პუბლიკაციები - ამაღლდნენ თუ არა ცაში ილია და ენოქი - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოკალიფსისი > პუბლიკაციები

ამაღლდნენ თუ არა ცაში ილია და ენოქი?

ილია წინასწარმეტყველი

ავტორი: დიაკვანი პეტრე მიხალევი.

ნიკოდიმოსთან ღამეულ საუბარში მაცხოვარი ამბობს: "არავინ ასულა ზეცად, გარდა ზეცით ჩამოსული კაცის ძისა, რომელიც არის ცაში" (იოანე 3:13). ამ ფრაზაში ქრისტეს მრავალი მოწინააღმდეგე წმიდა წერილის წინააღმდეგობრივ ადგილს ხედავს, რადგან ძველ აღთქმაში ნათქვამია, როგორ აღვიდა წმიდა ილია წინასწარმეტყველი ცაში და ისიც, რომ ენოქიც ღმერთმა თავისთან წაიყვანა. მაგრამ მოდი შევეცადოთ გავარკვიოთ ეს საკითხი წმიდა წერილის გასაღების, ანუ წმიდა მამათა განმარტებების გამოყენებით.



ენოქი



ჯერ განვიხილოთ თხრობა ენოქის შესახებ. წმიდა მოციქული იუდა ამბობს, რომ ენოქი მეშვიდე იყო ადამის შემდეგ (იხ. იუდ. 1:14). ბიბლიაში არის ორი ფრაზა, რომელიც გვიყვება მისი ამქვეყნიური ცხოვრების დასასრულზე: ძველ აღთქმაში ნათქვამია: "დადიოდა ღმერთთან ენოქი და აღარ იყო, რადგან წაიყვანა იგი ღმერთმა" (დაბ. 5:24); ენოქის შესახებ ლაპარაკობს ასევე წმიდა მოციქული პავლე: "რწმენით გარდაიცვალა ენოქი, ისე, რომ არ უხილავს სიკვდილი, და ვეღარავინ დალანდა, რადგანაც ღმერთმა წაიყვანა იგი" (ებრ. 11:5).



ორივე ფრაზაში სიტყვაც კი არ არის ნათქვამი ცაზე. ლაპარაკია მხოლოდ ენოქის გადასახლებაზე, მაგრამ განა გადასახლება აუცილებელია ცაში იყოს? ენოქი გადაასახლა ღმერთმა რომელიღაც ადგილას, მაგრამ ეს ის ადგილი არ არის, სადაც ავიდა ქრისტე. წმ. გრიგოლ პალამა ბრძანებს: "ენოქი ღმერთმა წაიყვანა; შედეგად - წაიყვანა ის ცაში? - შორს ჩვენგან ასეთი აზრი! - რადგან, როგორც სახარება ამბობს: "არავინ ასულა ზეცად, გარდა ზეცით ჩამოსული კაცის ძისა, რომელიც არის ცაში" (იოანე 3:13) (Св. Григорий Палама. Омилии. Ч. 2). ასე აპოფატურად მსჯელობს ენოქის შესახებ თეოფილაქტე ბულგარელიც: "ამრიგად ის, რომ ენოქი ცოცხლად იქნა გადასახლებული და, რომ ჯერაც ცოცხალია - ეს ვიცით, მაგრამ სად და როგორ - უცნობია, რადგან წმიდა წერილში ამის შესახებ არაფერია ნათქვამი" (Феофилакт Болгарский, святитель. Толкование на Послание к евреям). ამიტომაც, თქმა იმისა, რომ ქრისტეს სიტყვები ეწინააღმდეგება ამ წმინდანის ცხოვრებას, არის უსაფუძვლო.

განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ძველი და ახალი აღთქმის ტექსტების ანალიზის კიდევ ერთი ასპექტი. მაცხოვარი საკუთარ თავზე ლაპარაკობს, როგორც ცაში ასვლის აქტიურ მონაწილეზე, ხოლო ენოქი პასიურად მონაწილეობს გადასახლებაში. ხაზს გავუსვამთ, რომ მაცხოვარი თვითონ ავიდა ცაში, ხოლო ენოქი ღმერთმა გადაასახლა და არა ცაში, არამედ რომელიღაც ადგილას, რომელიც უცნობია ჩვენთვის.

როგორი ვითარებაა სხვა ძველაღთქმისეულ მართალთან დაკავშირებით, რომელსაც ენოქივით ჯერ არ უგემია სიკვდილი? სად ამაღლდა წინასწარმეტყველი ილია?


წინასწარმეტყველი ილია


ილიას ამაღლების საკითხი უფრო რთული და უფრო საინტერესოა. რა ვიცით ჩვენ ილია წინასწარმეტყველის ცაში ამაღლების შესახებ? ბიბლიაში ნათქვმია: "როცა მიდიოდნენ და მისაუბრობდნენ, აჰა, ჩადგა მათ შორის ცეცხლის ეტლი და ცეცხლის ცხენები და განაშორა ორნი ერთმანეთს და ცად ავიდა ელია ქარბორბალათი" (ძვ. ქართ.: "და იყო სლვასა ოდენ მათსა და სიტყუასა, აჰა, ეტლნი ცეცხლისანი და ცხენნი ცეცხლისანი. და განეშორნენ იგინი ურთიერთსა და აღიტაცა ელია ძრვით ზეცად") (4 მეფ. 2:11). თითქოსდა აი, ნამდვილი წინააღმდეგობა ქრისტეს სიტყვებთან, რომ "არავინ ასულა ზეცად, გარდა ზეცით ჩამოსული კაცის ძისა, რომელიც არის ცაში" (იოანე 3:13). მაგრამ ნუთუ მაცხოვარმა არ იცოდა ილიას ეს ისტორია? ნუთუ არ იცოდა ეს მოციქულმა იოანემ, რომელმაც დაიმოწმა ნიკოდიმოსთან მოსაუბრე მაცხოვრის სიტყვები? რატომ იქვე არ უარყო სჯულის მცოდნე ნიკოდიმოსმა მაცხოვრის სიტყვები ილიას ცაში აყვანის შესახებ? როგორც ჩანს იმიტომ, რომ მაცხოვრის დროს მეფეთა 4-ე წიგნში არაფერი იყო ნათქვამი ილიას ცაში აყვანის შესახებ.



საქმე იმაშია, რომ ძველი აღთქმის წიგნების რუსულ ენაზე თარგმნისთვის (წინამდებარე სტატია დაწერილია რუსი ავტორის მიერ - რედ.) საფუძვლა იქნა აღებული მასორეტული ტექსტი, რომელსაც იუდეველი-მასორეტები რედაქტირებას უტარებდნენ თვით X საუკუნემდე ქრისტეს შობის შემდეგ, და ყოველმხრივ "იცავდნენ" წინასწარმეტყველურ და მესიანურ ადგილებს.

მაგრამ, ეკლესიაში უდიდესი ავტორიტეტი გააჩნია ძველი აღთქმის სხვა თარგმანს, კერძოდ - სეპტუაგინტას, 70 თარჯიმნის ნამუშევარს, რომელიც ებრაელმა ბრძენკაცებმა განახორციელეს ქრისტეს შობამდე III-II საუკუნეებში. მოცემული ტექსტით სარგებლობდნენ მოციქულები და რომის იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილში მცხოვრები წმიდა მამები. სწორედ ეს თარგმანი აიღეს საფუძვლად კირილემ და მეთოდემ. ვნახოთ, რა არის მასში ნათქვამი ილიას ცაში აღტაცების შესახებ:

"И бысть идущема има, идяста и глаголаста: и се, колесница огненная и кони огненнии, и разделиша между обема. И взят бысть Илия вихром яко на небо" (4 Цар. 2: 11) (ქართულად: "როცა მიდიოდნენ და მისაუბრობდნენ, აჰა, ჩადგა მათ შორის ცეცხლის ეტლი და ცეცხლის ცხენები და განაშორა ორნი ერთმანეთს. და თითქოსდა ცად ავიდა ელია ქარბორბალათი"). როგორ ესმოდათ წმიდა წერილის ეს ადგილი წმიდა მამებს?

წმ. იოანე ოქროპირი:
"ილია თითქოსდა ცად იქნა აყვანილი, რადგან ის იყო მონა, ხოლო ქრისტე ამაღლდა თვით ცამდე, რამეთუ ის იყო უფალი" (Иоанн Златоуст, святитель. На Вознесение Господа нашего Иисуса Христа. Слово второе).

წმ. კირილე იერუსალიმელი:
"ის (ილია - რედ.) თითქოსდა ცაში" (4 მეფ. 2:11), ხოლო იესუ პირდაპირ ცაში" (Кирилл Иерусалимскй, святитель. Поучения огласительные).

წმიდა ფოტი:
"და ილია, როგორც მონა, აყვანილ იქნა საჰაერო სიმაღლედ, მაგრამ არა ზეცად, არამედ "თითქოსდა ცაში" (4 მეფ. 2:11). ხოლო უფალი, რომელიც არის ყოველთა მეუფე, არა მოჩვენებით, არა ვითომცდა, არამედ ნამდვილად ამაღლდა ცაში" (Фотий Константинопольский, святитель. Беседа на вознесение Господне).

ექვთიმე ზიგაბენი
, ნეტარი თეოდორიტე კვირელის ციტირებისას ამბობს: "ებრძანა მათ (ანგელოზებს) განეღოთ მარადისობის კარიბჭენი, რომელიც არასოდეს განღებულა კაცთა ბუნებისთვის. რამეთუ არავინ კაცთაგან არ შესულა მასში. თუმცა, მართალია, დიდი ილია ამაღლდა, მაგრამ არა ზეცად, არამედ "თითქოსდა ზეცად" (Евфимий Зигабен. Толковая Псалтирь. Толкование на псалом 23).

ღირ. მაქსიმე ბერძენი
(XV ს.): "ილიაც ასევე აყვანილ იქნა, მაგრამ არა ცაში, არამედ ვითარცა ცაში" (Максим Грек, преподобный. Возражение против глав Самуила евреянина).

ჰიმნოგრაფიული ნაწარმოებებიც წინასწარმეტყველის შეფარდებით ამაღლებას უჭერენ მხარს:

ასე, მაგალითად, ღირ. ანდრია კრიტელი გვიგალობს: "ეტლთა მფლობელი ილია ეტლითა სათნოებათათა აღხდა რეცა (1) ზეცად და მიწიერი კაცი ზესთა-ექმნა ჰაერსა, აღსლვასა მას მისსა იხსენებდი შენ, სულო ჩემო" (Андрей Критский, преподобный. Великий покаянный канон).

______________

1.
ჩვენი შენიშვნა: ძვ. ქართული "რეცა" სულხან-საბას "ლექსიკონი ქართულის" მიხედვით ნიშნავს "ვითამსავით", "ვითამ") (ხს. ლექსიკონი. ტ. II. სტ. "რეცა". გვ 9).

______________

ღირ. რომანოზ ტკბილადმგალობელი შენიშნავს, რომ მართალია, ილია აყვანილ იქნა ზემოთ, მაგრამ ის არ ღირსებია სამოთხეში შესვლას: "ცეცხლოვან ეტლზე მჯდომი ილია აღვიდა, თითქოსდა ცაში, როგორც წერილ არს, მაგრამ ვერ მიაღწია ცამდე" (Роман Сладкопевец, преподобный. Кондак на Вознесение Господне)

ზემოთმოტანილი ციტატებიდან ცხადი ხდება, რომ წინასწარმეტყველი ილია ამაღლებულ იქნა, მაგრამ არა ცაში. მაშ სად? და სად იმყოფება ის ამჟამად? წინასწარმეტყველი ატაცებულ იქნა საჰაერო სივრცეში ("თითქოსდა ცაში"), მაგრამ ეს ცა და სულიერი ზეცა, ანუ სამოთხე ერთი და იგივე როდია. საკმაოდ აპოფატურად მსჯელობს ამის შესახებ ღირ. სიმეონ ახალი ღვთისმეტყველი: "ილია ატაცებულ იქნა ცეცხლოვანი ეტლით და მანამდე კიდევ ენოქი, მაგრამ არა ზეცად, არამედ რომელიღაც სხვა ადგილას. მართალია თვითონ არ ასულა, მაგრამ გადასახლებულ იქნა" (Симеон Новый Богослов, преподобный. Божественные гимны).

უფრო კატაფატურ სახეს გვაძლევს წმ. გრიგოლ დეოლოღოსი (2). ის ასე აღწერს ილიას ადგილსამყოფელს: "ილია აღტაცებულ იქნა არა ცაში, არამედ საჰაერო სივრცეში, რომელიც განსხვავდება ეთერულისგან... ასე, რომ ის გადასახლებულ იქნა დაფარულ მიწიერ ადგილას, სადაც უნდა განისვენოს ხორციელად და სულიერად მანამ, სანამ სამყაროს აღსასრულის წინ კვლავ არ დაბრუნდება დედამიწაზე, რათა გადაუხადოს ვალი სიკვდილს" (Григорий Двоеслов, святитель. Беседа XXIX, говоренная к народу в храме Св. Апостола Петра на Вознесение Господне).

________________

2. ჩვენი შენიშვნა
:
არსებობს ორი – აპოფატური და კატაფატური ღვთისმეტყველება. პირველი, ანუ აპოფატური არის "უკუთქმითი" ღვთისმეტყველება, ანუ ხაზს უსვამს იმას, რაც არ არის (ღმერთი), ხოლო მეორე არის "წართქმითი", "წამებითი" ანუ დადებითი, მტკიცებითი.

________________



წინასწარმეტყველი ილია ამაღლდა "თითქოსდა ცაში" არა საკუთარი ძალით, არამედ ცეცხლოვანი ეტლით, ანგელოზთა დახმარებით, როგორც წერდა ამას წმიდა ფოტი (3).

________________

3.
"ხოლო უფალი, რომელიც არის ყოველთა მეუფე, მოჩვენებითად კი არ ამაღლდა ცაში, არამედ ჭეშმარიტად. ხოლო ილია ამაღლებულ იქნა ცეცხლოვანი ეტლისა და ცეცხლოვანი ცხენების, ანუ ანგელოზების მეშვეობით, რომლებმაც ამგვარი სახე მიიღეს; მოვლენათა ასეთი განვითარება აჩვენებს, რომ წინასწარმეტყველმა თავისი ამაღლება ჰაეროვან სივრცეში განახორციელა არა ზეცაზე მაღლა, არამედ, მიაღწია რა მას, შეჩერდა თავის უჩვეულო ამაღლებაში" (Фотий Константинопольский, святитель. Беседа на Вознесение Господне).

________________


ასე წარმოჩინდა ილიას ამაღლებაში მისი ადამიანური ბუნება და ადამიანური უძლურება, მას თვითონ არ შეეძლო ასულიყო ცაში და აყვანილ იქნა ანგელოზთა მიერ. ხოლო ქრისტემ, როცა ამაღლდა, აჩვენა თავისი ღვთაებრივი ბუნება და ყოვლადძლიერება. წმ. გრიგოლ დეოლოღოსი ამბობს: "ილია ეტლით ამაღლდა იმის დასამტკიცებლად, რომ მას, როგორც ადამიანს, დამოუკიდებლად, ანგელოზთა დახმარების გარეშე არ შეეძლო ამაღლება, რადგან ბუნებრივი უძლურება არ მისცემდა მას შესაძლებლობას მოსწყდომოდა მიწას; მაშინ როდესაც მაცოხვარს არაფერში დასჭირვებია ეტლი, არც ანგელოზები, რამეთუ შემოქმედი თავისი ღვთაებრივი ძალით ამაღლდა ზეცად, რადგან ის დაბრუნდა იქ, საიდანაც გარდამოხდა; ამაღლდა იქით, სადაც საუკუნითგან მყოფობდა: რამეთუ თუმც ამაღლდება იგი კაცობრივი ბუნებით, მაგრამ ღვთაებრივით მფლობელი იყო ცისა და მიწის" (Григорий Двоеслов, святитель. Беседа XXIX, говоренная к народу в храме Св. Апостола Петра на Вознесение Господне). შედეგად, მაცხოვარი, ძე კაცისა, ზეცად თვითონ ამაღლდა, როგორც შეჰპირდა ის მოციქულებს, ხოლო ილია აყვანილ იქნა ჰაერში და მოთავსებულ იქნა მიწიერი არეალის დაფარულ ადგილას.



მაშ, თუ ილია აყვანილ იქნა "თითქოსდა ცაში", რა ცაა ის, რომელზეც ამაღლდა ჩვენი მაცხოვარი? როგორც ღირ. იოანე დამასკელი ამბობს, ღმრთის ძე შეიქნება კაცად, მაგრამ არ ტოვებს ზეცას და მამის წიაღს" (Иоанн Дамаскин, преподобный. Слово против несториан) და განაღმრთო რა კაცობრივი ბუნება, "ადის იქ, სადაც იყო ყოველთვის, ვითარც ღმერთი" (იქვე).

ძე ღმრთისა, წმიდა სამების მეორე იპოსტასი, განკაცდა რა, ამაღლებს ადამიანურ ბუნებას "მამის წიაღში", ან, როგორც ეს სახარებაშია ნათქვამი, "მამის მარჯვნივ" (შეად. მარკოზი 16:19). იქ, სადაც არავის კაცთაგან, და არც ანგელოზებს, არ ძალუძთ აღსვლა; იქ, სადაც მხოლოდ სული აღწევს ღმრთის სიღრმეებში.


დასკვნა


ამრიგად, ჩვენ შევეხეთ ღმრთის მიერ ორი ძველაღთქმისეული წინასწარმეტყველის საიდუმლო დაფარვის საკითხს. წინასწარმეტყველები ილია და ენოქი გადაადგილებულ იქნენ რომელიღაც საიდუმლო მიწიერ ადგილას, სადაც ისინი ელოდებიან აპოკალიფსისს. წინასწარმეტყველნი არ ასულან ზეცად, და ამაში მათი ზეამაღლება სულაც არ ეწინააღმდეგება ქრისტეს სიტყვებს, რომელიც მან ღამეულ საუბარში წარმოთქვა ნიკოდიმოსთან: "არავინ ასულა ზეცად, გარდა ზეცით ჩამოსული კაცის ძისა, რომელიც არის ცაში" (იოანე 3:13).

წყარო: http://www.pravoslavie.ru/55239.html

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню