პუბლიკაციები - მოკლე პასუხები ცხოვრებისეულ საკითხებზე - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > პუბლიკაციები
მოკლე პასუხები ცხოვრებისეულ საკითხებზე
აპოკალიფსური დროება
კითხვა 1: მისაღებია თუ არა ადამიანის ჩიპიზაცია (სხვადასხვა სახის ჩიპები, ჩანერგვები, პროთეზები, რომლებიც ატარებენ სამედიცინო დანიშნულებას)?

პასუხი: ჩიპიზაციის ნებისმიერი ფორმა უარსაყოფია, თუკი ჩიპები ადამიანის სხეულს, ადამიანის ბუნებას ახალ და დამატებით ფუნქციას ანიჭებენ. მაგალითად, წარმოადგენენ საბანკო, სატრანსპორტო, კომუნალური გადახდის საშუალებას, ან GPS ლოკატორს, რათა გააკონტროლონ ადამიანის გადაადგილება. ანუ, ყველაფერი, რაც თავიდანვე არ იყო გათვალისწინებული ღმრთის განგებით და ადამიანის სხეულს ემატება ე. წ. "გაჯეტების" სახით, მისაღები არ არის. მაგრამ, თუ ეს არის, მაგალითად, ჩიპი კარდიოსტიმულირებისთვის ან რაიმე პროთეზი, რომელიც ადამიანის ბუნებას, ადამიანის სხეულს კი არ ამატებს რაიმე ახალ და არასაჭირო ფუნქციას, არამედ აღუდგენს დაკარგულ უნარს, მაშინ ამგვარი ჩიპები მისაღებია და მას დადებითად უნდა ვაფასებდეთ.

ავიღოთ მაგალითად, სათვალეები, ან ყურის აპარატები და სხვა სუროგატული საშუალებები, რომელთა დანიშნულება ადამიანში დაქვეითებული ან დაკარგული უნარების აღდგენაა, და არავინ იტყვის, რომ მათი ტარება ცოდვაა, რადგან ისინი მხედველობის ან სმენის ხელშემწყობ მოწყობილობებს წარმოადგენენ. ამიტომაც, თუკი თანამედროვე მეცნიერებას შეუძლია ტექნიკური საშუალებებით აღუდგინოს ადამიანს ხორციელი დანაკლისი (სმენა, მხედველობა და სხვა), დაეხმაროს ინვალიდ ადამიანს სნეულებათა დაძლევაში და სხვადასხვა საჭიროებათა მოგვარებაში, მაშინ ამგვარი ჩარევა ადამიანის სხეულში დადებითად ჩაითვლება და არანაირ ცოდვას არ წარმოადგენს. არაფერია საგანგაშო მაშინაც, როდესაც ამგვარ სუროგატებში ჩართულია ელექტრონიკა, რამეთუ ნებისმიერი შემოქმედებითი აზრი ეკუთვნის არა ეშმაკს, არამედ ღმერთს. ღმერთი აძლევს ადამიანს უნარს ჩაწვდეს მის გარემომცველ სამყაროს, როგორც მოციქული პავლე ბრძანებს, "ღმრთის უხილავი სრულყოფილება, წარუვალი ძალა და ღვთაებრიობა, ქვეყნიერების დასაბამიდან მისსავ ქმნილებებში ცნაურდება და ხილული ხდება" (რომ. 1:20). ამიტომაც თვით მეცნიერება, არა მეცნიერთაგან ანგაჟირებული, არამედ გულწრფელი და პატიოსანი, არ შეიძლება აიკრძალოს და გაიკიცხოს.

 
კითხვა 2: საშიშია თუ არა ელექტრონული იდენტიფიკაცია, მითუმეტეს, თუკი გვაიძულებენ მის მიღებას?

პასუხი: სულიერი თვალსაზრისით ეს უსაფრთხოა. დღეს ჩვენი ცხოვრება წარმოუდგენელია ელექტრონიკის გარეშე, რადგან მას ყოველდღიურად ვიყენებთ, განსაკუთრებით კომუნიკაციებში. თუმცა აქ თანმიმდევრულნი უნდა ვიყოთ: თუკი ჩვენ დაუშვებლად მივიჩნევთ ამქვეყნად არსებულ ყველა სამეცნიერო აღმოჩენას, თუნდაც ელექტრონიკის სფეროში, მაშინ, შესაბამისად, ეს ქვეყანა უნდა დავტოვოთ, რადგან, სინდისიც გვამხელს ამგვარი არათანამიმდევრულობისთვის; თუკი მეცნიერული გამოგონებები, მათი გამოყენების კონტექსტის გაუთვალისწინებლად, თავისთავად საზიანოა და ცოდვის მომტანი, მაშინ საერთოდ არ უნდა ვიყენებდეთ მათ. მაგალითად, მკვლელობა ნებისმიერ ფორმაში ცუდია, ქრისტიანები არ უნდა კლავდნენ, მაგრამ, გარკვეულ კონტექსტში (მაგალითად, სამართლიან ომში, სამშობლოს დაცვაში, ოჯახის დაცვაში) ადამიანთა მოკვლა დაშვებულია. ამიტომ, თუკი ცუდია ელექტრონიკის გამოყენება, მაშინ მას საერთოდ არ უნდა ვიყენებდეთ. ხოლო, თუკი ელექტრონიკა არ არის დამნაშავე, არამედ ზიანი მის არასწორად გამოყენებას მოაქვს, მაშინ უბრალოდ გონივრულობა და წინდახედულობა გვმართებს, მისდამი არასწორი დამოკიდებულებით ცხოვრება არ გავირთულოთ. უნდა გავითვალისწინოთ წმიდა წერილის სწავლება, რომლის მიხედვითაც ქრისტიანი მონობაშიც თავისუფალია, რადგან ქრისტე ადამიანის გულსა და გონებაშია და მისი იქიდან ამოშლა არანაირ ელექტრონიკას არ ძალუძს.

თუკი ძალდატანებით მიგვაღებინებენ ელექტრონულ მოწყობილობებს მაშინაც კი ვერ შეძლებს ის ჩვენი სულის დაზიანებას. ადამიანი, რომ ჭკუიდან შეშალონ და მან თავი მოიკლას, ეკლესია მას ცოდვილად არ შერაცხავს, რადგან, ვინც გონებაშეშლილობის  გამო საკუთარ ქმედებებს ვერ აკონტროლებს ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხისმგებელი ვერ იქნება (იხ. ტიმოთე ალქსანდრიელის 14-ე კანონი). ასეა აქაც, თუკი ჩვენ ძალდატანებით მიგვაღებინებენ რაიმე ელექტრონულ მოწყობილობას ან ჩვენგან დამოუკიდებლად, ან ჩვენგან უცნობლად, ამგვარ ქმედებას ჩვენი სულების დამზიანებელი ძალა ვერ ექნება, პირიქით, ასეთი ადამიანები აღმსარებლებადაც კი შეირაცხებიან. ეკლესიის ისტორიაში ცნობილნი არიან წმინდანები, ღირ. თევდორე აღმსარებელი და მისი ძმა თეოფანე, რომლებსაც წარმართებმა სახეზე და სხეულზე ბილწი, ღმრთისმგმობი სიტყვები ამოშანთეს, მაგრამ, მიუხედავად ამისა ეკლესია მათ აღმსარებლებად მიიჩნევს, რადგან ეს მკრეხელობა მათზე ძალადობრივად ჩაიდინეს.

წმ. თევდორე სტოდიელი მოწმობს, რომ მის დროს ხატმებრძოლი მწვალებლები მართლმადიდებლებს ძალდატანებით აზიარებდნენ მათ საიდუმლოებებს. კიდევ უფრო ადრე მართლმადიდებელთა წინააღმდეგ ასეთ მეთოდს მწვალებელი არიანელები მიმართავდნენ, ისინი მართლმადიდებელთ ჯერ სოლს გაუჩრიდნენ პირში, შემდეგ კი შიგნით თავიანთ ზიარებას ასხამდნენ. თავიანთ კერპთშენაწირს ქრისტიან მოწამეებს ძალდატანებით ასხამდნენ პირში წარმართებიც. ასე რომ, არანაირი ძალა არა აქვს ქრისტიანზე ძალადობას, როგორი სახისაც გინდ იყოს იგი, მეტიც, ამგვარ ძალადობრივ აქტს თვით ეშმაკისთვისაც კი არა აქვს რაიმე ღირებულება, რადგან ის, უპირველეს ყოვლისა, ქრისტიანის ნების დაყოლიებას ცდილობს. სწორედ ამიტომ ბრძანებს მოციქული პავლე, რომ ქრისტესგან ვერ განგვაშორებს "ვერც სიკვდილი და ვერც სიცოცხლე, ვერც ანგელოზნი და ვერც მთავრობანი, ვერც ძალნი, ვერც აწმყო, ვერც მომავალი, ვერც სიმაღლე, ვერც სიღრმე და ვერც რაიმე სხვა ქმნილება ვერ განგვაშორებს ღვთის სიყვარულს ჩვენს უფალ ქრისტე იესუში" (რომ. 8:39). ანუ არ არსებობს რაიმე ძალა, რომელსაც შეეძლოს ქრისტეს სიყვარულის ამოგლეჯა ქრისტიანის გულიდან.
 
 
კითხვა 3: უნდა მონაწილეობდნენ თუ არა ქრისტიანები პოლიტიკურ პროცესებში? ღმრთისადმი სასოების შესახებ

პასუხი: ჩვენ არ ვიღებთ მონაწილეობას პოლიტიკაში, მით უმეტეს არაქრისტიანულ სახელმწიფოში. თუნდაც ეწეროს კონსტიტუციაში ღმერთის აღიარების იდეა, ამით პოლიტიკას მაინც ვერ გააქრისტიანებენ. ჩვენი სახელმწიფო საეროა და ის არც შეიცვლება, ყოველ შემთხვევაში, ამგვარი მოლოდინის არანაირი საფუძველი არ არსებობს. აქედან გამომდინარე, ყველა იმ პოლიტიკურ თამაშებში, რაც ჩვენს ყოველდღიურობაში წარმოებს, ქრისტიანი მონაწილეობას არ უნდა იღებდეს. ეს გზა ჩვენი გზა არ არის. ჩვენი გზა ქრისტეს გზაა. სახელმწიფო სრულიად მართლმადიდებლური რომ იყოს და ის ქრისტიანული პრინციპებით იმართებოდეს, მაშინ სხვა საქმეა. მაშინ, ჩვენი სარწმუნოებისა იქნებოდა პრეზიდენტი, ჩვენი სარწმუნოებისა იქნებოდა მთავრობა. მაგრამ, სამწუხაროდ ასე არ ხდება. პირიქით, სახელმწიფო ადგას იმ რეკომენდაციებს, რასაც მას სხვა უფრო ძლიერი სახელმწიფოები (რუსეთი, აშშ) და პოლიტიკური გაერთიანებები (გაერო, ევროკავშირი და სხვა) კარნახობენ. ამისი გამოვლინებაა ლიბერალური დამოკიდებულება არატრადიციულ სქესობრივ ორიენტაციასთან, ერთსქესოვან ქორწინებასთან, ოჯახის საკითხებთან და სხვა... როდესაც სახელმწიფო მიისწრაფვის ამგვარი "ღირებულებების" დამკვიდრებისკენ და ამით ცდილობს გაუტოლდეს რუსეთისა და ევროპის ქვეყნებს, ცხადია, მის კონსტიტუციაში ქრისტიანობის ფორმალური აღიარება ვერაფერს შეცვლის. ამგვარი სახელმწიფოს და საზოგადოების მშენებლობა ქრისტიანის საქმე არ არის.

მრავალს აწუხებს ისიც, რომ მოქალაქეებს აკონტროლებენ და უთვალთვალებენ. დიახ, ეს არასასიამოვნოა, მაგრამ კრიტიკული ზღვარი როდია ჩვენი ცხონების საქმეში. თავისთავად ეს ადამიანს არ ღუპავს. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ სახელმწიფომ თუ მოინდომა რაიმეს ძალადობრივად გატარება, ის ამას უპრობლემოდ გაატარებს (რაც არაერთხელ გვინახავს სხვადასხვა ქვეყნების ცხოვრებიდან). ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი ძალა მხოლოდ ქრისტეშია.

საკუთრივ, თუ ღმერთი არ შეგვეწია, არაფრის ძალა არ გაგვაჩნია და მძლავრ სახელმწიფოებსა და სახელმწიფოებრივ სისტემებს ვერაფერს დავუპირისპირებთ. ამიტომაც, თუ ღმერთმა არ დაგვიცვა, ყოველგვარი პროტესტი და წინააღმდეგობა ამაოა. აქედან გამომდინარე, სწორედ ამგვარი დაცვა უფრო უნდა გვაღელვებდეს, ეს კი ქრისტეს მცნებების დაცვითა და ქრისტიანული, ზნეობრივი ცხოვრებით მიიღწევა.
 
მთელი ჩვენი გული და სული ღმერთს უნდა მივანდოთ და მაშინ, იგი, უეჭველად, ყოველგვარი განსაცდელიდან გამოსავალ გზას გვაპოვნინებს და თავისი ძლიერი ხელით ყოველგვარ განსაცდელს განგვარიდებს, როგორც განარიდა ლოტის ოჯახი სოდომსა და გომორას, როგორც დაიხსნა ქრისტიანთა პირველი თემი ტიტუსის მიერ იერუსალიმის დაპყრობამდე (ცნობილია, რომ სანამ იერუსალიმის დასჯა დაიწყებოდა, მანამდე ღმერთმა ქრისტიანთა ოჯახები იერუსალიმს განარიდა). ასეთი ვითარებაა ახლაც, თუკი ჩვენი ცხოვრება ქრისტეს მცნებათა შესაბამისი იქნება, ღმერთი განსაცდელთაგან დაგვიფარავს. თავისიანებს ღმერთი ყოველთვის იცავდა, იცავს და დაიცავს. მოვა ანტიქრისტე და ქრისტეს ერთგული შვილები თავშესაფარს მაინც იპოვიან და ისე იცხოვრებენ, რომ ქრისტეს შეწევნას არ მოაკლდებიან.

მაგრამ, თუკი ჩვენ ყოველგვარი პოლიტიკური რესურსებით (ამბოხებებით, შიმშილობებით, ქუჩის პროტესტებით და ა. შ.), ანუ საკუთარი ძალისხმევით შევეცდებით მიმდინარე გლობალური პოლიტიკის შეცვლას, მის ადგილობრივ გამოხატულებათა გაუქმებას, წინდაწინ უნდა ვიცოდეთ, რომ არაფერი გამოგვივა. ჩვენ არ გვაქვს ამ გლობალური ძალისადმი წინააღმდეგობის არც ძალაუფლება და არც კურთხევა. ჩვენ არ გაგვაჩნია რაიმე სერიოზული ძალა, რის დაპირისპირებასაც შევძლებდით გლობალური მსოფლიო წესრიგის წინააღმდეგ. ჩვენი ძალა მხოლოდ ლოცვაშია, რადგან ჩვენი ძალა და სასოება მხოლოდ ღმერთია.
 
უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არავითარ შემთხვევაში არ არის სირაქლემას პოზაში დგომა, ანუ თავის ქვიშაში ჩარგვა. ეს რეალობაა! ვინ იტყვის, რომ აიღებს იარაღს და მსოფლიო ანტიქრისტიანულ სისტემისადმი წინააღმდეგობას შეძლებს? - ცხადია არავინ და თუკი მაინც ვინმეს ჰგონია, რომ ამგვარი გზით გაიმარჯვებს, მწარედ ინანებს, რადგან ულმობლად დამარცხდება. ამიტომაც, ძლიერთა ამა ქვეყნისათა წინააღმდეგ ბრძოლაში შემწედ უმეტეს ძლიერებას, აბსოლუტურ ძლიერებას, ანუ ღმერთს უნდა მოვუხმობდეთ. და ეჭვიც არ უნდა გვეპარებოდეს, რომ ღმერთი შეისმენს ჩვენს ლოცვებს და აუცილებლად შეგვეწევა მის ერთგულ შვილებს.

რაც შეეხება ციფრულ იდენტიფიკაციას, ეკლესია მას სულის დამღუპველად არ მიიჩნევს. სულს ღუპავს ვნებათა დაკმაყოფილება, ანუ ცოდვა და მწვალებლობანი, ანუ ქრისტეს ჭეშმარიტების უარყოფა.
აპოკალიფსური დროება
კითხვა 4: როგორც ვიცით, ადამიანი შეგნებულად მიიღებს ანტიქრისტეს ბეჭედს, მაგრამ მრავალს ეშინია, რომ ბეჭედი ვუალირებული (შენიღბული) იქნება და ადამიანი მას ვერ ამოიცნობს. როგორ მოვიქცეთ?

პასუხი: დიახ, ადამიანის შეგნებულად მიიღებს ანტიქრისტეს ბეჭედს და ამაშია ადამიანის ტრაგედია. რაც შეეხება ბეჭედს, რა თქმა უნდა, ის ვუალირებული იქნება, მაგრამ არა იმდენად, რომ შეუძლებელი იყოს მისი ამოცნობა. ყველას ეცოდინება რა ხდება და ეს ძალიან კარგად ჩანს აპოკალიფსისიდან. წმ. იოანე ამბობს, რომ მოვა ორი მოწამე (მართლმადიდებლური ეკლესიის გადმოცემით - წინასწარმეტყველები ილია და ენოქი) (აპოკ. 11:3), რომლებიც ამხელენ მთელ მსოფლიოს და მოუწოდებენ მას სინანულისკენ, თანაც ეს მოხდება მანამ, სანამ ყველაფერი აღსრულდება. და როდესაც ანტიქრისტე მათ მოკლავს (აპოკ. 11:7, 8) "დედამიწის მკვიდრნი იხარებენ და ილხენენ მათ გამო და ძღვენს უძღვნიან ერთმანეთს, რადგანაც ამ ორმა წინასწარმეტყველმა აწამა დედამიწის მკვიდრნი" (აპოკ. 11:10), ანუ მსოფლიო გაიხარებს იმის გამო, რომ ამ ორმა მოწამემ შეაწუხა მათი სინდისი, რადგან დაუნდობლად ამხილებდნენ ადამიანებს მათი უკეთურობების გამო.

ამის წინაპირობებს ახლაც ვხედავთ: დააკვირდით გარემომცველ სამყაროს და ჰკითხეთ საკუთარ თავს - ვის უფრო აწუხებს აპოკალიპტური მოვლენები, ვის სინდისს უფრო აწუხებს ანტიქრისტეს ბეჭდის მიღების საკითხი? - მხოლოდ ქრისტიანებს! თან მათგანაც კი მხოლოდ მცირედნი წუხან ამ გარემოებებზე, მხოლოდ ისინი იკვლევენ, თუ რა შეიძლება იყოს ანტიქრისტეს ბეჭედი, ხოლო უმრავლესობას ეს არ აინტერესებს, უმრავლესობამ უკვე დიდი ხანია გაჰყიდა სული და დიდი სიამოვნებით დაირტყამს ანტიქრისტეს ათ ბეჭედსაც კი, ოღონდ ამისგან პირადი და მატერიალური სარგებლობა მიიღოს. ამიტომ ეს არ უნდა გვიკვირდეს.

ჯერ-ჯერობით ქრისტიანობას გარკვეული წონა მაინც გააჩნია, რადგან მთელ ქრისტიანობას (მიუხედავად კონფესიური განსხვავებებისა) ერთი ზნეობრივი იდეა გააჩნია. მართალია, ამ მიმართულებითაც არის განსხვავებანი და ესეც ბუნებრივია, რადგან სხვადასხვა აღმსარებლობა მისი მრწამსის და მსოფლმხედველობის მიხედვით აყალიბებს ზნეობრივ ცხოვრებას, მაგრამ ჯერ-ჯერობით, მაინც ნარჩუნდება ქრისტიანობის ზოგადი, ზნეობრივი პრინციპები. და სანამ ეს ასეა, საკმაოდ ძნელი იქნება მისდამი რაიმე საწინააღმდეგოს დაპირისპირება. სწორედ ამიტომ უტევენ დღეს ასეთი გააფთრებით ქრისტიანული ზნეობრიობის საფუძვლებს - ოჯახს, ქორწინებას, ბავშვთა აღზრდას და ნერგავენ მათ საწინააღმდეგო იდეებს, რაც, საბოლოო ჯამში მსოფლიოს მასობრივ "ბაბილონიზაციას" გამოიწვევს. კაცობრიობის უმეტეს ნაწილში დაირღვევა ყოველგვარი ზნეობრივი პრინციპი და გზა გაეხსნება უსჯულოებას, რაც საბოლოოდ დაგვირგვინდება ანტიქრისტეს მოსვლით.

ჩვენს თვალწინ ყველაფერი უსწრაფესი ტემპებით იცვლება და მომავალ წლებში ეს პროცესი გეომეტრიული პროგრესიით გაიზრდება. განა ეს დღევანდელი მოვლენების ფონზეც არ არის შესამჩნევი?! ისრაელი ერთი მეორის მიყოლებით აფორმებს სამშვიდობო ხელშეკრულებებს არაბულ ქვეყნებთან (სულ ბოლოს ეს იქნება პალესტინის სახელმწიფო), წმიდა წერილში კი ნათქვამია: "როცა იტყვიან მშვიდობა და უშიშობაო, სწორედ მაშინ დაატყდებათ თავზე სიკვდილი" (1 თესალონიკ. 5:3). ზუსტად ასეა დღეს, და ვინ იფიქრებდა, რომ სწორედ ჩვენ გავხდებოდით ამის მომსწრენი.

დღეს ირღვევა მძლავრ სახელმწიფოთა ცხოვრების ჩვეული რიტმიც. ვინ წარმოიდგენდა, რომ ისეთი მტკიცე ტრადიცია, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგაც კი დარჩა რუსეთს - 9 მაისის და 7 ნოემბრის ზეიმობა, - შეირყეოდა და შესაძლებელი გახდებოდა მათი გადადება ან გაუქმება. დღეს ირღვევა და თვალის დახამხამებაში ქრება ის, რასაც ათწლეულების თუ ასწლეულების განმავლობაში ვიყავით მიჩვეულნი. დღევანდელი მოვლენები გვიქმნის მომავლის გაურკვევლობის შეგრძნებას და არავინ იცის რითი დამთავრდება ეს ყველაფერი ან როგორ კალაპოტში წარიმართება სოციალურ-პოლიტიკური და რელიგიური პროცესები (ვგულისხმობთ აპოკალიპტური მოვლენების ეტაპობრივ განვითარებას და არა საბოლოო შედეგს, რადგან ის წმიდა წერილიდან უკვე ცნობილია). მსოფლიო ანტივირუსულმა პანდემიამ ისეთი დარტყმა მიაყენა მსოფლიო ეკონომიკას, რომ მდგომარეობის გამოსწორების პროგნოზირება თვით ეკონომისტებსაც კი უჭირთ.


კითხვა 5: რამდენად მავნეა ელექტრონული დოკუმენტები?

პასუხი: ყველა ეს ელექტრონული დოკუმენტი თავისთავად სულის დამღუპველი არ არის, მაგრამ ისინი წარმოადგენენ ტოტალური კონტროლის სისტემის ჩამოყალიბების მაჩვენებლებს, ანუ ეს ელექტრონული დოკუმენტები არიან ახალი მსოფლიო წესრიგის "პირველი მერცხლები". და ისინი, კიდევ ერთხელ ვიტყვით, თავისთავად, ქრისტიანული რწმენისთვის საშიშროებას არ წარმოადგენენ.

ელექტრონული დოკუმენტები საშიშია ქრისტიანული სტრუქტურისთვის. დიახ, ჩვენ შეგვზღუდავენ, დაიწყებენ ჩვენს დაცინვას, ცილისწამებას, დევნას და ფიზიკურ განადგურებასაც კი, და ჩვენ ამ აზრს უნდა შევურიგდეთ, ანუ შევურიგდეთ იმ თვალსაზრისით, რომ ვიცოდეთ - ეს ყველაფერი მოხდება!

იოანეს აპოკალიფსისში ნათქვამია, რომ მხეცს მიეცემა ძალაუფლება "წმიდათა წინააღმდეგ ბრძოლისა და მათი ძლევისა" (აპოკ. 13:7). ანუ, დღეს მიმდინარე პროცესები სწორად უნდა გავიგოთ, უნდა შევიგნოთ, რომ ასეთია ღმრთის განგებულება - ჩვენ ჯერ ზნეობრივად, უსისხლოდ დაგვამარცხებენ (1), შემდეგ კი ფიზიკურად (დევნულებებით, ტანჯვა-წამებით) გაგვისწორდებიან.

_______________________

 
1. ცხადია დამარცხებაში არ იგულისხმება ეკლესიის ძლევა, რადგან ეკლესია როგორც ქრისტეს მისტიკური სხეული, რომლის თავი არის თვით ქრისტე, - უძლეველია! (მათე 16:18). დამარცხებაში იგულისხმება ზოგადად იმ ქრისტიანთა ხვედრი, რომლებიც ვერ უძლებენ წუთისოფლის ზეწოლას და დაჰყვებიან იმ მექანიზმებს, მათი ნების დასამორჩილებლად რომ გამოიყენება. ვისზეც გავლენას მოახდენს ეს ზომები, ანუ - პროპაგანდა, გართობა, გარყვნილება და ა. შ., ისინი ზნეობრივად დაეცემიან, ხოლო ვისზეც ვერ მოახდენს გავლენას ისინი დაექვემდებარებიან ტანჯვას, დაიწყება მათი საშინელი დევნა და განადგურება).

_______________________

მაშასადამე, ჩვენ სრულიად შეგნებული უნდა გვქონდეს, რომ არ გაგვაჩნია ის ძალები, რომლებიც უჯულოების საიდუმლოს მოქმედებას (2 თესალონიკ. 2:7) შეაკავებს, მხოლოდ ღმერთს ძალუძს მისი შეკავება და აკავებს კიდეც იმით, რომ თავისი ღვთაებრივი და მიუწვდომელი განგებულების ძალით დროში წელავს იმ საშინელი ჟამის დადგომას და მხოლოდ მაშინ, როდესაც "შუაგულით აღიხოცება ძალა, რომელიც ხელს უშლის მას" (2 თესალონიკ. 2:7), ანტიქრისტიანული ძალები სრულ ძალაუფლებას მიიღებენ, თავიანთ მსოფლიო მმართველობას დაამყარებენ და ანტიქრისტეს შემოიყვანენ (იხ. 2 თესალონიკ. 2:3-7). ასე, რომ ვერანაირად შევუშლით ხელს ამ პროცესს საკუთარი, ადამიანური ძალისხმევით.

ქრისტეს მეორედ მოსვლის მოლოდინში პირველქრისტიანებიც იყვნენ, მაგრამ ორი ათასი წელი გავიდა მას შემდეგ და ჯერ კიდევ მისი მოსვლის მოლოდინში ვიმყოფებით. რა არის ამისი მიზეზი? ამაზე გვპასუხობს წმიდა მოციქული პეტრე: "არ აყოვნებს უფალი აღთქმის აღსრულებას, როგორც ზოგიერთს ჰგონია, არამედ სულგრძელია თქვენს მიმართ, რადგანაც ვისიმე დაღუპვა კი არა სურს, არამედ ის, რომ ყველა მოიქცეს სინანულად" (2 პეტრე. 3:9). ამიტომაც, სანამ დედამიწაზე არსებობენ უფლის მეძიებელი და სულის ცხონების მოსურნე ადამიანები, უფალი თავისი სულგრძელებისა და კაცთმოყვარეობის გამო თავისი აღთქმის აღსრულებას ყოველთვის შეაყოვნებს. ის ასე იქმოდა ადრე და ასე იქმს ახლაც. ხოლო სამყაროს განსასჯელად ქრისტე მაშინ მოვა, როდესაც რწმენა უკვე თითქმის აღარ დარჩება ადამიანებში და დაიშრიტება იმ დონეზე, რომ თითო-ოროლა ადამიანიღა თუ შემორჩება დედამიწას. ამის შესახებ თვით მაცხოვარი ბრძანებდა: "ძე კაცისა, როდესაც მოვა, ჰპოვებს კი რწმენას ამ ქვეყნად?" (ლუკა. 18:8). მაგრამ, დღეს ხომ არ არის ასეთი ვითარება?! ამიტომაც, მიმდინარე ვითარებას რომ ჩავწვდეთ, საღი აზროვნება უნდა შევინარჩუნოთ.


კითხვა 6: იქმნება თუ არა საკონცენტრაციო ელექტრონული ბანაკი?
 
პასუხი: დიახ, ის იქმნება!


კითხვა 7:  საშიშია თუ არა ის რწმენისთვის?
 
პასუხი: აქ უნდა განვსაზღვროთ სათქმელი, ანუ სწორედ რწმენისთვის ის საშიში არ არის, მაგრამ ეკლესიისთვის, როგორც ორგანიზაციისთვის ძალზედ საშიშია.

ხელისუფალთ შეუძლიათ ერთი ხელის მოსმით გაანადგურონ ესა თუ ის სარწმუნოებრივი ორგანიზაცია ან დაჯგუფება თუკი ისინი ამის შესაბამის გადაწყვეტილებას გლობალურ ძალთა მითითებით (ან საკუთარი ინიციატივით) მიიღებენ. საყოველთაო ეკლესიას ისინი ვერ მოსპობენ, რადგან ეს მათ შესაძლებლობებს აღემატება (იხ. მათე 16:18), მაგრამ ისინი ადგილობრივი სარწმუნოებრივი თემებისა და ეკლესიების განადგურებას, ცალკეული ოჯახების თუ მორწმუნეების შეპყრობასა და მოსპობას თავისუფლად შეძლებენ, რისი მაგალითებიც უხვად გვაქვს მსოფლიოს ისტორიაში. სხვა კონფესიათა შემთხვევებიც გვარწმუნებს, რომ თუ სახელმწიფომ რაიმე ბრალდება (თუნდაც ცრუ) წაუყენა რომელიმე რელიგიურ დაჯგუფებას, ის თავისუფლად დაგეგმავს და განახორციელებს ამ დაჯგუფების გასანადგურებელ ღონისძიებებს და ამას ხელს ვერავინ შეუშლის; თუ მოინდომებენ შეუძლიათ თვით ბიბლიაც კი შერაცხონ ექსტრემისტულ წიგნად და ყველა მისდამი მორწმუნე ექსტრემისტად გამოაცხადონ, რადგან ბიბლიაშიც არის გარკვეული ადგილები, რომლებიც ერთი შეხედვით ძალადობას ქადაგებს, თუმცა სინამდვილეში ეს ძალადობა ეხება ისეთ მომენტებს, როგორიც არის სარწმუნოების, სახელმწიფოს, ერის, ოჯახისა და მოყვასის უსაფრთხოება.

მოკლედ, იმის თქმა გვსურს, რომ მავანს ხელისუფლებაში შეუძლია მისებურად გაიგოს და განმარტოს ჩვენი წმიდა წიგნების ესა თუ ის ადგილი და ჩვენი რელიგიური ორგანიზაცია შესაბამის აღმკვეთ ღონისძიებას დაუქვემდებაროს. ამისი შესაბამისი სამართლებრივი ბაზაც შექმნილი აქვთ. კერძოდ, არსებობს კანონები ექსტრემიზმის წინააღმდეგ, რომელსაც სახელმწიფო თავისი შეხედულებისამებრ გამოიყენებს ყველა იმ რელიგიური ორგანიზაციის მიმართ, რომელსაც ექსტრემისტულად ჩათვლის და ამ შემთხვევაში ვერც ერთ ორგანიზაციას ვერც მისი მრავალრიცხოვნობა იხსნის და ვერც მისი ფინანსური შესაძლებლობა. სახელმწიფო (მითუმეტეს საერთაშორისო) სამართლებრივი ძალადობის წინააღმდეგ ყველა უძლურია. და ამ სისტემას, მომავალი მსოფლიო ანტიქრისტიანული წესრიგის დასამყარებლად, საუკუნეთა განმავლობაში ქმნიდნენ. აქედან კი ადვილი გასაგებია როგორ ძალასთან გვაქვს საქმე.

ახლა კი წარმოიდგინეთ, როდესაც დამყარდება მსოფლიო ელექტრონული კონტროლის სისტემა (ანუ, მსოფლიო ელექტრონული საკონცენტრაციო ბანაკი - როგორც მას თანამედროვე ქრისტიანები უწოდებენ), რაოდენ გაადვილდება აღმკვეთი ღონისძიებების გატარების შესაძლებლობა, რაოდენ გაძლიერდება სახელმწიფო ტერორი მოქალაქეებზე და ამისი თავიდან აცილებას ვერავინ შეძლებს.

თუმცა, აქ იბადება კიდევ ერთი საჭირო შეკითხვაც: უნდა გვეშინოდეს თუ არა ამ სისტემის? - არავითარ შემთხვევაში არ უნდა გვეშინოდეს, რადგან კონტროლის არანაირ ანტიქრისტიანულ სისტემას არ ძალუძს თქვენი გულიდან ქრისტეს სიყვარულის ამოგლეჯა. თვით დაპატიმრებულ ქრისტიანსაც კი ქრისტეს სიყვარული თან მიჰყვება და საპატიმროშივე აძლიერებს. ამის უბრწყინვალეს მაგალითებს ვპოულობთ ქრისტიან მოწამეთა ცხოვრებაში, რომელთაც საშინელ და გაუსაძლის პირობებში ამყოფებდნენ, მაგრამ ისინი მაინც ქრისტეს ერთგულნი რჩებოდნენ და მოწამეობრივ გვირგვინებს იწნავდნენ. ამიტომ ჩვენი წინააღმდეგობის ძალა ქუჩის პროტესტებსა და შეიარაღებულ გამოსვლებში კი არ მდგომარეობს, არამედ ლოცვასა და მარხვაში, საკუთარი სულისკვეთების გაძლიერებაში, მხნეობის მოპოვებაში, რასაც ქრისტესადმი რწმენა და სიყვარული მოგვცემს. მოციქული პავლე ბორკილდადებული, ნესტიან მიწაზე მწოლიარე ლოცულობდა ქრისტეს მიმართ და გაიმარჯვა. დიახ, საპატიმრო და ბორკილები სულაც არ არის მომხიბლავი პერსპექტივა, მაგრამ ვერაფერს გავაწყობთ, ასეთია ქრისტიანთა ხვედრი ამ ქვეყანაზე. განა ჩვენს წინაპრებს არ გადაუტანიათ უმძიმესი შემოსევები, უმძიმესი ცხოვრებისეული პირობები, რომელთაც დამპყრობლები ქმნიდნენ, მაგრამ რა? - ქრისტიანობა დღემდე სწორედ მლოცველი და მტკიცე რწმენის მქონე ადამიანების ძალისხმევით არსებობს, რადგან სწორედ მათნაირთ შეეწევა ქრისტე, მათ ლოცვებს არ უგულებელყოფს და ყოველთვის, აღთქმისაებრ შეეწევა მათ რთულ ვითარებებში.

სამწუხაროდ ეს აზრი შეიძლება მრავალმა უარყოს, რადგან ადამიანთა უმრავლესობა მიეჩვია კომფორტულ ცხოვრებას; ადამიანები ცხოვრებას ბედნიერად და შემდგარად მიიჩნევენ მაშინ, როდესაც აქვთ ჯანმრთელობა და მატერიალური კეთილდღეობა, როდესაც არ შიათ, არ სწყურიათ, აცვიათ და ახურავთ, გააჩნიათ სახლ-კარი და არ დარდობენ, თუ სად გაათენონ ესა თუ ის ღამე, მაშინ როდესაც, ძალიან ხშირად ეს ყველაფერი ჩვენს მართლმადიდებელ წინაპრებს ოცნებაშიც კი ვერ წარმოედგინათ და გამუდმებულ გაჭირვებაში იყვნენ.

მეტიც, კეთილდღეობა იმ გაგებით, როგორც დღეს გვესმის, სულ ცოტა ხნის წინ არც კი არსებობდა... ადამიანები უმუშევრები, მშივრები და მწყურვალები იყვნენ, განიცდიდნენ ათასგვარ შეჭირვებას და სნეულებებს, რომელთა გამო ასობით და ათასობით ადამიანი იხოცებოდა... ამიტომაც, მივეჩვიეთ რა ასეთ უზრუნველ ცხოვრებას, მასთან განშორებისას ძლიერ დისკომფორტს განვიცდით, რაც უეჭველად აისახება ჩვენს შინაგან, სულიერ განწყობაზეც. დღეს გაფიქრებაც კი გვზარავს იმაზე, თუ როგორ შეიძლება ეს ყველაფერი დავკარგოთ და სრულიად გავღატაკდეთ; გაფიქრებაც კი გვზარავს იმაზე, რომ შეიძლება დადგეს დღე, როდესაც არჩევანის წინაშე დაგვაყენებენ და გვეტყვიან - ან ანტიქრისტე და კეთილდღეობა - ან ქრისტე და სიკვდილი.

დიახ, ამგვარი არჩევანის დღე დადგება და ღმერთმა მოგვცეს ძალა, რომ ავირჩიოთ ქრისტე, მასთან ერთად კი მარადიული სიცოცხლე. მაგრამ ამის მისაღწევად, ამქვეყნიური ღვაწლის პირობებში, არ უნდა დავკარგოთ საღი აზროვნება და შევიგნოთ - ყოველთვის და ყველგან როდი აქვს აზრი პროტესტს. გარკვეულ შემთხვევაში პროტესტი საჭიროა, მაგრამ გარკვეულ შემთხვევებში - ის უაზრობაა.

მაგალითად, უაზრობაა ადამიანური ძალისხმევით დაუპირისპირდე მსოფლიო ანტიქრისტიანულ წესრიგს და ანტიქრისტეს მოსვლის წინააღმდეგ გამოხვიდე, რადგან ის ღმრთის განგებულებით არის დაშვებული. თუ ანტიქრისტეს წინააღმდეგ ბრძოლაზეა ლაპარაკი, ის მხოლოდ ქრისტიანული მეთოდებით, სულიერი დაუმორჩილებლობით არის შესაძლებელი. ჩვენი დაუმორჩილებლობა, რომელიც შეიძლება სიცოცხლის ფასადაც კი დაგვიჯდეს, მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა გამოვლინდეს, როდესაც ბილწი და ბნელი ძალები ქრისტესა და მისი მცნებების უარყოფას მოგვთხოვენ. ამ შემთხვევაში ჩვენი არჩევანი მკაფიოდ ქრისტეს მხარეს უნდა იდგეს, რადგან მხოლოდ ის არის ჩვენი სულების მაცხოვარი. ხოლო ელექტრონული პასპორტები, პირადობის თუ მართვის მოწმობები, - სულის ცხონებისთვის არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენენ. თანაც, რა უნდა იყოს ამ ელექტრონულ პასპორტებში ისეთი, რაც არ გვაქვს მობილურ ტელეფონებში?

დღეს იშვიათია ადამიანი, ვისაც ანდროიდი ან სმარტფონი არ ჰქონდეს. მაშ, რა შეიძლება იყოს ელექტრონულ პასპორტში ისეთი, რაც შეუძლებელია იყოს ანდროიდში ან სმარტფონში? ძალიან გვიჭირს ამისი ახსნა, რადგან ფაქტობრივად ამგვარი განსხვავება არ არსებობს. მეტიც, კონტროლის თვალსაზრისით, მობილური ტელეფონები (მიუხედავად მათი განსხვავებული სისტემებისა) უფრო საშიშნი არიან ვიდრე ელექტრონული პასპორტები.

თქვენი სმარტფონით თქვენგან დაუკითხავად შეუძლიათ მოგისმინონ, გითვალთვალონ, თვალყური მიადევნონ თქვენს გადაადგილებას და ადვილად გაარკვიონ თქვენი ადგილსამყოფელი; თქვენი სმარტფონები და მათში დაინსტალირებული პროგრამები სავსეა ინფორმაციით თქვენზე, რომელიც მობილურის მწარმოებლებს (მათი მეშვეობით კი სპეცსამსახურებს) საკუთარი ნებითვე მიაწოდეთ; მობილურზეა მიბმული თქვენი საბანკო ანგარიშები, თქვენი დანაზოგები; თქვენი მობილურებით უკვე მიღებული გაქვთ იმისი მაქსიმუმი, რაც კი არის საჭირო სათვალთვალოდ. ელექტრონულ პასპორტებს კი ამისი არანაირი შესაძლებლობა არ გააჩნიათ. ასე რომ, რაც გინდ იყოს ელექტრონულ პასპორტში, ის ვერაფრით შეედრება ინფორმაციისა და თვალთვალის იმ დონეს, რაც მობილურ ანდროიდებსა თუ სმარტფონებს გააჩნიათ.

პასუხები მართლმადიდებლურ წყაროებზე დაყრდნობით მომზადებულია საიტ "აპოკალიფსისის" ადმინისტრაციის მიერ.

გაგრძელება იქნება.
Назад к содержимому