პუბლიკაციები - მრისხანების თასები - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > პუბლიკაციები
მრისხანების თასები
თასების გადმოღვრა
ძირითადი ფაქტები: მრისხანების თასები ეს უბრალოდ გაბრაზების თასები კი არ არის, არამედ უფლის მრისხანებით აღსავსე 7 თასია (ამის შესახებ მუდმივად წინასწარმეტყველებდნენ ძველაღთქმისეული წინასწარმეტყველები). ეს ბოლო თასებია. უფლის მრისხანება ჩაცხრება მხოლოდ მეშვიდე თასის შემდეგ. ანუ ბოლო, მეშვიდე თასის შემდეგ უკვე სხვა ეპოქა უნდა დადგეს და არსებული საუკუნე დასრულდეს.
 
მრისხანების თასებს იესუს ბრძანებით ღვრიან ანგელოზები, ხოლო ისინი შემთხვევით არაფერს იქმან. უფალი უბრძანებს მათ: "წადით და დასთხიეთ ქვეყნად შვიდი თასი ღვთის რისხვისა" (აპოკ. 16:1).
 
მრისხანების თასების გადმოღვრა მოხდება ან 7 წლიანი ჭირვების პერიოდში, ან მის შემდეგ ... ნებისმიერ შემთხვევაში ეს იქნება დედამიწის ისტორიის ფინალი. შემდგომი სამსჯავრო უკვე იქნება დიდი და დიადი დღე უფლისა.
 
მრისხანების თასები კონკრეტულად მიმართულია ანტიქრისტეს და მის მიმდევართა წინააღმდეგ (ისინი კი იმ დროისთვის მთელ დედამიწას დაეპატრონებიან), და ასევე იმათ წინააღმდეგ, ვინც თაყვანს სცემს მხეცის ხატს და მიიღებს მისი ნიშნით დაიდაღება.
 
მოკლედ, ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ მრისხანების თასები: 1) ფინალურია 2) მოხდება დიდი ჭირვების დროს და 3) სწრაფად და გეგმაზომიერად გაანადგურებს ანტიქრისტეს სამეფოს.
 
არსებითად, მრისხანების თასები ეგვიპტის სასჯელთა გაფართოვებული ვერსიაა, ოღონდ უფრო სასტიკი, გლობალური და ულმობელი. დედამიწის მცხოვრებლებს უკვე არავინ შესთავაზებს შენანებას, - მხეცის დაღის მიმღებნი დაადასტურებენ კიდევაც იმას, რაც მათთვის ჭეშმარიტად თქმულა: "არ შეინანებთ", ამიტომაც იგემებენ ყოველივე იმას, რასაც თვითონ იქმოდნენ სხვათა მიმართ.
 
მრისხანების თასები ბუკვალურია, ზებუნებრივია და რეალური.
 
პირველი თასი: "წავიდა პირველი (ანგელოზი) და დასთხია თავისი თასი ქვეყნად და მოიწყლა სასტიკი და საზარელი წყლულებით ხალხი, რომელსაც ჰქონდა მხეცის ნიშანი და თაყვანს სცემდა მის ხატს" (აპოკ. 16:2). ამრიგად, მხეცის სამეფოს მოქალაქეებს სხეულებზე გამოაჩნდებათ ამაზრზენი, და ძლიერი ტკივილის გამომწვევი ჩირქები, სიმსივნეები და წყლულები. ბუნებრივია, რომ, რაკიღა ეს ღმრთის რისხვის შედეგია, ამ წყლულების განკურნება შეუძლებელი გახდება.
 
პირველი თასის გზავნილი ასეთია: რადგან უკეთურები საუკუნეთა განმავლობაში საშინლად აწამებდნენ, ცოცხლად წვავდნენ და ჰკლავდნენ ღმრთის წმინდანებს, ახლა ისინი საკუთარ ტყავზე იგემებენ თავიანთ უსჯულო ნამოქმედარს, იგემებენ, თუ რას ნიშნავს ღმრთის შურისგება.
 
მეორე თასი: "მეორე ანგელოზმა დასთხია თავისი თასი ზღვაზე, რომელიც იქცა ვითარც მკვდრის სისხლად, და ყოველი სულდგმული ამოწყდა ზღვაში" (აპოკ. 16:3). თუკი აქამდე, მეორე საყვირის დაცემისას აპოკალიფსისი გვამცნობდა, რომ "თითქოს უზარმაზარი მთა, ცეცხლით მოლაპლაპე, ჩავარდა ზღვაში, და ზღვის მესამედი სისხლად იქცა და ამოწყდა სულდგმულთა მესამედი, ზღვაში მცხოვრები, და ხომალდთა მესამედი დაიღუპა" (აპოკ. 8:9), ახლა ყველა ოკეანეები და ზღვები სისხლად იქცნენ, თანაც არა როგორც "თითქოსდა სისხლისფრად", არამედ სწორედაც რომ სისხლად, და არა უბრალოდ სისხლად, არამედ "მკვდრის სისხლად" - ანუ ყველაზე ამაზრზენად, რაც კი შეიძლება წარმოვიდგინოთ. ბუნებრივია, რომ ასეთ "წყლებში" ვერავითარი თევზი ვერ გადარჩება და შესაბამისად ყველაფერი წყალში ამოწყდება - მათ შორის ადამიანებიც, რომლებიც ამ დროს ოკეანეებსა და ზღვებზე იქნებიან.
 
მესამე თასი: "მესამემ მდინარეებსა და წყალთა წყაროებზე დასთხია თავისი თასი, და წყალი სისხლად იქცა" (აპოკ. 16:4). როგორც გვახსოვს, მესამე საყვირის შემდეგ "წყლის მესამედი აფსინთად იქცა, და ურიცხვი ხალხი ამოწყდა წყალთაგან, რადგანაც მწარენი გახდნენ" (აპოკ. 8:11). ღვთის რისხვის მესამე თასის გადმოღვრის შემდეგ მთელი მტკნარი წყლები სისხლად, მკვდრის აყროლებულ სისხლად იქცევიან. მოკლედ რომ ვთქვათ, მესამე თასის შემდეგ დედამიწაზე წყალი აღარ დარჩება. არც მარილიანი, არც მტკნარი. ყველა წყალსაცავი, გამონაკლისის გარეშე სისხლიან გუბედ გადაიქცევა გახრწნილი გვამის სუნივით აყროლდება. ყველა ოკეანე, ზღვა, მდინარე და წყალი გამოუსადეგარი გახდება. პლანეტა დედამიწაზე წყალი აღარ იქნება.
 
მეორე და მესამე თასების გზავნილი ასეთია: როგორც უკეთურები ღვრიდნენ ღმრთის წმინდანთა სისხლს, ვერ ძღებოდნენ მისით, და ქრისტიანთა ხოცვა-ჟლეტით თვრებოდნენ, ახლა ისინი წყლის ნაცვლად მიიღებენ - მკვდრის სისხლს, აყროლებულ სითხეს, რომელიც დასალევად გამოუსადეგარია.
 
ღმრთის ანგელოზი განმარტავს ამგვარ სასტიკ სასჯელთა არსს - ეს ღმრთის სამართლიანი მსჯავრია. სამართლიანი შურისგებაა და არავის არანაირი პრეტენზია არ უნდა ჰქონდეს.
 
დიახ, "მაშინ მომესმა ხმა წყალთა ანგელოზისა, რომელმაც თქვა: მართალი ხარ, უფალო, რომელიც ხარ და იყავი: მართალი ხარ, წმიდაო, რადგანაც ასე განსაჯე. რაკიღა წმიდათა და წინასწარმეტყველთა სისხლი დასთხიეს, შენც სასმელად სისხლი მიეც მათ, და ღირსნიც არიან. და მომესმა ხმა საკურთხევლიდან, რომელმაც თქვა: დიახ, უფალო ღმერთო, ყოვლისმპყრობელო, მართალი და ჭეშმარიტია შენი მსჯავრი" (აპოკ. 16:5-7).
 
სხვათა შორის მეორე და მესამე თასები აჩვენებენ, რომ მრისხანების თასები ძალიან მოკლე პერიოდია. იმის შემდეგ, რაც მთელი დედამიწის წყლის რესურსები გახრწნილი და აყროლებული გვამის სისხლად იქცევა, მიწის მკვიდრთ ძალზე მცირე დრო დარჩებათ - თუკი მათ შემორჩებათ წყლის რაიმე მარაგი, ისიც მცირე ხნით თუ ეყოფათ, ხოლო თუ გაფუჭდება საერთოდ ყველა წყალი, სადაც გინდ იყოს, მაშინ მათ გაუწყლოვანების მტანჯველ სიკვდილამდე 3-4 დღეღა დარჩებათ.
 
მეოთხე თასი: "მეოთხე ანგელოზმა თავისი თასი დასთხია მზეზე, და მიეცა მზეს კაცთა დაბუგვა ცეცხლით" (აპოკ. 16:8). თუკი მეოთხე საყვირზე "მოიწყლა მესამედი მზისა, მესამედი მთვარისა და მესამედი ვარსკვლავებისა და დაბნელდა მესამედი მათი; და აღარ ნათობდა მესამედი დღისა, ისევე, როგორც ღამის" (აპოკ. 8:12), ახლა პირიქით - მზე წუთებში შეიცვლის თავის მანათობლობას და ისეთი მცხუნვარება დადგება, რომ ადამიანები მზის ცეცხლით გადაიბუგებიან. ეს იქნება ალბათ 60 გრადუსზე მეტი მხურვალება, რადგან ამ ადგილას ბერძნული ტექსტი, თანამედროვე ტერმინოლოგიით რომ ვთქვათ, აღწერს "დამწვრობის უკიდურესი ხარისხის" ცნებას. ეს იმგვარი დამწვრობაა, როდესაც იწვის არა მარტო კანი, არამედ კუნთებიც კი მკვდარ ნაკუწებად იქცევა.
 
მეოთხე თასის გზავნილი: როგორც უკეთურები ულმობლად წვავდნენ მართალთ, ანადგურებდნენ მათ შვილებს და ოჯახებს, ასევე დაწვავს მათ მზე და შურს იძიებს უღვთოთა უკეთურებისთვის. და კიდევ, ეს მათთვის იქნება გეენიის ცეცხლის "დემო ვერსია".
 
მე-4 თასის შედეგი: ანტიქრისტეს სამეფოს მცხოვრებნი არსებითად ტოტალური განადგურების პირას აღმოჩნდებიან. არ არის წყალი, ყველგან აყროლებული სისხლია, სხეულებზე საშინელი წყლულები და ჩირქები გამოსდით, პლიუს მზე + 100 გრადუს ცელსიუსზე წვავს მათ და თავშესაფარიც არსადაა. ამგვარი სიცხე ნებისმიერ ზედაპირს ისე გაავარვარებს, რომ ადგილზე გაჩერებაც შეუძლებელი გახდება. მრავალი მეტალი გალღვება! ყოველივე ამისდა მიუხედავად დედამიწის მცხოვრებნი მაინც ღმერთს დაგმობენ და არ შეინანებენ თავიანთ მკრეხელობას. "დაიწვნენ კაცნი სიცხით და ჰგმეს სახელი ღვთისა, რომელსაც აქვს ხელმწიფება მათ წყლულებზე, მაგრამ არ მოინანიეს, რომ დიდება მიეგოთ მისთვის" (აპოკ. 16:9).
 
მეხუთე თასი. "მეხუთემ (ანგელოზმა) თავისი თასი დასთხია მხეცის ტახტზე და დაბნელდა საუფლო მისი, და სიმწრისაგან იკვნეტდნენ თავიანთ ენებს" (აპოკ. 16:10). წარმოუდგენელი სიცხე უეცრად შეწყდება, მზის გავარვარებული ბირთვი მხედველობისგან გაუჩინარდება, დედამიწაზე ხელშესახები უკუნი დადგება, იმდენად მკვრივი და საშინელი, რომ "სიმწრისაგან თავიანთ ენებს მოიკვნეტენ".
 
მე-5 თასის გზავნილი ასეთია - თქვენ სულიერ სიბნელეში ვიდოდით, ახლა კი იგემეთ ნამდვილი სიბნელე. ეს ელექტროენერგიის გამორთვა როდია. ეს ჯოჯოხეთური სიბნელეა, რომელიც დედამიწაზე გამეფდება.
 
არსებითად მეხუთე თასი - მიუხედავად მთელი საშინელებებისა მაინც ვერ მოიყვანს გონზე დედამიწის მცხოვრებთ. "ჰგმობდნენ ცის ღმერთს თავიანთი სიმწრისა და წყლულების გამო, მაგრამ არ მოინანიეს თავიანთი საქმენი" (აპოკ. 16:11). მათი სამსჯავრო დიდი ხანია მზადაა და აჰა, ისიც დადგა.
 
მეექვსე თასი. ღვთის რისხვის მეექვსე თასი ძალიან საინტერესოა. "მეექვსემ დასთხია თავისი თასი დიდ მდინარეზე ევფრატისა, და დაშრა მისი წყალი, რათა გამზადებულ იქნეს მეფეთა გზა, რომელნიც მოდიან მზის აღმოსავლით" (აპოკ. 16:12). ამრიგად, თუკი წინა 5 თასი ზუსტი დარტყმები იყო მხეცის სამეფოზე, მე-6 თასი ამოაშრობს მდინარე ევფრატს". შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ აქ ლაპარაკია ჩვეულებრივ მდინარე ევფრატზე, მაგრამ სიტყვა "დიდი" მეტყველებს იმაზე, რომ ეს ბუკვალურად ევფრატი კი არ არის, არამედ უფრო დიდი და მნიშვნელოვანი რამ.
 
გავიხსენოთ, რომ ამ მომენტისთვის წყალი დედამიწაზე მკვდრის სისხლივით აყროლდა და, ცხადია, მათ შორის ევფრატიც. სხვათა შორის "დიდ მდინარე ევფრატს" ახსენებს მეექვსე საყვირიც (ისინი, შეიძლება ითქვას წინმსწრობი სამსჯავროებია, რომლებიც თასების გადმოღვრისას თავიანთ მაქსიმუმს აღწევენ), რომელიც გვამცნობს მდინარე ევფრატზე შეკრულ 4 ანგელოზზე.
 
საინტერესოა, რომ მდინარე ევფრატი თავიდანვე არსებობდა, თვით ედემის ბაღიდან და მინიშნება "დიდი მდინარე" სრულიად შეიძლება ნიშნავდეს იმ მდინარესთან დაბრუნებას, რომელიც ედემში მოედინებოდა, და არა თანამედროვე ევფრატს. კიდევ შეიძლება გავიხსენოთ ის, რომ 1000 წლოვანი მეუფების დროს ზეციური იერუსალიმიდანაც გამოვა დიდი მდინარე, რომელიც ყოველივეს გააცოცხლებს თავის გზაზე.
 
სიტყვებში "გამზადებულ იქნეს მეფეთა გზა" მხედველობაში არ უნდა მივიღოთ ჩვეულებრივი მეფეები, არამედ უფლის სამეუფო სამღვდელოება, - უკვე ცოტაღა დარჩა უფლის მოსვლამდე.
 
შემდეგ იოანე ღვთისმეტყველი წერს: "და ვიხილე ურჩხულის პირით, მხეცის პირით და ცრუ წინასწარმეტყველთა პირით გამომავალი სამი უწმინდური სული, გომბეშოს მსგავსი" (აპოკ. 16:13). ანუ ანტიქრისტეს, ცრუწინასწარმეტყველისა და სატანის პირიდან გამოვა "სამი უწმიდური სული, გომბეშოს მსგავსი", ანუ მთელ დედამიწაზე დგება დიდი საცთურის ჟამი - დემონთა სულები იქმან ნიშებსა და სასწაულებს, და ჰკრებენ ერებს უფალთან საბრძოლველად.
 
ღმრთის რისხვის მეექვსე თასი, როგორც ნათქვამია, წარმოადგენს ნიშანს იმისა, რომ უფალი მოდის და მალე დადგება დღე რისხვისა და მრისხანებისა, დღე უკუნი სიბნელისა და წყვდიადისა, ახლოვდება ანტიქრისტესა და მისი მონების სამსჯავრო, რადგან ამ საშინელებებს სწორედ ისინი მიეცემიან.
 
მხეცი არმაგედონის ველზე თავს უყრის სატანურ არმიას, რადგან აპოკალიფსისში პირდაპირ არის ნათქვამი: "ესენი არიან ეშმაკთა სულები, რომლებიც ახდენენ სასწაულებს და გადიან მთელი ქვეყნიერების მეფეებთან, რათა თავი მოუყარონ მათ საბრძოლველად ყოვლისმპყრობელი ღმერთის დიად დღეს... და შეკრიბეს ისინი იმ ადგილას, რომელსაც ებრაულად ჰქვია ჰარმაგედონი" (აპოკ. 16:14, 16). მაგრამ უფალი ამბობს: "აჰა, მოვალ, როგორც მპარავი: ნეტა მას, ვინც ფხიზლობს და იცავს თავის სამოსს, რათა შიშვლად არ იაროს და არ იხილონ მისი სირცხვილი" (აპოკ. 16:15).
 
ღმრთის რისხვის მეშვიდე თასი. "მეშვიდე ანგელოზმა დასთხია თავისი თასი ჰაერში და მოისმა ციური ტაძრის ტახტიდან მგრგვინავი ხმა, რომელმაც თქვა: აღსრულდა" (აპოკ. 16:17). სიტყვა "აღსრულდა" ზეციური ტაძრიდან გაისმის. ახლა უკვე აღსრულდა ერთხელ და სამუდამოდ, სამარადისოდ. ღმერთის გეგმა თავის კულმინაციას მიუახლოვდა. სულ რაღაც ორიოდ მოვლენაღა დარჩა და მარადიული სასუფეველიც დამკვიდრდება.
 
"და იქმნა ელვა და ქუხილი, გრგვინვა და დიდი მიწისძვრა, რომლის მსგავსიც არ ყოფილა მას შემდეგ, რაც კაცნი არიან ქვეყნად" (აპოკ. 16:18). "დიდი ქალაქი", ანუ ბნელეთისა და ანტიქრისტეს სამეფოს ცენტრი სამ ნაწილად დაიყოფა - რათა აწ აღარასოდეს გამოჩნდეს. "დაემხნენ წარმართთა ქალაქები და მოხსენიებულ იქნა დიდი ბაბილონი ღვთის წინაშე რათა სასმისით მისცემოდა ღვინო მისი მძვინვარების რისხვისა" (აპოკ. 16:19).
 
შენიშნეთ - ყველა ქალაქი, აბსოლუტურად ყველა - დაინგრევა და ისტორიას ჩაბარდება. მაშასადამე, აღარ იქნება არც პარიზი, არც მოსკოვი, არც ბერლინი, არც ნიუ-იორკი, არც ლონდონი და სხვა. დღევანდელი ქალაქები ნანგრევებად იქცევიან.
 
ბაბილონი მოისპობა როგორც სტრუქტურა - ახლა უკვე ბაბილონი სამუდამოდ განადგურებულია, ის უკვე აღარასოდეს გამოჩნდება და მეძავი ბაბილონის კვალიც კი აღიხოცება პირისაგან მიწისა (ბაბილონის დასჯა აღწერილია აპოკალიფსისის 17-ე და 18-ე თავებში).
 
"ყველა კუნძული გაუჩინარდა და აღარსად ჩანდნენ მთები" (აპოკ. 16:20) - მთები უკვე აღარ არსებობენ!
 
"ტალანტის ოდენა სეტყვა თავს დაატყდა ზეციდან ხალხს, და ჰგმო სეტყვით მოწყლულმა ხალხმა სახელი ღვთისა, რადგანაც მძიმე იყო მისი წყლულება" (აპოკ. 16:21). ეს არის მხეცის სამეფოს მცხოვრებთა დარჩენილი ნაწილის ფინალი. მათ თავზე დაეყრებათ 16-20 კილოგრამიანი სეტყვა! ასეთ ლოდებს 10 სართულიანი სახლების გახვრეტა ძალუძთ სახურავიდან საფუძვლამდე.
 
მიუხედავად ამისა, "ჰგმო სეტყვით მოწყლულმა ხალხმა სახელი ღვთისა".
 
შედეგი: არმაგედონის "ბრძოლა" დაიწყება და იქვე დასრულდება.
 
ანტიქრისტე და ცრუწინასწარმეტველი ცოცხლად იქნებიან ჩაგდებულნი ცეცხლის გეენაში.
 
ყველა არმია, რომელიც უფალთან "საბრძოლველად" გამოვა მყისიერ განადგურდება.

საიტი "აპოკალიფსისი". 25. თებერვალი. 2021 წ.
Назад к содержимому