ფსი-ფაქტორი - ფანატიზმი, როგორც ფსიქოლოგიური ფენომენი - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

სხვადასხვა > ფსი-ფაქტორი

ფანატიზმი, როგორც ფსიქოლოგიური ფენომენი

ფანატიზმი

ავტორი: ნიკოლაი ანდრეევი.

”ფანატიზმი (ლათ. fanatismus) - გახელებული, უკიდურესობამდე მიყვანილი მიმდევრობა რაიმე რწმენისა ან შეხედულებისა; ნებისმიერი სხვა, მაგალითად, რელიგიური მოსაზრებების შეუწყნარებლობა” (Большая Советская Энциклопедия. М. 1975 г.). ასეთ განმარტებას აძლევს ფანატიზმს არა რომელიმე მოკლე ცნობარი ან სახელმძღვანელო სტუდენტებისთვის, არამედ უზარმაზარი ენციკლოპედიური ლექსიკონი. თვით განმარტების (სტატიის) მოცულობა ამ ენციკლოპედიაში სრულიად მკაფიოდ წარმოაჩენს, რომ სამამულო მეცნიერებაში განსახილველი ცნება ნაკლებად არის გააზრებული და დამუშავებული. და ეს მაშინ, როდესაც თვით სიტყვა ”ფანატიზმი” მეტად ფართოდ გამოიყენებოდა XX საუკუნის 20-80-იანი წლების ათეისტურ ლიტერატურაში, სადაც რელიგიურ ფანატიკოსებად იყვნენ გამოცხადებული ფრანცისკ ასიზელიც და სერაფიმე საროველიც, რომის პაპი იოანე პავლე II, მღვდელი ალექსანდრე მენი და მრავალი სხვა.



ფანატიზმი მაშინ, არსებითად, ესმოდათ, როგორც ყოველგვარი რელიგიურობა, განსაკუთრებით, არცთუ სრულიად ორდინარული და ამიტომაც დაკავშირებული რელიგიურ ნიჭიერებასთან და ამა თუ იმ ადამიანის პირადი საწყისების გამოვლინება სარწმუნოებაში. პრაქტიკულად, ნებისმიერი კონტექსტიდან გასაგები ხდება, რომ სიტყვით ”ფანატიზმი” აღინიშნება რელიგიურობის რაღაც ექსტრემალური ფორმა. მაგრამ როგორი იქნება სინამდვილეში ტერმინ ”ფანატიზმის” ადგილი ისეთი ცნებების გვერდით, როგორიც არის ასკეტიზმი, რელიგიური ფუნდამენტალიზმი ან ექსტრემიზმი, ურჯუკობა (მაზოხიზმი) და ა. შ.?

პირველად ეს ცნება შემოიტანა ლათინმა ეპისკოპოსმა ჟ. ბოსიუემ (1627 - 1704), რომელიც ფრანგული აბსოლუტიზმის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი იყო და რომელიც კათოლიციზმში ხედავდა ოფიციალურ სისტემას მონარქიული საფრანგეთისთვის. ის ფანატიკოსებად განიხილავდა პროტესტანტებს, რადგან ისინი მიიჩნევდნენ, რომ ყველა მათი ”ოცნება” შთაგონებულია ღმრთის მიერ. ბოსიუესთვის ფანატიკოსები პარიზის ბურჟუები კი არ არიან, რომლებიც 1572 წლის 24 აგვისტოს ღამეს, როდესაც ზეიმობენ მოციქულ ბართლომეს ხსენებას, თავპირისმტვრევით გაეშურნენ ადამიანების მოსაკლავად, ყელის გამოსაჭრელად, ფანჯრიდან გადასაყრელად და თავიანთი თანამოქალაქეების დასანაწევრებლად მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი არ დადიოდნენ მესაზე (Балашов Л. Е. Практическая философия. М. 2001 г.). არამედ, პროტესტანტები, რადგან ისინი გრძნობენ, რომ მათი რწმენა დამოკიდებულია მხოლოდ ღმერთზე და არა საეკლესიო დადგენილებებზე ან დაწესებულ კანონებზე, ვის მიერაც უნდა იყოს ის მიღებული.

ბოსიუეს რელიგია დაჰყავდა მხოლოდ მორალამდე და დისციპლინამდე. ქრისტეანობაში ის ხედავდა უმაღლეს მორალს, ზნეობრივი ქცევის ნიმუშს და ამავე დროს, პირადი აღმაფრენის ნებისმიერ გამოხატულებას, ღმრთის შეგრძნებასა და მისტიკურ საწყისებს ის აღიქვამდა, როგორც ”სულიერ შავ ჭირს” და ასეთი ”ჭირის” თითოეულ მქონეს ფანატიკოსად, სექტანტად და ერეტიკოსად მიიჩნევდა. არსებითდ, ბოსიუესთვის ფანატიკოსია ყოველი არაკათოლიკე, რომელიც ჯიუტად მისდევს თავის პროტესტანტიზმს. ამასთან, ბოსიუე რელიგიური შეუწყნარებლობის თანმიმდევრული პროპაგანდისტიც იყო.

პ. ბეილი (1647 - 1706) ფანატიზმის პრინციპულად განსხვავებულ განმარტებას გვაძლევს. მას ფანატიზმი ესმის, როგორც ცრურწმენა, ირაციონალური ან, უფრო სწორად, წინარერაციონალური ცნობიერების უმეცრების ნაყოფი. ბოსიუე თუ ტერმინ ”ფანატიზმის” კათოლიკურ, _ თუმცა სადღეისოდ კათოლიკე (ლათინ) მეცნიერთა მიერ არგაზიარებულ, _ განმარტებას იძლევა, ბეილის აზრით ფანატიზმია ყველაფერი, რაც კი რელიგიის ადრინდელ ფორმებს, ეხება უფრო ფართოდ - რელიგიურ გრძნობებს საერთოდ. მაგრამ როგორც ბოსიუე, ასევე ბეილიც ფანატიზმს უკავშირებენ იმ შეგრძნებებს, რომლებსაც განიცდის მორწმუნე. არსებითად, მიუხედავად ფანატიზმის ამ ორი განმარტების, ერთი შეხედვით, ერთმანეთთან შეუთავსებლობისა, როგორც ერთ, ასევე მეორე შემთხვევაში ლაპარაკია დამოუკიდებელ რელიგიურ გრძნობაზე, რომელსაც არ არეგულირებს არც ერთი საღვთისმეტყველო სისტემა ან საეკლესიო სტრუქტურა.

რაც შეეხება თვით ტერმინ ”ფანატიკოსის” ეტიმოლოგიას, სიტყვა ფანატიცი, რომელიც გვხვდება რომაელ ავტორებთან, კლასიკურ ლათინურში გამოიყენებოდა ბელოონას, კიბელას, დიდი დედისა და სხვა ექსტატიური კულტების თაყვანისმცემლებთან მიმართებაში. ისინი დოლებითა და ტამბურინებით, შავებში ჩაცმულები დადიოდნენ ქალაქის ქუჩებში, ეცემოდნენ მიწაზე და ექსტაზში შთავარდნილები იხევდნენ ტანისამოსს, დასისხლიანებამდე იცემდნენ მკერდში და ამ მდგომარეობაში მყოფნი წინასწარმეტყველებდნენ მომავალს და ა. შ. ამასთანავე, თვით ეს ტერმინი წარმომდგარია სიტყვიდან ფანუმ - რაც ტაძარს, წმიდა ადგილს ნიშნავს.
ფანატიზმის ახალი განმარტება, რომელიც დღეს კლასიკურად არის მიჩნეული, მოგვცა ვოლტერმა 1746 წ. ჟენევაში გამოსულ ”ფილოსოფიურ ლექსიკონში”. ის წერს: ”ის, ვისთვისაც დამახასიათებელია ექსტაზები და ხილვები, ვინც თავის სიზმრებს რაღაც რეალობად, ხოლო თავისი წარმოსახვის ნაყოფს წინასწარმეტყველებად მიიჩნევს, მას შეიძლება ენთუზიასტიც შევარქვათ, მაგრამ ის, ვინც მტკიცედ არის მიკრული თავის უგუნურებასთან და ამის გამო კლავს, არის ფანატიკოსი” (იქვე).



ვოლტერის მიხედვით, ფანატიზმის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ფანატიკოსი, იცავს რა იმ ორთოდოქსიას, რომლის მცველად და მფარველადაც მიიჩნევს საკუთარ თავს, მზად არის, დასაჯოს და მოკლას ნებისმიერი, ვინც მას არ ეთანხმება. ამასთანავე, ის ყოველთვის მხოლოდ ძალას ეყრდნობა. ”ფანატიზმის ყველაზე საზიზღარ მაგალითად” ვოლტერი ასახელებს ბართლომეს ღამეს. იგი ცივსისხლიან ფანატიკოსებზე ამბობს, - ესენი არიან მსაჯულები, ”ვისაც გამოაქვს სასიკვდილო განაჩენი მათთვის, ვისაც მათგან განსხვავებული აზრები აქვს და მათსავით არ აზროვნებს” (იქვე).

თუმცა, ვოლტერი არ ამახვილებს თავისი მკითხველის ყურადღებას იმაზე, რომ ფანატიკოსს საკუთარი თავი მიაჩნია უზენაესი სიმართლის მპყრობელად, ღმრთის იარაღად. მაგრამ სწორედ ამ აზრით ფანატიზმის იმ განსაზღვრებამ, რომელიც ოდესღაც ბოსიუემ მოგვცა, მთელი მისი კონფესიური შეზღუდულობისა და ანტიპროტესტანტული მიმართულებისდა მიუხედავად, აზრი მაინც არ დაუკარგავს. ფანატიკოსები ყოველთვის დარწმუნებულები არიან იმაში, რომ ”ყველა მათი იდეა შთაგონებულია ღმრთისგან”.

ვოლტერი გვაძლევს ფანატიზმის ზოგიერთ ფსიქოლოგიურ ნიშანსაც. ეს არ არის უბრალოდ ”უცოდინრობის ნაყოფი”, მაგრამ ყოველთვის უკავშირდება ბრბოს ფსიქოლოგიას: ”წიგნები ნაკლებად აღძრავს ფანატიზმს, ვიდრე სახალხო შეკრებები და გამოსვლები”. ფანატიზმი ყოველთვის ”ბნელია და სასტიკი”, ერთდროულად კი ის არის ცრურწმენა, ციებ-ცხელება, სიცოფე, ბოღმა და ბოროტება.

ფანატიკოსისთვის ყოველთვის დამახასიათებელია როგორც სხვისი, ასევე საკუთარი სიცოცხლისადმი ინდიფერენტული დამოკიდებულება. გავიხსენოთ მფრინავ-ტერორისტთა შემაძრწუნებელი მაგალითი, რომლებიც ნიუ-იორკის ცენტრში სამგზავრო თვითმფრინავებით შეეჯახნენ მსოფლიო სავაჭრო ცენტრის შენობებს. _ ფანატიკოსი ტერორისტები თვითონაც დაიღუპნენ და ათასობით ადამიანის სიცოცხლეც შეიწირეს.

ნ. ა. ბერდიაევი 1937 წელს დაწერილ სტატიაში ”ფანატიზმის, ორთოდოქსიისა და ჭეშმარიტების შესახებ” ხაზს უსვამს, რომ ”უმოწყალო ფანატიკოსი ჩადის ძალადობას, განყოფს, განაცალკევებს, ამწყვდევს საპყრობილეში და სჯის, მაგრამ, არსებითად, ის არის უძლური და არა ძლიერი. მთელი მისი სხეული და ცნობიერება დათრგუნვილია შიშით. მას ნაკლებად სწამს ღმერთის და არ არის მოწყალე” (Бердяев Н. А. Русские записки // Человек. 1997 г. № 9). ბერდიაევისთვის ნათელია, რომ ”ორთოდოქსიის პათოსს, რომელიც კვებავს ფანატიზმს, არაფერი აქვს საერთო ჭეშმარიტების პათოსთან და პირდაპირ მისი საწინააღმდეგოა ”.

”ორთოდოქსია, - წერს შემდეგ ბერდიაევი, - წარმოიქმნება ცხოვნებისა და წარწყმედის თემის ირგვლივ, ორთოდოქსები თვითონაც შეშინებულები არიან და სხვებსაც აშინებენ. ჭეშმარიტებამ კი შიში არ იცის (იქვე)”. შემდეგ ის ამბობს, რომ ”ფანატიკოსი ... ეძებს ძალაუფლებას, და არა ჭეშმარიტებას” (იქვე). ეს, ჩვენი აზრით, არც ისე სწორია. ფანატიზმის ფენომენი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ, ფანატიკოსი, რომელიც ეყრდნობა ძალასა და ძალაუფლებას, უეჭველად დარწმუნებულია, რომ არის თავისი თანამოძმეების ან ჭეშმარიტების მხსნელი მტრებისგან, ასევე სამყაროსა და კაცობრიობის გადამრჩენელი. აი, რატომ არის ის ყოველთვის აგრესიული და დეფენსიური და, რაც მთავარია, არ შეუძლია არსებობა მტრის ხატის გარეშე. ფანატიზმის ამ ასპექტს რომ განიხილავს, ბერდიაევი აღნიშნავს, რომ ფანატიზმი "არ დაუშვებს სხვადასხვა იდეებისა და მსოფლმხედველობების თანაარსებობას. არსებობს მხოლოდ მტერი. ის ახდენს მტრული ძალების უნიფიცირებას და წარმოადგენს მათ, როგორც ერთიან მტრულ ძალას” (იქვე). შემდეგ ის წერს: ”კომუნისტები, ფაშისტები, ორთოდოქსული მართლმადიდებლობის, კათოლიციზმისა და პროტესტანტიზმის ფანატიკოსები არავითარ იდეასთან არ დავობენ, ისინი თავიანთ ოპონენტებს მოისვრიან ხოლმე მოწინააღმდეგეთა ბანაკში და უმიზნებენ ტყვიამფრქვევებს” (იქვე).

ფანატიკოსს, როგორც წესი, არა აქვს იმის შეგრძნება, რომ შეიძლება თვითონ ცდებოდეს. შესაძლოა, ის გრძნობდეს თავისი პოზიციის სისუსტეს, მაგრამ ამ დროს ის ახდენს მთელი თავისი ძალების მობილიზაციას მის მიერ აღიარებული ჭეშმარიტების დასაცავად და რადაც უნდა დაუჯდეს, მთელი ძალისხმევით იცავს მას.

არასწორი იქნებოდა, გვემტკიცებინა, რომ ფანატიზმი არის კოლექტიური სიგიჟის სახეობა, ხოლო ყველა ფანატიკოსი _ ფსიქოპატი. ამაზე სამართლიანად მიუთითებენ ფსიქოლოგი: ა. ასმოლოვი და სხვები. ფანატიზმი უფრო გარდატეხის ეპოქის რელიგიური ცნობიერების კანონზომიერი და ”გვერდითი” მოვლენაა. შემთხვევითი არ არის, რომ ვოლტერისთვის ფანატიზმი არის ”რელიგიის გარყვნილი შვილი” (Балашов Л. Е. Практическая философия. М. 2001 г.).

ფანატიზმი ისტორიის იმ ეპოქაში გამოდის ავანსცენაზე, როდესაც, ჯერ-ერთი, დეგრადაციას იწყებს ცოცხალი სარწმუნოება და დგება რელიგიური მსოფლმხედველობის კრიზისი; მეორე, სულიერ ორიენტირთა ცვლილებების მომენტებში, როდესაც მორწმუნეთა უდიდეს ნაწილს ცუდად წარმოუდგენია ის, რაც სწამს და ბოლოს, იმ პერიოდებში, როდესაც საზოგადოების ცხოვრებაში დომინირებს სიახლეები. სწორედ ამიტომაც რელიგიური ფანატიზმი თავისი ინკვიზიციური პროცესებითა და კოცონებით, რომელთა ალშიც დაწვეს იან ჰუსი, ჯიროლამო სავონაროლა, ჯორდანო ბრუნო და მრავალი სხვა, გახდა, თუ შეიძლება ითქვას, აღორძინების პირველსაწისი.

ჯერ ნაციონალური ენებისა და ლიტერატურის, შემდეგ კი სახვითი ხელოვნების (ლეონარდო და ვინჩი, რაფაელი, მიქელანჯელო) დაწინაურებამ, წიგნის ბეჭდვის სწრაფმა განვითარებამ მთელ ევროპაში და წიგნის ბუმმა XVI საუკუნეში, დიდმა გეოგრაფიულმა აღმოჩენებმა და რევოლუციებმა კლასიკურ მეცნიერებებში (კოპერნიკი, კეპლერი) ას წელზე უფრო ნაკლებ დროში, ფაქტობრივად, რადიკალურად შეცვალა მთელი სამყარო. ყოველივე ამან ბიძგი მისცა რელიგიური მსოფლმხედველობის იმ გიგანტურ კრიზისს, რომელიც შემდეგ რეფორმაციასა და კონტრრეფორმაციაში გადაიზარდა. გამოჩნდა ბიბლიის თარგმანები ევროპის ყველა ხალხთა ენებზე; იბადება ახალი, ადრე სრულიად წარმოუდგენელი საღვთისმეტყველო და ფილოსოფიური იდეები. ყველაფერმა ამან გამოიწვია რეაქცია არა მარტო რიგით მორწმუნეში, რომელიც ახალ ვითარებაში სრულიად დეზორიენტირებულია და გააფთრებით ცდილობს, დაიცვას მისგან აღიარებული ჭეშმარიტება, წარსულ დროთა სიმართლე, რომელიც გადმოეცა წინაპართაგან და რომელიც უკვე ამ მიზეზის გამო მიიჩნევა წმინდად, არამედ გამოჩენილ მოაზროვნეებშიც. აღორძინების სწორედ ამ ეპოქაში დაინთო კოცონები მთელს ევროპაში.

XX საუკუნე ბევრად ჰგავს აღორძინების ეპოქას: ტელეფონი, რადიო და ტელევიზია, მეცნიერულ-ტექნიკური რევოლუცია მთლიანობაში, ბირთვული ფიზიკა და ატომური ბომბი, ავიაცია, კოსმოსში წარმოებული ფრენა და ბოლოს, ინტერნეტი და გამოკვლევები კლონირების სფეროში - ყველაფერმა ამან კიდევ უფრო შეცვალა ცხოვრება ჩვენს გარშემო, თანაც ისეთი სისწრაფით, რომ ადამიანი, რომელიც ჯეროვნად ვერ ასწრებს ყოველივე ამის გააზრებას, ადვილად ებმება ფანატიზმის ხაფანგში. ეს თითქმის ყოველთვის ხდება იმ შემთხვევაში, თუ (გამოვიყენებთ რა სახარებისეულ მაგალითს) შაბათი, ანუ რელიგიური ნორმებისა და კანონის ასოს ამა თუ იმ იდეოლოგიისა ან დოგმის მკაცრი მიმდევრობა და ა. შ. უფრო ფასეული ხდება, ვიდრე თვით ადამიანი. არსებითად, სწორედ ამ ხაფანგის შესახებ ამბობდა ქრისტე, როდესაც ამხელდა მწიგნობრებსა და ფარისევლებს. და აქაც, როგორც ასმოლოვი ამბობს, ერთვება ”ფანატიკოსების ფაბრიკა” (Асмолов А. Г. Психология личности.Учебник. М. МГУ, 1990 г.).

იდეოლოგთა ცნობიერება, რომელთათვისაც ფანატიზმის ყველა ფორმა _ ეს არის ”რაციონალური საშუალება ძალაუფლებისთვის”, ტექნიკურად იწყებს ცრურწმენის ექსპლუატაციას. ასეთია სწორედ ე. წ. ისლამური, ანუ, კვაზიისლამური ფანატიზმის ბუნება, რომლის საშინელება მთელმა კაცობრიობამ გამოსცადა 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტებით. ისლამისტი მეცნიერი ყაზახეთიდან ალი აშპერონი წერს, რომ ფანატიზმი _ ეს არის ” იმ ადამიანთა უაზრო მძვინვარება, რომლებიც დააბრმავა ბოროტებამ” (Али Ашперон. Ислам против фанатизма // Человек. 1995 г. № 2). ის ხაზს უსვამს, რომ ფანატიკოსმა ”არ იცის, რასა იქმს და ღირსებად მიაჩნია ის სისაძაგლე, რასაც ჩადის... მისი გამაოგნებელი შუბლმაგარი კონსერვატიულობა, გამრავლებული ისლამის არასწორ გაგებაზე... ძალიან მალე მიჰყავს ფანატიკოსი იქამდე, რომ ის, უბრალოდ, იკარგება ველური უმეცრების ბნელ ლაბირინთში” (იქვე).

აუცილებელია ვიცოდეთ, რომ ფანატიზმი თავის თავს ავლენს არამარტო ისლამურ სამყაროში. ცხადია, თანამედროვე საზოგადოების პირობებში ფანატიზმის ადეპტებს, როგორც წესი, ყოველთვის თუ არა, აქვთ შესაძლებლობა, ჭეშმარიტებაზე საკუთარი წარმოდგენის გამო, მოკლან ან ცოცხლად დაწვან ადამიანები, მაგრამ ამ სიტუაციასაც ადვილად ეთანაწყობიან, გადადიან რა მასობრივ საინფორმაციო საშუალებათა სფეროში, გაზეთებში, რადიოში, განსაკუთრებით ინტერნეტში, სადაც ფორუმებსა და ჩატებში ყალიბდება სიძულვილის ნამდვილი ზონა. ფანატიკოსი, უფრო ზუსტად, ფანატიზმის ბაცილით დასნებოვნებული ნეოფიტი, იწყებს ”მტრების” მხილებას და, უპირველეს ყოვლისა, მწვალებლებისას: კათოლიკების, პროტესტანტების და ა. შ. ებრძვის კულტურას, ქმნის შიშის ატმოსფეროს და ნერგავს შეუწყნარებლობისა და ერესოფობიის ატმოსფეროს არა მარტო საკუთარი თავის გარშემო, არამედ მთლიანად საზოგადოებაში.

საკვირველია, რომ რაღაც ამდაგვარი იწინასწარმეტყველა ჯერ კიდევ 1936 წლის მარტში მონაზონმა, ფილოსოფოსმა და პოეტესამ მარია სკობცოვამ, რომელიც დაიღუპა ფაშისტურ საკონცენტრაციო ბანაკში იმისთვის, რომ ჰიტლერის მიერ ოკუპირებულ პარიზში ეხმარებოდა ებრაელებს. ის მიიჩნევდა, რომ რელიგია რუსეთში უეჭველად აღორძინდებოდა, თუმცა ეკლესიაში ბუნებრივად მოვიდოდნენ ადამიანები, რომლებიც აღზარდა საბჭოთა ხელისუფლებამ. "თავიდან ისინი - აგრძელებს დედა მარია, - ჭეშმარიტებას მოწყურებული მსმენელებივით ყურადღებით შეისწავლიან სხვადასხვა თვალსაზრისს, შეიგნებენ პრობლემებს, დაესწრებიან ღვთისმსახურებას და ა. შ. მაგრამ ერთ მომენტში, როცა თავს იგრძნობენ ნამდვილ მორწმუნეებად და ეკლესიურ ადამიანებად, მთელი მათი მოუმზადებლობითა და ანტინომიური აზროვნებით იტყვიან: აი, ამ საკითხზე არსებობს ამდენი აზრი - რომელია ჭეშმარიტი? ხომ არ შეიძლება ერთდროულად ყველა მართალი იყოს, ხოლო, თუ ერთი რომელიმე მართალია, მაშინ სხვა დანარჩენი უნდა აღმოიფხვრას, როგორც მცდარი. ... ხუმრობით შეიძლება ითქვას, რომ ასეთ ადამიანებს შეუძლიათ არასწორი პირჯვრისწერისთვის ჯარიმა დააწესონ, ხოლო აღმსარებლობაზე უარის თქმისთვის სოლოვკაში გადაასახლონ" (ეს ზუსტად ზედგამოჭრილია ნიკონ პატრიარქისა და მისი მიმდევრებისთვის - არქიეპ. პ.) (Мать Мария. Воспоминания. Статьи и очерки. YMKA PღEშშ 1992 г., т. 2).

შეიძლება ითქვას, რომ საბჭოთა იდეოლოგიამ, მოახდინა ძალადობისა და ტყვეობის კანონიზაცია. ადამიანი, რომელიც საბჭოთა სკოლაშია აღზრდილი და რომელსაც ახალ ვითარებაში უწევს ტრადიციული ღირებულებების (როგორც რელიგიური, ასევე პოლიტიკური) აღქმა, ისრუტავს მათ, აღფრთოვანებულია მათით, ძალიან მალე იწყებს მათ დაცვასაც, მაგრამ იმ მეთოდებით, რომელიც ადრე შეუთვისებია. ფიგურალურად რომ ვთქვათ, გაზეთ ”პრავდას” სიტყვებით: აუცილებელია ვიპოვოთ მტერი, ვამხილოთ, გავაუვნებელვყოთ და მოვსპოთ. მტრად კი ამ სიტუაციაში მიიჩნევა ყველა, ვინც ამ ადამიანს სხვაგვარად მოაზროვნედ მოეჩვენება. ასე, რომ რელიგიური ფანატიზმი, რომელიც ყოველთვის აღმოცენდება სწრაფვიდან, დაიცვას ძველი, ტრადიციული, დროის სიძველითა და წინაპართა გადმოცემით ნაკურთხი, პოსტსაბჭოთა რეალობაში ახალ სუნთქვას იძენს.



ამასთანავე, უნდა გვახსოვდეს, რომ ფანატიზმი (საყოველთაოდ მიღებული აზრის მიუხედავად) საჭიროებს არა ძლიერ პიროვნებებს, არამედ მხოლოდ ”ძლიერ” იდეას, რომელიც სწრაფად იპყრობს მასას. ასე იყო, მაგალითად, ისნ (Индивидуальный Налоговый Номер) - თან დაკავშირებული ისტერიის შემთხვევაშიც, როდესაც ეკლესიასთან დაახლოებული საზოგადოება დაქოქეს ათასგვარი პროკლამაციით და მცირედ განათლებულმა ან, პირიქით, ”ტექნოლოგიურად” დაწინაურებულმა და საკუთარ მიზნებს გამოდევნებულმა მღვდლებმა. ამ საზოგადოებაზე უკვე არც პატრიარქის და არც რუსეთის ერთ-ერთი უხუცესი მღვდელმსახურის, ცნობილი მამა იოანე კრესტიანკინის მიმართვა აღარ მოქმედებდა.

ფანატიზმის ბუმს მივყავართ მეტად სავალალო შედეგებთან, რომლის შესახებაც ჯერ კიდევ ვოლტერი გვაფრთხილებდა, როდესაც წერდა, რომ ფანატიზმი ”წყვეტს ყველა კავშირს საზოგადოებაში” (Балашов Л.Е. Практическая философия. М. 2001). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მას აქვს უზარმაზარი დესტრუქციული ძალა, რომელსაც საზოგადოების დანგრევა შეუძლია.

რადიომსმენელის შეკითხვაზე, რა უნდა მოიმოქმედონ იმ ქალაქის მცხოვრებლებმა, რომელშიც ბაპტისტებმა ააშენეს სამლოცველო სახლი, ერთ-ერთმა მოსკოველმა მღვდელმა უპასუხა, რომ უნდა აიღონ რაც შეიძლება ბევრი ქვა და წავიდნენ ბაპტისტური სამლოცველოს ფანჯრების ჩასამსხვრევად და იქამდე არ მოსცილდნენ იქაურობას, სანამ ისინი თვითონ არ წაეთრევიან იქიდან. რა უნდა ვუწოდოთ ამ პასუხს თუ არა ფანატიზმის ტიპიური გამოვლინება და რელიგიათაშორისი შუღლის გაღვივება. აქვს კი ამ პასუხს რაიმე საერთო მართლმადიდებლობასთან, რომელიც მთელ მსოფლიოში ცნობილია, როგორც სიყვარულის რელიგია?

სად ვეძებოთ შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი? ფანატიკოსები, რომელთაც ცალმხრივად ესმით რჯულშემწყნარებლობა, სამართლიანობისთვის იბრძვიან მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს მათ ეხებათ. ფანატიზმის ამ თავისებურებაზე ლაპარაკობდა ნ. ა. ბერდიაევი, როდესაც მიუთითებდა, რომ ფანატიკოსს ახასიათბს ეგოცენტრიზმი. ”ფანატიკოსის რწმენა, მისი თავდადებული და უანგარო ერთგულება იდეისადმი ვერანაირად ვერ შეეწევა მას, დაძლიოს ეგოცენტრიზმი... რომელიღაც ორთოდოქსიის ფანატიკოსი თავის იდეას, თავის ჭეშმარიტებას საკუთარ თავთან აიგივებს” (Бердяев Н. А. Русские Записки // Человек. 1997 г., № 9). აქედან ბერდიაევი აკეთებს მეტად მნიშვნელოვან დასკვნას: ”ფანატიკოსის ეგოცენტრიზმი ... გამოიხატება იმაში, რომ ის ვერ ხედავს ადამიანის პიროვნებას, უგულისხმოა კერძო ადამიანური გზისადმი” (იქვე).

ამავე აზრისაა კიეველი მართლმადიდებელი მღვდელი ანდრია დუდჩენკო: ”ფანატიზმი შეუთავსებელია ქრისტეს ჭეშმარიტ რწმენასთან. ძალიან ადვილია, - ამბობს მამა ანდრია, - ესროლო ქვა მოწინააღმდეგეს, ძალიან ადვილია, მიიჩნიო, რომ ცხოვნებისთვის აუცილებელია ამა თუ იმ საქციელის ჩადენა, იქნება ეს თვითდაწვა თუ შიმშილით სიკვდილი, ხელმძღვანელების დირექტივების შესრულება თუ, პირიქით, საკუთარი შეხედულებებით მოქმედება. ქრისტეანულად ცხოვრება უფრო რთულია. რთულია, იყო თანამგრძნობი, შეიგრძნო ერთმორწმუნე ძმათა და იმ მოყვასთა გაჭირვება, რომელთაც შენ დღეს უფალი გიგზავნის. მაგრამ სწორედ ასეთი, მორჩილი, თავმდაბალი და ქრისტეს სიყვარულით აღსავსე ადამიანები სწყურია თანამედროვე სამყაროს” (Вопросы философии. 1992 г. 3).

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню