე მოწმობს უფალზე და ეძღვნება უფალს.
 
 
მეტიც, სწორედ ამ მნიშვნელობათა შესაბამისად შვიდი ბეჭდის მოხსნის დროს (ანუ იმ მომენტში, რომელიც შეესაბამება ახალაღთქმისეული დროების დაწყებას) იდუმალთმხილველს მხოლოდ ესმოდა აღბეჭდილთა რაოდენობა, მაგრამ თვალნათლივ ვერ ხედავდა მათ (გამოცხ. 7:4-8), - ხოლო 14-ე თავის დასაწყისში, ანუ ახალაღთქმისეული მოვლენების განვითარებისას, ის საკუთარი თვალით უმზერს ზეციურ სიონს და ზეციური იერუსალიმის ურყევ ბანაკს, თანაც მათზე მოწმობს არა მომავალ დროში, არამედ აღწერს როგორც უკვე არსებულ ზეციურ რეალობას.
(სიტყვამ მოიტანა და, აქ ღირს შევაფასოთ, რამდენად შორსაა ამ მნიშვნელობებისგან სხვადასხვა მწვალებლური სწავლებანი მიწიერ "ათასწლოვან მეუფებაზე", სადაც 144 000 აღბეჭდილი ხორციელი ისრაელის მომავალ წარმომადგენლებად განიხილებიან, რომლებიც ბუკვალური იერუსალიმის მესამე ტაძარში იმსახურებენ, ასევე ის "მქადაგებლები", რომლებიც მიწისგან გამოსყიდულ რწმენის პირმშოებში ხედავენ არა ძველაღთქმისეულ დროში გაბრწყინვებულ წინასწარმეტყველთა და მართალთ, არამედ საკუთარ თავს).
ხოლო რადგან სიონზე მდგომთა მოწმობაში იდუმალთმხილველი კვლავ ახსენებს "ქნარზე დამკვრელთ" ("მექნარეთ") და "ახალ საგალობელს" (შეად.: გამოცხ. 5:8-9), - ეს ნიშნავს, რომ 14-ე თავის ხილვა უბრუნდება "სატაძრო სიმბოლიზმის" ენას და, რომ ას ორმოცდაოთხი ათასი აღბეჭდილი, "რომლებსაც ჰქონდათ შუბლზე ...  სახელი მისი მამისა", აგრძელებენ ოცდაოთხი ზეციური მხცოვანის სიმბოლოს და წარმოადგენენ ახალი აღთქმის ზეციური კარვის სამეფო სამღვდელოებას.
(თანაც ას ორმოცდაოთხი ათასი "გამოსყიდული მიწიდან", ისევე როგორც ოცდაოთხი ზეციური მხცოვანი, განლაგებულნი არიან არა უბრალოდ "სიახლოვეს", არამედ კრავისა და ტახტის ირგვლივ, რადგან "ისინი გალობენ ახალ საგალობელს ტახტის წინაშე", ხოლო საღმრთო კრავი იმყოფება "ტახტსა, ოთხ ცხოველსა და უხუცესთა შორის" (გამოცხ. 5:6)).
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ 14-ე თავში ნახსენები "ახალი საგალობელი" ჟღერს არა მთელი სამყაროსთვის, არამედ მიმართულია ზეციური საყდრისკენ, - ასეთ საგალობელს კი გალობენ მხოლოდ რწმენის პირმშონი, რომლებიც მაცხოვარმა ხორციელი სიკვდილისგან გაათავისუფლა და აღდგნენ "პირველი აღდგომით" ("და არავის შეეძლო ესწავლა ეს საგალობელი, ას ორმოცდაოთხი ათასის გარდა, რომელნიც გამოსყიდულ იქნენ ქვეყნით" (გამოცხ. 14:3)), შეად.:
 
"მაგრამ თქვენ მიეახლეთ სიონის მთას და ცოცხალი ღვთის ქალაქს — ზეციურ იერუსალიმს — და აურაცხელ ანგელოზებს, კრებულს და პირმშოთა ეკლესიას, ცაში რომ არიან ჩაწერილნი, და ყველას განმკითხველ ღმერთს და  სრულქმნილებას ზიარებულ მართალთა სულებს" (ებრ. 12:22-23).
 
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, "სიონზე მგალობელნი" მებრძოლთა ბანაკივით შემოერტყნენ უფალსა და მაცხოვარს სახარების დროების დასაწყისში, ხოლო ყველა ის, რაც ამ მომენტამდე "დაფარული იყო უკუნისიდან და თაობათა დასაბამიდან" (კოლას. 1:26), განხორციელდა რეალობაში და შეიმოსა საზეიმო სამღვდლო საგალობლის სიტყვაში.
 
მაგრამ რადგან ახალი აღთქმის დამტკიცებისას "მიწითგან გათავისუფლებულნი" და ზეციურ ტაძარში შესულნი გახდნენ მხოლოდ ძველაღთქმისეული მოწამენი, - ბუკვალურად სისხლისა და სიკვდილის საკვრელთაგან მაცხოვრის მიერ გამოსყიდულნი, - მთელი სამყაროს ბინადართა შორის უახლესი საგალობლის მგალობელი უბრალოდ სხვა ვერავინ შეიძლებოდა ყოფილიყო (რადგან მათ "თანა-მონებსა და ძმებს", რომლებიც "მათსავით მოკლულ უნდა იქმნენ" ჯერაც არ გაუსრულებიათ მათი რიცხვი (გამოცხ. 6:11)).
 
რაც შეეხება განსაკუთრებულ ბეჭედს, რომლითაც არიან აღბეჭდილნი სიონზე და, რომელიც უკვე ნახსენები იყო გამოცხ. 7-ში, - 14-ე თავში ეს ბეჭედი წარდგება "მამის სახელის" ხატებად, რაც "აღბეჭდილთა" საღმრთო მისიასთან ერთად ზუსტად შეესაბამება "სიწმიდის დიადემას", რომელიც იყო მღვდელმთვარ-ლევიტელთა თავსაბურველი (ანუ ბუკვალურად "შუბლზე" წასაკრავი), რომლებიც მსახურობდნენ ხელთქმნილ კარავში (შეად.: "ვუთხარი მათ: თქვენ წმიდა ხართ უფლისათვის..." (ეზრა 8:28; ზაქ. 14:20-21 და ა. შ.).
 
მეტიც, რადგან ზეციური სიონის ხატება შეესაბამება "ღმრთის ქალაქს" (ეს. 60:14; ებრ. 12:22 და სხვა), - სიონზე, კრავის გარშემო მდგომთა ხილვაში იხსნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წინასწარმეტყველური ხატება, კერძოდ შეურყეველ "სულიერ კედელთა" ხატი რომელიც იქმნება ზეციური იერუსალიმის ახალაღთქმისეულ პერიოდში (ზაქ. 2:1-5; ეს. 62:6), შეად.: "კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღაშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისა, შესაწირავი და ყოვლადდასაწუელი; მაშინ შეწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი" (ფსალმ. 50:20-21).
(რადგან ბაბილონის ტყვეობიდან ხალხის დაბრუნებისას იერუსალიმის აღდგენა დაიწყო ქალაქის კედლების სრულიად განსაკუთრებული "სახელობითი" მშენებლობით (ნეემ. 3-ნეემ 6, შეად.: იერ. 1:18-19; იერ. 15:20 და სხვა. - ამ მოვლენათა შესაბამისობა "სიონზე მდგომთა" ხატებასთან, რომელთა რიცხვი შეივსება მთელ ახალაღთქმისეულ პერიოდში, ღირსია ცალკე განხილვისა და გააზრებისა, იხ. შესაბამისი პუბლიკაცია).
მასალა მომზადებულია საიტ "აპოკალიფსისის" რედაქციის მიერ მართლმადიდებლური .წყაროების. მიხედვით. 2025 წ.

თემატურად მსგავსი პუბლიკაციები: იხ. სარჩევში.
Назад к содержимому