პუბლიკაციები - ბოლო ჟამის შესახებ – XIV საუკუნის ბიზანტიური ხელნაწერი - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > პუბლიკაციები
ბოლო ჟამის შესახებ – XIV საუკუნის ბიზანტიური ხელნაწერი
უკანასკნელი ჟამი
…ნეტარი ბერი იმასაც ამბობდა, რომ საშინელი ჟამი ახლოვდება. ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მტრები დაიპყრობენ ჩვენს მიწა-წყალს და დიდი ეკლესია (აია სოფია) აღარ იქნება ღვთის ტაძარი. დიდი უბედურებები დაატყდება რომეების (ბერძნების) მიწას და იგი შეწყვეტს არსებობას ღვთის დიდი განგებულებით. კვდებიან ცალკეული ადამიანები, კვდებიან ქალაქები, კვდებიან მთელი ერებიც, რამეთუ არაფერია ამ ცისქვეშეთში მუდმივი, გარდა მარადიული ღვთის ხატად და მსგავსად შექმნილი ადამიანის მარადიული სულისა. დასავლეთის ქრისტიანების დახმარების იმედი ნუ გექნებათ, – იმის მოლოდინით, რომ ისინი იარაღს აიღებენ და აღდგებიან საერთო ქრისტიანული მემკვიდრეობის დასაცავად. ნუ ელით, რადგან დასავლეთის ქრისტიანები არ არიან ქრისტიანები. ისინი წარმართები არიან.

…ეს ჯერ კიდევ არ იქნება ქვეყნის აღსასრული. იგი მოგვიანებით მოიწევა, და მისი ჟამი ღვთის ხელშია, იმავდროულად – ადამიანთა ხელშიც. საყოველთაო მკის ნამგალს ღმერთი მაშინ გამოგზავნის, როდესაც ადამიანთა სიბოროტე სიმწიფის საზღვარს მიაღწევს. სანამ ქვეყნად ბოროტ ადამიანებთან ერთად მართალნიც ცხოვრობენ და სანამ დგას ქრისტეს ეკლესია, რომელსაც “არა შეუგინებიეს სამოსელი მისი” (გამოცხ. 3,4), მანამდე ქვეყანაზე ბოროტება ვერ მომწიფდება. ხოლო როდესაც აღარ იქნებიან მართალნი და ბოროტების ოკეანე მთელ მსოფლიოს დატბორავს, მაშინ მოიწევა ქვეყნის აღსასრული, იგი დაიწვება და გაქრება, რათა გარდაისახოს ახალ, სრულყოფილ ქვეყნად, რომელშიაც სიმართლე მკვიდრობს (2 პეტ. 3,9-12). ყველა უბედურება, რაც კი ყოფილა ქვეყანაზე, ვერ შეედრება იმას, რაც ბოლო ჟამს იქნება. მაშინ დადგება მწუხარების ჟამი მთელ მსოფლიოში, ადამიანები შეიძულებენ ერთმანეთს, ერთმანეთის შიში ექნებათ, ადამიანი ადამიანს აღარ დაუჯერებს. უბედურებები უფრო საშინელი უბედურებებით შეიცვლება, შიში – შიშით, საშიშროება – საშიშროებით, ტკივილი – ტკივილით, მწუხარება – მწუხარებით. მაგრამ ადამიანები გონს ვერ მოეგებიან და არ შეუვრდებიან ღმერთს, რომელსაც ძალუძს მათი გადარჩენა. პირიქით, ამ მწუხარებებს ის მოყვება, რომ ყოველგვარი სულიერი ცხოვრება განქარდება: ადამიანი იმდენად იქნება გაბოროტებული, გაქვავებული, დაბნელებული და შთანთქმული ერთადერთი საზრუნავით – როგორმე იარსებოს, რომ სულიერი ცხოვრებისათვის აღარც ნებისყოფა ექნება, აღარც ადგილი გულში, და აღარც სულიერი ცხოვრების მასწავლებლები იქნებიან, რადგან ისინიც წუთისოფელს აედევნებიან და ღვთის ეკლესიები ზოგი ცარიელი იქნება, ზოგი დანგრეული, ზოგიც სულიერად შებილწული უღირსი მწყემსმთავრებისა და მწყემსების მიერ. უბედურებებისა და ქაოსის ქარ-ცეცხლში ქვეყნად ანტიქრისტე გამოცხადდება. ის მოვა როგორც დამამშვიდებელი და დამაწყნარებელი, კეთილი მმართველი, რომელსაც ძალუძს მსოფლიოს მოწესრიგება. სინამდვილეში ის იქნება ყველაფრის მტერი, ყოველგვარი სიკეთის მოძულე, ტირანი და ბოროტმოქმედი, მისნაირი არც ყოფილა ქვეყანაზე და არც იქნება.

ყოველი ადამიანი აღრიცხული იქნება; არა მხოლოდ ყოველი საქმე და ცხოვრება, არამედ სიტყვაც და თვით სულიერი ცვლილებაც მუდმივი ზედამხედველობისა და სასჯელის ქვეშ იქნება, ისე, რომ ადამიანი შიშისაგან ფიქრსაც კი გადაეჩვევა, რომ მის სახეზე უნებურად არ აისახოს ისეთი რაიმე, რაც მსოფლიო მმართველის, ანუ ანტიქრისტეს ხელმწიფებას არ ეთანხმება. ყოველგვარი შრომა, ყოველი გოჯი მიწა და ხორბლის მარცვალი ანტიქრისტეს ძალაუფლების ქვეშ იქნება.

მოიწევა სტიქიური უბედურებები და მეტისმეტ სიცხეს მეტისმეტი სიცივე შეცვლის, გვალვას წყალდიდობები; საშინელი გრიგალები დიდ ნგრევას გამოიწვევს; ვულკანების ამოფრქვევა, მიწისძვრები, სნეულებები ადამიანებში, ცხოველებსა და მცენარეებში, დედამიწის მაცხოვრებლებს თავზარს დასცემს და სასოწარკვეთილებაში ჩააგდებს. მიწის ნაყოფიერება და მისი დამუშავება აღარ იქნება ღვთისგან ნაკურთხი და ამიტომ საშინელი შიმშილი და ყოველმხრივ სრული სიმწირე დაისადგურებს. მხოლოდ “მხეცის” ნიშნის (ანუ სატანის ნიშნის) მიმღებთ ექნებათ უფლება იარსებონ გარკვეულ დრომდე, თუმცაღა ყველაზე უფრო მონურ და დამცირებულ პირობებში, უკიდურეს სიღატაკეში და ღვთისგან ადამიანისთვის მინიჭებული ღირსების შელახვით. ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ქრისტეს სახელი სრულიად აღიხოცოს ადამიანის გულიდან. ჭეშმარიტად ჯოჯოხეთური სამეფო დაისადგურებს დედამიწაზე. ღვთის ადამიანები ძალიან მცირედნი შემორჩებიან. დადგება ჯოჯოხეთის მეუფება დედამიწაზე…

ქრისტეს ეკლესია სასტიკად იქნება დევნილი, რათა სრულიად აღიგავოს მიწის პირისაგან, რადგან სანამ მადლმოსილი მღვდლის მიერ საღვთო წირვა აღესრულება, დედამიწაზე ეშმაკის მეფობა ვერ აღსრულდება. ყოველი საღვთო ლიტურგია არის ღვთის მყოფობა დედამიწაზე და უწყება ქრისტეს გამარჯვებისა ეშმაკსა და სიკვდილზე. ქრისტეს ეკლესიის დევნა იქნება აშკარაც და ფარულიც, საიდუმლო და ხილული, კერძო და საყოველთაო, ყველგან და ყველანაირად. იქნება მოწამეთა გარკვეული რიცხვი, რომელიც მხოლოდ ღმერთმა იცის. მაგრამ იქნება მრავალი განდგომილიც, რომლებიც მხეცის ნიშანს მიიღებენ. ამ განდგომილებს, – სუსტებს, უვარგისებს, დიდი ხანია ამზადებდნენ ბოროტი ძალები. ისინი მრავალი საუკუნის განმავლობაში უთხრიდნენ ძირს ქრისტეს ეკლესიას. მაგრამ იცოდე, ჯოჯოხეთის ყველაზე მძლავრი ძალები, “ბჭენი ჯოჯოხეთისანი”, ვერ მოერევიან ეკლესიას (მათ. 16,8), რომელში ყოფნაც აღგვითქვა უფალმა ქრისტემ ქვეყნის აღსასრულამდე (მათ. 28,20). ეს ეკლესია დაუნდობლად იქნება დევნილი და დაიმალება გამოქვაბულებში, უფსკრულებში და უდაბნოებში, მის მსახურებზე ღვთის მადლი იქნება დავანებული, და ღმერთი არ დაუშვებს, რომ დიდმა მტერმა მოსპოს ისინი. ძმანო, დაუკვირდით ქვეყნის აღსასრულის ნიშნებს, რომლებიც ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ, მისმა წინასწარმეტყველებმა და მოციქულებმა განგვიცხადეს, და ნუ მოუძლურდებით ღვთისადმი სასოებაში.

წყარო: "Размышление смиренного сердца" , перевод Амвросия Погодина, М. 1991 // martlmadidebloba.ge

https://zneoba.ge/7680/?fbclid=IwAR3AnQ1ovX-VxnXwFprvHyDFm4qWfTPNaMrxuJP7O0SSTarQDuCLepQsl_M
Назад к содержимому