Перейти к контенту

განმარტება - რატომ იწოდება მხეცი "მერვედ", მაგრამ არის "შვიდთაგანი"? (გამოცხ. 17:9-11) - აპოკალიფსისი

Пропустить меню
Пропустить меню
აპოკალიფსისი > განმარტება
რატომ იწოდება მხეცი "მერვედ", მაგრამ არის "შვიდთაგანი"?
 
 (გამოცხ. 17:9-11)
"აქ საჭიროა გონება, რომელსაც აქვს სიბრძნე: შვიდი თავი შვიდი მთაა, რომლებზედაც ზის ქალი, - და შვიდი მეფე,  რომელთაგანაც ხუთი დაემხო, ერთი არის, სხვა კი ჯერაც არ მოსულა, მაგრამ როდესაც მოვა, დიდხანს ვერ გაძლებს. ხოლო მხეცი, რომელიც იყო და აღარ არის, მერვეა შვიდთაგან, და წარსაწყმედლად მიდის" (გამოცხ. 17:9-11).  
 
 
იმ მოწმობის შემდეგ, რომ მხეცი, რომელიც "იყო და აღარ არის, მაგრამ ამოვა უფსკრულიდან" (გამოცხ. 17:8), მხოლოდ იმისთვის, რათა მოვიდეს საბოლოო წარწყმედისთვის (გამოცხ. 17:8), ანგელოზი იდუმალთმხილველს აუწყებს, რომ მეძავი და მისი მტვირთველი მხეცი გამოვლენილნი იყვნენ და ქვეყნიერებაზე დიდი ხნის წინათაც მოქმედებდნენ. ხოლო ის ცვლილებები, რომლებიც ხდებოდა და ხდება ამ უკეთურ პერსონაჟებზე, ეხება მხოლოდ "თავების შეცვლას", რომელთაგან თითოეული წარმოადგენდა და წარმოადგენს შვიდთავიან მხეცს მისთვის განსაზღვრულ სამეფო დროებაში.
 
გარდა ამისა, ანგელოზი პირდაპირ მოწმობს იმაზე, რომ იდუმალთმხილველის თანამედროვე რეალობაში მეფობს შვიდთავიანი მხეცის რიგით მეექვსე თავი, წინა ხუთი მეფე (თავი) უკვე დაემხო ("... რომელთაგანაც ხუთი დაემხო, ერთი არის..." (გამოცხ. 17:10)). თანაც, სრულიად აშკარაა, რომ ხუთ დამხობილ თავთა შორის "აღირიცხება" მხეცის ის თავიც, რომლის შესახებაც ითქვა "იყო და აღარ არის, მაგრამ მოვა" (გამოცხ. 17:8); და, რომ სწორედ ეს "დროებით არმყოფი" თავი კვლავ წარადგენს "მთელ მხეცს" მისი საბოლოო წარწყმედის წინ (შეად.: "მხეცი, რომელიც იყო და აღარ არის, მერვეა შვიდთაგან, და წარსაწყმედლად მიდის" (გამოცხ. 17:11)).
(ანგელოზი პირდაპირ არ ამტკიცებს, რომ ყოველი თავი (მეფე) თავისი მეფობის დროს წარმოადგენდა არა მარტო საკუთარ თავს, არამედ მთელ "წითელ მხეცს", - მაგრამ იმ პირობის გათვალისწინებით, რომ ყოველ კონკრეტულ მომენტში მხეცს, რომელზეც ზის მეძავი, აქვს მხოლოდ ერთი "მეფე" თავი, სწორედ ის იწოდება კიდევაც "მთელ მხეცად", რადგან "ტანი თავის გარეშე" არანაირ იდენტიფიკაციას არ ექვემდებარება.
 
მეტიც, სხვაგვარად ვერანაირად აიხსნება გამოცხ. 17:8-ისა და გამოცხ. 17:9-11-ის თანახმად "უკანაკსნელი მეფე და მხეცი" რატომ იყო უკვე ადრე, მაგრამ მოც. იოანეს დროისთვის უკვე აღარ არის, რის შემდეგაც კვლავ ამოვა უფსკრულიდან როგორც რიგით მერვე, ოღონდ "იქნება შვიდთაგანი", და სწორედ ამ "უფსკრულიდან აღმდგარი" თავით მთელი შვიდთავიანი მხეცი საბოლოოდ იქნება დამხობილი და განადგურებული).
ყურადღებას იმსახურებს ის ვითარებაც, რომ იდუმალთმხილველისთვის გამოცხადებული მეძავისა და მხეცის სიმბოლოთა მნიშვნელობები არც ისე აშკარაა, და რომ მათთან დაკავშირებულ საიდუმლოებათა გააზრებისთვის საჭიროა ქრისტიანული სიბრძნე, რომლის მოპოვებისკენ მოუწოდებდა თვით იდუმალთმხილველი (გამოცხ. 13:18), ახლა კი ამბობს "მეორე მოწმე", ანუ იდუმალთმხილველთან მოლაპარაკე ანგელოზი.
(ერთ-ერთი ყველაზე არაწინააღმდეგობრივი, მაგრამ ამავდროულად არცთუ იოლად ასახსნელი მოვლენა, რომელიც აღწერილია 17-ე თავში, და რომელიცაა "თავების შეცვლა" მდგომარეობს იმაში, რომ "ხუთი მეფე", რომლებიც "დაემხო" უკვე მოც. იოანეს დროისთვის, არის ეგვიპტის, ბაბილონის, მიდო-სპარსეთის, საბერძნეთის და "ძველაღთქმისეული" რომის სიმბოლოები, რომელთაგან თითოეულში თავისებურად აისახა მთელი ქვეყნიერება. თანაც სიტყვა "ძველაღთქმისეული" რომთან მიმართებაში უნდა გავიგოთ დროითი აზრით, რადგან ოთხი მხეცის ხილვა დანიელის წიგნის მე-7 თავში მთავრდებოდა "მცირე რქაზე", ტიტუს ვესპასიანეზე, რომელმაც დაანგრია იერუსალიმის ტაძარი, რის შედეგადაც წინასწარმეტყველებაში დანიელის წიგნის მე-9 თავიდან აღსრულდა ყველა "სამოცდაათი შვიდეული", შეად.: " შენი ერისთვის და შენი წმიდა ქალაქისთვის სამოცდაათი შვიდეულია დადგენილი შეცოდების დასაფარავად, ცოდვათა დასაბეჭდად, უკეთურების დასაფარავად, სამარადისო სიმართლის დასამყარებლად, ხილვისა და წინასწარმეტყველების დასაბეჭდავად და წმიდათა წმიდის საცხებად (დან. 9:24).
 
ხოლო რადგან გამოცხადების წიგნი დაიწერა არა იერუსალიმის დანგრევამდე, არამედ მის შემდეგ, ყველა ხალხთაგან შედგენილი ეკლესია ამ დროისთვის გასცდა ბუკვალური ისრაელის საზღვრებს, და შეეჯახა დანიელის წინასწარმეტყველების არა "მეოთხე მხეცს", რომელიც შემოიფარგლებოდა რომის იმპერიით და ქელავდა ხორციელ ისრაელს, არამედ "მსოფლიო რომს", რომელსაც გააჩნია კრებითი მნიშვნელობა, წააგავს ყველა "ძველაღთქმისეულ" მხეცს ერთდროულად და წარმოადგენს არა ერთ იმპერიას, არამედ თავისი დროის "ქვეყნიერების ყველა სამეფოს". შესაბამისად, ის "მეექვსე" თავიც, რომელიც მსოფლიოში მეფობს იერუსალიმის დანგრევის შემდეგ, აითვლება "მხეც-ეგვიპტის" და დანიელის წინასწარმეტყველების ოთხივე მხეცის შემდეგ, რომელთაგან თითოეული უკვე "ჩავიდა ზღვაში" და ერთიანი შვიდთავიანი მხეცის "სხეულში შევიდა", რომელიც გამოცხადების წიგნის იდუმალთმხილველს აჩვენეს.
 
ასევე სრულიად სავარაუდოა, რომ არსებულ "მეექვსე სამეფოში" იგულისხმება მოც. იოანეს თანამედროვე რომის იმპერია, - ხოლო ხუთ დაცემულ თავებს შორის ეგვიპტის, ბაბილონის, მიდო-სპარსეთისა და საბერძნეთის გარდა ითვლება ასირიელთა სამეფოც, რომელიც, როგორც ეგვიპტე ქელავდა ბიბლიურ ისრაელს ვიდრე "ზღვიდან ამომავალ" ოთხ მხეცამდე, რომელიც დანიელმა იხილა. თუმცა ასეთ ვერსიას არა აქვს დადასტურება ზღვიდან ამომავალი მხეცის კრებით "გარეგან სახეში", რომელსაც იდუმალთმხილველის მოწმობით გააჩნია ეგვიპტისა და დანიელის წიგნის ოთხივე მხეცის ნიშნები, ოღონდ მასში "არ იკითხება" ასურეთის სახე.
 
რაც შეეხება "მეშვიდე მეფეს", რომელიც "ჯერ არ მოსულა", და რომელიც, "როდესაც მოვა, დიდხანს ვერ გაძლებს", - ეს მეფე წარმოდგენილია სიტყვით ἄλλος, ანუ "სხვა" და ყველა წინამორბედისგან განსხვავებულია, რაც შეიძლება აიხსნას ისტორიული ვითარების შეცვლით და ეკლესიის დევნულების შეწყვეტით მიწიერ ხელისუფალთაგან, ანუ ჩვენი თანამედროვე რეალიებით, რომლებიც, როგორც ჩანს, უახლოვდება თავის დასასრულს, და რომელსაც სიმბოლური აზრით უნდა შეესაბამებოდეს მშვიდობიანი მხეცი, რომელიც ამასთანავე მაინც მხეცად რჩება. თანაც ამ საკითხზე ეკლესიისგან გაუცხოვებული კომენტატორები არ ერიდებიან წამოაყენონ ყველაზე წარმოუდგენელი ვარაუდები, რომელთა ნიმუშად შეიძლება გამოდგეს მტკიცებულება, რომ "მეშვიდე თავად" უნდა მივიჩნიოთ "მიწიდან ამომავალი მხეცი", რომელიც წარმოდგენილია იმავე ბერძნული სიტყვით ἄλλος, ანუ "სხვა" (გამოცხ. 13:11). მაგრამ უეჭველია ისიც, რომ მსგავსი ვარაუდი აბსოლუტურად ხელოვნურია, რადგან "ორრქიანი" მხეცი ამოდის "მიწიდან", ანუ მას სხვა ბუნება აქვს; და ყოველთვის მოიხსენიება "ზღვიდან ამომავალი მხეცისგან" განცალკევებით. მას უწოდებენ ცრუწინასწარმეტყველს; და აქვს მხოლოდ ორი რქა, რომლებიც არანაირად შეესაბამებიან შვიდთავიანი მხეცის ათ რქას; და აითვლებიან როგორც "მეორედ", ანუ "რიცხობრივად განცალკევებულია" "პირველი მხეცისგან"; მას არ შეუძლია ვინმე აიძულოს, რათა თაყვანი სცენ "პირველ მხეცს", თუ ის თვითონ ამმხეცის მეშვიდე თავია, და ა. შ.).
ასეა თუ ისე, ძველი ქვეყნიერების უკანასკნელ დღეთა მოვლენების მართებული გულისხმისყოფა არანაირად არის დამოკიდებული ხუთი "უკვე არსებული" მეფის განსაზღვრაში, და დასაშვებად მიიჩნევს სხვადასხვაგვარ წაკითხვას, როგორც მეექვსე მეფესთან მიმართებაში, რომელიც "მეთაურობდა" მხეცს მოც. იოანეს დროს, ასევე "სხვა" მეფესთან მიმართებაშიც, რომელიც "მეშვიდედ" იწოდება, და, როგორც ნათქვამია, "დიდხანს ვერ გაძლებს" (გამოცხ. 17:10).
 
ძველი ქმნილება საბოლოო დაღუპვამდე მივა იმიტომ, რომ დროთა აღსასრულს უფსკრულიდან აღდგება "ყველაზე პირველი მხეცი", რომელიც დაჭრილ იქნა თავში, ასე რომ მსოფლიო დაუბრუნდება "სულიერ ეგვიპტეს", რომელიც ადამიანს და კაცობრიობას ცოდვის უსასტიკეს მონობას დაუქვემდებარებს.
(რადგან ბუკვალური, და "ეგვიპტის მსოფლიო ფარაონი" უკვე მეფობდნენ, მაგრამ "დაჭრილ იქნენ" თავში და "შთაგდებულ იქნენ უფსკრულში (ზღვაში)", - ბოლო დღეებში სწორედ "უფსკრულიდან ამომავალი" მტერი კაცობრიობისა ქვეყნიერებისთვის გახდება "პირველიც და უკანასკნელიც", ანუ "პირველი რვათაგან". ამასთან უკანასკნელი უკეთური სამებო იმეფებს "მხეცის ყველა თავზე", რომლებიც ადრე იყვნენ წარმოჩენილნი, ანუ "ზღვიდან ამომავალი მხეცის" მთელ სისავსეზე, და განადგურებულ იქნება თვით უფლის გამოჩენით თავისი ღვთაებრივი ძალითა და ბრწყინვალებით (იხ. გამოცხ. 20:7-9).

შესაბამისად, სწორედ ტოტალურმა ცოდვითმა მონობამ უნდა შეცვალოს "მეძავი ბაბილონი" მაშინათვე, რაც კი ჭირვების არმცოდნე მეძავი "ერთ საათში" იქნება გაპარტახებული და "შეჭმული" ათი მეფის მიერ, რომლებიც გამოცხადებაში წარმოდგენილნი არიან უფსკრულიდან ამომავალი მხეცის "ათი რქის სახით" (გამოცხ. 17:16-17), - და სწორედ იმის გამო, რომ შეუძლებელია მსგავსი მონობა კვლავ იქნას დაშვებული "უფსკრულიდან ამომავალი მხეცი" დაუყოვნებლივ იქნება განადგურებული.

გარდა ამისა, შეიძლება აღვნიშნოთ, რომ ასეთი გაგების შემთხვევაში ეშმაკის, როგორც "მერვედან პირველის" სახე, როგორც ხილული სამყაროს წარმწყმედელისა, პირდაპირ არის დაპირისპირებული უფალს და მაცხოვარს, რომელიც არის "პირველი და უკანასკნელი" კურთხეულ და მარადის ღვთაებრივ სამეფოში).
რაც შეეხება "შვიდი მთის" სიმბოლოს, რომელსაც აზის მეძავი და, რომელშიც ღვთისმეტყველები იაზრებენ მინიშნებას სხვადასხვა ბუკვალურ ქალაქებზე, - მსგავს შესაბამისობას მართლაც აქვს ადგილი. მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ "მთები", როგორც ადრე უკვე აღინიშნა, წარმოადგენენ სულიერი ხელმწიფებისა და ძალის მყარ სიმბოლოს, ხოლო რიცხვი შვიდი სისავსის სიმბოლოა, - მტკიცებულება "შვიდი მთის" შესახებ უნდა აღვიქვათ არა "განცალკევებული" აზრით, არამედ "კრებითი" მნიშვნელობით, იმის მოწმობად, რომ ყველა მიწიერი მეგაპოლისი ასე თუ ისე თავის სიდიადეს აფუძნებდა და აფუძნებს სწორედ "შვიდ მთაზე" (თანაც ყოველ "დიდ ქალაქში" არსებობს ამ სიმბოლოს შესაბამისი ლეგენდა).
 
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რიცხვი "შვიდი" მოცემულ შემთხვევაში უთითებს იმათ ხელმწიფებათა და ძალთა სისავსეზე, რომლებიც არიან ამ "ბნელი საწუთროს მპყრობელნი" (შეად. ეფეს. 6:12), - ამიტომაც, იმისგან დამოუკიდებლად, როგორ და როდის ცვლიდნენ და შეცვლიან ერთმანეთს "ზღვიდან ამომავალი მხეცის" თავები-მთები-მეფეები, "ბაბილონის დიდი მეძავი" ყოველთვის ეფუძნებოდა წარსაწყმედად განწირული ძველი ქვეყნიერების ხელმწიფებათა და ძალთა "შვიდობით სისავსეს", და ამავდროულად იჯდა "ცისქვეშეთის ყველა შვიდ მთაზე".


მასალა მომზადებულია საიტ "აპოკალიფსისის" რედაქციის მიერ მართლმადიდებლური .წყაროების.მიხედვით. 2025 წ.

თემატურად მსგავსი პუბლიკაციები: იხ. სარჩევში.
Назад к содержимому