ლიტურგიკა - იმაზე, რომ საღვთო საიდუმლოებებს უღირსად არ უნდა ვეზიაროთ - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > ლიტურგიკა
წმ. იოანე ოქროპირი

იმაზე, რომ საღვთო საიდუმლოებებს უღირსად არ უნდა ვეზიაროთ
წმიდა ევქარისტია
ვინაიდან ჩვენ ეს მსხვერპლი გავიხსენეთ, მსურს, მონათლულებს მცირე რამ გითხრათ, - მცირე ზომით, მაგრამ უდიდესი ძალისა და სარგებლის მქონე, იმიტომ, რომ თქმული ჩვენი კი არ არის, არამედ სულიწმიდისაა. მაშ, რა არის ეს? მრავალნი ამ მსხვერპლს წელიწადში ერთხელ ეზიარებიან, მეორენი - ორჯერ, სხვანი - მრავალჯერ.
 
შესაბამისად, ჩვენი სიტყვა ყველასთვის სასარგებლოა, თვით უდაბნოში მყოფთათვისაც, იმიტომ, რომ ისინი წელიწადში ერთხელ ეზიარებიან, ხოლო არცთუ იშვიათად, ორ წელიწადში ერთხელაც. მაშ, რა ვთქვათ? ვის ვიწონებთ? არც მათ, რომლებიც ერთხელ ეზიარებიან, არც მათ, რომლებიც ხშირად ეზიარებიან, არამედ მათ, რომლებიც ეზიარებიან სუფთა სინდისით, სუფთა გულით, შეუმწიკვლებელი ცხოვრებით. ასეთები მუდამ ეზიარებიან, ხოლო რომლებიც ასეთები არ არიან, ისინი არასდროს. რომელი არა ღირსად ჭამდეს და სუმიდეს, დასაშჯელად თავის თვისისა ჭამს და სვამს (1 კორინთ. 11:29), როგორც მოციქული ამბობს.
 
ისინი წმინდანებს ეძლევა; ამას გამოხატავს დიაკვანიც, როცა წმინდანებს მოუხმობს იმ საშინელი სიტყვებით. ვინაიდან ადამიანს არ შეუძლია, იცოდეს ის, რაც მოყვასს ეკუთვნის, რომ არა სულიწმიდა, რომელიც ჩვენში ბინადრობს, ამიტომაც წარმოთქვამს იგი ამ სიტყვებს: წმიდა არს წმიდათა. თუ ვინმე წმინდა არ არის, ნუ ეზიარება. უბრალოდ კი არ ამბობს ცოდვებისგან სუფთაო, არამედ - წმინდა, იმიტომ, რომ მხოლოდ ცოდვებისგან განთავისუფლება კი არ ხდის წმინდად, არამედ ასევე სულიწმიდის არსებობა და კეთილი საქმეების სიმდიდრე. მაინც რა ცოდვაა ეს? როცა შიშით კი არ ეზიარებიან, არამედ მკერდში იცემენ, ხმაურს ტეხენ და ასე შემდეგ.
 
ეს ხშირად მითქვამს და მასზე საუბარს არ შევწყვეტ. განა ოლიმპიურ თამაშებზე არ გინახავთ, რომ როცა მოასპარეზეს თავი აქვს დამშვენებული და მაცნე სიჩუმისკენ მოუწოდებს, რა კარგი წესრიგია ხოლმე? მაშ, რა უაზრობაა, რომ იქ, სადაც ეშმაკი ზეიმობს, დიდი სიჩუმეა, ხოლო სადაც ქრისტე თავისკენ მოუწოდებს, იქ დიდი ხმაურია? უკეთ რომ ვთქვათ, ზღვაზე სიმშვიდეა, ხოლო ნავსადგურში - ტალღები. რას ხმაურობ, მითხარი? უეჭველია, საქმის საჭიროება გიხმობს. გამოდის, შენ ყოველ შემთხვევაში იცი, რომ ამ დროს საქმეები გაქვს? ყოველ შემთხვევაში, გახსოვს, რომ მიწაზე ხარ?
 
ხოლო განა ეს გაქვავებული გულის ნიშანი არ არის - ამ დროს იმაზე ფიქრობდე, რაც მიწაზეა, ნაცვლად იმისა, რომ ანგელოზთა დასში მონაწილეობდე, რომლებთან ერთადაც ღმერთს იმ საიდუმლო სიმღერას, გამარჯვების სიმღერას აღუვლენ: "წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს"? ქრისტემ ორბები იმიტომაც გვიწოდა, რომ ასე თქვა: სადაცაა ხორცი, მუნცა ორბები შეკრბეს (ლკ. 17:37), რათა ჩვენ ზეცად ავსულიყავით, ზეცად ავფრენილიყავით, სულიწმიდის ფრთებით გამსუბუქებულები, ჩვენ კი, როგორც გველები, მიწას ვეტმასნებით და მიწას ვჭამთ.
 
გნებავთ, მე გეტყვით, ხმაური საიდან მოდის? იქიდან, რომ კარს ყოველთვის არ გიკეტავთ და ნებას გრთავთ უკანასკნელი მადლობის თქმამდე წახვიდეთ: ეს უდიდეს დაუდევრობაზე მიუთითებს. რას აკეთებ, ადამიანო? როცა ქრისტე აქ იმყოფება, ანგელოზები წარმდგარან, ტრაპეზი შემოთავაზებულია, შენ თვითონ ტოვებ და მიდიხარ? ხოლო როცა სადილად ხარ მიწვეული, შენ ვერ ბედავ, თანამეინახეებზე ადრე წახვიდე? გნებავთ, მე გეტყვით, ვის საქმეს აკეთებენ ისინი, რომლებიც ევქარისტიამდე მიდიან?
 
როცა იუდა იმ საბოლოო ღამეს უკანასკნელ სერობაში მონაწილეობდა და სხვები, ყველანი, ინახად ისხდნენ, იგი წამოხტა და წავიდა. ისინიც მას ბაძავენ. ის რომ არ წასულიყო, გამცემი არ გახდებოდა და არ დაიღუპებოდა; ის რომ მწყემსს არ მოშორებოდა, მხეცის ნადავლი არ გახდებოდა. ხედავ, რომ მსხვერპლის შემდეგ უკანასკნელი ლოცვა იმ მაგალითის მიხედვით არის ხოლმე? იგი იუდეველებთან წავიდა, ესენი კი მეუფესთან ერთად გამოვიდნენ და საგალობელი თქვეს.
 
ამას იმიტომ ვამბობ, რომ თქვენ არ ხმაურობდეთ და არ ყვიროდეთ, არამედ ამ ღვთაებრივ მსხვერპლს დიდი მდუმარებითა და წესიერებით ვეზიარებოდეთ, რათა გულიც გავიწმინდოთ და მარადიულ სიკეთეებსაც ვეწიოთ. ნუ ამტკიცებ, რომ ეს უბრალო პური და ღვინოა; ეს ხორცი და სისხლია, მეუფის მტკიცების თანახმად; საქმეზე გემოს მიხედვით ნუ სჯი, არამედ უეჭველი რწმუნება რწმენაში იპოვე.
 
მაშ, ეზიარე, ისე, რომ ხელებს ნუ გაშლი, არამედ მარცხენა ხელით მარჯვენას ტახტი მოუწყე, ხელისგული პეშვად აქციე, როგორც მეფის მიმღებმა; ქრისტეს ხორცი მიიღე უდიდესი შიშით, რათა რომელიმე მარგალიტი არ ჩამოგივარდეს ხელიდან და შენი რომელიმე ასო არ დააზიანო.
 
მსგავსადვე ეზიარე წმიდა სისხლსაც, ხელის გაუწვდენლად... თქვი: ამინ. სანამ სისველე ჯერაც ბაგეებზეა, ხელებით შევეხოთ თვალებსა და შუბლს - დანარჩენი გრძნობებიც განგვინათლდება; და მადლობა აღუვლინე ღმერთს, რომელმაც ასეთი საიდუმლო გაღირსა. და როგორ შეიძლება სამყაროში გადარჩენაო? - იტყვი შენ. რას ამბობ? თუ გნებავს, მე მოკლედ გიჩვენებ, რომ ადგილს კი არ მოაქვს ხსნა, არამედ ცხოვრების წესსა და ნებას, რომელიც ღვთისკენ მიისწრაფვის? ადამი სამოთხეში იმყოფებოდა, როგორც ნავსაყუდელში, და გემის დაღუპვა იწვნია; ხოლო ლოტი სოდომში იყო, როგორც ზღვაში, და გადარჩა. იობი ნეხვის გროვაზე გამართლდა; ხოლო საულმა, რომელიც სამეფო სასახლის საუნჯეებში მყოფებოდა, დაკარგა როგორც ახლანდელი, ისე მომავალი დიდება და პატივი. ეს არ არის დაცვა, ჩვენ ეს იმიტომ გვემართება, რომ ლოცვასა და საღმრთო შეკრებებს არ მივდევთ. თუ ვერ ხედავ, რომ ისინი, ვისაც მიწიერი მეფისგან სურთ წოდებების მიღება, დაჟინებულები არიან ხოლმე, სხვებსაც უბიძგებენ გამოექომაგონ, რათა წარუმატებლობა არ იგემონ იმაში, რასაც ეძიებენ? ამას მათ მიმართ ვამბობ, ვინც წმინდა შეკრებებს აცდენენ და ვინც საიდუმლოების საშინელ წამს საუბრებითა და ამაოდმეტყველებით არიან გართულნი.
 
რას აკეთებ, ადამიანო? განა შენ მღვდელს არ შეჰპირდი, რომელიც ამბობს: "ზე გვაქუნდინ გულნი" და არ თქვი: "გვაქვს უფლისა მიმართ"? არ გრცხვენია და არ წითლდები, რომ მატყუარა აღმოჩნდი ასეთ სიტყვებში და ასეთ დროს? ვაი რომ! როცა სამეფო ტრაპეზი მზად არის, ღვთის ტარიგი იკვლება შენ გამო, მღვდელი იღვწის შენ გამო, სერაფიმები წარმდგარან, ექვსფრთიანები სახეებს იფარავენ, ყველა უსხეულო ძალა მღვდელთან ერთად შენ გამო ელჩობს, სულიერი ცეცხლი ჩამოდის, უბიწო გვერდიდან სისხლი თასში იღვრება, ო, ადამიანო, ნუთუ შენი სინდისი არ განგიკითხავს?
 
კვირაში ას სამოცდარვა საათია და ღმერთმა შენ მხოლოდ ერთი საათი განგისაზღვრა; თუკი მასაც ყოფით საქმეებზე გამოიყენებ, საუბრებსა და სიცილზე, მაშინ ბოლოს რა კადნიერებით მიუახლოვდები საღვთო საიდუმლოებებს, რა სინდისით?
 
აი, ხელში განავალი რომ გჭეროდა, განა გაბედავდი, სამეფო ფოჩებს მიახლებოდი? არამც და არამც. ნუ უყურებ, რომ ეს პურია, რომ ღვინოა - სხვა ჩვეულებრივი საჭმელივით კი არ გადის უკან, არა, ასეთს ნურაფერს იფიქრებ. ამიტომ, როცა ვეზიარებით, ვფიქრობთ, რომ ვეზიარებით ღვთის ხორცს, - არა როგორც ადამიანები, არამედ როგორც თავად სერაფიმები ცეცხლოვანი მარწუხებით, რომლებიც ესაიამ ნახა.
 
გთხოვთ და გევედრებით - ეკლესიებს ნუ ჩამოვცილდებით, ხოლო, როცა თავს მოვიყრით, ეკლესიაში საუბარს ნუ მოვყვებით, არამედ შიშითა და ძრწოლით ვიდგეთ, დაბლა დაშვებული თვალებით, ზემოთ მსწრაფი სულით და გულით ვიოხროთ. თუ ვერ ხედავ მოკვდავი და დროებითი მეფის გვერდით მდგომარეებს - როგორ გაუნძრევლად დგანან, მდუმარედ, თვალებს აქეთ-იქით აცეცებენ, არამედ დგანან ნაღვლიანები, შეცბუნებულები, დამფრთხალები?
 
საკუთარი თავისგან აიღე, ადამიანო, მხილება და ზეციერ ღმერთს ისე მაინც მიუახლოვდი, როგორც მიწიერ მეფეს. ამას მე ხშირად ვამბობ და თქმას არ შევწყვეტ; ხოლო როცა ეკლესიაში შევდივართ, ისე შევიდეთ, როგორც ღმერთს შეშვენის, გულში სიავის შეუნახავად, რათა არ განვიკითხოთ, როცა ვამბობთ: ისე გვაპატიე, როგორც ჩვენ ვპატიობთ (მთ. 6:12).
 
ეს სიტყვები საშინელია, თითქმის ღმერთს მოუწოდებს ის, ვინც ასე ამბობს: მე მივუტევე, მეუფეო, მომიტევე; მე ვაპატიე, მაპატიეო. ამგვარად, ვინც ეს ვიცით, ისევე, როგორც იმ ცეცხლის შესახებაც, საშინელ სამსჯავროზეც, ბოლოს და ბოლოს, ჩვენი შეცდომილი ცხოვრების გზიდან მოვიქცეთ. დადგება დღე, როცა ცხოვრების სანახაობა შეწყდბა და, ბოლოს და ბოლოს, მეტად აღარავინ იღვაწებს. ეს სინანულის დროა, ის კი სამსჯავროსი; ეს ღვაწლის დროა, ის კი გვირგვინებისა.
 
გაიღვიძეთ, გევედრებით, და ნათქვამი გულმოდგინეთ მოისმინეთ. ჩვენ ხორცით ვცოცხლობდით, ბოლოს და ბოლოს სულით ვიცოცხლოთ; ჩვენ უზრუნველად ვცხოვრობდით, ბოლოს და ბოლოს, სინანულით ვიცხოვროთ. რას იბღინძები, მიწავ და ფერფლო? რა გაამაყებს? რად ამპარტავნობ? რას ბრძნობ? რას იწონებ თავს? მიწიერი დიდება და სიმდიდრე რად გეიმედება? მივიდეთ საფლავებთან, გთხოვ; შევხედოთ გაფანტულ ბუნებას, აყროლებულ ძვლებს, გახრწნილ სხეულებს; შეხედე და, თუ შენ ბრძენი ხარ, თუ გონიერი ხარ, მითხარი, ვინ არის აქ მეფე და ვინ არის რიგითი ადამიანი, ვინ არის თავისუფალი და ვინ - მონა, ვინ არის ბრძენი და ვინ - უბირი?
 
სად არის აქ სიყმაწვილის მშვენიერება, სად არის გამოხედვის ეშხი, სად არის მშვენიერი თვალები, სად არის ბრწყინვალე სახე? განა ყველაფერი მტვერი არ არის, ნაცარი, ფერფლი, განა ყველაფერი ბნელი არ არის, ხრწნა არ არის, სიმყრალე არ არის? ამაზე ვიფიქროთ, უკანასკნელი დღე გვახსოვდეს და სანამ დრო არის, სიკეთე ვაკეთოთ, რათა მომავალი დაუსრულებელი გეენისგან გავთავისუფლდეთ და ცათა სასუფეველს ვეღირსოთ, მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა, იესუ ქრისტესითა, რომელსა, მამისა და სულისა წმიდისა თანა შვენის დიდება, სუფევა და პატივი, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
 
 
წყარო: წმ. იოანე ოქროპირი. შრომები. XXIII ტომი. ცხრა სიტყვა სულის საცხონებლად. სიტყვა მეცხრე. იმაზე, რომ საღვთო საიდუმლოებებს უღირსად არ უნდა ვეზიაროთ. თბ. 2020. გვ. 470-473.
Назад к содержимому