Перейти к контенту

საუბრები ბიბლიაზე - წმ. მაქსიმე აღმსარებელის განმარტებანი წმიდა წერილის ძნელადსაწვდომ ადგილებზე - აპოკალიფსისი

Пропустить меню
Пропустить меню
წმ. მაქსიმე აღმსარებელის განმარტებანი წმიდა წერილის ძნელადსაწვდომ ადგილებზე
წმიდა წერილი
კითხვა (190):
 
როგორ გავიგოთ სიტყვები - "ამინ გეუბნებით თქვენ: არიან ზოგიერთები აქ მდგომარეთაგან, რომლებიც არ იგემებენ სიკვდილს, ვიდრე არ იხილავენ ღვთის სასუფეველს, მომავალს ძალმოსილებით" (მკ. 9:1); ამას ამბობს მარკოზი, მათ კი შემდეგს გვამცნობს: "... ვიდრე არ იხილავენ ღვთის ძეს, მომავალს თავისი დიდებით" (მთ. 16:28).
 
პასუხი: ვინაიდან ღვთის სიტყვა არ იფარგლება ისტორიის შესაბამისი მოვლენებით, არამედ, არის რა მარადის მოქმედი, მზისებრ გამოაბრწყინებს საკუთარ სინათლეს, აქედან გამომდინარე, არა მხოლოდ მოწაფეთა მიმართ თქვა მან, შესაბამისად ისტორიისა, სიტყვები: "არიან ზოგიერთები აქ მდგომარეთაგანი", არამედ ამბობს ამას ყველა იმ ადამიანთან დაკავშირებით, რომელიც კი მათებრ გაბრწყინებულია სათნოებით, ამბობს კი მათ მიმართ თითქოსდა შემდეგს: "არიან ზოგიერთები იმათგან, რომლებსაც, სათნოებებზე მათი დამყარებულობის გამო, ჩემს ახლოს აქვთ დგომა".
 
შემდეგ, სიტყვები: "არ იგემებენ სიკვდილს" ითქმის, აგრეთვე, მოციქულების შესახებაც, ვინაიდან არ იგემებენ ისინი ბუნებისეულ სიკვდილს, ვიდრე არ იხილავენ უფლის ფერისცვალების შედეგად იმ ბრწყინვალების ხატს, რაც სამომავლოდ ექნებათ წმინდანებს, თუმცა, ამასთან, სხვადასხვაგვარი სიკვდილი უწყის სიტყვამ, გამომდინარე იქიდან, რომ, მაგალითად, ვნებათა მოკვდინებაც "სიკვდილად" ითქმის, ისევე, როგორც "კვდება", პირვანდელი მდგომარეობის მიხედვით, საქმითი მოღვაწეც, როდესაც იგი ვნებათა წინააღმდეგ ბრძოლას განასრულებს და ბუნებისეულ მჭვრეტელობას მიეახლება; "კვდება" კი იმის გამო, რომ იგი, არსთა ჭვრეტით დაკავებული, უქმი ხდება საქმესთან დაკავშირებული მორკინალობითი ბრძოლის მიმართ; ამგვარადვე, ისიც, ვინც საღვთისმეტყველო უკუთქმითი გზით (1) გადალახავს ბუნებისეულ მჭვრეტელობას, შედეგად კი, დატოვებს ყოველივეს, რაც მიზეზისაგანია, და თავად მიზეზს მიეახლება, "კვდება" პირვანდელი მდგომარეობით, აღარ მოძრაობს რა მეტად იმათ შორის, რომლებიც ქმნილნი არიან, არამედ ყოველთა შემოქმედში გადააქვს მას თავისი მოძრაობა.
 
შესაბამისად, როდესაც უფალი ამბობს, რომ "არ იხილავენ სიკვდილს" იგი გულისხმობს "სიკვდილს", მოწევნილს ყოველივეს ჩამოცილების შედეგად (2), რასაც იმ დრომდე ვერ გამოსცდიან ისინი, რომლებიც სათნოებითად თანაშეესწორებიან მოციქულებს, ვიდრე არ გამოუჩენს მათ თავის თავს ფერცვლილი (3) უფალი, რომელიც უკვე იქნება არა კვლავაც წართქმითად (4) მეტყველი მათდამი, გამომდინარე არსთა შესახებ მტკიცებულებიდან, არამედ უკუთქმითი (5) ღვთისმეტყველების გზით გამაცხადებელი მათთვის ღმრთეების დაფარულობის მიუღწევლობისა (6).
 
ამასთან, როდესაც ერთ-ერთი მახარებელი ამბობს: "... ვიდრე არ იხილავენ ღვთის ძეს, მომავალს თავისი დიდებით", მეორე კი გვამცნობს: "... ვიდრე არ იხილავენ ღვთის სასუფეველს, მომავალს ძალმოსილებით", აღნიშნული სხვაობა შემდეგს ნიშნავს: ვინაიდან უფალი ღმრთეებითად არის "ძე ღვთისა", კაცობრივად კი ჩვენს გამო გახდა იგი "ძე ადამიანისა", შესაბამისად, იმდენად რამდენადაც არის იგი "ძე ღვთისა", მარადის აქვს მას დიდება, ხოლო იმდენად, რამდენადაც გახდა იგი "ძე ადამიანისა", ითქმის მასზე, რომ "მოვა იგი თავისი დიდებით, ვინაიდან ესოდენ ადიდა მან მისგან მიღებული კაცება, რომ ისევე როგორც გამოჩნდა იგი ვნებად სხეულში (7), როდესაც ფერი იცვალა მთაზე, ამგვარადვე, აღდგომის (8) დროს გავხდებით ჩვენც უკუმიმღებნი უხრწნადი სხეულისა, რამეთუ სიტყვები: "ძალმოსილებით მომავალი" აღმნიშვნელია იმისა, რომ ჯერ კიდევ არ მყოფობს მოქმედებითად ის უხრწნადი და საუკუნო სასუფეველი, რასაც სასოებენ წმინდანები" (9) (წმ. მაქსიმე აღმსარებელი. შრომები. ტომი I. თბილისი 2024. გვ. 185-186).

წყარო: წმ. მაქსიმე აღმსარებელი. შრომები. ტომი I. კითხვა 190. თბილისი 2024. გვ. 185-186.

 

* * * * *


შენიშვნა: ფრჩხილებში მოცემულია ნაშრომში მითითებული სქოლიოს ნომერი.
 
1 (911). ე. ი. აპოფატური ღვთისმეტყველების გზით.
 
2 (912). ე. ი. როდესაც ქმნილებათა შორის არსებულ ყველა სახელსა და თვისებას ჩამოვაცილებთ საღვთო ბუნებას, როგორც ამ ყოველივეზე უსასრულოდ აღმატებულს, მთელი ქმნილებისგან მიღმიერნი ვხდებით ჩვენც, როგორც ამ ქმნილების მიღმა მეძიებელნი ღვთისა, რის გამოც ითქმის ჩვენზე, რომ "ვკვდებით" შესაქმისადმი.
 
3 (913). ე. ი. ფერისცვალებული, ფერისცვალებაგანცდილი.
 
4 (914). მტკიცებითად.
 
5 (915). უარყოფითი.
 
6 (916). "არა კვლავაც წართქმითად მეტყველი მათდამი, გამომდინარე არსთა შესახებ მტკიცებულებიდან, არამედ უკუთქმითი ღვთისმეტყველების გზით გამაცხადებელი მათთვის ღმრთეების დაფარულობის მიუღწევლობისა". აღნიშნული მონაკვეთი შეიცავს უმნიშვნელოვანეს სწავლებას წართქმით-უკუთქმითი ღვთისმეტყველების შესახებ, რაც მთლიანად ეფუძნება არეოპაგიტულ მოძღვრებას იმის შესახებ, რომ ჭეშმარიტების შემეცნების პირველ ეტაპზე განღმრთობილი ადამიანი ღმერთს ჭვრეტს ყველაფერში და შესაბამისად, მტკიცებითი ანუ წართქმითი ფორმით (ანუ "წართქმითი ღვთისმეტყველების" წესით) მრავალ სახელს განუკუთვნებს შემოქმედს, უწოდებას რა მას ერთს, მხოლოს, სამებას, არსს, ცხოვრებას, სიკეთეს, სასოებას, მაცხოვარებას, სიმართლეს, მზეს, გზას, წყაროს და ა. შ., თუმცა შემდეგ, შემეცნების მეორე ეტაპზე ასვლისას, ჭეშმარიტების მეძიებელი მოღვაწე უკვე ესწრაფვის ჩაწვდეს არა იმას, თუ რა სახით ავლენს ღმერთი თავის თავს აურაცხელ სახელში, არამედ იმას, თუ პირდაპირი გაგებით რა არის იგი თავისთავად, რის გამოც ამგვარი მოღვაწე იწყებს სახელთა მოკლებას, უარყოფას ანუ ჩამოშორებას ღვთისგან, რაც არის იგივე უკუთქმა (უარყოფა, ნეგაცია), გამომდინარე იქიდან, რომ არცერთი სახელი, ყველაზე აღმატებულიც კი, არანაირად არ შეიძლება პირდაპირი გაგებით განეკუთვნოს მას თავისთავად.
 
სახელთა ამგვარი ჩამოკლება ანუ უკუთქმა (აპოფაზისი, ნეგაცია) იმ შედეგს გვაძლევს, რომ საღვთო ბუნების მიმართ ბოლოს და ბოლოს უარვყოფთ აბსოლუტურად ყველა სახელს და შევიმეცნებთ, რომ იგი თავისი არსით ყოვლითურთ უსახელოა, ანუ მდუმარებითად შევიმეცნებთ მის სრულ არსობრივ დაფარულობას ყველა ქმნილებისადმი, რომლებიც, მიუხედავად მათგან საღვთო ბუნების ამგვარი აბსოლუტური ტრანსცენდენტურობისა ანუ აბსოლუტური მიღმიერებისა, არანაირად არ რჩებიან მიტოვებულნი ღვთისგან, ვინაიდან ბუნებითი ყოვლადმიღმიერი ღმერთი თავის მოქმედებაში საწვდომი ხდება იმ ქმნილებათაგან, რომლებიც ეწრაფიან მის შემეცნებას, შესაბამისად თითოეულის დატევნისა, რაც ნიშნავს, რომ უსასრულო და ყოვლადმიუწვდომელი ღმერთი მოქმედებითად უმტკიცეს კავშირში მყოფობს მათთან და მარადის მიუძღვის მათ განღმრთობისკენ, ვინაიდან ბუნება ღვთისა, როგორც ამბობს წმ. გრიგოლ პალამა, ესაა "ღმერთი თავისთავადი", ხოლო მოქმედება ღვთისა - ესაა "ღმერთი ქმნილებისადმი".
 
7 (917). იგულისხმება უყვედრელი ვნებულებების მქონე სხეული.
 
8 (918). იგულისხმება კაცობრიობის მკვდრეთით აღდგომა.
 
9 (919). ანუ წმინდანები ჯერ კიდევ არ მკვიდრობენ სასუფეველში ხორციელად და, შესაბამისად, პავლე მოციქულის სიტყვისებრ, ჯერაც არ მიუღიათ სრულად ის ნეტარება, რაც აღთქმულია მათთვის ანთუ რასაც სასოებენ ისინი.
 
 
წყარო: წმ. მაქსიმე აღმსარებელი. შრომები. ტომი I. თბილისი 2024. სქოლიოები: გვ. 609-610.
Назад к содержимому