პუბლიკაციები - აპოკალიფსისის მეექვსე საყვირი - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > პუბლიკაციები
აპოკალიფსისის მეექვსე საყვირი

(ერთი არასწორი შეხედულების კრიტიკა)
აპოკალიპტური საყვირები
იოანეს "გამოცხადებაში" (აპოკალიფსისში) მეექვსე საყვირის შესახებ ნათქვამია:
 
"მეექვსე ანგელოზმა ჩაჰბერა და მომესმა ერთი ხმა ოთხ რქათაგან ოქროს საკურთხევლისა, რომელიც არის ღვთის წინაშე; და უთხრა მეექვსე ანგელოზს, საყვირის მქონეს: ახსენი ოთხი ანგელოზი, რომელნიც შეკრულნი არიან დიდ მდინარეზე ევფრატისა. და ახსნილ იქნა ოთხი ანგელოზი, რომელნიც მზად არიან ყოველ საათს და დღეს, თვესა და წელს, მუსრი გაავლონ მესამედს კაცთა. და რიცხვი მათი მხედრობისა - ორასი ათასჯერ ათასი (ძვ. ქართ.: "ბევრნი ბევრთანი"); მომესმა რიცხვი მათი. ასე ვიხილე ხილვით ცხენები და მათი მხედრები, რომლებსაც ეცვათ აბჯარნი ცეცხლის, ჰიაკინთისა და გოგირდის ფერნი. თავები ცხენებისა, როგორც ლომების თავნი, და მათ პირთაგან იფრქვეოდა ცეცხლი, კვამლი და გოგირდი. და ამ სამი წყლულებისგან - ცეცხლის, კვამლისა და გოგირდისაგან, რასაც აფრქვევენ მათი პირები, კაცთა მესამედი ამოწყდა. რადგან ცხენებისა ძალა იყო მათ თავ-პირსა და მათ კუდებში, ხოლო კუდები გველებს ჰგვანდნენ და ჰქონდათ თავები, რომლებითაც ვნებდნენ ხალხს. დანარჩენებმა კი, რომლებიც არ ამოწყდნენ ამ წყლულებისგან, არ შეინანეს თავიანთ ხელთა საქმენი, რათა თაყვანი არ ეცათ ეშმაკთა და ოქროს, ვერცხლის, რვალის, ქვისა და ხის კერპთათვის, რომელთაც არც ხედვა ძალუძთ, არც სმენა და არც სიარული. არ შეინანეს არც თავიანთი მკვლელობანი და არც თავიანთი გრძნეულებანი, არც თავიანთი სიძვანი და არც თავიანთი ქურდობანი" (აპოკ. 9:14-21).
 
არსებობს მოსაზრება, რომ მეექვსე საყვირი ეს მესამე მსოფლიო ომია, ხოლო მასში აღწერილი მხედრობა, რომლის რაოდენობა 200 მილიონს აღწევს, სიმბოლურად გამოხატავენ ტანკებს.
 
მოდი, განვიხილოთ ეს ვერსია.
 
აპოკალიფსისის პერიფრაზირებას თუ მოვახდენთ და ოთხი ანგელოზის ნაცვლად ჩავსვამთ "მესამე მსოფლიო ომს" მივიღებთ ასეთ სურათს: "მეექვსე ანგელოზმა ჩაჰბერა და მომესმა ერთი ხმა ... და უთხრა მეექვსე ანგელოზს, საყვირის მქონეს: ახსენი მესამე მსოფლიო ომი (აპოკ.: ოთხი ანგელოზი), რომელიც შეკრულია არიან დიდ მდინარეზე ევფრატისა". და გათავისუფლებულ იქნა მესამე მსოფლიო ომი, რომელიც უნდა დაიწყოს კონკრეტულს "საათს და დღეს, თვესა და წელს, მუსრი გაავლონ მესამედს კაცთა".
 
ამ მესამე მსოფლიო ომში მონაწილეობა მიიღო 200 მილიონმა ტანკმა, რადგან 17-ე მუხლი, როგორც ზოგიერთი ფიქრობს, აღწერს ტანკებს ან კიდევ რაღაც სხვას. ერთი ავტორი წერს: "ძნელია განმარტო რას ნიშნავს ეს მხედრობა. შესაძლოა ეს უკანასკნელი ჟამის იარაღის აღწერა იყოს? რა არის ეს - ტანკები? რაკეტები? ვერტმფრენები? თუ სხვა რამ ტექნიკა?" (Прот. Иоанн Павловцев. Толкование Апокалипсиса. https://pravbiblioteka.ru/reader/?bid=525456).
 
მაშ ასე, ტანკები თავიანთი ლულებიდან ისვრიან: "ცეცხლს, კვამლსა და გოგირდს". 19-ე მუხლის თანახმად ლულების (ქვემეხების) გარდა მათ უკანა მხარეს გააჩნიათ "კუდები", ანუ შეერთებული ტყვიამფრქვევები ("კუდები გველებს ჰგვანდნენ და ჰქონდათ თავები, რომლებითაც ვნებდნენ ხალხს"). და აჰა, უცნობი სახელმწიფოს (ან სახელმწიფოთა გაერთიანების) უზარმაზარი რაოდენობის ეს ტანკები, იწყებენ ადამიანების ხოცვას და სულ რაღაც ორიოდ დღეში ამოჟლეტენ თითქმის სამ მილიარდ ადამიანს. სხვათა შორის, უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიოს ყველა ქვეყანას, ერთად აღებულს, არ ჰყავს 200 მილიონი ტანკი. მსოფლიოში ტანკების რაოდენობა ახლოსაც კი არ არის 200 მილიონთან. იგივე ითქმის სხვა ტექნიკაზეც: თვითმფრინავებზე, ვერტმფრენებზე და რაკეტებზე. გაგიკვირდებათ, მაგრამ მსოფლიოში სულ რაღაც 20 000 ტანკია. და აი, ეს 20 000 ტანკი რამოდენიმე დღეში დედამიწის მოსახლეობის 1/3-ს ამოჟლიტავს. ...
 
ეს ყველაფერი ძალიან სასაცილოა და სრულიად მიუღებელია, მაგრამ არიან ადამიანები, რომელთაც ამისი გულწრფელად სჯერათ.
 
უცნობი სახელმწიფოს 200 მილიონი ტანკი, რომელიც ისვრის ქვემეხებიდან და ტყვიამფრქვევებიდან, გაუგებარი პრინციპით მოაწყობს, ასევე უცნობი სახელმწიფოების 2 მილიარდ 700 მილიონი ადამიანის გენოციდს. ამასთან კაცობრიობის მოსახლეობის 2/3 კვლავაც ცოცხალია და მშვიად აგრძელებს დემონთადმი მსახურებას. "დანარჩენებმა კი, რომლებიც არ ამოწყდნენ ამ წყლულებისგან, არ შეინანეს თავიანთ ხელთა საქმენი, რათა თაყვანი არ ეცათ ეშმაკთა და ოქროს, ვერცხლის, რვალის, ქვისა და ხის კერპთათვის, რომელთაც არც ხედვა ძალუძთ, არც სმენა და არც სიარული. არ შეინანეს არც თავიანთი მკვლელობანი და არც თავიანთი გრძნეულებანი, არც თავიანთი სიძვანი და არც თავიანთი ქურდობანი" (აპოკ. 9:20-21). მერე რა, რომ კაცობრიობის 1/3 ამოწყდა, დიდი ამბავი მესამე მსოფლიო ომი თუ დაიწყო...
 
სხვათა შორის, აპოკალიფსისის მე-9 თავის ბოლო 20-21-ე მუხლების მიხედვით, კაცობრიობის დასჯის მიზეზი სწორედ კერპთაყვანისმცემლობა, დემონთადმი მსახურება, გრძნეულება, სიძვა-მრუშობას და ქურდობაა... საინტერესოა რომელმა ქვეყანამ უნდა დაიწყოს მესამე მსოფლიო ომი და თანაც რომელი ქვეყნის (ან ქვეყნების) წინააღმდეგ ამ მიზეზით? და ამოჟლიტოს დედამიწის მოსახლეობის 1/3? ეს ხომ სასაცილოა...
 
თანაც მეექვსე საყვირი ეს "მეორე ვაებაა", ძალიან მოკლე მოვლენა. მის შემდეგ იქნება მეშვიდე საყვირი, რომელიც 100%-ით აღწერს ქრისტიანთა შეხვედრას იესუსთან: "იმ დღეებში, როცა ხმას გაიღებს მეშვიდე ანგელოზი, როცა ის ჩაბერავს საყვირს, აღსრულდება ღმრთის საიდუმლო, რომელიც მან ახარა მონებს თვისას - წინასწარმეტყველთ" (აპოკ. 10:7); რა საიდუმლოა ეს? - აპოკალიფსისი გვამცნობს: "მეშვიდე ანგელოზმა ჩაბერა საყვირს და გაისმა ცაში გრგვინვა, რომელიც ხმობდა: ქვეყნის სამეფო ჩვენი უფლისა და მისი ქრისტეს სამეფო გახდა, და იმეფებს უკუნითი უკუნისამდე. ოცდაოთხი უხუცესი, თავიანთ ტახტებზე რომ სხედან ღვთის წინაშე, პირქვე დაემხო და თაყვანი სცა ღმერთს. და თქვეს: მადლს გწირავთ, უფალო ღმერთო, ყოვლისმპყრობელო, რომელიც ხარ, რომელიც იყავი და რომელიც მოხვალ, რომ მოიღე შენი დიადი ძალი და დაამკვიდრე შენი სუფევა. წარმართნი გაშმაგდნენ და მოვიდა ჟამი შენი რისხვისა, რათა სანაცვლო მიაგო შენს მონებს - წინასწარმეტყველთ, წმიდათა და შენი სახელის მოშიშთ, დიდსა თუ მცირეს, და დაღუპო ქვეყნის დამღუპველნი. მაშინ გაიღო ტაძარი ცაში და გამოჩნდა კიდობანი მისი აღთქმისა მისსავ ტაძარში. და იქმნა ელვა და ქუხილი, გრგვინვა, მიწისძვრა და სასტიკი სეტყვა" (აპოკ. 11:15-19).
 
სრული შიზოიდი უნდა იყოს ადამიანი, რათა ამტკიცოს, რომ აპოკალიფსისში ნახსენები 200 მილიონიანი მხედრობა 200 მილიონი ტანკია (ან სხვა ტექნიკაა). თანაც, თანამედროვე ომებში მთავარ დამრტყმელ ძალად გამოდიან რაკეტები და სპეცრაზმები, ანუ ავიაცია, არტილერია და ქვეითი ჯარი, რომლებიც სპეციალურად არიან ნავარჯიშევნი ქალაქის ქუჩებში საბრძოლველად. მე არ მწამს რომ 200 მილიონიანი მხედრობა - ტანკებია.
 
ამასთან უნდა გვესმოდეს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ვინმეს ვარაუდით დიდ მდინარე ევფრატზე შეკრული 4 ანგელოზი ეს 4 თერმობირთვული ბომბია (რაც სრული ბოდვაა), შეუძლებელია ეს იყოს ისეთი ომი, რომლის დროსაც ამოწყდება დედამიწის მოსახლეობის 1/3, ხოლო 2/3 მშვიდად და ყოველგვარი სინანულისა თუ სინდისის ქენჯნის გარეშე გააგრძელებს ცხოვრებას: "არ შეინანებენ თავიანთ ხელთა საქმეებს, რათა თაყვანი არ ეცათ ეშმაკთა და ოქროს, ვერცხლის, რვალის, ქვისა და ხის კერპთათვის, რომელთაც არც ხედვა ძალუძთ, არც სმენა და არც სიარული. არ შეინანებენ არც თავიანთი მკვლელობებს და არც თავიანთი გრძნეულებებს, არც თავიანთ სიძვათა და არც თავიანთი ქურდობათ" (შეად. აპოკ. 9:21). ანუ ამ საშინელ გენოციდს სასწაულებრივად გადარჩენილი კაცობრიობა მშვიდად და აუღელვებლად გააგრძელებს დემონთადმი მსახურებას. მე არ მწამს, რომ ეს ოთხი ანგელოზი ოთხი თერმობირთვული ბომბია.
 
მე-6 საყვირის მთელი აზრი იმაშია, რომ ღმერთი უბრძანებს მეექვსე ანგელოზს გახსნას ოთხი შეკრული ანგელოზი, რომლებიც ღმერთმა მხოლოდ მისთვის ცნობილი წლის, თვის, დღისა და საათისთვის შემოინახა. აქედან, მეექვსე საყვირის არსი - ეს კაცობრიობის დასჯაა, რომელმაც უკვე თაყვანი სცა მხეცს (ანტიქრისტეს)!
 
უკეთურთა ყველაზე დიდი საშინელება მაშინ დადგება, როდესაც დემონები დემონებითვე შეპყრობილთა დასჯას შეუდგებიან.
 
მეექვსე საყვირი სიკვდილის ანგელოზებია, რომელთა წინამძღოლობით ქვესკნელის 200 მილიონი დემონი (მიიღებთ პირდაპირ განმარტებას?) კაცობრიობის 1/3-ს შეესევა. მეხუთე საყვირიც დემონები იყვნენ (თუმცა მრავალი მას ასევე თანამედროვე ტექნიკის, ოღონდ უკვე "ვერტმფრენების" აზრით განმარტავს), რასაც ასევე ვერ დავეთანხმებით. რატომ არის მე-6 საყვირი ომი ქვემეხებითა და ტყვიამფრქვევებით? რა გვაძლევს ამგვარი ფიქრის საფუძველს? - არაფერი!
 
მე-6 საყვირის დაცემა მესამე მსოფლიო ომად მიაჩნიათ. მაგრამ რატომ - ეს ხომ ანგელოზებია, რომლებიც გამოვლენ კაცობრიობის დასაღუპად, და არა ადამიანები? რატომ ხდება, რომ, როდესაც ეგვიპტეზე ვკითხულობთ და სიკვდილის ანგელოზზე, არავინ ამბობს თუ "როგორ განახორციელა მოსემ თერმობირთვული დარტყმა ეგვიპტეზე?" ან "მოსემ ეგვიპტეში გაავრცელა ვირუსი (გამოიყენა ბიოლოგიური იარაღი), რომელიც ყოველი ეგვიპტელის ოჯახში მაინც და მაინც პირმშოს (პირველდაბადებულს) ჰკლავდა"?
 
სასწაულთა და რეალურ დემონთა არსებობისადმი ყველაზე ურწმუნოც კი ხშირად თანხმდება იმაზე, რომ ეგვიპტის სასჯელები ზებუნებრივი იყო, მაშ რატომ არის აპოკალიფსისის საყვირები ჩვეულებრივი მოვლენა, ჩვეულებრივი ომი, ჩერნობილი, 11 სექტემბრის ტერაქტი და სხვა? გახსოვთ მომენტი მე-4 მეფეთა წიგნიდან, როდესაც "გავიდა უფლის ანგელოზი და მუსრი გაავლო აშურის ბანაკში ასოთხმოცდახუთ ათას კაცს" (4 მეფ. 19:35)? ანგელოზმა ერთ ღამეში 185 000 კაცი ამოხოცა. მას ამისთვის არც ტყვიამფრქვევი გამოუყენებია, არც ისრები, და არც ვირუსები, უბრალოდ იმიტომ, რომ ის ანგელოზია და აქვს ღმრთისგან ბოძებული ძალა.
 
ზებუნებრივ მოვლენებზე მეტად რატომ იჯერებენ ასე ადვილად ბუნებრივ მოვლენებს: ქვემეხებს, ტანკებს, რაკეტებს, ლაზერებს, სკაინეტს და სხვა? ხომ არ არის ეს სრული ურწმუნოება? რატომ არის ძნელი იმისი რწმენა, რომ ქვეყნიერებას დაეცემა ზებუნებრივი "ვარკსვლავი", რომელიც დედამიწის მტკნარი წყლის მარაგის 1/3-ს დაამწარებს ისე, რომ დასალევად გამოუსადეგარი გახდება (იხ. აპოკ. 8:10-11)? და რატომ სჯერათ, რომ ეს იყო ჩერნობილი ან იქნება ბირთვული რეაქტორის აფეთქება? ჩერნობილს არ გამოუწვევია ის შედეგი, რაც აპოკალიფსისის მე-8 თავის 10-11 მუხლებშია აღწერილი. ამისი მსგავსიც კი არ ყოფილა; და თუ ეს ჩერნობილის კატასტროფა იყო, რატომ არ მოიწამლა მსოფლიო მტკნარი წყლების 1/3, რატომ არ მოხდა ისე, რომ აშშ-სა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, თვით ჩერნობილის ახლოს მდებარე სახელმწიფოებშიც კი ადამიანებს არ შეძლებოდათ სუფთა წყლის დალევა? მაშ, რატომ ჩერნობილი?
 
ამრიგად, ხაზს გავუსვამთ: ჩვენი რწმენით 7 ბეჭედი, 7 საყვირი და 7 თასი ეს ღმრთის ზებუნებრივი სასჯელებია უკეთური სამყაროს მიმართ, რომელიც თაყვანს სცემს ანტიქრისტეს. ეს არ არის ტანკები და ვერტმფრენები, ეს არც ბაქტერიოლოგიური იარაღია, - ეს ღმრთის სასჯელია. ხოლო მისი სასჯელების იარაღი - ანგელოზებია, ზოგჯერ მისი ნების აღმასრულებელი წმიდა ანგელოზები, ზოგჯერ კი თვით დემონები და დაცემული ანგელოზები. ეს ყველაფერი კი დიდი ჭირვების ჟამს მოხდება. ასეთია ჩვენი თვალსაზრისი.

საიტი "აპოკალიფსისი". 2021 წ. 28 მაისი.
Назад к содержимому