პუბლიკაციები - ბაბილონის დაცემა ახლოვდება - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > პუბლიკაციები
ბაბილონის დაცემა ახლოვდება
ბაბილონის გოდოლი
იოანეს გამოცხადების 11-ე თავში შეგვიძლია ვნახოთ ორი ქალაქის დაპირისპირება "წმიდა ქალაქისა" და "დიდი ბაბილონისა". გამოცხადებაში ნათქვამია: "ტაძრის გარე ეზო კი გამორიცხე და ნუ გაზომავ, ვინაიდან მიეცა იგი წარმართთ და ორმოცდაორი თვის მანძილზე გათელავენ წმიდა ქალაქს" (გამოცხ. 11:2). "მათი გვამები ეყრება დიდი ქალაქის მოედანზე, რომელსაც სულიერად ჰქვია სიდომი და ეგვიპტე, სადაც ჯვარს აცვეს მათი უფალიც" (გამოცხ. 11:8).
 
მაგრამ გამოცხადების 21:10-ში მახასიათებლები "წმიდა" და "დიდი" უკვე ერთად გამოიყენება: "ამიყვანა სულით დიდსა და მაღალ მთაზე, და მიჩვენა დიდი ქალაქი, წმიდა იერუსალიმი, ღვთისაგან რომ ჩამოდიოდა ზეცით" (გამოცხ. 21:10).
 
ამრიგად, წმიდა ქალაქი - ეს ადგილი კი არ არის, არამედ ადამიანებია, რომლებიც მიდიან ცხონების გაზე და ეძიებენ უფლის დიდებას, მაშინ როდესაც დიდი ქალაქი - ეს ის ადამიანებია, რომლებიც წარსაწყმედად მიემართებიან და კაცობრივ დიდებას ეძიებენ. დიადი სამსჯავროს შემდეგ კი მხოლოდ ერთი ქალაქი დარჩება, ადამიანური დიდება ღმრთის დიდებად შეიქნება.
 
აშკარაა, რომ "დიდი ქალაქი" - ბაბილონია, იგივე "დიდი მეძავი": "მას მოჰყვა მეორე ანგელოზი, რომელიც ამბობდა: დაემხო, დაემხო ბაბილონი, დიდი ქალაქი, რომელმაც ასვა ყველა ხალხს ღვინო თავისი სიძვის რისხვისა" (გამოცხ. 14:8).
 
"შეღაღადა და ხმამაღლა თქვა: დაემხო, დაემხო ბაბილონი, დიდი ქალაქი, და ეშმაკთა სამკვდროდ, ყოველი უწმინდური სულის სამყოფლად და ყოველი უწმინდური და ბილწი ფრინველის საბუდრად იქცა, რადგანაც მისი სიძვის მძვინვარე ღვინით დაითრო ყველა ხალხი..." (გამოცხ. 18:2-3).
 
"იტირებენ და ივაგლახებენ მის გამო ქვეყნის მეფენი, რომელნიც სიძვით და ფუფუნებით ცხოვრობდნენ მასთან, როდესაც იხილავენ მისი ხანძრის კვამლს. და მისი ტანჯვის შიშით შორს გამდგარნი ასე იტყვიან: ვაი, ვაი, დიდო ქალაქო ბაბილონო, მძლავრო ქალაქო, რადგანაც ერთ საათში მოვიდა შენი განკითხვა" (გამოცხ. 18:9-10)
 
"ერთმა მძლეთა-მძლე ანგელოზმა აიღო ქვა, ვეება დოლაბის მსგავსი, ზღვაში ჩააგდო და თქვა: ასე სწრაფად შთაინთქმება ბაბილონი, დიდი ქალაქი, და აღარ იქნება" (გამოცხ. 18:21).
 
შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ "დიდი ქალაქი" ბაბილონი ამ სახელით ხუთი იმპერიიდან პირველის, ანუ ბაბილონის ანალოგიითაა წოდებული. მაგრამ, ეს ასე არ არის. თავისი სახელი "დიდი ქალაქი" მან მიიღო ბაბილონის გოდოლის მშენებლობიდან:
 
"ერთპირი იყო მთელი ქვეყანა და ერთ ენაზე მეტყველი. როცა დაიძრნენ აღმოსავლეთიდან, ჰპოვეს ველი სენარის ქვეყანაში და იქ დამკვიდრდნენ. უთხრეს ერთმანეთს: მოდი, მოვზილოთ თიხა და გამოვწვათ. ქვის მაგივრად აგური ჰქონდათ, კირის მაგივრად ფისი. თქვეს: აბა, ავიშენოთ ქალაქი და გოდოლი, და ცას მივუწვდინოთ მისი თხემი. შევიქმნათ სახელი (ძვ. ქართ.: ვყოთ თავთა თჳსთად სახელი" – "აპოკ." რედ.), ვიდრე გავიფანტებოდეთ დედამიწის ზურგზე. ჩამოვიდა უფალი, რომ ენახა ქალაქი და გოდოლი, რომელსაც ადამიანები აშენებდნენ. თქვა უფალმა: აჰა, ერთი ხალხია ეს და ერთი ენა აქვს ყველას; რაკი ეს საქმე წამოუწყიათ, ამიერიდან დაუბრკოლებლივ გააკეთებენ ყველაფერს, რასაც კი განიზრახავენ. აბა, ჩავიდეთ და ენები ავურიოთ მათ, რომ ვერაფერი გააგებინონ ერთმანეთს. გაფანტა ისინი უფალმა იქიდან მთელს დედამიწის ზურგზე და მათაც შეწყვიტეს ქალაქისა და გოდლის შენება. ამიტომაც ეწოდა სახელად ბაბილონი, რადგან სწორედ აქ აღრია უფალმა მთელი დედამიწის ენა და აქედან გაფანტა ისინი უფალმა დედამიწის ზურგზე" (დაბ. 11:1-9).
 
ისეთი საშინელი რა მოიხილა უფალმა ქალაქისა და გოდოლის მშენებლობაში, რომ მის შესაწყვეტად ადამიანებს "ენები შეურია"?
 
კითხვაზე პასუხი დამოკიდებულია იმაზე, თუ რას მიიღებდნენ გოდოლის მშენებლები წარმატების შემთხვევაში. რაღაც არამატერალურს, ანუ სიამაყეს ამ მშენებლობაში მონაწილეობისთვის ("შევიქმნათ სახელი").
 
მაგრამ ღირს კი მათი განკითხვა ამისთვის, თუკი ადამიანები, რომლებიც სახარებას ქადაგებენ, ასევე ელტვიან იმას, რომ ყველამ ერთად აშენოს "წმიდა ქალაქი":
 
"შორსმყოფნი მოვლენ და ააშენებენ უფლის ტაძარს, მიხვდებით, რომ ცაბაოთ უფალმა მომავლინა თქვენთან. ეს მოხდება, თუ გაგონებით გაიგონებთ უფლის, თქვენი ღმერთის ხმას" (ზაქ. 6:15).
 
ღირს, რადგან "წმიდა ქალაქის" მშენებლები ამას თავიანთი სიცოცხლის ფასად აკეთებენ მოყვასის კეთილდღეობისთვის (მათი სულების საცხონებლად), ხოლო "დიდი ქალაქის" (ბაბილონის) მშენებლები - მოყვასის სიცოცხლის ხარჯზე საკუთარი კეთილდღეობისთვის.
 
არაფერია იმაზე უფრო უაზრო, ვიდრე გოდოლის მშენებლობა, რომელიც არსად მიდის და მისი მაშენებლები არსად მიჰყავს, მაშინ როდესაც შრომა, ღვაწლი, დანაზოგი და დრო (სიცოცხლე), რაც ამგვარ საქმეზე იხარჯება საკმაოდ მნიშვნელოვანია და შესაგრძნობი.
 
არ უნდა ვიფიქროთ, რომ ეს მხოლოდ ფიზიკურ მშენებლობას ეხებოდეს. ეს ეხება ნებისმიერ იდეას, რომელიც მოწოდებულია საკუთარი თავის უკვდავყოფისთვის მოყვასის სიცოცხლის ხარჯზე, რაც, უდავოდ, სრული წინააღმდეგობაა მოყვასისათვის თავგანწირვის ქრისტიანული იდეისა. აი, ამგვარი იდეების სულ მცირე ნაწილი:
 
უმაღლეს მიღწევათა სპორტი. ამგვარი სპორტის ინფრასტრუქტურა სარგებლობს სპორტსმენთა ერთეულებით, მათი პოპულარობით კი მოგებას იღებენ პოლიტიკოსები, თუმცა ფულსა და სახსრებს იხდის ყველა, მათი სურვილისდა მიუხედავად.
 
მსოფლიო იმპერიები. იმპერიის ექსპანსიისგან იგებს "ელიტა", მაშინ როდესაც ისინი, ვისაც საკუთარი სიცოცხლე მიაქვს ამ იმპერიათა სამსხვერპლოზე, კარგავენ თავიანთ სულებს, ჯანმრთელობას და თვით მშვიდობიანი და სიხარულევანი ცხოვრების შესაძლებლობასაც კი.
 
ადამიანის უფლებები, გაერო და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები. საწევროებს ამ ორგანიზაციებისთვის იხდის ყველა, მაგრამ მოგებულნი რჩებიან მათში მომუშავე ჩინოვნიკები.
 
და ყველა ეს იდეა (ინსტიტუტი) - უაზროა მარადისობასთან მიმართებაში. რადგან მარადისობის უმთავრესი ჯილდო ეს არის ურთიერთობა საკუთარ ძმებთან, მოყვასთან, ქრისტეში სიყვარულსა, ერთობასა და ძმობაში.
 
"რადგან, აჰა, ის ქვა, რომელიც დავდევი იესოს წინ: შვიდი თვალია ამ ერთ ქვაზე; აჰა, ამოვკვეთავ მასზე ამოსაკვეთელს, ამბობს ცაბაოთ უფალი, და ერთ დღეში წარვხოცავ ამ ქვეყნის ცოდვებს. იმ დღეს, ამბობს ცაბაოთ უფალი, ერთმანეთს მიიწვევთ ვაზის ქვეშ და ლეღვის ქვეშ" (ზაქ. 3:9-10).
 
"დიდი ქალაქის" (ბაბილონის) მშენებელთა საზოგადო ნიშანი - ეს არის სურვილი აიღონ რაც შეიძლება მეტი, ვიდრე გასცენ. ეს კი სხვა არაფერია თუ არა პონცის ფინანსურ-თაღლითური პირამიდის სქემა, როდესაც პირამიდის პირველ მონაწილეებს შემოსავალს უხდიან მომდევნო ინვესტიციების ხარჯზე, და რომელიც ყოველთვის გამონაკლისის გარეშე მთავრდება კრახით. და ეს კრახი უკვე ძალიან მოახლოვდა.
 
 
სტატია მომზადებულია მართლმადიდებლური წყაროების მიხედვით.
 
საიტი "აპოკალიფსისი". 2023 წ.
Назад к содержимому