ხელოვნება - Imagine - ლენონის უტოპია - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოსტასია > ხელოვნება
Imagine - ლენონის უტოპია

"წარმოიდგინე, რომ არ არსებობს არც სამოთხე და არც ჯოჯოხეთი...
არც მიზეზი მოკვლისა და სიკვდილისა, და არც რელიგია არ არსებობს"
ჯონ ლენონი
"წარმოიდგინე, რომ არ არსებობს არც სამოთხე და არც ჯოჯოხეთი... არ არსებობს მიზეზი მოკვლისა და სიკვდილისა, და არც რელიგია არ არსებობს" - ეს არის სტროფები ჯგუფ "ბითლზის" დამაარსებლის ჯონ ლენონის სიმღერიდან "Imagine" ("წარმოიდგინე"). ჯონ ლენონი 40 წლის ასაკში მოკლეს საკუთარი სახლის ზღურბლთან. დღეს მას 80 წელი შეუსრულდებოდა. "Imagine" არის სიმღერა ურელიგიო მსოფლიოზე, სადაც არავინ არაფრისთვის არ კვდება და ყველანი მშვიდობასა და სიყვარულში ცხოვრობენ. ეს სიმღერა მრავალი თაობის ჰიმნად იქცა, და მრავალი დღემდე სოლიდარულია მისი იდეის: რელიგია - ერთმანეთს აშორებს ადამიანებს.

რა შეიძლება ვუთხრათ ამ იდეის გამზიარებელთ?

ერთ-ერთ თავის ყველაზე ცნობილ სიმღერაში ლენონი ხატავს სურათს, რომელსაც დღეს მრავალი იდილიურს უწოდებდა. ეს არის სამყარო, სადაც არც ომებია, არც შიმშილი, არც მდიდრებია და არც ღარიბები, არ არსებობენ სახელმწიფოებიც... და არც რელიგია აღარ არის... ადამიანები ცხოვრობენ, როგორც დები და ძმები და არანაირი იდეოლოგიით არ არიან შეკრულები. "შეგიძლია მეოცნებე მიწოდო, მაგრამ მე მარტო როდი ვარ ასეთი. იმედი მაქვს, რომ შემოგვიერთდები, და მთელი მსოფლიო გავერთიანდებით", - ამ სიტყვებით მთავრდება "Imagine".
<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/YkgkThdzX-8" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>
და მსოფლიომაც აიტაცა ეს სიტყვები - მას დღემდე ლამის მთელი კაცობრიობის ჰიმნად აღიქვამენ. 2014 წელს ლენონის ქვრივმა იოკო ონომ სიმღერა "Imagine"-ის საავტორო უფლება გაერო-ს გადასცა და იმ დღიდან მას, როგორც კაცობრიობის ერთობის ჰიმნს ძალადობის წინააღმდეგ, მრავალგზის ასრულებენ ცნობილი მუსიკოსები.

ახლა კი დავიმოწმოთ კიდევ ერთი ციტატა, რომელშიც ასევე ერთობაზეა ლაპარაკი:

"... ყველანი ერთი იყვნენ, როგორც შენ, მამაო, ჩემში, ხოლო მე - შენში, და ირწმუნოს ქვეყანამ, რომ შენ მომავლინე. დიდება, რომელიც შენ მომეცი, მე მათ მივეცი, რათა იყვნენ ჩვენსავით ერთი" (იოანე 17:21-22).

ამ სიტყვებით ილოცა იესუ ქრისტემ მამა ღმერთის მიმართ გოლგოთის ღამეს ჯვარცმის წინ.

როგორც პირველ, ასევე მეორე შემთხვევაში ლაპარაკია კაცობრიობის ერთობაზე, ოღონდ ქრისტე ლოცულობს კაცობრიობის ერთობაზე ღმერთში, ხოლო ლენონი გამოხატავს ადამიანთა ერთობის იდეას რელიგიის გარეშე.

ქრისტეს შობიდან ორი ათასი წლის შემდეგ ლენონი კაცობრიობის ერთობაზე ოცნებობს, რომელსაც არ გააჩნია რელიგიური საფუძველი. სიმღერის ტექსტიდან არ ჩანს რის საფუძველზე წარმოუდგენია ლენონს კაცობრიობის ერთობა - ნათელია მხოლოდ ის, რომ ეს არარელიგიური ერთობაა. რამ უნდა გააერთიანოს ადამიანები "ბრწყინვალე ახალ მსოფლიოში", Imagine-ის ავტორი არ გვამცნობს. ის მხოლოდ იმას ამბობს, რაც არ უნდა არსებობდეს, და უპირველეს ყოვლისა, მისი აზრით, არ უნდა არსებობდეს რელიგია მისი წარმოდგენებით სამოთხესა და ჯოჯოხეთზე. "ჩვენს ზემოთ მხოლოდ ცაა" - და სხვა არაფერი.


 
 
მაგრამ განა რელიგია არ განყოფს ადამიანებს მორწმუნეებად და ურწმუნოებად, თანამგრძნობებად და აგნოსტიკოსებად და ა. შ.?

სამწუხაროდ, განყოფს, და ამისი უარყოფა სისულელე იქნებოდა. მითუმეტეს, რომ თვით ქრისტე აფრთხილებდა თავის მოწაფეებს: "ვინაიდან მოვედი, რათა გავყარო ვაჟი მამამისს, ქალი - დედამისს, და რძალი - დედამთილს მისას" (მათე 10:35). რა თქმა  უნდა, ქრისტე როდი იყო ამ განყოფის მიზეზი, არამედ კაცობრივი ბოღმა და ბოროტება, - განმარტავს წმ. იოანე ოქროპირი. საკმაოდ განსხვავებული დამოკიდებულება ჰქონდათ ადამიანებს მაცხოვარისადმი - და ამის გამო ისინი სხვადასხვა ბანაკებად იყოფოდნენ. "მახვილი", რომელიც განყოფს ყველაზე ახლობელ ადამიანებსაც კი, ქრისტესადმი სიყვარული აღმოჩნდა, "სიყვარული, რომელიც განყოფს მორწმუნეს ურწმუნოსგან", - როგორც წერდა XIXII სს-ის ბიზანტიელი ღვთისმეტყველი ექვთიმე ზიგაბენი. ქრისტესადმი სიყვარულსაც შეძლებია თურმე ადამიანთა შორის ერთობის დარღვევა.

მაგრამ ერთობა თავისთავად არც სიკეთეა და არც ბოროტება, არც კარგია იგი და არც ცუდი. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ ვისი სახელით და რა მიზნით ხორციელდება იგი. როდესაც ადამიანებს აერთიანებს კეთილი ზრახვები, - მაგალითად, მავან პირებს სურთ დაეხმარონ ავადმყოფ ბავშვს ოპერაციის დაფინანსებაში, - ასეთ ერთობას შეიძლება ვუწოდოთ გაერთიანება სიცოცხლისთვის. როდესაც სტადიონზე შეკრებილი გულშემატკივრები გაუთავებლად სკანდირებენ რაიმე აკვიატებულ სლოგანს საყვარელი გუნდის მხარდასაჭერად, შეიძლება ითქვას, რომ მათ ემოცია აერთიანებთ. ხოლო როდესაც ზრდასრული ახალგაზრდები (ან არც ისე) ეზოში ლუდით გაიჭყიპებიან, შემდეგ კი კუთხეში მდებარე მაღაზიის გასაძარცვად გაერთიანდებიან - ეს უკვე დანაშაულებრივ დაჯგუფებას წარმოადგენს.

და ქრისტეც, - რადგან იცოდა მოსალოდნელ განყოფებზე! - ლოცულობდა, რათა ეს განყოფები წაშლილიყო და ადამიანები გაერთიანებულიყვნენ იმის რწმენით, რომ იგი მამის მიერ, სამყაროს ცოდვისა და სიკვდილისგან დასახსნელად იყო მოვლენილი. ქრისტესადმი რწმენა ხომ ცხონების, ანუ სიკვდილზე გამარჯვებისა და დროებითი ცხოვრებიდან მარადიულ ცხოვრებაში გადასვლის უმთავრესი პირობაა.

დიახ, სამწუხაროდ, რწმენა კაცთა შორის განყოფის ერთ-ერთი მიზეზია, მაგრამ არა ერთადერთი და უმთავრესი. რას აკეთებენ, მაგალითად, დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში ქუჩაში გამოსული მეამბოხეები? - ანგრევენ, წვავენ, ამტვრევენ და ძარცვავენ მაღაზიებს, ცემენ და კლავენ იმათ, ვინც ცდილობს საკუთარი სახლებისა და საკუთრების დაცვას. რა აიძულებს მათ ამის გაკეთებას, - ნუთუ რელიგია? - არამც და არამც!

ქრისტიანული სარწმუნოება კი ეძიებს მთლიანობაში ყველა ადამიანის ერთობას, "რათა ღმერთი ყველაფერი იყოს ყოველში" (1 კორინთ. 15:28).

 
მაინც რატომ არის შეუძლებელი სარწმუნოებრივ საფუძველზე განყოფის თავიდან აცილება?

განყოფანი მაინც იქნებიან: ადამიანი, რბილად რომ ვთქვათ, არასრულყოფილია და ყოველთვის იპოვის სხვა ადამიანის უარყოფის ან განკითხვის მიზეზს. ნაკლებად სავარაუდოა ვინმე შეედავოს ამ თეზისს, მაგრამ ქრისტიანობა ერთადერთია, ვინც პასუხობს კითხვას, თუ საიდან იღებს სათავეს ეს არასრულყოფილება - პირველ ადამიანთა ცოდვით დაცემის ფაქტიდან, რომლითაც მათ დაარღვიეს ღმრთის მცნება და იგემეს სიკეთისა და ბოროტების შემეცნების ხის ნაყოფი. მხოლოდ ქრისტიანობა ამბობს, თუ რა უნდა გააკეთოს ამ ვითარებაში პირველწინაპართა ცოდვითი მემკვიდრეობით მოწყლულმა ადამიანმა, - მიმართოს ზეციურ ექიმს, უფალ იესუ ქრისტეს.

ჯონ ლენონის სიმღერას თუ დავაკვირდებით - არსებითად ის მიწიერ სამოთხეზეა. არ არისო საჭირო ვიოცნებოთ ცათა სასუფეველზე, მოდი სამოთხე პირდაპირ დედამიწაზე მოვაწყოთო - აი რაზეა ლაპარაკი ამ სიმღერაში. ეს იდეა ახალი როდია, ერთი პერიოდი თვით ქრისტიანებიც კი იყვნენ გატაცებულნი მისით. განა მშვენიერი არ არის ადამიანებს არ ჰქონდეთ ერთმანეთის მოკვლის მიზეზი, ასევე არ ჰქონდეთ მიზეზი თავგანწირვისა და ირგვლივ მხოლოდ მშვიდობა და სიყვარული სუფევდეს! შესაძლოა ვინმეს დაენანოს, რომ არ არის სამოთხე, მაგრამ რადგან არც ჯოჯოხეთია, თავს დაიმშვიდებს და უფრო უზრუნველად იცხოვრებს...

... ხვდებით ეშმაკობას? საკმაოდ კეთილსახოვანი სურათია, მაგრამ ცხოვრებაში ასე როდი ხდება! არსად არასოდეს კაცობრიობის ისტორიაში არ შექმნილა მსგავსი სისტემა. მიწიერი სამოთხის აშენება ვერავინ მოახერხა, მიუხედავად იმისა, რომ ამისი მცდელობა ჰქონდათ ისეთ დიდ სახელმწიფოებს, როგორებიც იყვნენ საბჭოთა კავშირი და ჩინეთი...

ლენონი მიიჩნევს, რომ საკმარისია უარი ვთქვათ "მითიურ" სამოთხესა და ჯოჯოხეთზე, "ყველაფერს თავისი სახელი ვუწოდოთ" (ცას - ცა და ა. შ.), რომ კაცთა შორის იმწამსვე მშვიდობა, სიხარული და თანხმობა დაისადგურებს. მაგრამ ეს ძალიან მიამიტური შეხედულებაა. ნუთუ ვინმე სერიოზულად ფიქრობს, რომ რელიგია გვიშლის ხელს არ გვძულდეს ერთმანეთი? იქნებ "მიწიერ სამოთხეზე" მითი გვაიძულებს მახე დავუგოთ კოლეგებს სამსახურში? იქნებ ჯოჯოხეთში მოხვედრის შიში გვიბიძგებს მთელი დღეები წამოვწვეთ სავარძლებზე და ვუყუროთ ტელევიზორს?

ყოველი ადამიანური პრობლემა და მოუწესრიგებლობა თვით ადამიანში პოვებს თავის საფუძველს, "ვინაიდან გულიდან გამოვლენ: უკეთური ზრახვანი, კაციკვლანი, მრუშობანი, სიძვანი, პარვანი, ცილისწამებანი, გმობანი" (მათე 15:19), და მხოლოდ ქრისტიანობა აუწყებს ადამიანს ამ მწარე ჭეშმარიტებას. ის აფრთხილებს ყველას, რომ ადამიანი დაბადებიდანვეა მიდრეკილი ცოდვისკენ; ის მემკვიდრეობითი სნეულებით იბადება, რომლისგანაც ვერ გაგვათავისუფლებს ვერანაირი თვითდამამშვიდებელი მანტრა ან მორიგი "ახალი საზოგადოების" მშენებლობა. მისგან ხსნა და განკურნება მხოლოდ იესუ ქრისტეს მიერ არის შესაძლებელი.

თუმცა აქ არის კიდევ ერთი, ემოციური მხარე... ისურვებდით თუ არა გეცხოვრათ მსოფლიოში, სადაც ადამიანები, როგორც ლენონი მღერის, იცხოვრებდნენ მხოლოდ დღევანდელობით და არ დაფიქრდებოდნენ სიკვდილზე? და განა ეს რეალურია - იცხოვრო ისე, რომ არ იფიქრო სიკვდილზე, მაშინ როდესაც, ბრწყინვალედ უწყი, რომ ერთხელ შენც აღარ იქნები ამ ქვეყანაზე?..

და მაშ, თუკი ასეა, ღირს კი ცხოვრება იმგვარ სამყაროში, სადაც არავინ არავისთვის თავს არ სწირავს? ადამიანი სიკვდილისთვის მზად არის მხოლოდ რაღაც უძვირფასესისა და უმნიშვნელოვანესისთვის, რაც კი მას გააჩნია. "არა აქვს მნიშვნელობა ცოცხალი ხარ თუ მკვდარი. მნიშვნელოვანია - რისთვის ცხოვრობ და რისთვის ხარ მზად თავი გაწირო", - ამ პრინციპით ცხოვრებისკენ მოუწოდებენ ადამიანებს ქრისტიანი მოღვაწეები. ხოლო თუკი, როგორც ლენონი ბრძანებს, თავგანწირვის მიზეზი არ არსებობს, მაშინ გამოდის, რომ სიცოცხლეში არაფერი ყოფილა ღირებული... და რა არის აქ კარგი და მოსაწონი? რაში მდგომარეობს აქ სიმშვიდისა და სიხარულის საფუძველი?

წყარო: foma.ru
Назад к содержимому