განმარტება - აპოკალიფსისის საყვირები, არწივის ფრენა და სამი ვაება (8:13) - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > განმარტება
აპოკალიფსისის საყვირები, არწივის ფრენა და სამი ვაება

(გამოცხ. 8:13)
ანგელოზი-არწივი ცაში
მაშინ თვალი ვკიდე შუა ცაში მფრინავ არწივს, რომელიც დიდი ხმით ამბობდა: ვაი, ვაი, ვაი მიწის მკვიდრთ საყვირის ხმათაგან დანარჩენი სამი ანგელოზისა, რომელნიც აწი ჩაჰბერენ საყვირს.
 
 
სამყაროს შემაძრწუნებელ იმ მოვლენებთან შედარებით, რომლებიც პირველი ოთხი საყვირის მეშვეობით გამოიკვეთა, "მფრინავი არწივი" ისე მნიშვნელოვნად არ გამოიყურება, - მას ხომ არც გლობალური ბუნებრივი კატაკლიზმები მოსდევს და არც სხვა დამანგრეველი მსოფლიო უბედურებები.
 
მაგრამ, როგორც ზეციური მდუმარება (გამოცხ. 8:1), ყველა ხმამაღალ სიტყვაზე უფრო რომ ჰყვირის, არწივის (ანგელოზის) ფრენა არ წარმოადგენს რაიმე "აზრობრივ პაუზას", რომლის დროსაც სხვა დანარჩენი პროცესები შეჩერებული უნდა იყოს "მიწაზე მცხოვრებთადმი" იმის გაცხადებამდე, რომ "აწი უფრო მეტი უარესობანი ელით".
 
პირიქით მფრინავი არწივის (ანგელოზის) მოწმობას აქვს უპრეცედენტო მნიშვნელობა, რადგან ის გამოდის იმ განსაზღვრულ "ლოგიკურ საფეხურად", რომელიც პირველ ოთხ საყვირს დანარჩენი სამისგან აცალკევებს, მსგავსად იმისა, როგორც ზეციური წიგნის პირველი ოთხი ბეჭედი იყო გამოყოფილი შემდგომი ბეჭდებისგან სახეობრივი ცვალებადობით, - და ამასთან სამი ბოლო საყვირის მოვლენებს მაქსიმალურად მნიშვნელოვან დონეზე სწევს.
 
გარდა ამისა, სიტყვა "ვაი"-ს სამგზისი განმეორებით იხსნება წინასწარმეტყველური კავშირი მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე საყვირებსა და ეზეკიელის წიგნს შორის, სადაც განსაკუთრებულ მისიაში წინასწარმეტყველ ეზეკიელს რომ დაეკისრა "ზეციური გრაგნილის" გადაცემით, გამოხატული იყო საყოველთაო მოწმობა, რომელიც ახალაღთქმისეულ დროში ქრისტეს ეკლესიას მიენდო, შეად.:
 
"მითხრა: ადამის ძევ! მიგავლინებ ისრაელიანებთან, მოჯანყე ხალხთან, რომლებიც მიჯანყდებიან მე; მცოდავენ ისინი და მათი მამა-პაპა დღევანდლამდე. ურცხვი და ჯიუტი შვილები არიან, მათთან გგზავნი, რომ უთხრა: ასე ამბობს უფალი ღმერთი. ... შენ კი, ადამის ძევ, ნუ გეშინია მათი და მათი სიტყვები ნუ შეგაშინებს, თუმცა ეკლად და ძეძვად გექცევიან და მორიელთა შორის იჯდები; მათი სიტყვები ნუ შეგაშინებს და მათი სახე ნუ დაგაფრთხობს; რადგან ურჩი მოდგმაა. ... და მე ვიხილე, აჰა, ხელია გამოწვდილი ჩემსკენ და, აჰა, წიგნის გრაგნილია მასში. გაშალა ჩემს წინ და, აჰა, დაწერილია ორივე მხარეს; სწერია: გოდება, მოთქმა და ვაი" (Иез.2:3-10).
 
თანაც სიტყვების: "გოდება, მოთქმა და ვაი",- ეზეკიელის ზეციურ გრაგნილზე რომ იყო დაწერილი, - შეცვლა სამგზისი: "ვაით", რომელიც მსოფლიოს სამი უკანასკნელი საყვირის დაცემის შემდეგ ელოდება, სულაც არ არის შემთხვევითი, რადგან ამის შედეგად ახალაღთქმისეული დროების ზეციური უწყება იძენს დასრულებული განსაზღვრების აზრს და წარმოადგენს გამოცხადების ანგელოზის მოწმობას, როგორც უცვალებელს და დამტკიცებულს (შეად. - დაბ. 41:32; 3 მეფ. 18:34; საქმე 10:16 და ა. შ.).
 
რაც შეეხება გამოცხ. 8:13 აღწერილი მოვლენის არსს, - რადგან კომენტატორთა უმეტესობა შვიდივე საყვირს ჯერაც არ აღსრულებულ ბუკვალურ ან სიმბოლურ მოვლენად განმარტავს (ანუ მათ ყველა ზეციური საყვირის მოვლენა "მომავალში" გადააქვთ), აზრობრივი პაუზა, რომელიც არწივის (ანგელოზის) სამი ბოლო საყვირის მოწმობასთან არის დაკავშირებული, ასეთ განმარტებებში რაიმე მნიშვნელოვან მოვლენად არ განიხილება.
 
მეტიც, ვარაუდებს შორის, თუ როგორ შეიძლება მომავალში გამოცხადების ანგელოზის უწყება გამოიხატოს, ბუკვალური ან ფსევდო-ბუკვალური ვარიანტი ჭარბობს. ამ შეხედულების თანახმადაც ცის კაბადონს პლანეტა დედამიწის ყველა კონტინენტს მართლაც გადაუფრენს ხილული ანგელოზი, და ყველა ენაზე (აბა სხვაგვარად როგორ?) ხმამაღლა აუწყებს სიტყვებს: "ვაი, ვაი, ვაი".
(რა თქმა უნდა, ამგვარი სცენარის პირობებში ანგელოზი დედამიწის ყველა მცხოვრებს "შუა ცაში" მფრენ არსებად ვერ წარუდგება, და მრავალს ის მხოლოდ "ჰორიზონტზე" თუ მოეჩვენება... თუკი საერთოდ ეჩვენება, რადგან ფრენის ყველა "ნაბიჯის" გათვალისწინებით, რომელიც მიწის ზედაპირის ყველა წერტილიდან ანგელოზის დამკვირვებელს მისი დანახვის შესაძლებლობას მისცემდა, მანძილი და მსგავსი ფრენის სიჩქარე გონებისდამაბნელებელ ციფრებში აისახება.
ნაწილობრივ ეს პრობლემა შეიძლება გადაიჭრას, თუკი ანგელოზს მიწისზედა ორბიტაზე გავიყვანთ, - მაგრამ მაშინ, შემჩნეული რომ იყოს, ანგელოზს შესაბამისი ზომა უნდა ჰქონდეს, თანაც გააჩნდეს სპეციალური მოწყობილობა, რომელიც ბგერას უჰაერო სივრციდან ატმოსფეროს მკვრივ სფეროებში გადაიტანს, საიდანაც ბგერითი ტალღები შეძლებენ მიწის ზედაპირის მიღწევას).
ასეა თუ ისე, თუკი მსგავს მოვლენას მომავალს განვაკუთვნებთ, - ბუკვალური განმარტების პრობლემაც მომავალში უნდა გადაწყდეს (იმ პირობით, რომ მაშინ ამისი მიზეზიც გაჩნდება).
 
მაგრამ თუკი უფრო გონივრულ მიდგომას ავირჩევთ და ვიტყვით, რომ პირველი ოთხი საყვირის მოვლენებში სამყაროს სულიერი რყევა იხატება, რომელიც შეესაბამება ახალაღთქმისეული დროების დასაწყისს (იხ. წინა პუბლიკაციები), შეიძლება აღვნიშნოთ, რომ ბერძნული სიტყვა μεσοсυρανημα (ანუ "ცის შუაგული") ხატოვნად აღნიშნავს "უმაღლეს წერტილს" ან "კულმინაციას", ასე რომ გამოცხადების მითითებული ადგილის (გამოცხ. 8:13) ხასიათი შეიძლება აღვიქვათ არა მარტო, როგორც "ფრენის ტრაექტორია", არამედ იმ მნიშვნელობით, რომ ეს ხდება "ყველას თვალწინ".
 
რადგან ყველაზე მარტივი და ცხადი აზრით "ცის შუაგულში" დღის განმავლობაში გადის მზე, - ის ფაქტი, რომ ანგელოზი ფრენს სწორედ "ცის შუაგულში" და ამასთან "ხმამაღლა ლაპარაკობს", მოწმობს იმაზე, რომ ცნობა "ვაი, ვაი, ვაი" ასე თუ ისე თითოეულ ადამიანამდე აღწევს, და რომ შეუძლებელია მისი არგაგება.
 
გარდა ამისა, საკმაოდ ნიშანდობლივია, რომ სიტყვიერი განსაზღვრებისგან განსხვავებით, რომელსაც აქვს ფორმა "ყოველი ხალხი და ტომი, ერი და ენა" (იხ. გამოცხ. 7:9), სახელდებას "მიწის მკვიდრნი" გამოცხადებაში აქვს ნეგატიური დატვირთვა და არა მთელ კაცობრიობას, არამედ მხოლოდ ურწმუნოებსა და ურჯულოებს ნიშნავს (შეად.: გამოცხ. 6:10; 8:13; 13:8; 17:8 და სხვა).
 
მაგრამ ყველაზე არსებითი მეტაფორული მოწმობა გამოცხადების მე-9თავის ბოლო მუხლებისა მდგომარეობს იმაში, რომ გამოცხადების 8:13-ის ბერძნულ ტექსტში "შუა ცაში" ფრენს ἀετός, და არა άγγελος, ანუ "არწივი" და არა "ანგელოზი", - ხოლო "მფრინავი არწივის" სახე პირდაპირ არის დაკავშირებული მეოთხე ზეციურ ცხოველთან (გამოცხ. 4:7) და ზეციური წიგნის მეოთხე ბეჭედთან, რომლის მოხსნის შემდეგ იდუმალთმხილველმა დაინახა დედამიწაზე მავალი "ჩალისფერი ცხენი", რომლის მხედრის სახელი იყო - სიკვდილი" (გამოცხ. 6:7), რომელსაც მისდევდა არა მარტო სხვადასხვა სახის მიწიერი უბედურებანი, არამედ თვით ჯოჯოხეთიც (გამოცხ. 6:7).
 
რადგან პირველი ოთხი საყვირი ასევე გვიხატავენ არა სხვა რამეს, თუ არა დედამიწაზე "ცეცხლივით მოლაპლაპე მთისა" და "ვარსკვლავ აბსინთის", ანუ კაცობრიობის მტრის ზეციდან გადმოგდების "მწარე" შედეგებს, - ზეციური უწყება "ვაი, ვაი, ვაი", რომელიც ოთხივე საყვირის დაცემის შემდეგ გაისმის, პირდაპირ აგრძელებს ამ სიმბოლოებს და უსწრებს 12-ე თავის მოწმობას, სადაც ამავე მოვლენებზე ბუკვალურად ნათქვამია შემდეგი:
 
"ვაი მიწას და ზღვას, რადგანაც თქვენში ჩამოგდებულ იქნა ეშმაკი, აღსავსე სასტიკი რისხვით, ვინაიდან იცის, რომ ცოტაღა დარჩა ხანი" (გამოცხ. 12:12).
 
მეტიც, 12-ე თავში ახალაღთქმისეული ეკლესია წარმოდგება ქალის სახით, "რომელსაც ემოსა მზე" და, რომელსაც "მიეცა ორი ფრთა ვეება არწივისა" (გამოცხ. 12:14), რაც სხვა ყველაფერთან ერთად მოწმობს მის უნარზე "იფრინოს ცის შუაგულში" და აუწყოს "მიწაზე მცხოვრებთ" ყველაფერი ის, რაც ღია წიგნშია დაწერილი, რომელიც მოციქულ იოანეს მიანდო "მზიურმა" ანგელოზმა (გამოცხ. 10:8-11).
 
რა თქმა უნდა, ყველა ამ შესაბამისობების განხილვა და აღქმა ერთადერთი სიმბოლოთი საკმაოდ რთულია, ასე რომ ლაპარაკს "მფრინავ არწივზე" გავაგრძელებთ შესაბამისი თავების შესაბამისი მუხლების განმარტებისას. მაგრამ, მიუხედავად ამისა, უკვე ამ ეტაპზეც აუცილებელია დავუშვათ ვარიანტი, რომ ანგელოზ-არწივის ხატებაში, რომელიც ქვეყნიერებას "სამმაგ ვაებას" აუწყებს, მინიშნებულია არა მომავლის რომელიღაც ბუკვალური და აუხსნელი მოვლენა, არამედ მსოფლიო სახარებისეული უწყება, რომელიც გამოდის ქრისტეს ეკლესიის პირიდან მთელი ახალაღთქმისეული პერიოდის განმავლობაში.


მასალა მომზადებულია მართლმადიდებლური .წყაროების. მიხედვით. 2024 წ.

თემატურად მსგავსი პუბლიკაციები: იხ. სარჩევში.
Назад к содержимому