პუბლიკაციები - უკანასკნელი დღეების საზარელი ჟამი - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > პუბლიკაციები
უკანასკნელი დღეების საზარელი ჟამი
აპოკალიფსური დროება
ტიმოთეს მიმართ მიწერილ მეორე ეპისტოლეში წმიდა მოციქული პავლე ასე არწერს უკანასკნელი დღეების ადამიანებს:

"ეს კი იცოდე, რომ უკანასკნელ დღეებში მოიწევა საზარელი ჟამი. რადგანაც კაცნი იქნებიან თვითმოყვარენი, ვერცხლის მოყვარენი, ქედმაღალნი, ამპარტავანნი, მგმობელნი, მშობლების ურჩნი, უმადურნი, უღირსნი, უყვარულნი, კაცთმოძულენი, გულღრძონი, მაბეზღარნი, აღვირახსნილნი, გულმხეცნი, სიკეთის მოძულენი, გამცემნი, თავხედნი, მზვაობარნი, უფრო განცხრომის მოყვარენი, ვიდრე ღმრთისა, მოჩვენებითად ღვთისმსახურნი, სინამდვილეში კი მისი ძალის უარმყოფელნი; ამნაირთაგან შორს დაიჭირე თავი. სწორედ ისინი არიან, ზაკვით რომ იპარებიან სახლებში და ატყვევებენ ცოდვებით დამძიმებულსა და სხვადასხვა ვნებით შეპყრობილ ქალებს; ერთავად რომ სწავლობენ, მაგრამ ვერასგზით ვერ აღწევენ ჭეშმარიტების შემეცნებას.  როგორც იანე და იამბრე უპირისპირდებოდნენ მოსეს, ისე ესენიც უპირისპირდებიან ჭეშმარიტებას: გონებაგახრწნილი კაცნი, რწმენაში უმეცარნი.  მაგრამ ამას იქით ვეღარსად წავლენ, რადგან ამათი უმეცრება ისევე ცხადი გახდება ყველასთვის, როგორც იმათი. შენ კი გამოჰყევ ჩემს მოძღვრებას, სარბიელს, ზრახვას, რწმენას, დიდსულოვნებას, სიყვარულს, მოთმინებას..." (2 ტიმ. 3:1-10).

მოკლედ, წმიდა მოციქულ პავლეს თქმით უკანასკნელ დღეებში მოიწევა აუტანლად მძიმე და საზარელი ჟამი. შეიძლება სხვანაირადაც ვთქვათ: ეს იქნება "ექსტრემალური" და "დიდი კრიზისის" დროება. კრიზისი კი იქნება როგორც მატერიალური, ასევე სულიერი, რაზეც ნათლად მეტყველებს მოციქული.

რატომ დადგება ასეთი საზარელი ჟამი?

იმიტომ, რომ ადამიანები იქნებიან:

1) თვითმოყვარენი. საკუთარი თავის სიყვარული (ბერძნ. "ფილაუტოს" - ბუკვ. მიყვარს საკუთარი თავი", "საკუთარი თავის საუკეთესო მეგობარი"). ეს უბრალოდ ეგოიზმი როდია, ეს ისეთი გრძნობაა, როდესაც ადამიანს საკუთარი თავი ყველაფრის ცენტრი ჰგონია და ფიქრობს, რომ ყველაფერი მის გარშემო ტრიალებს. წმიდა წერილი არსად ამბობს, რომ ჩვენ საკუთარი თავი ასე ფანატიკურად უნდა გვიყვარდეს. წმიდა წერილი ბრძანებს, რომ ა) უნდა გვიყვარდეს ღმერთი მთელი ჩვენი სულით და გონებით; ბ) გვიყვარდეს მოყვასი, როგორც საკუთარი თავი (ფოკუსი გადატანილია მოყვასზე); გ) უარვყოთ საკუთარი თავი უფლისთვის.

2) ვერცხლის მოყვარენი. ფულის სიყვარული (ბერძნ. "ფილარგუროს" – "მიყვარს ვერცხლი", "ვერცხლის მეგობარი", "ფულის მეგობარი"). ვერცხლისმოყვარება ყოველგვარი ბოროტების ფესვია და განუყოფლად არის დაკავშირებული თვითმოყვარეობასთან.

3) ქედმაღალნი (ბერძნ. "ალაზონ") - მედიდური ადამიანი, რომელიც წარმოუდგენლად აზვიადებს თავის ღირებულებას ან მნიშვნელობას, ზემოდან დაჰყურებს სხვებს და ადამიანებთან აქვს ურთიერთობის მომაბეზრებელი და დამთრგუნველი მანერა. ასეთი არაფერს მოერიდება, ოღონდ შთაბეჭდილება მოახდინოს სხვებზე. ქედმაღალი ყოველთვის ამაყობს საკუთარი თავით, რადგან ფიქრობს, რომ ამისი ღირსია. ისინი ყველაფერს მაქსიმალურად აზვიადებენ, რაც კი მათ ეხებათ.

4) ამპარტავანნი (ბერძნ. "ჰიპერეპიფანოს", ბუკვ. "ზემბრწყინვალე", "ზემოდან მნათი"). ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც თვითონ დაიგეს პიედესტალი და ყოველთვის ყველას ზემოდან ქვემოთ უყურებენ. ისინი ფიქრობენ, რომ ვარსკვლავები არიან, ყველა დანარჩენი კი - მიწაზე მხოხავი მატლები. ისინი "ბრწყინავენ" სხვათა ზემოთ, თუნდაც მიწიერ საკითხებშიც. არსებითად მათზე ხორციელ, ეგოისტურ, ვერცხლისმოყვარე და ბაქიბუქა ადამიანებს ვერ იპოვით.

5) მგმობელნი (ბერძნ. "ბლასფემოს"). ამ ადამიანებს უყვართ მხოლოდ საკუთარი თავი, ფული და პრესტიჟი, რადგან მათ სურთ, რომ ტრონზე მხოლოდ მათი "მე" იჯდეს, ამიტომაც, მათ ბუნებრივად ეზიზღებათ უფლის სიწმიდეები, მეტიც, უარყოფენ და დასცინიან მათ. ყველაფერი, რაც კი სულიერია, რაც კი ზეციერია, მათში ამ სიწმიდეების შეურაცხყოფის, გაქელვის და დამცირების სურვილს ბადებს. ყველაფერი რაც ზემოდან, ღმრთისგანაა მათთვის მიუღებელია. ამავდროულად ისინი აპიარებენ ყველაფერს, რაც კი მომდინარეობს ქვემოდან, ჯოჯოხეთიდან. შეუძლიათ განადიდონ ეშმაკიც კი.

6) მშობლების ურჩნი. ბერძნული სიტყვა აქ აღნიშნავს არა უბრალოდ შეუსმენელთ და ურჩთ, არამედ იმათ, ვინც შეგნებულად უარყოფს საკუთარ მშობლებს. მათი გადარწმუნება და სინდისისკენ მოხმობა შეუძლებელია. ასევე შეუძლებელია მათი შეგონება - ისინი სპეციალურად იქცევიან ისე, რომ ოპოზიციაში იყონ მშობლებთან, რომლებსაც პატივს არ მიაგებენ, ეზიზღებათ და სურთ მალე განეშორონ მათ. ლაპარაკია არა ბავშვებზე, რომლებიც ზოგჯერ ეურჩებიან მშობლებს, არამედ იმ შვილებზე, რომლებსაც სძულთ თავიანთი მშობლები და ბოროტი სურთ მათთვის, თანაც სრულიად არ რეაგირებენ მათ დარიგებებზე და მცდელობებზე როგორმე მიაღწიონ შვილების გულებამდე.

7) უმადურნი, უმადლონი (ძვ. ქართ.) (ბუკვ. "სხვათა მიმართ უმადლონი"). ეს სიტყვა აღწერს ულმობელობას, უმოწყალობას, აბსოლუტურ გულგრილობას იმათ მიმართ, ვინც რაიმეში შეცდა ან ზიანი მიაყენა ვინმეს ან კიდევ რაიმე ცუდი ჩაიდინა მათ წინააღმდეგ. ამგვარმა ადამიანებმა არ იციან რა არის "დანდობა" - ისინი ფიქრობენ, რომ თუ გადალახე ზღვარი - მთელი სისასტიკით უნდა ივნო. შემეხე? - მიიღე სრულად! შეურაცხმყავი? - გაგანადგურებ. ეს სიტყვა უფრო შეეფერება ბანდიტებს, მაფიოზებს, დამსჯელებს, დიქტატორებს, და ვაი მათ, ვინც თავს "ქრისტიანს", "ღვთისმოსავს" უწოდებს და, არსებითად კი უმადური და უმადლოა.

8) უღირსნი (ბუკვ. "სიმართლეს, სიწმიდეს მოკლებული"). ეს სიტყვა აღწერს ადამიანს, რომელიც წუთისოფლისამებრ მსჯელობს, წუთისოფლისამებრ მოქმედებს და აზროვნებს. მას სრულიად არ გააჩნია უფლისა და მისი სიწმიდეების პატივისცემა. ის თავისთვის არის მართალი და თავისთვის არის წმიდა, რაც უფლისთვის "სისაძაგლეა"ს. არა-წმიდა, უღირსი უარყოფს სიწმიდეს და მის ყოველგვარ გამოვლინებას.

9) უყვარულნი, კაცთმოძულენი. უფრო ზუსტად "უემოციონი და უგულონი". ესენი არიან ადამიანები, რომლებიც თვალის დაუხამხამებლად გადაუვლიან სხვებს, რომელთა ხელი არ აკანკალდება ყველაზე ამაზრზენი დანაშაულის ჩადენის შემდეგაც კი. ამგვართა ნიმუშია - ჰიტლერის ესესელები ან ნებისმიერი დიქტატორული წყობის სადამსჯელო რაზმები, რომლებმაც არ იციან შებრალება, არ ავლენენ არანაირ ემოციას, კოცონზე წვავენ ათასობით ადამიანს. ისინი უფრო მტაცებელ მგლებს ჰგვანან, ვიდრე ადამიანებს. ისინი არიან მხეცები, რომლებიც მზად არიან დაგლიჯონ ისიც კი, ვინც მათ ჰკვებავს და უვლის. ესენი არ არიან იმგვარია დამიანები, რომლებმაც ჩაიდინეს უგულო საქციელი, მაგრამ შეინანეს. ესენი არიან იმგვარი პირუტყვები, რომლებისთვისაც უყვარულობა ცხოვრების ნორმაა, ცხოვრების წესია.

10) გულღრძონი. ეს სიტყვა აღნიშნავს ადამიანს, რომელიც არასოდეს წავა შერიგებაზე, არასოდეს მიუტევებს, არასოდეს მოლბება, რომელმაც მოყვასი ერთხელ და სამუდამოდ ჩაწერა "მოსისხლე მტრებში" და მისი ვენდეტა მხოლოდ მოყვასის სიკვდილით დამთავრდება. ის არ მიუტევებს, არ დაივიწყებს, გულში იმალავს წყენას და შურს იძიებს მაშინ, როდესაც ამას მტერი არ ელის. მათთან შეთანხმება და მოლაპარაკება შეუძლებელია. ესენი უბრალოდ იმგვარნი კი არ არიან, რომლებიც იტყვიან "არა, მე არ შემიძლია გაპატიო", არამედ ისინი, ვინც იტყვიან: "მე შემიძლია გაპატიო, მაგრამ არ მსურს, არ გაპატიებ და ბოლო ამოსუნთქვამდე შურს ვიძიებ ისე, რომ არ მივაქცევ ყურადღებას არაფერს, რასაც გინდ მთავაზობდე".

11) მაბეზღარნი, დამსმენნი - ბუკვ. ეშმაკნი (დიახ, დიახ). ცილისმწამებელნი, ისინი, ვინც სხვებში ნაკლოვანებებს "პოულობენ" იქაც კი, სადაც ის არ არსებობს. ესენი არიან ცრუმოწმენი, მარადის მზამყოფნი სხვათა დასასმენად, ოღონდ ამისგან რაიმე გამორჩენა მიიღონ. ესენი არიან ძმათა მაბეზღარნი, რომელთაც ნებისმიერ დროს შეუძლიათ ნებისმიერი ადამიანის მოკვლა.

12) აღვირახსნილნი (ბუკვ. "სულის ძლიერებას მოკლებულნი"). სენი არიან თავშეუკავებელნი ადამიანები, რომლებიც არავის წინაშე პასუხს არ აგებენ. უბრალოდ მას სურს - და იღებს. არ სურს - და არ აკეთებს. ის არის როგორც გაქანებული მატარებელი მემანქანის გარეშე, რომელიც ყოველივეს მუსრავს თავის გზაზე. მისთვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს სხვა ადამიანთა ბედს, რადგან ცხოვრობს პრინციპებით "ყველა იდიოტია ჩემს გარდა, გონიერი მხოლოდ მე ვარ" და "ადამიანი ადამიანისთვის მგელია".

13) გულმხეცნი (ბუკვ. "დაუოკებელნი", "დაუმორჩილებელნი", ანუ ისეთი ადამიანები, რომლებიც თავიანთი ქცევით ჰგვანან ველურ მხეცებს და მტაცებლებს). ესენი არიან არა მორჩილნი, არა თავმდაბალნი, არა თვინიერნი, არა ლმობიერნი. ამგვართა ღმერთი საკუთარი ინსტინქტები, ცხოველური ვნებები და სურვილებია. ისინი ბევრად როდი განსხვავდებიან მხეცებისგან, რომლებიც საკბილოს საშოვარზე გამოსულები გააფთრებული ბრდღვინავენ.

14) სიკეთის მოძულენი. მოძულენი ყოველივესი, რაც კი ღმრთისგან მომდინარეა. ისინი ღმრთის სიკეთეს ბოროტებას, ხოლო საკუთარ ბოროტებას - სიკეთეს უწოდებენ. ისინი ბნელს ნათლად მიიჩნევენ, ღვთის ნათელს კი - ბნელად. მათ სურთ შემეცნების ხის ნაყოფის მირთმევა, და არა ღმრთის მოწყალებისა.

15) გამცემნი - მარადის მზადმყოფნი გასცენ ნებისმიერი, თუნდაც საკუთარი დედა, რაღაც წამიერი პრივილეგიებისთვის.

16) თავხედნი - სრულიად არ ფიქრობენ თავიანთი ქცევის შედეგებზე, განსაკუთრებით იმაზე, თუ რა ხვედრს მიიღებენ მომავალ, მარადიულ ცხოვრებაში.

17) მზვაობარნი - თვითკმაყოფილნი, სიამაყისგან გაბერილნი და გაზულუქებულნი. მათი ქცევა და ცხოვრება თითქოსდა ღაღადებს: "მე საკმაოდ წმიდა ვარ შენთვის, არ მომეკარო".

18) განცხრომის მოყვარენი (ბერძნ. სიტყვა, რომლისგანაც წარმოსდგა ტერმინი "ჰედონიზმი" - თვითკმაყოფილების სიყვარული, საკუთარი თავით აღფრთოვანება, ნარცისიზმი).

ყველა ამ თვისებით არის დახასიათებული საზოგადოება, რომლებშიც ეს თვისებები იქნება ნორმა და ადამიანები, ვინც უბრალოდ თავმოყვარეები კი არ არიან, არამედ ყველა ეს პუნქტები ერთად, მუდმივად და ყოველდღიურად გააჩნიათ. სწორედ ეს ვითარება შექმნის უკანასკნელ დღეებს საზარელს და ნიადაგს მოუმზადებს უსჯულოების საიდუმლოს მთავარ პერსონაჟს - ანტიქრისტეს.

მომზადებულია ინტერნეტ მასალების მიხედვით.
Назад к содержимому