Перейти к контенту

განმარტება - ცხოველი წყლის ზეციური წყარო, როგორც ახალი აღთქმის მინიშნება - აპოკალიფსისი

Skip menu
Skip menu
აპოკალიფსისი > განმარტება
ცხოველი წყლის ზეციური წყარო, როგორც ახალი აღთქმის მინიშნება
დაემხო, დაემხო ბაბილონი, დიდი ქალაქი
ვაგრძელებთ რა საუბარს გამოცხადებაში ნახსენები ცხოველი წყლის ზეციურ წყაროზე, რომელიც ავსებს ზეციური ტაძრის ძვირფას მინის ზღვას, უნდა აღვნიშნოთ, რომ მრავალი ძველაღთქმისეული წინასწარმეტყველების თანახმად, მსგავსი წყაროს გახსნა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელიც მთელ მსოფლიოში ახალი აღთქმის დამყარებას შეესაბამება. თანაც წინასწარმეტყველთა თქმით ასეთი წყარო აღავსებს ხელთქმნილი კარვის სპილენძის ზღვის "ფუნქციასაც", - ანუ განბანს ღმრთის ერის ცოდვებს და უწმინდურებას, რომელიც, როგორც სამეფო სამღვდელოება ზეციური ტაძრის შესვლამდე, მისი ახალაღთქმისეული მოწოდებისა და ხარისხის შესაბამისად უნდა განიწმინდოს (შეად.: ეს. 66:20-21; 1 პეტ. 2:9 და სხვა).
 
"იმ დღეს იქნება, რომ გაიღება წყარო დავითის სახლისთვის და იერუსალიმის მცხოვრებთათვის ცოდვისა და უწმიდურების წარსახოცად" (ზაქ. 13:1).
 
"იმ დღეს გადმოჩქეფს მთებიდან შანარი და რძე გადმოიღვრება; წყალი იდინებს იუდას ყოველ ხევში, წყარო გამოვა უფლის სახლიდან და აავსებს შიტიმის ხევს.  გაუკაცურდება ეგვიპტე და უდაბნოდ იქცევა ედომი, რადგან ჩაგრავდნენ იუდაელებს: უბრალო სისხლს ღვრიდნენ მათ ქვეყანაში. უკუნისამდე დარჩება იუდა და თაობიდან თაობამდე - იერუსალიმი. ავიღებ მათ სისხლს, ჩემგან აუღებელს, და სიონზე დაივანებს უფალი" (იოველ. 3:18-21).
 
გარდა ამისა ზაქარია პირდაპირ და ირიბად მოწმობს იმის შესახებ, რომ ეს გასაოცარი წყარო გაიხსნება ელეონის მთის ორად გაყოფის დროს, - ხოლო ამ წყაროს ცხოველი წყლები იდინებს აღმოსავლეთითაც და დასავლეთითაც (ანუ ბუკვალურად მთელ დედამიწაზე), შეად.:
 
"იმ დღეს იქნება, რომ იდინებს იერუსალიმიდან სიცოცხლის წყალი; ერთი ნახევარი აღმოსავლეთის ზღვისკენ წავა, მეორე ნახევარი დასავლეთის ზღვისკენ; ზამთარ-ზაფხულ ასე იქნება. იქნება უფალი მეფედ მთელს ქვეყანაზე; იმ დღეს ერთი იქნება უფალი და მისი სახელიც ერთი იქნება" (ზაქ. 14:8-9).
(აქ საკმაოდ ნიშანდობლივია, რომ ასეთი მოვლენები უნდა მოხდეს სრულიად განსაკუთრებულ დღეს, რომელიც "... მხოლოდ უფლისთვის არის საცნაური:  არც დღე და არც ღამე" (ზაქ. 14:7; შეად.: მთ. 27:45; მკ. 15:33; ლკ. 23:44).
უფრო მეტიც, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ყველაზე განხილვადი ეპიზოდი იოანეს სახარებიდან, სადაც უფალი ფეხებს ბანს თავის მოწაფეებს, არის არა მარტო მისი უზენაესი დამრიგებლური მორჩილების ნიმუში, - არამედ მეტაფორული მოწმობა იმისა, რომ წყარო "ცოდვისა და უწმინდურების ჩამობანვისა" ამიერიდან გახსნილია, და ქრისტეს მოციქულები (ძველაღთქმისეული სამღვდელოების ხატად) უკვე განბანილნი არიან ამ ზეციურ წყაროში (თანაც, სხვათა შორის, განბანილნი არიან როგორც წმიდა სატაძრო მსხვერპლი, რომელიც ექვემდებარებოდა "ფერხთბანას", შეად.: გამ. 29:17-18; ლევ. 1:9; 9:14):
 
"მერე საბანელში ჩაასხა წყალი და შეუდგა მოწაფეთა ფეხების ბანას და პირსახოცით შემშრალებას, წელზე რომ ერტყა. მივიდა სიმონ-პეტრესთან, და უთხრა პეტრემ: უფალო, შენა მბან ფეხებს? მიუგო იესუმ და უთხრა მას: რასაც ვაკეთებ, ჯერ არ იცი, მხოლოდ ამის შემდეგ გაიგებ. უთხრა მას პეტრემ: არ დამბან ფეხებს უკუნისამდე. მიუგო მას იესუმ: თუკი არ დაგბან, ჩემთან არ გექნება წილი. უთხრა მას სიმონ-პეტრემ: უფალო, მარტო ფეხებს კი არა, არამედ ხელებსაც და თავსაც. უთხრა მას იესუმ: განბანილს არაფერი სჭირდება, ფეხების დაბანის გარდა, ვინაიდან სულ მთლად სუფთაა, და თქვენც სუფთანი ხართ, მაგრამ ყველანი არა" (ინ. 13:5-10).
 
ყველაზე მასშტაბური აზრით თავისუფალი განწმენდა "წყლისგან" ვრცელდება მთელ ახალაღთქმისეულ ეკლესიაზე გამონაკლისის გარეშე:
 
"ქმრებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები, როგორც ქრისტემ შეიყვარა ეკლესია და თავი გასწირა მისთვის, რათა სიწმიდით შეემოსა, მას შემდეგ, რაც გაწმინდა წყლის საბანელით და სიტყვით" (ეფეს. 5:25-26).
 
წმიდა მოციქულთა მონასტერი მდებარეობს კაპერნაუმის აღმოსავლეთ ნაწილში, ტიბერიადის ტბის (გალილეის ზღვის) ნაპირას, სადაც უფალმა აჩვენა პურების გამრავლების სასწაული, იარებოდა წყალზე და სხვა.
 
ამასთან მხეცების მძლეველთა აღწერილი ხატება, რომელსაც გამოცხადების წიგნში ვხედავთ, რომლებიც ზეციურ ზღვაზე დგანან, და რომელიც შერეულია ცეცხლთან (გამოცხ. 15:2), აგრძელებს მოწმობას ახალაღთმისეული სამეფო სამღვდელოების განწმენდის შესახებ ვიდრე "წყლისა და ცეცხლის" გავლის მნიშვნელობამდე (შეად.: მკ. 9:49; ლკ. 3:16; 12:49; 1 კორ. 3:13; გამოცხ. 3:18), - ანუ ახალი აღთქმის დროებას წარმოადგენს მსოფლიო სულიერი ბრძოლის დროებად, რომლის გავლისას მაცხოვრის სულიერი მხედრები ზეციურ ბანაკში შესვლამდე განსაკუთრებული "სამხედრო" განწმენდით იბანებიან, შეად.:
 
"უთხრა ელეაზარ მღვდელმა მოლაშქრეებს, რომლებიც ომში იყვნენ ნამყოფი: ეს არის რჯულის კანონი, რომელიც ნაანდერძევი აქვს უფალს მოსესთვის: ოქრო-ვერცხლი, სპილენძი, რკინა, თუთა და ტყვია, ყოველი ნივთი, რომელიც უძლებს ცეცხლს, გაატარეთ ცეცხლში და გაწმინდავდება. გამაწმიდავებელი წყლითაც გააწმიდავეთ. ყველაფერი, რაც ცეცხლს ვერ უძლებს, წყალში გაავლეთ. გაირეცხეთ ტანისამოსი მეშვიდე დღეს და გაწმიდავდით. ამის მერე შედით ბანაკში" (რიცხვ. 31:21-24).
 
რადგან ცეცხლშერეულ მინის ზღვაზე დგანან "მხეცის, მისი ხატისა და მისი სახელის რიცხვის მძლეველნი" (გამოცხ. 15:2), - სწორედ მძლეველ ქრისტიანებში აღწევს აზრობრივ სისავსეს "სამხედრო ნადავლის" ძველაღთქმისეული სიმბოლო, რომელი ნადავლიც უნდა გაეტარებინათ "ცეცხლსა" და "წყალში", როგორც ეს ძველაღთქმისეულ რიცხვთა წიგნშია ნათქვამი.
(იმის გათვალისწინებით, რომ თვით ძველი აღთქმის დროს უფალი ზრუნავდა არა ხელთქმნილ საგნებზე, არამედ თავის ადამიანებზე, ეპიზოდი განსაკუთრებული "ცეცხლოვან-წყლოვვანი" განწმენდით არის ერთ-ერთი მეტაფორა, რომელშიც "არასულიერი" ხატებების მიერ აღწერილია ახალაღთქმისეული დროების "ადამიანური" მნიშვნელობა და ჭეშმარიტება.

ასე, მაგალითად, მოც. პავლე, მოწმობს რა მრავალ ჭურჭელზე, რომლებიც იმყოფა "დიდ სახლში" (2 ტიმ. 2:20-21), ამ საგნებში გულისხმობს მორწმუნე ადამიანებს და ღვთის სახლს, ხოლო "ჭურჭლის პატივში" და "ჭურჭლის გამოყენებაში" - ქრისტიანულ მისიას და მსახურებას).
შესაბამისად, "ცეცხლითა და წყლით" განწმენდაში, და ასევე "სამოსის განბანვაში", და "ბანაკში შესვლის" სიმბოლოში მონიშნულია რწმენაში ქრისტიანული გზის ასპექტები, რომელიც ძევს ნათლისღების წყლებზე, განსჯათა და განსაცდელთა ცეცხლში და, როგორც გამოცხადების წიგნი მოწმობს, თვით ფიზიკურ და სულიერ გამოცდათა "სპილენძის საყვირებში", შეად.:
 
"იმ დღეს იქცევა უფლის მორჩი მშვენებად და პატივად, და მიწის ნაყოფი ღირსებად და დიდებად ისრაელის ნატამალისთვის. სიონს შემონახული და იერუსალიმში დარჩენილი წმიდად იქნება წოდებული ყველა, ვინც განწესებულია იერუსალიმში სასიცოცხლოდ, როცა ჩამორეცხავს მეუფე მწვირეს სიონის ასულებს და გაწმედს იერუსალიმის წიაღს სისხლისაგან განკითხვის სულით და ხანძრის სულით" (ეს. 4:2-4).
 
ამასთან სრულადდასაწველის სამსხვერპლოს წმიდა ცეცხლის მიერ, ანუ ქრისტიანული მოწამეობრივი ღვაწლისა და პირველი აღდგომის (გამოცხ. 20:4-5) მეშეობით, გავლას შეძლებს მხოლოდ "ძვირფასი მეტალი" (ეს კი რწმენაში ყველა გარდაცვლილი როდია, შეად.: "... ნეტარ არიან მკვდარნი, უფალში რომ აღესრულებიან ამიერიდან" (გამოცხ. 14:13)), - ასე რომ "ცეცხლოვან ზღვაზე" დგას "ქრისტიანობის ოქრო" (გამოცხ. 15:2), ანუ ღმრთის სადიდებლად წამებულნი, ვინაც საკუთარი მიწიერი ცხოვრების ფასად დაამარცხეს "მხეცი" და მთელი მისი გამოსახულება, შეად.:
 
"იმძლავრეს მასზე კრავის სისხლით და მათი მოწმობის სიტყვით, და არ შეიყვარეს მათი სული, თვით სიკვდილამდე. მაშ, ხარობდეთ ზეცანო და ზეცის მკვიდრნო! მაგრამ ვაი მიწას და ზღვას, რადგანაც თქვენში ჩამოგდებულ იქნა ეშმაკი, აღსავსე სასტიკი რისხვით, ვინაიდან იცის, რომ ცოტაღა დარჩა ხანი" (გამოცხ. 12:11-12).
 
"ვიხილე ტახტნი და მათზე მსხდომარენი, რომელთაც მიეცა ხელმწიფება მსჯავრის აღსრულებისა, და იესოს მოწმობისა და ღვთის სიტყვისათვის თავმოკვეთილთა სულები, რომლებიც არც მხეცს ეთაყვანენ, არც მის ხატებას, და არ მიიღეს მისი ნიშანი თავიანთ შუბლსა თუ ხელზე; ამიტომაც გაცოცხლდნენ და ქრისტესთან ერთად სუფევდნენ ათას წელიწადს" (გამოცხ. 20:4).
 
გარდა ამისა, შეიძლება აღვნიშნოთ, რომ სახარებისეული მნიშვნელობები, რომლებიც ახალაღთქმისეულ ზეციერ წყაროსთან არიან დაკავშირებულნი, ძველაღთქმისეულ დროებაში იყვნენ მონიშნულნი განსაკუთრებული "სულიერი კლდის" სიმბოლოში, რომლისგანაც წინასწარმეტყველმა მოსემ სინას უდაბნოში წყურვილით გათანგული ხალხი დაარწყულა (რიცხვ. 20:7-11; "და ყველანი ერთსა და იმავე სულიერ სასმელს სვამდნენ, რადგანაც სვამდნენ სულიერი კლდიდან, თან რომ მიჰყვებოდა მათ; ხოლო ეს კლდე იყო ქრისტე" (1 კორ. 10:4)), - ასევე მოწმობებში ძვირფას ქვაკუთხედზე, რომელიც ხელთუქმნელი ზეციური ტაძრის საძირკველში ძევს ("გამოიტანს მთავარ ლოდს და შესძახებენ: მადლი, მადლი მას!" (ზაქ. 4:7); შეად.: "... დამაბრუნა ტაძრის შესასვლელთან და, აჰა, წყალი მიედინება ტაძრის ზღურბლის ქვეშიდან აღმოსავლეთისკენ..." (ეზეკ. 47:1).
 
ხოლო იოანეს სახარებაში ცხოველი წყლის საკვირველი წყაროს ხატება ივსება "ჭეშმარიტი საჭმლისა და ჭეშმარიტი სასმელის" მოწმობით, რომელშიც დაფარულია მარადიული სიცოცხლე კაცისა და კაცობრიობისა:
 
"მიუგო იესომ და უთხრა მას: ვინც ამ წყალს დალევს, კვლავ მოსწყურდება. მაგრამ ვინც დალევს წყალს, რომელსაც მე მივცემ, აღარ მოსწყურდება უკუნისამდე, რადგან წყალი, რომელსაც მე მივცემ, იმ წყაროს წყლად იქცევა, საუკუნო სიცოცხლედ რომ იდინებს მასში" (ინ. 4:13-14).
 
"უთხრა მათ იესომ: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუკი არ შეჭამთ კაცის ძის ხორცს და არ შესვამთ მის სისხლს, არ გექნებათ სიცოცხლე თქვენში. ხოლო, ვინც ჭამს ჩემს ხორცს და სვამს ჩემს სისხლს, ექნება საუკუნო სიცოცხლე, და აღვადგენ მას უკანასკნელ დღეს. რადგანაც ჩემი ხორცი არის ჭეშმარიტი საჭმელი და ჩემი სისხლი არის ჭეშმარიტი სასმელი. ვინც ჭამს ჩემს ხორცს და სვამს ჩემს სისხლს, ის ჩემშია, ხოლო მე - მასში" (ინ. 6:53-56).
 
(შეად.: "... ერთმა ჯარისკაცმა შუბი აძგერა ფერდში, საიდანაც მყისვე გადმოჩქეფა სისხლმა და წყალმა. ვინც იხილა, იმოწმა, და ჭეშმარიტია მისი მოწმობა; მან იცის, რომ ჭეშმარიტს ამბობს, რათა ირწმუნოთ" (ინ. 19:34-35)).
 
რაც შეეხება გამოცხადების წიგნს, - ის ამთავრებს ყველა ამ სიმბოლოს და მნიშვნელობას ყველაზე გლობალურ და ამაღლებულ დონეზე:
 
"რადგანაც კრავი, რომელიც ტახტის შუაშია, დამწყემსავს და სიცოცხლის წყლის წყაროსაკენ წარუძღვება მათ, და ღმერთი მათ თვალებზე სათითაოდ შეაშრობს ცრემლს" (გამოცხ. 7:17).
 
"კვლავ მითხრა მე: აღსრულდა. მე ვარ ანი და ჰაე, დასაბამი და დასასრული. და უსასყიდლოდ ვასმევ მწყურვალს სიცოცხლის წყლის წყაროს" (გამოცხ. 21:6).
 
მეტიც, გამოცხადების წიგნის ბოლო თავებშიზეციური წყაროს სხვადასხვა ბიბლიური სიმბოლოები მთავრდება მოწმობით, რომ ეს მადლმოსილი წყარო არასოდეს დაშრტება, არამედ გადაიქცევა დიდ მდინარედ, რომელიც მოედინება ღმრთისა და კრავის საყდრიდან და ცოცხალი (ცხოველი) წყლით რწყავს მთელ სამყაროს:
 
"და მიჩვენა სიცოცხლის წყლის მდინარე, კამკამა, როგორც ბროლი, რომელიც მოედინებოდა ღვთისა და კრავის ტახტიდან. მისი მოედნის შუაში და მდინარის გაღმა-გამოღმა სიცოცხლის ხეა, ყოველთვიურად რომ გამოაქვს თორმეტი ნაყოფი, ხის ფოთლები კი კურნავენ ხალხებს" (გამოცხ. 22:1-2).
 
ცოდვებისგან განწმენდილ და განახლებულ ქმნილებაში ურჯულოება აღარ იქნება:
 
"მერე ვიხილე ახალი ცა და ახალი მიწა, რადგანაც პირველი ცა და პირველი მიწა გადაეგო, და ზღვა აღარ არის. ვიხილე წმიდა ქალაქი, ახალი იერუსალიმი, ღვთისაგან ჩამომავალი ზეცით, სასძლოსავით გამზადებული და სასიძოსთვის შემკული. და მომესმა მგრგვინავი ხმა ტახტით, რომელმაც თქვა: აჰა, კარავი ღვთისა კაცთა შორის, რომელიც დაემკვიდრება მათში, და თვით ღმერთი იქნება მათთან. შეაშრობს ღმერთი მათ თვალზე ცრემლს, და აღარ იქნება სიკვდილი: აღარც გლოვა, აღარც ტირილი და ტანჯვა იქნება, რადგანაც გადაეგო ყოველივე უწინდელი" (გამოცხ. 21:1-4).
(წმიდა წერილის და განსაკუთრებით აპოკალიფსისის ბუკვალურად გაგების მომხრეებს სიტყვები "და ზღვა აღარ არის" ესმით, როგორც მტკიცება იმისა, რომ მომავალ საუკუნეში ჩვეულებრივი ზღვები აღარ იქნება. მაგრამ გამოცხ. 21:1-ში ზღვა ნახსენებია მხოლობით რიცხვში, - ხოლო გამოცხადების წიგნის 21-ე და 22-ე თავების მთელი კონტექსტი მოწმობს იმაზე, რომ მოც. იოანე აღწერს ზეციურ იერუსალიმს არა "მიწიერი" ტერმინებით, არამედ ბიბლიური და "სატაძრო" სიმბოლიზმის ლოგიკით.

გარდა ამისა, ბუკვალურად ყველაფერი, რაც კი ეხებოდა ხელთქმნილ ტაძარს და მის შიდა მოწყობას, პირველ ქრისტიანთათვის დეტალურად იყო ცნობილი. ხილული ტაძარი ხომ თავისი სხვადასხვა ეზოებით, სამსხვერპლოებით, ხელსაბანებით, სასანთლეებით და სხვა, მთელი 40 წელი "ფიზიკურად" არსებობდა მათთან ერთად, და, უეჭველად, ყოველი შეკრებისას მრავალგზის განიხილებოდა მაქსიმალური დაწვრილებით. ასე, რომ გამოცხადების წიგნის გულისხმისყოფა მისი პირველი მკითხველებისთვის ეფუძნებოდა არა საბუნებისმეტყველო ცნებებს, - როდესაც წინასწარმეტყველებათა ობიექტების ქვეშ გაიგებიან მიწიერი ზღვები და ოკეანეები, კუნძულები და მთის მასივები... და ა. შ... - არამედ მათთვის გასაგებ ყველაზე ახლო ასოციაციებს, რომლებიც იერუსალიმის ტაძართან იყო დაკავშირებული; ხოლო ბუკვალური და "გამიწიერებული" ვარაუდების გამოთქმა ახასიათებთ მხოლოდ იმ თანამედროვე "კომენტატორებს", რომლებსაც არ გააჩნიათ არ სულიერი, და არც უბრალო საინფორმაციო კავშირი ისტორიულ ქრისტიანულ ეკლესიასთან).

ასეა თუ ისე, არსებობს ყოველგვარი საფუძველი ვამტკიცოთ, რომ "ზეციური ზღვა", რომელიც იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადებაშია აღწერილი, აგრძელებს და ამთავრებს ხელთქმნილი საცავის წინამაუწყებელ მნიშვნელობას, რომელიც თავის დროზე იმყოფებოდა მოსეს საველე კარვის შიდა ეზოში, ხოლო სოლომონის ტაძარში წარმოდგენილი იყო სპილენძის უზარმაზარი ხელსაბანით, რომელსაც "ზღვა" ერქვა.
 
მაგრამ ახალი აღთქმის რეალიებში ტაძრის მსახურთა განბანვისთვის განკუთვნილმა სპილენძის ჭურჭელმა თავისი ადგილიც შეიცვალა და თავისი სულიერი ხარისხიც, - და კრისტალურად წმიდა ცხოველი წყლის წყაროდ შეიქნა, რომელიც აცოცხლებს და განწმენდს ზეციური კარვის ახალაღთმისეულ სამღვდელოებას, შემდეგ კი "ეზეკიელის მდინარესავით" გადმოღვრის თავის მაცოცხლებელ წყლებს ცისქვეშეთი ქვეყნიერების "მკვდარ ზღვაში" (ეზეკ. 47:2 და შემდგ.).

მასალა მომზადებულია საიტ "აპოკალიფსისის" რედაქციის მიერ მართლმადიდებლური .წყაროების. მიხედვით. 2025 წ.

თემატურად მსგავსი პუბლიკაციები: იხ. სარჩევში
Назад к содержимому