კითხვა-პასუხი - როგორები ვიქნებით მკვდრეთით აღდგომის შემდეგ? - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > კითხვა-პასუხი
როგორები ვიქნებით მკვდრეთით აღდგომის შემდეგ?
საყოველთაო აღდგომა მკვდრეთით
კითხვა: გვითხარით თუ შეიძლება, როგორი იქნება ადამიანი საყოველთაო აღდგომის შემდეგ მარადიულ ცხოვრებაში?
 
 
პასუხი: პრინციპულად შეუძლებელია იმისი გაგება, თუ როგორები ვიქნებით საყოველთაო აღდგომის შემდეგ, როგორც წმიდა მოციქული პავლე ბრძანებს: "არ უხილავს თვალს, არ სმენია ყურს და არც კაცს გაუვლია გულში, ის განუმზადა ღმერთმა თავის მოყვარეთ" (1 კორინთ. 2:9).
 
კორინთელთა მიმართ მეორე ეპისტოლეში, მოგვითხრობს რა იმ სასწაულზე, რომელიც მოციქულს გარდახდა, პავლე წერს: "ვიცი ერთი კაცი ქრისტეში, რომელიც ამ თოთხმეტი წლის წინათ (არ ვიცი, სხეულით თუ უსხეულოდ; ღმერთმა იცის) ატაცებულ იქნა მესამე ცამდე; და ვიცი ამ კაცისა (მხოლოდ არ ვიცი, სხეულით თუ უსხეულოდ; ღმერთმა იცის), რომ ატაცებულ იქნა სამოთხეში, სადაც ისმინა ენითუთქმელი სიტყვები, რომელთა წარმოთქმის ნებაც არა აქვს კაცს" (2 კორინთ. 12:2-4). ამ სიტყვებიდან შეგვიძლია გავიგოთ, რაოდენ რთულია, უფრო ზუსტად კი - შეუძლებელია განსაზღვრული პასუხი გავცეთ თქვენს კითხვას.
 
შეიძლება ითქვას მხოლოდ შემდეგი: ჯერ-ერთი, თვით ხორციელი აღდგომის ფაქტი მომდინარეობს წმიდა წერილის გამოცხადებიდან. ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო ძველაღთქმისეული უწყება მომავალი აღდგომის შესახებ ეკუთვნის წინასწარმეტყველ ესაიას: "გაცოცხლდებიან შენი მკვდრები, აღდგებიან გვამები; გაიღვიძეთ და იყიჟინგთ, მტვერში დავანებულნო! რადგან ნათლის ცვარია შენი ცვარი და აჩრდილთა ქვეყანაზე მოაფენ მას. ... და ... აჰა, უფალი გამოდის თავისი ადგილიდან ქვეყნის მკვიდრთა დასასჯელად მათი ცოდვისთვის; მიწა გამოაჩენს თავის სისხლს და აღარ დაფარავს თავის დახოცილებს" (ეს. 26:19-21). ამ ძველაღთქმისეული მოლოდინის სინამდვილე მკვდრეთით აღმდგარ ქრისტეში გაიხსნა.
 
მეორეც, მკვდრეთით აღმდგართა სხეულები ახლანდელის მსგავსი იქნება, რაც ჩანს ღმრთის წინასწარმეტყველ ეზეკიელის ხილვიდან: "გაისმა ხმა, როცა წინასწარვმეტყველებდი და, აჰა, შეიქნა ზანზარი და ძვალი ძვალს მიედგა. დავინახე: აჰა, ძარღვები ჩნდება მათზე, ესხმით ხორცი და ზედ კანი ეკვრით, მაგრამ სული არ არის. ... და შევიდა მათში სული და გაცოცხლდნენ; და წამოდგა ფეხზე დიდძალი ლაშქარი" (გამოცხ. 20:13).
 
ამ მსგავსებაზე მეტყველებს წმიდა წერილში არაერთხელ მოხსენიებული შედარება გარდაცვლილი ადამიანებისა მიძინებულებთან. მაგალითად, წინასწარმეტყველ დანიელთან ვკითხულობთ: "მრავალი მიწაში მიძინებული გამოიღვიძებს, ზოგი საუკუნო სიცოცხლისათვის, ზოგი საუკუნო გმობისთვის და შერცხვენისთვის" (დან. 12:20).
 
უკვე ნახსენები მოციქული იოანე ღვთისმეტყველი ასე წერს თავის სახარებაში: "ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მოვა დრო და მოვიდა კიდეც, როცა მკვდრები მოისმენენ ღმერთის ძის სიტყვას, და ვინც მოისმენს, ცხონდება. ... ნუ გაიკვირვებთ ამას, რადგანაც მოვა დრო, როცა ყველა, ვინც წევს საფლავში, მოისმენს მის ხმას. და ამოვლენ კეთილის მოქმედნი აღდგომისათვის, რომელსაც მოსდევს სიცოცხლე, ბოროტის მოქმედნი კი - აღდგომისათვის, რომელსაც მოსდევს განკითხვა" (ინ. 5:25, 28-29).
 
თუმცა, არსებობს აზრი იმის შესახებ, რომ მკვდრეთით აღმდგართა სხეულები რაღაცით მსგავსნი იქნებიან ჩვენი უფლისა და მაცხოვრის, იესუ ქრისტეს მკვდრეთით აღმდგარი სხეულისა. საბოლოოდ ამას მხოლოდ საშინელი სამსჯავროს შემდეგ გავიგებთ. მაგრამ, ვფიქრობ, ამ მომენტში უფრო მეტად უნდა გვაღელვებდეს არა ის, როგორები ვიქნებით მკვდრეთით აღდგომის შემდეგ, არამედ ის, თუ სად აღმოვჩნდებით მომავალ მარადისობაში. ამიტომაც გულწრფელად გისურვებთ ყველას - ღმრთის სამსჯავროს შემდეგ ყოველ ჩვენგანს ზეციური სასუფეველი დაგვემკვიდრებინოს.
 
 
მომზადებულია მართლმადიდებლური წყაროების მიხედვით.

 
საიტი "აპოკალიფსისი". თბილისი 2023 წ.
Назад к содержимому