აპოკალიფსისი > განმარტება
ორი მთის სიმბოლიზმი წმ. წერილში. გებალი და გარიზინი
ორი მსოფლიო "წინასწარმეტყველური" მთის ხატება, ისევე, როგორც ყველა მნიშვნელოვანი ბიბლიური სიმბოლო, წმიდა წერილს ერთ წითელ ზოლად გასდევს. თუმცა ყველაზე ცნობილი და ყველაზე განხილვადი ამ კონტექსტში არის მთები სინა და სიონი (მაგ.: გალატ. 4:22-26). წმ. ტექსტებში სხვა მთებიც მოიხსენიება, რომლებთან ერთობაში და დაპირისპირებაში იხსნება ყველაზე არსებითი ახალაღთქმისეული მნიშვნელობები.
ასე, მაგალითად, როდესაც ისრაელი ერი უდაბნოში ორმოცწლიანი ხეტიალის შემდეგ მდინარე იორდანეზე გადავიდა და შევიდა აღთქმულ ქვეყანაში, - იესუ ნავეს ძემ მოსეს ანდერძით გებალის მთაზე, მთა გარიზინის პირდაპირ, "გაუთლელი ქვებისგან" აღმართა სამსხვერპლო. ხოლო იმის შემდეგ, რაც ამ სრულადდასაწველის სამსხვერპლოზე შეწირულ იქნა სამშვიდობო მსხვერპლი, მთების - გებალისა და გარიზინის ფერდობებზე და ველზე მდგომ ერსა და მოსულთ წაუკითხვა ის კურთხევანი და წყევლანი, რომლებიც თან ახლდა მოსეს რჯულს (ის. ნავ. 8:30-35; შემდეგში მეორე რჯლ. 11:29-30, 27:11-13).
ამასთან სამხრეთით გარიზინის მთიდან ისრაელის ექვსი ტომის სახელით ნაუწყები იყო რჯულის კურთხევანი, - ხოლო ჩრდილოეთით მთა გებალის მხრიდან, სადაც აღმართული იყო სრულადდასაწველის სამსხვერპლო, ისრაელის დანარჩენი ექვსი ტომის სახელით გაისმოდა ურჯულოთა წყევლა-კრულვანი:
"უყურეთ, ასარჩევად გაძლევთ დღეს კურთხევას და შეჩვენებას: კურთხევას - თუ შეიგონებთ უფლის, თქვენი ღმერთის მცნებებს, რომელთაც გიცხადებთ დღეს, შეჩვენებას - თუ არ შეიგონებთ, უფლის, თქვენი ღმერთის მცნებებს და გადაუხვევთ გზას, რომელსაც გიცხადებთ დღეს, ... და როცა შეგიყვანს უფალი, შენი ღმერთი, იმ ქვეყანაში, რომლის დასამკვიდრებლადაც მიდიხარ, მიეცი კურთხევა გარიზინის მთაზე და შეჩვენება - გებალის მთაზე" (მეორე რჯლ. 11:26-29).
"მაშინ აუგო იესუმ სამსხვერპლო უფალს, ისრაელის ღმერთს, გებალის მთაზე, როგორც ჰქონდა ნაბრძანები ღვთის მორჩილს, მოსეს, ისრაელიანთათვის, როგორც ეწერა მოსეს რჯულის წიგნში, სამსხვერპლო მთლიანი ლოდებისგან, რომლებისთვისაც რკინა არ მოუქნევიათ. აღუვლინეს მასზე უფალს აღსავლენი და შესწირეს სამადლობელი მსხვერპლი. იქ გადაწერა იესუმ ქვებზე მოსეს რჯული, ... მთელი ისრაელი, მისი უხუცესობა, გამრიგენი და მისი მსაჯულები აქეთ-იქით ედგნენ კიდობანს ლევიანი მღვდლების, უფლის აღთქმის კიდობნის მტვირთველთა საპირისპიროდ, როგორც მდგმურნი, ისე მკვიდრნი, ერთი ნახევარი - გარიზინის მთის მიმართულებით, მეორე ნახევარი - გებალის მთის მიმართულებით, ..." (ნავ. 8:30-33).
(შეად.: "ვიმოწმებ დღეს თქვენს წინაშე ცას და მიწას: სიცოცხლე და სიკვდილი დაგიდევი წინ, კურთხევა და წყევლა. აირჩიე სიცოცხლე, რომ იცოცხლოთ შენ და შენმა შთამომავლობამ, გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი, გესმოდეს მისი სიტყვა და მიეწებო მას, რადგან ის არის შენი სიცოცხლე და შენი დღეგრძელება, რომ იცხოვრო იმ მიწაზე, რომლის მოცემა ფიცით აღუთქვა უფალმა შენს მამა-პაპას - აბრაამს, ისაკს და იაკობს" (მეორე რჯლ. 30:19-20)).
იოანეს სახარება აგრძელებს ხატებათა იმ ხაზს, რომლებიც გებალის და გარიზინის მთებთან არის დაკავშირებული, მაგრამ უკვე ახალაღთქმისეული აზრით: ზოგიერთი არსებითი დეტალი საუბრისა, რომელიც შედგა მაცხოვარსა და სამარიტელ დედაკაცს შორის (ინ. 4:4-10 და შემდგ.), განპირობებულია იმით, რომ სამარიტელთა ხუთწიგნეულის თანახმად (განსხვავებით იუდეველთა "კანონიკური" ხუთწიგნეულისგან) იესუ ნავეს სამსხვერპლო იმყოფებოდა არა გებალის მთაზე, არამედ გარიზინზე.
და რადგან სწორედ გარიზინის მთა წარმოადგენდა (და დღესაც წარმოადგენს) სამარიტელთა კულტის თაყვანისცემისა და მსხვერპლშეწირვის ადგილს, - საუბარი ჭასთან, რომელიც ამ მთის ძირში ამოთხარა ჯერ კიდევ პატრიარქმა იაკობმა (ინ. 4:6, 12), სამარიტელი გარიზინის მთას უპირისპირებს ქალაქ იერუსალიმს (შეად.: "ჩვენი მამები ამ მთაზე სცემდნენ თაყვანს, თქვენ კი ამბობთ, რომ იერუსალიმშია ადგილი, სადაც გვმართებს თაყვანისცემა" (ინ. 4:20)).
მაგრამ უფალი არ უარყოფს სამარიტელთა ცდომილებას, არამედ იუწყება, რომ ამიერიდან ჭეშმარიტი თაყვანისცემა განსაზღვრულ იქნება არა ადგილით, სადაც ის აღესრულება, არამედ თავისი შინაგანი შინაარსით. ამიტომაც თუკი თაყვანისცემა ყველაზე "სწორ" ადგილზეც რომ აღესრულოს, ის არ იქნება ჭეშმარიტი, სანამ არ შეიძენს ახალ და სრულ თვისებას:
"ხოლო იესომ მიუგო: მერწმუნე, ქალო, რომ მოვა დრო, როცა არც ამ მთაზე და არც იერუსალიმში აღარ სცემთ თაყვანს მამას. ... მოვა დრო და მოვიდა კიდეც, როცა ჭეშმარიტი თაყვანისმცემელნი თაყვანს სცემენ მამას სულითა და ჭეშმარიტებით, რადგანაც მამა სწორედ ამნაირ თაყვანისმცემლებს ეძებს" (ინ. 4:21-23).
ამასთან უეჭველია, რომ ყველაზე არსებით ახალაღთქმისეულ ჭეშმარიტებებზე ბუკვალური მოწმობის გარდა, მოც. იოანე მიმდინარე მოვლენაში ხედავს სიმბოლურ-ნიშანდობლივ აზრსაც. ანუ ამ ეპიზოდს (რომელიც მოცემული არ არის სამ სინოპტიკურ სახარებაში) სხვათა შორის აღწერს იმისთვისაც, რათა აღნიშნოს კავშირი "ჭასთან შემდგარ საუბარსა" და ორი განსაკუთრებულ მთას შორის, - და ხაზი გაუსვას, რომ ძველაღთქმისეული კურთხევანნი, რომლებიც ეგვიპტიდან ხალხის გამოსვლის შემდეგ გარიზინის მთიდან ეუწყა ისრაელსაც და მდგმურთაც (სადაც ექვს ტომს შორის იდგა იუდას "სამეფო" ტომი და ლევიანთა სამღვდლო ტომიც (მეორე რჯლ. 27:12)), იესუ ქრისტეში დედამიწის ყველა ხალხის ხარებამდე ამაღლდა (შეად.: გამოცხ. 5:5).
(სხვათა შორის, "გარიზინის" მეტაფორულ ხატებათაგან ერთ-ერთი კურთხევა გახლავთ "ქვის ექვსი კასრი", რომელიც "მონაწილეობდა" წყლის ღვინოდ გადაქცევის სასწაულში, რომელიც მოხდა გალილეის კანაში (ინ. 2:1-10)).
მეტიც, რადგან ახალ აღთქმასთან ერთად მორწმუნე კაცობრიობას გაეხსნა ცოცხალი წყლის ზეციური წყარო, - ბუკვალური ჭა, რომელიც პატრიარქმა იაკობმა გარიზინის მთასთან მოაწყო, საკვირველი საღმრთო წყაროს ნიშნებს იძენს, შეად.:
"... ვინც დალევს წყალს, რომელსაც მე მივცემ, აღარ მოსწყურდება უკუნისამდე, რადგან წყალი, რომელსაც მე მივცემ, იმ წყაროს წყლად იქცევა, საუკუნო სიცოცხლედ რომ იდინებს მასში" (ინ. 4:14).
"... კრავი, რომელიც ტახტის შუაშია, დამწყემსავს და სიცოცხლის წყლის წყაროსაკენ წარუძღვება მათ..." (გამოცხ. 7:17).
ამრიგად, მნიშვნელობები და მოწმობანი, რომლებიც გებალის და გარიზინის მთებთან არის დაკავშირებული, არ შემოიფარგლებიან ეგვიპტიდან ისრაელის გამოსვლის დროის მოკლე ისტორიული ეპიზოდით. იოანეს სახარებაში აღწერილი მაცხოვრის საუბარი სამარიტელ დედაკაცთან წარმაოდგენს მის მისიას, როგორც გამომავალს გარიზინის წინასწარმეტყველური მთიდან, სადაც მთელი სამყაროსთვის იხსნება ახალაღთქმისეული კურთხევის წყარო (შეად.: "იმ დღეს იქნება, რომ გაიღება წყარო დავითის სახლისთვის და იერუსალიმის მცხოვრებთათვის ცოდვისა და უწმიდურების წარსახოცად" (ზაქ. 13:1; ეზეკ. 47:1-12; გამოცხ. 22:1-2), - ხოლო ის "სიმბოლური ველი", სადაც მოსეს რჯულის მცნებათა უწყების დროს იმყოფებოდა აღთქმის კიდობანი და იდგა მთელი ხალხი (ის. ნავ. 8:33), წარმოადგენს არა იმდენად ადგილის სიმბოლოს, რამდენადაც არჩევანის ფორმას მარადიულ ცხოვრებასა და მარადიულ სიკვდილს შორის.
გარდა ამისა, საკმაოდ ნიშანდობლივია, რომ წინასწარმეტყველ ეზეკიელის "სატაძრო" ხილვებში ცოცხალი წყლის ახალაღთქმისეული წყარო იხსნება "ტაძრის ზღურბლის ქვეშიდან", ხოლო წყალი ამ წყაროდან "გამოდის ტაძრის მარჯვენა მხრიდან, სამსხვერპლოს სამხრეთით" (ეზეკ. 47:1). ამასთან შიდა ეზოს მოწყობა ეზეკიელის "პირველ ტაძარში" ზუსტად შეესაბამება საველე კარავს და სოლომონის ტაძარს, სადაც ჩრდილოეთის მხარესთან ახლოს განლაგებული იყო სპილენძის სამსხვერპლო (ანუ მსოფლიო ახალაღთქმისეული აზრით "გებალის მთა"), - ხოლო სამხრეთის მხარესთან ახლოს, საკრებულო კარვის შესასვლელთან, იმყოფებოდა სპილენძის ზღვა, რომელიც განკუთვნილი იყო ტაძარში მომსახურე სამღვდელოების "წყლით" განწმენდისთვის (ანუ "გარიზინის მთა იაკობის ჭასთან ერთად"). ასე რომ ორი "წინასწარმეტყველური" მთის სიმბოლურ-ხატოვანი აზრი ერთდროულად დაკავშირებულია ეზეკიელის ხილვის "სატაძრო" მნიშვნელობებთან, ასევე ხელთქმნილი კარვის სპილენძის სამსხვერპლოსთან და სპილენძის ზღვასთან, - მაშასადამე, ახალი აღთქმის დროის ზეციურ ტაძართან.
ნიშანდობლივია ის ვითარებაც, რომ სამსხვერპლო, რომელიც გებალის მთაზე აღმართა იესუ ნავემ, მთლიანი თეთრი ქვებისგან იყო აგებული და კირით შელესილი (მეორე რჯლ. 27:2-6), - მათზე კი "საკმაოდ მკაფიოდ" დაწერილი იყო რჯულის ყველა მცნება (მეორე რჯლ. 27:8; ის. ნავ. 8:32). ეს კი ნიშნავს, რომ "რკინა შეუხებელი და გაუთლელი ქვებისგან" აგებული სამსხვერპლოს ხატებაში მონიშნულნი არიან ადამიანები, რომლებიც განსაცდელებისა და საცდურების "ცეცხლში გადიან", ანუ ემსახურნენ და კიდევ ემსახურებიან ღმერთს მოწამეობრივი მემსხვერპლეობით ღვთის სიტყვისთვის და მათთვის მინდობილი ახალაღთქმისეული მოწმობისთვის, შეად.:
"და როცა ახსნა მეხუთე ბეჭედი, საკურთხევლის ქვეშ ვიხილე მათი სულები, ვინც მოკლულ იქნენ ღვთის სიტყვისა და მოწმობისთვის, რომელიც ჰქონდათ. და მიეცა მათ სპეტაკი სამოსი და ითქვა მათ მიმართ, ცოტა ხანს კიდევ დამცხრალიყვნენ, ვიდრე არ გასრულდებოდა მათ თანა-მონათა და ძმათა რიცხვი, რომელნიც მათსავით მოკლულ უნდა იქმნენ" (გამოცხ. 6:9, 11).
"ვიხილე ... იესოს მოწმობისა და ღვთის სიტყვისათვის თავმოკვეთილთა სულები, რომლებიც არც მხეცს ეთაყვანენ, არც მის ხატებას, და არ მიიღეს მისი ნიშანი თავიანთ შუბლსა თუ ხელზე" (გამოცხ. 20:4).
თანაც ორი "სატაძრო" მთის სიმბოლურ-ნიშანდობლივ მნიშვნელობებთან შესაბამისად ეს სამსხვერპლო მსახურება არა მარტო ამოწმებს ქვეყნიერების წინაშე ღმრთის, ქრისტესა და სახარების შესახებ, - არამედ ურჯულოთ უცხადებს "წყევლას გებალის მთიდან", რომელიც მიმართულია მათდამი, ვინც დედამიწაზე ღვრიდა და აგრძელებს უდანაშაულოთა სისხლისღვრას, შეად.:
"ხმამაღლა შეღაღადეს და თქვეს: როდემდის, მეფეო, წმიდაო და ჭეშმარიტო, არ განსჯი და შურს არ იძიებ ჩვენი სისხლისთვის მიწის მკვიდრთაგან?" (გამოცხ. 6:10).
"რათა მოიწიოს თქვენზე ამ ქვეყნად დათხეული ყოველი მართალი სისხლი..." (მთ. 23:35).
მეტიც, რადგან ცოცხალი ქვებისგან აგებული სამსხვერპლო დაკავშირებულია ცეცხლის სტიქიასთან, ხოლო ზღვაში, რომელიც "ბროლს წააგავს" და ცოცხალი წყლით არის სავსე, აღნიშნულია წყლის სტიქია (შეად. - ეზეკ. 47:1-12), - ორი წინასწარმეტყველური მთის ხატებას კიდევ ერთი ახალაღთქმისეული მნიშვნელობა გააჩნია, რომელიც შეესაბამება "ზეციური სამღვდელოების ცეცხლოვან-წყლოვან განწმენდას" (რიცხვ. 31:23).
ასე რომ "გებალის საყოველთაო მთა", რომელზეც "იწვის და არ ქრება" სრულადდასაწველის ცოცხალი სამსხვერპლო, რომელიც აგებულია "რჯულის მცნებების ხელუხლებელი ქვებისგან", წარმოადგენს მიწის სიმბოლოს, სადაც თავის მსახურებას მიჰყვება მებრძოლი ეკლესია (შეად.: "მოვავლენ სასწაულებს მაღლა ცაში და ნიშებს - დაბლა მიწაზე, ცეცხლსა და სისხლს, და კვამლის ალმურს" (საქმე 2:19; იოველ 2:30), - ხოლო "გარიზინის მთის" სიმბოლოში თავისი ცოცხალი წყლის წყაროებით იხსნება რეალობა, რომელიც "მომდინარეობს" ხელთუქმნელი ზეციური კარვის დიადი ზეციური ტახტიდან (შეად.: "ტახტის წინ თითქოს მინის ზღვა იყო, მსგავსი ბროლისა, ... " (გამოცხ. 4:6).
(აქ
კიდევ ერთხელ შეიძლება შევნიშნოთ, რომ ყოველი ადამიანი, რომელიც უარყოფს "სამსხვერპლოს
ქვებზე" ამოტვიფრულ მცნებებს, ემსახურება "მხეცის დამღას" და მთა გებალიდან
გამოსულ წყევლას ექვემდებარება).
რადგან არჩევანი "წყევლის მთასა" და "კურთხევის მთას" შორის, რომელთა წინაშეა დაყენებული ახალაღთქმისეულ პერიოდში მთელი კაცობრიობა, საბოლოო ჯამში წარმოადგენს არჩევანს მიწასა და ცას შორის (შეად.: ინ. 3:31-32; გალატ. 4:25-26; ფილ. 3:19-21; კოლას. 3:1-2), - "სატაძრო ზღვა" "მთა გარიზიმის" ცხოველმყოფელი წყაროთი არის არა სპილენძისა, არამედ "ბროლის მსგავსი" (გამოცხ. 4:6), და იმყოფება არა დედამიწაზე (ანუ არა "ტაძრის გარეთა ეზოში", როგორც ეს იყო ხელთქმნილ კარავში), არამედ "ტაძრის შიგნით" და უშუალოდ ზეციურ ტახტთან.
ამასთან გებალისა და გარიზინის "სიმბოლური" მთები, - ერთადერთი ბიბლიური ხატება როდია, რომლებიც ძველაღთქმისეული დროების ბუკვალურ მოვლენებს აკავშირებს ქრისტეში გამოვლენილ ახალ სულიერ რეალობასთან. მაგრამ როგორ ხატებებშიც გინდ შეიმოსონ ახალაღთქმისეული მნიშვნელობები, - მათი განხილვა შესაძლებელია მხოლოდ უკვე აღსრულებულ სახარებისეულ მოვლენათა შუქზე და მხოლოდ ახალაღთქმისეულ სულიერ მღვდელმოქმედებათა კონტექსტში, რომელიც ხელთუქმნელი ზეციური კარვის საღმრთო ტახტთან აღესრულება.
მასალა მომზადებულია საიტ "აპოკალიფსისის" რედაქციის მიერ მართლმადიდებლური .წყაროების. მიხედვით. 2025 წ.