წინასწარმეტყველებანი - სატანა და დედაკაცის თესლი - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სატანა და დედაკაცის თესლი
პირველმშობელთა შეცოდება
ბიბლია სავსეა წინასწარმეტყველებებით სამყაროს მომავალ ხვედრზე, ცალკეულ ხალხებსა და კონკრეტულ ადამიანებზე. ხოლო ზოგიერთი ბიბლიური წიგნი წინასწარმეტყველურადაც კი იწოდება, ანუ ისეთ წიგნად, რომელიც, როგორც ეკლესიას სწამს, ღმრთის ნებას იუწყება. ასეთი წიგნებია: ესაიას, იერემიას, ეზეკიელის, დანიელის და სხვათა (ე. წ. მცირე წინასწარმეტყველთა) წინასწარმეტყველებანი.

ამათგან ყველა არ არის მკაფიო და იოლად გასაგები, ზოგიერთი მათგანი კი ბნელად გვეჩვენება. მაგრამ ყველაზე გაუგებარ წინასწარმეტყველებებშიც კი აუცილებლად არის აზრი, და ხშირად, - ძალიან ღრმა და მნიშვნელოვანიც.
 
ერთ-ერთი ყველაზე უპირველესი წინასწარმეტყველება, რომელსაც ბიბლია გვიცხადებს, წარმოთქვა თვით უფალმა, როდესაც მან სატანას მიმართა. დაცემული სული გველის სახით შევიდა სამოთხეში და პირველქმნილი ადამიანები აცდუნა - ჯერ ევა, მის მიერ კი ადამი.
 
მიენდნენ რა გველის სიტყვას და ისურვეს რა ყოფილიყვნენ "როგორც ღმერთნი, კეთილისა და ბოროტის შემცნობელნი" (დაბ. 3:5), ადამიანებმა დაარღვიეს ერთადერთი მცნება, რომელიც მათ ღმრთისგან მიიღეს სამოთხეში, და გასინჯეს ხის ნაყოფი, რომელიც სამოთხის შუაგულში იდგა.
 
როგორც კი პირველმა ადამიანებმა შეიწყნარეს სატანის აზრი, თითქოსდა უფლის გაფრთხილება სიკვდილით მოკვდებითო სიცრუე იყო, მათ დაარღვიეს ღმერთთან ურთიერთნდობა. ამ მომენტიდან, როგორც უფალი მათ აფრთხილებდა, ადამი და ევა მოკვდავი არსებები გახდნენ; მათ ცხოვრებამ მოუწიათ არცთუ სტუმართმოყვარე სამყაროში, გაუმრავლდათ უბედურებანი, ევას ხვედრად ერგო ტანჯვით ორსულობა, მიწა დაიწყევლა მათ გამო, მოუწიათ პიროფლიანმა შრომამ და ბოლოს სიკვდილმა (შეად. დაბ. 3:16-19).



ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი ქელავს გველს, რომელსაც უჭირავს ნაყოფი, რითაც ადამი და ევა აცდუნა
 
"უბიწო ჩასახვა". პიტერ პაულ რუბენსი. 1627
 
 
ხოლო გველს, უფრო ზუსტად სატანას, უფალმა უთხრა ერთი შეხედვით სრულიად გაუგებარი სიტყვები:
 
"მტრობას ჩამოვაგდებ შენსა და დედაკაცს შორის, შენს თესლსა და დედაკაცის თესლს შორის: ის თავს გიჭეჭყავდეს, შენ კი ქუსლს უგესლავდე!" (დაბ. 3:15)
 
ამრიგად სატანას მოუწევს დედაკაცთან მტრობა და, რაც კიდევ უფრო გასაიცარია, მის თესლთანაც. ის ("თესლი") გველს თავს გაუჭეჭყავს, თუმც კი შეუძლია ქუსლი დაუგესლოს მას.
 
რას ნიშნავს ეს ყოველივე? რა თესლი შეიძლება ჰქონდეს დედაკაცს? როგორ უნდა განვმარტოთ ეს სიტყვები?
 
სიტყვით "თესლი" ბიბლიაში ხშირად აღინიშნება კაცთა მოდგმა. თვით ღმერთი ისააკს და მის შთამომავლობას აბრაამის თესლს უწოდებს (იხ. დაბ. 21:12); მოსე, როდესაც ისრაელიტელებს მიმართავდა, მათ მამათა - ანუ ძველაღთქმისეულ მართალთა - თესლს უწოდებდა (მეორე რჯლ. 10:15); მრავალრიცხოვანი თესლი უწოდა იობის შთამომავლობას მისმა ერთ-ერთმა მეგობარმა (იობი 5:25) და ა. შ.
 
მივაქციოთ ყურადღება: ყველა ამ მაგალითში (ასევე სხვებშიც, რომელთა მოტანაც შეიძლებოდა) ლაპარაკია მამაკაცის შთამომავლობაზე. ღმერთი კი ხაზს უსვამს, რომ სატანასთან მტრობა დედაკაცის თესლს ექნება...
 
კაცობრიობის ისტორიაში იყო მხოლოდ ერთი შემთხვევა, როდესაც დედაკაცმა შვილი მამაკაცის მონაწილეობის გარეშე დაჰბადა. ეს ყრმა იყო უფალი ჩვენი იესუ ქრისტე. აქედან ცხადი ხდება, რომ აღთქმაში "დედაკაცის თესლზე" სხვა არავინ იგულისხმება, თუ არა მაცხოვარი, რომელიც ქალწულისგან უნდა შობილიყო და თავი გაეჭეჭყა გველისთვის, იგივე სატანისთვის, და მით კაცობრიობა მისი ძალმომრეობისგან ეხსნა. სწორედ ასე ესმოდა ეს ადგილი ეკლესიის ყველა წმიდა მამას.
 
უფლის ამ აღთქმას კიდევ პირველსახარებას უწოდებენ. "სახარება" ბერძნულიდან ხომ "კეთილ უწყებას" ნიშნავს. უფალმა კაცობრიობის ისტორიის დასაბამშივე ანუგეშა ჩვენი შემცოდე პირველწინაპრები და მათ მომავალი მაცხოვრის მიერ ეშმაკის დამარცხება აღუთქვა.
 


ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მკერდს მიყრდნობია ყრმა ქრისტე. ხატი მაცხოვრის, როგორც სამყაროს გამომსყიდველის განკაცებაზე უთითებს.
 
ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი. ხატი ნიშანი. იაროსლავლი. დაახლ. 1218 წ.
 
 
თუმცა, როგორც ითქვა, გველი შეძლებს "მისი ქუსლის დაგესვლას". სიმბოლურად ქუსლი ეს არის კაცობრივი ბუნების უქვემოესი და უმნიშვნელო ნაწილი. წინასწარმეტყველების ამ ნაწილში ლაპარაკია იმაზე, რომ გველი (სატანა) შეძლებს ყველა მორწმუნის მოწყვლას "საცდურებით, უბედურებებით, ხორციელი სიკვდილით".
 
რისთვის არის ეს საჭირო? იმისთვის, რათა ადამიანი უზრუნველი არ იყოს კაცთმოძულე და მკვლელი ეშმაკის მიმართ, არამედ ბოროტების განუწყვეტელი გამოცდით მოექცეს სიკეთისკენ.
 
თვით ეშმაკის მძლეველმაც, ძე ღმრთისამ იესუ ქრისტემ, ასევე ივნო მისგან. სატანა, რომელიც იოანე ღვთისმეტყველის აპოკალიფსისში "ძველ გველად" იწოდება (გამოცხ. 12:9), თვით ქრისტესგან იღებს "ქუსლის დაგესლვის" ძალაუფლებას, ანუ მოწყლას იგი ყველაზე სუსტ ადგილას - მოწყლას მისი ადამიანური ხორცი. ეს არის წინასწარმეტყველება იმაზე, რომ ქრისტე ევნება, როგორც ადამიანი, - და მით მტერი ძლეული აღმოჩნდება.
 
 
რით არის მნიშვნელოვანი ეს წინასწარმეტყველება?
 
ეს არის პირველი ბიბლიური წინასწარმეტყველება მაცხოვრის განკაცებაზე, რომელიც ადამიანს პირველდაწყებითი ცოდვის შედეგებისგან იხსნის.
 
 
სად შეიძლება ეს წინასწარმეტყველება დღეს მოვისმინოთ?
 
დაბადების წიგნის ფრაგმენტები (საიდანაც არის აღებული ეს ნაწყვეტი) და ზოგიერთი ძველაღთქმისეული წიგნი ტაძარში დიდი მარხვის მსახურებისას იკითხება და მათ პარემიები ეწოდებათ. წინასწარმეტყველება "დედაკაცის თესლზე", რომელიც გველს თავს გაუჭეჭყავს, ასევე იკითხება დიდი მარხვის პირველი შვიდეულის პარასკევს.
 
 
საიტი "აპოკალიფსისი". 2023 წ.

მომზადებულია მართლმადიდებლური წყაროების მიხედვით.
Назад к содержимому