პუბლიკაციები - აპოკალიფსისი - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > პუბლიკაციები
აპოკალიფსისი
აპოკალიპტური მოვლენები
გამოცხადების წიგნი ეს კატასტროფების წიგნი როდია, თუმცა იქ არის საშინელი კატასტროფები. ეს არ არის საიდუმლოთა წიგნი, თუმცა იქ არის მიუწვდომელი და ბურუსით მოცული საიდუმლონი. ეს არ არის მისტიკურად გაუგებარი და კოდირებული წიგნი, რომელიც კაბალით ან ეზოთერიკით უნდა გაშიფრო. ეს საიდუმლო წერილიც არ არის.
 
ფაქტობრივად სიტყვა "აპოკალიფსისი" ნიშნავს გამოცხადებას, გახსნას. რაღაც დაფარული იყო, ახლა კი არა. ვიღაც ჩრდილში იყო, ახლა კი გამოცხადდა. ის, რაც საიდუმლო იყო, ახლა ნათელი გახდა. აი სიტყვა "აპოკალიფსისის" აზრი.
 
სიტყვამ "აპოკალიფსისი" დიდი საყოველთაო ბუმის მნიშვნელობა შეიძინა მხოლოდ ფანტასტების და ჰოლივუდის კატასტროფათა ფილმების წყალობით, რომელმაც მოგვიანებით შვა პოსტაპოკალიპტური, ბირთვული ომის შემდგომი მსოფლიოს ჟანრი. მაგრამ ბიბლია ყოველთვის იყენებს მას "გახსნის", "განმარტების" მნიშვნელობით. მოკლედ, რომ ვთქვათ, აპოკალიფსისის წიგნი ეს არის არა საიდუმლოთა, არამედ მათი ახსნა-განმარტების წიგნი. უბრალოდ ახსნა ისეთია, რომ ჯერ უნდა გაგაჩნდეს ბიბლიის ცოდნისა და გაგების ფუნდამენტი.
 
აქ ჩვენ გადავდივართ მეორე მნიშვნელოვან პუნქტზე - აპოკალიფსისი ეს იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადება როდია. ეს არის იესუ ქრისტეს გამოცხადება, რომელიც მისცა მას მამამ; ანუ გამოცხადების წიგნი გახლავთ მამის ჯილდო მიცემული ძისთვის, ძემ კი ის მისცა იოანეს, რომელმაც უბრალოდ ჩაწერა, რაც იხილა და ისმინა; თან ისე ჩაწერა, რომ თავის მხრიდან არაფერი დაუმატებია, და ჩაწერა ეს ყოველივე ღმრთის მონათათვის. ასე რომ, აპოკალიფსისი ეს არის "გამოცხადება იესუ ქრისტესი, რომელიც მისცა მას ღმერთმა, რათა ეჩვენებინა თავისი მონებისათვის" (აპოკ. 1:1). მონები, - ეს არის სიტყვა "დულოს", ანუ მონა უფლებებისა და ქონების გარეშე, რომელიც სრულიად ეკუთვნის თავის ბატონს. მოცემულ შემთხვევაში მონა აქ არის ის, ვინც ნებაყოფლობით დაუმონა თავის იესუ ქრისტეს.
 
ამრიგად, იესუმ იოანეს აჩვენა გარკვეული საგნები და მოვლენები, რომლებიც მან ჩაწერა და მას უწოდა "გამოცხადება იესუ ქრისტესი, რომელიც მისცა მას ღმერთმა, რათა ეჩვენებინა თავისი მონებისათვის".
 
რადგან ეს თვით იესუს პირდაპირი გამოცხადებაა, არავისა აქვს უფლება თვითნებურად განმარტოს იგი - ფაქტობრივად არსებობს გამოცხადების მხოლოდ ერთი სწორი განმარტება. ეს მთელი წიგნის მთლიანობაში განმარტებაა, დაბალანსებული და იდეალური, მაგრამ ის ჯერ კიდევ არავინ იცის იესუს გარდა. ამიტომ თეორიულად შესაძლოა ჩვენ ყველანი ვცდებოდეთ მის განმარტებაში, თუმცა, მაინც მიგვაჩნია რომ არსებობს უხეში შეცდომები, და ისეთებიც, რომლებიც ძალიან ახლოს არიან ჭეშმარიტებასთან.
 
მაგრამ ბუნებრივად, თუკი არსებობს 20 ურთიერთგამომრიცხავი სწავლება, მაგთგან შეიძლება 1 სწორი იყოს, დანარჩენი 19 კი - არასწორი. ან 20-ივე სწავლება არასწორი იყოს. შეიძლება ისიც ითქვას, რომ 20-ივეში რაღაც სიმართლეა, უბრალოდ საჭიროა მათი პოვნა და ერთ მთლიანობად შეკვრა, რაშიც სწორედაც რომ უფლის დახმარებაა საჭირო, რადგან მხოლოდ მან იცის ყოველივეს სწორი აზრი.
 
მეტიც, ჩვენ საერთოდ არ მოგვეცა არავითარი სახელები, თარიღები და ქვეყნების სახელწოდებები (რაც, სხვათა შორის, გასაოცარია - გამოცხადებაში არ არსებობს მოვლენათა თარიღები, პრეზიდენტთა სახელები, ქვეყნების სახელწოდებები და ადგილმდებარეობანი, ასევე კონკრეტული დეტალები, სამაგიეროდ დეტალურად არის აღწერილი მოვლენათა სურათი, რომლის გასაღები არ გვაქვს).
 
მრავალნი ამბობენ, რომ მათ იციან აპოკალიფსისის განმარტება თარიღების, სახელწოდებებისა და ქვეყნების ჩათვლით. ნუ დაუჯერებთ ამგვართ, ყველა მათგანი თაღლითია ან გულწრფელად შემცდარი, ან კიდევ ცრუმოძღვარი. მოციქული იოანე ღირსეული პიროვნება იყო და თავისი ცხოვრება აბსოლუტურად მიუძღვნა ქრისტეს - და მაინც, მას უფალმა არ გაუმხილა არც რაიმე სახელი, არც თარიღები, არც ქვეყნები. მაშ, საიდან უნდა იცოდეს ეს ვინმე შარლატანმა იუთუბიდან?
 
გამოცხადების წიგნის ბოლოში შემთხვევით როდი წერია: "ვუმოწმებ ყველას, ვინც ისმენს ამ წიგნის წინასწარმეტყველების სიტყვებს: თუ ვინმე რამეს დაურთავს მათ, ღმერთი დაურთავს მას წყლულებს, რომლებიც წერია ამ წიგნში. ხოლო თუ ვინმე რამეს მოაკლებს ამ წიგნის წინასწარმეტყველების სიტყვებს, ღმერთი მოაკლებს მას წილს სიცოცხლის ხიდან, წმიდა ქალაქიდან და იქიდან, რაც ჩაწერილია ამ წიგნში" (აპოკ. 22:19).
 
მაშ, ვაი მას, რაიმეს მოაკლებს ამ წიგნს (მაგალითად სრულიად გააუქმებს ბუკვალიზმს ან პირიქით, სიმბოლიზმს და აპოკალიფსისში გადმოცემულ მოვლენებს მიაწერს ისტორიაში უკვე მომხდარ ამბებს და სხვა). დამატება კი გულისხმობს კაბალის ან ვიღაც მხცოვანთა რაღაც გამოცხადებების, ვიღაც ბერების "აპოკალიფსისების", ჰოლივუდური ფილმების და საკუთარი ფანტაზიების დამატებას. ამგვარი "კომენტატორები" ხშირად უგულებელყოფენ იმას, რაც მნიშვნელოვანია, და რომელიღაც გარეგანი წყაროების დახმარებით ცდილობენ ჩაწვდნენ ამ იდუმალი წიგნის საიდუმლოს. ყველას სურს მისი ამოხსნა, მაგრამ თუ უფალმა არ უთხრა მსურველს, მისი მცდელობა უაზრობა გახდება და ასეთ შემთხვევაში აპოკალიფსისის კომენტატორს უნდა ერჩივნოს საერთოდ არაფერი განმარტოს.
 
აპოკალიფსისი პასუხს გვაძლევს შედეგზე, დასასრულზე. დაბადების წიგნი გვპასუხობდა დასაბამის საკითხზე, აპოკალიფსისი კი პასუხებს საკმაოდ საინტერესოდ გვაწვდის.
 
მაგალითად, მრავალს აინტერესებს "რატომ უშვებს ღმერთი ბოროტებას" - აპოკალიფსისი ამ კითხვას ასე პასუხობს: ბოროტება დაისჯება, თანაც მარადიულად.
 
მრავალს აინტერესებს "საიდან მოვიდა ეშმაკი" - აპოკალიფსისი ამბობს, რომ ეშმაკი საობლოოდ აღმოჩნდება ცეცხლის ტბაში.
 
მრავალს აინტერესებს "ვინ არის ანტიქრისტე" - აპოკალიფსისი არ გვეუბნება, ვინ არის ანტიქრისტე, ის გვეუბნება, თუ საით გადაეშვება იგი საბოლოოდ (მარადიული ცეცხლის ტბაში).
 
მრავალს აინტერესებს - "რატომ არის სამყაროში ცოდვა და სიკვდილი", - აპოკალიფსისი ამბობს, რომ საბოლოოდ ცოდვა და სიკვდილი აღიხოცება პირისაგან მიწისა და ისინიც გეჰენიაში ამოჰყოფენ თავს.
 
მრავალი ამბობს "ცუდია, რომ დავკარგეთ ედემი" - გამოცხადება კი გვპასუხობს, - სამყარო იქნება ედემზე უკეთესი.
 
მოკლედ, აპოკალიფსისი ხშირად არ გვპასუხობს კონკრეტულ შეკითხვებზე, მაგალითად, თუ რატომ იყო ასე დასაბამში, მაგრამ გვპასუხობს თუ როგორ იქნება სამყაროს დასასრულს.
 
და კიდევ ერთი. აპოკალიფსისი დანიელის წინასწარმეტყველების წიგნთან ერთად მედლის ერთი მხარეა. ისინი ერთმანეთს განმარტავენ და მოვლენათა მთლიან სურათს ქმნიან - ვისაც აქვს თვალები - იხილოს და ვისაც ყურები - ისმინოს.
 
ჩვენ გვწამს, რომ ახლა უფალი უკვე მრავალი წელია ამზადებს განსაზღვრულ ადამიანებს, რომლებსაც ბოლო ჟამის მოვლენების უკეთესი ცოდნა გააჩნიათ, ვიდრე მილიონობით ადამიანს. მაგრამ არავის - ხაზს გავუსვამ - არავის (არც ჩვენ) არ გაგვაჩნია მთელი აპოკალიპტური სურათის გაგება მთელი თავისი ნიუანსებითურთ.
 
მაგრამ ჩვენ გვწამს, რომ უკვე ვუახლოვდებით დასასრულის დასაწყისს. სხვათა შორის, ამიტომაც არის მიუღებელი ზედაპირული და არასერიოზული კომენტარები. განმარტებათა 98%, რომელიც კი წამიკითხავს, უბრალოდ მკითხაობაა და სხვა არაფერი. აშკარად ჩანს, რომ ადამიანი არ მჯდარა წლობით და არ უსწავლია ბიბლია, არ შეუდარებია მისი ადგილები ერთმანეთისთვის და არ ულოცია ღმრთის მიმართ ჩაწვდომოდა წმიდა წერილს.
 
რა თქმა უნდა, ზედაპირული გაგების უპირველესი ნიშანი მუდმივი ფანტაზიებია - ვინ არის ანტიქრისტე, რომ მალე იქნება ჩიპიზაცია, ვაქცინაცია, ტერმინატორის მოსვლა, უცხო პლანეტელთა შემოსევა, მესამე მსოფლიო ომი და სხვა, თანაც სახელდება თარიღები, სახელები და ქვეყნები - ეს ყველაფერი შეგიძლიათ გადააგდოთ "მითებისა და ზღაპრების" სანაგვეზე.
 
აპოკალიფსისის შემეცნება მოდის მხოლოდ წმიდა წერილის ღრმა შესწავლის, მისი სხვადასხვა ადგილების შედარების საფუძველზე. სხვაგვარი მიდგომა აპოკალიფსისის საიდუმლოთა შესამეცნებლად - ამაო და ფუჭი.
 
საიტი "აპოკალიფსისი". 2021 წ. 22 მაისი.
Назад к содержимому