კითხვა-პასუხი - 10 მცნება და მოსეს რჯული. რაშია განსხვავება? - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > კითხვა-პასუხი
10 მცნება და მოსეს რჯული. რაშია განსხვავება?
რჯულის ფიქალები
ალბათ, პირველი ასოციაცია ძველ აღთქმასთან - ეს არის ძველაღთქმისეული რჯული, ძველაღთქმისეული მცნებები. ამ სტატიაში განვიხილოთ ორი ძირითადი რჯული, რომელიც იმ ძველ დროში უფალმა გადასცა ადამიანებს. დავიწყოთ იმ საკითხით, თუ როდის იქნა მოცემული რჯული.
 
პირველად, წერილობითი სახით, რჯული გაჩნდა სინას მთაზე. უფალმა თვითონ დაწერა იგი ქვის ორ ფიქალზე და გადასცა მოსეს. ეს იყო ათი მცნება. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ სინას მთამდე ადამიანები რჯულის გარეშე ცხოვრობდნენ? არა.
 
ცოდვის ცნება წერილობით მცნებათა გამოჩენამდეც იყო. ჩვენ გვახსოვს ადამი და ევა, რომელთაც დაარღვიეს ღმრთის აკრძალვა. ჩვენ გვახსოვს როგორ მოკლა კაენმა თავისი ძმა აბელი, და ეს მას ცოდვად შეერაცხა. ჩვენ გვახსოვს როგორ აუკრძალა ისრაელს შაბათ დღეს მანანის შეგროვება, როდესაც ისინი გამოდიოდნენ ეგვიპტიდან, თუმცა შაბათის მცნება ჯერაც არ იყო მოცემული წერილობითი სახით. მოკლედ, მკვლელობა, ქურდობა, სიძვა-მრუშობა და სხვა ცოდვები - ყოველთვის ცოდვებად მიიჩნეოდა. ოღონდ ადამიანებისთვის ამისი ახსნა ტექსტუალური სახით ჯერაც არ იყო საჭირო. ყველა მცნება "დაწერილი" იყო მათ გულებზე, ანუ გარკვეულ დრომდე მათი სინდისი სწორად იყო განწყობილი.
 
სხვათა შორის, ის მდგომარეობა, როდესაც ღმრთის რჯული ადამიანთა გულებში იყო ჩაწერილი სინდისის მიერაც გვეუწყება - ეს არის ის მდგომარეობა, რომელში დაბრუნებისთვის დადო უფალმა ადამიანებთან ახალი აღთქმა. ეს არის ძველი აღთქმის არსი, ჩვენი სინდისის დაბრუნება პირვანდელ მდგომარეობაში. ამის შესახებ უფრო დეტალურად იხ. სტატიაში "რატომ დაძველდა ძველი აღთქმა და რაშია ახალი აღთქმის არსი?".
 
"აი, ეს იქნება აღთქმა, იმ დღეთა შემდგომ რომ აღვუთქვამ ისრაელის სახლს, ამბობს უფალი: ჩავდებ ჩემს რჯულს მათ გონებაში, და მათ გულებზე დავაწერ მას; და ვიქნები მათი ღმერთი, ხოლო ისინი იქნებიან ჩემი ხალხი" (ებრ. 8:10).
 
ამრიგად, წერილობითი სახით ღმრთის რჯული პირველად მოცემულ იქნა ათი მცნების სახით სინას მთაზე. ის ღმერთმა ორ ფიქალზე დაწერა და მოსეს გადასცა. ათი მცნება - ეს არის ძველი აღთქმის პირველი და ყველაზე მთავარი რჯული. საკუთრივ ის იყო კიდეც საფუძველი იმ აღთქმისა ღმერთსა და ადამიანებს შორის, რომელსაც დღეს ჩვენ ძველს ვუწოდებთ.
 
"გამოგიცხადათ თავისი აღთქმა, რომლის შესრულეს გიბრძანათ. ათი მცნება დაგიწერათ ორ ფიქალზე" (მეორე რჯლ. 4:13).
 
ქვის ეს ფიქალები, რომლებზეც იყო დაწერილი ათი მცნება (თუმცა, სინამდვილეში არა ეს ფიქალები, რადგან მათი გაკეთება მეორედ გახდა საჭირო) შემდეგ მზრუნველობით იყო დაცული აღთქმის კიდობანში. რატომ იწოდა ასე ეს კიდობანი? იმიტომ, რომ ის სპეციალურად გაკეთდა იმისთვის, რათა ის შეენახათ აღთქმის საფუძველი - ათი მცნება. მოგვიანებით კიდობანს დაემატა ზეციური მანანით სავსე ჭურჭელი და მღვდელმთავარ აარონის გაფურჩქვნილი კვერთხი.
 
"არაფერი იყო კიდობანში გარდა ფიქალებისა, მოსემ რომ ჩააწყო იქ ხორებში ყოფნისას, როცა უფალმა კავშირი შეკრა ისრაელიანებთან ეგვიპტიდან მათი გამოსვლის შემდეგ" (3 მეფ. 8:9).
 
თვით აღთქმის კიდობანი განთავსებული იყო კარვის (საველე ტაძრის) წმიდა წმიდათაში, შემდეგ კი თვით ტაძარში. წმიდა წმიდათა - ეს არის ტაძრის ის ნაწილი, რომელსაც დღეს საკურთხეველს ვუწოდებთ. ახლა კანკელი განჰყოფს ტაძრის შუა ნაწილს საკურთხევლისგან. იმ დროს კი წმიდათა ადგილი წმიდა წმიდათაგან გამოიყოფოდა კრეტსაბმელით. ქრისტეს სიკვდილის მომენტში ეს კრეტსაბმელი ტაძარში შუაში გაიხა.
 
ამრიგად, აი პირველი კანონი, ძველი აღთქმის საფუძველი. ახლა გადავიდეთ მეორეზე, რომელსაც ყველაზე ხშირად მოსეს რჯულს უწოდებენ. თუმცა სინამდვილეში ეს რჯულიც ადამიანებს ღმერთმა მისცა. მცნებები მასში იწერებოდა, როგორც ღმრთის პირდაპირი ბრძანებით, ასევე მოსეს გულზე სულიწმიდის გავლენით.
 
"მოუწოდა მოსეს უფალმა და ელაპარაკა მას სადღესასწაულო კარვიდან..." (ლევ. 1:1).
 
ყველა მცნებას, წესსა და კანონს, რომელთაც მას უფალი გადასცემდა, მოსე სპეციალურ წიგნში იწერდა.
 
"როცა ბოლომდე დაასრულა მოსემ ამ რჯულის სიტყვების ჩაწერა წიგნში..." (მეორე რჯლ. 31:24).
 
ეს წიგნიც აღთქმის კიდობინის გვერდით ინახებოდა. არა მასში, არამედ მის გვერდით. რაც თავიდანვე ხაზს უსვამდა ამ მცნებათა განსაკუთრებულ სტატუსს. მიაქციეთ ყურადღება, ეს წიგნი აღთქმადაც კი არ იწოდება. ამიტომაც არ ათავსებდნენ მას კიდობანში.
 
"როცა ბოლომდე დაასრულა მოსემ ამ რჯულის სიტყვების ჩაწერა წიგნში, ასე უბრძანა მოსემ ლევიანებს, უფლის აღთქმის კიდობნის მტვირთველთ: აიღეთ ეს რჯულის წიგნი და გვერდით დაუდევით უფლის, შენი ღმერთის აღთქმის კიდობანს, და იყოს იქ შენს მოწმედ" (მეორე რჯლ. 31:24-26).
 
ამრიგად, ჩვენ განვიხილეთ ძველაღთქმისეული დროების ორი ძირითადი რჯული. ესენია: ათი მცნება, რომელიც ღმერთმა ქვის ფიქალებზე დაწერა, და რომლებიც ტაძრის შიგნით, წმიდა წმიდათაში ინახებოდა მათთვის სპეციალურად შექმნილ აღთქმის კიდობანში. და მოსეს რჯული, რომელიც მოსემ ღმრთის ბრძანებით სპეციალურ წიგნში ჩაწერა, და რომელიც აღთქმის კიდობნის გვერდით ინახებოდა. ათი მცნებაც და მოსეს რჯულიც, წმიდა წერილში ხშირად იწოდება რჯულად. კონტექსტის უცოდინრობის გამო ხშირად შეიძლება ვერც გავიგოთ რაზეა კონკრეტულად ლაპარაკი. არადა, ხშირად ვხვდებით წინააღმდეგობებს.
 
მაგალითად, ერთ ადგილას ქრისტე ამბობს, რომ ის მოვიდა არა რჯულის დასარღვევად, არამედ მის შესასრულებლად. ან კიდევ, რომ ღმრთის რჯული მარადიულია, წმიდაა და სრულყოფილია. და იქვე ნათქვამია, რომ რჯულს არაფერი მიუყვანია სრულყოფილებამდე, რომ ეს მკვდარი ასოა, და საერთოდ, ქრისტემ ის მიამსჭვალა ჯვარზე.
 
"ნუ გგონიათ, თითქოს მოვედი რჯულის, გინდა წინასწარმეტყველთა გასაუქმებლად. გასაუქმებლაღ კი არ მოვედი, არამედ აღსასრულებლად. რადგანაც ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: სანამ არ გადავა ცა და მიწა, ერთი იოტიც ან ერთი წერტილიც არ გადავა რჯულისაგან, ვიდრე ყოველივე არ აღსრულდება" (მთ. 5:17, 18).
 
"სწავლით წარხოცა ჩვენგამო შეთხზული და ჩვენს წინააღმდეგ მიმართული ხელწერილი; შუაგულიდან აიღო და ჯვარს მიალურსმა იგი" (კოლას. 2:14).
 
"ასე რომ, რჯული წმიდაა და მცნებაც წმიდაა, მართალი და კეთილი" (რომ. 7:12).
 
"უწინდელი აღთქმა კი მისი უმწეობისა და უსარგებლობის გამო უქმდება, რადგანაც ვერარა სრულყო რჯულმა; მაგრამ შემოდის უმჯობესი სასოება, რომლის მეოხებითაც მივეახლებით ღმერთს" (ებრ. 7:18, 19).
 
გაგება იმისა, რომ ძველაღთქმისეულ პერიოდში ძირითადი რჯული იყო ორი, და რომ ეს თავისი სტატუსით სრულიად სხვადასხვა რჯულდებებია, იოლად გადაწყვეტთ წინააღმდეგობებს სახარებისა და მოციქულთა ეპისტოლეების კითხვისას. შემდეგ პუბლიკაციებში მოგითხრობთ, რა შეიცვალა ქრისტეს სიკვდილისა და მკვდრეთით აღდგომის შემდეგ.


მომზადებულია მართლმადიდებლური წყაროების მიხედვით.
 
საიტი "აპოკალიფსისი". თბილისი 2023 წ.
Назад к содержимому