იდუმალი სამყარო - ინკუბუსები და სუკკუბუსები ქართულ გადმოცემებში 6 - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სხვადასხვა > იდუმალი სამყარო
ინკუბუსები და სუკკუბუსები ქართულ გადმოცემებში

მემორატული და ფაბულატური მითოლოგიური გადმოცემები ქართულ, ხალხურ ზეპირსიტყვიერებაში
ინკუბუსები და სუკუბუსები ქართულ გადმოცემებში
გადავწყვიტეთ ჩვენი საიტის გარკვეული სივრცე დავუთმოთ მემორატული და ფაბულატური მითოლოგიური გადმოცემების ქართულ, ხალხურ ნიმუშებს (ხოლო მომავალში გამოვაქვეყნოთ სხვა ქრისტეანი ხალხების ანალოგიურ გადმოცემებსაც). თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ 1991 წელს გამოცემული ქართული ხალხური სიტყვიერების II ტომის ("მეგრული ტექტები") წინასიტყვაობაში ვკითულობთ: "ვფიქრობთ, მტკიცება არ სჭირდება იმას, რომ ამგვარი მასალების შეგროვება და მეცნიერულად გამოცემა გადაუდებელი, არადასაყოვნებელი საქმეა უძველესი ქართველი ხალხის ისტორიისა და კულტურის ღრმად შესასწავლად. საიდუმლოება არც ის არის, რომ ტექნიკის, ცივილიზაციის და ერთიანი კულტურის საოცარი სწრაფი წინსვლა მივიწყების ნიველირებისა და გაქრობის საფრთხეს უქმნის ხალხური შემოქმედების სხვადასხვა უბანს, მათ შორის ზეპირსიტყვიერებასაც. დღეს არავის შეუძლია, ზუსტად განსაზღვროს, როგორ წარიმართება უმწერლობო ქართველური ენების - სვანურისა და მეგრულ-ჭანურის ბედი რამოდენიმე საუკუნის შემდეგ, მაგრამ იმის თქმა კი შეიძლება, რომ ამ ენებზე ფიქსირებულ მასალებს მომავალში ოქროს ფასი დაედება".

ამავე გამოცემის შესავალ ნაწილში ვკითხულობთ: "მემორატული და ფაბულატური მითოლოგიური გადმოცემები, როგორც არაზღაპრული პროზის სპეციფიკური ჟანრი, პირველად შემოდის ქართულ ფოლკლორში თავისი ავტონომიური უფლებით. ამ ჟანრის დიდ მნიშვნელობაზე ამ ბოლო წლებში იქნა ყურადღება გამახვილებული როგორც ევროპულ, ისე რუსულ ფოლკლორისტიკაში. მეცნიერებას აინტერესებს ამ ტიპის გადმოცემებში შემონახული ის უძველესი წარმოდგენები, რომლებიც "დაბალ მითოლოგიურ" რწმენათა კომპლექსიითაა შეპირობებული და უნივერსალურ ხასიათს ატარებენ". მაგრამ გარკვეულწილად ამგვარი გადმოცემები საინტერესოა რელიგიის სფეროსთვისაც, რაზეც მეტყველებს თუნდაც ლუდოვიკო მარია სინისტრარის ცნობილი ნაშრომი "ინკუბუსებისა და სუკკუბუსების დემონიალიტეტი", დავა ე. წ. "ნეფილიმთა" გარშემო და სხვა ამის მსგავსი თემა, რომელსაც ხშირად ვხვდებით დაცემულ ანგელოზთადმი მიძღვნილ რელიგიურ სტატიებსა თუ ნაშრომებში.

მეცნიერებისთვის ამგვარი თქმულებები თუ "დაბალ მითოლოგიურ" რწმენათა კატეგორიაშია მოთავსებული, ჩვენთვის, როგორც მორწმუნეთათვის, ის დემონოლოგიის სფეროშია განთავსებული. ამ თემატიკას სხვადასხვა კუთხით ეხებოდა მრავალი ძველი თუ თანამედროვე ღვთისმეტყველი, ამიტომაც, ის სარწმუნოებრივი თვალსაზრისითაც გარკვეულ დაინტერესებას იწვევს. სწორედ ამ ინტერესითაა გამოწვეული ჩვენი მცდელობა შევაგროვოთ ამგვარი ლიტერატურად და განვათავსოთ ის ჩვენი ინტერნეტ რესურსის გვერდებზე.

რა თქმა უნდა, ამ გამოცემის მთლიანად გადმობეჭდვას ჩვენ არ ვაპირებთ, რაც ძალზედ შრომატევადი საქმეა და ჩვენი საიტის თემატიკას სცილდება (წიგნში ასევე შეტანილია ზღაპრები, ანდაზები, თქმულებები და სხვა, თუმცა ამგვარი ლიტერატურის ელექტრონული ვერსიების ინტერნეტში გამოქვეყნება ნამდვილად შესაშური საქმე იქნებოდა). ჩვენ მხოლოდ ვეხებით გამოცემის იმ ნაწილს, რომელიც დაცემული სულების, ანუ ე. წ. ინკუბუსებისა და სუკკუბუსების თემატიკასთან არის დაკავშირებული. მასალა, რომელსაც ქვემოთ ვთავაზობთ ჩვენს მკითხველს, გარკვეულწილად ეხმიანება ამ თემას, რის გამოც ჩვენი ინტერესის სფეროს წარმაოდგენს. მასალის გამოქვეყნებით ჩვენ არაფრის მტკიცებას არ ვიღებთ საკუთარ თავზე, რადგან ამ განყოფილებაში განთავსებული მასალა ქვეყნდება მხოლოდ გაცნობისა და საკითხის შესწავლის მიზნით. ამასთანავე მკითხველებს ვხთოვთ გამოგვიგზავნონ მათთვის ცნობილი მსგავსი ისტორიები, რომლებსაც შევკრებთ და მომავალში ჩვენს საიტზე გამოვაქვეყნებთ.

მასალები აღებულია ნაშრომიდან: "ქართული ხალხური სიტყვიერება", II ტომი. მეგრული ტექსტები. თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა. 1991 წ. გვ. 353-405. შემდგენლები ტოგო გულავა და აპოლონ ცანავა. ფრჩხილებში პირველად მითითებულია ნაშრომის გვერდი, შემდეგ კი სტატიის პარაგრაფი.

საიტ აპოკალიფსისის რედაქცია.
შინაარსი


I. ოჩოკოჩი

1. ტყის საკვირველება - ოჩოკოჩი

2. აღწერა და თავისებურებები. ოჩოკოჩის თვისებები

3. სხვადასხვა შემთხვევები



II. ტყაშმაფა

(მეგრ. ტყის მეფე)

1. ტყაშმაფას დახასიათება, აღწერა და თვისებები

2. სხვადასხვა შემთხვევები



III. წყარიშ დიდა

(წყლის დედა ანუ იგივე მეფე წყლებისა)


lV. ჭინკა


V. დიხაშკოჩი


(მიწის კაცი)


VI. მაზაკვალი

(მზაკვარი)

1. მზაკვარი და მისი აღწერა

2. ჭეჭეთობა (ჭიაკოკონობა) - მზაკვართა დღესასწაული



VII. ჟამი, ანუ სული გაცივებისა


VIII. ყვავილ-ბატონები

___________________________


VII. ჟამი, ანუ სული გაცივებისა

დედამიწაში არსებობს სიკვდილის შვილთათვის უხილავი სული გაცივებისა. გაცივების სულები უფრო ნოტიო ალაგას ბუდობენ, ჭანჭრობებში, ღელეების ნაპირებზე. თუ ადამიანი, განსკაუთრებით ბავშვი, გუბეში ჩავარდა, ან თუ ზის სოველ და ნესტიან მიწაზე, ადგომისას თან აჰყვება სინესტე, რომელიც ეკუთვნოდა ჟამს, რომელიც ჩვენ გვსჯის გაცივებით. თვით დაავადების პროცესს მეგრულად ჰქვია "ჟამუა", ხოლო იმას, ვისაც ჟამი სჯის - "ჟამილი".


უფრო ხშირად ჟამი ემტერება ბავშვებს. (ცრურწმენის მიხედვით - რედ.) ყოველთვის, როცა დედამიწაზე დავეცემით ან ზედ ჯდომის შემდეგ ავდგებით, თუ გვინდა მშვიდობით გადავრჩეთ, დედა-მიწას დანაჯდომ ან დანაცემ ადგილას უნდა დავანერწყვოთ, ე. ი. ნერწყვის სახით ჟამს უნდა დაუბრუნდეს ის სინოტივე, რომელიც შეიძლებოდა აგვყოლოდა ჩვენი დაცემისა ან ზედ ჯდომის დროს. მეორე საშუალება, რომელიც (ასევე ცრურწმენის მიხედვით - რედ.), რომელიც აგვაცდენს ჯამის სასჯელს - არის ავგაროზი, რომელიც საგანგებოდ ჟამის წინააღმდეგ არის - სოფლის ექიმებისგან ან თვით მკითხავის მიერ სხვადასხვა ბალახებისგან შემზადებული სასმელი წამალი. თუ არც ერთმა ამ საშუალებათაგანმა არ ულხინა ავადმყოფს, მაშინ მკითხავს მიმართავენ და ისიც ურჩევს იმ მხარეში განთქმულ ძლიერ, რომელსამე ხატს მიმართონ და შველა სთხოვონ (105, 398-399).



VIII. ყვავილ-ბატონები

ბატონები ცხოვრობენ (ცხადია, ცრურწმენების მიხედვით - რედ.) "ზღვის იქით", საცა განუწყვეტლივ სდის თაფლის მდინარენი და რძის ნაკადულები. ამათ აქ აქვთ თავისი ოჯახები და მთლი სოციალური და სარწმუნოებრივი ორგანიზაცია. ყველანი ემორჩილებიან ერთ უფროსს, რომელიც განაგებს თვისთა ქვეშევრდომთა საქმეებს და ზრუნავს მათი კეთილდღეობისთვის. სარწმუნოების მხრივ ესენი საზოგადოდ არიან ქრისტეს და ისლამის აღმსარებლები, ფიზიკურად ესენი ზოგი შავია (შავი ჭირი), თეთრი (ყვავილ-ბატონები), წითელი (წითელა).

მაგრამ ეს ავადმყოფობანი არ სჯერდებიან თავიანთ ქვეყანას, დროდადრო მათი უფროსი გადაწყვეტს ინახულოს მსოფლიოს სხადასხვა მხარეები, რომელბიც თავის სამეფოს ერთ-ერთ ნაწილად მიაჩნიათ, რომ გაიგონ, თუ სიკვდილის შვილნი, რამდენად ერთგულნი არიან მათნი და ან ხომ არ ჩადიან ისეთ საქმეს, რაც უკანონობად ჩაეთვლებათ. ამას აკისრებს თავის ქვეშევრდომებს: შავ ჭირს, ყვავილ-ბატონებს, წითელას და სხ. ამათ სრულ ძალაუფლებას აძლევენ მოიქცნენ ისე, როგორც საჭიროდ დაინახავენ, დაანახვონ ყველას ყოვლის შემძლეობა თავიანთი უფროსისა, მიმართონ დასჯის საშინელ საშუალებას, რომ დანმაშავენი გამოსაწორონ და ჩააგონონ მორჩილება და რიდი. იმ შემთხვევაში, როცა ამათ საქმე ექნებათ ისეთებთან, ვისი გამოსწორება გასაჭირია, მათ უფლება ეძლევათ იხმარონ რადიკალური საშუალება: შეუძლიათ მოჰკლან და წამოიყვანონ როგორც თავიანთი მონები. დასავლეთ საქართველოს ერთი მეტად გავრცელებული ლეგენდაა, რომელიც დაწვრილებით მოგვითხრობს "ზღვის იქით" მხარეში მცხოვრებთა შესახებ: აი ამ ლეგენდის წყალობითაა, რომ ამ სულთა ცხოვრებას ფარდა აეხადა და ჩვენც რაც რაიმე ვიცით მათს შესახებ.

ერთხელ, - მოგვითხრობს ეს ლეგენდა, - ერთი მეგრელი მეთევზე ერთ მდინარის პირას თავის ნავში მოკუზული იჯდა. ნემსკავი წყალში ჰქონდა გადაგდებული და ელოდა - აცა, როდის წამოეგება თევზიო. რაკი დრო მიდიოდა და თევზი კი არსადა ჩანდა, მეთევზეს თევზის ლოდინში ჩაეძინა. ცოტა ხანმა გაიარა და ანკესს ერთი უზარმაზარი თევზი წამოეგო. რადგან მეთევზე აღარ იძვროდა, თევზმა ზღვაში შეათრია. სწორედ მიგრაციის ანუ ადგილგადანაცვლების დრო იყო და თევზმაც თბილ ქვეყნებისკენ გასწია.

უკვე მეორე დღე გათენდა, როცა მეთევზეც გამოეღვიძა. საცოდავმა კაცმა რომ დაინახა - შუა ზღვაში ვარო, თავზარდაცემულმა არ იცოდა, რა ექნა. შიშისაგან ენა ჩაუვარდა. ზღვის ტალღები ნება-ნება არწევდა. მზე რამდენჯერმე ამოვიდა და ჩავიდა, და ისიც მიადგა ერთ მშვენიერ კუნძულს, სადაც თაფლის მდინარენი და რძის ნაკადულები სდიოდა. ისიც ნაპირას გავიდა. შევიდა ისეთ ალაგში, საცა აქამდე ცნობისმოყვარე ადამიანს ფეხი არ დაუკარებია. მის გონებას ვერც კი წარმოედგინა არსებობა ასეთის ადგილისა! კუნძულის ნაპირებს ლურჯი ზღვა კოცნიდა და ზედ ეფრქვეოდა მზის ოქროთ დაფერილი დაუსრულებელი ბრჭყვიალა სხივები. ყოველივე ეს მეტად მხიარული და სასიამოვნო იყო. ამ შუქმფენარე მზის ქვეშ გადაშლილი იყო საოცნებო საყურებელი ბაღები, სამოთხე იშვიათ და ადამიანის თვალთათვის ჯერ უნახავ ყვავილთა, რომლებიც წამოზიდულნი იყვნენ თავიანთ ნაზ ღეროებზე. მსუბუქ თაიგულებად თავიანთ თავსვე ეცემოდნენ. აქვე იყო საუცხოვო სასახლეები.

აი ბედმა საწყალ კაცს ამ სააქაო სამოთხეში დაანახა თვის თვალებით სხვადასხვა ჯურის და სხვადასხვა ხარისხის "ბატონები", რომ მერე თავის მეზობლებისთვის ეამბნა მათი შინაური ცხოვრების ამბავი. მეთევზე მათ შორისვე ხედავდა თავის მეზობლებს, წინა წლებში გარდაცვლილებს და "ბატონების" მიერ წამოყვანილებს თავიანთ ყმებად.

"ბატონები" ახალმოსულს შემოეხვივნენ, გაუწყრნენ: როგორ გაბედე ჩვენს საიდუმლო სამყოფელში მოსვლაო! საცოდავმა მეთევზემ, აკანკალებულმა, ყელგამომშრალმა, სცადა ეთხოვნა პატიება. ძალიან გაუჭირდა და ბოლოს, როგორც იყო, წამოილუღლუღა, უამბო - უბედო ბედმა რაც შეამთხვია და, როგორც შეეძლო, პატიება სთხოვა. რადგან მისი "ყმობის" დრო ჯერ არ იყო მოსული და თან ანგარიში გაუწიეს იმ გარემოებას, რომელმაც ის მათს სამყოფელში მოიყვანა, "ბატონებმა" აპატიეს და ძალზე სტუმართმოყვრულად მოექცნენ.

მეორე წელიწადს, თევზების ახალი მიგრაციის დროს, "ბატონების" ბრძანებით იმავე თევზის საშუალებით, ჩვენი მეგრელი დაუბრუნდა თავის სამშობლოს. მის მეზობლებს დიდი ხნის მკვდარი ეგონათ და ახლა ცოცხალი რომ დაინახეს, ყველას საშინლად გაუკვირდა. ისიც დაწვრილებით მოუყვა, რაც ნახა თავის უნებურად (109, 402).


ბატონების მსახური

როცა "ბატონების" მსახური იმ სახლში დაბინავდება, საცა ავადმყოფი წევს, ყველანი დამშვიდდებიან, დარწმუნებულნი, რომ ავადმყოფის ბედი ჩაბარებული აქვს ისთ ხელებს, ვისი ნდობაც შეუძლია ადამიანს. მსახურის თვალი და ხელები ყველაფერს უნდა გასწვდეს: ართმევს მეზობლებს მათს მიერ მოტანილს დიდ ძღვენსა და საჭმელ-სასმელს, რომ მერე ბატონებმა, თავისუფლად რომ დარჩებიან, სავსებით შეიფასონ მორთმეული სანოვაგის ღირსბა. ძნელი არ არის იმის გამოცნობა, რომ ბატონები გაუმაძღრები სრულებით არ არიან. მაშინ მსახური თავის მოვალეობად სთვლის, თავის გულმოდგინების საჩვენებლად, დატოვებული სანოვაგე დაამთავროს, და ამგვარად თვის შრომის სასყიდელით თავის თავი დააჯილდოვოს...

ყოველთვის, როცა მსახურმა ბატონებს მოტანილი ძღვენი უნდა მიართვას, ავადმყოფის წინაშე დაიჩოქებს და თავმდაბლად მოახსენებს: "ბატონებო, ძვირფასო მარგალიტებო, უძვირფასესო სამკაულებო, ყველა ყვავილებზე ულამაზესო, ტკბილნო, საყვარელნო! ია-ვარდი გიფენიათ, საცა გაიაროთ! როგორც კი გაიგეს თქვენი უდიდებულესობის მობრძანება ამ საცოდავ ქოხში, ყველანი საჩქაროდ გამოეშურნენ, რომ თქვენთვის მოერთმიათ ეს მცირედი ძღვენი, რათა მომრთმევთ გადააფაროთ თქვენი მოწყალების კალთა, მიაკმიოთ სურნელება თქვენი გულკეთილობისა. ნება უბოძეთ თქვენთა ფერხთა მტვერს, თქვენს მონა-მორჩილს და უღირს მსახურს, რომელიც ბედნიერებად თვლის ამ სხელის ტარებას, მოგართვათ ეს ძღვენი!!! (110, 403-404).


ბატონების განაწყენება

ერთ სოფელში, ერთ დროს ცხოვრობდა ერთი საწყალი დედაკაცი, განთქმული მსახური "ბატონებისა". ავადმყოფებთან რომ მიიწვევდნენ, ეს ქალი მაშინვე ხელში აიღებდა ჩონგურს და თუმცა ძალიან სუსტი მეჩონგურე გახლდათ, მაინც ეს არ უშლიდა გაჭირვებისათვის სულ ადვილად დაეღწია თავი. იიმდენს ახერხებდა, რომ "ბატონები" გული ყოველთვის ჰქონდა მოგებული. როგორც კი მიუახლოვდებოდა სახლს, საცა ყვავილით ავადმყოფი იწვა, საკრავს უხერხულად ააჟღარუნებდა, "ბატონები", როგორც მოგვითხრობენ მაყურებელნი, გამხიარულდებოდნენ და ღიმილს დაიწყებდნენო.

მაგრამ ამავე სოფელში ისეთი ურწმუნო თომებიც იყვნენ, რომლებსც ამ დედაკაცის ღირსებისა არაფერის სწამდათ. ამ დროს ერთი ახალგაზრდა კაცი ყვავილით გამხდარა ავად. მისი მდგომარეობა უნუეო გახდა. თავისი მეზობლები სულ ამაოდ ეხვეწებოდნენ ავადმყოფის მამას მსახური დედაკაცი მოეყვანა. მამა, რომელსაც როგორღაც თვალში ამოუსული ჰყავდა ეს დედაკაცი, უარზე იდგა და ყურს არავის უგდებდა. ბოლოს, სიკვდილის პირას მდებარე შვილმა გაკერპებულ მამას ხვეწნა დაუწყო: "სიცოცხლე სულ სამი დღისა დამრჩენია. მომიყვანა მამილო, ის დედაკაცი, რომ ავადმყოფს მომიაროს". მამა ხედავდა, რომ შვილის სიკვდილი კარზე ჰქონდა მომდგარი და მართლაც სამ დღეში შილმა თქვენი ჭირი წაიღო.

განვლო ხანმა და "ბატონები", თავიანთ ჯორებზე შემსხდარნი, შეხვდნენ დედაკაცს და საყვედური უთხრეს: "შე კაი ქალო, რად მოჰკკალი ყმაწვილიო?!" - ბატონებო, ჩემო მწყალობლებო! განა ჩემი ბრალია, - უპასუხა დედაკაცმა. - მე სულ იმასა ვნატრობ შემთხვევა მომეცეს თქვენს ფეხებს ქვეშ გაგეგოთ და დაგიმტკიცოთ ჩემი პატივისცემა და მორჩილება. ძვირფასნო და სათაყვანნო, მიცვალებულის მამა იმდენად გულქვა იყო, რომ წამართვა სიამოვნება შევსულიყავ იმ სახლში, საცა თქვენ ინებეთ შებრძანება (111, 404-405).
Назад к содержимому