პუბლიკაციები - ბიბლიური კანონები ომის შესახებ - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > პუბლიკაციები
ბიბლიური კანონები ომის შესახებ
საომარი მოქმედებები
ავტორი: დეკ. ოლეგ სტენიაევი.
 
 
შინაარსი:
 
 
შენთანაა უფალი, შენი ღმერთი
 
ვის იწვევდნენ სამხედრო სამსახურში
 
შესთავაზე მშვიდობა
 
უფალი ყველაზე ზრუნავს
 
რატომ ვერ ააშენა დავითმა ღმრთის ტაძარი


***
რა არის ბიბლიაში ნათქვამი ომზე? უფლის მცნებების თანახმად, ვინ შეიძლება გაწვეულ ყოფილიყო სამხედრო სამსახურში, და ვინ არა? რატომ ატარებდნენ კაზაკები საყურეებს? რატომ არ მისცა ღმერთმა დავითს ტაძრის აშენების უფლება? და რატომ აძლევდნენ ეპითიმიას ომიდან დაბრუნებულ ჯარისკაცებს?
 
 
შენთანაა უფალი, შენი ღმერთი
 
ბიბლიაში ნათქვამია: როცა გახვალ შენს მტრებთან საომრად და დაინახავ ცხენებს, ეტლებსა და შენზე მრავალრიცხოვან ხალხს, ნუ შეგეშინდება მათი, რადგან შენთანაა უფალი, შენი ღმერთი, ეგვიპტის ქვეყნიდან შენი გამომყვანი. ბრძოლის მოახლოებისას მოდგეს მღვდელი და ელაპარაკოს ხალხს, უთხრას: ისმინე, ისრაელო! ახლა ებმები ბრძოლაში შენს მტრებთან. ნუ დაგიძაბუნდებათ გული, ნუ შეშინდებით, ნუ შედრკებით, ნუ დაფრთხებით მათ წინაშე. რადგან უფალი, თქვენი ღმერთი, მოგყვებათ საბრძოლველად თქვენს მტრებთან, რომ გიხსნას თქვენ (მეორე სჯული 20:1-4).
 
როდესაც ერი წააწყდება სამხედრო კონფლიქტის გარდაუვალობას, ეკლესიას შეუძლია და ვალდებულიც არის მისცეს თავისი კურთხევა. მაგრამ სამხედრო მოსამსახურეთა საეკლესიო კურთხევა - ეს არის მთელი რიგი შეზღუდვების დაწესება მათთვის. ჯარისკაცებს უფლება არა აქვთ იარაღი გამოიყენონ უიარაღო ადამიანების, მშვიდობიანი მოსახლეობის, ქალების, ბავშვების და მოხუცების წინააღმდეგ. ომში იარაღი გამოყენებულ უნდა იქნას მხოლოდ იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც უშუალოდ თავს ესხმიან ჯარისკაცებს და ვისგანაც უშუალოდ მომდინარეობის სასიკვდილო საფრთხე.
 
 
ვის იწვევდნენ სამხედრო სამსახურში
 
ომში გაწვევის პრინციპი, რომელიც გადმოცემულია ძველ აღთქმაში, უფრო ჰუმანურია, ვიდრე დღევანდელი კანონები
 
ომში გაწვევის პრინციპი, რომელიც გადმოცემულია ძველ აღთქმაში, რაც გინდ უცნაურად გვეჩვენებოდეს, უფრო ჰუმანურია, ვიდრე ის წესი და რიგი, რომელიც დღეს არსებობს მთელ მსოფლიოში.
 
ჩვენი ყურადღება კვლავ მივაპყროთ მეორე სჯულთა წიგნს: რჯულისკაცებმა კი ასე უთხრან ხალხს: ვინც ახალი სახლი ააშენა და არ გაუნათლავს, წავიდეს და შინ დაბრუნდეს, რომ ბრძოლაში არ მოკვდეს და სხვამ არ განათლოს იგი (მეორე სჯული 20:5). რაზეა აქ ლაპარაკი? სახლი - ოჯახია, ხოლო ოჯახი - მეუღლეობა, ცოლი, შვილები. მან, ვინც ახალი სახლი ააშენა, - შექმნა ოჯახი. სახლის განახლება ნიშნავს მის აღვსებას, ცხოვრების დაწყებას ცოლთან და შვილებთან ერთად, საკუთარი მეურნეობის შექმნას. მაშასადამე ომში არ იწვევდნენ ადამიანს, რომელსაც ჯერაც არ შეექმნა ოჯახი, რომელსაც ჯერ კიდევ არ უგემია სიყვარული, არ უგემია მამობის სიხარული. 18-19 წლის ყმაწვილებს, ღმრთის სჯულით, ომში არ იწვევენ. მაშინ როდესაც, თანამედროვე საომარ მოქმედებებში მონაწილეობას იღებენ 18 წლის მოუმზადებელი მოზარდები და მათ სასტიკი და სისხლისმღვრელი შეტაკებებისკენ აგზავნიან. ეს საშინელებაა.
 
შემდეგ ბიბლიაში ვკითხულობთ: ვინც ვაზი დარგო და ვერ მოიწია, წავიდეს და შინ დაბრუნდეს, რომ ბრძოლაში არ მოკვდეს და სხვამ არ მოიწიოს იგი (მეორე სჯლ. 20:6). ნახეთ როგორი ჰუმანური კანონია! ადამიანმა ვაზი უნდა ჩაყაროს, მოიწიოს პირველი მოსავალი, მოამზადოს ახალი ღვინო, დალიოს მეგობრებთან ერთად, იმღეროს და იმხიარულოს... შემდეგ მას შეუძლია ომშიც წავიდეს. ხოლო მან, ვისაც ჯერ კიდევ არ შეუქმნია ოჯახი, არ აუშენებია სახლი, ვაზი არ ჩაურგავს, ცხოვრება არც ესმის, და არ იცის სად რა არის. ის ჯერ კიდევ საკმაოდ უმწიფარია და უცოდინარი, ამიტომ სისატიკედ მიიჩნეოდა ამგვარი ადამიანის ომში გაწვევა და სასიკვდილოდ გაწირვა. ბიბლიური კანონების მიხედვით, ადამიანი ომში შეიძლება გაიწვიონ 21 წლიდან 50 წლის ასაკამდე.
 
ვინც ქალი დანიშნა და არ მოუყვანია, წავიდეს და შინ დაბრუნდეს, რომ ბრძოლაში არ მოკვდეს და ქალი სხვამ არ წაიყვანოს (მეორე სჯლ. 20:7). მამაკაცმა უნდა იგემოს ქალის სიყვარული, შეიყვაროს თავისი ცოლი, იხილოს თავისი შვილები, გახდეს მამა. როგორც ცნობილ გამონათქვამშია: კაცმა უნდა ააშენოს სახლი, დარგოს ხე, დაბადოს შვილი, მხოლოდ მაშინ არის კაცი შემდგარი. და დამიჯერეთ: მეოჯახე ადამიანები, ანუ ისინი, ვინც ცხოვრებაში შედგნენ და "დაღვინდნენ", ყოველთვის უკეთ ომობენ.
 
როდესაც დიდი სამამულო ომი დაიწყო, პირველ გაწვევაში მოხვდნენ 18 წლის კომკავშირელები, ისინი ყველანი დაიღუპნენ. მაშინ დაიწყეს 40-50 წლის მამაკაცთა გაწვევა, რომელთაც ჰყავდათ ოჯახები, შვილები, ვიღაცას შვილიშვილებიც კი, და ვითარება რადიკალურად შეიცვალა. სხვათა შორის, ესენი ჯერ კიდევ რევოლუციამდე სწავლობდნენ დაწყებით სკოლებში. ყველა მათგანი ცხოვრების მცოდნე ადამიანი იყო. ბერლინი აიღეს 40-50 წლის მამაკაცებმა, და არა ბიჭუნებმა, რომლებსაც ჯერ ცხოვრებისეული გამოცდილება არც ჰქონიათ. ადამიანმა უნდა იცოდეს, რას და რისთვის სწირავს თავის სიცოცხლეს.
 
კვლავ მივმართოთ მეორე სჯულის წიგნს: კიდევ ელაპარაკონ რჯულისკაცები ხალხს და უთხრან: ვინც მშიშარაა და გულით ძაბუნი, წავიდეს და შინ დაბრუნდეს, რომ მოძმეებსაც არ დაუძაბუნოს გული თავისავით (მეორე სჯლ. 20:8). როგორც ვხედავთ, მშიშრებსაც არ იწვევდნენ ომში და გასაგებია რატომაც: რათა მათ სიმხდალეს გავლენა არ ჰქონოდა ომში მიმავალ ვაჟკაცთა შემართებაზე.
 
ამრიგად, ღმრთის სჯულით, ომში უნდა იწვევდნენ იმ ადამიანებს, რომლებიც უკვე ცხოვრებისეულად შედგნენ, რომლებმაც იციან და ესმით, რატომ იღებენ ხელში იარაღს, რისთვის იბრძვიან, რას და ვის იცავენ.
 
 
შესთავაზე მშვიდობა
 
ომი უნდა დაიწყოს მშვიდობის შეთავაზებით
 
მაგრამ, ყველაზე საინტერესოა ის, რომ ნებისმიერი ომი, ღმრთის სჯულით, იწყებოდა მტრისადმი მშვიდობის შეთავაზებით. ბიბლიაში ნათქვამია: ქალაქს რომ მიუახლოვდებით საბრძოლველად, ზავი გამოუცხადე მას.  თუ ზავზე დაგთანხმდა და შეგიშვა, მთელი ხალხი, ვინც იქ იქნება, შენს ბეგარას დაიდებს და გემსახურება (მეორე სჯლ. 20:10-11). აქ ლაპარაკია კონტრიბუციაზე, მაგრამ, როგორც წესი, მიდიოდნენ სხვა ქალაქების ასაღებად, რადგან მტერი თავს ესხმოდა და აპარტახებდა საკუთარს, მშობლიურს და საჭირო იყო წეს-რიგისა და სამართლიანობის აღდგენა. მაგრამ ის, რომ ომი ბიბლიური წარმოდგენით უნდა დაიწყოს მშვიდობის შეთავაზებით, - გასაოცარი ფაქტია, რომელიც უნდა განიცადო და გაიაზრო. შესაძლოა, ჩვენს მხედართმთავრებს და მათ, ვინც სახელმწიფოს სათავეშია, დაფიქრება მართებთ ამ ბიბლიურ წესზე.
 
წმიდა წერილში ლაპარაკია იმაზე, რომ მეომარი ადამიანი უნდა უფრთხილდებოდეს თავის გარემომცველ სამყაროს. დღეს ანგარიშმიუცემლად ნადგურდება ბუნება. მეორე სჯულის წიგნი კი განგვიწესებს: თუ დიდხანს გექნება შემორტყმული ალყა ქალაქისთვის მის დასამარცხებლად და ასაღებად, ნუ გაანადგურებ მის ხეებს, ცულს ნუ აღმართავ მათზე, რადგან თუკი ჭამ მათ ნაყოფს, არც უნდა მოჭრა. რადგან მინდორში მდგარი ხე კაცი ხომ არ არის, რომ გაგეცალოს და ციხე-სიმაგრეში შეაფაროს თავი? (მეორე სჯლ. 20:19). არადა ლაპარაკია მტრის ტერიტორიაზე!
 
არსებობდა ასევე სანიტარული ხასიათის კანონებიც: ყოველ მეომარს უნდა ჰქონოდა ნიჩაბი, რათა, საკუთარი მოთხოვნილებების გასტუმრების შემდეგ ამოეთხარა ორმო, მასში ჩაეყარა განავალი და შემდეგ მიწით დაეფარა იგი. "რამეთუ უფალი ღმერთი თქუენ თანა არს" (მეორე სჯლ. 20:4).
 
ბიბლია ადამიანურ მრისხანებასა და სისასტიკესაც ზღვარს უწესებს. გადავშალოთ დაბადების წიგნი და წავიკითხოთ გასაოცარი სიტყვები, რომლებიც ითქვა იაკობის ორი ძის - ძმების სიმონისა და ლევის შესახებ: წყეულიმც იყოს მათი რისხვა, რადგან შეუპოვარია, და მათი გულისწყრომა, რადგან სასტიკია! დავაქუცმაცებ მათ იაკობში და მიმოვფანტავ ისრაელში! (დაბ. 49:7). ყოველგვარ მრისხანებას როდი იწონებს ღმერთი. შენ შეგიძლია განრისხდე, მაგრამ არა სისასტიკემდე. შენ შეგიძლია გაავდე, მაგრამ არა მხეცურ მძვინვარებამდე. ამის შესახებ ყოველთვის ახსოვდათ ადამიანებს, რომლებიც ომში თავიანთი მოქალაქეობრივი მოვალეობის მოსახდელად მიდიოდნენ.
 
 
უფალი ყველაზე ზრუნავს
 
ომიდან დაბრუნებულებს ადებდნენ ეპითიმიას: მათ ერთი წლიდან ორ წლამდე ზიარება ეკრძალებოდათ
 
საომარი მოქმედებების დროს ეკლესია არასოდეს ამბობდა უარს ჯარისკაცთა სულიერ მომსახურებაზე, მათ დაპურებაზე. კერძოდ, ყოველთვის იბარებდა მეომართა აღსარებას, აზიარებდა, ნათლავდა, თუკი ამის საჭიროება იდგა. მაგრამ ომის შემდეგ მათ ეძლეოდათ ეპითიმია: ზიარებისგან თავშეკავება ერთიდან ორ წლამდე. როგორიც გინდ ყოფილიყო ომი - ბიზანტიური ტრადიციის მიხედვით ეპითიმია სავალდებულო გახლდათ. რატომ? ომში არსებობს სიკვდილის საშიშროება, ჯარისკაცი ნებისმიერ მომენტში შეიძლება მოკვდეს - ამიტომ იბარებდნენ მათ აღსარებას და აზიარებდნენ, რათა სიკვდილს უზიარებელი არ შეხვედროდა. მაგრამ ეს ჯარისკაცი, ამავე დროს, სხვა ადამიანის სისხლს ღვრიდა, თუნდაც საკუთარი თავისა და მამულის დაცვის საბაბით, - და ეს უნებლიე მკვლელობა მაინც დანაშაულად ითვლებოდა, ცოდვად, რომელიც სინანულით უნდა განიწმონდოს. ამისთვის წესდებოდა ეპითიმია.
 
ებრაელ ერში, რომელიც ძველად გამუდმებით ომობდა მტრების წინააღმდეგ, შენარჩუნდა ძალიან ლამაზი გადმოცემა. როდესაც მოსემ ებრაელებთან ერთად გადალახა მეწამული ზღვა, უკან მოიხედა და ზღვის ტალღებში ეგვიპტელები დაინახა: მათი სხეულები წყალში ტივტივებდნენ, ზოგი მათგანი ნაპირზეც გამოირიყა. მოსე სიხარულისგან შეკრთა და ტაში დაუკრა. მაგრამ ღმრთის ხმამ მას უთხრა: რა გიხარია მოსე? ეს ჩემი შვილები დაინთქნენ ზღვაში". ასე ითქვა იმიტომ, რომ ღმერთისთვის ეგვიპტელებიც და ებრაელებიც, თურქებიც და რუსებიც, ჩეჩნებიც და ნებისმიერი სხვა ერიც - მისი ერია, მისი შვილებია. ღმერთი ზრუნავს ყოველ ადამიანზე, მისი ეროვნებისა და კანის ფერის მიუხედავად. ღმერთს ყველასთვის სიკეთე სურს. ის ზრუნავს ველურ ცხოველებზე, მინდვრის ბალახზე და ცის ფრინველებზე - ის ზრუნავს მთელ თავის ქმნილებაზე.
 
თუკი ადამიანი იძულებით მიდის ომში - ეს ყოველთვის უკიდურესი ზომაა. და მან უნდა იცოდეს, თუ როგორი პრინციპებით უნდა იმოქმედოს ამ დროს. ჩვენმა წინაპრებმა ეს იცოდნენ. მაგალითად, კაზაკებში გათვალისწინებული იყო ადამიანის მოდგმითი სტატუსი. ამაზე უთითებდა ... საყურე. თუკი ადამიანს (კაზაკს) მარცხენა ყურში ერთი საყურე ჰქონდა, ეს ნიშნავდა, რომ ეს კაზაკი დედისერთაა; თუკი საყურე ჰქონდა მარჯვენა ყურში, მაშინ - ის მისი გვარის ბოლო წარმომადგენელია - უკანასკნელია მოდგმაში, სადაც უკვე აღარ იყო გვარის გამგრძელებელი მამაკაცთა მხრიდან. თუ კაზაკს ორი საყურე ეკეთა - მაშასადამე, ის თავისი მშობლების ერთადერთი შვილია. როდესაც კაზაკების შეკრება იმართებოდა, ატამანს, ამ განმასხვავებელი ნიშნების მიხედვით ყოველთვის შეეძლო გაეგო, ვისი გაგზავნა შეიძლებოდა პირველ შეტაკებაზე და ვისი არა, რათა დაეცვა დედისერთა შვილი, რომ მოხუც ქალს სიბერეში მომვლელი არ მოჰკლებოდა; ხოლო გვარის უკანასკნელ მამაკაცს - გვარის გაგრძელების შესაძლებლობა ჰქონოდა.
 
სხვათა შორის, მსგავსი წესები ძველ ბერძნებსაც ჰქონდათ. გავიხსენოთ 300 სპარტანელი. ჰეროდოტე ჰყვება, რომ მეფე ლეონიდემ თქვა: "ამ საქმეში შეიძლება დაიღუპნონ მხოლოდ ის სპარტანელები, რომლებსაც შვილები ჰყავთ". მოციქულ პავლეს თქმით აი ეს საღმრთო კანონები გაუხსნა ღმერთმა წარმართებსაც, რომ წარმართთათვის სჯული მათ გულებშია ჩაწერილი.
 
ჩვენ ყოველთვის უნდა ვიხელმძღვანელოთ ღმრთის მცნებებით - ვიცხოვრებთ მშვიდობიან პერიოდში თუ ვაწარმოებთ საომარ მოქმედებას: ღმრთის სჯული - ყველა ვითარებისთვისაა. წმიდა წერილი - ეს არის უფლის მითითება მოქმედებისკენ.
 
 
რატომ ვერ ააშენა დავითმა ღმრთის ტაძარი
 
ომი - ყოველთვის არის ადამიანის უძლურებისა და ცოდვით დაცემულობის დემონსტრირება
 
ასევე მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ თუმც ეკლესიას შეუძლია საომრად წამსვლელი ადამიანების კურთხევა, თვით ომი, - ეს, რა თქმა უნდა, ყოველთვის ცუდია, ეს არის ადამიანის უძლურებისა და ცოდვით დაცემულობის დემონსტრირება. მოვიტან ისტორიას, რომელიც ჩაწერილია მეფეთა 1-ელ წიგნში. იყო მდიდარი კაცი სახელად ნაბალი, რომელსაც დიდი მეურნეობა ჰქონდა. და აი, დავითმა მასთან წარაგზავნა ელჩობა, რათა მისალმებოდა მას. მაგრამ ნაბალი მას უხეშად მოექცა, და დავითმა მისი მახვილით მოწყვლა გადაწყვიტა. მეფის გული რომ მოელბო, მასთან ნაბალის მეუღლე მივიდა, მიუტანა მას მრავალგვარი ნაყოფი და დავითს ასეთი სიტყვებით მიმართა: აპატიე დანაშაული შენს მორჩილს, ნამდვილად მტკიცე სახლს დაუმყარებს უფალი ჩემს ბატონს, რადგან საღმრთო ომს ეწევა ჩემი ბატონი, და ბოროტება არ მოგეკარება არასოდეს (1 მეფ. 25:28). დავითმა მადლობა შეწირა ამ ქალს იმისთვის, რომ სისხლისღვრა აარიდა. მაგრამ ყურადღება მივაქციოთ აი რას: დავითი, ღმრთის რჩეული მეფე, "საღმრთო ომს" ეწეოდა, მან ამისთვის უზენაესი სანქციოა მიიღო, თუკი შეიძლება ასე ითქვას, და ეს ყველა ადამიანს ესმოდა - მიუხედავად ამისა, როგორც ვიცით, ღმერთმა დავითს ღმრთის ტაძრის აშენების ნება არ მისცა. რატომ? სწორედ იმ მიზეზით, რომ დავითი მრავალ ომს ეწეოდა, ჰკლავდა და მრავალ ადამიანს აუბედურებდა. ტაძარი ააგო დავითის ძემ სოლომონმა, რისი სახელი ებრაულიდან "მშვიდობად" ითარგმნება.
წყარო: pravoslavie.ru
Назад к содержимому