ხელოვნება - პრომეთე - უცხოპლანეტელი ნეფილიმები და საიდუმლო ეზოთერული განათლება - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოსტასია > ხელოვნება

"პრომეთე" - უცხოპლანეტელი ნეფილიმები და საიდუმლო ეზოთერული განათლება

პრომეთე - ეზოთერული შინაარსი

მეცნიერულ-ფანტასტიკური ფილმი "პრომეთე" იკვლევს კაცობრიობის გაჩენის თეორიას და მის კავშირს არამიწიერ ცივილიზაციებთან. შესაძლოა ვინმეს ეს წანამძღვარი "ნაძალადევ" არგუმენტად მოეჩვენოს, მაგრამ სინამდვილეში ფილმის მრავალი ასპექტი სიმბოლურად ასახავს ოკულტური ელიტის ფილოსოფიასა და რწმენას დედამიწაზე სიცოცხლის გაჩენის თაობაზე. სწორედ ამ საიდუმლო და სიმბოლურ მინიშნებებს დავაკვირდებით ჩვენც ფილმში "პრომეთე".



ჩვენს დროში მომრავლდა ფილმები გაბრაზებულ უცხოპლანეტელებზე, რომელთა სიას "პრომეთეც" შეგვიძლია დავუმატოთ, მაგრამ თუ ამ ფილმთა უმეტესობის შინაარსი კონცენტრირებულია ბრძოლაზე მახინჯი ფიზიონომიის მქონე უცხოპლანეტელებთან, რომლებიც დედამიწის განადგურებას აპირებენ, "პრომეთე" კაცობრიობის წარმოშობის პრობლემატიკას ეხება და სვამს ისეთ კითხვებს, როგორიცაა: "საიდან გავჩნდით?" და "რატომ ვართ აქ?"... თუმცა, ყოველივე ეს მაინც შეჯერებულია უცხოპლანეტელთა სიმახინჯესთან და მათთან ბრძოლასთან.

თავიდან რიდლი სკოტის ეს ფილმი იგეგმებოდა როგორც პრიკველი 1979 წლის ფილმისა "უცხოპლანეტელები", მაგრამ საბოლოო პროდუქტს მცირე რამ თუ აკავშირებს თავდაპირველ ორიგინალთან. ფილმი მოგვითხრობს ძველი არტეფაქტების აღმომჩენ მეცნიერებზე, რომლებზეც გამოსახულია სხვა პლანეტებიდან ჩამოსული პერსონაჟები. ამ მოვლენის გამოსაკვლევად მეცნიერებს მხარს უჭერს გიგანტური კორპორაცია და აფინანსებს კოსმიურ მისიას შორეულ გალაქტიკაში, რათა იპოვონ ის პლანეტა, საიდანაც ერთ დროს დედამიწაზე ჩამოვიდნენ უცხოპლანეტელები და მისცენ მათ ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა - რა იყო მიზეზი დედამიწაზე სიცოცხლის გაჩენისა. ამგვარი წანამძღვარი ეფუძნება თეორიას უძველეს ასტრონავტთა შესახებ, რომლის თანახმადაც ათასობით წლების წინ, დედამიწაზე მცხოვრები ადამიანები კონტაქტში შედიოდნენ უცხო პლანეტებიდან მოსულ სხვა რასის ჰუმანოიდებთან, რომლებიც თავიანთი განვითარებით კაცთა მოდგმას აღემატებოდნენ.

ფილმის სახელი აშკარად მიგვანიშნებს პრომეთეს, ამ მითოლოგიური პერსონაჟის სიმბოლოზე, რაც ფილმს განსაკუთრებული და ეზოთერული შინაარსით ავსებს. გარდა იმისა, რომ ფაქტობრივად ფილმში გადმოცემულია ადამიანთა სურვილი იპოვონ თავიანთი უცხოპლანეტელი შემოქმედი, "პრომეთე" ასევე შეიძლება განვიხილოთ, როგორც მეტაფორა ეზოთერული განათლებისა, როგორც წარმოაჩენენ მას ოკულტური, საიდუმლო საზოგადოებები. მოდით შევხედოთ ფილმის სიმბოლიკას.


შემოქმედნი?


ფილმის დასაწყისში უცხოპლანეტელი ჰუმანოიდი ჩამოდის დედამიწაზე, რომელსაც ჩამოსვამს შთამბეჭდავი და მასიური კოსმიური ხომალდი. ამის შემდეგ "უცხოპლანეტელი" სვამს უცნაურ სითხეს. რომლის შემდეგაც მის ორგანიზმში რადიკალური ცვლილებები იწყება, ვარდება წყალში, იშლება უჯრედების დონეზე და ერწყმის წყლის სტიქიას.





უცხოელი წყალში მთლიანად გაიხსნება და გენეტიკური კოდის დონეზე შეერწყმება დედამიწის წყლის სტიქიას, რათა შეიქმნას ახალი სიცოცხლე. წყალში დნმ გამოიწვევს ბიოგენეტიკურ რეაქციას და მიკროსკოპულ დონეზე მისი ცალკეული უჯრედები გამრავლებას დაიწყებენ. ეს არის ფილმის თეორია იმის შესახებ, თუ როგორ გაჩნდა ადამიანის სიცოცხლე დედამიწაზე.




ფილმის სატიტულო ეკრანზე ჩვენ ვხედავთ როგორ იყოფა თავის თავში წყალში გახსნილი უცხოპლანეტელის უჯრედი და როგორ იქმნება სიცოცხლე დედამიწაზე.




ამის შემდეგ ფილმი სწრაფად გადადის მომავალში, კერძოდ 2089 წელში, სადაც ორი არქეოლოგი ელიზაბეტ შოუ და ჩარლი ჰოლოვეი შოტლანდიის მთებში აღმოაჩენენ პირველყოფილი ადამიანის მღვიმეს, რომლის კედლებზეც გამოსახულია ადამიანთა ფიგურები, რომლებიც ცაში ვარსკვლავთა დაჯგუფებას უყურებენ. მკვლევარები აღმოაჩენენ, რომ ეს არის განსაკუთრებული ვარსკვლავური დაჯგუფება, რომელიც ასახულია სხვადასხვა უძველეს კულტურებშიც.




მღვიმის კედლის ფერწერა ძალზედ წააგავს ძველ ეგვიპტურ, შუმერულ და მაიას ტომთა არტეფაქტებს, რომლებზეც ასევე გამოსახულნი არიან უცნობი გალაქტიკის პლანეტები. არქეოლოგები მიიჩნევენ, რომ უცხოპლანეტელები, რომლებსაც ისინი გენეტიკურ ინჟინრებს უწოდებენ ამ ვარსკვლავური გალაქტიკიდან მოვიდნენ და გაავრცელეს ადამიანთა სიცოცხლე დედამიწაზე. ამგვარი ვარაუდი ბიძგს აძლევს მისიას მოიძიონ ეს პლანეტა და ჰკითხონ ამ ინჟინრებს დედამიწაზე სიცოცხლის გაჩენის მიზეზები.

ფილმი აშკარად შთაგონებულია "უძველესი ასტრონავტების" თეორიით, რომლებიც პირველად შეიმუშავეს ისეთმა მკვლევარებმა, როგორებიც არიან ერიკ ფონ დენიკენი და რობერტ ტემპლი. მათი თეორიების თანახმად კაცობრიობა ან უცხოპლანეტელთა შექმნილია, ან მათ ეხმარებოდნენ უცხო პლანეტელი ჰუმანოიდები, რომლებმაც უხვი და ხანგრძლივი კვალი დატოვეს კაცობრიობის ისტორიაში.

"პრომეთეს" რეჟისორი რიდლი სკოტი, როგორც ჩანს იზიარებს ამ თეორიას. Hollywood Reporter-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მან განაცხადა: NASA და ვატიკანი ადასტურებენ, რომ შეუძლებელია ვიმყოფებოდეთ იქ სადაც ვართ გარეგანი დახმარების გარეშე... ის, რასაც ფილმში ვხედავთ წარმოადგენს ერიხ ფონ დენიკენის იდეას იმის შესახებ თუ როგორ წარმოიშვა სიცოცხლე დედამიწაზე". Hollywood Reporter-ი აღნისანვს, რომ რიდლი სკოტის ახალი ფილმი უცხოპლანეტელებზე შექმნილია ძველი ასტრონავტების იდეის ზეგავლენის ქვეშ, ამიტომაც, მოდი, უფრო დაწვრილებით მიმოვიხილოთ თეორია ძველი ასტრონავტების შესახებ.



ანტიკური ასტრონავტები


ძველი ასტრონავტების თეორიის მომხრეები მიიჩნევენ, რომ კაცობრიობის ცოდნის უმეტესი ნაწილი, კულტურა და რელიგიები - უცხოპლანეტელთა "კულტურული ბაზისის" ნარჩენებია. დედამიწაზე არსებობენ კულტურის ძეგლები, მაგალითად, ხეოპსის დიდი პირამიდა, პასექის კუნძულის ქანდაკებები და სხვა, რომლებიც აშენებულია იმ დროისთვის წარმოუდგენელი და ბევრად წინწაწეული ტექნოლოგიებით, რაც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მათი ამშენებლები მხოლოდ უცხოპლანეტელები უნდა ყოფილიყვნენ. ერიკ ფონ დენიკენი იმასაც კი ამტკიცებს, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაბნეული ანტიკური ხელოვნებისა და ფერწერის ნიმუშები შეიცავენ კოსმიური აპარატების, არამიწიერი ტექნოლოგიებისა და არამიწიერი ცივილიზაციის წარმომადგენელთა გამოსახულებებს. დენიკენი ამბობს, რომ კულტურები, რომლებსაც ერთმანეთთან კავშირი არ გააჩნდათ, გამოსახავდნენ ერთნაირ საგნებს, რაც მათი წარმომავლობის საერთო წყაროზე მიანიშნებს.




იტალიაში იპოვეს გამოქვაბულის ფრესკები, რომელიც, როგორც ამბობენ, გამოსახავენ თუ როგორ ეწვივნენ ძველ დროში დედამიწას არამიწიერი ცივილიზაციის წარმომადგენლები. შესაძლოა ეს ფაქტი გახდა "პრომეთეში" ასახული მსგავსი სიუჟეტის შთაგონების წყაროც. მფრინავ აპარატებზე ეგვიპტური იეროგლიფებიც უთითებენ.




ფილმ "პრომეთეში" ეგვიპტურ, მაიას, შუმერულ და სხვა ცივილიზაციათა არტეფაქტებს შორის მსგავსება კვლევით ჯგუფს კოსმიური ექსპედიციისა და კაცობრიობის "შემქმნელთა" ძიებისკენ უბიძგებს.



ძველი ეგვიპტური იეროგლიფები რომლებიც მფრინავი მანქანების ვიზიტს ასახავენ


ძველი ასტრონავტების თეორიის მომხრეები ასევე ამტკიცებენ, რომ ძველი რელიგიური ტექსტები კოსმიური სტუმრების დედამიწაზე ჩამოსვლას ადასტურებენ. ბიბლიიდან უთითებენ დაბადების წიგნსა და ასევე ენოქის წიგნის სახელწოდებით ცნობილ აპოკრიფს, რომლებიც დედამიწაზე გიგანტური და იდუმალი მოდგმის არსებობაზე მეტყველებენ და რომელთაც ბიბლია ნეფილიმებს უწოდებს.


დარაჯები და ნეფილიმები


დაბადების წიგნი ახსენებს ნეფილიმებს (მეფე ჯეიმსის ბიბლიის მიხედვით "გიგანტები"). ბიბლიის მიხედვით ეს არსებები არიან ჰიბრიდები, რომლებიც "ღვთისშვილებისა" და კაცთა ასულების შეერთებით გაჩნდნენ.

"როდესაც ადამიანებმა გამრავლება იწყეს დედამიწაზე და ასულები შეეძინათ, დაინახეს ღვთისშვილებმა, რომ მშვენიერნი იყვნენ ადამიანთა ასულები და მოჰყავდათ ცოლად, ვისაც ვინ მოეწონებოდა. თქვა უფალმა ღმერთმა: არ დარჩება ჩემი სული ადამიანში საუკუნოდ, რადგან ხორცია იგი. იყოს მისი ხანი ასოცი წელი. ბუმბერაზები იყვნენ იმ ხანებში ქვეყნად და მას მერეც, როცა ღვთისშვილები შედიოდნენ ადამიანის ასულებთან, რომელნიც უშობდნენ მათ. ძლიერები იყვნენ ისინი, ძველთაგანვე სახელოვანი ხალხი" (დაბ. 6:1-4).




ნეფილიმები ნახსენებნი არიან რიცხვთა წიგნშიც (თ. 13). და აღწერილნი არიან, როგორც ბუმბერაზი და კაციჭამია არსებები, რომლებიც ძლიერ განსხვავდებიან ჩვეულებრივი ადამიანებისგან.

"ცუდი ხმები გაავრცელეს ისრაელიანებში მათ მიერ დაზვერილ ქვეყანაზე. ერთმანეთს ჭამენო იმ ქვეანაში, რომელიც ჩვენ მოვიარეთ დასაზვერად; მთელი ხალხი, რომელიც იქ ვნახეთ, ბუმბერაზიაო. იქ ვნახეთ დევკაცები, ყანაკის ძენი, დევკაცთა შთამომავალნი. კალია გვეგონა ჩვენი თავი და ასეც ვჩანდითო მათ თვალში" (რიცხვ. 13:32-33).

ენოქის აპოკრიფული წიგნი კიდევ უფრო დეტალურად აღწერს გუშაგებსა და ნეფილიმებს. ტექსტის მიხედვით, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე 300 წლით თარიღდება, ნათქვამია, რომ გუშაგთა რაზმი, რომელთაც დედამიწის მეთვალყურეობა ევალებოდათ, 200 "ღვთისშვილისგან" შედგებოდა, რომლებიც არ დაემორჩილნენ უფალს და ჩამოვიდნენ დედამიწაზე, რათა შერეოდნენ კაცთა მოდგმას. როგორც ამბობენ, ისინი ასწავლიდნენ ადამიანებს მეცნიერებას, მეტალურგიას, კოსმეტიკას, ასტროლოგიას, ასტრონომიას, მეტეოროლოგიას და სხვა მეცნიერებებს; და რაც მთავარია - ჯადოქრობას. რადგან გუშაგები არ დაემორჩილნენ უფალს, დაცემულ ანგელოზთა რიცხვს შეუერთდნენ.

სწორედ გუშაგების, ანუ ღვთისშვილებისა და კაცთა ასულების შთამომავლობას წარმოადგენენ ნეფილიმები, რომლებსაც წერილი ბუმბერაზებს უწოდებს და რომლებიც ცხოვრობდნენ ადამიანთა შორის. საბოლოო ჯამში მათი დედამიწაზე არსებობა იმდენად გამანადგურებელი და გამრყვნელი შეიქნა დედამიწაზე, რომ ჭამდნენ კაცთა მონაპოვარს და თვით ადამიანებსაც კი. ამ არსებებისგან და მათ მიერ შერყვნილი ადამიანებისგან რომ გაეწმინდა დედამიწა, ღმერთმა ქვეყნიერებას წარღვნა მოუვლინა. მაგრამ ადამიანთა მოდგმა მთლად როდი მოსპო, შეინარჩუნა მართალი ნოე და მისი ჯალაბობა, რომელიც წინასწარ გააფრთხილა მოსალოდნელი წარღვნის შესახებ და კიდობნის აშენება დაავალა.

სხვა ძველებრაული ტექსტი, "იუბილეთა წიგნი", ამტკიცებს, რომ უსხეულო სულთა, ანუ ნეფილიმთა ათ პროცენტს, როგორც დემონებს, უფლება მიეცათ დარჩენილიყვნენ დედამიწაზე წარღვნის შემდეგ, რათა გამოეცადათ ადამიანები სანამ სამარადისო სამსჯავროს დადგომამდე. ამიტომ ხომ არ რყვნიან ილუმინატები, "უცხოპლანეტელთა" რელიგიის ეს მიმდევრები კაცობრიობას? ხომ არ არის ეს მათი რელიგიის შემადგენელი ნაწილი, რომლის მიხედვითაც ისინი საბოლოოდ უნდა გაუსწორდნენ კაცთა მოდგმას?

მაშ ვინ იყვნენ გუშაგები და ნეფილიმები? ამ საკითხზე მრავალი შეხედულება არსებობს და ფიქრობენ, რომ მათ ეკუთვნოდათ უმდიდრეს ადამიანთა კლასი, დემონები და უძველესი კოსმიური რასა. ძველი ასტრონავტების თეორიის მომხრეები მიიჩნევენ, რომ ისინი ფაქტობრივად უცხოპლანეტელები იყვნენ, რომლებიც დედამიწაზე გამოაგზავნეს, რათა დაკვირვებოდნენ კაცთა მოდგმის განვითარებას, რომელიც თვითონვე შეჰქმნეს - აქედან მომდინარეობსო მათი სახელწოდებაც.




ფილმი "პრომეთე" ამ თეორიის ძლიერ ზეგავლენას განიცდის, რადგან უცხოპლანეტელები ფილმში არიან ბუმბერაზები, რომლებიც დედამიწაზე კაცობრიობის აღსაშენებლად და მის დასამოძღვრად ჩამოვიდნენ.

ფილმის სიუჟეტი ისე ვითარდება, რომ ბოლოს და ბოლოს, მკვლევართა ჯგუფი წააწყდება კაცობრიობის ერთ ერთ "ინჟინერს", ბუმბერაზ უცხოპლანეტელს, რომელსაც არანაირი სურვილი არ გააჩნია განმარტოს კაცობრიობის გაჩენის მიზეზები და მასთა მისულ განადგურებასაც კი დააპირებს, ანდროიდს კი თავს მოაგლეჯს.

იმისი აღნიშნვა, რომ უცხოპლანეტელები არიან მიზეზნი კაცობრიობის განვითარებისა ილუმინატებისთვის მნიშვნელოვანია არა მარტო სამეცნიერო თვალთახედვით, არამედ სულიერითაც, რადგან ეს კარდინალურად ცვლის მრავალი რელიგიის წარმოდგენას ქვეყნიერებისა და კაცობრიობის წარმომავლობაზე. ასეთ პირობებში ირღვევა შეხედულებათა მთელი სისტემა და მათი "უცხოპლანეტური" კუთხით დანახვის აუცილებლობას აყენებს.


სულიერი დილემა


კოსმიური მისიის სულიერი მნიშვნელობა ფილმში სხვადასხვა სცენებით არის გადმოცემული, რომელიც ამ უცხოპლანეტური პროექციის კონტექსტში ეჭვ ქვეშ აყენებს ქრისტეანობას. კოსმიური მისიის წინ, ხომალდის კაპიტანი საშობაო ნაძვისხეს მორთავს. თავისი უფროსი მას ეკითხება: "რა არის, ეს დალახვროს ეშმაკმა?", რაზეც კაპიტანი პასუხობს: "ეს ხომ საშობაო ნაძვისხეა!". არ არის შემთხვევითი, რომ ისტორიის შემცვლელი ეს კოსმიურ მისია სწორედ ქრისტეს შობის დღესასწაულის პერიოდში ხდება და მას რელიგიურ დატვირთვას აძლევს.




ელიზაბეტი, ფილმის ერთ ერთი გმირი, ამაყად და გამოსაჩენად ატარებს ქრისტეანულ ჯვარს მკერდზე. ეს სიმბოლო იქცევა სულიერ დილემად, რომელიც მისიის შედეგებიდან წარმოიშვება.




როდესაც ხომალდი დანიშნულების პუნქტამდე მიაღწევს, ეკიპაჟი აღმოაჩენს მიგდებულ ნაგებობას, რომელიც აშენებულია უცხოპლანეტური ცივილიზაციის მიერ და, რომელიც გარდაცვლილი უცხოპლანეტელებით არის სავსე... ერთ-ერთი ორგანოს გამოკვლევის შედეგად ეკიპაჟი დაადგენს, რომ მართლაცდა დედამიწაზე სიცოცხლე სწორედ უცხოპლანეტელების ჩამოტანილია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ფილმის შემქმნელთა აზრით ძველი კოსმონავტების თეორია სწორია და კაცობრიობის "ინჟინრები" აქ სხვა გალაქტიკებიდან მოსულან. როგორც კი ელიზაბეტი დაუდასტურებს ამას თავის მეგობარ ჩარლის, ის იმწამსვე ეჭვქვეშ დააყენებს მკერდზე დაკიდებული ჯვრის დანიშნულებას:

"ჩემის აზრით, უკვე შეგიძლიათ ჩამოიხსნათ მამათქვენის ჯვარი

- რატომ?

- იმიტომ, რომ ჩვენ უცხოპლანეტელთა შექმნილნი ვართ".

მაგრამ აქ ელიზაბეტი ღირსეულ კითხვას აძლევს თავის მეგობარს:

"- და ისინი ვინღა შექმნა?"

სწორედ ამიტომ, ელიზაბეტი ვერ ხედავს წინააღმდეგობას ქრისტეანულ სარწმუნოებასა და ძველი ასტრონავტთა თეორიას შორის. ის ჯერაც მიიჩნევს, რომ ღმერთი ყოველივეს პირველშემოქმედია... თუმცა, თანაფარდობისთვის ახლა ამ შესაქმის აქტს მან უცხოპლანეტელებიც უნდა დაუმატოს.

ელიზაბეტისა და ჩარლის ამგვარი საუბრის შემდეგ ისინი სასიყვარულო და სექსუალურ ვნებას ეძლევიან. ერთადერთი რაც ამ წყვილმა არ იცის, არის ის, რომ ანდროიდმა ჩარლის უცხოპლანეტური გენეტიკური კოდი ჩაუნერგა. მანამ, სანამ ჩარლი ელიზაბეტთან შევიდოდა, რობოტი დევიდი ატყუებს ჩარლის და აძლევს სასმელს, რომელიც უცხოპლანეტელთა გენომს შეიცავს, მან იცის, რომ ადრე თუ გვიან ჩარლი და ელიზაბეტი ერთმანეთთან სექსუალურ კონტაქტს დაამყარებენ და ამიტომაც, ელიზაბეტი შობს ნახევრად უცხოპლანეტელს. მიაქციეთ ყურადღება საშობაო ნაძვისხეს უკანა პლანზე.




წყვილი დამცავი საშუალებების გარეშე ეძლევა სიყვარულს და ელიზაბეტი მალე შეიტყობს, რომ ის ფეხმძიმედაა. ის იმწამსვე ხვდება, რომ მისი ფეხმძიმობა ძალზედ არასწორად მიმდინარეობს, რადგან მისი პირმშო არ არის ადამიანი და ძალზედ აგრესიულია. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ეს ყველაფერი ხდება ქრისტეს შობის დღესასწაულის პერიოდში, ელიზაბეტი თავისებური ანტი-"ღვთისმშობელი" ხდება. თუ ღვთისმშობელმა შვა ღმერთკაცი, ელიზაბეტი შობს ნახევრად კაცს და ნახევრად უცხოპლანეტელ არსებას... რომელიც მცირედით თუ განსხვავდება ნეფილიმისგან და ხომ არ არის აქ მინიშნება ანტიქრისტეს წარმომავლობაზე?... თუმცა ეს მხოლოდ ერთ-ერთ ვერსიად შეიძლება განხილულ იქნეს...




იმის შემდეგ, რაც აღმოაჩენს რომ ფეხმძიმედაა, ელიზაბეტი მოიხსნის ჯვარს და შეინახავს, რაც სიმბოლურად მიანიშნებს, რომ მისთვის ქრისტეანულ რწმენას უკვე აზრი არა აქვს. ელიზაბეტი ახერხებს უცხოპლანეტელის მოშორებას. ამის შემდეგ მისიის საქმე საშინელი ტრაგედიით შებრუნდება; ყველანი იხოცებიან ელიზაბეტის გარდა. ბოლოს და ბოლოს, ელიზაბეტს გონება გაუნათდება და ხვდება მთელს სიმართლეს უცხოპლანეტელთა შესახებ. ცხადია, მათ ოდითგან, უძველესი დროიდან დატოვეს კაცობრიობა და დედამიწის განადგურება გადაწყვიტეს, რადგან კაცობრიობის განვითარებაში რაღაც არასწორად წარიმართა.

ფილმის დასასრულს, ის ჯვარს ისევ მკერდზე დაიკიდებს, რითაც აჩვენებს, რომ მას ქრისტესადმი რწმენა მთლიანად არ დაუკარგავს და ეძიებს სულიერ ჭეშმარიტებას. აქ უკვე არ არის ლაპარაკი მეცნიერებაზე, არამედ ადამიანის ძირითად ეგზისტენციალურ ძიებებზე.




ელიზაბეტი ჯვარს დააბრუნებს და აღივსება დაუოკებელი წყურვილით გაიგოს სიმართლე უცხოპლანეტელ შემოქმედთა შესახებ.


მთელი ფილმი შეიძლება აღვიქვათ სულიერ მეტაფორად - მისწრაფებად განათლებისკენ. თვით ფილმის სახელწოდება "პრომეთე" სწორედ ფილმის საიდუმლო შინაარსზე მიუთითებს.



"პრომეთე" და განათლების ძიება


ბერძნულ მითოლოგიაში პრომეთე - ეს არის ტიტანი, ღვთაების პირველყოფილი მოდგმა, რომელმაც ღმერთებს ცეცხლი მოჰპარა და კაცობრიობას გადასცა. ეს იყო აქტი, რომელმაც განავითარა კაცთა მოდგმის ცივილიზაცია. სწორედ ამიტომ არის "ცეცხლი" ეზოთერულ სკოლებში ღვთაებრივი შემეცნების სიმბოლო. ხოლო თვით პრომეთე ფრანკმასონურ და როზენკრეიცერულ სკოლებში, მნიშნელოვანი ფიგურა გახდა, რადგან განღმრთობის მისაღწევად ისინი ფარულ და საიდუმლო სწავლებას მისდევენ.




ის, რომ პრომეთე ილუმინატების საყვარელი ფიგურაა, ადასტურებს როკფელერ-ცენტრის თვალსაჩინო ადგილას გამოტანილი ქანდაკებაც


მაგრამ იუდაიზმსა და ქრისტეანობაში პრომეთეს თავისი ექვივალენტი ჰყავს, ეს არის ლუციფერი, დაცემული ანგელოზი, რომელიც გადაუდგა ღმერთს და კაცობრიობას ცოდნის ახალი ფორმები შესთავაზა. ლუციფერი ლათინურად "ნათელმოსილს" ნიშნავს, რაც სწორედ იმაზედ მიანიშნებს, რასაც ახორციელებდა პრომეთე, როდესაც მას კაცობრიობისთვის ზეციური ცეცხლი ჩამოჰქონდა. როგორც ეზოთერული სკოლების წარმომადგენლები ამბობენ, ეს "ნათელი" არის საიდუმლო ცოდნა, რომელსაც ეზოთერულ სკოლებში ასწავლიან და ამგვარად "განათლებულ" ადამიანებს შესაძლებლობას აძლევს კვლავ დაუბრუნდნენ ღვთაებრიობას. ეს არის ღმრთის უარყოფისა და ადამიანის ღმრთის გარეშე გაღმერთების სატანური იდეა.

გუშაგთა და ნეფილიმთა ზემოთაღწერილ ისტორიას მისდევს ფილმ "პრომეთეს" შინაარსიც. ბიბლიის მიხედვით როდესაც "ღვთისშვილები" განუდგნენ უფალს, დედამიწაზე ჩამოვიდნენ და ადამიანებს მნიშვნელოვანი ცოდნა გადასცეს. გარდა ამისა, როგორც ლუციფერია დაცემული ანგელოზი და მატარებელი ცოდნისა, ასევე ნეფილიმებიც ამავე ცოდნისა და განათლების მატარებლები არიან. სწორედ ამ სიმბოლოებიდან და ლეგენდებიდან არის აღებული ფილმის სიმბოლიკაც.

კოსმიური მოგზაურობის დაწყების წინ, კორპორაციის პრეზიდენტი, რომელიც მისიას აფინანსებს, ატარებს ბრიფინგს და თავის სიტყვაში ამ მისიის მნიშვნელობას აღნიშნავს: "ტიტან პრომეთეს სურდა კაცობრიობა ღმერთებისთვის გაეტოლებიან, ამისთვის გადმოაგდეს ის ოლიმპიდან. მაგრამ, ჩემო მეგობრებო, როგორც იქნა დადგა დრო მისი უკან დაბრუნებისა".

ფილმ "პრომეთეში" კოსმიური ხომალდის სახელწოდება, რომელსაც ადამიანები გადაჰყავს სხვა პლანეტაზე, თავიანთ უცხოპლანეტელ შემქმნელებთან შესახვედრად, სიმბოლურად წარმოადგენს იმ "ცეცხლის", ანუ ცოდნის სიმბოლოს, რომელიც მათ თავიანთი ღვთაებრიობის დასაბრუნებლად მიეცათ. სულიერი ინიციაციის ეს მეტაფორა მრავალ მითოლოგიურ ისტორიას გვაგონებს, რომელიც შესაძლოა ვიპოვოთ მთელი ისტორიის განმავლობაში და, რომლებიც მსგავს საიდუმლო მინიშნებას შეიცავენ.

მიუხედავად ამისა, ეზოთერული სკოლები მიიჩნევენ, რომ განათლება ყველას ხვედრი როდია, არამედ მხოლოდ რჩეულებისა და ეს ზუსტად არის ასახული "პრომეთეშიც". ფილმში კვდება ყველა ადამიანი, ვინც ხომალდის ბორტზე იმყოფებოდა არა ცოდნის მოსაპოვებლად, არამედ ეგოისტური, არაგულწრფელი და ფინანსური ინტერესების გამო.  მხოლოდ ის გადარჩება, ვინც იქ სიმართლის საძიებლად იყო და თავისი სულიერი რწმენის წყალობით განსაცდელს თავს დააღწევს. ამ სიუჟეტს პარალელები სულიერი განათლების ალეგორიულ ისტორიებშიც გააჩნია და აცხადებს, რომ ყოფიერების უმაღლეს ფორმას მხოლოდ გულწრფელი და ჭეშმარიტი მისწრაფება მიაღწევს.




ელიზაბეტის გარდა, რობოტ-ანდროიდი დევიდიც გადარჩება. ფილმის ბოლოს დევიდს თავს მოაგლეჯენ, მაგრამ ის მაინც ფუნქციონირებს, რადგან რობოტია. ელიზაბეტი აიღებს მის თავს და გზას გააგრძელებს, რაც სიმბოლურად გულისხმობს, რომ განათლების მისაღწევად ის წმინდა ინტელექტს და ტექნოლოგიას საჭიროებს.

რობოტ დევიდს უდიდესი ინტელექტუალური ძლიერება გააჩნია, რაც აფიქრებინებს მას, რომ ის თავის კოლეგა-ადამიანებზე ბევრად აღმატებულია. ის მეტად მნიშვნელოვანია ელიზაბეტის ძიებებისთვის - რაშიც გამოხატულია მეტად ფაქიზი შეტყობინება იმის შესახებ, თუ როგორ მნიშვნელოვან როლს თამაშობს ტრანსჰუმანიზმი ადამიანის ევოლუციის საქმეში.




უნდა აღინიშნოს, რომ პრომეთეიზმის
შექმნის იდეა ეკუთვნის დოქტორ მეტ ნოუნკეს. მისი აზრით თანამედროვე სამყაროში უნდა გაჩნდეს ახალი რელიგიური მსოფლმხედველობა რომელიც განთავისუფლებული იქნება მითოსის, ცრურწმენის და ეგეტალირიზმისგან და მის ადგილზე უნდა დადგეს ფაქტი, გონიერება, მეცნიერება, სულიერება და ემპირიზმი.

ფილმის ბოლოს, დევიდს არ ესმის რატომ მიელტვის ელიზაბეტი თავის შემქმნელებს. განსხვავება იმაშია, რომ მას აქვს სული და ის ამ თავისი სულიერი ძიებების დაკმაყოფილებისკენ მიისწრაფვის. სწორედ ამ მიზეზით კვლავ დაიკიდებს ჯვარს მკერდზე... მისი ძიება უბრალო კოსმიური გაფრენა არ არის, ეს არის სულიერი მოგზაურობა, რათა შეიმეცნოს თავისი წარმომავლობა.




ფილმის დამამთავრებელ სცენაში ელიზაბეტი გადაწყვეტს დედამიწაზე არ დაბრუნდეს, რომელიც ამ შემთხვევაში მატერიალიზმის სიმბოლოა) და გააგრძელებს კაცობრიობის შემქმნელთა ძიებას, ანუ სწრაფვას განათლებისა და განმღრთობისკენ. ამიტომაც მისი ძიება არ დასრულებულა... ყოველივე ამას შესაძლოა გაგრძელება ჰქონდეს.


დასკვნა


ფილმის ნახვის შემდეგ მრავალი მაყურებელი, ალბათ იტყვის, რომ პრომეთე "უცხოპლანეტელების" თემაზე შექმნილი კარგი ფილმია. მაგრამ მისი მნიშვნელობის სიღრმეების კვლევა მნიშვნელობათა სხვა ფენებს ააშკარავებს. ანტიკური ასტრონავტების იდეით შთაგონებული ფილმი ვარაუდობს, რომ უნდა გადაწერილ იქნას ისტორია და თეოლოგია ისე, რომ ადამიანი წარმოაჩინოს როგორც არამიწიერი ცივილიზაციების შემოქმედების პროდუქტად. ფილმში ეს სამეცნიერო ძიება გადაწნულია სულიერ და მეტაფიზიკურ საკითხებთან, რითაც წარმოაჩენს არა მარტო გაბრაზებულ უცხოპლანეტელთა ისტორიას, არამედ უსასრულო ეგზისტენციალურ საკითხთა ძიების წყურვილსაც.

რადგან ფილმის სახელწოდება მიანიშნებს იმ ადამიანთა ისტორიაზე, რომლებიც კოსმოსში თავიანთი შემქმნელების მოსაძებნად მიფრინავენ, მას ძირითადი საიდუმლო, ეზოთერული დანიშნულება გააჩნია, რადგან ფილმი შეიძლება ინტერპრეტირებულ იქნას, როგორც სულიერი ძიების მეტაფორა.




ტიტანი პრომეთე - ცენტრალური ფიგურაა საიდუმლო, ეზოთერულ სკოლებში, ეს არის ტიპიური მეამბოხე, რომელმაც კაცობრიობას ღვთიური ცოდნა მოანიჭა მთელი თავისი უპირატესობებითა და ნაკლოვანებებით. ოკულტური საზოგადოებები მიიჩნევენ, რომ ეს ცოდნა განაპირობებს გზას განღმრთობისკენ. კოსმიური ხომალდი პრომეთე ტოვებს დედამიწას, რათა იპოვოს კაცობრიობის ინჟინრები, რაც წარმოადგენს იმ შეხედულების ოკულტურ ინიციაციას, რომლის მიხედვითაც განათლების მისაღწევად საჭიროა მატერიის დატოვება რათა სამყაროს დიად არქიტექტორთან პირისპირ დარჩე.

მაგრამ არის კი სიმართლე იმ მრავალრიცხოვან ისტორიებსა თუ მითოლოგიებში, რომლის მიხედვითაც თითქოსდა კაცობრიობას ცოდნა და განათლება "არამიწიერმა ცივილიზაციებმა", იგივე დაცემულმა ანგელოზებმა, ანუ ნეფილიმებმა მიანიჭეს? აქვს თუ არა საფუძველი პრომეთეს, ანუ ლუციფერისა და გუშაგთა, იგივე ანგელოზთა დაცემის ილუმინატურ თეორიას? არსებობს თუ არა რაიმე "გარეგანი" წყარო კაცობრიობის საიდუმლო და განვითარებული ცოდნისა? არსებობდა თუ არა ნეფილიმთა "უმაღლესი რასა", რომელმაც კაცობრიობას განვითარების ნაცვლად კიდევ უფრო მეტი დაცემა მოუტანა? არის თუ არა ეს ის რგოლი, რომელიც კაცობრიობის განვითარებას აკლია? არის თუ არა ეს მიზეზი იმისა, რომ კაცობრიობა ამოვარდნილია პლანეტის გარემოს სინქრონულობისგან? ვისგან არის ეს ცოდნა უცხოპლანეტელებისგან, როგორც ამას ფილმი პრომეთე გვთავაზობს, თუ დაცემული ანგელოზებისგან, როგორც ძველი ტექსტები მიგვანიშნებენ? ვინ დგას ამ საიდუმლო ცოდნისა და საიდუმლო საზოგადოებების უკან... ილუმინატები ხომ არა?

ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ როგორც გინდა დაგვიხატონ უცხოპლანეტელები, - განვითარებულ ჰუმანოიდებად თუ გონებაჩლუნგ მონსტრებად, ისინი ორივე შემთხვევაში დაცემულ ანგელოზთა მეტაფორას წარმოადგენენ. "უცხოპლანეტელი" სხვა არაფერია თუ არა დაცემული ანგელოზი, ამიტომაც, ზედმეტია იმაზე მსჯელობა, რომ მათ არ შეუქმნიათ არც სამყარო, არც დედამიწა და არც ადამიანი. ისინი აღვსილნი არიან შურისგებით, რადგან თავიანთი ღირსება დაკარგეს და კაცთადმი შურით აღძრულნი, მძვინვარებენ.

ფილმის მთავარი გმირი რელიგიურია, ის მართალია ერთ მომენტში კარგავს თავის რწმენას, მაგრამ შემდგომ კვლავ იბრუნებს. რეჟისორი ალბათ უფრო ქრისტეანობისკენ იხრება და არა ეზოთერიზმისკენ, თუმცა ეზოთერულ სიმბოლოებს უხვად იყენებს. ეს ფილმი ოკულტიზმის სასარგებლოდ რომ გადაეწყვიტა რეჟისორს, მაშინ მისი დასასრული ალბათ უფრო სასტიკი და ულმობელი იქნებოდა.

ფილმში არსებობს სერიოზული კითხვა: "ჩვენ თუ მათ შეგვქმნეს, ისინი ვინ შექმნა?" არც ზემოთნახსენები ერიკ ფონ დენიკენი და არც სხვა, ვინც დაბეჯითებით ამტკიცებს ჩვენს ვითომცდა არამიწიერ, უცხოპლანეტურ წარმომავლობას, არ განიხილავს ამ პრობლემას. თითქოსდა არავის აინტერესებს საკითხი - ვინ არის ამ უცხოპლანეტელთა შემოქმედი? ვინ მისცა მათ ცოდნა, რომლის მიცემასაც ასე ელტვიან კაცობრიობისთვის და რა ცოდნაა ეს? ის ხომ არა, ეშმაკმა რომ მისცა ადამსა და ევას სამოთხეში და დაარწმუნა ღმერთივით გახდებითო? ამ სიცრუემ მაშინ ორივე დაღუპა, რადგან განვარდნენ სამოთხიდან და მოკვდავნი გახდნენ. ზეცად ისინი კვლავ მათმა ჭეშმარიტმა შემოქმედმა, იესუ ქრისტემ დააბრუნა თავისი განკაცების, ჯვარცმისა და მკვდრეთით აღდგომის წყალობით. და არც განათლებას იშურვებს კაცობრიობისთვის, განსაკუთრებით საყოველთაო აღგომისა და მარადიული საუკუნის დადგომის შემდეგ.

დაცემული კაცობრიობა არასწორად აზროვნებს, მათი აზროვნების მიმართულება ალოგიკურია, რადგან მასში არ არის სიმართლე და თუ ისინი არ იძლევიან პასუხს შეკითხვაზე "ვინ შექმნა ნეფილიმები", ვინ არის ამ ე. წ. "უცხოპლანეტელთა" შემოქმედი; თუ მათ სწამთ რომ ღმერთი არ არსებობს, ისინი ვერასოდეს იპოვიან სიმართლეს.


უნდა გვახსოვდეს მოციქულ პავლეს სიტყვები, რომ "არა არს ბრძოლაჲ ჩუენი სისხლითა მიმართ და ჴორცითა, არამედ მთავრობათა მიმართ და ჴელმწიფებათა, სოფლის მპყრობელთა მიმართ ბნელისა ამის საწუთროჲსათა, სულთა მიმართ უკეთურებისათა, რომელნი არიან ცასა ქუეშე"  (ეფეს. 6:12).


ინტერნეტ მასალების მიხედვით.

<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/sftuxbvGwiU" frameborder="0" allowfullscreen></iframe>
 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню