Перейти к контенту

განმარტება - "და ვიხილე შუა ცაში მფრინავი სხვა ანგელოზი, რომელსაც ჰქონდა მარადიული სახარება" (გამოცხ. 14:6-7) - აპოკალიფსისი

Skip menu
Skip menu
აპოკალიფსისი > განმარტება
"და ვიხილე შუა ცაში მფრინავი სხვა ანგელოზი, რომელსაც ჰქონდა მარადიული სახარება"

(გამოცხ. 14:6-7)
უფლი წმიდა ანგელოზი გადაშლილი წიგნით ხელში
და ვიხილე შუა ცაში მფრინავი სხვა ანგელოზი, რომელსაც ჰქონდა მარადიული სახარება, რათა ეხარებინა მიწის მკვიდრთათვის, ყოველი ტომისა და ხალხის, ენისა და ერისათვის. და ხმამაღლა ამბობდა: გეშინოდეთ ღვთისა და დიდება მიაგეთ მას, რადგანაც მოვიდა მისი სამსჯავროს ჟამი; თაყვანი ეცით მას, რომელმაც შექმნა ცა და მიწა, ზღვა და წყალთა წყარონი (გამოცხ. 14:6-7).
 
 
იმის შემდეგ, რაც აღნიშნა მართალთა ზეიმი სიონის მთაზე, რომლებიც ახალ საგალობელს გალობდნენ, იდუმალთმხილველი მიმართავს სიტყვიერ ფორმას "და ვიხილე", რომელიც ყველა შემთხვევაში ხაზს უსვამს გაშლილი პანორამის შეცვლას და თხრობის მიმართვას სხვა წინასწარმეტყველური ხატებებისადმი.
 
გარდა ამისა, ანგელოზი, რომელიც "შუა ცაში ფრინავს", წარმოდგენილია სიტყვით "სხვა", - ამიტომაც არსებობს საფუძველი ვამტკიცოთ, წინა ხილვებში ეს ანგელოზი არ გამოჩენილა და, რომ ამ მომენტიდან გამოცხადების წიგნში ახალი "აზრობრივი გვერდი" იხსნება.
 
ამასთან მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, რომ 144 000 "აღბეჭდილთა", "ქვეყნისგან გამოსყიდულთა" და "სიონზე მგალობელთა" ხატებანი, რომლებითაც იწყება 14-ე თავი, პირდაპირ არის დაკავშირებული ზეციურ ტაძართან; თანაც ეს კავშირი მრავალგვარ და მრავალმხრივ ბიბლიურ მოწმობებს მოიცავს. ასეთ მოწმობებს განეკუთვნება უდაბნოს გადასვლის პერიოდის საბრძოლო ბანაკის ხატება; "პირმშოთა გამოსყიდვა", რომლებიც ავიდნენ ზეციურ სიონში ახალაღთქმისეული დროების დასაწყისში, როგორც "დიადი ზეციური მკის პირველნაყოფნი"; მამის სახელის ბეჭედი მათ შუბლებზე (რომელშიც აღსრულდება ძველაღთქმისეულ მღვდელმთავართა დიადემების წინასახეობრივი აზრი); ასევე მექნარეთა და პირმშოთა მიერ ახალი საგალობლის აღსრულების ხსენება, რომელიც ახალაღთქმისეულ რეალობას აკავშირებს ძველაღთქმისეულ მსახურებასთან მღვდელ-ლევიტელთა ხელთქმნილი კარვის მსახურების პერიოდში (1 პარ. 25:1-31) და ა. შ.).
(წინასწარმეტყველური შესაბამისობა "სიონზე მგალობელთა" და ძველაღთქმისეულ სამღვდელოებას შორის ვარაუდობს იმ ვითარების გულისხმისყოფას, რომ სინაის გამოცხადების მოცემისას სატაძრო მსახურებისკენ მოწოდებულნი იყვნენ თორმეტივე ტომის პირმშონი, და სწორედ ისინი იწოდებოდნენ "უფლის წილხვედრად". მაგრამ იმ მოვლენათა გამო, რომლებიც დაკავშირებულია ოქროს ხბოს თაყვანისცემასთან, პირმშოთა ადგილი დაიკავა ლევის ტომმა, რომელმაც მიიღო საკარვო მსახურების ყველა უფლება-მოვალეობა, ხოლო სხვა ტომთა პირმშონი განკვეთილ იქნენ მსახურებისგან.
 
მაგრამ რადგან გამოცხადების მოწმობით ახალაღთქმისეულ დროში სიონის მთაზე "ახალ საგალობელს" გალობენ ისრაელის ყველა ტომის პირმშონი, - ეს ნიშნავს, რომ ქრისტეს აღდგომის შედეგად დაინგრა არა მარტო ცოდვით დაცემის წყევლა პირველმშობელ ადამში, არამედ კაცობრიობისა და ისრაელი ერის ყველა სხვა დაცემათა შედეგები; ხოლო სატაძრო სამღვდელოების ადგილი, როგორც ეს თავიდანვე იყო განსაზღვრული, დაიკავეს თორმეტი ბიბლიური ტომის პირმშოებმა).
მეორე მხრივ, შეიძლება შევნიშნოთ, რომ "სხვა" მფრინავი ანგელოზის აღწერა ყველა აზრით მსგავსია არწივ-ანგელოზის აღწერისა (გამოცხ. 8:13), რომელიც ასევე "შუა ცაში ფრენდა" და დედამიწაზე მოწევნად ზეციურ სასჯელებზე იუწყებოდა (იმ განსხვავებით, რომ მე-8 თავის ანგელოზ-არწივის ცნობა შეეხებოდა "სამ ვაებას", რომლებიც ასევე სამ საყვირთან იყო დაკავშირებული).
("შუა ცის" ცნება გამოცხ. 8:13-დან და გამოცხ. 14:7-იდან სხვადასხვა კომენატორს სხვადასხვანაირად ესმის, თანაც შემოთავაზებული ვარიანტებიდან გვხვდება "შუადღე-მწვერვალისაც", რომლის თანახმადაც მფრინავი ანგელოზი ჩნდება არა "ჰორიზონტზე", არამედ პირდაპირ თავზე; და "აღმოავლურ-დასავლური", ანუ განმარტება, რომელიც მისი ფრენის მიმართულებას საზღვრავს ქვეყნიერების მხარეების მიხედვით, და ა. შ.
 
მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ გამოცხადების იდუმალთმხილველი არაფერს ზედმეტს არ აღწერს და აღნიშნავს მხოლოდ იმას, რაც აუცილებელია, - ასეთი "დამატებითი" წვრილმანები არაფრის განმსაზღვრელი არ გახლავთ.
 
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რადგან ბერძნ. μεσουρανημα - ეს მარტო "შუა ცა" კიი არ არის, არამედ "უმაღლესი წერტილიცაა", და "კულმინაციაც", ამ ხატებასთან მიმართებაში საკმარისია ის გულისხმავყოთ, რომ ანგელოზები, რომლებიც "შუა ცაში" ფრენენ (იხ. გამოცხ. 14), როგორც არწივი-ანგელოზი (გამოცხ. 8), დედამიწის ყველა კუთხეში ყურადღების ცენტრში იმყოფებიან, ასე რომ მათი ფრენის "გამოტოვება" ან "ვერშემჩნევა" უბრალოდ შეუძლებელია.
 
რაც შეეხება საკითხს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა აღვიქვათ მსგავსი მოვლენები, ბუკვალურად თუ სიმბოლურად, - ყველაზე მკაფიო არგუმენტი სიმბოლური გაგებისა წარმოდგენილია კომენტარებში, რომლებიც ეძღვნება "ანგელოზ-არწივს" გამოცხადების მე-8 თავის 13-ე მუხლიდან).
საკმაოდ ნიშანდობლივია ის ვითარებაც, რომ ანგელოზის მისია, რომელიც "შუა ცაში ფრინავს" და "მარადიული სახარება" უპყრია, ზუსტად შეესაბამება "გადაშლილი წიგნის მპყრობელი ანგელოზის" მისიას, რომელსაც გამოცხადების 10-ე თავი ეძღვნება. და თუმც "მარადიული სახარება" და "გადაშლილი წიგნი", ერთმანეთისგან განსხვავდებიან, - სრულიად უეჭველია, რომ ერთშიც და მეორეშჭიც ლაპარაკია ზეციურ მოწმობასა და "ზეციურ წერილზე", რომელიც წარმოადგენს ახალაღთმისეული ხარების მაცხოვნებელ ჭეშმარიტებას.
 
რადგან ეს მნიშვნელობები და ჭეშმარიტებანი მთელი ქვეყნიერებისთვის "გადაშალა" უფალმა და მაცხოვარმა (გამოცხ. 5:5), შემდეგ კი ის მიენდო მის ეკლესიას, რათა ეუწყებინა ხალხებისთვის, "თვით კიდეებამდე ქვეყნისა" (სხვათა შორის, ბერძნული სიტყვა άγγελος, ანუ "ანგელოს", ბუკვალურად ნიშნავს "მაუწყებელს", "მაცნეს", "წარგზავნილს", "მსტოვარს", შეად.: საქმე 1:8; მთ. 28:19-20), - მხოლოდ ეს ჭეშმარიტებები შეიძლება იწოდნენ "მარადიულ სახარებად", რომელიც ყველა დროისთვის დაწესდა ვიდრე მაცხოვრის მეორედ მოსვლამდე და თვით ახალი სამყაროს დაწყებამდე.
 
ამასთან აუცილებელია აღინიშნოს, რომ არსებობს მრავალი ვერსია და განმარტება, რომელთა თანახმადაც "მარადიული სახარება" გამოცხ. 14:6-დან წარმოადგენს ერთგვარ "ახალ" და "განსაკუთრებულ" უწყებას, და თვით "ახალ წერილსაც" კი, რომელიც ნაუწყები იქნება ძველი ქვეყნიერების უკანასკნელ დღეებში ან "ახალი მოციქულის" ან კიდევ მანამდე არარსებულ "ნამდვილ" ქრისტიანთა კრებულის მიერ, - რომლებშიც "გასწორებულ იქნება" იმ სახარეების "დანაკლისები", რომელსაც დღემდე აუწყებს მსოფლიოს ქრისტიანული ეკლესია. მაგრამ ყველა მსგავსი ვარაუდი აშკარად ანტისახარებისეულია, - რადგან ისინი იმ სახარებას, რომელიც ქვეყნიერებას უკვე 2000 წელია ეუწყება, წარმოიდგენენ რომელიღაც "შუალედური ეტაპის" პერიოდად, რომელიც ბოლომდე სრულყოფილი არ არის და კაცობრიობას არ აუწყებს ნამდვილ სულიერ მნიშვნელობათ.
 
მეტიც, მსგავსი სცენარი ვარაუდობს, რომ "ახალი სახარება" რომელიღაც "ნამდვილი" მნიშვნელობებით მსოფლიოს ექადაგება არა მაცხოვრის და მისი ეკლესიის, არამედ "ზეციური ანგელოზის" მიერ (შეად.: გამოცხ. 14"6), - ასეთ პირობებში მათ შორის, ვინც მიიღებს "ახალ ზეციურ სწავლებას" შეუძლებელია იყონ ქრისტიანები, რადგან მოც. პავლე გადაჭრით და პრინციპულად გადასცემს ნებისმიერ "გაუმჯობესებულ სახარებას" (თუნდაც მას "ზეცითგან ანგელოზი" იუწყებოდეს) უკომპრომისო მარადიულ ანათემას:
 
"მაგრამ ჩვენ კი არა, თვით ანგელოსმა ზეცითაც რომ გახაროთ სხვა სახარება, და არა ის, რაც გვიხარებია, წყეულიმც იყოს. რაც უწინ მითქვამს, ახლაც იმასვე ვიტყვი: ვინც სხვა რამეს გახარებთ და არა იმას, რაც მიგიღიათ, წყეულიმც იყოს" (გალატ. 1:8-9).
 
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ცაში მფრინავი ანგელოზი იუწყება იმავე სახარებას, რომელიც ამ ქვეყნად თავისი ცხოვრებით, სიკვდილითა და მკვდრეთით აღდგომით დაამტკიცა თვით უფალმა, და რომელიც უკვე 2000 წელია იქადაგება ქვეყნიერებაზე ქრისტეს ეკლესიის მიერ, - და მხოლოდ ეს ხარებაა ის ერთადერთი და ჭეშმარიტად "მარადიული სახარება", რომელიც მთელი ახალაღთქმისეული პერიოდის განმავლობაში "ხმამაღლა ღაღადებს" მიწის მკვიდრთა საცხოვნებლად, რომელთაც შეუძლიათ მისი მიღება და მისი სულიერი მნიშვნელობების აღქმა (ეს. 51:6; 1 პეტ. 1:25 და სხვა.).
 
გარდა ამისა, სწორედ იესუ ქრსიტეს სახარებაშია ნაუწყება "ჟამი მსჯავრისა და მიგებისა", რომელსაც აქვს ორი "პარალელური" აზრი: ეს არის ის საკმაოდ ხანგრძლივი დრო, რომელიც მაცხოვრის მიწიერი ქადაგებიდან აითვლება და ვიდრე მის მეორედ მოსვლამდე გაგრძელდება (ინ. 3:19; 9:39; 12:31 და სხვა),  - და ის მოკლე მომენტი უკანასკნელი და საბოლოო მსჯავრისა უკეთურებაზე და ურწმუნოებაზე, რომლითაც დასრულდება კაცობრიობის მთელი მსოფლიო ისტორია.
 
ამრიგად, არსებობს ყოველგვარი საფუძველი ვამტკიცოთ, რომ სამი ანგელოზი, რომლებიც ერთმანეთის მიყოლებით ფრენენ "შუა ცაში", ზუსტად იმავე მისიას აღასრულებენ, რასაც გამოცხადების მე-8 თავის 13-ე მუხლის ანგელოზ-არწივი "მიწის მკვიდრთ" სამი საყვირისგან სამ ვაებას აუწყებდა; და რომ ამ ხატებებში აღწერილია ქრისტეს საყოველთაო ეკლესიის მისია, რომელიც (და მხოლოდ ის) ყველა დროებაში უდასტურებდა "მიწის მკვიდრთ" უფლისა და მაცხოვრის შესახებ, ახარებდა "ყოველ ტომს, ხალხსა და ენას" ჭეშმარიტ მარადიულ სახარებას, მოუწოდებდა ადამიანს და კაცობრიობას "ეშინოდეთ ღმრთისა" და "პატივი და დიდება მიაგონ მას" (შეად. მთ. 28:19-20).
(ამ კონტექსტში შეიძლება აღვნიშნოთ, რომ პირველი მფრინავი ანგელოზის მიმართვის თანახმად აუცილებელია "დიდება მიაგონ მას", ანუ  "რომელმაც შექმნა ცა და მიწა, ზღვა და წყალთა წყარონი", - ასევე შემოქმედად და ყოვლისმპყრობელად მისი სახელდება ზუსტად შეესაბამება იმ "ადგილებს", სადაც ახალაღთქმისეული დროების დაწყებისას, ანუ პირველი ოთხი საყვირის დაცემისას გაიშალა მოვლენები, და სადაც პირველი ოთხი თასი ჩამოიღვრება, შეად.: გამოცხ. 8:7-11; 16:2-7).
მასალა მომზადებულია საიტ "აპოკალიფსისის" რედაქციის მიერ მართლმადიდებლური .წყაროების. მიხედვით. 2025 წ.

თემატურად მსგავსი პუბლიკაციები: იხ. სარჩევში.
Назад к содержимому