კითხვა-პასუხი - რატომ დაძველდა ძველი აღთქმა და რაშია ახალი აღთქმის არსი? - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > კითხვა-პასუხი
რატომ დაძველდა ძველი აღთქმა და რაშია ახალი აღთქმის არსი?
ძველი აღთქმა
მრავალთა შეხედულებით, ახალი აღთქმის აზრი მდგომარეობს იმაში, რომ ქრისტემ ერთი მცნებები შეცვალა სხვებით. ძველები - ახლით. ხოლო ვიღაც თავის განსჯებში იმ აზრამდეც კი მიდის, რომ ძველაღთქმისეულ დროებაში ადამიანები იყვნენ უფრო უხეშები, ამიტომაც რჯული მათთვის იყო შეუსაბამო, ანუ უფრო უხეში. "თვალი თვალისა წილ და კბილი კბილისა წილ". და, რომ ქრისტეს სიკვდილის შემდეგ, ადამიანებმა მიიღეს შესაძლებლობა აღექვათ უფრო ამაღლებული მცნებები. სულიერი თამასა მაღლა აიწია.
 
მაგრამ ასეა კი სინამდვილეში? იყვნენ თუ არა ძველი ადამიანები მართლაცდა ესოდენ გულქვანი? და აღემატებიან თუ არა დღევანდელი ადამიანები მათ თავიანთ უნარებში და არიან თუ არა ისინი უფრო სულიერები, ვიდრე ძველაღთქმისეული მორწმუნენი? მოდი ვიფიქროთ ამაზე.
 
დავიწყოთ ძველაღთქმისეულ პერიოდში მცხოვრები ადამიანებით. პირადად მე ენაც კი ვერ მომიბრუნდება, მაგალითად, მეფე დავითს გულით უხეში ვუწოდო. ჩვენ ყველანი დღემდე ვლოცულობთ მისი ფსალმუნებით. აღვფთოვანებულნი ვართ მათი ამაღლებულობით, მათი სულიერი წინამძღვრობით, მათი სიბრძნისეული სიღრმით და წინასწარმეტყველებებით.
 
ან კიდევ, ავიღოთ წინასწარმეტყველი ესაია, რომელსაც პირველ მახარობელსაც კი უწოდებენ. წაიკითხეთ, რაოდენ მაღალია სულიწმიდის შთაგონებით მის მიერ ნაუწყები ჭეშმარიტებები. ან ღვთის წინასწარმეტყველი ილია მოსესთან ერთად, რომლებიც ქრისტესთან იყვნენ თაბორის მთაზე მისი ფერიცვალების მომენტში. ზუსტად იგივე შეგვიძლია ვთქვათ ძველი აღთქმის წმიდა მართლებსა და წინასწარმეტყველებზე. განა შეიძლება ვამტკიცოთ, რომ მათი გულები ჩვენს გულებზე უფრო უხეში იყო, მათი სულიერება კი დაბალი? განა რაიმეთი განსხვავდება ჩვენი დროება ძველი სოდომისა და გომორისგან? ან თანამედროვე ცოდვილები რაიმეთი უფრო ამაღლებულნი არიან ძველებზე? რა თქმა უნდა არა! ყველა ცოდვა და გარყვნილება იგივეა, რაც ადრე იყო.
 
მაშ, რაშია ძველი აღთქმის თავისებურება? და რატომ დაძველდა იგი? მოდი, ამის შესახებ წინასწარმეტყველ იერემიასთან წავიკითხოთ: "აჰა, დადგება ჟამი, ამბობს უფალი, და ახალ აღთქმას დავუდებ ისრაელის სახლს და იუდას სახლს. არა ისეთ აღთქმას, რომელიც დავუდევი მათ მამა-პაპას, როცა ხელჩაკიდებული გამომყავდა ისინი ეგვიპტის ქვეყნიდან. დაარღვიეს ის ჩემი აღთქმა, თუმცა მე მათი პატრონი ვიყავი, ამბობს უფალი" (იერ. 31:31, 32).
 
მიაქციეთ ყურადღება, ქრისტეს შობამდე 500 წლით ადრე წინასწარმეტყველი იერემია გვაუწყებს ახალი აღთქმის დადების აუცილებლობას. რა მიზეზია ამისთვის მითითებული? იმაში ხომ არ არის მიზეზი, რომ უფალმა შეცვალა თავისი მოთხოვნილებები ადამიანის სულიერიებისადმი? ან იმაში, რომ ძველი აღთქმა საკმაოდ უხეში იყო ან არასწორი? არა. მიზეზი შემდეგშია: "დაარღვიეს ის ჩემი აღთქმა".
 
ამრიგად, აღთქმის სიძველე იმაში კი არ არის, რომ თვით აღთქმამ დაკარგა აქტუალობა; და არც იმაში, რომ უფალი შეიცვალა ან ადამიანებთან დამოკიდებულება შეცვალა. არც იმაში, რომ ადამიანები უფრო ამაღლებულები გახდნენ. და არც იმაში, რომ ქრისტე მოკვდა და მკვდრეთით აღდგა ჩვენთვის. მიზეზი იმ აღთქმის სიძველისა, რომელიც დაიდო ღმერთსა და ისრაელს შორის იმაშია, რომ ადამიანებმა ეს აღთქმა დაარღვიეს. უფრო ზუსტნი რომ ვიყოთ, მრავალჯერადად დაარღვიეს. იმ დონემდე, რომ ამ აღთქმამ ძალა დაკარგა. და გაჩნდა ახალი აღთქმის დადების აუცილებლობა.
 
როგორი უნდა ყოფილიყო ახალი აღთქმა?
 
ახალი აღთქმის თავისებურებებზე წინასწარმეტყველ იერემიასთან ვკითხულობთ: "ეს არის ის აღთქმა, რომელიც უნდა დავუდო ისრაელის სახლს იმ დროის შემდეგ, ამბობს უფალი. წიაღში ჩავუდებ მათ ჩემს რჯულს და გულზე დავაწერ. მათი ღმერთი ვიქნები მე და ისინი ჩემი ერი იქნებიან" (იერ. 31:33).
 
ამრიგად, ჩვენ ვხედავთ, რომ ახალი აღთქმის არსი არც ახალ მცნებებში მდგომარეობს და არც ახალ რჯულში. თვით ქრისტეც ხომ ამბობდა, რომ მოვიდა არა რჯულისა და წინასწარმეტყველების დასარღვევად, არამედ მათ აღსასრულებლად. აზრი იმაშია, რომ ღმრთის მცნებები უნდა დავიცვათ საკუთარ გულში. მათი აღსრულება უნდა მოხდეს არა გარეგნული ფორმით, როგორც ამას აკეთებდნენ მწიგნობრები და ფარისევლები. არამედ, სულით, რასაც ასწავლიდა ქრისტე.
 
უნდა ითქვას, რომ მცნებებისადმი ასეთი დამოკიდებულება სულაც არ არის ახალი. უფალი ადრეც ითხოვდა მცნებების გულში დაცვას მათი შინაგანი აზრის მიხედვით. წმიდა წერილში ვკითხულობთ:
 
"გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი მთელი შენი გულითა და სულით, მთელი შენი შეძლებით" (მეორე რჯლ. 6:5).
 
"... ნუღარ განუდგებით უფალს და მთელი გულით ემსახურეთ" (1 მეფ. 12:20).
 
"... კაცი მხოლოდ იმას ხედავს, რაც თვალში ხვდება, ხოლო უფალი გულს ხედავს" (1 მეფ. 16:7).
 
"გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა" (ფსალმ. 50:12).
 
"შეინახე გული ყოველ შესანახავზე მეტად, რადგან მასშია სიცოცხლის წყარო" (იგავნი 4:23).

მთელი ძველი აღთქმა სავსეა დარიგებებით, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია უსმინო შენს გულისხმას, და არა უბრალოდ შეასრულო რჯულის განწესებანი. სწორედ ამას შეახსენებდა ქრისტე ყველას თავის ქადაგებებში. ანუ ამით ძველი და ახალი აღთქმები ერთმანეთისგან არ განსხვავდებიან. ერთადერთი მიზეზი რის გამოც საჭირო გახდა ძველი აღთქმის ახლით შეცვლა მდგომარეობს იმაში, რომ წინა ართქმა დარღვულ იქნა ადამიანთა მიერ და მიტოვებულ. ზუსტად იგივეს ამბობს მოციქული პავლე, იმოწმებს რა წინასწარმეტყველ იერემიას ებრაელთა მიმართ ეპისტოლეს მე-8 თავში (ებრ. 8:8-11).
 
მაგრამ, თუკი ძველი და ახალი აღთქმა პრაქტიკულად არ განსხვავდებიან ერთმანეთისგან თავიანთი არსით, ხოლო ძველის შეცვლა საჭირო გახდა ადამიანთაგან მისი დარღვევის გამო... მაშ, რატომ არ ვიცავთ ახლა მრავალ პუნქტს მოსეს რჯულიდან, არ წინადავიცვითავთ და არ ვწირავთ მსხვერპლს? და სად წავიდა მცნება "თვალი თვალისა წილ და კბილი კბილისა წილ"? განა ეს მცნებები იმიტომ არ გაუქმდა, რომ ძველი აღთქმა შეიცვალა ახლით? ამ შეკითხვებს ვუპასუხებთ მომდევნო პუბლიკაციებში.
 
 
გაგრძელება იქნება.
 
 
მომზადებულია მართლმადიდებლური .წყაროს. მიხედვით.
 
საიტი "აპოკალიფსისი". თბილისი 2023 წ.
Назад к содержимому