განმარტება - სახარებისეული დროება ხელთუქმნელი კარვის აღშენების სიმბოლოებში - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > განმარტება
სახარებისეული დროება ხელთუქმნელი კარვის აღშენების სიმბოლოებში
ღვთის სჯული
წინა პუბლიკაციაში, რომელიც ეძღვნებოდა იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადების "სატაძრო" მნიშვნელობებსა და მოწმობებს, აღნიშნული იყო ის მნიშვნელოვანი ვითარება, რომ იდუმალთმხილველისთვის გამოცხადებული ზეციური კარავი, რომლისგანაც იწყება და რომელშიც სრულდება ახალაღთქმისეული დროების ყველა ფუძემდებლური მოვლენა, პირდაპირი სამოციქულო მოწმობაა ახალი აღთქმის რეალურობისა და ქმედითობისა (შეად.: ებრ. 8:2; 9:11; 10:15-23 და სხვა).
 
მაგრამ გამოცხადების წიგნის სიმბოლოთა ახალაღთქმისეული მნიშვნელობების პანორამებში აღსანიშნავია არა მარტო ზეციური ტაძარი, არამედ მისი სულიერი მშენებლობის საიდუმლო პროცესიც, - ხოლო ამ სულიერი მშენებლობის ყველაზე მოცულობითი ხატი წინასწარმეტყველურად არის აღწერილი წინასწარმეტყველ ზაქარიას წიგნში, სადაც მომავალ ახალაღთქმისეულ "სატაძრო" მნშენებლობას შეესაბამება ზაქარიას თანამედროვეთა ღვაწლი, რომლები ბაბილონის ტყვეობიდან იუდეაში დაბრუნების შემდეგ, ურთულეს პირობებში აშენებდნენ ახალ ტაძარს განახლებად დანგრეულ იერუსალიმში.
 
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სწორედ ბაბილონის ტყვეობიდან ისრაელიტელთა დაბრუნებისა და ნანგრევებისგან ქალაქისა და ტაძრის აღდგენის პერიოდში წინასწარმეტყველი ხალხს აუწყებს სხვა, ყველა მნიშვნელობით განსაკუთრებულ მშენებლობას, რომლის შედეგადაც სამყარო გახდება ჭეშმარიტი ღვთაებრივი დიდების ტაძარი, "საბოლოო" სულიერი მწვერვალი, რომელიც მის შემდეგ და მის გარდა არ ვარაუდობს სხვა რაიმე განყენებულსა და უფრო ამაღლებულს (ებრ. 8:2), შეად.:
 
"უთხარი, ასე ამბობს-თქო ცაბაოთ უფალი: აჰა, კაცი - მორჩია მისი სახელი; თავისი ადგილიდან აღმოცენდება და ააშენებს უფლის ტაძარს. ის ააშენებს უფლის ტაძარს და იტვირთავს დიდებას, დაჯდება და იხელმწიფებს თავის ტახტზე..." (ზაქ. 6:12-13).
 
ამასთან იმ წმიდა ადგილს, სადაც შეიქმნება ახალი აღთქმის ხელთუქმნელი ტაძარი, წინასწარმეტყველი ზაქარიაც და სხვა ძველაღთქმისეული წინასწარმეტყველებიც, ღმრთის მთა სიონს უწოდებენ (მაგ.: სიონის მთაზე მოვა ცხოვრება და წმიდა იქნება იგი" (შეად.: აბდ. 17; ეს. 30:19; ეზეკ. 43:12; იოველ. 2:15. ზაქ. 8:3 და სხვა)), რომელიც ამ მოვლენებში დადგება "ყველა მთის სათავეში" (შეად.: "უკანასკნელ დღეებში იქნება, რომ უფლის სახლის მთა მთათა სათავეში დადგინდება, აღიმართება მწვერვალებზე მაღლა და ყოველი ერი მისკენ დაიწყებს დენას" (ეს. 2:2), იგივე იხ. მიქა 4:1), - ხოლო ქვაკუთხედი ლოდი, რომელიც სიონის მთაზე საძირკვლად დაედება საქვეყნო ტაძარს, იქნება თვით მაცხოვარი:
 
"ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, ქვა დავდგი სიონზე საძირკვლად, ქვა გამონაცადი, ძვირფასი ქვაკუთხედი, მყარი საძირკველი; რომელსაც მისი სწამდეს, არ შერცხვება" (ეს. 28:16).
 
გარდა ამისა ზაქარიას წიგნში ნაუწყებია, რომ "სულიერ ქვაკუთხედს" აქვს "შვიდი თვალი" (ანუ ხედვის სისრულე) და განსაკუთრებული საღმრთო გამოსახულებანი (ანუ სრულყოფილი სჯული), რაც პირდაპირ უკავშირებს ზაქარიის "სატაძრო" წინსწარმეტყველებას ზეციურ პანორამებთან, რომელიც იდუმალთმხილველს გამოცხადებაში ეჩვენა, შეად.:
 
"ისმინე, იესუ მღვდელმთავარო, შენ და შენმა თვისტომებმა, შენს წინ რომ სხედან, რადგან ნიშთმჭვრეტელნი არიან ეს კაცები; რადგან აჰა, აღმოსავალით მოვავლინებ ჩემს მორჩილს - მორჩს! რადგან, აჰა, ის ქვა, რომელიც დავდევი იესუს წინ: შვიდი თვალია ამ ერთ ქვაზე; აჰა, ამოვკვეთავ მასზე ამოსაკვეთელს, ამბობს ცაბაოთ უფალი, და ერთ დღეში წარვხოცავ ამ ქვეყნის ცოდვებს" (ზაქ. 3:8-9).
 
"გავიხედე და, აჰა, ტახტსა, ოთხ ცხოველსა და უხუცესთა შორის მდგომარე კრავი, როგორც დაკლული, შვიდრქიანი და შვიდთვალიანი, რომელნიც არიან შვიდი სული ღვთისა, მთელს დედამიწაზე მოვლინებულნი" (გამოცხ. 5:6).
 
ყველაზე უშუალო დამოკიდებულება გამოცხადების წიგნში აღწერილი ახალაღთქმისეულ "სატაძრო" აგებულებასთან გააჩნია იმ ვითარებასაც, რომ იდუმალთმხილველის "წინასწარმეტყველური როლი" ბევრწილ მსგავსია იმ მისიისა, რომელიც თავის დროზე მოსეს დაეკისრა.
 
ასე, მაგალითად, უწინარეს "საკუთარი" ხელთქმნილი კარვის აშენებისა, მოსემ სინას მთაზე მიიღო განსაკუთრებული წინასწარმეტყველური ხილვა, რომელმაც მას მისი მოწყობისა და წეს-განგებების ყოველი დეტალი გაუმხილა:
 
"... როგორც ებრძანა მოსეს კარვის დასრულებისას: "იცოდე, - იყო თქმული, - ყველაფერი გააკეთე იმ ნიმუშის მსგავსად, მთაზე რომ გიჩვენე შენ"" (ებრ. 8:5).
 
გამოცხადების წიგნის იდუმალთმხილველი არსებითად წარმოგვიდგება იმავე როლში, - ოღონდ მოციქული იოანე "აღვიდა" არა მიწიერ სინას მთაზე, არამედ პირდაპირ ზეცაში (გამოცხ. 4:1), და იხილა მისთვის გადაშლილი პანორამები არა "შუამავლის მეშვეობით", არამედ საკუთარი თვალით (შეად. - გალატ. 3:19). შესაბამისად, გამოცხადების წიგნის ზეციური კარვის აღწერაში გამოცხადებულია არა იმ რეალობის "ხატებანი და აჩრდილნი", რომლებსაც ჯერ კიდევ არ მიუღწევიათ სრულყოფილი აზრისთვის (როგორც ეს იყო მოსეს შემთხვევაში ძველაღთქმისეულ კარავთან მიმართებაში, ებრ. 8:5), არამედ ზეციური სიონის რეალობა და ყველა ახალაღთქმისეული პროცესისა და მოვლენის ჭეშმარიტი სულიერი არსი (ანუ "ნამდვილ საგანთა ქონა" (ებრ. 8:5)). მეტიც, მოციქული იოანე, მოსესგან განსხვავებით, თვითონ შედის ამ ზეციურ კარავში, და რეალური თანამონაწილე ხდება მღვდელმოქმედებისა, რომლის მეშვეობითაც აღსრულდება მისი შექმნა. ხოლო ზეციური კარავი შედგება განსაკუთრებული "სულიერი ქვებისგან", - ანუ იმ ქრისტიანთაგან, რომლებმაც ეს სახელწოდება უბრალოდ კი არ მიიღეს, არამედ არიან მტკიცედ მორწმუნენი და წუთისოფლის მძლეველნი:
 
"... მივცემ მას თეთრ ქვასაც და ქვაზე დაწერილ ახალ სახელს..." (გამოცხ. 2:17).
 
"... დავაწერ მას სახელს ჩემი ღვთისას, სახელს ჩემი ღვთის ქალაქის - ახალი იერუსალიმისას, ზეცით რომ ჩამოდის ჩემი ღვთისაგან, და ჩემს ახალ სახელს" (გამოცხ. 3:12).
 
ამასთან, როგორც წინასწარმეტყველ მოსეს მოეთხოვებოდა არა მარტო "ენახა", არამედ "ყველაფერი გაეკეთებინა მთაზე ნანახის მიხედვით" (შეად. - გამ. 25:40, ებრ. 8:5), - ასევე ყოველ ქრისტიანს, რომელიც იდუმალთმხილველის თვალებით უმზერს ზეციური სიონის სიმბოლოებს, მოეთხოვება არა უბრალოდ წაიკითხოს წმიდა ტექსტები და იფიქროს მათ მნიშვნელობაზე, არამედ ყოველივე აღასრულოს მათში გაცხადებული ნიმუშების მიხედვით (ანუ გახდეს "ცოცხალი ქვა" მშენებარე ზეციური ტაძრისთვის და რეალურად შეუერთდეს ახალაღთქმისეულ სატაძრო მღვდელმსახურებას (იხ. 1 პეტ. 2:4-5).
 
ამიტომაც მოც. იოანეც, გამოცხადების წიგნის დასაწყისსა და ბოლოში, ლაპარაკობს არა უბრალოდ მკითხველის "გონებრივ" მონაწილეობაზე წიგნში გამოცხადებულ წინასწარმეტყველებებში, არამედ მათი ქმედითი და აღმშენებლობითი მონაწილეობის არსებით აუცილებლობაზე (შეად. გამოცხ. წიგნის დასაწყისი და დასასრული, გამოც. 1:3 და გამოცხ. 22:7, 10). ხოლო გამოცხადებაში წარმოდგენილ წინასწარმეტყველურ ხატებათა "დაცვა" გულისხმობს ყოველი ქრისტიანის რეალურ, პრაქტიკულ მონაწილეობას ზეციური ტაძრის აღმშენებლობასა და ძალისმიერ მსახურებაში საკუთარი "მოწოდებისა და ადგილის" შესაბამისად (შეად. რომ. 12:6-8; 1 პეტ. 4:10 და სხვ.).
(ჩვენი მრავალი თანამედროვე ეჭვს გამოთქვამს გაეკლესიურების აუცილებლობასთან დაკავშირებით, და, როგორც საკუთარ თავს, ასევე სხვებსაც არწმუნებს, რომ "საკმარისია ღმერთი გყავდეს გულში", - მაგრამ იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადება მოწმობს იმაზედ, რომ ასეთი პოზიცია ადამიანს დატოვებს "წმიდა წერილის არ შემსრულებლის" მდგომარეობაში, მაშასადამე, ამგვარი არა მარტო არ ასრულებს, არამედ "არც ისმენს მას" შეად. - გამოცხ. 1:3; 22:7.

მეტიც, გამოცხადების "სატაძრო" სიმბოლოებში მოცემულია პასუხები ეკლესიის საზღვრებზეც; და იმის შესახებაც, თუ სად მთავრდება იგი; და როგორ აღქვიქვათ განხეთქიელბანი; როგორი დამოკიდებულება გვქონდეს მწვალებლებთან და ა. შ.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გამოცხადების მოწმობათა შესაბამისად ქრისტეს ეკლესია მთავრდება იქ, სადაც არ ტარდება ღვთისმსახურება, რომელიც ზეციური ტაძრის საყდრამდე ადის, - რადგან სწორედ ზეციური საყდარი არის სამყროს "ერთადერთი" ადგილი, სადაც რეალურად, და არა წარმოსახვითად, მიმდინარეობს კურთხევა, რომლის მიერაც ადამიანი უერთდება საყოველთაო ახალაღთქმისეული ეკლესიის ზეციურ კრებულს. შეად. – "დიდების ტახტი ამაღლებულია დასაბამიდან, ჩვენი საწმიდარის ადგილსამყოფელი" (იერ. 17:12).
რაც შეეხება სხვა ძველაღთქმისეულ წინასახეებს, რომლებშიც ასახულია მომავალი ახალაღთქმისეული აღმშენებლობის დროებანი, - მსგავსი აზრები პირდაპირ ან ირიბად იმყოფებიან ძველი აღთქმის კანონში შემავალ ყოველ წიგნში.
 
ასე, მაგალითად, "კარვის შესწავლისკენ" და მასში გამოვლენილ ხატებათა "დაცვისკენ" მოწოდებას თან ახლავს წინასწარმეტყველ ეზეკიელის განსაკუთრებული "სატაძრო" ხილვა, შეად.:
 
"შენ კი ადამის ძევ, აუწყე ისრაელის სახლს ამ ტაძრის ამბავი, რომ შერცხვეთ თავიანთი უკეთურობებისა და გაზომონ შენობა. თუ შერცხვებათ ყველაფრისა, რაც ჩადენილი აქვთ, გამოუცხადე მათ ტაძრის ნახაზი, მისი აღნაგობა, მისი შესასვლელ-გამოსასვლელები, მთელი მისი ნახაზი და ყოველი წესი და კანონი; დაუწერე, რომ დაიცვან ყოველი მისი ნახაზი და წესი, და შეასრულონ" (ეზეკ. 43:10-11).
 
"მითხრა უფალმა: ადამის ძევ! გულში ჩაიდე, საკუთარი თვალით იხილე და საკუთარი ყურით ისმინე ყველაფერი, რასაც გეტყვი უფლის ტაძრის წესებზე და მთელს მის რჯულზე; დაიმახსოვრე ტაძარში შესასვლელი და ყველა გამოსასვლელი საწმიდარიდან" (ეზეკ. 44:5).
 
თანაც ეზეკიელის წიგნში ნახსენები "სატაძრო ზომის" მნიშვნელობასთან პირდაპირ არის დაკავშირებული განსაკუთრებული წინასწარმეტყველური ქმედება, რომელიც წმ. წერილში "ტაძრის გაზომვის" სიმბოლოშია გამოხატული (შეად. ეზეკ. 40:4 და გამოცხ. 11:1), რომელიც მოწმობს იმაზე, რომ თვით კარვის მოწყობა, და მასთან დაკავშირებული ყველა წესი და კანონი, სულიერი ნიმუშებია, რომელთა მიდევნებით ადამიანი ხდება აღთქმის თანამონაწილე, რომელიც განხორციელებულია მის მიერ "გაზომილ" ტაძარში.
 
შესაბამისად, "ტაძრის წინასწარმეტყველური გაზომვა", რომელიც აღწერილია გამოცხადების 11-ე თავში (გამოცხ. 11:1-2 არის შეგნებისა და გააზრების ხატი, ქრისტეს სჯულის სრულად და ყოველმხრივი დაცვის ნიმუში, - ანუ იმ სჯულისა, რომელიც შეესაბამება ახალი აღთქმის ზეციურ კარავს იმავე სრული ზომით, როგორც მოსეს სჯული შეესაბამებოდა თავის დროზე ხელთქმნილ კარავს.
(ხოლო ის გარემოება, რომ იდუმალთმხილველს ებრძანა არ გაეზომა "გარეთა ეზო", რომელიც "მიეცა წარმართებს", მოწმობს ქვეყნად გამეფებულ უსჯულოებაზე, რომლის "გაზომვას" აზრი არა აქვს ზეგარდმო ბოძებული სრულყოფილი "ინსტრუმენტებით").
მასალა მომზდებულია მართლმადიდებლური .წყაროს. მიხედვით.

თემატურად მსგავსი პუბლიკაციები: იხ. სარჩევში.
Назад к содержимому