Перейти к контенту

განმარტება - სად "ანთია და არ ქრება" ყოვლადდასაწველი მსხვერპლის ახალაღთქმისეული სამსხვერპლო? - აპოკალიფსისი

Skip menu
Skip menu
აპოკალიფსისი > განმარტება
სად "ანთია და არ ქრება" ყოვლადდასაწველი მსხვერპლის ახალაღთქმისეული სამსხვერპლო?
დაემხო, დაემხო ბაბილონი, დიდი ქალაქი
ვაგრძელებთ რა ხელთქმნილი სამსხვერპლოს წინასახეობრივ მნიშვნელობებზე საუბარს, უნდა აღვნიშნოთ, რომ ღმრთის კაცნი უკვე ძველ აღთქმაშივე იყვნენ წარმოსახულნი, როგორც "რკინისგან შეუბილწავი ქვები" (გამ. 20:25), რომელთაგან მოსემ სინას მთის ძირში (გამ. 24:4-5), და იესუ ნავემ გებალის მთაზე (ის. ნავ. 8:30-32), ასევე წინასწარმეტყველმა ილიამ ბაალის ოთხას ორმოცდაათი წინასწარმეტყველის ამოჟლეტისას კარმელის მთაზე (3 მეფ. 18:31-32), ააგეს ქვის სრულადდასაწველის სამსხვერპლონი, რომელიც შემოქმედსა და ყოვლისმპყრობელს მიეძღვნა და, სადაც სამსხვერპლოს ასაგები ქვების რაოდენობა ისრაელის ტომთა რიცხვს შეესაბამებოდა; ხოლო ყოველ ქვას ცალკე გააჩნდა რჯულის გამოსახულება (შეად.: მეორე რჯლ. 27:2-8); "აი, ეს იქნება აღთქმა, იმ დღეთა შემდგომ რომ აღვუთქვამ ისრაელის სახლს, ამბობს უფალი: ჩავდებ ჩემს რჯულს მათ გონებაში, და მათ გულებზე დავაწერ მას..." (ებრ. 8:10).
 
გარდა ამისა, საკმაოდ ნიშანდობლივია, რომ იესუ ნავეს სამსხვერპლოს ქვები, რომელიც მან გებალის მთაზე ააშენა, კირით იყო შელესილი, ანუ თეთრი ფერისა გახლდათ, რაც ასევე მოასწავებდა ახალაღთქმისეული დროების რეალიებს და "ცოცხალ" სამსხვერპლოს მომავალი ხელთუქმნელი კარვისა, შეად.:
 
"ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს: მძლეველს მივცემ საჭმელად დაფარულ მანანას, მივცემ მას თეთრ ქვასაც და ქვაზე დაწერილ ახალ სახელს..." (გამოცხ. 2:17).
 
"და როცა ახსნა მეხუთე ბეჭედი, საკურთხევლის ქვეშ ვიხილე მათი სულები, ვინც მოკლულ იქნენ ღვთის სიტყვისა და მოწმობისთვის, რომელიც ჰქონდათ. ... და მიეცა მათ სპეტაკი სამოსი..." (გამოცხ. 6:9-11).
 
მეტიც, ახალაღთქმისეულ პერიოდში "გაუთლელი ქვების" სიმბოლოთი (ანუ ისეთი "ქვებისა", რომლებზეც ღმრთის რჯული იწერება არა "რკინით", არამედ რწმენით (ის. ნავ. 8:30-32) გაიხსნა მოწმობა ადამიანის შინაგან შინაარსზე, რომლის შესაბამისადაც მაცხოვრის მიმდევრებს მოუწოდებენ მოიპოვონ მსოფლიო სამსხვერპლოს "სულიერი ქვების" სიმტკიცე (1 პეტ. 2:5; გამოცხ. 2:17) და მზად იყონ საკუთარი სისხლით აპკურონ ამგვარი სამსხვერპლო, შეად.:
 
"ჯერ კიდევ სისხლამდე არ მდგარხართ ცოდვის წინააღმდეგ საომრად" (ებრ. 12:4).
 
"იმძლავრეს მასზე კრავის სისხლით და მათი მოწმობის სიტყვით, და არ შეიყვარეს მათი სული, თვით სიკვდილამდე" (გამოცხ. 12:11).
 
ასეთივე ახალაღთქმისეულ მნიშვნელობებისკენ წარმართავს თავის მსმენელთ მოც. პეტრე, როდესაც მოწმობს ქრისტიანებზე, როგორც "ცოცხალ ქვებზე", რომელთაგანაც ზეცას განსაკუთრებული სულიერი მსხვერპლი აღევლინება:
 
"როგორც ცოცხალი ქვები, თქვენც აშენდით სულიერ სახლად, წმიდა სამღვდელოებად და სულიერი მსხვერპლის მწირველად, იესუ ქრისტეს მეშვეობით სასურველად რომ უჩანს ღმერთს" (1 პეტ. 2:5).
 
ამავე სიმბოლოებსა და მნიშვნელობებს ეყრდნობა მოც. პავლე, როდესაც ლაპარაკობს საკუთარი სხეულის მსხვერპლად შეწირვაზე ახალაღთქმისეული ჭეშმარიტების სამოწმებლად:
 
"ღვთის მოწყალებით შეგაგონებთ, ძმებო, ცოცხალ, წმიდა და კეთილსასურველ მსხვერპლად უძღვენით თქვენი სხეული ღმერთს, და ეს იქნება თქვენი გონივრული ღვთისმსახურება" (რომ. 12:1).
 
"ვინაიდან მე უკვე გამზადებული ვარ სამსხვერპლოდ, დადგა ჩემი წასვლის ჟამი. კეთილი ბრძოლით ვიბრძოდი, განვვლე ასპარეზი, რწმენა შევინარჩუნე" (2 ტიმ. 4:6-7).
 
ეს კი ნიშნავს, რომ ქრისტიანები, რომლებიც რწმენაში ავლენენ სრულ თვითუარყოფას და თავგანწირვას, გადიან ახალაღთქმისეული სრულადდასაწველი სამსხვერპლოს ცეცხლში და ხდებიან "სიმართლის მსხვერპლნი", რომელსაც ძალუძს ზეციური იერუსალიმის სულიერ სიმაღლეებამდე აღსვლა, შეად.:
 
"უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუნე, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკუეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა; არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლი ღმრთისაჲ არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღაშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისა, შესაწირავი და ყოვლადდასაწუელი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი" (ფსალმ. 50:17-21).
 
რაც შეეხება მნიშვნელობებს, რომელთაც მსოფლიო მასშტაბი გააჩნიათ, - ძველაღთქმისეული პერიოდის წმიდა ტექსტები მოწმობენ იმის შესახებ, რომ მოსეს კარვისა და სოლომონის ტაძრის კურთხევისას მსხვერპლზე, რომელიც აღავსებდა შიდა ეზოს "მთელ მიწას", ზეციდან ჩამოდიოდა განსაკუთრებული საკვირველი ცეცხლი, რომელიც შემდეგ დაცული იყო სპილენძის სამსხვერპლოზე დღიდან დღემდე და წლიდან წლამდე.
 
ამიტომაც ახალაღთქმისეული კარვის (ებრ. 9:11-14) კურთხევის დროს საყოველთაო სრულადდასაწველ სამსხვერპლოზე, რომელიც ბუკვალურად მთელ დედამიწაზეა ამაღლებული, ციდან ჩაუქრობელი წმიდა ცეცხლი გადმოვიდა, შეად.:
 
"მოვედი, რათა ცეცხლი მოვდო ამ ქვეყანას, და სხვა რა მსურს, გარდა იმისა, რომ ახლავ აღეგზნოს! (ლკ. 12:49).
 
ხოლო დედამიწაზე ახალაღთქმისეული ცეცხლის საკვირველი გადმოსვლის ნიშანი გახდა სულიწმიდის "ცეცხლოვანი ენები", რომლებსაც თვალნათლივ ხედავდნენ პირველი ქრისტიანები ორმოცდამეათე დღეს (საქმე 2:3). ასე რომ, ამ მომენტიდან "მიწიერი" ახალაღთქმისეული ეკლესია გახდა "ცოცხალ ქვათაგან" აგებული და სრულადდასაწველი ხელთუქმნელი სამსხვერპლო, რომელზეც "ანთია და არ იწვის" ღვთაებრივი განმწმენდელი ცეცხლი.
 
სწორედ ამ აზრით უნდა გავიგოთ გამოცხადების წიგნის 11-ე თავის პირველი მუხლები, სადაც იდუმალთმხილველი ზომავს არა მარტო ტაძარს, არამედ განსაკუთრებულ ახალაღთმისეულ სამსხვერპლოს:
 
"მომეცა კვერთხის მსგავი ლერწამი და ითქვა ჩემს მიმართ: ადექი და გაზომე ღვთის ტაძარი და საკურთხეველი, აგრეთვე თაყვანისმცემელნი მასში. ტაძრის გარე ეზო კი გამორიცხე და ნუ გაზომავ, ვინაიდან მიეცა იგი წარმართთ და ორმოცდაორი თვის მანძილზე გათელავენ წმიდა ქალაქს" (გამოცხ. 11:1-2).
 
რადგან გამოცხ. 11:1-ში აღწერილი სამსხვერპლო "ოქროს" სამსხვერპლოდ არ იწოდება, ამასთან ის ნახსენებია ტაძრისგან განცალკევებით, ხოლო ტაძრისა და სამსხვერპლოს ხსენების შემდეგ ლაპარაკია მხოლოდ გარეთა ეზოზე, - უეჭველია, რომ "წინასწარმეტყველური კვერთხით" გაზომვას ექვემდებარება სრულადდასაწველის სამსხვერპლო, რომელსაც უკავია მთელი შუა ეზო (როგორც ეს ხდებოდა სოლომონის ტაძრის კურთხევის დროს (3 მეფ. 8:64; 2 პარ. 7:7), როდესაც სრულადდასაწველის სამსხვერპლო ხდებოდა შუა ეზოს მთელი მიწა).
(გარდა ამისა, შეიძლება აღვნიშნოთ, რომ ოქროს საკმეველი სამსხვერპლოსგან განსხვავებით სპილენძის სამსხვერპლოს ხელთქმნილ კარავში გააჩნდა მნიშვნელოვანი ზომა და შეიძლებოდა გაზომილიყო არა მარტო "იდაყვით", არამედ "სამშენებლო კვერთხითაც", რომელიც ექვსი იდაყვის სიგრძისა იყო, შეად.: გამოცხ. 11:1 და ეზეკ. 40:5.
 
კიდევ ერთი არგუმენტი იმ მტკიცებულების სასარგებლოდ, რომ იდუმალთმხილველის მიერ გაზომილი სამსხვერპლო შეესაბამება ყოვლადდასაწველის ძველაღთმისეულ სამსხვერპლოს, მდგომარეობს იმაში, რომ 11-ე თავში მოცემული განკარგულებას რომ ეგულისხმა არა სპილენძის, არამედ ოქროს სამსხვერპლო, - ტაძრის შიდა ეზო დარჩებოდა არც როგორც გაზომვას დაქვემდებარებული, და არც როგორც ნაწილი, რომელიც არ იზომება).
ამრიგად, იმ ვითარების გათვალისწინებით, რომ განსაკუთრებული წინასწარმეტყველური მოქმედება, რომელიც ტაძრის გაზომვასთან არის დაკავშირებული, გულისხმობს ზეციური კარვის რჯულდებებისა და განწესებების შეცნობას, ხოლო "მიწისა" და "ცოცხალი ქვების" სამსხვერპლო, რომელზეც ანთია ჩაუქრობელი წმიდა ცეცხლი, არის ქრისტიანული სამსხვერპლო მსახურების სახე, - შეიძლება ვამტკიცოთ, რომ გამოცხ. 11:1-2-ში იდუმალთმხილველი ხედავს და ზომავს მთელი ახალაღთქმისეული ეკლესიის "სულიერ ნაგებობას". თანაც "წინასწარმეტყველური კვერთხით გაზომვას" ექვემდებარება ამ სულიერი ნაგებობის მხოლოდ ტაძარი და სამსხვერპლო (ანუ ტაძარი და მთელი შიდა ეზო), - ხოლო გარეთა ეზო (ანუ "ტაძრის გარეთ მდებარე სივრცე") უპირისპირდება ეკლესიას, როგორც "გარდამაველი" სამეფო და ურჯულოების ტერიტორია, რომელიც არ იზომება, რადგან არ ატარებენ არსებით მნიშვნელობებს და საღმრთო მარადისობაში ვერ გადავლენ.
 
მეტიც, რადგან წინასწარმეტყველური კვერთხით გაზომვადი ტაძარი იქვე იწოდება "ქალაქად", რაც ირიბად უთითებს მასზე, როგორც "ზეციურ იერუსალიმზე" (შეად.: გალატ. 4:26; ებრ. 12:22 და სხვა), - შემდეგ ნახსენები "ორმოცდაორი თვე" (გამოცხ. 11:2) წარმოდგება კიდევ ერთ მეტაფორულ ხატებად იმ დროთა, რომლებიც მიწიერი იერუსალიმის დაცემის შემდეგ დადგა და გაგრძელდება ვიდრე ძველი სამყაროს უკანასკნელ დღემდე, შეად.:
 
"... და იერუსალიმი გადაიქელება წარმართთა მიერ, ვიდრე არ აღსრულდება წარმართთა ჟამი" (ლკ. 21:24).
(ანუ ყველა ეს მოწმობა ზუსტად შეესაბამება "დროთა გლობალურ ხაზს", სადაც მეტაფორული "ორმოცდაორი თვე" შეესაბამება იმ "დიდი შვიდეულის" მეორე და უკანასკნელ ნახევარს, რომელშიც არის მოცემული მსოფლიოსა და კაცობრიობის მთელი ხილული ისტორია).
მასალა მომზადებულია საიტ "აპოკალიფსისის" რედაქციის მიერ მართლმადიდებლური .წყაროების. მიხედვით. 2025 წ.

თემატურად მსგავსი პუბლიკაციები: იხ. სარჩევში.
Назад к содержимому