პუბლიკაციები - მეორე დიდი ცოდვა, რომელიც ანგრევს ღმრთის ჩანაფიქრს ადამიანზე - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > პუბლიკაციები
მეორე დიდი ცოდვა, რომელიც ანგრევს ღმრთის ჩანაფიქრს ადამიანზე
და სამართლიანი შურისგებისკენ მოუწოდებს
წმ. იერემია წინასწარმეტყველი
ზემოთ ფოტოზე: იერემია იერუსალიმის ნანგრევებზე (მხატვ. ედუარდ ბენდემანი)

ნაწილი მეორე
 
 
მეორე დიდი ცოდვა, რომელიც არ დარჩება ღმრთის სასჯელის გარეშე - არის სიძვა-მრუშობა.
 
ღმერთმა წინასწარმეტყველ იერემიას პირით ებრაულ საზოგადოებას (ძველაღთქმისეულ რჩეულ ერს) უთხრა:
 
"როგორ გაპატიებ ამას? შენმა შვილებმა მიმატოვეს მე და ცრუ ღმერთებს იფიცებენ. მე დავაფიცე ისინი, მათ კი გარყვნილება დაიწყეს და საროსკიპოებს მიაწყდნენ. ატეხილი, ნასუქარი ულაყები არიან, ერთიმეორის ცოლებს შეჭიხვინებენ. როგორ დავტოვო დაუსჯელნი, ამბობს უფალი, ასეთ სალხს როგორ არ მიაგოს სამაგიერო ჩემმა სულმა?" (იერ. 5:7-9)
 
იუდაურ სამეფოში ცხოვრების წესი, რომელზეც მოგვითხრობს წმიდა წერილი, ასეთია: პრაქტიკულად მთელი მოსახლეობა, რამოდენიმე ოჯახის გარდა, მიეცა სიძვა-მრუშობის ცოდვას.
 
ძნელია იმ ისტორიული რეალიებისა და იუდეის ამაზრზენი შინაგანი ცხოვრების წარმოდგენა, განსაკუთრებით იმისა, რაც სამეფოს დედაქალაქში - იერუსალიმში ხდებოდა.
 
ამ ცოდვამ დაანგრია ყოველი ნორმალური და ჯანსაღი ურთიერთობა ადამიანებს შორის. მაგრამ ყველაზე მთავარი - ოჯახის ინსტიტუტი ფაქტობრივად განადგურდა.
 
ოჯახი - საზოგადოების საფუძველია. ეს ბანალური სიტყვები, სინამდვილეში ნიშნავენ იმას, რომ ოჯახის გარეშე არ შეიძლება არსებობდეს ადამიანთა საზოგადოება.
 
თუკი ოჯახი ცალკეულ ადამიან-ატომებად, ერთმანეთისგან გაუცხოვებულ ინდივიდუუმებად დაიშლება, რომლებიც მხოლოდ სიამტკბილობაზე ფიქრობენ და მოითხოვენ თავიანთ უფლებებსა და წარადგენენ პრეტენზიებს, ეს უკვე ოჯახი აღარ არის.
 
ოჯახი - ეს არის "თესლი", ხოლო თესლი მოდგმის გასაგრძელებლად, აღმოსაცენებლად და შვილების გასაზრდელად ითესება.
 
შიდასაოჯახო ცხოვრება დაკავშირებულია სიყვარულის საკვრელებით, ხოლო სიყვარული - ეს არის კავშირისა და ერთობის ძალა.
 
თუკი ოჯახს ეს ძალა აერთიანებს, მაშინ შეუძლებელი გახდება მისი დაყოფა ცალკეულ პერსონებად და თავმოყვარე ინდივიდებად.
 
ოჯახი - ეს არის ერთეული მრავალ პიროვნებათა შორის, - ეს არის მთლიანი ორგანიზმი, რომელიც მრავალი უჯრედისგან შედგება, ამასთან, რაც უფრო მეტია უჯრედთა რაოდენობა, მით უფრო სრულყოფილია და თვითკმარია ორგანიზმიც.
 
მართლმადიდებლური ეკლესიის წმიდა მამები, ოჯახს მცირე ეკლესიას უწოდებენ, რომელიც არის სხეული მრავალ წევრთან ერთად. ასეთია უფლის ჩანაფიქრი ადამიანებზე.
 
ასევე ნათქვამია: "ამიტომაც მიატოვებს კაცი დედ-მამას და მიეწებება თავის დედაკაცს, რათა ერთხორცად იქცნენ" (დაბ. 2:24).
 
მაგრამ სიძვა-მრუშობის ცოდვა განყოფს ადამიანებს და ოჯახიც ინგრევა, საზოგადოება ცალკეულ ინდივიდებად იყოფა, რომლებიც ძირითადად ეგოისტებისგან შედგება. მაგრამ, თუკი ინგრევა ოჯახი, მაშინ საზოგადოებაც წყვეტს არსებობას.
 
სიძვა-მრუშობის ცოდვა - ეს არის დანაშაული სიყვარულის წინაშეც და ოჯახის წინააღმდეგაც. ეს არის დანაშაული ახლობელ ადამიანთა მიმართ, მეგობართა და კოლეგათა მიმართ, თანამემამულეთა და მთლიანობაში ადამიანური საზოგადოების მიმართ.
 
მამაკაცი, როდესაც ხელყოფს მეგობრის ან კოლეგის მეუღლეს, ასევე ქალი, როდესაც აცდუნებს მეგობრის ან მეზობლის მეუღლეს, იუდასეული ამბორისა და ღალატის აღმასრულებელია. მემრუშეებს არა აქვთ ჭეშმარიტება, მათთვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს - ერთგულებას, მოვალეობას, პატივს...
 
თუკი ცოლ-ქმარი უუნარონი არიან უერთგულონ ერთმანეთს, ეს ადამიანები არასოდეს იქნებიან ღმერთის ერთგულნი, მაშინაც კი, მათ გვერდით აშკარა სასწაულებიც რომ ხდებოდეს.
 
ამის შესახებ ბრძანებს სწორედ იგავი მდიდარსა და ლაზარეზე: "თუკი მოსეს და წინასწარმეტყველთ არ უსმინეს, მკვდრეთითაც რომ აღდგეს ვინმე, არც მას ერწმუნებიან" (ლკ. 16:31).
 
სიძვა-მრუშობის ვნება - ეს არის სულის არაბუნებრივი მდგომარეობა, სწრაფი მოძრაობა ჯოჯოხეთისკენ, მოკლე გზა ხორციელი სიკვდილისკენ და მარადიული წყვდიადისკენ. შემთხვევით როდი უწოდებს ეკლესია მემრუშეობას მომაკვდინებელ ცოდვას. მაგრამ თუკი ერთი ადამიანი მოკვდება მარადიული ცხოვრებისთვის, - ეს, რა თქმა უნდა, ტრაგედიაა, ხოლო როდესაც მთელი საზოგადოება იღუპება, კარგავს ზნეობას, არ ღირს ამაში ღმერთის დადანაშაულება.
 
ყველაზე მეტად საღმრთო შურისგებისკენ ღაღადებს ის, რომ ადამიანები სიძვა-მრუშობას და გამცემლობას სიყვარულს უწოდებენ, ბოროტებას და სიცრუეს - სიკეთეს, ცოდვას და სიკვდილს - სიცოცხლეს...
 
საშინელია, როდესაც ცოდვა ნორმად იქცევა და პატივის პიედესტალზე აიყვანება; როდესაც ხდება მისი პოეტიზირება, უმღერენ, აღამაღლებენ პროზაში, პროპაგანდას უწევენ სოციალურ ქსელებსა და ტოკ-შოუებში...
 
როდესაც ოჯახის ინსტიტუტი დარღვეულია და ცოდვით გარყვნილ საზოგადოებაში ირევა სიკეთისა და ბოროტების ცნებები, ჩნდება ღირებულებათა გარყვნილი სისტემის მქონე თაობა, რომლისთვისაც სიკეთე მხოლოდ სიამტკბილობა და დიდებაა, - ეს უკვე მთელი ერის კატასტროფა ხდება.
 
ასეთი თაობა უკვე ვერ არის შემძლე გაარჩიოს რა არის ჭეშმარიტება და რა - სიცრუე. ასეთი თაობა ვერ მოისმენს ქადაგებას ქრისტეს შესახებ და ვერ აღიქვამს ღმრთის სიტყვას.
 
და აი, იმათ გადასარჩენად, ვინც ჯერ კიდევ გამოსწორების შემძლეა, ადამიანთა სიცოცხლეში ერევა ღმერთი, რომელიც, დაოსტატებული ქირურგივით აღმოკვეთს ავთვისებიან სიმსივნეს... სწორედ ეს მოხდა იერუსალიმში წინასწარმეტყველ იერემიას მოღვაწეობისას.


 
საიტი "აპოკალიფსისი". პუბლიკაცია მომზადებულია მართლმადიდებლური .წყაროების. მიხედვით.
Назад к содержимому