განმარტება - ბრძოლა ცაში და ეშმაკის საბოლოო დამარცხება (გამოცხ. 12:7-9) - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > განმარტება
ბრძოლა ცაში და ეშმაკის საბოლოო დამარცხება

(გამოცხ. 12:7-9)
ზეციური ანგელოზები
"და ატყდა ბრძოლა ცაში: მიქაელი და მისი ანგელოზები ებრძოდნენ ურჩხულს, ურჩხული და მისი ანგელოზები კი ებრძოდნენ მათ. მაგრამ ვერ იმძლავრეს და აღარ აღმოჩნდა მათი ადგილი ცაში. და გადმოვარდა დიდი ურჩხული, დასაბამიერი გველი, რომელსაც ჰქვია ეშმაკი და სატანა, მთელი საწუთროს მაცდური; გადმოვარდა ქვეყნად და თან გარდამოცვივდნენ მისი ანგელოზები" (გამოცხ. 12:7-9).
 
 
იდუმალთმხილველის მოწმობა ცაში გამართულ ბრძოლაზე, ვარაუდობს იმ ფაქტის გულისხმისყოფას, რომ მიუხედავად კაცთა მოდგმისადმი თავისი სიძულვილისა და ადამიანის ცოდვისკენ მიდრეკისა, ახალი აღთქმის დამყარებამდე სატანას შეეძლო ყოფნა ანგელოზთა შორის (შეად.: იობი 1:6), ანუ მისთვის ცა ჯერაც მისაწვდომი იყო და მეტიც, გარკვეული სულიერი ძალაუფლებაც ჰქონდა (ლკ. 4:5-6).
 
ანდრია კესარიელი წერს: "ცნობილი უნდა იყოს, რომ გრძნობითი სამყაროს შექმნის შემდეგ, როგორც წმიდა მამები ფიქრობენ, ის შურისა და სიამაყის გამო გადმოგდებულ იქნა, მაგრამ ისე, რომ მას, როგორც მოციქული ბრძანებს, საჰარო ძალთა ადრინდელი მეთაურობა მიეცა" (ეფეს. 6:12).
 
რა თქმა უნდა, დამანგრეველი სატანური ზრახვები და ძველი დროები გადაიკვეთებოდნენ ან შემოიფარგლებოდნენ ღმრთის ანგელოზებით (შეად.: დან. 10:13, 21 და სხვა), - მაგრამ მათი პირადი წინააღმდეგობის დრო ეშმაკის ბოროტი ნებით ჯერაც არ დამდგარიყო (შეად.: მიქაელ მთავარანგელოზმა, ეშმაკს რომ ეპაექრებოდა მოსეს სხეულის გამო, ვერ გაბედა გმობის მსჯავრი წარმოეთქვა მის მიმართ, არამედ თქვა: შეგრისხოს უფალმა! (იუდ. 1:9).
 
ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ დაცემული ქერუბიმის უკეთური საქმეები ღმრთის წმიდა ანგელოზებში ზიზღსა და აღშფოთებას იწვევდა (ზაქ. 3:2; იუდ. 1:9 და სხვა), - ერთი მხრივ, მათი თავმდაბლობა და ღმრთის ნებისადმი მორჩილება, და მეორე მხრივ, თვით ანგელოზთათვისაც კი საღმრთო განგებულების მიუწვდომლობა (1 პეტ. 1:10-12), მიმდინარე მოვლენათა პროცესში მათ თავისუფლად (ანუ "საკუთარი ინიციატივით") ჩარევის უფლებას არ აძლევდა.
 
ამასთან დანიელ წინასწარმეტყველი პირდაპირ მოწმობს იმის შესახებ, რომ დადგება დრო, როდესაც მთავარანგელოზი მიქაელი სათავეში ჩაუდგება უფლის მხედრობას (შეად. გამ. 14) და ღმრთის ერი მოიპოვებს დიად გამარჯვებას (შეად.: "... აღდგება მიქაელი, დიდი მთავარი, შენი ხალხის შვილთა მფარველი..." (დან. 12:1). თანაც ეს გამარჯვება არ შემოიფარგლება რომელიმე ლოკალური დაპირისპირებით, არამედ მას საყოველთაო, მსოფლიო მასშტაბი ექნება, რის შედეგადაც შეუქცევლად შეიცვლება მოწინააღმდეგე მხარის "თავდაპირველი" სულიერი სტატუსი (კერძოდ, მრავალი მკვდარი აღდგება, ხოლო ღმრთის წმინდანი მოიპოვებენ "ზეციურ ვარსკვლავთა" სტატუსსა და დიდებას (დან. 12:1-3)).
 
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სწორედ ქრისტეს აღდგომა მკვდრეთით და ახალი აღთქმის დაფუძნება გახდა ის გარდამტეხი მომენტი, როდესაც ღმრთის ანგელოზთა წინააღმდეგობამ ეშმაკის ზრახვებისა და მოქმედებებისადმი მიიღო "აქტიური დაპირისპირების" სახე.
 
შედეგად, მსგავსად იმისა, როგორც უფლის მხედრობამ ეგვიპტიდან ისრაელის გამოსვლის დროს "ჩაძირა" ფარაონი და მთელი მისი მხედრობა მეწამულ (ანუ წითელ) ზღვაში, - ზეციური მხედრობის ახალაღთქმისეულმა გამარჯვებამ განწმინდა მთელი  ზეცა "სულიერი ფარაონისა" და მისი უკეთური მხედრობისგან, რომელიც ამ მომენტიდან გახდა მართალთა ბრწყინვალე და უსაფრთხო სავანე (შეად. "მეორე ანგელოზმა ჩაჰბერა და თითქოს უზარმაზარი მთა, ცეცხლით მოლაპლაპე, ჩავარდა ზღვაში, და ზღვის მესამედი სისხლად იქცა" (გამოცხ. 8:8).
 
ცალკე შეიძლება აღვნიშნოთ, რომ ჯერ კიდევ ეგვიპტიდან ისრაელის გამოსვლის მოვლენებში ბრძოლა ფარაონთან მიმდინარეობდა არა იმდენად ფიზიკურ, რამდენადაც სულიერ დონეზე, ანუ იქ არ ყოფილა გამოყენებული "უხეში ძალა", იქ არ ჟღარუნობდნენ ხანჯლები, და არ ფრენდნენ ისრები, არ წკარუნობდნენ ფარები და შუბები, - ამიტომაც ახალი აღთქმის დამკვიდრების დროინდელ ზეციურ ბრძოლაშიც, რომლის შედეგადაც საბოლოოდ დაეცა ეშმაკი და ჩამოგდებულ იქნა ციდან, არ ყოფილა არც "ურთიერთდარტყმები", არც რაიმე სხვა მოქმედებანი, რომელთა მიზანიც უხორცო მოწინააღმდეგისთვის "ფიზიკური ზიანის" მიყენება იქნებოდა.
 
ამ ზეციურ ბრძოლას გააჩნდა აქტიური სულიერი წინააღმდეგობის სახე, რომლის ჩარჩოებში, ზეცად ერთმანეთის პირისპირ მდგომი ღმრთის ანგელოზები მტკიცდებოდნენ ზეციურ კურთხევებსა და აღთქმებში, რომელიც მიეცა კაცთა მოდგმას, - ხოლო ეშმაკი და მისი ანგელოზები ეფუძნებოდნენ იმ წყევლებს, რომელთა ძალაუფლებაში იყო მოქცეული ყველა ცოდვილი (და უპირველეს ყოვლისა ისრაელის ხალხი, რომელიც სცოდავდა მოსეს რჯულის წინააღმდეგ, შეად.: "ცოდვამ, იმისათვის, რომ ცოდვად ჩანდეს, სიკეთის მეშვეობით მომაგო სიკვდილი, რათა უცოდვილესად წარმოჩენილიყო მცნების წყალობით" (რომ. 7:13).
 
ხოლო შემდეგ, მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომის შედეგად ეშმაკმა უბრალოდ დაკარგა ის სულიერი საფუძველი, რომელზე დაფუძნებითაც ადიოდა ის ცაში და ცილს სწამებდა კაცობრიობას, - ამიტომაც მან ვერა თუ ვერ შეძლო "გადაესანსლა... ყრმა" (გამოცხ. 12:4), ანუ შეეკრა იგი სიკვდილის საკვრელებით და სამუდამოდ ჩაემწყვდია იგი ქვესკნელში, არამედ თვითონ დაკარგა თავისი ერთადერთი "ზეციური საყრდენი" ცოდვილთათვის გამოთქმული წყევლის სახით, რომელიც მაცხოვარმა აღხოცა თავისი ჯვარცმით.
(ოდნავ გამარტივებული აზრით შეიძლება ვთქვათ, რომ სატანის ქვეშ გაცამტვერდა მისი არამატერიალური საფუძველი, და მას უკვე ვეღარაფერზე შეეძლო დგომა იმათი სულიერი ზეწოლის ქვეშ, ვინც თავის საფუძვლად აირჩია ქვაკუთხედი ლოდი, შეად.: "... აჰა, ქვა დავდგი სიონზე საძირკვლად, ქვა გამონაცადი, ძვირფასი ქვაკუთხედი, მყარი საძირკველი; მასზე დანდობილი, არ შერცხვება" (ეს. 28:16).
 
თანაც გულისხმისყოფა იმისა, რომ ზოგიერთი ბიბლიური ჭეშმარიტება ედრება ქვას (ქვებს), გვკარნახობს იმას, რომ "ძვირფასი ზეციური ქვები" გამოცხადების ხილვაში უნდა აღვიქვათ არა მხოლოდ, როგორც უდიდესი ღირებულება, - არამედ, როგორც "სულიერი სიმაგრე", რომელიც ჩვეულებრივ ქვებს აღემატება სიმტკიცით, რაც კარგად იყო ცნობილი ძველი დროების ადამიანთათვის (გამოცხ. 21:19-20 და სხვა)).
გარდა ამისა, "ზეციური ბრძოლის" მოვლენები ყველა მნიშვნელობით შეესაბამება ზეციური ტაძრის გაწმენდას (გამ. 30:10, ლევ. 16:29-34 და სხვა), რის შედეგადაც ციდან განგდებულ იქნა ყოველგვარი უწმინდურება და "საფუარი" (1) (გამ. 30:10, ლევ. 16:29-34 და სხვა), - ხოლო დაასრულა ეს ახალაღთქმისეული განწმენდა თვით მაცხოვარმა, რომელიც თავისი სისხლით შევიდა ზეციურ ტაძარში და სამუდამოდ განწმინდა "ზესკნელი" საღმრთო ნების საზეიმო საბუდრად:
 
"აწ განისჯება ეს ქვეყანა, აწ განდევნიან ამ ქვეყნის მთავარს" (ინ. 12:31).
 
"ვინაიდან მოსემ, როცა წარმოთქვა მთელი ხალხის წინაშე ყველა მცნება რჯულისამებრ, აიღო ზვარაკთა და ვაცთა სისხლი წყალთან, მეწამულ მატყლთან და უსუპთან ერთად და აპკურა როგორც წიგნს, ისე მთელ ხალხს. და თქვა: "ესაა სისხლი აღთქმისა, რომელიც ღმერთმა აღგითქვათ თქვენ". მან კარავსაც და მთელ სამსახურებელ ჭურჭელსაც ასხურა სისხლი. თითქმის ყველაფერი, რჯულის მიხედვით, სისხლით წმიდავდება, და სისხლის დაუღვრელად არ ხდება მიტევება. ამგვარად, იმათი სახეები, რომლებიც ზეცაში არიან, უნდა წმიდავდებოდნენ ამით, თვით ზეციურნი კი ამაზე უმჯობესი მსხვერპლებით" (ებრ. 9:19-23).
 
__________________
 
საფუარი - ეს არის პროდუქტი, რომელიც იცვლება შიდა ბიოლოგიური პროცესების შედეგად. ამ პროცესებს სასურველი მიმართულება რომ მისცემოდა ადამიანები იყენებდნენ შემადგენლობას, რომელიც ბიბლიაში მოიხსენიება სიტყვით "საფუარი". ეს ტერმინი წმიდა წერილში გამოიყენება, როგორც ნეგატიური, ასევე პოზიტიური მნიშვნელობით. ნეგატიური აზრით - ეს არის ამ წუთისოფლის სული, ხოლო პოზიტიურით - სულიწმიდა. მაგალითად:
 
მათე 13:33 "მერე სხვა იგავიც უთხრა მათ: ცათა სასუფეველი მსგავსია საფუარისა, რომელიც აიღო ქალმა და მოზილა იმით სამი საწყაო ფქვილი, ვიდრე მთელი ცომი არ აფუვდა".
 
აქ იესუ თავისი სასუფევლის ზემოქმედებას ამა სოფლის სისტემაზე ადარებს საფუარს, რომელიც შესაძლებელს ხდის ცომისგან გამოცხვეს პური.
 
და კიდევ: "მაშ, გაწმინდეთ ძველი საფუარი, რათა იყოთ ახალი ცომი, ვინაიდან უფუარნი ხართ; რაკიღა ჩვენი პასექი, ქრისტე, ჩვენთვის დაიკლა".
 
პასექის ზეიმობის დროს ძველ ისრაელში პურის საცხობად გამოიყენებოდა უფუარი ცომი, რაც წარმოადგენდა წუთისოფლის მწიკვლისგან, მზაკვარებისგან და ცოდვისგან განწმენდას, რომელიც ბატონობს უღმრთო საზოგადოებაში.
 
__________________
 
 
რაც შეეხება ამ მოვლენების წინმსწრებ ეშმაკისეულ საცდურს, რომელიც ბუკვალურად გავრცელდა მთელ ქვეყნიერებაზე, - ეს საცდური არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ ადამიანებით და იმ დაცემული ანგელოზებით, რომლებიც "ურჩხულის კუდმა" მოხვეტა ციდან და ჩამოყარა დედამიწაზე.
 
რადგან ეშმაკის ბრალდებები განსაკუთრებულად უსირცხვილო იყო კაცთა მოდგმის მიმართ (შეად.: "... დაემხო ბრალმდებელი ჩვენი ძმებისა, რომელიც ბრალს სდებდა მათ ჩვენი ღმერთის წინაშე დღისით თუ ღამით" (გამოცხ. 12:10), ხოლო მთელი სამყარო შემოქმედის ჩანაფიქრით უნდა დამორჩილებოდა სწორედ ადამიანს, - ადამიანზე წარმოთქმული ცილისწამების მიერ მან ჩირქი მოსცხო მთელ საღმრთო ჩანაფიქრს და ეჭვქვეშ დააყენა მისი წყაროს სრულყოფილება (შეად. დაბ. 3:1-5).
 
მაგრამ ახალი აღთქმასთან ერთად კაცის ძის მიერ მოწეულმა სულიერმა სიდიადემ და უდავო სრულყოფილებამ დაანგრიეს არა მარტო თვით ცილისწამება, არამედ მისი მიზეზიც კი (ანუ ადამიანის მოჩვენებითი არასრულყოფილება, რომელზე მითითებითაც სატანა ცდილობდა ეცდუნებინა "მთელი სამყარო"). ამის შედეგად ცილისმწამებელი-ეშმაკი ბუკვალურად ხელმოცარული დარჩა (შეად.: "უცილობლად დიდია ღეთისმოსაობის საიდუმლო: ღმერთი გამოჩნდა ხორცით, გამართლდა სულით, ეჩვენა ანგელოზებს, ქადაგებულ იქნა წარმართთა შორის, სარწმუნო იქნა საწუთროსათვის და ამაღლდა დიდებით" (1 ტიმ. 3:16).
 
ანდრია კესარიელი: "ეშმაკის გადმოგდება ქრისტეს ჯვრით იყო არა ისეთი, როგორიც პირველმშობელთა დაცემა უძლურების გამო... ამიტომაც მისი დაცემა მდგომარეობს მისი მზაკვარი ჩანაფიქრების დარღვევაში და, ციდან ჩამოგდების შემდეგ, მის განძარცულობაში ადრინდელი ბატონობისგან".


მასალა მომზადებულია მართლმადიდებლური .წყაროების. მიხედვით. "აპოკალიფსისის" რედ. 2024 წ.

თემატურად მსგავსი პუბლიკაციები: იხ. სარჩევში.
Назад к содержимому