წინასწარმეტყველებანი - წმიდა მამათა წინასწარმეტყველებანი ბოლო ჟამის შესახებ - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
წმიდა მამათა წინასწარმეტყველებანი ბოლო ჟამის შესახებ
ბოლო ჟამის შესახებ
ღირ. ნიფონტი, კვიპროსელი ეპისკოპოსი (IV ს.).

"ბოლო ჟამს უფლის ჭეშმარიტი მსახურნი მშვიდად დაემალებიან ადამიანებს და მათ შორის ნიშებსა და სასწაულებს არ მოახდენენ, როგორც ახლა ხდება, არამედ უფრო მოსაგრეობის გზას აირჩევენ, რომელიც შეზავებული იქნება მორჩილებასთან; ამიტომაც, ცათა სასუფეველში იმ მამებზე უმეტესად წარმოჩინდებიან, რომლებიც თავის დროზე სასწაულთმოქმედებით იყვნენ განთქმულნი.

შვილო ჩემო! წმინდანნი სამყაროს აღსასრულამდე არ დაიშრიტებიან! მაგრამ ბოლო ჟამს ისინი დაემალებიან ადამიანებს და ღმერთს ისეთი თავმდაბლობითა და მორჩილებით ემსახურებიან, რომ ცათა სასუფეველში სასწაულთმოქმედ მამებზე უაღმატებულესნი იქნებიან. ამგვარ გვირგვინს კი თავიანთი უდიდესი რწმენისთვის დაიმსახურებენ, რადგან მტკიცე რწმენა ექნებათ იმ დროს, როდესაც არავინ იქნება სასწაულთმოქმედი, და სასწაულთა გარეშე აღივსებიან ღმრთის შიშითა და მოთმინებით, ხოლო მღვდელმთავარნი გამოუცდელნი იქნებიან და სიბრძნესა და გონიერებას კი არ შეიყვარებენ, არამედ ანგარებას.

მათ დაემსგავსებიან ბერ-მონაზვნებიც, რომლებსაც ადგილ-მამულები ექნებათ; ამაო და ფუჭი დიდებისგან დაბნელდება მათი სული და უგულისხმონი იქნებიან მათ მიმართ, ვისაც ღმერთი მთელი სულითა და გულით უყვარს; ხოლო ვერცხლისმოყვარება მთელი სიძლიერით დამკვიდრდება მათში. ვაი ვერცხლისმოყვარე ბერებს! ვერ იხილავენ ისინი პირს ღმრთისა!

ნებისმიერი მევახშე, გინდ ბერი იყოს და გინდ ერისკაცი, თუ არ შეინანებს თავის საქციელს და მსწრაფლ არ მოექცევა ამ ბოროტებისგან, უეჭველად წარწყმდება, რადგან ღმერთი არ შეიწყნარებს არც მათ ლოცვას, არც მათ მარხვას და არც შენაწირს; ხოლო მათ მიერ გაცემული მოწყალება ღმრთის სამსჯავროზე სიბილწედ და სისაძაგლედ ჩაითვლება. ფართო გზით ვლენან შვილო ეს ადამიანები... ამიტომაც, არ მსურს მათზე ბევრი ლაპარაკი, რადგან არც მე ვზრუნავდი სიყრმიდან სიბერემდე სულის ცხოვნებისთვის. მაშ უწყოდე, რომ წმიდა წერილის უცოდინრობის გამო გამრავლდება ყოველგვარი ბოროტება".

წმ. ანტონი დიდი (+ 358):

შვილებო, მოვა დრო, როდესაც ბერები მიატოვებენ უდაბნოს და დიდ ქალაქებს მიაშურებენ, სადაც უდაბური გამოქვაბულებისა და ვიწრო სენაკების ნაცვლად მდიდრულ სასახლეებს აიშენებენ, რომლებიც თავიანთი სიდიადით მეფის პალატებსაც კი გაუტოლდებიან; შეიყვარებენ სიმდიდრეს სიღარიბის ნაცვლად; მორჩილებას ამპარტავნებით შეცვლიან; გამედიდურდებიან ცოდნით, რომელიც არაფრით შეეწევა ღვთისმოსაობას და კეთილ საქმეთაგან განშიშვლდებიან; გაუნელდებათ სიყვარული, ხოლო თავშეკავებისა და მარხვის ნაცვლად შეიპყრობთ მუცელღმერთობა და ფუფუნება. იმ დროის ბერები მხოლოდ ტანისამოსითა და თავსაბურავებით თუ იქნებიან განსხვავებულნი ერისკაცთაგან, და მიუხედავად იმისა, რომ ერისკაცთა შორის იცხოვრებენ, თავს დაყუდებულ და განშორებულ მონაზვნებად მოაწონებენ ყველას.

გაამპარტავნდებიან და იტყვიან: "მე პავლესი ვარ, მე აპოლოსი", თითქოსდა ბერ-მონაზვნობის ძალა მათი წინამორბედებისა და მოძღვრების ღირსებაზე იყოს დამოკიდებული; ისინი თავს მოიწონებენ თავიანთი მამებით, როგორც იუდეველნი იწონებდნენ თავს აბრაამით.

მაგრამ იქნებიან იმ დროს ისეთებიც, ვინც ჩვენზე უდიდესნი აღმოჩნდებიან ღვთისმოსაობით, რადგან ნეტარია ის, ვისაც შეეძლო შეცოდება და არ შესცოდა; შეეძლო ჩაედინა ბოროტება და არ ჩაიდინა..."

ღირ. ამბა ისხირიონი (IV ს.)

ერთხელ ეგვიპტის სკიტეს მამებმა ამბა ისხირიონს ჰკითხეს:

- რა ვიღვაწეთ ჩვენ?

ამბა ისხირიონმა უპასუხა:

- ჩვენ ღმრთის მცნებები შევასრულეთ.

შემდეგ კვლავ ჰკითხეს:

- რას გააკეთებენ ისინი, ვინც ჩვენს შემდეგ იცხოვრებენ?

- ისინი ჩვენი ღვაწლის ნახევარს აღასრულებენ.

და კვლავ ჰკითხეს:

- და რას იზამენ ისინი, ვინც მათ შემდეგ იქნებიან?

ამბამ უპასუხა:

ბოლო ჟამს მცხოვრებთ არ ექნებათ მონაზნვური ღვაწლი; მაგრამ მათ დროს ისეთი ჭირი იქნება, რომ ვინც მას გაუძლებს ჩვენზე და ჩვენს მამებზე უმეტესნი აღმოჩნდებიან ცათა სასუფეველში.

ამბა ანტონი ამბობდა: მოდის ჟამი, როდესაც ადამიანები გახელდებიან და თუკი დაინახავენ ვინმე გონიერს (ანუ ქრისტეანულად - მცხოვრებს - მთარგმნ.), აუმხედრდებიან და ეტყვიან: "გადარეული და უგუნური ხარ", რადგან არ ხარ ჩვენი მსგავსი.

ლაქტანციუსი, ეკლესიის მოძღვარი (III-IV სს.): "როდესაც სამყაროს უკანასკნელი ჟამი მოახლოვდება, გაიზრდება ბოროტება, ყოველგვარი ვნება და ბოროტმოქმედება გახშირდება, გაქრება სამართლიანობა, რწმენა, მოწყალება, მშვიდობა და ჭეშმარიტება თვალთაგან მიეფარება. გახშირდება კადნიერება და ძალადობა. დაიკარგება მშობელთა მიმართ პატივისცემა... იქნება კაცთა კვლა და სისხლისღვრა. იქნება ომი და ბრძოლა არა მარტო უცხო და მოსაზღვრე სახელმწიფოთა შორის, არამედ შიდა ომებიც. სახელმწიფო ხელისუფლების ძალაუფლებას არავინ მიაგებს პატივს... ყველანი დაიწყებენ ძარცვას, ტაცებას და განადგურებას... მოკლედ რომ ვთქვათ, ცხოვრების ისეთი პირობები მოვა, რომ ცოცხალთ დაიტირებენ და მკვდრისა შეშურდებათ. განადგურდებიან ქალაქები - ზოგი ცეცხლით, ზოგი მახვილით, ზოგიერთი კი მიწისძვრებითა და წყალდიდობებით; ზოგს ეპიდემია მოსრავს, ზოგს კიდევ შიმშილი. ან უკიდურესი ყინვით, ან კიდევ უკიდურესი გვალვით, გაბერწდება დედამიწა და ნაყოფს არ გამოიღებს. წყლები გაიხრწნება და გამოსაყენებლად უვარგისი გახდება... და როდესაც ეს ყოველივე დაიწყებს აღსრულებას, უნდა ვიცოდეთ, რომ ახლოს იქნება უფლის მოსვლა, რომელიც შეცვლის სამყაროს". [11, с. 345-346].

ღირ. ანტონი დიდმა ერთხელ თანამოძმე ბერებს უთხრა:

"მოვა დრო, საყვარელნო შვილნო ჩემნო, როდესაც სიღარიბის ნაცვლად შეიყვარებენ სიმდიდრესა და ფუფუნებას; თავმდაბლობას შეცვლის მედიდურება და ამპარტავნება; მრავალნი მოიწონებენ თავს ცოდნით, მაგრამ კეთილ საქმეთაგან განშიშვლებულთა და განძარცულთ სიყვარული არ ექნებათ; თავშეკავებას შეცვლის მუცელღმერთობა... და დადგება დრო, როდესაც ადამიანები შეძრწუნდებიან".

წმ. ეფრემ ასურელი: "ვინ გადაიტანს იმ დღეებს ძმანო, ვინ დაითმენს აუტანელ ვაებას, როდესაც იხილავენ ერთა მშფოთვარებას, რომლებიც დაიძვრიან მტარვალის (ანტიქრისტეს - მთარგმნ.) სანახავად, თაყვანს სცემენ მას და თრთოლვით ეტყვიან: "შენ ხარ ჩვენი მაცხოვარი"? ხოლო ის ურცხვი, როდესაც მიიღებს ძალაუფლებას, წარაგზავნის დემონთ დედამიწის ყველა კუთხეში საქადაგებლად: "მოვიდა დიადი მეფე თავისი ბრწყინვალებით! მაშ, მოვედით, ხალხნო, და თაყვანის ეცით მას"... ხოლო ყოვლადბილწი, როგორც მპარავი, მოვა იმგვარი სახით, რათა აცთუნოს ყველა; მოვა როგორც მორჩილი, თავმდაბალი, თვითკრიტიკოსი, უსამართლობის მოძულე, უარმყოფელი კერპებისა და ღვთისმოსაობის პატივმგებელი; მოვა, როგორც კეთილი, გლახაკთმოყვარე, ღვთისმოშიში და ყურადღებიანი ყველას მიმართ. ამასთან ერთად, უდიდესი ძალმოსილებით მოიმოქმედებს მრავალ ნიშთა და სასწაულთ და ყოველგვარ ხრიკებს მიმართავს, რათა შეიყვაროს ყველამ. არ აიღებს ქრთამს და არ ილაპარაკებს მრისხანებით, არავის ეჩვენება პირმოღუშულად, არამედ კეთილსახოვნებითა და სათნო გარეგნობით აცთუნებს ყველას, მთელს სამყაროს, სანამ გამეფდება. ამიტომაც, როდესაც მრავალი წოდებანი და ერნი იხილავენ ესოდენ სათნოებებსა და ძალებს, ერთი აზრი შეიპყრობს ყველას და უდიდესი სიხარულით აღიარებენ მას მეფედ და ეტყვიან ერთურთს: "მოიპოვება კი დეამიწის ზურგზე ესოდენ კეთილი და სათნო ადამიანი"? და ძალიან მალე განმტკიცდება მისი მეფობა".

მომზადებულია მართლმადიდებლური წყაროების მიხედვით.
Назад к содержимому