განმარტებანი - ქრისტეანთა ნუგეშისცემა 0 - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

სწავლანი > განმარტებანი

ქრისტეანთა ნუგეშისცემა

ამონაწერები წმიდა წერილიდან,  წმიდა  მამათა თხზულებებიდან და პატერიკებიდან
მძიმე ცხოვრებისეულ ვითარებაში ჩავარდნილ ადამიანთა ნუგეშისცემისთვის

(გ. დიაჩენკოს წიგნის "შემწე და მფარველის" (Помощник и покровитель) მიხედვით

სიყვარული

სარჩევი

შესავალი


წმიდა წერილიდან ვიცით, რომ ცათა სასუფეველის დასამკვიდრებლად მოღვაწე ქრისტეანის ამქვეყნიური სარბიელი ათასგვარი განსაცდელებითა და ჭირვებით არის აღსავსე, რომელიც თავისი ამქვეყნიური ცხოვრების დროს, განკაცებულმა უფალმა და კაცთა მოდგმის მაცხოვარმა, იესუ ქრისტემაც გაიარა. წმიდა წერილი გვასწავლის, რომ "მრავლითა ჭირითა ჯერ-არს ჩუენდა შესლვაჲ სასუფეველსა ღმრთისასა" (საქმე 14:22); რომ ჭირვება და სივიწროვე ისევეა საჭირო ჩვენი ცხოვნებისთვის, როგორც ავადმყოფისთვის მწარე, მაგრამ სასარგებლო სამკურნალო საშუალება; რომ "ვინც ბოლომდე დაითმენს, ის ცხოვნდება"; რომ ყოველივე რაც კი ადამიანს შეიძლება შეემთხვეს ამ ქვეყანაზე, არ ხდება ღმრთის ნებისა და დაშვების გარეშე. მაგრამ ამავე დროს უნდა გვახსოვდეს, რომ განსაცდელთა ჯვარი არასოდეს აღემატება ჩვენს ძალებსა და შესაძლებლობებს და რა ზომითაც ძლიერდება ჩვენი ტანჯვა ქრისტეს აღსარებისთვის, იმ ზომით მოგვეცემა ნუგეშიც მაცხოვრისგან.

ამქვეყნიური ცხოვრება არ არის ჩვენი თვითმიზანი, არამედ მხოლოდ მოსამზადებელი დროა მომავალი ცხოვრების დასამკვიდრებლად, რომელშიც ყველა სათნო და მოწამე ქრისტეანისთვის ისეთი სიკეთე და ნეტარებაა მომზადებული, რომ მოციქულის თქმით "არც თვალს უნახავს, არს ყურს სმენია და არც ვისმეს გამოუთქვამს", ამიტომაც, მხნედ და სიხარულით შევხვდეთ ყოველგვარ განსაცდელს, რომელიც ღმრთის ყოვლადბრძენი და ყოვლადსახიერი განგებულებით არის დაშვებული.

სწორედ ასე აფასებდნენ ამქვეყნიურ ჭირვებებს ღმრთის წმინდანები. "მირჩევნია აქ დავისაჯო უფალო, ოღონდ იქ შემიწყალე", - ლოცულობდნენ ისინი და როდესაც ამქვეყნიდან მათი გასვლის ჟამი დგებოდა, უდიდესი სიხარულით ტოვებდნენ მაცთური სიკეთეებითა და სიამოვნებებით აღსავსე ამქვეყნიურ ცხოვრებას.

მეტიც, წმიდა აღმსარებელნი სიხარულით ეგებებოდნენ სიკვდილს და სიხარულით მიდიოდნენ ათასგვარ სატანჯველებზე ქრისტეს სახელისთვის. უდიდესი პატივი და ბედნიერება იყო მათთვის მოწამეობრივი გვირგვინი, ხოლო წმიდა და ღმერთშემოსილი მამები, მეუდაბნოეები და სენაკსა შინა დაყუდებულნი, ამქვეყნისგან განდგომილი ცხოვრების უკიდურეს სივიწროვესა და ჭირვებებს უდიდეს სიკეთედ და სიხარულად მიიჩნევდნენ ისინი და რომ გეკითხათ ამ ქვეყნის არანაირ სიკეთესა თუ სიმდიდრეზე არ გაცვლიდნენ თავიანთ უღარიბეს სენაკს, რადგან მათი მიზანი ზეციური სასუფევვლის დამკვიდრება იყო და არა ამქვეყნიური დიდება და პატივი. ყველაზე დიდ და საშინელ სნეულებებს, რომელთაც გასაოცარი მოთმინებით იტანდნენ, ღმრთის წყალობის აშკარა გამოხატულებად მიაჩნდათ და არ ჰქონდათ გამოჯანმრთელების სურვილიც კი, არამედ მთლიანად ენდობოდნენ ღმრთის ნებას და მისი წყალობის მომლოდინენი სასოებით ელოდნენ თავიანთ აღსასრულს.

ასე ძლიერია ჩვენი, მართლმადიდებლური სარწმუნოება, რომელიც წარმოუდგენლად აკეთილშობილებს ცოდვით დაცემული ადამიანის სულსა და სხეულს; ასე ძალუძს მას გააბედნიეროს ადამიანი უკიდურეს ჭირვებებსა და განსაცდელებში ისე, რომ ადამიანი ყურადღებას არ აქცევს არც სნეულებას, არც სივიწროვეს, არც დევნულებას და თვით სიკვდილსაც კი.

რომელ ფილოსოფიას შეუძლია მისცეს ადამიანს ამგვარი ძალი და ნუგეში? რომელ ამქვეყნიურ სწავლებას ძალუძს გამოიყვანოს ადამიანი ათასგვარი ჭირისა და უბედურების ეკალ-ბარდებიდან და შეასახლოს სიხარულისა და შვების სავანეში? იქ სადაც ადამიანის გონება დევნის სარწმუნოებას და თვითონ ისადგურებს ადამიანის გულში, იქ ამქვეყნიურ ცხოვრებაზე პირქუში შეხედულებისა და იმედგაცრუების გარდა ვერაფერს ვხვდებით, თანაც იმ დონეზე, რომ წუთისოფლის სიამეებსა და ინტერესებს მიცემული ადამიანები ხშირად ვარდებიან სასოწარკვეთილებაში, რაც არც თუ იშვიათად მთავრდება თვითმკვლელობით. ამას ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება და ისტორიაც ადასტურებს.

როგორ და სად შეიძლება მოვიპოვოთ ისეთი ნუგეში, რომელიც სიხარულით აავსებდა ჩვენს გულებს უბედურებებითა და განსაცდელებით აღვსილ დროებაში? ჭეშმარიტად, უპირველესი წყარო ჩვენი ნუგეშისა გახლავთ წმიდა წერილი, ღმრთის სიტყვის საგანძური, ღვთაებრივი ავტორიტეტის ძალი, რომელიც უძლიერესად მოქმედებს ადამიანის ნებაზე. ღმრთის სიტყვა ყველაზე საუკეთესო ნუგეშია ქრისტეანთათვის და არა აქვს მნიშვნელობა როგორ განსაცდელში აღმოჩნდებიან ისინი. წმიდა წერილში არსებობს მთელი მუხლები, თავები და განყოფილებებიც კი, რომლებიც პირდაპირ პასუხობენ ჩვენი გულის მოთხოვნებს, რომელიც ამა თუ იმ გაჭირვებით არის გათანგული და სალბუნივით ედებიან ჩვენს დაუძლურებულ სულს.

ყოველდღიური გამოცდილება გვარწმუნებს, რომ არ არსებობს უბედურება და ტანჯვა, რომელსაც არ ამსუბუქებდეს და მეტიც, სრულიად განაქარვებდეს ღმრთის სიტყვის მიუწვდომელი ნათელი, რომელიც აღსავსეა სულითა და ძალით ქრისტესი და, რომელიც სრულიად დაარწყულებს ამქვეყნიური წუთისოფლით დაქანცულ სულს.

უეჭველად, წმიდა წერილის შემდეგ ადამიანის სულის ცხოვნებისა და ნუგეშინისცემის საქმეში უნდა დავაყენოთ წმიდა მამათა თხზულებები, რომლებშიც მრავლადაა კერძო და ზოგადი ქრისტეანული ნუგეშისცემანი. ისინი უდიდესი ძალით ამშვიდებენ ადამიანის მერყევ ნებას, ცნობისმოყვარე გონებას და შეჭირვებულ გულს. მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა მამათა თხზულებები წარმოადგენენ ქრისტეანული სარწმუნოების უმდიდრეს საცავს, ეს არის მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების უწმიდესი და უმდიდრესი წყარო, საიდანაც ცოდვებითა და ეჭვებით მოწყლული სულის დარწყულება ნებისმიერ ადამიანს ძალუძს.

თავიანთი წმიდა ცხოვრების გამო ეკლესიის მამები იმდენად იყვნენ სულიწმიდის თანაზიარნი, რომ შეიძლება ითქვას თანაშერწყმულნი იყვნენ წმიდა წერილის სულს. ისინი ცხოვრობდნენ ქრისტეში და ამიტომაც ქრისტეს სიტყვა მკვიდრობდა მათში. განა თვით უფალი არ ამბობს: "თუ დარჩებით ჩემში და ჩემი სიტყვები დარჩება თქვენში, ყველაფერი, რასაც ისურვებთ, ითხოვეთ და გექნებათ" (იოანე 15:7).

წმიდა წერილის შესწავლა, რომელშიც სარწმუნოების უმთავრესი დოგმატებია მოცემული, მათი უსაყვარლესი საქმიანობა იყო; ზოგიერთმა მამამ წმიდა წერილი, ანუ ბიბლია ზეპირადაც კი იცოდა. ამიტომაც არის, რომ მათ თხზულებებში სარწმუნოებრივი ჭეშმარიტებანი განზოგადოებულად და განყენებულად კი არ არის წარმოდგენილი, არამედ მთელი სისრულითა და დეტალიზაციით.

ამის შემდეგ ნათელი უნდა გახდეს რამდენად მნიშვნელოვანია წმიდა წერილი და სარწმუნოების უმნიშვნელოვანესი დოგმატები შევისწავლოთ წმიდა მამათა თხზულებების მიხედვით. ქრისტეს სწავლების იმ შინაგანი ძალის მეოხებით, რომელიც, როგორც შეუვალი ჭეშმარიტება, აკმაყოფილებს ყველა საჭირბოროტო კითხვას, წმიდა მამები დადებითად და მაცხოვნებლად მოქმედებენ ადამიანის გულსა და გონებაზე, აკმაყოფილებენ ადამიანის სულის ყველა მოთხოვნას და თვითონაც მოწმობენ თავიანთი სწავლების ღვთაებრივ ღირსებასა და წარმომავლობაზე, რითაც სრულიად იპყრობენ ქრისტეს მოყვარე ადამიანის სულსა და გულს. ამიტომაც არის მათი სიტყვა ესოდენ ძლიერი და მეტყველი. გარკვეულწილად მათზე შეიძლება ითქვას ის, რასაც საკუთარ თავზე ამბობდნენ ქრისტეანული რელიგიის პირველმახარობლები: "რაზედაც ვმსჯელობთ, კაცური სიბრძნით ნასწავლი სიტყვით კი არ ვმსჯელობთ, არამედ სიტყვით, რომელიც გვისწავლია სული წმიდისგან, და სულიერით განვმარტავთ სულიერს" (1 კორ. 2:13).

წმიდა მამათა ამგვარი ღირსებისა და ძალის მქონე თხზულებებს უდიდესი სარგებლობა მოაქვს ნებისმიერი ადამიანისთვის. მაგრამ ეს თხზულებები იმდენად მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანია, რომ მათი მიხედვით სარწმუნოებრივ ჭეშმარიტებათა წვდომა შეუძლია მხოლოდ მას, ვისაც განსაკუთრებულად მიუძღვნია თავი საღვთისმეტყველო საკითხების შესწავლისათვის. სხვებისთვის კი უფრო მოხერხებულია სარწმუნოებრივი საკითხების გაცნობა მამათა თხზულებებიდან შედგენილი ამონაწერების მიხედვით.

მაგრამ ბიბლიისა და წმიდა მამათა თხზულებების გარდა შეჭირვებულ ქრისტეანთა გულებს უდიდეს ნუგეშს ჰგვრიან ეკლესიის ისტორიიდან და წმიდა მამათა ცხოვრებიდან აღებული მოთხრობები. ქრისტეანთა ცხოვრების ასეთი მაგალითები უდიდეს მაცხოვნებელ ზეგავლენას ახდენენ მორწმუნეებზე. ისინი გვიჩვენებენ როგორ დავდგეთ ამქვეყნიურ ჭირვებებზე მაღლა და მოგვიწოდებენ წუთისოფლის წარმავალი ბედნიერების ნანგრევებში მოქცეულებმა ქრისტეს ჯვარცმის ფერხთქვეშ ვჰპოვოთ მშვიდობა და სიხარული.

და ბოლოს, ქრისტეანული ნუგეშისცემის საქმეში, როდესაც ჭირვებაში შთავარდნლი სული თითქმის მზად არის დაინთქას უსასოობის უფსკრულში, არ შეიძლება უგულებელვყოთ ადამიანის სულის ისეთი უნარი, როგორიც არის შემოქმედებითი წარმოსახვა, ანუ ფანტაზია. მართალია, უმეტეს შემთხვევაში წარმოსახვის უნარი უდიდეს სამსახურს უწევს ჩვენს აზროვნებას და ჩვენი სულიერი მოღვაწეობის სხვადასხვა გამოვლინებებს, ზოგიერთ შემთხვევაში, დამღუპველადაც შეუძლია იმოქმედოს ჩვენს ნებაზე, რადგან შეუძლია ისეთ პირქუშ ფერებში წარმოიდგინოს მომავალი, რომელიც არ შეეფერება სინამდვილეს და მით ადამიანი დანთქას უსასოობის უფსრკულში.

ამგვარი მოჭარბებული და გადამეტებული შიშის გაფანტვა, განსაცდელთაგან გათანგული ნების განმტკიცება და მისი კვლავ გამოცოცხლება, ზემოთ ჩამოთვლილ ნუგეშისცემათა გარდა სასულიერი და საერო პოეზიის ნაწარმოებებსაც შეუძლიათ. ძალზედ ხშირად, მოხდენილ, პოეტურ დასურათხატებას ან ტკბილ და გულის განმამტკიცებელ საგალობელს ვრცელ და მომქანცველ ახსნა-განმარტებებზე მეტის გაკეთება ძალუძს.

ამრიგად, "ნუგეშინის-სცემდით ურთიერთას და აღაშენებდით ურთიერთსა" (1 თესალონიკ. 5:11).


1. ყოველთა მწუხარეთა საზოგადო ნუგეშისცემა

ამონაწერები ძველი და ახალი აღთქმის წმიდა წერილიდან


ღმერთი ყველას ნუგეშისმცემელია: "კურთხეულია ღმერთი და მამა ჩვენი უფლის იესო ქრისტესი, მამა მოწყალებისა და ღმერთი ყოველგვარი ნუგეშისა" (2 კორ. 1:3).

მწუხარებისას ნუგეში ღმრთისგან გვეძლევა: "მე ვარ, მე, თქვენი ნუგეშისმცემელი! ვინა ხარ, რომ გეშინია მკვდარი კაცისა და ადამის ძისა, ბალახად რომ შეირაცხება?" (ეს. 51:12). "მოთმინებისა და ნუგეშის ცემის ღმერთმა კი, დაე, ერთსულოვნად გამყოფოთ ქრისტე იესოს მიერ" (რომ. 15:5), "ვინაიდან როგორც ქრისტეს ვნებანი მრავლდებიან ჩვენში, მრავლდება ქრისტეს მიერ ჩვენი ნუგეშიც" (2 კორინთ. 1:5).

ჭირვებაში ნუგეშს უფალი გვპირდება: "ცრემლით მთესველნი სიმღერით მოიმკიან. მიდის და ტირის მთესველი თესლისა, მოდის და სიმღერით მოაქვს ძნები თავისი" (ფსალმ. 125:5-6). "ნეტარ არიან მგლოვიარენი, ვინაიდან ისინი ნუგეშცემულნი იქნებიან" (მთ. 5:4). "ნეტარნი ხართ მოტირალნი ამჟამად, ვინაიდან გაიცინებთ" (ლკ. 6:21).

ღვთიური ნუგეშისცემა მარადიულია: "ხოლო თვით ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ და ჩვენმა ღმერთმა და მამამ, რომელმაც შეგვიყვარა და საუკუნო ნუგეშთან ერთად კეთილი იმედიც მოგვმადლა, ანუგეშოს თქვენი გულები და განგამტკიცოთ ყოველ სიტყვასა და კეთილ საქმეში" (2 თესალონიკ. 2:16-17).


მორწმუნეთა ნუგეშისცემის საფუძვლები:


ა) ამჟამინდელი ჭირვების დროებითი ხასიათი: "ვინაიდან ჩვენი წამიერი და მცირედი ტანჯვა უზღვავსა და უსაზომო დიდებას შეიქმს ჩვენთვის" (2 კორ. 4:17). "რწმენით იყო, რომ მოსემ, როცა წამოიზარდა, უარი თქვა ფარაონის ასულის ძედ წოდებულიყო, და ღვთის ხალხთან ერთად ტანჯვა ამჯობინა მცირე ხნით ცოდვილ განცხრომას" (ებრ. 11:25). "... რწმენის წყალობით დაცული ხართ ცხონებისათვის, რაც მზადაა გამოცხადდეს უკანასკნელ ჟამს და რასაც შეჰხარით, თუმცა ამჟამად, ცოტა არ იყოს, შეჭირვებულნი იქნებით სხვადასხვაგვარი განსაცდელით" (1 პეტრ. 1:6). "ხოლო ღმერთი ყოველი მადლისა, თავისდა სადიდებლად რომ გიხმოთ იესო ქრისტეს მიერ, თქვენი ხანმოკლე ტანჯვის შემდეგ თვითონვე სრულგყოფთ, დაგამკვიდრებთ, გაგაძლიერებთ და განგამტკიცებთ" (1 პეტრ. 5:10).

ბ) სასოება საყოველთაო აღდგომისა: "მე სიმართლით ვიხილავ შენს სახეს, გავძღები გამოღვიძებისას შენი სახების მზერით" (ფსალმ. 16:15). "მრავალი მიწაში მიძინებული გამოიღვიძებს, ზოგი საუკუნო სიცოცხლისათვის, ზოგი საუკუნო გმობისთვის და შერცხვენისთვის" (დან. 12:2). "თუკი ქრისტესთან ერთად აღდექით, ზეცისას ეძიებდეთ, სადაც ქრისტე ზის ღვთის მარჯვნივ" (კოლას. 3:1). "საყვარელნო, ამიერიდან ღვთის შვილები ვართ, მაგრამ ჯერ არ გამჟღავნებულა, რანი ვიქნებით. ვიცით მხოლოდ, რომ, როცა გამომჟღავნდება, მისივე მსგავსნი ვიქნებით, რადგანაც ვიხილავთ მას, როგორიც არის" (1 ინ. 3:2).

გ) მარადიული ცხოვრების აღთქმა: "ვინაიდან სხეულის წვრთნა ცოტა რამეში თუ წაგადგება, ღვთისმოსაობა კი ყოველმხრივ სასარგებლოა, რაკიღა აწინდელი სიცოცხლის აღთქმაცა აქვს და მერმისისაც. სარწმუნოა ეს სიტყვა და ღირსი სრული შეწყნარებისა. ვინაიდან იმისთვის ვშრომობთ და ვიღვწით, რომ ვესავთ ცოცხალ ღმერთს, რომელიც არის ყოველი კაცისა და, მით უმეტეს, მორწმუნეთა მხსნელი" (1 ტიმ. 4:8-10).

დ) მარადიული დიდებისა და ნეტარების სასოება: "რადგანაც ვფიქრობ, რომ აწინდელი ვნებანი არაფერია იმ დიდებასთან შედარებით, რომელიც გამოვლინდება ჩვენს მიმართ" (რომ. 8:18). "ამიტომაც არის ახალი აღთქმის შუამდგომელი, რათა სიკვდილით, რომლითაც აღესრულა, გამოესყიდა პირველი აღთქმისას ჩადენილი დანაშაულნი და, ამრიგად, საუკუნო მემკვიდრეობისთვის ხმობილთ მიეღოთ აღთქმული" (ებრ. 9:15). "მასწავლე გზა ცხოვრებისა, სისავსე სიხარულის შენი სახის წინაშე, ნეტარება - შენი მარჯვენით უკუნისამდე" (ფსალმ. 15:11). "უფლის გამოსყიდულნი დაბრუნდებიან და მხიარული ყიჟინით მივლენ სიონზე, საუკუნო სიხარული იქნება მათ თავზე, შვება და სიხარული ეწევა მათ და ტანჯვა-წუხილი განშორდებათ" (ეს. 35:10).

ე) უცვლელი და მარადიული ნეტარების აღთქმა: "შარაგზა იქნება იქ და წმიდა გზა დაერქმევა მას; უწმიდური იქ ვერ გაივლის; გზიანად მავალისთვის იქნება იგი და ბრიყვები არ იყიალებენ" (ეს. 35:8). "ამიტომაც არიან ღვთის ტახტის წინაშე, ვისაც დღე და ღამ ემსახურებიან მის ტაძარში, და ტახტზე მჯდომარე დაიფარავს მათ თავისი კარვით. ასე რომ, აღარც მოშივდებათ, არც მოსწყურდებათ, აღარც მზე დასწვავთ და აღარც ხვატი" (გამოცხ. 7:15-16). "შეაშრობს ღმერთი მათ თვალზე ცრემლს, და აღარ იქნება სიკვდილი: აღარც გლოვა, აღარც ტირილი და ტანჯვა იქნება, რადგანაც გადაეგო ყოველივე უწინდელი" (გამოცხ. 21:4).


როგორ ვანუგეშოთ ჭირში მყოფნი


ა) სნეულთათვის: იმ ხანებში სასიკვდილოდ დასნეულდა ხიზკია. მივიდა მასთან ესაია ამოცის ძე, წინასწარმეტყველი, და უთხრა: ასე ამბობს უფალი: ანდერძი დაუტოვე შენს სახლს, რადგან კვდები, ვერ გადარჩები. კედლისკენ მიაბრუნა პირი ხიზკიამ და შეევედრა უფალს: უფალო! გაიხსენე, მტკიცედ და წრფელი გულით რომ დავდიოდი შენს წინაშე. კეთილად რომ ვიქცეოდი შენს თვალში! და მწარედ ატირდა ხიზკია. შიდა ქალაქიდან არ იყო ესაია გასული, რომ გამოეცხადა უფლის სიტყვა. გაბრუნდი და უთხარი ხიზკიას, ჩემი ერის წინამძღოლს: ასე ამბობს-თქო უფალი, დავითის, მამაშენის ღმერთი: შევიწყნარე შენი ვედრება, დავინახე შენი ცრემლი და, აჰა, განგკურნავ. ზეგ წახვალ უფლის სახლში. კიდეც თხუთმეტ წელიწადს შევმატებ შენს დღეებს და აშურის მეფის ხელიდან დაგიხსნით შენ და ამ ქალაქს, დავიფარავ ამ ქალაქს ჩემი გულისთვის და დავითის, ჩემი მორჩილის გულისთვის. თქვა ესაიამ: მოიტანეთ ლეღვის ტყლაპი. მოიტანეს და წყლულზე დაადეს; და განიკურნა. უთხრა ხიზკიამ ესაიას: რა იქნება იმის სასწაულად, რომ განმკურნავს უფალი, რომ ზეგ უფლის სახლში წავალ? თქვა ესაიამ: ეს იყოს შენთვის სასწაულად უფლისგან, რომ აასრულებს უფალი თავის ნათქვამ სიტყვას. ათი საფეხურით წინ წავიდეს ჩრდილი თუ ათი საფეხურით დაბრუნდეს უკან?" (4 მეფ. 20:1-11).

"განგადიდებ შენ, უფალო, რადგან მიხსენი და ჩემზე მტრები არ გაახარე" (ფსალმ. 29:2). "ის არის შემნდობი ყველა შენი ბრალისა, მკურნალი ყველა შენი სნეულებისა" (ფსალმ. 102:3). "გაიხსენე ჩემი ტანჯვა და ჩემი სიმწარე, აბზინდა და შხამი; კარგად ვიხსენებ ამას და მიღონდება სული; ასე ვპასუხობ ჩემს გულს, რადგან მაქვს იმედი; არ დაილევა უფლის მადლი, არ შეწყდება მისი წყალობები; განახლდება ყოველ სისხამზე, დიდია შენი იმედი. ჩემი ხვედრია უფალი, ამბობს ჩემი სული; ამიტომაც იმედი მაქვს მისი; კეთილია უფალი მისი მოსავისთვის, მისი მძებნელი სულისათვის; კარგია, როცა კაცი მდუმარედ მოელის ხსნას უფლისაგან" (გოდება იერ. 3:19-26).

"ჭირსა შინა აღიმსთობიან ჩემდამო და მეტყვიან: წავიდეთ და მივიქცეთ უფლისკენ, რადგან მან დაგვგლიჯა და თავადვე განგვკურნავს; მან დაგვჭრა და თავადვე შეგვიხვევს ჭრილობას" (ოსია 6:1). "და, აჰა, სარეცლით მიჰგვარეს მას დავრდომილი; იხილა იესომ მათი რწმენა და უთხრა დავრდომილს: გამხნევდი, შვილო, მოგეტევა შენი ცოდვები" (მთ. 9:2). "რწმენის ლოცვა იხსნის ავადმყოფს, უფალი აღადგენს მას, და თუ ცოდვა რამ ჩაუდენია, მიეტევება" (იაკ. 5:15). "საყვარელნო, ნუ იუცხოვებთ თქვენს გამოსაცდელად მოვლენილ ცეცხლოვან განსაცდელს, თითქოს რაღაც უჩვეულო რამ დაგმართოდეთ. არამედ ხარობდეთ, როგორც ქრისტეს ვნებათა თანაზიარნი, რათა მისი დიდების გამოცხადებითაც იხარებდეთ და ილხენდეთ. ამიტომ ღვთის ნებით ვნებულთაც მას, როგორც ჭეშმარიტად შემოქმედს, მიანდონ თავიანთი სული" (1 პეტრე. 4:12, 13, 19).

ბ) ღარიბთა და უპოვართათვის: "საპყარს მტვერიდან წამოაყენებს, სანეხვედან აღამაღლებს უპოვარს, რათა დიდებულთა გვერდით დასვას; ტახტს დიდებისას დაუმკვიდრებს, რადგან უფლისაა დედამიწის საფუძველნი და სამყარო მათზე დაამყარა" (1 მეფ. 2:8). "რადგან შენა ხარ საპყართა სიმტკიცე, გლახაკთა სიმტკიცე მათ გასაჭირში, თავშესაფარი ქარიშხალში, ჩრდილი პაპანებაში; რადგან მტარვალთა სუნთქვა კედელს მიხლილი ქარიშხალია" (ეს. 24:4). "უგალობეთ უფალს, ადიდეთ უფალი, რადგან იხსნის ღატაკის სიცოცხლეს ბოროტეულთა ხელიდან" (იერ. 20:13). "შეხედეთ ცის ფრინველთ: არც თესავენ, არც მკიან, არც ბეღლებს ავსებენ, და მამა თქვენი ზეციერი არჩენს მათ. ნუთუ თქვენ არა სჯობიხართ ფრინველთ?" (მთ. 6:26). "ისმინეთ, ჩემო საყვარელო ძმანო: განა ამ ქვეყნის გლახაკნი არ აირჩია ღმერთმა რწმენით მდიდრებად და სასუფევლის მკვიდრებად, რომელიც აღუთქვა თავის მოყვარეთ?" (იაკ. 2:5).

გ) ქვრივთა და ობოლთათვის: "თუ დაუჯერებ და ყველაფერს აღასრულებ, რასაც გეუბნები, მტრად მოვეკიდები შენს მტრებს და შევავიწროვებ შენს შემავიწროებლებს. როდესაც წაგიძღვება ანგელოზი და მიგიყვანს ამორეველებთან, ხეთელებთან, ფერიზელებთან, ქანაანელებთან, ხივიელებთან, იებუსეველებთან და მე მოვსპობ მათ" (გამ. 23:22-23). "უფალი იცავს შემოხიზნულებს, ობოლსა და ქვრივს გაამხნევებს და ბოროტთა გზას გაამრუდებს" (ფსალმ. 145:9). "დასტოვე შენი ობლები, მე ვარჩენ მათ; ჩემი იმედი ჰქონდეთ შენს ქვრივებს" (იერ. 49:11).

დ) განსაცდელში მყოფთათვის: "თქვენ კი ხართ ჩემს განსაცდელში ჩემს გვერდით მყოფნი. და მე აღგითქვამთ თქვენ, როგორც მე აღმითქვა მამამ ჩემმა სასუფეველი. რათა ჭამდეთ და სვამდეთ ჩემს ტაბლაზე ჩემსავ სასუფეველში, და დასხდებით ტახტებზე, რათა განსაჯოთ ისრაელის თორმეტი ტომი. და თქვა უფალმა: სიმონ, სიმონ! აჰა, სატანამ დააპირა თქვენი გაცხრილვა, როგორც ცხრილავენ ხორბალს. მაგრამ მე ვილოცე შენთვის, რათა არ შემცირდეს შენი რწმენა; და როცა მოიქცევი, განამტკიცე შენი ძმები" (ლუკა 22:28-32). "სხვა განსაცდელი არ შეგხვედრიათ, ადამიანური განსაცდლის გარდა; მაგრამ სარწმუნოა ღმერთი, რომელიც არ შეგამთხვევთ იმას რისი ატანაც თქვენს ძალ-ღონეს აღემატება, არამედ განსაცდელში გამოსავალსაც გაპოვნინებთ, რათა შეიძლოთ ატანა" (1 კორ. 10:13). "რადგან ისეთი მღვდელმთავარი როდი გვყავს, რომ არ შეეძლოს თანაგვიგრძნოს ჩვენს უძლურებაში, არამედ - ჩვენსავით გამოცდილი ყველაფერში, გარდა ცოდვისა" (ებრ. 4:15). "ნეტა მას, ვინც გაუძლებს საცდურს, რადგან განსაცდელგამოვლილი მიიღებს სიცოცხლის გვირგვინს, ღმერთმა რომ აღუთქვა თავის მოყვარეთ" (იაკობი 1:12). "რაკიღა დაიცავი სიტყვა ჩემი მოთმინებისა, მეც დაგიცავ განსაცდლის ჟამს, რომელიც მოიწევა მთელს ქვეყანაზე მიწის მკვიდრთა გამოსაცდელად" (გამოცხ. 3:10).

ე) დევნულებაში მყოფთათვის: "თავშესაფარია ძველი ღმერთი და სიღრმეთაგან მკლავი მარადიული. მტერი განდევნა შენგან და თქვა: გაავლე მუსრი!" (2 სჯლ. 33:27). "ნეტარ არიან სიმართლისათვის დევნილნი, ვინაიდან მათია ცათა სასუფეველი. ნეტარნი ხართ თქვენ, როცა დაგიწყებენ გმობას, დევნას და ცრუმეტყველნი დაგწამებენ ყოველგვარ ბოროტს ჩემი გულისთვის. გიხაროდეთ და ილხენდეთ, ვინაიდან დიდია თქვენი საზღაური ცაში, რადგან ასევე სდევნიდნენ წინასწარმეტყველთაც, რომელნიც თქვენზე უწინარეს იყვნენ" (მათე 5:10-12). "ნეტარნი ხართ, როცა მოგიძულებენ და მოგიკვეთენ კაცნი, შეურაცხგყოფენ და სათრეველად აქცევენ თქვენს სახელს, როგორც უკეთურს, კაცის ძის გამო. იხარებდეთ და ილხენდეთ იმ დღეს, ვინაიდან დიდია თქვენი საზღაური ცაში. ასევე ექცეოდნენ წინასწარმეტყველთაც მათი მამები" (ლუკა 6:22-23). "თუ დავითმენთ, მასთან ერთადვე ვიმეფებთ, ხოლო თუ უარვყოფთ, ისიც უარგვყოფს ჩვენ" (2 ტიმ. 2:12). "არამედ ხარობდეთ, როგორც ქრისტეს ვნებათა თანაზიარნი, რათა მისი დიდების გამოცხადებითაც იხარებდეთ და ილხენდეთ. თუ ქრისტეს სახელისთვის გაგინებენ, ნეტარნი ხართ, რადგანაც თქვენზე ივანებს სული დიდებისა და სული ღვთისა, მათ მიერ რომ იგმობა, თქვენით კი იდიდება" (1 პეტრე 4:13-14).

"ნუ გეშინია ნურაფრისა, რისი დათმენაც მოგიწევს. აჰა, ეშმაკი აპირებს ზოგი თქვენგანი გამოსაცდელად ჩააგდოს საპყრობილეში; და გექნებათ ურვა ათი დღე. სიკვდილამდე ერთგული იყავი და მოგცემ შენ სიცოცხლის გვირგვინს" (გამოცხ. 2:10).

ვ) უსასოებასა და მწუხარებაში ჩავარდნილთათვის: "დაგავიწყდება ტანჯვა-წამება, როგორც ჩავლილ წყალს, ისე გაიხსენებ" (იობი 11:16). "მოუხმობენ და უსმენს უფალი და იხსნის ყველა გასაჭირისგან" (ფსალმ. 33:18). "უთხარით გულშემდრკალთ: გამაგრდით, ნუ გეშინიათ! აჰა, ღმერთი თქვენი, მოვა შურისგება, ღვთის საზღაური; ის მოვა და გიხსნით თქვენ" (ესაია 35:4). "ნუ შეძრწუნდება თქვენი გული; გწამდეთ ღმერთი და მიწამეთ მე" (იოანე 14:1).

ზ) ტვირთმძიმეთა და მაშვრალთათვის: "მოდით ჩემთან ყოველი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი, და მე მოგიფონებთ თქვენ" (მათე 11:28).

თ) საკუთარ ცოდვათა მგლოვარეთათვის: "ანუგეშეთ, ანუგეშეთ, ჩემი ხალხი, ამბობს თქვენი ღმერთი. მოუოხეთ გული იერუსალიმს და ახარეთ, რომ დასრულდა მისი ლაშქრობა, რომ მიტევებულია მისი დანაშაული, რომ ორმაგად მიეზღო უფლის ხელით მისი ცოდვებისათვის" (ესაია 40:1-2). "ნეტარ არიან მგლოვიარენი, ვინაიდან ისინი ნუგეშცემულნი იქნებიან" (მათე 5:4).

თ) ნუგეშისცემა მათი, ვინც დაჰკარგა გულისთვის ახლობელი ადამიანი: "თქვა: შიშველი გამოვედი დედის მუცლიდან და შიშველი დავბრუნდები იქ. უფალმა მომცა, უფალმა წაიღო. კურთხეულ იყოს უფლის სახელი" (იობი 1:21). "კიდეც დასტანჯავს და კიდეც შეიბრალებს დიდი წყალობით" (გოდება იერ. 3:32). "წავიდეთ და მივიქცეთ უფლისკენ, რადგან მან დაგვგლიჯა და თავადვე განგვკურნავს; მან დაგვჭრა და თავადვე შეგვიხვევს ჭრილობას. ის გაგვაცოცხლებს ორი დღის შემდეგ, მესამე დღეს აღგვადგენს და ვიცოცხლებთ მის წინაშე" (ოსია 6:1-2).

"უთხრა მას იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე. ვისაც მე ვწამვარ, კიდეც რომ მოკვდეს, იცოცხლებს. ვინც ჩემში ცოცხლობს და სწამს ჩემი, არ მოკვდება უკუნისამდე" (იოანე 11:25). "მაგრამ არ გვინდა, ძმანო, რომ არაფერი იცოდეთ განსვენებუღთა თაობაზე, რათა მათსავით არ წუხდეთ, ვისაც არა აქვს სასოება. რადგანაც თუ გწამს, რომ იესო მოკვდა და აღდგა, მაშინ ღმერთი იესოში განსვენებულთაც მოიყვანს მასთან ერთად. ხოლო ამას გეუბნებით უფლის სიტყვით, რომ ჩვენ, უფლის მოსვლამდე ცოცხლად შთენილნი, ვერ დავასწრებთ განსვენებულთ. ვინაიდან თვით უფალი, მბრძანებლური სიტყვით, მთავარანგელოზის ხმობითა და ღვთის საყვირის ხმით, გადმოვა ზეცით, და პირველნი აღდებიან ქრისტეში განსვენებულნი. შემდეგ კი ჩვენც, ცოცხლად შთენილთაც, აგვიტაცებენ ღრუბლებს ზემოთ, რათა ჰაერში შევეგებოთ უფალს და, ამრიგად, სამუდამოდ უფალთან ერთად ვიქნებით. ასე რომ, ამ სიტყვებით ანუგეშეთ ერთიმეორე" (1 თესალონიკ. 4:13-18). "და მომესმა ხმა ზეცით, რომელმაც მითხრა: დაწერე: ნეტარ არიან მკვდარნი, უფალში რომ აღესრულებიან ამიერიდან. დიახ, - ამბობს სული, - რათა განისვენონ თავიანთ შრომათაგან და თან წაიტანონ თავიანთი საქმენი" (გამოცხ. 14:13).

ი) მათთვის, ვინც ყველამ მიატოვა: "დამაგდო ჩემმა დედ-მამამ, ხოლო უფალი მიმიღებს მე" (ფსალმ. 26:10). "განა დაივიწყებს ქალი თავის ჩვილს? არ შეიბრალებს თავისი მუცლის ნაშიერს? მათ რომც დაივიწყონ, მე არ დაგივიწყებ შენ" (ესაია 49:15). "არ დაგტოვებთ ობლად; მოვალ თქვენთან" (იოანე 14:18).

კ) სიბერით შეჭირვებულთათვის: "ნუ უკუმაგდებ სიბერის ჟამს, უძლურების დროს ნუ მიმატოვებ... ასევე მოხუცებულობამდე და ღრმა სიბერემდე, ნუ მიმატოვებ, ღმერთო, ვიდრე გავაცნობდე შენს ძალას ამ თაობას და ყველა მომავალს - შენს სიძლიერეს" (ფსალმ. 70:9-18). "დიდების გვირგვინია ჭაღარა თავი; სიმართლის გზაზე იპოვება" (იგავნი 16:31). "შენს სიბერემდე მე იგივე ვარ და მოხუცობამდე მე გატარებ, მე შეგქმენი და მე აგიყვან, მე გატარებ და მე გადაგარჩენ" (ესაია 46:4) (ამბობს უფალი).

ლ) მომაკვდავთათვის: "მაგრამ ვიცი, ცოცხალია ჩემი გამომხსნელი და საბოლოოდ აღიმართება მიწაზე! და როცა დაიშლება ეს ჩემი კანი, უსხეულმყოფელიც ვიხილავ ღმერთს" (იობი 19:25-26). "შავეთის ველზეც რომ ვიარო, ბოროტისა არ მეშინია, რადგან შენა ხარ ჩემთან; მანუგეშებენ შენი კვერთხი და შენი საყრდენი" (ფსალმ. 22:4). "ბოროტეული თავისი უკეთურების გამო მოიკვეთება, მართალი კი სიკვდილშიც სასოებას ჰპოვებს" (იგავნი 14:32). "ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც ისმენს ჩემს სიტყვებს და სწამს იგი, ვინც მომავლინა, აქვს საუკუნო სიცოცხლე და არ წარუდგება სამსჯავროს, არამედ უკვე გადავიდა სიკვდილიდან სიცოცხლეში" (იოანე 5:24).

"მაგრამ მავანი იტყვის: როგორ აღდგებიან მკვდრები, ან რომელი სხეულით მოვლენ? უგუნურო, რასაც შენ თესავ, ვერ იცოცხლებს, თუკი არ მოკვდა. და როცა თესავ, მომავალ სხეულს კი არ თესავ, არამედ შიშველ მარცვალს, სულერთია, იქნება ეს პურისა თუ სხვა მარცვლეულის თესლი. მაგრამ ღმერთი აძლევს მას სხეულს, როგორიც ნებავს, თვითეულ თესლს - საკუთარ სხეულს. ყოველი ხორცი ერთი და იგივე ხორცი როდია, არამედ სხვაა კაცთა ხორცი და სხვა - პიურტყვთა ხორცი, სხვა - თევზებისა, სხვა - ფრინველების. არიან სხეულნი ზეციურნი და სხეულნი მიწიერნი, მაგრამ სხვაა ზეციერთა დიდება და სხვა - მიწიერთა. სხვაა დიდება მზისა, სხვაა დიდება მთვარისა, სხვა - ვარსკვლავების; და თვით ვარსკვლავიც ვარსკვლავისაგან განსხვავდება დიდებით. ასევე მკვდართა აღდგომაც: ითესება ხრწნილებით, აღდგება უხრწნელობით. ითესება დამცირებით, აღდგება დიდებით; ითესება უძლურებით, აღდგება ძლიერებით. ითესება სხეული მშვინვიერი, აღდგება სხეული სულიერი; არის სხეული მშვინვიერი და არის სხეული სულიერი. აჰა, გეტყვით თქვენ საიდუმლოს: ყველანი როდი მოვკვდებით, მაგრამ ყველანი შევიცვლებით, - ერთ წამში, თვალის დახამხამებაში, როცა ახმიანდება უკანასკნელი საყვირი; რადგანაც ახმიანდება და მკვდრები აღდგებიან უხრწნელნი, ხოლო ჩვენ შევიცვლებით. რადგანაც ამ ხრწნადმა უნდა შეიმოსოს უხრწნელობა და ამ მოკვდავმა უნდა შეიმოსოს უკვდავება. ხოლო როდესაც ეს ხრწნადი შეიმოსავს უხრწნელობას და ეს მოკვდავი შეიმოსავს უკვდავებას, მაშინ აღსრულდება დაწერილი სიტყვა: „დაინთქა სიკვდილი ძლევით; სად არის, სიკვდილო, ნესტარი შენი? სად არის, ჯოჯოხეთო, ძლევა შენი?" (1 კორ. 15:35-44, 51-55).

"რადგანაც ვიცით, რომ თუ ეს ჩვენი მიწიერი სახლი, თუ ეს კარავი დაინგრევა, ღმერთის მიერ გვაქვს სასახლე ცაში, ხელთუქმნელი და მარადიული. მიტომაც ვგმინავთ, რომ გვსურს შევიმოსოთ ზეციური სასახლე ჩვენი. მხოლოდ შემოსილნიც არ აღმოვჩნდეთ შიშველნი. ვინაიდან ამ კარავში მყოფნი სიმძიმილით ვგმინავთ, რადგანაც განძარცვა კი არა გვსურს, არამედ შემოსვა, რათა ცოცხალმა შთანთქას მოკვდავი. სწორედ ამისთვის შეგვქმნა ღმერთმა და მოგვცა სულის წინდი. ამიტომ ყოველთვის ნდობით ვართ აღვსილნი და ვიცით, რომ ვიდრე სხეულში ვსახლობთ, ღვთის გარეთ ვსახლობთ. რადგანაც რწმენით ვიარებით და არა ხედვით. მაგრამ ნდობით ვართ აღვსილნი და გვიჯობს სხეულიდან გამოვსახლდეთ, რათა უფალთან დავესახლოთ" (2 კორ. 5:1-8). "რადგანაც ჩემთვის სიცოცხლე ქრისტეა, სიკვდილი კი - მონაგები" (ფლპ. 1:19-23), - ამბობს მოციქული პავლე. "სარწმუნოა სიტყვა: თუ მასთან ერთად მოვკვდით, მასთან ერთადვე ვიცოცხლებთ. თუ დავითმენთ, მასთან ერთადვე ვიმეფებთ, ხოლო თუ უარვყოფთ, ისიც უარგვყოფს ჩვენ" (2 ტიმ. 11:12).

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню