პუბლიკაციები - რატომ ვერ იცნეს ფარისევლებმა ქრისტე? - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > პუბლიკაციები
რატომ ვერ იცნეს ფარისევლებმა ქრისტე,
 
თუკი იცოდნენ ესაიას წინასწარმეტყველება მესიის შესახებ?
 
(ვის შეუძლია წმიდა წერილის სწორი განმარტება?)
ქრისტე პილატეს წინაშე
ზემოთ ფოტოზე: ქრისტე პილატეს წინაშე

 
ამ სტატიით ვიწყებთ პუბლიკაციათა ციკლს ძველი აღთქმის წინასწარმეტყველთა, კერძოდ "დიდ" წინასწარმეტყველთა შესახებ, და მათი წერილის განხილვას ესაიას წინასწარმეტყველებით შევუდგებით.
 
უნდა აღინიშნოს, რომ ძველი აღთქმის წმიდა წერილში შეტანილია ოთხი "დიდი" წინასწარმეტყველი: ესაია, იერემია, ეზეკიელი და დანიელი.
 
ისინი ასე იმიტომ იწოდებიან, რომ მათი წინასწარმეტყველებანი ეხებიან მაცხოვრის მიწიერი ცხოვრების ძირითად ეტაპებს, გამოირჩევიან წინასწარმეტყველებათა სიმკვეთრით და სიზუსტით, და მათში ასახულია ჩვენი ცხონების საღმრთო აღმშენებლობა, რომელიც აღასრულა ღვთის ძემ. ისინი განსხვავდებიან "მცირე" წინასწარმეტყველთაგან.
 
"მცირე" წინასწარმეტყველი ძველ აღთქმაში თორმეტია და, შესაბამისად, ბიბლიაში მათი წინასწარმეტყველებების ამსახველი წიგნებიც თორმეტია.
 
არის წიგნები, რომლებიც შეიცავენ 3-4თავს, ანუ ეს ძალიან მცირე წიგნებია. მაგრამ ამ წინასწარმეტყველთა გავლენა ძველი ისრაელისა და სხვა ხალხების სვე-ბედზე ფასდაუდებელია.
 
მათი წინასწარმეტყველებანი ძირითადად ეხებოდა უფალ იესუ ქრისტეს მიწიერი ცხოვრების ცალკეულ მომენტებს და მისი მსახურების ზოგიერთ დამახასიათებელ ნიშანს.
 
ხშირად თვით ცალკეულ წინასწარმეტყველთა ქადაგება მათთვის წარმოადგენდა არა მთელი ცხოვრების საქმეს, არამედ შემთხვევით და მოულოდნელ მოვლენას.
 
ასე, მაგალითად, წინასწარმეტყველ იონას ღმერთმა დაავალა ქალაქ ნინევიის მცხოვრებლები სინანულისკენ მოეწოდა, და როდესაც მან თავისი მისია შეასრულა, მისი მსახურებაც ამით დასრულდა.
 
მაგრამ მნიშვნელოვანია მისი მოწოდების მესიანური ასპექტი. მისი დანიშნულება იყო - მოეცა წინასახე, ეწინასწარმეტყველა ქრისტეს სამდღიანი დამარხვა:
 
"ვინაიდან როგორც იონამ დაყო ვეშაპის მუცელში სამი დღე და სამი ღამე, ასევე დაყოფს ძეც კაცისა ქვეყნის გულში სამ დღეს და სამ ღამეს" (მთ. 12:39-40).
 
მაგრამ, მიუხედავად ამისა, მისი მსახურება მაინც ვერ შეედრება "დიდ" წინასწარმეტყველთა მსახურებას, სწორედ ამ მიზეზით არის ის წოდებული "მცირე" წინასწარმეტყველად.
 
მაგრამ დავუბრუნდეთ ესაიას წინასწარმეტყველებას.
 
სხვათა შორის, წმიდა მამებმა ესაიას მიანიჭეს კიდევ ერთი ეპითეტი - ძველაღთქმისეული მახარობელი. თავისი წინასწარმეტყველური მსახურების დროის (VIII ს. ქრ. შ-მდე) მიხედვით, ის პირველია ოთხ "დიდ" წინასწარმეტყველს შორის.
 
მახარობელი მას იმიტომ უწოდეს, რომ მან იწინასწარმეტყველა, აღწერა და მოგვითხრო უფალ იესუ ქრისტეს მიწიერი ცხოვრების პრაქტიკულად ყველა ძირითადი ისტორიული ფაქტი და ვითარება.
 
თვით მისი წიგნი აღსავსეა სახარებისეული სულით, თუნდაც ღმრთისადმი მიართების მიხედვით:
 
"შენ, უფალო მამაო ჩუენო, მიჴსნენ ჩუენ" (ეს. 63:16).
 
სახარების შუქზე, ღმერთი ჩვენი მამაა და წინასწარმეტყველი ესაია ქრისტეს მიერ ჩვენი ცხონების აღსრულების საღმრთო განგებულებით ღრმად იმსჭვალება. უკეთ რომ გავიგოთ ესაიას წინასწარმეტყველებანი მიზანშეწონილია წავიკითხოთ მცირე თავი მისი წიგნიდან.
 
53-ე თავში, რომელიც ღმრთის ძის იესუ ქრისტეს მოსვლამდე რვა საუკუნით ადრე დაიწერა, უზუსტესად არის ნაწინასწარმეტყველევი მისი სულიერი ხვედრისა და მიწიერი ცხოვრების მთავარი მოვლენები.
 
მაშ ასე, წინასწარმეტყველ ესაიას წიგნი, თავი 53-ე:
 
1. ვინ დაიჯერა ჩვენგან სმენილი და უფლის მკლავი ვის გამოეცხადა?
 
2. ამოიზარდა როგორც მორჩი მის წინაშე და როგორც ფესვი ურწყული მიწიდან; არც ღირსება ჰქონია და არც მშვენება, რომ ზედ შეგვეხედა, არც იერი, რომ მივეზიდეთ.
 
3. საძულველი იყო, კაცთაგან ათვალწუნებული, გატანჯული და სნებამორეული, ერთი იმათგანი, ვისაც პირს არიდებენ. საძულველი იყო და არად ვაგდებდით.
 
4. ნამდვილად კი, მან იკისრა ჩვენი სნებები და იტვირთა ჩვენი სატანჯველი; ჩვენ კი გვეგონა, ღვთისგან იყო ნაცემ-ნაგვემი და დამცირებული.
 
5. მაგრამ ის ჩვენი ცოდვებისთვის იყო დაჭრილი, ჩვენი უკეთურობებისთვის დალეწილი; მასზე იყო სასჯელი ჩვენი სიმრთელისთვის და მისი წყლულებით ჩვენ განვიკურნეთ.
 
6. ყველანი ცხვრებივით დავეხეტებოდით, თითოეული ჩვენ-ჩვენ გზას ვადექით, უფალმა კი ჩვენი ცოდვები მას დააკისრა.
 
7. ევნო და ეწამა, მაგრამ არ დაუძრავს ბაგე; კრავივით დასაკლავად მიიყვანეს და, როგორც ცხვარი დუმს მპარსველთა წინაშე, მასაც არ დაუძრავს ბაგე.
 
8. საპყრობილედან და სამსჯავროდან იქნა წაყვანილი და ვინ იფიქრებდა მის მოდგმაზე, როცა ცოცხალთა მიწიდან მოიკვეთა; ჩემი ხალხის ცოდვებისთვის დაისაჯა.
 
9. მიეცა სამარხი ბოროტეულთა გვერდით და მდიდართან ერთად თავის სიკვდილში, რადგან სიავე არ ჩაუდენია და მის ბაგეში სიცრუე არ ყოფილა.
 
10. უფალმა ინება მისი ტანჯვა და სნება შეჰყარა. როცა გასწირავ მის სიცოცხლეს ცოდვის გამოსასყიდ მსხვერპლად, იხილავს იგი თავის ნაგრამს, გაუხანგრძლივდება დღეები, უფლის ნება მისი ხელით წარიმართება.
 
11. თავის სულისკვეთების ნაყოფს იხილავდა და დაამდებოდა; მისი სიბრძნით ბევრს გაამართლებს მართალი, ჩემი მორჩილთ, და სხვათა შეცოდებებს იტვირთავს.
 
12. ამიტომ მრავალში მივცემ მას წილს და ძლიერებთან ერთად გაინაწილებს ნადავლს, რადგან სასიკვდილოდ გაწირა თავი და ცოდვილთა შორის შეირაცხა; მრავალთა ცოდვები ჰქონდა ტვირთად და ცოდვილებს ესარჩლებოდა (ეს. 53:1-12).
 
ამ წინასწარმეტყველებაში ცხადყოფილია მოვლენები, რომლებიც დაკავშირებულია იესუ ქრისტეს ჯვრისმტვირთველობასთან:
     
  • ის დასაჯეს, როგორც ავაზაკი, ავაზაკებთან ერთად;
  •  
  • ის უნდა დაემარხათ, როგორც ავაზაკი: ჩაეგდოთ საზოგადო ორმოში და დაეფლათ,      მაგრამ მდიდარი კაცის სამარხში დაკრძალეს;
  •  
  • ის ჩვენი ცოდვებისთვის ეწამა;
  •  
  • ის დუმდა, როდესაც ტანჯავდნენ და აწამებდნენ;
  •  
  • ის გაასამართლეს და შებორკილი ჰყავდათ;
  •  
  • მან ყველა ადამიანი გამოისყიდა;
  •  
  • ის იყო მართალი, არ სცოდავდა და არ იტყუებოდა, და ა. შ.
 
ყველა ეს წინასწარმეტყველება მკაფიოა მისთვის, ვინც ყურადღებით კითხულობს სახარებას ან ესწრება ვნების შვიდეულის ღვთისმსახურებას.
 
ამ ღვთითშთაგონებულ სიტყვებში, წინასწარმეტყველი ესაია გადმოსცემს ქრისტეს მიერ აღსრულებული ცხონების საქმის არსს და დედამიწაზე მისი მსახურების სულს.
 
ეს წინასწარმეტყველება გვიჩვენებს ვნებული მაცხოვრის სახეს, ოღონდ სულ სხვა რაკურსით. რადგან თითქმის ყველა მასზე ფიქრობდა, რომ ის ღმერთმა მიატოვა.
 
მისმა მოწაფეებმაც კი უარყვეს იგი, ყველა დასცინოდა მას, გარდა უახლოესი ადამიანებისა.
 
თავისი წიგნის 53-ე თავში წინასწარმეტყველი ესაია, რა თქმა უნდა, მისი მოწაფეების სახელით არ ლაპარაკობს, არამედ იმ ბრბოს სახელით, რომელიც უყურებდა, თუ როგორ სჯიდნენ მას, ტანჯავდნენ, ჯვარს აცმევდნენ და, როგორ კვდებოდა.
 
ბრბოში ბევრი ადამიანი ფიქრობდა: "ეს კაცი თუ ასე იტანჯება და მას სჯიან, როგორც ავაზაკს, მაშასადამე ის ღმერთს მიუტოვებია, რადგან ცოდვილი იყო".
 
მრავალს გაუცრუვდა იმედი და მრავალი შეიპყრო უიმედობამ, რადგან სწამდათ მისი, როგორც მესიისა, აქ კი ასეთ სამარცხვინო სასჯელს ხედავენ. ასეთ ადამიანებს ერთგვარი გაოგნება დაეუფლათ.
 
მიუხედავად ამისა, იყვნენ ისეთებიც - რომლებმაც შეინარჩუნეს რწმენა და ბოლომდე მისი ერთგულნი დარჩნენ. ესენი იყვნენ მისი ნათესავები და ახლო მოწაფენი, მარტივ ადამიანებში კი მათი ჩვეული სამყარო თვალწინ ენგრეოდათ, როდესაც ხედავდნენ ზიზღის გამომწვევ, უსახელო, ნაძრახ სიკვდილს ადამიანისა, რომელიც მართლად მიაჩნდათ.
 
ყოველ შემთხვევაში, მაშინ ვერავის წარმოედგინა, რომ სინამდვილეში ეს ადამიანი - ძეა ღვთისა, მაცხოვარია ქვეყნისა, რომელმაც ნებაყოფლობით აიღო ჯვარი კაცობრიობის ცოდვისთვის, და ცოდვილ კაცთათვის კრავივით დაიკლა. მისი სისხლით განვიწმინდენით ჩვენ და მარადიული სასუფევლისკენ გზა გაგვეხსნა.
 
ამ ყველაფერს სულიწმიდა მოგვიანებით აუხსნის მოციქულებს და წმიდა მამებს, ისინი კი ამ ცოდნას ჩვენ გადმოგვცემენ.
 
მაგრამ ქრისტეს დროს იყვნენ მწიგნობრები, ფარისევლები და ღვთის რჯულის მოძღვრები, რომლებიც შეისწავლიდნენ წერილს და არ ჰქონდათ უფლება მესიანური წინასწარმეტყველებანი არ სცოდნოდათ.
 
მაშ, რატომ არ აღიარეს მათ ქრისტე?
 
არა იმიტომ, რომ მათ არ იცოდნენ წმიდა წერილი. მთელი რჯული და წინასწარმეტყველები მათ იცოდნენ, მეტიც, იცოდნენ მხცოვანთა სხვადასხვა გადმოცემაც...
 
მათ არ ისურვეს ეღიარებინათ და მიეღოთ ისეთი ქრისტე, რომელსაც "არც ღირსება ჰქონია და არც მშვენება".
 
ამიტომაც ეუბნება მათ უფალი: "მე მოვედი მამაჩემის სახელით, და არ მღებულობთ; სხვა თუ მოვა თავისივე სახელით, მას კი მიიღებთ. როგორ შეგიძლიათ ირწმუნოთ, თუკი ერთმანეთისაგან იღებთ დიდებას, მაგრამ არ ეძებთ დიდებას, რომელიც ერთი ღმრთისგან არის?" (ინ. 5:43-44).
 
იმას, რასაც ფარისევლები სწავლობდნენ მესიის შესახებ, რასაც იმედოვნებდნენ, ელოდნენ და სწამდათ, მესიასთან არავითარი კავშირი არ ჰქონდა.

მათ ჭეშმარიტებად მიიღეს არა ღმრთის სიტყვა, არამედ საკუთარი წარმოსახვა ღმრთის სიტყვაზე.
 
მათ თავისებურად დაამახინჯეს წერილის აზრი და მისცეს მათთვის სასურველი ინტერპრეტაცია, კერძოდ, ესაიას წინასწარმეტყველებასაც.
 
მათ ტკბილი სიცრუე  უფრო შეიყვარეს, ვიდრე მწარე სიმართლე. სიცრუით აღსავსე გულს კი არ შეუძლია ჭეშმარიტების დატევება.
 
ამიტომაც ეუბნება მათ ქრისტე:
 
"რატომ არ გესმით ჩემი ნათქვამი? იმიტომ, რომ არ შეგიძლიათ ყური უგდოთ ჩემს სიტყვას. თქვენ მამათქვენის - ეშმაკისაგან ხართ და მამათქვენის სურვილთა აღსრულება გსურთ. დასაბამითვე კაცის მკვლელი იყო იგი და ჭეშმარიტებაში ვერ დაემკვიდრა, ვინაიდან ჭეშმარიტება არ არის მასში, და როცა სიცრუეს ამბობს, თავისისას ამბობს, ვინაიდან ცრუ არის და სიცრუის მამა. მე კი სიმართლეს გეუბნებით და არა გწამთ ჩემი" (ინ. 8:43-45).
 
ფარისევლები ელოდნენ მეფე-მესიას, მეომარ-მესიას, მესია-იმპერატორს, რომელიც დაამხობდა რომაულ ძალაუფლებას და ყველა სამეფოს ისრაელს დაუმორჩილებდა, მთელი მსოფლიო მათ ფერხთით განერთხმოდა.
 
მაგრამ მოსული მესია არ შეესაბამებოდა მათ მოლოდინს და იუდეველებმა იგი ჯვარს აცვეს, რითაც, ბოლოს და ბოლოს, ღმრთისმკვლელებად შეირაცხნენ.
 
ადამიანებმა ღმერთს თავიანთი გულები დაუკეტეს, მათ არ შეუძლიათ გაიგონ წმიდა წერილი და წინასწარმეტყველებათა მნიშვნელობა.
 
ბიბლიური წიგნები დაწერილია სულიწმიდით, როგორც მოციქული პავლე ბრძანებს:
 
"მთელი წერილი ღმრთივსულიერია" (2 ტიმ. 3:16).
 
ბიბლიური კანონზომიერება ისეთია, რომ წმიდა წერილის წინასწარმეტყველებათა განმრტება მხოლოდ სულიწმიდით არის შესაძლებელი, მაშასადამე - მხოლოდ იმ ადამიანებს შეუძლია წმიდა წერილის განმარტება, რომლებმაც თავიანთ გულებში მოიხვეჭეს მადლი სულიწმიდისა.


საიტი "აპოკალიფსისი". პუბლიკაცია მომზადებულია მართლმადიდებლური .წყაროების. მიხედვით.
Назад к содержимому