პუბლიკაციები - რამოდენიმე შენიშვნა აპოკალიპტურ საყვირებზე - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > პუბლიკაციები
რამოდენიმე შენიშვნა აპოკალიპტურ საყვირებზე
აპოკალიპტური საყვირები
"და როცა ახსნა მეშვიდე ბეჭედი, ასე, ნახევარი საათით დუმილი ჩამოვარდა ზეცას. და ვიხილე შვიდი ანგელოზი, რომლებიც იდგნენ ღმერთის წინაშე, და მიეცა მათ შვიდი საყვირი. ... და შვიდი ანგელოზი, რომელთაც ჰქონდათ შვიდი საყვირი, გაემზადა საყვირთა ჩასაბერად. ... პირველმა ჩაჰბერა და იქმნა სეტყვა და ცეცხლი, სისხლში არეული, თავს დაატყდა მიწას და ხეთა მესამედი დაიწვა და მთელი მწვანე ბალახი გადაიბუგა" (აპოკ. 8:1-2, 6-7).
 
ამრიგად, პირველმა საყვირმა გაანადგურა სურსათ-სანოვაგე, რადგან გადაწვა დედამიწის მწვანე საფარის 1/3. ეს მოხდება ზებუნებრივი მოვლენის შედეგად, რომელიც დაკავშირებული იქნება მეტეორიტულ წვიმასთან. ამ შემთხვევაში უფრო სწორი იქნებოდა მისთვის "მეტეორიტული შტორმი" გვეწოდებინა. ეს უბრალო მეტეორიტები როდია (თუმცა "უბრალო" მეტეორიტებსაც შეუძლიათ მსგავსი ზიანის მიყენება) - ისინი დაკავშირებულნი არიან სხვა განზომილებასთან, უფრო ზუსტად "ზეცასთან".
 
როგორც გახსოვთ წარღვნის დროსაც გაიხსნა "ზეციური საცავები" და დედამიწაზე წყლის აურაცხელი რაოდენობა გადმოიღვარა. ცეცხლოვანი ბურთები და უზარმაზარი სეტყვა, რომელიც მთელ დედამიწას დაეცემა, დაწვავს და გაანადგურებს ნათესებისა და მწვანე საფარის უზარმაზარ ფართობს, რაც სასოფლო-სამეურნეო კრიზისის გამომწვევი გახდება.
 
ამ ზეციური სეტყვის შესახებ ნათქვამია იობთან: "თუ შეგიღწევია თოვლის საგანძურში და სეტყვის საგანძური თუ გინახავს, რომელსაც ვიმარაგებ ძნელბედობისთვის, ომისა და ბრძოლის დღისათვის?" (38:22-23).
 
ამრიგად, უზარმაზარი ლოდების სეტყვა, ცეცხლი (შესაძლოა ელექტრონული შტორმი, უძლიერესი ელვა და ჭექა-ქუხილი, ან კიდევ ბუკვალური გაგებით ცეცხლი, მეტეორიტები, ცეცხლოვანი ქარიშხლები და სხვა), ველების, ტყეებისა და საძოვრების განადგურება. საერთო ჯამში - დედამიწის მწვანე საფარის 1/3-ის მოსპობა.
 
რაც საინტერესოა, უფალი ჩვენს გონებას ჩამოაშორებს სუფთად ბუნებრივ მოვლენებს, რადგან ამატებს: "ეს იქნება სეტყვა და ცეცხლი, სისხლში არეული" (აპოკ. 8:7). "სეტყვა და ცეცხლი" ორი ურთიერთგამომრიცხავი სტიქიის შეერთებაზე მიანიშნებს, რაც უკვე უჩვეულოა და ბუნებაში არსად (ან უიშვიათესად) გვხვდება. მაგრამ ასეთი  უჩვეულო და ფართომასშტაბიანი მოვლენა, რომელსაც დედამიწის 1/3-ს გადაეწვა არასოდეს ყოფილა.
 
მეორე საყვირი გაანადგურებს ზღვის რესურსების (ზღვებისა და ოკეანეების) 1/3-ს:
 
"მეორე ანგელოზმა ჩაჰბერა და თითქოს უზარმაზარი მთა, ცეცხლით მოლაპლაპე, ჩავარდა ზღვაში, და ზღვის მესამედი სისხლად იქცა. და ამოწყდა სულდგმულთა მესამედი, ზღვაში მცხოვრები, და ხომალდთა მესამედი დაიღუპა" (აპოკ. 8:8).
 
ლაპარაკია უზარმაზარ მთაზე, რაც შეიძლება იყოს მეტეორიტი. მაგრამ უფრო სავარაუდოა, რომ აქაც ზებუნებრივ მოვლენასთან გვქონდეს საქმე, რამეთუ ნათქვამია, რომ ამ ცეცხლივით მოლაპლაპე მთის ზღვაში ჩამოვარდნის შედეგად "ზღვის მესამედი სისხლად იქცა".
 
ამასთან დაკავშირებით ბევრი ირწმუნება, რომ "სისხლი" აქ თევზების სისხლს გულისხმობ. თითქოსდა თევზები დაიხოცნენ და წყალი გაწითლდა. არის სხვა თეორიაც - უეცრად ყველგან ამოიზარდნენ წითელი ფერის წყალმცენარეები და წყალს წითელი ელფერი მიეცა.
 
ეს ყველაფერი სისულელეა. შენიშნეთ ორი ფაქტი - ჯერ-ერთი, ამ მთის გადმოვარდნის ეფექტი შეზღუდულია - განადგურდება ზუსტად ზღვის 1/3. შემდეგ, გამოცხადებაში ნათქვამია, რომ "ცეცხლით მოლაპლაპე უზარმაზარი მთა" თავისით როდი ვარდება, არამედ მას ანგელოზი გადმოაგდებს. მეორეც, დაწერილია, რომ "ზღვის მესამედი სისხლად იქცა". რომ გავიგოთ, თუ რა იგულისხმება სისხლში - გავიხსენოთ ეგვიპტის სასეჯელები. წყალი იქაც სისხლად იქცა. იქაც რომ "გაჩენილიყვნენ წითელი წყალმცენარეები" ან "ყველა თევზი დაღუპულიყო და მდინარე ნილოსი წითლად მათ სისხლს შეეღება", მაშინ ეგვიპტელებს საპანიკო რა ექნებოდათ? ისინი კი არა უბრალოდ პანიკაში, არამედ საშინლად შეძრწუნებულნი იყვნენ ღმრთისგან მოვლენილი ამ სასჯელისგან!
 
ასე რომ, ეს იქნება სისხლი (პირდაპირი გაგებით), და ეს იქნება სასწაული - მთაც სხვა განზომილებიდანაა, რომელიც მიზანმიმართულად გადააქცევს წყალს სისხლად.
 
საერთოდ ჩვენ გვეძლევა სამსჯავროს არსის განმარტება: "რაკიღა წმიდათა და წინასწარმეტყველთა სისხლი დასთხიეს, შენც სასმელად სისხლი მიეც მათ, და ღირსნიც არიან" (აპოკ. 16:6).
 
მესამე საყვირის შემდეგ იწამლება მტკნარი წყლის 1/3.
 
"მესამე ანგელოზმა ჩაჰბერა და ჩამოვარდა ზეცით ლამპარივით მოელვარე ვეება ვარსკვლავი და დაეცა მესამედს მდინარეთა და წყაროებს წყალთა. ხოლო სახელად ვარსკვლავისა ითქმის აფსინთი, და წყლის მესამედი აფსინთად იქცა, და ურიცხვი ხალხი ამოწყდა წყალთაგან, რადგანაც მწარენი გახდნენ" (აპოკ. 8:9).
 
ზეციდან ვარდება უზარმაზარი ვარსკვლავი. სიტყვა "ზეციდან" სრულიად შეიძლება ერთსა და იმავე დროს ნიშნავდეს კოსმოსს ან "სულიერ სამყაროს", ან კიდევ, როგორც ვარიანტს, უბრალოდ უფლის მიერ შექმნილს. ეს რა თქმა უნდა, არ არის ვარსკვლავი ბუკვალური გაგებით. ის ლამპარივით იწვის. მისი ფუნქციაა - გაამწაროს მდინარეები და წყაროები. მისი სახელია - აფსინთი, მაგრამ ეს ჩერნობილის კატასტროფა როდია, როგორც ზოგიერთი ფიქრობს. აქ უფალი არ აკეთებს "გამაფრთხიელბელ გასროლებს", აქ დედამიწის უსჯულო ნაწილის ულმობელი დასჯა იწყება. წყალი, რომელიც აფსინთივით მწარეა, დასალევად უვარგისია. მეტიც, ის საწამლავივით გახდება, რადგან "ურიცხვი ხალხი ამოწყდება წყალთაგან".
 
თუკი გავიხსენებთ, რომ იმ დროს ასევე იქნება უდიდესი შიმშილიანობა და გვალვა, მტკნარი წყლის გამწარება, რბილად რომ ვთქვათ, კიდევ უფრო დაამძიმებს ვითარებას.
 
მეოთხე საყვირი: მზის, მთვარისა და ვარსკვლავების 1/3-ის დაბნელება.
 
"მეოთხე ანგელოზმა ჩაჰბერა და მოიწყლა მესამედი მზისა, მესამედი მთვარისა და მესამედი ვარსკვლავებისა და დაბნელდა მესამედი მათი; და აღარ ნათობდა მესამედი დღისა, ისევე, როგორც ღამის" (აპოკ. 8:12).
 
არსებითად ეს არის ვარსკვლავთა და პლანეტატა მანათობლობის შემცირება, რადგან ბუნებაში ყველაფერი დაბალანსებულია, მისი უმცირესი დარღვევა ჯაჭვურად იწვევს ქაოსსა და კატაკლიზმებს. ამას ყველა ნახავს და არავს აერევა ის "ბუნებრივ მოვლენებთან".
 
ეს სამსჯავრო უნიკალურია იმით, რომ იწყება სამსჯავროთა სერია, რომლის "გასწორებას" ანტიქრისტე ვერ შეძლებს.
 
მაშ, ასე: მეხუთე და მეექვსე საყვირები, რომლებიც ადამიანებს უშუალოდ ფიზიკურად ეხებიან.
 
წმ. იოანე მახარობელი წერს: "მაშინ თვალი ვკიდე შუა ცაში მფრინავ არწივს და ჩამესმა საზარელი ყაშყაში მისი: ვაი, ვაი, ვაი მიწის მკვიდრთ საყვირის ხმათაგან დანარჩენი სამი ანგელოზისა, რომელნიც აწი ჩაჰბერენ საყვირს" (აპოკ. 8:13).
 
ეს ორი საყვირი ათავისუფლებს დემონურ არმიას, რომელიც პირდაპირ ქვსკნელიდან დედამიწაზე ამოხეთქავენ.
 
პირველი არმია (მეხუთე საყვირი) "კალიის გუნდია" (აპოკ. 9:3). ხოლო მეორე არმია (მეექვსე საყვირი) – უზარმაზარი მხედრობა (აპოკ. 9:16). ისინი ერთმანეთს მისდევენ, ჯერ ერთი, შემდეგ მეორე. ეს ბუკვალურად ჯოჯოხეთი იქნება დედამიწაზე. ქვესკნელი გაღებულია და დატყვევებული დაცემული ანგელოზები - მათი მთელი ურდო - თავს დაატყდებიან კაცობრიობას, იმათ, ვინც უარჰყო ქრისტეს მაცხოვნებელი მსხვერპლი და მადლი.
 
ამ სასჯელების ერთ-ერთი მიზანია - აჩვენოს ადამიანებს, თუ რაოდენ საშინელია ბნელეთის სამეფო, სანამ ის მარადიულად დადგება. ჯოჯოხეთი, რომლისაც უკეთურებს არ ეშინიათ დედამიწაზე ბუკვალური გაგებით მოვა.
 
მეშვიდე საყვირი - ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი უფლის იესუ ქრისტეს მეორედ მოსვლა და ეკლესიის ზეცად აღტაცებაა.
 
"მეშვიდე ანგელოზმა ჩაბერა საყვირს და გაისმა ცაში გრგვინვა, რომელიც ხმობდა: ქვეყნის სამეფო ჩვენი უფლისა და მისი ქრისტეს სამეფო გახდა, და იმეფებს უკუნითი უკუნისამდე" (აპოკ. 11:15).

საიტი "აპოკალიფსისი". 2021 წ. 25 მაისი.
Назад к содержимому