უსჯულოება > ოკულტიზმი და მაგია
ოკულტიზმის გზა
ისტორიულ-საღვთისმეტყველო გამოკვლევა
ავტორი: მღვდელი ნიკოლოზ კარასევი.
განყოფილება II.
ოკულტიზმის აღორძინება
ქრისტიანული ეპოქის დადგომიდან ადამიანთა საზოგადოებაში თანდათანობით კვდებოდა წარმართული რელიგიის სულიერი და კულტურული ღირებულებანი. დაეცა და მივიწყებას მიეცა ოკულტური იდეები და პრაქტიკა; ათასი წლის განმავლობაში ქრისტიანული ცნობიერება არ შეშფოთებულა ოკულტიზმის საცდურით.
ქრისტიანულმა სარწმუნოებამ რამოდენიმე საუკუნის განმავლობაში მთელი ცივილიზებული ქვეყნიერება მოიცვა. ქრისტიანობამ ადამიანს მისცა სრულყოფილების ახალი იდეალები, სიყვარულის სრულყოფილება და სულიერ-ზნეობრივი მდგომარეობის სიწმიდე. "იყავით სრულქმნილნი, როგორც სრულქმნილია თქვენი ზეციერი მამა" (მთ. 5:48). სიყვარული, მშვიდობა, უბოროტობა, სულიერ-ზნეობრივი სიწმიდე - აი მთავარი და აუცილებელი პირობები სულიერი სრულყოფილების მისაღწევად.
ქრისტიანობის პირველმა ათასწლეულმა მსოფლიოს ღვთისმოსაობის მილიონობით მოღვაწე მისცა, რომლებმაც თავიანთი ღვაწლით უდაბნოებიც კი სულიერად აყვავებულ ბაღნარად აქციეს. ისინი განამტკიცებდნენ რწმენას სოფლებსა და ქალაქებში, დასახლებულ პუნქტებსა და უდაბურ ადგილებში, ყველგან დევნიდნენ სიძულვილს, ბოროტებას, მტრობას, უკეთურ ცხოვრებას, და სანაცვლოდ ნერგავდნენ რწმენას, სიყვარულს და ღვთისმოსავ ცხოვრებას. "მინახავს, - ამბობს საეკლესიო ისტორიკოსი რუფინუსი, - ეგვიპტელი მამები, რომლებიც მიწაზე დადიოდნენ და ზეციურ ცხოვრებას ეწეოდნენ" (Казанский П. С. История православного монашества на Востоке. М., «Паломник», 2000. С. 51). ღირ. საბა განწმენდილის ცხოვრებაში მოთხრობილია, როგორ იბრძოდა ეს მოსაგრე თავისი ცხოვრებით, რწმენით და ლოცვით ეშმაკთა წინააღმდეგ ისე, რომ მზაკვარ სულებს უდაბურ ადგილებშიც კი არ ჰქონდათ მოსვენება. ერთხელ, როდესაც ღირსი მამა ლოცულობდა, დემონებმა შეჰყვირეს: "ვაი ჩვენ, რასაც შენგან ვითმენთ, საბა! ის არ იკმარე, რომ მთელი ველი დაასახლე, არ გყოფნის, რომ გამოქვაბულები და კლდეები აავსე: ახლა უდაბნოც კი, რომელიც შენ გაიარე, საბინადროდ აქციე! ახლა აქაც მოხველ ჩვენს საცხოვრისში, რომ აქედანაც გაგვყარო! აჰა, მივდივართ აქედან და ვერ გეწინააღმდეგებით, რადგან ღმერთია შენი შემწე!" (Димитрий Ростовский свт. Жития святых. Декабрь. М., 1904. С. 137).
ქრისტიანობამ უზარმაზარი გავლენა მოახდინა ადამიანური ცივილიზაციის გარდაქმნაში. ეს უდავო და რეალური ფაქტია. პირველი ათასწლეულის განმავლობაში ქრისტიანული ქადაგება გაისმა ცივილიზებული ქვეყნიერების ყველა კუთხეში. მთელი ევროპა ათსწლეულის მიწურულს უკვე გაქრისტიანებული იყო. აზიაც თავიდანვე ასევე სწრაფად იქნა დამოძღვრილი სახარებისეული სწავლებით, მოციქულის სიტყვა ინდოეთსაც კი მისწვდა და ქრისტეს სახარება აქაც იქნა ნაქადაგევი.
ჭრელ სურათს წარმოადგენდა აფრიკა: ნიტრიის უდაბნოს დიდი მოსაგრეებიდან მოყოლებული ვიდრე წარმართულ ტომებამდე თავიანთი ველური ადათებითა და ზნე-ჩვეულებებით. იგავში მთესველის შესახებ ქრისტემ აჩვენა სახარების აღქმის სხვადასხვა ხარისხები, რაც თავისუფლად შეიძლება განვაკუთვნოთ ხალხებს, რადგან ყოველი ხალხი თავისი ადათებით, ტრადიციებით, სულიერი სისუფთავით ერთგვარ მთლიანობას წარმოადგენდა. ქრისტიანული იდეალების უარყოფა ამა თუ იმ ერის მიერ მთლიანობაში შეიძლება განხილულ იქნას, როგორც სახარების შეგნებული უარყოფა, ქრისტესადმი შეგნებული წინააღმდეგობა, როგორც ეროვნების ცალკეული წარმომადგენელის, ასევე მისი შთამომავლობის სახით.
ასე, მაგალითად, ებრაელი ერის ძირითადმა მასამ არ მიიღო ქრისტიანული ქადაგება და ერის სახით ღვთივრჩეული ერიდან წყეულ ერად გადაიქცა, და არა მარტო ქრისტეს ჯვარცმის დროებაში, არამედ მთელი შემდგომი ისტორიის განმავლობაში. ასეთივე სურათია ჩინეთში, ინდოეთსა და სპარსეთში. როდესაც გინდ ქადაგებულ ყოფილიყო სახარება ამ ქვეყნებში, მას ყოველთვის უარყოფდნენ, როგორც მთელი ერი, ასევე ცალკეული მისი წარმომადგენლები. ამ ქვეყნებში ქრისტიანობის ქადაგებას წარმატება არ მოჰყოლია. იქ დღემდე ბატონობენ წარმართული და ოკკულტური თაყვანისცემანი. ხოლო ევროპა მთლიანად დაემორჩილა ქრისტეს.
განვლო რა განსაცდელნი და მოწამეობანი, დევნულებანი და შევიწროებანი, ქრისტიანობა პირველ ათასწლეულში განმტკიცდა და გაიფურჩქნა, რითაც ადამიანს მისცა ყველაზე ღირებული - ცოდვისგან გათავისუფლების შესაძლებლობა. მაგრამ ამ თავისუფლებას ადამიანი აღწევდა დემონთა საცდურებთან და თავდასხმებთან შებრძოლებით. ეშმაკს არასოდეს შეუწყვეტია ბრძოლა ადამიანის წინააღმდეგ, და ყოველთვის, როგორც კი მოდუნდებოდა ადამიანი, ის ხდებოდა ეშმაკის მონა და ბოროტების მსახური.
ქრისტიანული ცხოვრების დაკნინების დასაწყისი
"რომის იმპერიამ უმაღლეს აყვავებას მიაღწია ქრისტეს შობიდან მეორე საუკუნეში, მთელ რიგ ინტელექტუალურ და ენერგიულ იმპერატორთა მმართველობის პერიოდში, ტრაიანედან დაწყებული მარკუს ავრელიუსით დამთავრებული" (Вульфиус. А. Учебник истории средних веков. СПб., 1912. С. 1912). თუმცა, მარკუს ავრელიუსის მეფობის დასასრულიდან გამოჩნდა იმპერიის დაკნინების ნიშნები. დავამ და უთანხმოებამ ხელისუფლებისა და ტახტის მემკვიდრეობის გამო შეარყია სახელმწიფო ხელისუფლება. "III საუკუნის საუკეთესო იმპერატორები თითქმის ყველა აჯანყებული ჯარისკაცების მიერ იქნა მოკლული" (Вульфиус. А. Учебник истории средних веков. СПб., 1912. С. 1).
IV საუკუნისთვის უწყვეტი ომების შედეგად შემცირდა ქალაქისა და სოფლის მოსახლეობა. ჯარი ძირითადად უცხოტომელთაგან, კერძოდ გერმანელთაგანს შედგება. V საუკუნეში დასავლეთ რომის იმპერია ველურ ტომთა დამანგრეველი თავდასხმების ობიექტი შეიქმნა, რომლებმაც შემდგომ მის ნანგრევებზე საკუთარი ეროვნული სახელმწიფოები დააარსეს. პოლიტიკურმა ცვლილებებმა დიდწილად განაპირობა სულიერი ცხოვრების დაკნინებაც. "ომებისა და იმპერიაში შეჭრილი ბარბაროსული მასების გავლენით ზნე-ჩვეულებები და გემოვნება უხეშდება, გონებრივი ინტერესები ჩლუნგდება, მეცნიერება და ხელოვნება თანდათანობით თითქმის სრულ უძრაობაში გადადის" (Вульфиус. А. Учебник истории средних веков. СПб., 1912. С. 3).
რომის იმპერიის აყვავებისა და ძლიერების ხანაში, მის ჩრდილო-აღმოსავლეთ განაპირას ყალიბდებოდა ძალა, რომელმაც მალე მისი დასავლეთი ნაწილის დაცემა გამოიწვია. რაინისა და დუნაის ჩრდილოეთით, უცნობი მიზეზების გამო, მოსახლეობის ძლიერი ზრდა დაიწყო. ეს პროცესი იმდენად სწრაფად მიმდინარეობდა, რომ ჭარბი მოსახლეობა იძულებული ხდებოდა მიეტოვებინა მშობლიური ადგილები და ახალი სამკვიდრო ეძია, რის გამოც ის თანდათანობით დასავლეთისკენ წარიმართა. ამ დროს მოსულები არა მარტო დაუსახლებელ ადგილებში მკვიდრდებოდნენ, არამედ კონფლიქტშიც შედიოდნენ ადგილობრივ მოსახლეობასთან, ძარცვავდნენ მას, აოხრებდნენ, დევნიდნენ ან ანადგურებდნენ.
ამ დროს იმპერიის დედაქალაქი უკვე კონსტანტინოპოლში იყო. რადგან იმპერატორები უშუალო საფრთხეს ვერ ხედავდნენ თავიანთი არსებობისთვის, ხშირად მართავდნენ ამ ტომებთან მოლაპარაკებას, ასახლებდნენ მათ იმპერიის ტერიტორიაზე, იწვევდნენ საიმპერატორო გვარდიის სამსახურში. მაგრამ ამან ვერ შეაჩერა ველური ტომების შემოსევა იმპერიაზე. პირველი ტომები, რომლებმაც იმპერიის დასავლეთი ნაწილი დაიკავეს და თვით ქალაქი რომი არაერთხელ გაძარცვეს, იყვნენ ვესტგოთები და ოსტგოთები. მათ მოჰყვნენ ჰუნები, ვანდალები, ლანგობარდები, ფრანკები, ბურგუნდები, ალანები და სხვა ტომები. V საუკუნეში გერმანული ტომები ჰუნებმა შეცვალეს, რომლებმაც სრულიად ააოხრეს იმპერიის მთელი დასავლეთი ნაწილი, ამ საქმეში განსაკუთრებით გამოირჩა ჰუნების ერთ-ერთი ბელადი ატილა. ჰუნები ვანდალებმა შეცვალეს, შემდეგ კი კვლავ გერმანულმა ტომებმა ჩაანაცვლეს.
რომი ყოველ ჯერზე საშინლად იძარცვებოდა. ასე, მაგალითად, 455 წელს ვანდალები თოთხმეტი დღის განმავლობაში ძარცვავდნენ და აოხრებდნენ მარადიულ ქალაქს. განსაკუთრებულ წარმატებებს მიაღწიეს ოსტგოთებმა ოდოაკრის მეთაურობით. ეს ბელადი გარკვეული ხნით ცხოვრობდა იტალიაში და საიმპერატორო სასახლის გვარდიაშიც კი მსახურობდა. 476 წელს მან ხელთ იგდო რომი და ნეაპოლში გადაასახლა უკანასკნელი რომაელი იმპერატორი რომულუს ავგუსტულუსი. მიაღწია იმას, რომ კონსტანტინოპოლისგან მიიღო იმპერატორის ადგილნაცვალის წოდება და თავი მეფედ გამოაცხადა. 493 წელს სამხედრო კონფლიქტის შედეგად ის თეოდორიხმა შეცვალა, რომელიც ადგილნაცვალი იყო 526 წლამდე. ხოლო საერთოდ, ოსტგოთთა ძალაუფლება იტალიაში 555 წლამდე გაგრძელდა.
ასეთ რთულ პოლიტიკურ პირობებში ქრისტიანული ეკლესიაც გასაჭირს განიცდიდა. კერძოდ, სურვილით, შეესუსტებინათ იმპერიაზე ზეწოლა და ბარბაროსები მტრებისგან მეგობრებად ექციათ, იმპერატორები ყველანაირად უწყობდნენ ხელს ქრისტიანობის გავრცელებას ამ ხალხებში. ველური ტომები იღებდნენ ქრისტიანობას, მაგრამ დიდხანს განაგრძობდნენ საკუთარი წარმართული რიტუალების დაცვასაც, რითაც არღვევდნენ ქრისტიანობის სიწმინდეს.
გარდა ამისა, ქრისტიანობას, განსაკუთრებით აღმოსავლეთში, არყევდნენ მწვალებლობანი, და ბარბაროსებიც ხშირად ქრისტიანობას არა სუფთა სახით იღებდნენ. ამ ყველაფერმა ხელი შეუწყო იმას, რომ უბრალო ხალხი ძალზედ ძნელ მდგომარეობაში აღმოჩნდა. "ხალხი, ამდენი გასაჭირის ფონზე, თავის მზერაში ასახავდა საკუთარ სულთადმი დაუოკებელ ლტოლვას, რადგან ყველა იმ გასაჭირის გარდა, რომელთა გადატანაც უხდებოდათ, ძალიან ბევრს არ ჰქონდა შესაძლებლობა, მიემართა ღვთის შეწევნისთვის, იმ იმედისათვის, რომლითაც ყველა უბედური ცოცხლობდა: რადგან მათ ხომ უმეტესწილად სათანადოდ არც იცოდნენ, თუ რომელი ღმერთისთვის მიემართათ, და ამიტომ ყოველგვარი მფარველობისა და იმედის გარეშე საცოდავად იხოცებოდნენ" (Макиавелли Никколо. История Флоренции. М., 1987. С. 15).
ამ გაჭივრებებსა და უბედურებებში, სულიერებისა და ზნეობის, ზოგჯერ კი პოლიტიკური გავლენის სიმძლავრის სიმაღლეზე დასავლეთში რომის ეპისკოპოსები აღმოჩნდნენ. მოციქულთა პირველი მემკვიდრენი რომის საყდარზე თავიანთი ცხოვრების სიწმინდისა და მათ მიერ აღსრულებული სასწაულების გამო იმდენად პატივსაცემნი იყვნენ, რომ რომის მღვდელმთავრის ავტორიტეტმა უპრეცედენტო სიმაღლეს მიაღწია და თაობიდან თაობას გადაეცემოდა. გარდა ამისა, რთულ პოლიტიკურ პირობებში რომის ეპისკოპოსები არა მარტო მკაცრად ინახავდნენ ქრისტიანული სწავლების სიწმინდეს, არამედ აქტიურად ჩაერთნენ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში და მოსახლეობისა და ქალაქის მთავარი მფარველნიც გახდნენ ხალხს ბარბაროსთაგან აოხრებისგან იცავდნენ.
"ამ მძიმე ჟამს პაპები უბედური მოსახლეობის ჭეშმარიტ მფარველებად მოგვევლინნენ. ისინი იცავდნენ მას ბიზანტიელი მოხელეების მტაცებლობისგან, ეხმარებოდნენ ლანგობარდების შემოსევებისაგან მიყენებული ზარალის გამოსწორებაში, ისინი აწყიცავდნენ ხალხს ამ საშინელი მტრისგან, ისინი მფარველობდნენ ყველა დამცირებულსა და შეურაცხყოფილს. თანდათანობით იტალიელი მოსახლეობის, განსაკუთრებით კი რომისა და რომის მიმდებარე ოლქების თვალში, პაპი უმაღლეს მეთაურად და მფარველად იქცა, რომლისგანაც შეიძლებოდა მხოლოდ შეწევნის მოლოდინი" (Вульфиус. А. Учебник истории средних веков. СПб., 1912. С. 20). ამით პაპებმა კიდევ უფრო განამტკიცეს თავიანთი ავტორიტეტი.
ამგვარად, ისტორიულმა ვითარებამ ხელი შეუწყო იმას, რომ პაპი სულიერი მამიდან საერო მმართველად გარდაისახა. მან თავის თავზე აიღო საერო ხელისუფლების სიმძიმე და შემდეგ ის პირველ ადგილზე დააყენა, ყოველმხრივ იცავდა მას, განამტკიცებდა და ძლიერებას ანიჭებდა. ეს აუცილებელი იყო შექმნილი პოლიტიკური პირობების გამო, მაგრამ ამავე ვითარებამ განაპირობა რომის ეპისკოპოსში სულიერი სენის - ძალაუფლებისმოყვარეობისა და სიამაყის ჩასახვა.
თავდაპირველად პაპები ემორჩილებოდნენ იმპერატორებსა და მეფეებს და მაშინ სხვა ხელისუფლება არ ჰყავდათ, გარდა სულიერისა, რომლითაც სარგებლობდნენ მათი ცხოვრებისა და სწავლებისადმი საყოველთაო პატივისცემის წყალობით. მდგომარეობა შეიცვალა გუთების მეფის, თეოდორიხის (493–526) დროს, როდესაც მან დედაქალაქი რომიდან რავენაში გადმოიტანა. რომი მმართველის გარეშე დარჩა, და ხალხი სულ უფრო ხშირად მიმართავდა პაპის მფარველობას. ამ პერიოდში პაპებმა შეძლეს პატივის უპირატესობა რომის ეკლესიისთვის შეენარჩუნებინათ და არა რავენასთვის, ამან კი ხელსაყრელი ნიადაგი შექმნა პოლიტიკური ძალაუფლების განმტკიცებისთვისაც.
იტალიაზე ლანგობარდების შემოსევის შედეგად ქვეყანა რამდენიმე სამეფოდ დაიშალა, ხოლო რომი ფაქტობრივად პაპების საკუთრებად იქცა. კონსტანტინოპოლის იმპერატორი, ლანგობარდები, ფრანკები პატივს სცემდნენ მას და მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ მასთან. პაპები ამ დროს, როგორც რომაელი ხალხის წარმომადგენლები, მეფისა და იმპერატორის თანაბარ საფეხურზე აღზევდნენ და თანასწორნი იყვნენ მოლაპარაკებებშიც. ასე ხდებოდნენ პაპები ხან ბიზანტიელთა, ხან ლანგობარდთა, ხან ფრანკთა მოკავშირენი, და მათი მნიშვნელობა ამის გამო მხოლოდ იზრდებოდა. თანდათანობით პაპები ერთვებოდნენ სახელმწიფოთაშორის ინტრიგებში და ამ სფეროშიც გამოავლინეს თავიანთი ნიჭი, როგორც დახელოვნებულმა პოლიტიკოსებმა.
პაპ სტეფანეს (752-757) პონტიფიკოსობის დროს ლანგობარდები, სამშვიდობო ხელშეკრულების დარღვევით, იტალიის საზღვრებში შეიჭრნენ, დაიკავეს რავენა და პაპს ომი გამოუცხადეს. სტეფანემ დახმარებისთვის ფრანკთა მეფე პიპინეს მიმართა, ამ მიზნით მან სახელმწიფოში გაბედული და სახიფათო მგზავრობა განახორციელა. როდესაც პიპინესთან სენ-დენის სააბატოში ჩავიდა, მან ხელმწიფედ სცხო მეფესა და მის ორ ვაჟს და პატრიციების ხარისხში აიყვანა ისინი. რა თქმა უნდა, ბევრი ვერაფერი შემატა მეფის პოლიტიკურ წონას, მაგრამ ამ დროიდან გაჩნდა ახალი ცნება: სამეფო ხელისუფლების სიწმინდე. პიპინემ ორჯერ გააგზავნა ლაშქარი იტალიაში, დაამარცხა ლანგობარდები, აიღო რავენა და, ბიზანტიელი იმპერატორის ნების საწინააღმდეგოდ, მთელი მისი სამფლობელოებითურთ პაპს გადასცა. ამ დროიდან მოყოლებული რავენაში კონსტანტინოპოლის ეგზარქოსნი აღარ გამოჩენილან, და იგი რომის მღვდელმთავრის ნებით იმართებოდა.
პაპები, რომლებიც ცდილობდნენ თავიანთი მიწები დაეცვათ, როგორც კონსტანტინოპოლის, ისე ლანგობარდების ან სხვა ტომების ხელყოფისგან, მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ ხან ერთ და ხან კიდევ მეორე მხარესთან, ამ დროს მათ ერთმანეთზე გესლავდნენ. დროთა განმავლობაში ისინი ამ საქმეში იმდენად წარემატნენ, რომ ეს მათი პოლიტიკის მთავარ კოზირად იქცა. მაგრამ, სამწუხაროდ, თავის მხრივ, ეს რომის მღვდელმთავართა ცხოვრების ქრისტიანული პრინციპების გადაგვარებასაც იწვევდა. იტალიელი სახელმწიფო მოღვაწე და შუა საუკუნეების ფილოსოფოსი ნიკოლო მაკიაველი ამის შესახებ წერს: "ამგვარად, ყველა ომი, რომელსაც იმ დროს ბარბაროსები იტალიაში აწარმოებდნენ, დიდწილად გამოწვეული იყო რომის მღვდელმთავრების მიერ, და ყველა ბარბაროსი, რომელთა შემოსევებსაც იგი განიცდიდა, მათივე გამოწვეული იყო. ასევე იქცევიან ისინი დღესაც, და სწორედ ამის გამო რჩება იტალია დაქსაქსულ და უძლურ ქვეყანად" (Макиавелли Никколо. История Флоренции. М., 1987. С. 22).
გრძნობდნენ რა თავიანთი ძალაუფლების განმტკიცებას, პაპები ყოველ ჯერზე სულ უფრო პრინციპულად ითხოვდნენ თავიანთი ხელისუფლების უპირობო პრიმატს ჯერ დასავლეთის, შემდეგ კი მთელი ქრისტიანული სამყაროს ეპისკოპოსებზე. პიპინეს გარდაცვალებიდან პაპი მალევე გადაეკიდა ლანგობარდებს და ისინიც პაპის ოლქის საზღვრებში შეიჭრნენ. მაშინ პაპმა ადრიანემ (772-795) დახმარებისათვის პიპინის ძეს, კარლოსს მიმართა. კარლოსმა გადალახა ალპები, დაამარცხა ლანგობარდები, ტყვედ აიყვანა მათი მეფე დეზიდერიუსი და იგი ფრანკთა სამეფოში გააგზავნა. "შემდეგ ის გაემგზავრა რომში პაპის მოსანახულებლად და იქ განაცხადა, რომ რომის მღვდელმთავარი, როგორც ღვთის ადგილნაცვალი დედამიწაზე, არ შეიძლება განკითხულ იქნას ადამიანური სასამართლოს მიერ; პაპმა და რომაელმა ხალხმა კი კარლოსი იმპერატორად გამოაცხადეს.
ამგვარად, რომმა კვლავ მოიპოვა იმპერატორი დასავლეთში, მაგრამ ახლა უკვე პაპს კი არ სჭირდებოდა, როგორც ადრე, იმპერატორთა შეწევნა, არამედ იმპერატორს სჭირდებოდა პაპის მხარდაჭერა არჩევისას. იმ ზომით, რა ზომითაც კარგავდა იმპერატორის ხელისუფლება თავის პრეროგატივებს, ისინი ეკლესიას გადაეცემოდა, და ამის წყალობით მისი ხელისუფლება საერო მმართველებზე ყოველდღე ძლიერდებოდა" (Макиавелли Никколо. История Флоренции. М., 1987. С. 23-24).
800 წელს, სახელგანთქმულ საშობაო ცერემონიალზე, წმინდა პეტრეს ბაზილიკაში, პაპ ლეონ III-მ (795-816) საიმპერატორო ტახტზე აკურთხა კარლოს დიდი (768-814). ამგვარად, დასავლეთმა კვლავ მოიპოვა თავისი იმპერატორი, ხოლო პაპი დასავლეთის პოლიტიკის მთავარი არბიტრი გახდა. "რაც გინდ ეფიქრა თავად ლეონს, როდესაც ის კარლოს დიდს გვირგვინს ადგამდა, მან, ყველა პაპთა შორის პირველმა გადადგა გადამწყვეტი ნაბიჯი და პაპობას ევროპის ისტორიის ჩამოყალიბებაში აქტიური როლი მიანიჭა. განზრახ თუ უნებლიეთ, მან სათავე დაუდო პროცესს, რომელიც აამაღლებს წმინდა საყდარს შუა საუკუნეების ძლიერების მწვერვალებამდე: შეუზღუდავი და ძლევამოსილი თეოკრატიის სრულ აყვავებამდე, რომელზეც არის დამოკიდებული მეფეთა და იმპერატორთა ბედი" (Рожков В. прот. Очерки по истории Римо-Католической церкви. М., 1994. С. 72).
პაპებმა, მიიღეს რა საერო ხელისუფლება, ამით დაადასტურეს და მოახდინეს იმ ფაქტის ლეგალიზაცია, რომ დასავლეთის ეკლესიის სულიერ-ზნეობრივი აღმავლობის საქმეში ძლიერი ბზარი გაჩნდა. ევროპაში დაიწყო ადამიანის სულიერი დაკნინების ხანა, შემდეგ რწმენაც დაეცა, რასაც ქრისტიანული ცხოვრების პრინციპების გადაგვარება მოჰყვა. ცხადია, ამოიწურა და გაღატაკდა ბრძოლის საშუალებანი, გაქრა მოშურნეობა, გამრავლდა საცდურები. ადამიანმა ქრისტიანული რწმენა დაკარგა. ამ პროცესში მრავალმა ვითარებამ და მიზეზმა თავისი როლი ითამაშა, მაგრამ ყველაზე უმთავრესი მიზეზი მაინც ის იყო, რომ თვისობრივად შეიცვალა ქრისტიანობის სულიერი ინსტიტუტი - ეკლესია, და ღვთის მადლი უპირველეს ყოვლისა უმაღლესი სამღვდელოების გულებში გაღატაკდა.
პაპის ხელისუფლების აყვავებასთან ერთად ჩნდება ახალი, ქრისტიანული სულისათვის უცხო სწავლება პაპის პრიმატის შესახებ. ზოგიერთი ისტორიკოსის აზრით, კლასიკური პაპობის, როგორც კათოლიკურ ეკლესიაში განსაკუთრებული მოვლენის ისტორია, მხოლოდ შუა საუკუნეების ხანიდან იწყება.
პაპი – სულიერი მბრძანებელი – საერო მბრძანებელიც ხდება, ანუ ის, გარკვეული გაგებით, იძენს აბსოლუტურ ხელისუფლებას. ამ ხელისუფლებას იგი დიდი მოშურნეობით უფრთხილდება, იცავს და ამ ხელისუფლების შესანარჩუნებლად, საჭიროების შემთხვევაში, ყველა დასაშვებ და დაუშვებელ საშუალებას იყენებს, როგორც სულიერს, ისე პოლიტიკურს, მათ შორის შეიარაღებულ ძალასაც.
აქ პაპმა გადააჭარბა ყველა იმ პოლიტიკურ და სულიერ წინამძღოლს, ვინც კი ოდესმე კაცობრიობის ისტორიაში ხელისუფლებისაკენ ისწრაფოდა. მის ხელთ იყო თავმოყრილი როგორც სულიერი, ისე პოლიტიკური ხელისუფლება, რომელსაც იგი უსაზღვროდ ფლობდა. სულიერი მხრივ ის არის ქრისტეს ადგილნაცვალი დედამიწაზე, წმიდა, უცდომელი, მისი ხელისუფლება ეკლესიაზე უსაზღვროა. პაპი კრებებზე მაღლა დგას, მაშასადამე, წმიდა სულზე მაღლაც. ის არის კათოლიკური ეკლესიის ღმერთი. ვინ შეიძლება იყოს მასზე მაღლა დედამიწაზე?! პოლიტიკურ სფეროში ის საერო მმართველი, მეფე და, უფრო მეტიც, უზენაესი საარბიტრაჟო მსაჯულია, ის მეფეებზე მაღლა დგას, რომლებიც უბრალოდ კი არ უნდა ემორჩილებოდნენ მას, არამედ ემორჩილებოდნენ უსიტყვოდ.
ხელისუფლებისათვის ბრძოლაში პაპი არ ერიდება არაქრისტიანული მეთოდებით მოქმედებას. მიზანი – ხელისუფლებაა, ის ამართლებს ყველა საშუალებას. თვით ქრისტიანობაც კი პაპისათვის არა მიზანი, არამედ საშუალება ხდება სულაც არაქრისტიანული ხელისუფლების მისაღწევად. პაპის ხელისუფლება ხდება სათნოების უზენაესი კატეგორია. ნებისმიერი დანაშაული შეიძლება ჩადენილ იქნას და მიტევებულ იქნას, გარდა პაპის ხელისუფლების ხელყოფისა. ასეთ მდგომარეობაში პაპი ოკულტიზმთან ერთ სიბრტყეზე დგება, მაგრამ ამასთანავე თავისი მიღწევებით მას ბევრად აღემატება.
ვერ ერთმა წარმართმა მღვდელმსახურმა, ვერც ერთმა ოკულტურმა ადეპტმა ვერ შეძლო ისეთ სიმაღლემდე აღზევება და ხელისუფლების ასეთი სისავსის მიღწევა, როგორც რომის პაპმა, რომელმაც თავის ხელში უმძლავრესი რელიგიურ-პოლიტიკური ბერკეტები მოაქცია. ამ მხრივ პაპმა გადააჭარბა ეგვიპტელ მღვდლებს, ქალდეველ მოგვებს, ძველბერძნული საიდუმლო კავშირებისა და მისტერიების ორგანიზატორ-წინამძღოლებს, ხოლო ისტორიის ცალკეულ პერიოდებში – თვით რომაელ იმპერატორთაც კი.
ოკულტიზმის მიმდევრისთვის საბოლოო მიზანი აბსოლუტური ხელისუფლების მიღწევა და თავის გაღმერთებაა. პაპის პრეტენზიებმა ოკულტისტთა ყველა მოლოდინს გადააჭარბა. და გასაკვირი არ არის, რომ თავის მხრივ, მრავალი პაპი თავისი სულიერ-ზნეობრივი სახით არაფრით განსხვავდებოდა ოკულტისტებისგან. შედეგად, უმაღლესი კათოლიკური სამღვდელოების გარემოცვაში, ხოლო უპირველეს ყოვლისა პაპის კარზე, ყვაოდა მძულვარება, ვერცხლისმოყვარეობა, მტრობა, რომელიც ომებსა და შუღლ-დავებში გადადიოდა მათი წარმოების დანაშაულებრივი მეთოდებით, მოსყიდვით, შეთქმულებით, ღალატითა და სხვა მანკიერებებით. პაპობამ დაამახინჯა ქრისტიანული პრინციპები, რის გამოც პაპის კარის ცხოვრება არაფრით განსხვავდებოდა ოკულტური საზოგადოებების ცხოვრებისაგან.
პაპთა ძალაუფლებისმოყვარეობამ განსაკუთრებულ ზენიტს ქრისტიანული ხანის მეორე ათასწლეულის დასაწყისისს, გრიგოლ VII-ის პონტიფიკოსობის დროს მიაღწია. პაპი გრიგოლ VII რომის საყდარზე 1073 წელს აირჩიეს. არჩევის შემდეგ პონტიფიკოსმა მიზნად დაისახა სრულიად არაქრისტიანული ამოცანა: მიეღწია აბსოლუტური უპირატესობისათვის სულიერ და პოლიტიკურ სფეროში. მრავალი მკვლევრის აზრით, "ეს კონცეფცია აშკარად გამომდინარეობს იქიდან, რომ პაპის უზენაესი ხელისუფლება, როგორც ხანგრძლივი ისტორიული განვითარების შედეგი, ფაქტობრივად ყოველმხრივ ერთიანი გახდა" (Гергей Е. История Папства. М., 1996. С. 109).
გრიგოლ VII-მ არა პირველად, მაგრამ ახალ სიბრტყეზე და განსაკუთრებული ძალით დააყენა დღის წესრიგში სწავლება პაპის პრიმატის შესახებ, და ამ მიზნის სამსახურში ჩააყენა ღვთისმეტყველება. "გრიგოლ VII, თავისი ისტორიული კონცეფციის მიხედვით, ეყრდნობოდა წმიდა ავგუსტინეს, გრიგოლ I-ისა და ნიკოლოზ I-ის იდეებს, მაგრამ ბევრად უფრო შორს წავიდა ვიდრე ისინი, რადგან შეპყრობილი იყო დიდი იმპერიის იდეით, რომელსაც პაპი მართავს. გრიგოლ VII-ის მიზანი გახდა ისეთი ქრისტიანული საყოველთაო იმპერიის შექმნა, სადაც მთავრებსა და ხალხებზე მმართველობა პაპს დაეკისრება, სადაც პაპი და იმპერატორი ერთად იმოქმედებენ პაპის უზენაესობით. ეს პრაქტიკულად იმას ნიშნავდა, რომ პაპი თავს ქრისტიანული სამყაროს მეთაურად მიიჩნევდა" (Гергей Е. История Папства. М., 1996. С. 100).
გრიგოლ VII-ის პონტიფიკატობის პროგრამა გადმოცემული იყო დოკუმენტში სახელწოდებით "პაპის დიქტატი" და დამტკიცებულ იქნა ლატერანის კრებაზე 1075 წელს. პაპის დიდმა ქარტიამ გამოაცხადა აგრეთვე ამ უკანასკნელის კრებაზე უზენაესობა. 27 პუნქტიდან თითოეული, რომელიც ამ დოკუმენტს შეადგენს, ამტკიცებს პაპის ხელისუფლების ამა თუ იმ პოზიციას. პაპის ხელისუფლება ვრცელდება როგორც ეკლესიაზე (მხოლოდ რომის პაპს აქვს უფლება ეწოდოს საყოველთაო, პუნქტი 2), ისე სახელმწიფოებზე (პაპს აქვს უფლება გადააყენოს იმპერატორები, პუნქტი 12). ამ დოქტრინიდან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ პაპის მიზანი და ამოცანა არაფრით განსხვავდებოდა ოკულტისტთა მისწრაფებებისაგან, მხოლოდ პაპმა ბევრად გადააჭარბა მათ რეალურ მიღწევებში.
უფრო მეტიც, პაპი პრეტენზიას აცხადებდა ღვთაების როლზე დედამიწაზე. ის არის ქრისტეს ადგილნაცვალი, უცდომელი და წმიდა. ის ყველაფერს სწორად განსჯის, მაშასადამე, ფლობს სრულყოფილ ცოდნასა და წინასწარცოდნას, როგორც ცხადისას, ისე ფარულისას. პაპი აუცილებლად აღწევს უკვდავებას – მარადიულ სიცოცხლეს, რადგან იგი უკვე აქ, დედამიწაზე, ფლობს სიწმინდის ხარისხს (რომის პაპი... უდავოდ გახდება წმიდანი, პუნქტი 23) (Гергей Е. История Папства. М., 1996. С. 101). მაგრამ ეს ყველაფერი, მიუხედავად იმისა, რომ დიდ როლს თამაშობს, მაინც არ არის მთავარი. ყველაზე მთავარი არის ხელისუფლება. ხელისუფლება, ღვთის მიერ დაკანონებული, სრულიად შეუზღუდავი, რომელიც მარადიულობაზეც ვრცელდება.
პრიმატის კანონიკურად დამტკიცების შემდეგ, პაპებმა თავიანთი ძალისხმევა პოლიტიკაზე გადაიტანეს. საერო ხელისუფლებასთან ბრძოლების წარმატებით დასრულების შემდეგ, პაპები შეეცადნენ გაეფართოებინათ და დაემტკიცებინათ საკუთარი სამეფო – ქრისტიანული რესპუბლიკა პაპის მეთაურობით, რომელიც თავის უზენაესობას გაავრცელებდა ყველა დანარჩენ სახელმწიფოზე. "ქრისტიანული მსოფლიო იმპერია - გრიგოლ VII-ისა და მისი მემკვიდრეების წარმოდგენების თანახმად - უნდა მოიცავდეს მთელ კაცობრიობას. მისმა ბირთვმა შექმნა ქრისტიან ხალხთა გაერთიანება. ხოლო იმპერიის გაფართოებას დაპყრობითი ლაშქრობები (ჯვაროსნული) და ეკლესიის მისიონერული მოღვაწეობა (სამონაზვნო ორდენების მეშვეობით) ემსახურებოდა. ერთიანობის საფუძველს წარმოადგენდა საერთო რწმენა, საერთო სულიერი წინამძღოლი, პაპი. იმპერიის მტრებად ითვლებოდნენ ისინი, ვინც საყოველთაო ეკლესიის გარეთ დგანან: წარმართები და მწვალებლები" (Гергей Е. История Папства. М., 1996. С. 117).
თავიანთი ავტორიტეტის ასამაღლებლად პაპები ყველა საშუალებას იყენებდნენ. ამგვარად, მათ თავიანთი ინტერესების სამსახურში ჩააყენეს ქრისტიანი ხალხის სულიერი აღორძინებისკენ სწრაფვაც, კერძოდ კლუნიის მოძრაობა, თუმცა ამან საბოლოოდ თვით მოძრაობა დეგრადაციამდე მიიყვანა. პაპის ინტრონიზაცია გაფორმდა კორონაციად - ტიარის თავზე დადგმად. რომის ეპისკოპოსმა ასევე ხმარებაში შემოიღო გარეგანი ატრიბუტები, რომლებიც პაპის სიდიადეს დაამტკიცებდა. კათოლიკური ეკლესიის ღვთისმსახურებაში დამტკიცდა მხოლოდ ერთი ენა – ლათინური და ერთი ლიტურგია – რომაული. ის განსაკუთრებულ მნიშვნელობას უსვამდა თვით სახელწოდებას "პაპი", საკუთარ თავს ქრისტეს ადგილნაცვალს უწოდებდა. პროვინციებში იგზავნებიან პაპის ლეგატები, რითაც ადგილობრივი ეპისკოპოსების ხელისუფლება იზღუდება.
ეს სწრაფვა უსაზღვრო ხელისუფლებისკენ აშკარად არაქრისტიანული ხასიათისაა, რადგან ყოველ ჯერზე პაპების მხრიდან მისი განხორციელების მცდელობისას, ის დღემდეც კი აჩენდა და აჩენს ცოდვებს, ვნებებს, მანკიერებებს, დანაშაულებს, ომებს, ნგრევას, მტრობას, სიძულვილსა და არეულობას. ამგვარად, ქრისტიანობის ძირითადი პრინციპები, ხოლო არსებითად, მთელი ქრისტიანობა, პაპებმა აქციეს აბსოლუტური ძალაუფლების მისაღწევად საშუალებად.
რა ვნებები უნდა იბადებოდეს ამ დროს ადამიანში? ბუნებრივია, ისეთივე, როგორიც ეგვიპტელ მღვდლებში, სპარსელ მოგვებში, ბერძენ მისტებში, ფილოსოფოს-პითაგორელებში და სხვა, როგორც წარსულის, ისე აწმყოს ყველა ჟანრისა და რანგის ოკულტისტებში. შემთხვევითი არ არის, რომ პეტრე დამიანე, პაპ გრიგოლ VII-ის თანამედროვე, ზიზღით ეპყრობოდა მას, უწოდებდა მას "წმინდა" სატანას და "ფანატიკოს ბერს, რომელიც პაპის ტახტზე მოხვდა" (Гергей Е. История Папства. М., 1996. С. 108). ხოლო რეფორმაციის ხანაში კათოლიკური ეკლესიის მტრები პაპს იმავე სახელით მოიხსენიებდნენ, მაგრამ უკვე ზედსართავი "წმიდა"-ს გარეშე.
1198 წელს პაპის ტახტზე ავიდა ინოკენტი III. ის პაპობის სულის ყველა მოთხოვნას პასუხობდა, იყო სწავლული ღვთისმეტყველი და იურისტი, ერკვეოდა პოლიტიკაში და ფლობდა პაპის ხელისუფლების შეუზღუდავ მოთხოვნილებას. როგორც მკვლევართა უმრავლესობა მიიჩნევს, ინოკენტი III-მ თითქმის განახორციელა პაპიზმის ოცნება "მსოფლიო ბატონობაზე", რომელსაც თავისი წინამორბედი გრიგოლ VII ცდილობდა. "მან გადააჭარბა თავის წინამორბედებს პაპთა პოლიტიკური ხელისუფლების პრაქტიკული განხორციელების სფეროში... ინოკენტი III თავს მიიჩნევდა არა მხოლოდ ქრისტეს ადგილნაცვალად, არამედ ქრისტიანული სამყაროს მეთაურადაც. ის ერეოდა თავისი ეპოქის ყოველ მნიშვნელოვან მოვლენაში, საკუთარ თავზე იღებდა ყოვლისშემძლე არბიტრის როლს ღვთის მიერ ბოძებული წყობილების შენარჩუნებაში ან აღდგენაში. ინოკენტი III ამტკიცებდა: ყოველი ცალკეული ქვეყნის სათავეში დგანან მეფენი, მაგრამ თითოეულ მათგანზე მაღლა აღმართულია წმიდა პეტრეს ტახტი და მისი მოადგილე – პაპი, რომელიც, როგორც სიუზერენი, იძლევა იმპერატორობას" (Гергей Е. История Папства. М., 1996. С. 129).
ამიტომაც ერეოდა პაპი სხვა ქვეყნების შინაურ საქმეებში, მათ შორის კიევის რუსეთის საქმეებშიც. შესაძლოა, ამავე მიზნით გააგრძელა მან ჯვაროსნული ლაშქრობებიც, და მისი კურთხევით 1204 წელს გაიძარცვა კონსტანტინოპოლი და შეურაცხყოფილ იქნა ქრისტიანული სალოცავები. მთელი ცხოვრება, მთელი ძალა და საშუალება მას მიმართული ჰქონდა ერთადერთი მიზნის – აბსოლუტური ხელისუფლების მისაღწევად.
ეს მიზანი, როგორც ცნობილია, არ არის ქრისტიანული, ეს ეშმაკური მიზანია; ეს არის სწრაფვა, რომელიც უფრო ოკულტური ცოდნის მიმდევრებს ახასიათებს, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ შემდგომში პაპის ინიციატივა სხვა პოლიტიკურმა მოღვაწეებმა გადაიბარეს. ისინი ხელისუფლების მიღწევის პაპისტური საშუალებებით შეიარაღდნენ. დაიწყო სისხლისმღვრელი ბრძოლა. ამ ბრძოლამ დაამძიმა კათოლიკური ეკლესიისა და მთელი დასავლეთ ქრისტიანობის უკვე საკმაოდ შერყეული სულიერ-ზნეობრივი მდგომარეობა. ქრისტიანული პრინციპები – რწმენა, იმედი, სიყვარული, მოწყალება, თავმდაბლობა – გადაგვარების გზაზე იდგა, ხოლო მათ ადგილას ოკულტური პრინციპები მოდიოდა: ღვთისგმობა, გარყვნილება, მტრობა, სიძულვილი, გულსასტიკობა, ფარული და ცხადი ეშმაკთაყვანისმცემლობა.
განა შეეძლოთ მეფეებს და მათ ვასალებს შეენარჩუნებინათ ქრისტიანული რწმენა, რომლის იდეალადაც თავს პაპი მიიჩნევდა, თუკი ისინი იძულებულნი იყვნენ არა თავისი ნებით, არამედ პაპის თვითნებობით, მასთან სისხლისმღვრელი ანგარიშსწორებები ეწარმოებინათ?! განა შეიძლებოდა მათში შენახულიყო სიყვარული პაპისადმი, როგორც ქრისტიანული ეკლესიის ეპისკოპოსისა და ღვთის მსახურისადმი? პირიქით, ეს აღძრავდა მათში მხურვალე სიძულვილს პაპობისადმი, ხოლო მასთან ერთად – მთელი ქრისტიანობისადმი: რწმენის სწავლებისადმი, ცხოვრების პრინციპებისადმი, საიდუმლოთა და ყოველგვარი სიწმიდისადმი. ამ ყველაფერმა გააძლიერა ქრისტიანობის საერთო დაკნინება დასავლეთში. კერძოდ, კათოლიკურ სარწმუნოებაში გაჩნდა ქრისტიანული სულისათვის უცხო მიმართულება – სქოლასტიკა. "გარეგანი დაუპირისპირდა შინაგანს, მიწიერი – ზეციერს. ამ ორმაგობაზე იყო აგებული დიდი სისტემატიზაციებიც. პოეზიაში – დანტეს, ხოლო ფილოსოფიაში –თომა აკვინელს (1225-1274) სურდათ გონების მეშვეობით ხიდი გაედოთ ცასა და მიწას შორის, ცოდნასა და რწმენას შორის" (Гергей Е. История Папства. М., 1996. С. 152).
სქოლასტიკა
სქოლასტიკა (ბერძ. scholasticos – სასკოლო) – შუა საუკუნეების „სასკოლო ფილოსოფიაა“, რომლის წარმომადგენლებიც – სქოლასტიკოსები – ცდილობდნენ ქრისტიანული მოძღვრების რაციონალურად დასაბუთებასა და სისტემატიზაციას. ამისთვის ისინი იყენებდნენ ანტიკური ფილოსოფიის იდეებს (პლატონსა და განსაკუთრებით არისტოტელეს, რომელთა შეხედულებებითაც სქოლასტიკოსები საკუთარი მიზნებისთვის სარგებლობდნენ).
ისტორიულად სქოლასტიკა რამოდენიმე პერიოდად იყოფა: ადრეული სქოლასტიკისათვის (XI–XII სს.) დამახასიათებელია ნეოპლატონიზმის გავლენა (ერიუგენა, ანსელმ კენტერბერიელი). „კლასიკური“, მოწიფული სქოლასტიკის ხანაში (XII–XIII სს.) ბატონობდა „ქრისტიანული არისტოტელიზმი“ (ალბერტ დიდი, თომა აკვინელი). გვიანდელი სქოლასტიკის წარმომადგენლები (XIII–XIV სს.) თომიზმის წინააღმდეგ გამოდიოდნენ (დუნს სკოტი) და მას ორმაგი ჭეშმარიტების თეორიას უპირისპირებდნენ.
სქოლასტიკური მიმართულება წარმოიშვა ანტიკური ფილოსოფიით გატაცების ნიადაგზე. დასავლელი ადამიანის წინაშე გამოცხადებასავით წარდგნენ პლატონი, არისტოტელე, პლოტინი, ბოეციუსი და სხვა ფილოსოფოსები. ანტიკური ფილოსოფიის მეცნიერ-თაყვანისმცემელთა შორის, პირველ რიგში, კათოლიკური ეკლესიის ბერები იყვნენ. გატაცებულნი იყვნენ რა ფილოსოფიით, მათ მასში დაინახეს ერთგვარი მშვენიერი ჰარმონიული სურათი, ინტელექტუალური კმაყოფილების საშუალება. შემდეგ, სულიერი და ინტელექტუალური მოთხოვნილებების შერევით, მათ გადაწყვიტეს, ასეთივე ჰარმონიული ცნებათა და ურთიერთობათა სისტემა მოეცათ თეოლოგიაში. წარმოიშვა სქოლასტიკური აზრის მთელი მიმართულება. სქოლასტიკოსთა ეს მიმართულება სხვა არაფრისკენ ისწრაფოდა, თუ არა ისეთი ფილოსოფიური სწავლებისკენ, რომელშიც საეკლესიო დოგმატების ჭეშმარიტებას გონების წინაშე თავისი გამართლება უნდა ეპოვა. გარდა ამისა, სქოლასტიკოსები გონებისა და ინტელექტის საშუალებით ღმერთის შემეცნებას ცდილობდნენ. ამ პოზიციებიდან ისინი ცდილობდნენ დაემტკიცებინათ ღმერთის არსებობა და რაციონალურად აეგოთ თეოლოგიის დასრულებული და სრულყოფილი სისტემა. ნებისმიერ შემთხვევაში, საუბარი იყო მცდელობაზე, გამოეჩინათ ღმერთი, როგორც ნივთი, რომელიც გამოკვლევას ექვემდებარება.
უკვე თვით ის ფაქტი, რომ სქოლასტიკა თავის ამოცანად ღმერთის შემეცნებას აყენებდა და ამაში ხედავდა სულიერი კმაყოფილების საშუალებასა და სრულყოფილების მიღწევას, ის ცვლიდა აქცენტებს ცხოვრების მიზნის ქრისტიანულ გაგებაში, ამახინჯებდა და აცარიელებდა ქრისტიანობის ჭეშმარიტ გაგებას. ვინაიდან ქრისტიანობაში ცხოვრების მიზანი მდგომარეობს არა იმაში, რომ ინტელექტუალურად, ანუ გონებით შევიცნოთ თუ ვინ არის ღმერთი, არამედ იმაში, რომ ისე შევიცვალოთ თავი, რომ მივიღოთ ღვთის მადლი, რომელიც, თუ შევიდა ადამიანში, ყველაფერს ასწავლის მას და აანაზღაურებს ადამიანური ძალების ნაკლულევანებას, მათ შორის გონებრივ გაგებაშიც.
მოციქული პავლე ქრისტიანისგან მოითხოვს იმის გაგებას, თუ რა არის ღვთის ნება. ღმერთის საკუთარ თავზე მორგებას კი არა, საკუთარი თავის შეცვლას და მომზადებას, როგორც ჭურჭლისა ძვირფასი საკმევლისთვის. ქრისტიანისთვის უეჭველია ის, რომ ღმერთი არ მალავს თავს ადამიანისგან, მაგრამ რომ შეიცნო იგი საჭიროა არა ფილოსოფია ან თეოლოგია, არამედ მონანიება, ცრემლი, თავმდაბლობა, მცნებების მიხედვით ცხოვრება; მხოლოდ ყოველივე ზემოთქმულის არსებობისას იქნება ღმერთი მზად, რომ გადმოვიდეს ადამიანის გულში. ღვთიური თანდასწრება არის არა ადამიანის შრომისა და ძალისხმევის შედეგი, არამედ ღვთის ძღვენი.
სქოლასტიკა გამომდინარეობს პრინციპულად მცდარი წინაპირობებიდან. ის თავის მოძღვრებასა და ლოგიკურ მტკიცებულებებს ქრისტიან მოღვაწეთა გამოცდილებაზე კი არ აფუძნებს, არამედ ანტიკურობის ფილოსოფიურ სისტემებზე. და, ბუნებრივია, ამ შემთხვევაში წინა პლანზე გამოდის არა ყოფიერების ძალა, ცხოვრების სიწმინდე, ღვთის მცნებების მიყოლა, არამედ გონებისა და ინტელექტის ძალა. სქოლასტიკოსი მიისწრაფვის არა ღვთის მადლის მაქსიმალურად შეგრძნებისაკენ, არამედ მისი მაქსიმალურად გაგებისაკენ.
მადლი, ნეტარება, ბედნიერება შეიძლება იგრძნო, მაგრამ ბოლომდე მისი გაგება შეუძლებელია; ხოლო სქოლასტიკას სიწმინდისა და მადლის მდგომარეობაში შესვლა იმდენად არ სურს, რამდენადაც მისი გონებით გაგება. სქოლასტიკის თანახმად, ღმერთის შეცნობა შესაძლებელია როგორც ფილოსოფიის, ისე გამოცხადების მეშვეობით. მაგრამ იმისათვის, რომ ფილოსოფოსმა შეიცნოს ღმერთი, აუცილებელია გონების დასკვნების შეთანხმება ქრისტიანულ მოძღვრებასთან. ქრისტიანობაში ღვთის განგებულების საიდუმლოებები შეიცნობა არა იმდენად გონების დაძაბვით, რამდენადაც ყოფიერების ძალით, გულის სიწმინდით. შეიძლება ზეპირად იცოდე მთელი წმიდა წერილი და ამავე დროს იყო ურწმუნო, შეიძლება ბევრჯერ წაიკითხო სახარების ერთი და იგივე ადგილი და ვერაფერი გაიგო, ხოლო შეიძლება წაიკითხო ერთი მუხლი და ყველაფერი გაიგო, თანაც ისე, რომ შეიძლება ადამიანის მთელი ცხოვრება შეიცვალოს. წმიდანთა ცხოვრებიდან ცნობილია შემთხვევა, როდესაც ერთ მონანულ ცოდვილს მონანიების გულისხმისსაყოფად მისცეს პირველი ფსალმუნის პირველი სამი მუხლი "ნეტარ არს კაცი…". ამ სამმა მუხლმა მისი შინაგანი ძალისხმევის, მონანიებისა და ცრემლის დროს შეძრა იგი და შეცვალა მთელი მისი ცხოვრება, მათი მეშვეობით მან გულითაც და გონებითაც გაიგო თავისი შინაგანი მდგომარეობა და ჩაწვდა იმასაც, თუ რა არის ღვთის ნება.
აქ არ არის ფილოსოფიური ჭეშმარიტება, არ არის მისტიკური გამოცხადება, არ არის ექსტაზი, მაგრამ არის ის გამოცხადება, რომელიც ადამიანის გულის სიღრმეში აღესრულება და ცვლის არა ადამიანის გონების მდგომარეობას, არამედ ადამიანის ცხოვრების მდგომარეობას. ადამიანში ხდება საკუთარი სულიერი დაცემის გამოცხადება და ჩნდება მონანიება, გლოვა, გულშემუსვრილობა და გამოსწორების სურვილი. შედეგად, ადამიანი, - უკვე განათლებული და ცოდვისგან განწმენდილი გონებით, - იწყებს ადამიანური ცხოვრების ღირებულებების სხვაგვარად გაგებას.
ეს არ არის სქოლასტიკაში, იქ ყველაფერი მკვდარია, დეტერმინირებულია, გათვლილია, გათვალისწინებულია. იქ არის მოხიბლულობა, დარწმუნებულობა საკუთარ სიმართლეში, გონების დაძაბვა, მაგრამ იქ არ არის სულიერი ღვაწლი – თვით ადამიანის დამსახურება, არ არის გლოვა, ცრემლი, საკუთარი არარაობის შეგნება. სქოლასტიკაში არ არის ცოცხალი რწმენა, მაგრამ არის ამპარტავნული თავდაჯერებულობა. თომა აქვინელი – სქოლასტიკის სვეტი – ყურადღებას ამახვილებს წარმოსახვაზე და ამტკიცებს, რომ ღვთის კანონის შესწავლისას ის არის საგანძური. მაგრამ ამ საგანძურში შეიძლება მომწიფდეს ისეთი ნაყოფები, რომლებიც პირდაპირი გზით შეიყვანს ადამიანს ხიბლის (მოტყუების, ცდუნების) მდგომარეობაში.
თავის მოძღვრებაში თომა წინა პლანზე აყენებს ღმერთის შეცნობის პრობლემას. „ღმერთის ან ანგელოზთა შეცნობა, – მიაჩნია თომას, – არის წმინდა და მთლიანი ინტელექტუალური ჭვრეტა… ადამიანი მხოლოდ დიდ სულიერ სიმაღლეზე და დიდი ძალისხმევის ფასად თუ მიაღწევს ასეთ მდგომარეობას“ (Рожков В. прот. Очерки по истории Римо-Католической церкви. М., 1994. С. 245). ის ცდილობს შეაღწიოს ღმერთ – სამების დაფარული (მიუწვდომელი) ცხოვრების საიდუმლოში. „ადამიანის საბოლოო და სრულყოფილი ნეტარება მდგომარეობს ღვთიური არსის ჭვრეტაში“ (იქვე). მაგრამ თომას მიზანი განსაზღვრულია მცდარი წინაპირობებით, ის აშკარად ცვლის ქრისტიანის სულიერი ცხოვრების აქცენტებს.
ერთხელ მოციქულმა ფილიპემ სთხოვა ქრისტეს: "უფალო, გვიჩვენე მამა და საკმარისია ჩვენთვის" (იოან. 14, 8). პასუხად ქრისტე ასწავლიდა მოწაფეებს: „მერწმუნეთ, რომ მე მამაში ვარ, მამა კი - ჩემში“... „თუ გიყვარვართ, დაიცავით ჩემი მცნებანი... ვისაც აქვს ჩემი მცნებანი და იცავს მათ, მას ვუყვარვარ, ხოლო ვისაც მე ვუყვარვარ, შეიყვარებს მას მამაჩემი; მეც შევიყვარებ და ჩემს თავს გამოვუცხადებ მას“ (იოან. 14, 11–21). სწორედ ამაში მდგომარეობს ადამიანის ცხოვრების მიზანი. ღვთის გამოცხადება აღსრულდება მხოლოდ ღვთის მცნებათა შესრულებით, და არა ადამიანური სურვილის მოთხოვნით ან ძალისხმევით; ის არის ძღვენი, ქრისტესგან ბოძებული ნიჭი. ადამიანი კი არ განაპირობებს ღმერთის ჭვრეტას, არამედ ღმერთი თავისი სიყვარულითა და კეთილი ნებით გადმოდის ადამიანის გულში. მანამდე კი იგი (ღმერთი) დგას და აკაკუნებს, რათა ადამიანმა ცოდვებისგან განწმინდოს თავისი გული.
დასავლეთში სულიერი ცხოვრების დაკნინებისას, ქრისტიანული ცხოვრების ეს ჭეშმარიტებანი დავიწყებულ იქნა, ამიტომაც სქოლასტიკა მტკიცედ დამკვიდრდა კათოლიკური ეკლესიის ცნობიერებაში. რეალურად ამან განაპირობა ის, რომ სქოლასტიკოსებმა თეოლოგია ფილოსოფიურ სილოგიზმებამდე დაიყვანეს და სცადეს „ეკლესიის მოძღვრების ფილოსოფიური დასაბუთება“ (Виндельбанд В. История новой философии. Т. 1. М., 2000. С. 11). ასეთმა მიდგომამ ხელი შეუწყო იმას, რომ შემდგომ ფილოსოფიაში გაჩნდა კრიტიკული შენიშვნები თეოლოგიისადმი.
თვით სქოლასტიკაში შეიჭრა ელემენტი, რომლის მეშვეობითაც განზრახ ცდილობდნენ ფილოსოფიის თეოლოგიისგან გამიჯვნას, რათა ამით შიგნიდან დაენგრიათ ტრადიციული მეცნიერების არსი. იცვლება ღირებულებათა სკალა და ფილოსოფიას უფრო მნიშვნელოვან მეცნიერებად აღიარებენ თეოლოგიასთან შედარებით. ჯერ სქოლასტიკაში დაიბადა ორმაგი ჭეშმარიტების იდეა, რომელიც ამბობდა, რომ ფილოსოფიას აქვს თავისი ჭეშმარიტება, თეოლოგიას – თავისი, და ეს ჭეშმარიტებები არ ეწინააღმდეგებიან ერთურთს. ორმაგი ჭეშმარიტების იდეა შემდგომ გარდაიქმნა ისეთ გაგებად, რომ ყოველთვის ვერ უთავსდება ფილოსოფიური ჭეშმარიტება თეოლოგიურ ჭეშმარიტებას. საბოლოო ჯამში იშვა მიმართულება, რომელიც ამტკიცებდა ფილოსოფიური ჭეშმარიტების უპირატესობას თეოლოგიაზე.
სქოლასტიკის კრიტიკოსები ცდილობდნენ დაემტკიცებინათ, რომ გონების საშუალებით ღმერთის მიღწევა შეუძლებელია, ამ მხრივ ისინი მართლებიც იყვნენ, მაგრამ ისინი კიდევ უფრო შორს მიდიოდნენ და მიიჩნევდნენ, რომ, თუ ღმერთის გონებით წვდომა შეუძლებელია, მაშინ მისი წვდომა და შეცნობა შესაძლებელია სხვა გზებით, მაგალითად, მისტიკური გამონათებით ან ექსტაზის მეშვეობით; მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი მიდიოდა იმისკენ, რომ ადამიანმა ნებისმიერი მეთოდით, თუნდაც ოკულტურით, უნდა გაიაზროს, შეიცნოს, გაიგოს ღმერთი.
ასეთი კრიტიკოსების გარემოდან გამოვიდა დუნს სკოტი, ნომინალიზმის ფუძემდებელი (ნომინალიზმი – მოძღვრება, რომელიც ამტკიცებს, რომ რეალურად არსებობენ მხოლოდ რეალური, ცალკე აღებული ნივთები მათი ინდივიდუალური თვისებებით. ხოლო მათ შესახებ საერთო ცნებები არ ასახავს რეალურ სინამდვილეს და მხოლოდ ჩვენი გამოგონებაა).
კიდევ ერთი კრიტიკოსი – სქოლასტიკოსი უილიამ ოკამი – მკვეთრად გამოდიოდა პაპის პრეტენზიების წინააღმდეგ. ამის გარდა, თვით მორღვეული სქოლასტიკიდან გამოვიდნენ კიდევ უფრო რადიკალური კრიტიკოსებიც, რომლებიც უარყოფდნენ არა მხოლოდ პაპის პრეტენზიებს, კათოლიკურ სქოლასტიკურ თეოლოგიას, არამედ მთლიანად ქრისტიანობასაც, და შეცნობისა და ჭეშმარიტების სანდო საშუალებებად მაგიასა და ალქიმიას აღიარებდნენ. ასე, მაგალითად, ანტისქოლასტიკოსი როჯერ ბეკონი მიიჩნევდა, რომ ადამიანმა უნდა გაზარდოს თავისი ძალაუფლება ბუნებაზე, და ამ მიზნებისთვის მას შეუძლია გამოიყენოს მაგიური ხერხები. თავისი შეხედულებებისა და მოძღვრების გამო ის განსაკუთრებულად არის პატივდებული ოკულტიზმში და „საიდუმლო მეცნიერების მასწავლებელთა“ რიცხვში შედის.
თომა აკვინელის განდიდებითა და სქოლასტიკური თეოლოგიის კანონიზაციით, პაპიზმმა ეკლესიის ხომალდი აშკარად არასწორი კურსით წარმართა. სქოლასტიკური თეოლოგია პაპებისთვის სასარგებლო იყო, ვინაიდან სქოლასტიკური მსჯელობის მეშვეობით უფრო უადვილდებოდათ საკუთარი პრიმატის დამტკიცება, აბსოლუტურ ხელისუფლებაზე უფლების გამართლება და პაპის ტახტის უცდომელობაში სამწყსოს დარწმუნება.
ქრისტიანობის მთავარი დოგმატების, კერძოდ, ცხონების დოგმატის, ამაზრზენი დამახინჯებით, პაპებმა ისინი ჩააყენეს არა მართლმადიდებლური, არამედ, უფრო მეტად, ოკულტური მისწრაფებების სამსახურში, რათა მიეღწიათ აბსოლუტური ხელისუფლებისთვის. ისინი პრეტენზიას აცხადებდნენ ღმერთების სტატუსზე სწორედ დედამიწაზე, და სწორედ ახლა, თანაც რაც შეიძლება სწრაფად და იოლად; ეს იყო ეკლესიის სულიერი დაკნინების მოწმობა და საზოგადოების სულიერი დაკნინების მიზეზი.
პაპის კარის ცხოვრების, რომის კათოლიკური ეკლესიის კრებათა მოღვაწეობის, XIV–XVII საუკუნეთა საზოგადოების სულიერ-ზნეობრივი მდგომარეობის მაგალითები – ყველაფერი იმაზე მოწმობდა, რომ ამ პერიოდში, ოკულტიზმის აღორძინების პერიოდში, დასავლეთში დაიწყო ქრისტიანობის გადაგვარება. ქრისტიანული ღირებულებების – რწმენის, იმედისა და სიყვარულის – ნაცვლად, დამკვიდრდა სუფთად ოკულტური ღირებულებები. კათოლიკურმა ეკლესიამ, პაპების პირით, ხელისუფლებისა და სიმდიდრის მიმდევრობაში, დაკარგა კავშირი ქრისტიანული ეკლესიის მემკვიდრეობის სისავსესთან, მოიშორა წმიდა გადმოცემა და ჩაანაცვლა იგი საკუთარი მონაჩმახით.
პაპების ხელისუფლებისათვის ბრძოლის პერიოდში დასავლეთში არ იცოდნენ და არ სურდათ წმიდა მამათა ღვაწლისა და წმიდა მამათა მემკვიდრეობის შეცნობა. უფრო მეტიც, ქრისტიანული სულიერი ცხოვრების, როგორც ვნებებთან და ცოდვასთან მოღვაწეობრივი ბრძოლის, ცნება დასავლელი სასულიერო პირებისათვის, განსაკუთრებით კი პაპობისთვის, უცხო და მიუღებელი იყო. ამგვარად, ჯერ კიდევ ღირსი იოანე კასიანე რომაელი თავის თხზულებებში წერს, რომ ბევრი ჭეშმარიტება, რომელიც მან აღმოსავლელი მოღვაწეების სწავლებაში შეიმეცნა, დასავლეთში უცნობია და მათ შესახებ არავის სმენია.
პაპების ღირსება განისაზღვრებოდა სრულიად სხვა ღირებულებათა სკალით, რომელიც ძირეულად განსხვავდებოდა ქრისტიანულისაგან. პაპის ტახტი ამიერიდან გახდა გამოჩენილი, მაგრამ, როგორც წესი, ეშმაკი და მზაკვარი პიროვნებების თავშესაფარი. მათ თავიანთი ქცევითა და ცხოვრებით დაამყარეს კათოლიკური ეკლესიის არსებობის ახალი პრინციპი, როდესაც მოხდა ზნეობისა და ინტელექტუალური ცხოვრების გაყოფა. ქრისტიანული ცხოვრების წესისთვის დამახასიათებელია ის, რომ ნიჭიერ პიროვნებებს გააჩნდათ მაღალი სულიერ-ზნეობრივი თვისებებიც – ეს იყო ეკლესიური წესი. პაპებმა კი პაპის ტახტი სულიერიდან საეროდ აქციეს, გადააგდეს სულიერ-ზნეობრივი თვისებები, როგორც არასაჭირო ტვირთი. პაპებმა შეცვალეს ქრისტიანული მოძღვრებისა და ცხოვრების აქცენტები. წინა პლანზე მათ დააყენეს ხელისუფლება, და თავიანთ ამოცანად დაისახეს საკუთარ ხელში ამ ხელისუფლების შენარჩუნება ნებისმიერ ფასად.
აღმოსავლურ ეკლესიაში ბევრი საპირისპირო მაგალითია. ასე, მაგალითად, წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველმა, შეამჩნია ეპისკოპოსთა შორის უკმაყოფილება საპატრიარქო ტახტზე მისი არჩევის გამო, და ნებაყოფლობით დატოვა იგი ეკლესიაში მშვიდობის შესანარჩუნებლად. კათოლიციზმის დამახინჯებამ ხელისუფლებისკენ სწრაფვაში ისეთ ზომებს მიაღწია, რომ პაპის ტახტზე ღრმად მორწმუნე ადამიანი თავის შენარჩუნებას ვეღარ შეძლებდა.
ამგვარად, ისტორიული გარემოებების ძალით, 1294 წელს პაპის ტახტზე ავიდა ცნობილი კათოლიკე განდეგილი პიეტრო დელ მურონე ცელესტინ V-ის სახელით, რომელიც სპეციალურად მოიძიეს იმ იმედით, რომ ის კათოლიკე სამწყსოს სულიერ-ზნეობრივი დაცემის შეჩერებას შეძლებდა. ის იყო ქრისტიანი, ერიდებოდა პოლიტიკას და მოღვაწეობდა სრულ მარტოობაში აბრუცის მთებში. იქიდან ის მზაკვრულად გამოიტყუეს კარლ II ანჟუელმა და მისმა ვაჟმა კარლ მარტელამ, პაპის რესპუბლიკის მუდმივმა მოწინააღმდეგეებმა, რადგან ფიქრობდნენ, რომ ტახტზე ღვთისმოსავი პაპის დასმით, თავიანთი ტერიტორიის მშვიდ მართვას შეძლებდნენ, რომელზეც პაპები მუდმივად აცხადებდნენ პრეტენზიას. მაგრამ, როდესაც განდეგილი პაპი გახდა, ის შეაძრწუნა მასზე თავდატეხილმა სიძნელეებმა და გაუაზრებლად აღებული ამოცანების სირთულეებმა. „თავისი სულიერი ხსნის შიშით, მან მიიღო გადაწყვეტილება, ნებაყოფლობით დაეტოვებინა პაპის ტახტი... ამგვარად, წმიდა პაპმა 1294 წლის 10 დეკემბერს ოფიციალურად გამოაცხადა თავისი გადადგომა, ჩაიცვა თავისი განდეგილის სამოსელი და, ბედნიერმა, კვლავ მთებს მიაშურა" (Гергей Е. История Папства. М., 1996. С. 148).
ახალი პაპი ბონიფაციუს VIII პასუხობდა პაპის აბსოლუტიზმის ყველა იმდროინდელ მოთხოვნას, მაგრამ ძნელია მას ქრისტიანიც კი უწოდო. „ბონიფაციუს VIII იყო ხელისუფლებისათვის შექმნილი იერარქი, და მან გამოავლინა, როგორც ცივმა და არაადამიანურმა მღვდელმთავარმა. მას უზომოდ უყვარდა ორი რამ: ფული და თავისი ნათესავები“ (იქვე). ამ პაპმა, როგორც თავისი წინამორბედის ანტიპოდმა, ხელისუფლებით ვერ ისიამოვნა მანამ, სანამ არ მოიძია და ციხე-სიმაგრე ფუმონეში არ გამოამწყვდია ღარიბი განდეგილი, პაპი ცელესტინ V, სადაც იგი მალევე გარდაიცვალა.
აბსოლუტური ხელისუფლების გეგმების განხორციელებისას, პაპი ბონიფაციუს VIII არაერთხელ შევიდა სისხლიან შეიარაღებულ შეტაკებებში საფრანგეთის მეფესთან. მორიგი გამარჯვების შემდეგ პაპი ტრიუმფალურად შებრძანდა რომში, ისევე, როგორც ოდესღაც რომაელი იმპერატორები შედიოდნენ, და წყევლა მიუგზავნა თავის მტრებს. „მაგრამ პაპის ხელისუფლებისმოყვარეობა არა უბრალოდ უზომო იყო, არამედ პათოლოგიურად მტკივნეულიც, რამაც ის საფლავში ჩაიყვანა“ (Гергей Е. История Папства. М., 1996. С. 152). რომში ტრიუმფალური შესვლიდან რამდენიმე კვირის შემდეგ პაპი გარდაიცვალა. როგორც მკვლევრები მიიჩნევენ, განცდილმა აღელვებამ მასზე ძლიერ იმოქმედა; ზოგიერთი მათგანი ამტკიცებს, რომ გარდაცვალებამდე პაპი ჭკუიდან შეიშალა.
კათოლიკე იერარქებისა და მონაზვნური ორდენების წარმომადგენელთა უზნეო და ამორალური ცხოვრების მაგალითები საკმაოდ ბევრია. ისინი მოწმობენ მთლიანობაში ჭეშმარიტი გადმოცემისგან კათოლიკური ეკლესიის განდგომაზე.
იმდროინდელი რომაელი სასულიერო პირის სულიერ-ზნეობრივი სახე მოწმობს ღრმა კრიზისზე, ქრისტიანული რწმენისა და ცხოვრების დაკნინებაზე ევროპაში. პაპიდან დაწყებული და უბრალო აბატით დამთავრებული, სასულიერო პირი დაზიანებული იყო, პირველ რიგში, ვერცხლისმოყვარეობის სენით. ულრიხ ფონ ჰუტენი, XV საუკუნის გაქცეული ბერი, წერდა: „ყველა ცოდვა, არსებული სამყაროს უბედურებანი შეიძლება ერთ საერთო ფესვამდე დავიყვანოთ – ვერცხლისმოყვარეობამდე. ის აცოცხლებს ტრადიციულ მანკიერებებს და წარმოშობს ახლებს“ (История философии. Под ред. Мотрошиловой Н. В. Ч. II. М., 1995. С. 54).
ისტორია ადასტურებს გაქცეული ბერის მსჯელობის ჭეშმარიტებას. თითქმის ყველა პაპი დაზიანებული იყო ვერცხლისმოყვარებითა და ხელისუფლებისმოყვარებით. ამის საფუძველზე ისინი ქმნიდნენ დანაშაულისა და ქრისტიანული ეკლესიის კანონებისაგან განდგომის ახალ სახეებს და მათ კანონმდებლობით ამტკიცებდნენ. ასე მაგალითად, პაპი ბონიფაციუს VIII-ით დაწყებული, რომის კურიაში დამკვიდრდა ნეპოტიზმის პრაქტიკა, რომლის მთავარი მიზანი იყო პაპების ქონების გამრავლება, პაპის ხელისუფლების მემკვიდრეობითობა პაპის ოჯახის წრეში. მომხვეჭელობაში ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწია პაპმა იოანე XXII-მ (1316–1334), მისი შემოსავალი შეადგენდა 250 000 ოქროს გულდენს, რაც მას თავისი დროის ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ადამიანად აქცევდა. დანტე მის შესახებ წერდა: „სამი მხეცი ბუდობს მის გულში: გარყვნილება, ულმობლობა და სიძუნწე“ (Гергей Е. История Папства. М., 1996. С. 161).
ამ და მომდევნო დროის ყველა პაპი ყოველთვის ისწრაფოდა იმისკენ, რომ პაპის კარის ბრწყინვალებას დაეჩრდილა იმპერატორისა და მეფის კარის ბრწყინვალება. პაპები გამოდიან როგორც ნამდვილი საერო მბრძანებლები. ისინი, როგორც ბევრი მკვლევარი აღნიშნავს, მოწოდებით უფრო სახელმწიფო მოღვაწეები და მხედართმთავრები იყვნენ, ვიდრე სასულიერო პირები. მსოფლიო ბატონობის მიღწევისკენ პაპების სწრაფვისა და ეკლესიური სახელმწიფოს ჭეშმარიტად საეროდ გარდაქცევის დადასტურება გახლავთ პაპის შეიარაღებული ძალების შექმნა. ეს ამოცანა სრულად განახორციელა პაპმა ალექსანდრე VI-მ, ხოლო პაპ იულიუს II-ის (†1513) მმართველობის წლებში ეკლესიურ სახელმწიფოს გააჩნდა მოცულობით ტერიტორიის ყველაზე დიდი ფართობი, პაპობის მთელი შუასაუკუნეობრივი ისტორიის განმავლობაში. „ძნელად თუ შეიძლება დავასახელოთ სხვა რომაელი პაპი, რომელსაც ექნებოდა მასზე მეტი რეალური ძალაუფლება“ (Гергей Е. История Папства. М., 1996. С. 218).
ამ მაგალითებზე შეიძლება ვიხილოთ იმ იდეალთა გამხრწნელი გავლენა სულზე, რომლისკენაც ასე დაჟინებით ისწრაფოდნენ პაპები. ცხოვრება განცხრომასა და ფუფუნებაში ხელს არ უწყობს ადამიანის სულიერ ზრდას, პირიქით, ის განაწყობს მას მრავალი ვნებისა და მანკიერებისკენ. ამიტომ პაპები ცხოვრობდნენ როგორც საერო მბრძანებლები არა მხოლოდ გარეგნულად, ისინი მათ შინაგანადაც ბაძავდნენ: ჰყავდათ ცოლები, საყვარლები, შვილები, აწყობდნენ ბალ-მასკარადებს, ნადიმებსა და გასართობ საღამოებს. ამგვარად, პაპი ალექსანდრე VI „ღიად თანაცხოვრობდა ჯერ ერთ, შემდეგ მეორე ქალთან; მისი ერთ-ერთი საყვარლისაგან, ვანაცა დე კატანისაგან, მას ჰყავდა ოთხი შვილი... ყველა მათგანი სცნო“ (Гергей Е. История Папства. М., 1996. С. 212). XII საუკუნიდან დაწყებული დასავლეთ ევროპაში აღორძინებას აქტიურად იწყებს ოკულტიზმი. მიმდინარეობა იძენს ახალ ფორმებს, და ასეთ მოვლენათა შემობრუნებას, როგორც ზემოთ იქნა ნაჩვენები, დიდწილად შეუწყო ხელი რომის კათოლიკურმა ეკლესიამ.
პაპების ბრძოლა ხელისუფლებისათვის გახდა სწორედ ოკულტიზმის აღორძინების მთავარი მიზეზი. პაპებმა თავიანთი ცხოვრებითა და მოღვაწეობით გააცოცხლეს ოკულტიზმი, ხოლო მტრები, რომლებიც პაპებმა გაიჩინეს, გახდნენ ქრისტიანული ეკლესიის მტრები და ოკულტური ცოდნის აყვავების მზრდელი გარემო. სიძულვილი პაპის კარის მიმართ გადმოიღვარა ბრძოლაში მთლიანად ქრისტიანობის, მისი ღირებულებებისა და ცხოვრების პრინციპების, მისი ზნეობრივი კოდექსის წინააღმდეგ.
XII საუკუნემდე დასავლეთში ოკულტიზმის ძირითადი მცველი იყო მანიქეველობა, მაგრამ ის ამ პერიოდში მხოლოდ ბიზანტიის იმპერიის პერიფერიაზე არსებობდა, და ისიც მხოლოდ იატაკქვეშეთში. ოკულტიზმი XII საუკუნემდე ყველგან იდევნებოდა, და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ამაზე ზრუნავდა სახელმწიფო ხელისუფლება, არამედ ძირითადად იმიტომ, რომ მასზე მოთხოვნილება არ არსებობდა. ადამიანის ცნობიერება ამ დროს შთანთქმული იყო ქრისტიანული იდეალებით, სახარების მიხედვით ცხოვრება ოკულტური პრაქტიკის მიმართ ზიზღს განაპირობებდა. ოკულტიზმი არ წარმოადგენდა არანაირ ინტერესს ქრისტიანისათვის. მაგრამ XII და განსაკუთრებით XIII საუკუნეებში შეიმჩნევა ხარისხობრივი და აშკარა ცვლა ოკულტიზმისადმი დამოკიდებულებაში. კაცობრიობა აშკარად დაინტერესდა საიდუმლო ცოდნით, მან შეცვალა აზროვნების წესი. ევროპაში იმ დროს საიდუმლო ცოდნით ინტერესი გამოიწვიეს ერესებმა და რაინდულმა ორდენებმა.
თარგმანი შესრულებულია საიტ "აპოკალიფსისის" რედ. მიერ. 2025-26 წწ.
წყარო: Путь оккультизма : Ист.-богосл. исслед. / Священник Николай Карасев. - М. : Пренса, 2003.

